ბიოგრაფიული

თომას მანი – ბიოგრაფია

1875 წლის 6 ივნისს გერმანიის ქალაქ ლიუბეკში დაიბადა დიდი გერმანელი მწერალი თომას მანი.

მამა – იოჰან ჰაინრიხი, ლიუბეკელი დიდვაჭრების შთამომავალი გახლდათ, მარცვლეულით ვაჭრობას მისდევდა, ფლობდა გადაზიდვების კომპანიას, ასევე არჩეულ იქნა საქალაქო საბჭოს სენატორად. დედა – იულია მანი (ქალიშვილობაში სილვა–ბრუნსი) გერმანელი პლანტატორისა და პორტუგალიელი წარმოშობის ბრაზილიელი კრეოლის შთამომავალი იყო. დედა მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილდოვებული და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თომასის აღზრდაში. მწერალი შემდგომ წერდა: დედისაგან, მუსიკალური ნიჭი და თხზვა გამომყვაო.

თომასის ოჯახი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. მას ჰყავდა ორი ძმა და ორი და: უფროსი ძმა, ცნობილი მწერალი ჰაინრიხ მანი (1871-1950), უმცროსი ძმა ვიქტორი (1890–1949), და იულია (1877–1927, თვითმკვლელობა) და კარლა (1881–1910, თვითმკვლელობა).

მანების ოჯახი შეძლებული იყო და თომასის ბავშვობა უზრუნველი და ბედნიერი იყო. სწავლობდა გიმნაზიაში. ბავშვობიდან გატაცებული იყო ლიტერატურით. თავის დებთან ერთად დგამდა საოჯახო სპექტაკლებს. ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლისას უშვებდა ლიტერატურულ-ფილოსოფიურ ჟურნალს “გაზაფხულის ქუხილი”.

1881 წელს თომასის მამა სისხლის გათეთრებით გარდაიცვალა. ორი წლის შემდეგ ოჯახმა გაყიდა საწარმო და სახლი ლიუბეკში და საცხოვრებლად მიუნხენში, გერმანიის კულტურულ და ინტელექტუალურ ცენტრში, გადავიდა (1881 წ.).

მიუნხენში თომას მანი გარკვეული პერიოდი მუშაობდა სადაზღვევო კომპანიაში. თუმცა, იგი ცდილობდა გაჰყოლოდა უფროსი ძმის, მწერალ ჰენრიხ მანის გზას. წერდა სტატიებს მისი ძმის ჰენრიხის მიერ გამოცემული ჟურნალისთვის “XX საუკუნე”.

1894 წელს გამოქვეყნდა მისი ნოველა “დაცემული ქალი” (“Gefallen”), რომელმაც ახალგაზრდა მწერალს პირველი წარმატება მოუტანა.

1895-1896 წლებში თომას მანი სწავლობდა უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში, სადაც ენთუზიაზმით კითხულობს შოპენჰაუერს, ნიცშეს, ვაგნერს.

საქმიანი კარიერის დაწყების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 1896 წელს თომას მანი თავის ძმასთან ჰაინრიხ მანთან ერთად მიემგზავრება იტალიაში. თომას მანი აგრძელებს ნოველებზე მუშაობას, რომლებსაც გერმანელ გამომცემლებს უგზავნიდა. მათ შორის იყო ს. ფიშერი, რომელმაც მწერალს შესთავაზა გააერთიანებინა თავისი მოთხრობები კრებულში. ფიშერის ხელშეწყობით 1898 წელს გამოდის მოთხრობების პირველი კრებული “პატარა ბატონი ფრიდემანი” (“Der Kline Herr Fridemann”). როგორც მის გვიანდელ ნაწარმოებებში, ამ მოთხრობებში მანი ირონიული, ამავე დროს სევდიანი ტონით გვიხატავს “თანამედროვე” მხატვრის ძიების გზებს ცხოვრების აზრის გასარკვევად. ამასთან, ავტორი მიილტვის ბურჟუაზიული ყოფის სიძლიერისა და სიმტკიცისადმი, რომელიც თავისი მიუწვდომლობით ასე იზიდავს მისი მოთხრობების ხელოვან პერსონაჟებს.

