ისტორია

ნინო ვაშაყმაძე – რამდენიმე დოკუმენტი საქართველო-რუსეთის 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის შესახებ

საქართველოს უახლესი ისტორიის ზოგიერთი მოვლენა, დღეს შექმნილი ვითარების ფონზე, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ამ თვალსაზრისით, ყურადსაღებია 1921 წლის საქართველო-რუსეთის ომში ქართველთა მარცხის მიზეზების გაანალიზება. აღნიშნული საკითხი ქართულ ისტორიოგრაფიაში საკმაოდ დეტალურად და საფუძვლიანად არის შესწავლილი. ჩვენ შევეცდებით, რამდენიმე დოკუმენტის წარმოჩენით მცირეოდენი შტრიხები შევმატოთ უკვე შექმნილ სურათს.

პირველი მსოფლიო ომის შემდგომ შექმნილი საერთაშორისო განლაგება, მსოფლიოს ხელახალი გადანაწილებისთვის გამარჯვებულ სახელმწიფოთა გეგმები გარკვეულ პერსპექტივებს ქმნიდა სამხრეთ კავკასიაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა არსებობისთვის. თუმცა, მსოფლიო პოლიტიკის წარმმართველ დიდ სახელმწიფოთა დამოკიდებულება ამ რეგიონის მიმართ სხვადასხვაგვარი იყო. ანტანტის წევრი ქვეყნების შეთავაზებებმა ოკეანისგაღმელი პარტნიორის _აშშ-სადმი, ამ უკანასკნელში გააღვივა ინტერესი მთელი ახლო აღმოსავლეთი და სამხრეთ კავკასია ექცია თავისი გავლენის სფეროდ. საკითხისადმი განსხვავებული მიდგომა ჰქონდათ ევროპელ პოლიტიკოსებს. ისინი სამხრეთ კავკასიას რუსული სივრცის ნაწილად მოიაზრებდნენ და წითელი რეჟიმის დამხობას ელოდნენ. ევროპულ და ამერიკულ დიპლომატიას შორის ინტერესთა კონფლიქტის შედეგი იყო ინგლისის გარიგება საბჭოთა რუსეთთან, მისგან ნედლეულის მიღების სანაცვლოდ დაეთმო სამხრეთ კავკასია. ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ პოლიტიკურ ორბიტაში მოსაქცევად. იმავდროულად, საბჭოთა რუსეთმა იზრუნა თურქეთის ნეიტრალიზებაზე, რომელსაც ანტანტის წინააღმდეგ მოკავშირეობის სანაცვლოდ სამხრეთ კავკასიის დათმობა მოსთხოვა.

ყოველმხრივ პოლიტიკურ იზოლაციაში მოქცეული საქართველოს დაპყრობა რუსეთისთვის უკვე ტექნიკის საქმე იყო. მან შესაბამისი ეკონომიკური და სამხედრო სამზადისი მოახდინა, რათა საბოლოო დარტყმის მომენტში წარმატება გარანტირებული ყოფილიყო. ამის ნათელი ილუსტრაციაა მე-11 არმიის სარდლის ა. ჰეკერის მიერ 1920 წლის 18 დეკემბერს კავკასიის ფრონტის რევოლუციური სამხედრო საბჭოსადმი წარდგენილი გეგმა, რომელშიც ყოველი სამხედრო პუნქტი დეტალურად იყო გაწერილი.

საქართველოში სამხედრო აგრესიის განხორციელების მომენტში, თებერვლის შუა რიცხვებში მე-11 წითელი არმია თავის შეიარაღებაში ითვლიდა: 17.937 ხიშტს, 4.316 ხმალს, 1.075 ტყვიამფქვრვევს, 181 მსუბუქ და 15 მძიმე არტილერიას, 7 ჯავშნოსან მატარებელს და 50 თვითმფრინავს [5, 21-27 თებერვალი].

რუსეთისთვის ხელისშემწყობი საგარეო-პოლიტიკური კონიუნქტურის გარდა, მოქმედებდა საშინაო ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა შორის სამხედრო თვალსაზრისით საქართველოს მოუმზადებლობა უნდა გამოვყოთ. იმ ეპოქის ზოგიერთი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე აღნიშნულთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებს.

