ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? ბერიშვილთა გვარი

ბერიშვილი ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში წინაპრის საკუთარი სახელი “ბერი” დევს. საქართველოში ბერი ფართოდ გავრცელებული სახელი იყო. აქედან გამომდინარე, ბერიშვილის დერივატული გვარიც მრავლადაა: ბერიძე, ბერია, ბერიტაშვილი, ბერიანიძე, ბერიკაშვილი, ბერუაშვილი და სხვა. ეს ზემოთ ხსენებული გვარები ერთმანეთის ნათესავები არ არიან, მათ მხოლოდ გვარის ფუძე აქვთ საერთო.

ბერიშვილთა გვარი მრავალძირიანი გვარია. შესაბამისად, მათ ბუდე ანუ პირველსაცხოვრისიც რამდენიმე აქვთ.

ჩვენს ხელთ არსებული ისტორიული მასალებიდან ჩანს, რომ ერთი ბუდე მთის რაჭაში, გლოლას თემშია, მეორე – უკან ფშავში გოდერძაულთ თემში. ძველი დროიდან ბერიშვილები ჩანან: გურიაშიც, სამეგრელოშიც, იმერეთშიც და შიდა ქართლშიც. არსებობს ზეპირი გადმოცემა, რომ ბერიშვილებს ენათესავებიან მთის რაჭაში ბიჭაშვილები და იმერეთში შეყლაშვილები, ხოლო ფშაველ ბერიშვილებს საერთო ხატის ყმობა აქვთ გოდერძაულებთან, ბეროშვილებთან, ბობღაშვილებთან, გორელაშვილებთან, ლომნიაშვილებთან, ხელაშვილებთან და ჭარელაშვილებთან.

ინფორმაცია ფშაველ ბერიშვილებზე და მათ მოძმე გვარებზე არა მარტო ზეპირი გადმოცემით, არამედ მეცნიერულადაც დასტურდება. ამ გვარებს დღესაც ახსოვთ ეს ყოველივე და მათ შორის ქალი არ თხოვდება ანუ ქორწინება ყოვლად დაუშვებელია.

ჩვენამდე მოღწეულ საისტორიო წყაროებში ბერიშვილის ყველაზე ძველი ხსენება XVII საუკუნის პირველ ნახევარში ჩანს: ბერიშვილი დათუნა – მოწამე პაატა ჯომარდიძის მიერ გოგია ბითაძისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1622წ.).

მეორედ იხსენიება ასევე XVII საუკუნის საბუთში: ვინმე ბერიშვილი გიორგი – მოწამე ზაქარია ამბრიაშვილის მიერ თავის ბიძაშვილ იოანესთვის მიცემული მამულის დანებების წიგნისა (1625 წ.).

ბერიშვილი ლაზარე – ატენს მცხოვრები. ჰყავს ძმები: ნონია, ზაზუტა, ქიტია, თამაზა, ბერუა, ეზია. მისცა სასისხლო საქმეზე უდავობოს წიგნი ზურაბ, სულხან და ყალანდარ თუმანიშვილებს (1676 წ.).

ბერიშვილი ბერა – გორს მცხოვრები. ჰყავს სახლიკაცები ნასყიდა, მახარია. ისინი მამულით გიორგი ერისთავმა უბოძა საამ კობიაშვილს (1693 წ.).

XVII საუკუნის მეორე ნახევრის საამილახვროს დავთრის მიხედვით, სოფ. ჯიჯიკურში მცხოვრები ივანე ბერიშვილის ოჯახიდან ორი მეომარი უნდა გამოსულიყო მშვილდით. შევნიშნავთ, რომ მშვილდითა და შუბით გლეხთა ყველაზე უქონელი ფენა გამოდიოდა ლაშქარში.