იმავე წელს, მიუნხენში დაბრუნებისას, თომას მანი პოპულარული გერმანული სატირული ჟურნალის “სიმპლიცისიმუსის” (“Simplizissimus”) რედაქტორად იწყებს მუშაობას. აქ ამყარებს იგი ახლო ურთიერთობას შ. გეორგეს ლიტერატურულ წრესთან. თუმცა, მალევე ხვდება, რომ წრის წევრებთან, რომლებიც თავიანთ თავს გერმანული კულტურის მემკვიდრეებად და დეკადენსის მიმდევრებად აღიარებდნენ, მას არაფერი ჰქონდა საერთო.

1899 წელს თომას მანი ერთი წლით სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. 1901 წლის ოქტომბერში ს. ფიშერის ბერლინის გამომცემლობამ გამოსცა მისი პირველი მნიშვნელოვანი რომანი “ბუდენბროკები” (“Buddenbrooks”), რომელზეც მუშაობა თომას მანმა ჯერ კიდევ იტალიაში ყოფნისას დაიწყო. რომანმა 26 წლის მწერალს მსოფლიო აღიარება მოუტანა, ხოლო ოცდარვა წლის შემდეგ ამ რომანისათვის მიანიჭეს ნობელის პრემია. რომანი ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და საფუძვლად დაედო მანის დაკვირვება თავის ოჯახზე, ახლობლებზე, მეგობრებზე, მშობლიური ქალაქის ზნე-ჩვეულებებზე. მანი მოგვითხრობს ლიუბეკის საშუალო ფენის, ვაჭართა დინასტიის დაცემის და გადაშენების ისტორიას. სკანდინავიური საოჯახო საგის (მკითხველის თვალწინ გაივლის ბუდენბროკების სამი თაობის ისტორია) ტრადიციული ლიტერატურული ფორმის გამოყენებით თომას მანი ნაწარმოებს ეპიურ ხასიათს ანიჭებს.

რეალისტური რომანი სიმბოლურად გამოსახავს ცხოვრების მატერიალური, ბიურგერული სამყაროს და ინტელექტუალური, სულიერი სამყაროს ურთიერთობას, ხელოვანის ადგილს ამ სამყაროში, მის სწრაფვას ერთი მხრივ, ესთეტიზმისაკენ, მეორე მხრივ – ბიურგერული ჯანსაღი აზრისაკენ, მის უიმედობას და მარტოობას, ნიჭის პასუხისმგებლობას, ბიურგერული ოჯახის დაცემას და გადაგვარებას. ამ ოჯახის ყოველ ახალ თაობაში თანდათანობით უფრო მცირდება წინაპართა საქმის გაგრძელებისადმი ინტერესი, რადგან არ გააჩნიათ მათთვის დამახასიათებელი ბიურგერული თვისებები: შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა, ერთგულება. ისინი თანდათან სცილდებიან რეალურ სამყაროს. ყოველ ახალი თაობაში სულ უფრო იკარგება საკუთარ თავში დარწმუნებულობა, მათ უფრო ხელოვნება, რელიგია, ფილოსოფია, მუსიკა იტაცებთ, ვიდრე წინაპრების მიერ წამოწყებული საქმის გაგრძელება. თანდათან იკარგება არამარტო კომერციისადმი და ბუდენბროკების გვარის პრესტიჟისადმი ინტერესი, ქრება ცხოვრების აზრი და სიცოცხლის ნება. ნიშანდობლივია, რომ წყდება ოჯახის ხაზი, როდესაც გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი, მუსიკის ნიჭით დაჯილდოებული ყმაწვილი ჰანო ტრაგიკულად იღუპება ცხელებისაგან, ფაქტიურად კი ნების არარსებობის, ცხოვრებისადმი შეუგუებლობის გამო.