სახელმწიფოს მეთაური ნ. ჟორდანია 1921 წლის ანექსიის ერთ-ერთ სერიზულ მიზეზად ქართული ჯარის სათანადოდ მოუმზადებლობას, შეუიარაღებლობას, ფინანსურ და სხვა პრობლემებს ასახელებს. მათ შორის პარლამენტის სამხედრო კომისიას სერიოზულ ბრალდებას უყენებს: ჯარის “რეორგანიზაცია აუცილებელი გახდა. ამ საქმეს ჩაუდგა საქართველოს პარლამენტის სამხედრო კომისია, სპეციალურად ამ საკითხისთვის გამოყოფილი. ამ კომისიამ თანდათან მიითვისა სამხედრო სამინისტროს, მთელი მთავრობის უფლებები და ჭრიდა და კერავდა სრულიად ჩვენს დაუკითხავად… მთავარი იყო ოფიცრების შერჩევა, აპარატის განახლება. პერსონალის მიღების საკითხები წყდებოდა კომისიის წევრთა შორის შინაურულად, პროტექციით და ნაცნობ-მეგობრობით” [3, გვ., 96].

ნ. ჟორდანია ქართველ ოფიცერთა ნაწილს უნდობლობას უცხადებდა და გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებდა ყოფილ მთავარსარდალს გენერალ ი.ოდიშელიძეს. (3, გვ, 117)

გენერალი გ. კვინიტაძე ტრაგედიის უმთავრეს მიზეზად ასახელებს ომისთვის არასაკმარის მომზადებას, საბრძოლო და მატერიალური მარაგის, ომის გეგმის არქონას, ჯარების ორგანიზებისა და მობილიზების შეფერხებას. იგი შეცდომებს ორ კატეგორიად ჰყოფს: უშუალოდ მზადების პროცესში დაშვებული და სამხედრო მოქმედებების დასაწყისში ხელმძღვანელობის მიერ დაშვებული შეცდომები. [8, გვ., 199].

ქართულ ჯარში შეიარაღებაში პრობლემების არსებობას აღნიშნავს თავის მოგონებებში იმერეთის მთავარი ბატალიონის უფროსი აკ. კვიტაიშვილი. “ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა თითქმის სავსებით განიარაღებული. მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიღო ყოველი ზომა მოეკრიბა ქართველ ხალხში დარჩენილი შაშხანები, განსაკუთრებით კი ფრონტიდან დაბრუნებულთა შორის. მან განაიარაღა ჩრდილოეთიდან გამოქცეული ბანდები_ჯერ ბოლშევიკების, შემდეგ დენიკინილების, რამდენიმე ათასი შაშხანა ჩამოართვეს სომხებს, რომლებიც ამ იარაღს ღებულობდნენ კანადიდან. ეს იარაღი ქართველებმა მიიღეს მისი ქართული ტერიტორიის გატარების ბაჟად, ხარკად და სხვა. ასე პრიმიტიულად გროვდებოდა იარაღი. ამ დროს ჩვენში უიარაღობა სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა.” [1, გვ., 115]

თავისი მოსაზრების გასამყარებლად აკ.კვიტაიშვილი იმოწმებს ამონარიდებს გენერლების: კ. ქუთათელაძის, ი.ოდიშელიძის, ა.ზაქარიაძის მოგონება-მოხსენებებიდან. საქართველოს ხელისუფლებაში კარგად ესმოდათ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების აუცილებლობა და ამ მიზნით, ცდილობდნენ იარაღის პრობლემის გადაწყვეტას. “1920 წლის 30 დეკემბერს პარიზში ევგ. გეგეჭკორი შეხვდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა გენერალურ მდივანს ბერტელოს. საუბარში შეეხნენ საქართველოს “დე-იურედ დაუყონებლივ ცნობას და მისთვის იარაღით დახმარების საკითხს”. [4, გვ, 387]

