ისტორია

პაატა ქურდოვანიძე – “მამაკაცი სიკვდილსაც ლამაზად უნდა შეხვდეს!”

XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში დასავლეთ საქართველოში იცნობდნენ თავად გიორგი ბერის ძე ჩიჩუას. იგი კოლორიტული პიროვნება იყო, ქველმოქმედი, არაერთი საზოგადო საქმის მოთავე და მონაწილე.

“მეგრელთა ზრდილობა მეტად ნიუანსიანია. ზრდილობა გულისხმობს “ზრდას”, ზრდა ” ქცევას”- ქცევა კი თავდაჭერას. გ. ჩიჩუა ებაასებოდა გლეხებს ვითარცა თანასწორს. ამავე დროს გლეხი გრძნობდა რომ მობაასე თავადი იყო. ასეთი თავდაჭერაა ნამდვილი ნიშანწყალი სენიორის, თავადისა…” ასე იხსენებდა მას გრიგოლ რობაქიძე.

გიორგის დიდი ნათესაობა ჰყავდა აფხაზეთში, იგი დედით ანჩაბაძეთა გვარს ეკუთვნოდა.მისი ძმისშვილებიც აფხაზეთში იყვნენ გათხოვილნი.

გიორგი ჩიჩუას ერთადერთი ასული ნუცა აფხაზ ვაჟკაცს – ასტამურ ინალ-იფას შეუყვარდა. უკვე ასაკოვან გიორგის ემძიმებოდა ერთადერთი ქალიშვილის ოჯახიდან გაშვება, მაგრამ როცა თავდავიწყებით შეყვარებულმა სასიძომ ალექსანდრე და ივანე შარვაშიძეები აახლა ხელის მთხოვნელად, გატყდა… ასე უთქვამს – აფხაზ ნათესაობას თუნდაც ჩემი ნუცას გულისთვის ვერ გავანაწყენებო!

ნუცასა და ასტამურის ქორწილში, სოფელ უფალკარში (ახალი სენაკი), რამოდენიმე დღე რომ გრძელდებოდა ,,ამბობდნენ ასი ხარი დაიკლაო. პატარძლისთვის, გარეგნულ მშვენიერებასთან ერთად მდიდარი სულითაც რომ გამოირჩეოდა, ნეფეს ზღაპრული სამკაული მიურთმევია. ლეგენდად შემორჩა ნუცა ჩიჩუასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის უზადოდ შესრულებული ცეკვა “ქართული” და ნუცას ნამღერი რუსული და ბოშური რომანსები….

ნუცა ჩიჩუა და ასტამურ ინალ-იფა

დიდხანს არ გაგრძელებულა ასტამურ ინალ-იფას ოჯახური ბედნიერება. 1924 წელს მას საბჭოთა ხეისუფლებამ დახვრეტა მიუსაჯა. განაჩენი სისრულეში ბათუმში იქნა მოყვანილი. ნაწამები აფხაზი ვაჟკაცის მშობლიურ ოჩამჩირეში გადმოსვენება დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული. მაგრამ ეს საქმე ასტამურის მეგობრებმა, თავად ხელისუფლებისაგან დევნილმა, უშიშრობითა და შეუდრეკლობით ცნობილმა გუჯუჯ მარღანიამ, დავით მხეიძემ და ვარლამ ჩიქოვანმა ითავეს. ცხედარი ოჩამჩირეში უჩუმრად ჩამოასვენეს და საგვარეულო ძვალთშესალაგს მიაბარეს, ხელისუფებისთვის ასტამურის საფლავის ადგილი უცნობი დარჩა.

1924 წლის შემოდგომა, სოფელი შხეფი, შუაღამე, ბოლშევიკთაგან საკუთარი სახლიდან გამოსახლებულ და დის ოჯახს შეხიზნულ გიორგი ჩიჩუას სადამსჯელო რაზმმა მიაკითხა და გარეთ გამოიხმო. გიორგიმ იცოდა რაც ელოდა. 86 წლის მოხუცმა დინჯად დაიწყო ჩაცმა. რაზმელები აჩქარებდნენ: რაში გჭირდება ეგ ჩოხა, უამისოდაც დაიხვრიტებიო…ღირსებით აღსავსე ბრძენკაცმა თავშეკავებული პასუხი გასცა: “ახალგაზრდებო, მამაკაცი სიკვდილსაც ლამაზად უნდა შეხვდეს!” და მშვიდად განაგრძო ღილ-კილოების შეკვრა…

იმავე წელს აფხაზეთის იძულებით დატოვების წინ, მგლოვიარე ნუცა ჩიჩუამ მეუღლის ნაჩუქარი სამკაული შავი ზღვის ტალღებს მიანდო…”

ნაწყვეტი წიგნიდან “ქართულ–აფხაზური ალბომი”, 2008 წ.
შემდგენელი და რედაქტორი ხათუნა ჭურღულია

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button