“ბუდენბროკების” შემდეგ გამოდის მოთხრობების კრებული სახელწოდებით “ტრისტანი” (1903 წ.), რომლის ერთ-ერთი საუკეთესო თხზულებაა “ტონიო კროგერი” (“Tonio Kroger”). ნოველაში ხაზგასმულია ცოდნისა და ცხოვრების, თეორიისა და პრაქტიკის რთული ურთიერთობის თემა. მთავარი გმირი უარს ამბობს სიყვარულზე, რომელსაც მხოლოდ ტკივილი მოაქვს მისთვის და ხელოვნების მსახური ხდება. თუმცა, ჰანს ჰანსენთან და ინგებორგ ჰოლმთან შემთხვევით შეხვედრის შემდეგ იგი ისევ განიცდის იმ გრძნობათა ჭიდილს, რაც ოდესღაც, ერთხელ უკვე განიცადა მათი ნახვისას. ტონიო, ჰამლეტის მსგავსად, მიდის დასკვნამდე, რომ თავისი სულიერი დახვეწილობის გამო არ შეუძლია იმოქმედოს და მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გადაარჩინოს ზეაქტიური აზროვნებით განპირობებული ზნეობრივი დამბლისაგან.

შესაძლოა, ამ იმედისმომცემმა არგუმენტმა იქონია თომას მანზე გავლენა, როდესაც 1905 წელს იქორწინა მდიდარი ებრაელი პროფესორის ქალიშვილზე, კატია (კატარინა) პრინგსჰაიმზე (ბანკირებისა და ვაჭრების ძველი ებრაული გვარის შთამომავალზე). ძმისადმი მიწერილ ერთ წერილში იგი წერდა პრინგსტაიმების ოჯახის შესახებ: “ამ მოვლენამ მთლიანად შოკში ჩამაგდო. ნაკრძალი ხელოვნების ჭეშმარიტი ქმნილებებით. მამა – უნივერსიტეტის პროფესორი ოქროს პორტსიგარით, დედა – ლამაზმანი, თითქოს ლენბახის ტილოდან. უმცროსი ვაჟი – მუსიკოსი. მისი ტყუპისცალი კატია – სასწაული, რაღაც აუწერელი იშვიათობა და ძვირფასი, ერთი მხოლოდ მისი არსებობა ნიშნავს კულტურისათვის თხუთმეტზე მეტ მწერალს ან ოცდაათ მხატვარს… ამ ადამიანებთან მიმართებით აზრადაც არ მოგდის მათი მათი ებრაული წარმომავლობა; ვერ გრძნობ ვერაფერს, გარდა კულტურისა”.

კატიას და თომას ამ ქორწინებიდან ექვსი შვილი ეყოლათ, სამი ქალიშვილი და სამი ვაჟი, რომელთაგან სამმა – ერიკამ, კლაუსმა და გოლომ – მოგვიანებით ლიტერატურულ სფეროში გამოავლინეს თავი. როგორც შემდგომში გოლო მანი იხსენებდა, მათი დედის ებრაულ წარმომავლობას წლების განმავლობაში შვილებისგან საგულდაგულოდ მალავდნენ. ქორწინებამ მანის მსოფლმხედველობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მან ხელი შეუწყო მწერლის დაახლოებას მსხვილი ბურჟუაზიის წრეებთან. თუმცა, ქორწინებამ ვერ შეძლო მწერლის ინტელექტუალური პრობლემების მოგვარება. სიყვარულმა ვერ გაანთავისუფლა იგი იმ ლტოლვებისაგან, რომლებსაც მთელი ცხოვრება ატარებდა.

1909 წელს გამოსცა წიგნი “სამეფო უდიდებულესობა” (“Konigliche Hoheit”), რომელიც ისევე როგორც მისი ყველა ნაწარმოები ავტობიოგრაფიულია. ეს არის “რომანი აღზრდის შესახებ”, სადაც სიყვარული, პასუხისმგებლობის გაცნობიერებასთან ერთად, განაპირობებს ახალგაზრდა პრინცის სიმწიფეს და “სუსხიან ბედნიერებას”.