საქართველოს აღიარების შემდეგ ევროპაში იარაღის შეძენის მიზნით გაიგზავნა სამხედრო კომისია გენერალ ი. ოდიშელიძის მეთაურობით, თუმცა რეალური შედეგი ამ ნაბიჯს არ მოჰყოლია. “საფრანგეთის სამხედრო წარმომადგენლის კორბელიეს საშუალებუთ მოვაწყვეთ საფრანგეთში ყიდვა 60 ყუმბარის 30 000 ფ. მარგანეცზე გაცვლით. მაგრამ მთავარი იყო შეძენა თოფის და პატრონების… ვაფრინე ყველგან დეპეშები, არსაიდან დაპირება, ხოლო ლონდონიდან ცივი უარი… საფრანგეთმა დაგვპირდა რუსის თოფების მოცემა სტამბულიდან, მაგრამ ესეც ვერ მოაღწია ომის ბოლომდის და ისიც ყველა გაფუჭებული და შეკეთებული აღმოჩნდა” _ წერს ნ. ჟორდანია. [3,გვ.119)

იგივე ინფორმაციას ადასტურებს გ. მაზნიაშვილიც თავის მოგონებებში: “საზღვარგარეთიდან მოსული 9 ათასი თოფიდან, სახმარად გამოსადეგი აღმოჩნდა მხოლოდ 183 თოფი” [2, გვ.155].
თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში ყურადღება გამახვილებულია სამხედრო თვალსაზრისით საქართველოს რესპუბლიკის სავალალო მდგომარეობაზე. “ისევე როგორც ზოგადად ეროვნული შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის საქმეში, ავიაციასთან დამოკიდებულებაშიც არ იჩენდა საქართველოს მთავრობა ჯეროვან ყურადღებას, რაც საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ბრძოლისუნარიანობის გაზრდას შეუწყობდა ხელს. ამ საკითხებისადმი უყურადღებობა, არაპროფესიონალური, უფრო მეტიც, არასახელმწიფოებრივი მიდგომა გახდა სწორედ მიზეზი იმისა, რომ ამიერკავკასიის ერთადერთმა რესპუბლიკამ, რომელიც საკმაოდ მძლავრ საავიაციო პარკს ფლობდა, არსებობის მთელი სამწლიანი პერიოდის განმავლობაში, თვით 1921 წლის ბოლშევიკური აგრესიის დროსაც კი, ვერ გამოიყენა ეს უპირატესობა”[6, გვ., 177].

ზემოაღნიშნულის ფონზე ერთგვარად განსხვავებულ სურათს წარმოგვიდგენს გ. მაზნიაშვილი თავის მოგონებების სხვა ადგილს. მართალია, ის არ საუბრობს შეიარაღებული ძალების სასურველ მდგომარეობაზე, მაგრამ ყურადღებას ამახვილებს 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის დროს საქართველოს საწყობებში არსებული მარაგის გამოუყენებლობაზე. “მომარაგების მინისტრმა ერაძემ, ისე მთავარ საინტენდანტოს უფროსმა კალისტრატე გოგუაძემ არ იცოდნენ რა ქონება ჰქონდათ, სად ჰქონდათ და მთავრობას და არმიის შტაბს ტყუილ ცნობებს აწვდიდინენ.

უკვე 1921 წლის მაისში, ჩვენს საწყობში დარჩენილი ტანსაცმელით მე შევძელი შემოსვა თავიდან ფეხებამდე 17 000 კაცისგან შემდგარი წითელი არმიისა.

ეს არ კმარა საქართველოს საბჭოთა მთავრობა დღიდან შემოსვლისა ორი კვირის განმავლობაში კვებავდა უფასოდ მთელი ქალაქის მცხოვრებლებს სამინისტროს საწყობებიდან, მაშინ როდესაც დ. ჭავჭავაძე რეკვიზიციის სახით ჰკრებდა დანჯღრეულ უნაგირებს ქუთაისსა და სამტრედიაში, ნავთლუღის საწყობებში იყო თურმე რამდენიმე ათასი საკავალერიო ახალი უნაგირი და ცხენების სხვა მრავალი მოწყობილობა”. [2, გვ., 170].

აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი ინტერესის საგანი გახდა საბჭოთა ჯარების შემოსვლის მომენტისთვის ქ. ქუთაისის საწყობებში არსებული მდგომარეობა. მე-11 არმიის წარმომადგენლებმა თავდაპირველად მოახდინეს ყველა მაღაზიისა და საწყობის დახურვა, მაგრამ მალევე გაიღო საგუბერნიო რევკომის განკარგულებით, ყოველგვარი აღრიცხვის გარეშე.