1716-1750 წლის პირობის წიგნში მოხსენიებულია ბერიშვილი ირემა მოწამედ აზნაურ ესიტაშვილებისთვის დურმიშხან ჯავახის მიერ მიცემული პირობის წიგნისა:

“ეს წიგნი მოგეც მე, დურმიშხან ჯავახმა, შენ, ესიტაშვილებსა დათუნასა, ზაალსა, ესიტასა და პაატასა, – ასრე რომე შენი ნასყიდი მუახლე მოვაპარვინე და თათარს მივყიდევ. ახლა ის მსყიდველი თათარი ხელში გეჭირა, ჯინჯილი ჩემის ხელით ამიღია იმ თათრისაგან და გამიშვია, ი(ს) შენი მუახლე თავს მე დამიდვია. თუ ემ სამშაბათს არ მოგ(გ)ვარო, პასუხის მომცემი მე ვიყო. ამაში აშა აღარ იქნების. ამის მოწამე გარ(ა)ყანიძე დათუნა, ბერიშვილი ირემა, მორბედაძე სუხიტა. დაიწერა შაბათს, ნათლისმცემლობასა”.

1742 წელს თავშეწირულობის სიგელში წერია:

“მე ბერიშვილს დემეტრეს შემიწირავს ჩემი თავი წმინდის დავითისათვის ყოვლის კაცის მოუდევრად და უცილობლად, რომ არას ადამიანის მონათესავეს კაცს ჩემთან ხელი არა ქონდეს, ან მანამდის მე ვიყო, ან ჩემი შვილი, ან შვილიშვილი, წმიდის დავითის საფლავის იქით არა ვიცი რა, ამისათვის, რომ ერთი პატარა ობოლი მოველ თქვენს ხელში, ანუ თუ რამ მოვიგე და მაქვს, სულ თქვენის მონასტრის ყმობაში მოვიგე და სულ თქვენთვის შემომიწირავს ჩემი თავიცა და ჩემი მონაგებიცა”.

ამ სიგელში ნახსნებ “წმინდა დავითში” იგულისხმება დავითგარეჯის მონასტერი.

XIX საუკუნის აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, ბერიშვილები ცხოვრობენ: რაჭაში: სოფელ გლოლაში – საბატონო გლეხები, სოფელ სორში – ჯაფარიძის საბატონო გლეხები, სოფელ ძეგლევში – ასევე ჯაფარიძის საბატონო გლეხები; იმერეთში: სოფელ დედალაურში – ხიზნები, სოფელ ვანში – საბატონო გლეხები და სოფელ ჩუნიშში – საბატონო გლეხები.

ქრისტიანობისა და ქართველობისთვის ბერიშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ცალკე იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე და მემარჯვენე სადროშოებში, აგრეთვე დადიანთა და გურიელთა დროშებქვეშ, ცალკე ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში და ცალკე კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.

დღეისთვის ბერიშვილთა გვარი რამდენიმე ტოპონიმურ სახელად არის შემორჩენილი: “ბერიშვილის უბანი” – სოფელ ნავარძეთში, “ბერიშვილის ტყე” – სოფელ მილუშვეთში, “ბერიშვილის ღელე” – სოფელ ბახიოთში, “ბერიშვილის წყარო” – სოფელ სისვაძეებში, “ბერიშვილის უბანი” – სოფელ საკრაულაში და ასევე უბანი სოფელ ზვანში.

ბერიშვილებმა ღირსეული შვილები აღუზარდეს საქართველოს, რომლებმაც შემდგომში კეთილად წარმოაჩინეს ბერიშვილთა გვარი და არაერთი კარგი საქმე გაუკეთეს სამშობლოს. ესენი არიან: ზაქარია ბერიშვილი – რეჟისორი, ერთ-ერთი ფუძემდებელი ქართული კინოსი (1887-1965 წ.წ.), იური ბერიშვილი – მხატვარი, აკაკი ბერიშვილი – არქიტექტორი და სხვანი.

ამჟამად ბერიშვილები ცხოვრობენ: სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში, რაჭაში, შიდა ქართლში, შიგნით კახეთში და ჰერეთში. არიან აგრეთვე საფრანგეთის ძველი ტალღის ქართულ ემიგრაციაში.

საქართველოში ბერიშვილთა საერთო ოდენობა 2400 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბერიშვილთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

Source
http://karibche.ambebi.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button