1911 წელს გამოქვეყნდა მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შესანიშნავი ნოველა “სიკვდილი ვენეციაში” (“Der Tod in Venedig”). მისი გმირი, მოხუცი მწერალი გუსტავ აშენბახი დასასვენებლად ვენეციაში მიემგზავრება. აშენბახი, რომელმაც მთელი ცხოვრება შესწირა ხელოვნებისადმი სამსახურს, აღმოჩნდება უჩვეულოდ ლამაზი, უცნობი ახალგაზრდისადმი თვითგამანადგურებელი ვნების ქვეშ. მწერალი ვენეციაში კვდება.

სიკვდილის თემა, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს თომას მანის შემოქმედებას, ამ ნაწარმოებში განსაკუთრებულ სიმძაფრეს იძენს. მოთხრობის მთავარი გმირის, გუსტავ აშენბახის პროტოტიპი ცნობილი კომპოზიტორი გუსტავ მალერია. თომას მანს ამ მოთხრობის შექმნის იდეა მაშინ დაებადა, როდესაც ემოციებისა და ტანჯვისგან აცახცახებულ მალერს წააწყდა მატარებელში. როდესაც მწერალმა მალერს აღელვების მიზეზი ჰკითხა, მან უპასუხა, რომ სილამაზე შეუყვარდა… ეს მათი უკანასკნელი შეხვედრა იყო. მალე მალერის გარდაცვალების ამბავიც გავრცელდა.

ეს სწორედ ის თემა გახლდათ, რომლის ირგვლივაც მუდამ ტრიალებდა თომას მანის ფიქრები. ნუთუ არსებობს სრულყოფილება? ნუთუ შესაძლებელია, იდეალური იყოს არა ხელოვნების ქმნილება, არამედ ადამიანის მშვენიერება? სად გადის ზღვარი გარყვნილებასა და სისპეტაკეს, ხორციელ ლტოლვასა და დაუინტერესებელ ტკბობას შორის? გაუკუღმართებული ვნებითაა შეპყრობილი აშენბახი თუ ჰაეროვანი და უმწიკვლო სიყვარულით?

ყველა ის ფასეულობა, რაც აქამდე ძვირფასი იყო გუსტავ აშენბახისათვის, უცებ წყალმა წაიღო. იგი სულ სხვა რეალობის წინაშე დადგა. აშენბახის შინაგანი კოლიზიების დუღილი კარგად ჩანს მის სიზმარში. აღვირახსნილი და რეალობაში შეკავებული ვნებების ნაკადი წამლეკავი სიძლიერით გადმოინთხა მწერლის ცნობიერებიდან სწორედ სიზმრის სახით. თუმცა აშენბახის სიკვდილის პროზაული მიზეზი ქოლერის ეპიდემიაა, რომელიც ხორშაკი სიროკოს მძვინვარების შედეგად გავრცელდა ვენეციაში, მაგრამ იგი სინამდვილეში იმ სნეულებით კვდება, რასაც მისი ილუზიებისა და ცხოვრებისეული დებულებების სრული გაცამტვერება ჰქვია.

პირველი მსოფლიო ომის წლებში თომას მანი ღრმა ზნეობრივ და სულიერ კრიზისს განიცდიდა. პირველ მსოფლიო ომში გერმანიის გარკვეული პოლიტიკური როლის გამო, მანში იღვიძებს პოლიტიკისადმი ინტერესი. 1918 წელს გამოქვეყნდა მისი 600 გვერდიანი წიგნი “აპოლიტიკური აზრები” (“Betrachtungen eines Unpolitischen”), სადაც გერმანელი პატრიოტი კონსერვატორის პოზიციებიდან ცდილობს შეაფასოს გერმანიის პოზიცია თანამედროვე მსოფლიოს სტრუქტურაში და გაამართლოს იგი დემოკრატიული ქვეყნების წინაშე. წიგნში თომას მანი ლიბერალური ოპტიმიზმის, პაციფიზმის, სოციალურ რეფორმების, რაციონალისტური, განმანათლებლური ფილოსოფიის კრიტიკით გამოვიდა. თომას მანი იცავს გერმანიის ეროვნულ სულისკვეთებას, რომელიც მისი აზრით მუსიკალური და ირაციონალურია. თუმცა, მწერლისთვის დამახასიათებელი ირონიით აღნიშნავს, რომ მისი წვლილი ლიტერატურაში ხელს უწყობს იმ რაციონალისტური ჰუმანიზმის განვითარებას, რომლის წინააღმდეგაც თავად გამოდის. მწერლის ასეთ პოზიცის არ ეთანხმებოდა მისი ძმა ჰენრიხ მანი, რის გამოც ისინი დაშორდნენ. ძმებს შორის შერიგება მხოლოდ მაშინ მოხდა, როდესაც ნაციონალ-სოციალისტების მიერ ვაიმარის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვალტერ რატენაუს მკვლელობის შემდეგ თომას მანმა გადახედა თავის შეხედულებებს და ღიად დაუჭირა მხარი დემოკრატიას.