23 მარტს საგუბერნიო რევკომთან შეიქმნა აღრიცხვის კომისია სახალხო მეურნეობის საბჭოს წარმომადგენლის ხოჯამიროვის თავჯდომარეობით. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით გამოცემულ ბრძანებულებაში აღნიშნული იყო: “1) ყველა დღემდე არსებული აღრიცხვის კომისია უქმდება. 2) გაუქმებული კომისიის წევრები და თანამშრომლები დაუყონებლივ უერთდებიან ქუთაისის გუბრევკომთან არსებულ კომისიას. ყველა სამხედრო და საზოგადო დაწესებულებები, რომლის განკარგულებაშიც ირიცხება საწყობები ვალდებული არიან დაუყონებლივ წარუდგინონ კომისიას ამ საწყობების ცნობები. მილიცია ვალდებულია მიაწოდოს კომისიას ყველა აღმოჩენილი საწყობების ცნობები” [7, ფ. 305, ანაწ. 1, საქ., 4, ფურც. 21]

აღნიშნული კომისიის აღრიცხვას დაექვემდებარა საინტენდანტოს, საარტილერიოს, სადგურის, საბაჟოს, რუსეთის სატრანსპორტო საზოგადოების და სატყეოს საწყობები. ქუთაისის რევკომმა საწყობების მეტ-ნაკლები შესწავლა მოახდინა და შესაბამისი ანგარიში წარუდგინა საქართველოს რევკომს. “მენშევიკების მიერ დატოვებული ყოველგვარი ქონება სახალხო მეურნეობის საბჭოს მიერ აღრიცხული და დაჯგუფებულია ტექნოლოგიური ნიშნით” [7, ფ. 305, ანაწ. 1, საქმე 61, ფურც. 19].

ამ პერიოდის საბჭოთა მოხელეები ყურადღებას ამახვილებდნენ ფაქტზე, რომ სამხედრო ნაწილების მოთხოვნით უკონტროლოდ ხდებოდა სხვადასხვაგვარი მასალისა და პროდუქტების გატანა, რაც საწყობებში ზუსტი აღრიცხვის წარმოებას შეუძლებელს ხდიდა: “არ მქონდა ხელთ გაფორმებული წესით საწყობები, მიხდებოდა გამეცა ჩეკები აგენტების ან აღმრიცხავი კომისიის მეშვეობით, რაც ქმნიდა აღრიცხვისთვის მიუღებელ მდგომარეობას, მიუხედავად ამისა, მოთხოვნილებანი სამხედრო ნაწილებისა, სხვადასხვა დაწესებულებებისა და პირებისა შემოდიოდა შეუჩერებლად” _ წერდა სახალხო მეურნეობის საბჭოს მომარაგების განყოფილების უფროსი პურადოვი [7, ფ. 305, ანაწ. 1, საქმე 34, ფურც. 61].

მსგავსი იყო სურათი საბაჟოზეც, რის შესახებაც პოლიტკომისარი ვლ. სტეპანოვი ატყობინებდა რევკომის თავჯდომარეს: “საბაჟოზე მოვიდა ამხ. გაბაევი შეიარაღებულ წითელარმიელთა თანხლებით და კატეგორიულად მოითხოვა ჩემგან და საბაჟოს უფროსისგან შემოსული ჯარის შტაბისთვის ყველაფერი.

ჩემი წინააღმდეგობა გაბაევის მიერ უარყოფილი იქნა და იძულებული გავხდი საწყობიდან გამეცა საქონელი. შემდეგ მოიყვანეს სატვირთო მანქანა და ცხენებშებმული ურემი, წაიღეს ყველაფერი რაც სურდათ და განუსაზღვრელი რაოდენობით”. [7, ქცა, ფ. 305, ანაწ. 1, საქმე 43, ფურც. 77]. მსგავსი ვითარება გრძელდებოდა შემდეგი დღეების განმავლობაშიც.