1923 წელს გამოქვეყნდა წიგნი “გოეთე და ტოლსტოი” (“Goethe und Tolstoj”).

1912-1924 წლებში იწერებოდა რომანი “ჯადოსნური მთა” (“Der Zauberberg”). წიგნი 1924 წელს გამოქვეყნდა. რომანმა საბოლოოდ დაუმკვიდრა დიდი მწერლის სახელი. პრუსიამ აკადემიაში ჩარიცხა, ლიუბეკის სენატმა პროფესორის წოდება მიანიჭა… რომანის სიუჟეტი მისი მეუღლის კატია მანის დაავადებამ შთააგონა, რომელიც სამკურნალოდ მთებში გაემგზავრა. პირველმა მსოფლიო ომმა შეუშალა ხელი წერაში. რომანის მთავარი გმირი – ჰანს კასტორპი, ახალგაზრდა ინჟინერი ჩრდილოეთ გერმანიიდან, სამი კვირით ჩამოდის შვეიცარიის ტუბერკულოზის სანატორიუმში, თავისი ავადმყოფი ბიძაშვილის იოახიმ ციმსენის მოსანახულებლად. მაგრამ აღმოჩნდება, რომ ჰანს კასტორპიც დაავადებულია და თავად ხდება სანატორიუმის პაციენტი, სადაც იგი სულიერი მოწაფეობის და განვითარების შვიდ წელს გაატარებს. ჰანს კასტორპი პაციენტებთან ინტელექტუალურ საუბრებს მართავს და იხიბლება მათი ცხოვრების წესით, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს თავის ერთფეროვან ცხოვრებასთან. მაგრამ “ჯადოსნური მთა” არ არის მხოლოდ კასტორპის სულიერი განვითარების ისტორია, არამედ იგი წარმოადგენს ომამდელი ევროპული კულტურის სიღრმისეულ ანალიზს. ბევრი თემები რომლებსაც თომას მანი შეეხო თავის წიგნში “აპოლიტიკური აზრები”, მახვილგონივრული ირონიით და ადამიანის არასრულყოფილებისადმი ღრმა თანაგრძნობით გადაფასებულ იქნა რომანში “ჯადოსნური მთა”.

1929 წელს თომას მანს მიანიჭეს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, რომანისათვის “ბუდენბროკები” და მწერლის უნარისათვის შეერიგებინა “პოეტური აღტკინება, ინტელექტუალურობა და ყველაფერი მიწიერისადმი და უბრალო ცხოვრებისადმი სიყვარული.”

ნობელის პრემიის მინიჭების შემდეგ თომას მანის შემოქმედებაში დიდ როლს თამაშობს პოლიტიკა. ამ წლებში მის წერილებში და გამოსვლებში ხშირად ისმოდა ნაციონალ-სოციალისტების პოლიტიკის კრიტიკა. 1930 წელს თომას მანმა გაგზავნა საჯარო წერილი ბერლინში სახელწოდებით “მოწოდება ჯანსაღი აზრისკენ” (“Em Appell an die Vernunft”), სადაც მან გააკრიტიკა ნაციზმი და მოუწოდებს ნაციონალ-სოციალიზმის საშიშროების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შექმნისაკენ. ამ თემას მან კიდევ რამოდენიმე ესე და ლექცია მიუძღვნა. 1930 წელს დაიწერა პოლიტიკური ალეგორია “მარიო და ჯადოქარი” (“Mario und der Zauberer”), სადაც ჰიპნოზიტიორი განასახიერებს ისეთ ბელადებს, როგორიცაა ადოლფ ჰიტლერი და ბენიტო მუსოლინი.

1933 წელს, როცა ჰიტლერი კანცლერი გახდა და ნაციონალ-სოციალისტებმა ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება, თომას მანი მეუღლესთან ერთად შვეიცარიაში ისვენებდა. ნაციონალ-სოციალისტები სთხოვდნენ დაბრუნებულიყო გერმანიაში. ხელისუფლებას მისი წიგნები არ ჰქონდა შეტანილი იმ ავტორთა ჩამონათვალში, რომელთა წიგნები 1933 წლის 10 მაისს უნდა დაეწვათ. ნაცისტები ჯერ კიდევ იმედოვნებდენ, რომ ცნობილ მწერალს მისი მოკავშირეების რიგებში იხილავდნენ. ამასთან, თომას მანი საჯაროდ რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლაზე თავს იკავებდა, თავისი წიგნების ბედის გამო, რომლებსაც ჯერ კიდევ ფართოდ გამოსცემდნენ გერმანიაში. მაგრამ, სადაც “ხალხს “სისხლიანი ხელებით თვალებს ახუჭინებდნენ”, ის არ დაბრუნდა და მეუღლესთან ერთად ციურიხის მახლობლად დასახლდა.

1936 წელს, პრაღის ანტინაცისტურ გაზეთში გამოაქვეყნა წერილი, სადაც განაცხადა, რომ “მე იმ ემიგრაციას ვეკუთვნი, რომელიც უკეთესი გერმანიისათვის იბრძვის”. თომას მანს არ შეეძლო შვეიცარიიდან გამგზავრება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, რადგანაც თავის გერმანულ პასპორტს ვადა ჰქონდა გავლილი, ხოლო მისი გაგრძელებისათვის ხელისუფლება ითხოვდა გერმანიაში ჩამოსვლას. გერმანიაში მას ელოდა გარდაუვალი დაპატიმრება, შესაბამისი ბრძანება უკვე გაცემული ჰქონდა პოლიციას. გადასახადების გადაუხდელობის საბაბით, მანს სახლი ჩამოართვეს მიუნხენში. ნაციონალ-სოციალისტებმა არა ერთი პროვოკაცია მოუწყვეს. როცა ის ციურიხში იმყოფებოდა, მისი მანქანა გაიტაცეს და ავარია მოახდინეს. პოლიციამ კი თომას მანს დააკისრა ჯარიმის გადახდა. თომას მანმა გადაწყვიტა თავი აერიდებინა მოსალოდნელ პრობლემებს და საჯაროდ უარი თქვა გერმანიის მოქალაქეობაზე. მასთან ერთად ჰიტლერულ გერმანიასთან კავშირი გაწყვიტა 36 ცნობილმა გერმანელმა მოაზროვნემ, მათ შორის ალბერტ აინშტაინმა. ამასთანავე, მათ უარი თქვეს ფიურერის მიმართ ერთგულების სავალდებულო ფიცის დადებაზე. თომას მანს ჩამოართვეს ბონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება, რომელიც მას 1919 წელს მიანიჭეს (1949 წელს ისევ აღუდგინეს).

1936 წელს თომას მანმა ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეობა მიიღო, ხოლო 1939 წელს ამერიკაში გაემგზავრა, სადაც ბევრ სხვა ემიგრანტთან ერთან პრინსტონის უნივერსიტეტში დაიწყო მოღვაწეობა.

1939 წელს გამოქვეყნდა მისი რომანი “ლოტე ვაიმარში” (“Lotte in Weimar”). რომანში გოეთესა და მისი ცხოვრების შესახებ მოთხრობილია ყოფილი შეყვარებულის შარლოტა კესტნერის პირით, რომელიც სიყმაწვილეში გოეთეს შთაგონების წყარო და “ახალგაზრდა ვერტერის ვნებების” გმირის პროტოტიპი გახლდათ და მრავალი წლის შემდეგ ისევ შეხვდა დიდ პოეტს. რომანი არ არის ისტორიული ან სენტიმენტური ნაწარმოები, იგი უფრო ფსიქოლოგიისა და მითის კვლევაა.