ხშირი დატაცებებისა და უკონტროლო გაცემის შემდეგ საწყობებში დარჩენილი ქონების შესახებ ქუთაისის რევკომის ფონდის საარქივო დოკუმენტებში საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება. არ არსებობს არავითარი დამადასტურებელი სამხედრო საჭურველის არსებობის შესახებ. დაფანტულია მწირი ცნობები სურსათის მარაგსა და სხვა სახის მასალებზე. ასე მაგალითად, სამაზრო სასურსათო კომისარიატი თავის მოხსენებაში აღნიშნავს მუშაობის სირთულეებზე, იმის გათვალისწინებით, რომ მენშევიკური მთავრობიდან საწყობებში ცოტა რამ დარჩა და მოაქვს არსებული პროდუქტის ციფრობრივი მაჩვენებელი: “სიმინდი – 487 ფ. 27 გრ.; სიმინდის ფქვილი – 384 ფ. 48 გრ.; ლობიო – 41 ფ. 12 გრ.; კარტოფილი – 24 ფ. 26 გრ.; ჩაი – 65 ფ. 321 გრ.; პურის ხორბალი – 99 ფ. 28 გრ.; სუხარი – 4 ფ. ფხვნილი შაქარი – 805 ფ. 24/4 გრ.; ბრინჯი – 517 ფ. 36 გრ.; მარილი – 958 ფ. 8 გრ.; კენჭის შაქარი 35 ფ. 18 გრ.; საპონი – 22 ფ. 20 გრ.; პურის ფქვილი 71 ფ. 24 გრ.;” [7, ფ. 305, ანაწ. 1. საქმე 69, ფურც. 44-45].

მომარაგების განყოფილების მიერ სახალხო მეურნეობის საბჭოსადმი წარდგენილ ანგარიშში საუბარია მენშევიკების მიერ დატოვებულ სატრანსპორტო საშუალებებზე. მათში იგულისხმებოდა მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები და ჭაპანტრანსპორტი. ეს უკანასკნელი წარმოდგენილი იყო თითქმის გამოუსადეგარი 15 ცხენით და 3 კამეჩით. საწყობებში აღმოჩნდა ასევე მენშევიკების მიერ შესაკერად გადაცემული ასეულობით წყვილი შარვალ-ხალათი და თეთრეული [7, ფ. 305, ანაწ. 1, საქმე 34-ა, ფურც., 61].

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ ქალაქ ქუთაისში დატოვებული ქონების შესახებ არასაკმარისი ინფორმაცია არ გვაძლევს იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ საწყობები მთლიანად ცარიელი იყო. გარკვეული მარაგის არსებობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ქალაქში შემოსული საოკუპაციო ჯარები, თუ ახლადშექმნილი სახელისუფლებო ორგანოები ამ საწყობებიდან საზრდოობდნენ. თუმცა, საბჭოთა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ წარმატებული საომარი ოპერაციების წარმოება მოითხოვდა სერიოზულ შეიარაღებას, დიდძალ სასურსათო თუ სხვა სახის რესურსებს, ხელსაყრელ საგარეო პოლიტიკურ კლიმატთან ერთად.

გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა

1. კვიტაიშვილი აკ, რუსეთ-საქართველოს ომი 1921 წელს, საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ, ჟურნ. “განთიადი”, #21, თბ.,1990 წ.
2. მაზნიაშვილი გ, მოგონებანი, ბათუმი 1990 წ.
3. ჟორდანია ნ, ჩემი წარსული, თბილისი 1990 წ.
4. ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, ნაწილი II, რ. მეტრეველის რედაქციით, თბ., 1992 წ.
5. საითიძე გ, იმ დღეთა გასახსენებლად, გაზ., “ჩვენი მწერლობა”, 2003 წელი, 21-27 თებერვალი.
6. ჩაჩხიანი ა, დაშნაკთა ნაციონალისტურ-ექსპანსიონისტური იდეოლოგია და სომხეთ-საქართველოს 1918-1919 წლების ომი, თბ., 2007.
7. ქუთაისის ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 305, ანაწ., 1, საქმე 4, 34, 43, 61, 69.
8. Квинитадзе Г, Мои Восроминания, Париж, 1985 г.

წყარო:
საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი “ინტელექტი”, №3(38), თბ., 2010, გვ., 80-82.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button