1933-1943 წლებში იწერებოდა რომანი ტეტრალოგია “იოსები და მისი ძმები” (“Joseph und seine Bruder”), რომლის პირველი ტომი 1933 წელს გამოვიდა. რომანში თომას მანი ახდენს ბიბლიური იოსების ისტორიის თავისებურ ინტერპრეტაციას. ნაწარმოებში გადმოცემულია ცნობიერების ევოლუცია კოლექტიურიდან ინდივიდუალურობისაკენ. რომანში მთავარი ადგილი ეთმობა იმას, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა მწერალს – ფსიქოანალიზი, პოლიტიკა, მითი, შემოქმედებითი ადამიანის ბედი.

1942 წელს ოჯახი კალიფორნიის ქალაქ პასიფიკ–პალისეიდზში დასახლდა, სადაც თომას მანს ანტიფაშისტური გადაცემები მიჰყავდა გერმანელი რადიომსმენელებისთვის (გადაცემას ერქვა “Deutsche Horer!”). ასევე მუშაოდა კონგრესის ბიბლიოთეკის გერმანული ლიტერატურის კონსულტანტად. 1944 წელს თომას მანმა აშშ–ის მოქალაქეობა მიიღო და გადაწყვიტა არ დაბრუნებულიყო გერმანიაში.

მას ჰქონდა უფლება, მით უმეტეს იმ წლებში, განეცხადებინა: სადაც მე ვარ, გერმანული კულტურაც იქ არისო.

ომის დამთავრების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მწერალს არ სურდა ორად გახლეჩილ სამშობლოში ცხოვრება, იგი ხშირად მოგზაურობდა გერმანიაში. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი გერმანიაში 1949 წელს შედგა გოეთეს 200 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებების დროს (შეძლო როგორც გფრ-ის, ასევე გდრ-ს მონახულება).

1947 წელს გამოდის მისი რომანი “დოქტორ ფაუსტუსი” (“Doktor Faustus”), რომელზეც მუშაობა 1943 წელს დაიწყო. რომლის მთავარი გმირი, ნიჭიერი მუსიკოსი, ასევე იმეორებს ფაუსტის გზას, მიუხედავად იმისა, რომ რომანის მოქმედება ხდება XX საუკუნეში. ლევერკიუნმა გარიგება დადო ეშმაკთან, რათა დაძლიოს მეოცე საუკუნის შემოქმედებითი უნაყოფობა და მოახდინოს ორიგინალურობისაკენ გარღვევა. ასევე, გერმანელმა ერმა, რომელიც გვიან შევიდა მსოფლიო პოლიტიკაში, ძალაუფლების და სიძლიერის მოსაპოვებლად გაყიდა თავისი სული.

“დოქტორ ფაუსტუსი” წმინდა გერმანული ნაწარმოებია – ყველაზე ბუნებრივი რეაქცია მსოფლიო ისტორიის მსვლელობის უეცარი დარღვევის მცდელობაზე, რომლის მსხვერპლად, დამნაშავედ, თანამონაწილედ იქცა გერმანია. თავად მწერალი არაერთხელ უსვამს ხაზს რომანის კავშირს ჩექმებით მავალ ისტორიასთან.

მთხრობელი, ფილოსოფიის დოქტორი ზერენუს ცაიტბლომი თავის წიგნს იწყებს 1943 წელს, როდესაც რომანის გმირი – ადრიან ლევერკიუნი უკვე სამი წელია აღარაა ცოცხალი, და ამთავრებს 1945 წელს, როდესაც უკვე აშკარა ხდება, რომ ჰიტლერის მიერ მსოფლიოს დაპყრობა არა მარტო ვერ მოხერხდა, არამედ განაპირობა მესამე რაიხის დასასრული. მიუნხენი, სადაც ცხოვრობს ცაიტბლომი, მის თვალწინ ინგრევა. “ჩვენ ახლა მხოლოდ ეს სიმღერა გვესმის, – გვიამბობს მთხრობელი – მხოლოდ ამ ერთადერთს თუ ვიმღერებთ წრფელი გულით: დასჯილი ცოდვილის ტირილი, სულის გამყინავი ადამიანის ტირილი და ღმერთის ტირილი, და ეს მისი გარდაცვალების სიმღერა უფრო და უფრო იზრდება, თითქოს მთელი სამყარო მოიცვა, და ამ ტირილზე საშინელი არაფერი იყო სიმღერა დედამიწაზე”. ეს ტირილი – “დოქტორ ფაუსტუსის ტირილი”, კომპოზიტორ ადრიან ლევერკიუნის – ბოლო, ყველაზე დიდი ნაწარმოებია.

ლევერკიუნს, ცხადია, აქვს ფესვები. ნიცშეც, შონბერგიც და თავად თომას მანიც… რომანის გმირში შეგვიძლია ამოვიკითხოთ ამა თუ იმ პიროვნებების თვისებები. ამასთან, თომას მანი ლევერკიუნის სახით გადმოგვცემს გერმანიის, როგორც რომანტიული პოეტების, ფილოსოფოსების და ამავე დროს ნაცისტების ქვეყნის მისწრაფებებს. მამაცი, ახალგაზრდა გერმანია, თვითდაჯერებული, იდეებითა და გეგმებით აღსავსე… რატომ იქცევა იგი მტაცებელ ცხოველად და რატომ იწყებს ადამიანის განადგურებას? სად კარგავს იგი ღმერთს, რა ძალებს მიჰყავთ იგი განადგურების გზაზე, რაც თვითგანადგურებით მთავრდება?… გერმანიას მართავს სიამაყე, საკუთარი დაუმარცხებლობის რწმენა და სამყაროს და ღმერთის მიმართ გამოწვევა.

“არ გეგონოთ, ძმებო და დებო – ამბობს ლევერკიუნი – თითქოს ეშმაკთან გარიგებისათვის საჭირო იყოს ტყიანი გზის გაჩეხვა, ან მაგიური წრეები. ჯერ კიდევ წმინდა თომა აქვინელი გვეუბნება, რომ განდგომისათვის საკმარისია ერთი ქმედებაც კი”.

გზიდან ერთხელ გადაცდენილი კაცი ყოველთვის არასწორ გზაზე ივლის. მეფისტოფელის გამოჩენით ქვიშის საათი გადაბრუნდება, ქვიშის მარცვლები კი გკლავენ თანდათანობით, განუწყვეტლივ, მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში.

1952 წლის ივნისში თომას მანი დაბრუნდა შვეიცარიაში და ციურიხის ახლოს ქალაქ კილხბერგში დასახლდა.

1951 წელს გამოვიდა რომანი “რჩეული” (“Der Erwahlte”), რომელიც მოგვითხრობს “კეთილ ცოდვილზე”, შუა საუკუნეების გერმანელ პოეტ ჰარტმან ფონ აუეზე. რომანში თომას მანი ისევ უბრუნდება დანაშაულისა და ცოდვის გამოსყიდვის თემებს, რომლებსაც ამ წლებში არაერთხელ უკავშირებს გერმანიას.

1954 წელს გამოქვეყნდა მისი უკანასკნელი ნოველა “შავი გედი”.

ამავე წლებში განაგრძობს თავის ნაწარმოებზე “ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარება” მუშაობას, რომელზეც წერა პირველ მსოფლიო ომამდე დაიწყო. ნაწარმოები ეხება თანამედროვე დორიან გრეის, რომელსაც აქვს ნიჭიც, გონებაც და სილამაზეც, მაგრამ თაღლითის გზას ირჩევს და თავისი მარიფათით წარმატებებს აღწევს საზოგადოებრივ საფეხურზე, ამასთან კარგავს ადამიანურ სახეს და ურჩხულად გადაიქცევა.

1955 წლის 12 აგვისტოს თომას მანი ციურიხის საავადმყოფოში გარდაიცვალა ათეროსკლეროზისგან. მწერალი დასაფლავებულია ქალაქ კილხბერგის სასაფლაოზე.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button