ლიტერატურამოთხრობა

გოდერძი ჩოხელი ხთიშვილი

სოფელი, სადაც ზოსიმე უნდა დაბადებულიყო, აქაური ხალხის რწმენით, წმინდა ადგილად ითვლებოდა და ამ სოფლის ქალებს აკრძალული ჰქონდათ აქ მშობიარობა.

გზაზე დაიბადა ზოსიმე.

ერთი მაღალი, შავად წამოყუდებული კლდის ძირას იმშობიარა დედამისმა.

ქალმა ჩიქილა მოიხადა, ახლად დაბადებული პატარა ზოსიმე შიგ შეახვია და რაკი წვიმა წამოვიდა და თავის მამის სახლამდეც კარგა დიდი გზა ჰქონდა დარჩენილი, მას კი ღონე აღარ შესწევდა სასიარულოდ, მდინარეზე გადავიდა და მწყემსების საზაფხულო ქოხს შეაფარა თავი.

ქოხში მხოლოდ ერთი პატარა მწყემსის ბიჭი დაუხვდა. იმან დიდი ამბით მიიპატიჟა შიგნით დედა-შვილი, მაგრამ რაკი აქაური ადათ-წესის მიხედვით, მელოგინე ქალი უწმინდურად ითვლებოდა ორმოცი დღის განმავლობაში, ზოსიმეს დედა ქოხში შესვლას მოერიდა და იქვე ახლო-მახლო, სიპი ქვით გადახურულ სახბორეს შეაფარა თავი. ბიჭი ბაგაში ჩაფენილ თივის ბზეში ჩააწვინა თბილად. თვითონ იქვე ჩამოჯდა და გაბრწყინებული თვალებით მიაჩერდა შვილს.

მოეჩვენა, თითქოს რაღაც არაამქვეყნიური ნათელი ეფინა სახეზე მის პატარას. სწორედ ამ დროს იქუხა კიდეც და ზოსიმეს დედამ ეს ქუხილიც რატომღაც ღვთის

ნიშნად მიიჩნია.

გარეთ წვიმდა.

ჩვილი ტიროდა.

დედამ ხელში აიყვანა, გულზე მიიხუტა და თბილი ძუძუ ჩაუდო პირში.

ბიჭი არ წყნარდებოდა, ტიროდა და ტიროდა.

ქალი ელაპარაკებოდა, ამშვიდებდა.

ის მაინც ტიროდა.

ტირილით ეგებებოდა თავის დაბადებას.

სახბორის შემოსასვლელში მწყემსის ბიჭი გამოჩნდა. წვიმაში იდგა, მხრებში მობუზული, შიგნით შესვლას ვერ ბედავდა.

_  ქოხში წადი, აქ ნუ სველდები,  _  უთხრა ქალმა.

ბიჭი არ განძრეულა, ფართოდ გახელილი თვალებით შეჰყურებდა პატარას, რომელიც უფრო და უფრო უმატებდა ტირილს.

_  რატომ ტირის?  _  იკითხა მწყემსის ბიჭმა.

_ ეტყობა რაღაც არ მოსწონს, _ ღიმილით თქვა ქალმა, _ წადი, ქოხში, ნუ სველდები წვიმაში.

ბიჭი ქოხისაკენ გაიქცა.

ატყდა საშინელი ჭექა-ქუხილი და წვიმაში სეტყვაც გამოერია.

მთებსა და მთებს შორის მძიმედ ჩამოწვა სეტყვის ღრუბელი.

ჩვილი ისევ ტიროდა.

სახბორეს შემოსასვლელთან ისევ გამოჩნდა მწყემსის ბიჭი, ხელში მოსახარში ცხვრის ბეჭი ეჭირა.

_ აქ შენი შემოსვლა არ შეიძლება, თქვენები გაგიბრაზდებიან, წადი ქოხში! _ გაუბრაზდა ქალი.

_  მე ვიცი, ეგ რატომაც ტირის,  _  თქვა ბიჭმა.

_  შენ რაღა იცი?!  _  გაეღიმა ქალს.

_ ვიცი, შია და იმიტო ტირის, აი ხორცი, აჭამე და გაჩუმდება, _ ბიჭმა ქალს ცხვრის ბეჭი გაუწოდა.

_ კარგი, ვაჭმევ, ოღონდ ქოხში წადი, მანდ ნუ სველდები, _ გაუღიმა ქალმა და ცხვრის ბეჭი გამოართვა.

_ მერე წყალსაც მოგიტანთ, _ მზრუნველი ხმით თქვა მწყემსის ბიჭმა და ქოხისკენ გაიქცა.

ცაზე დიდხანს იდგანდგარეს სეტყვის ღრუბლებმა.

მერე, როგორც იქნა, გული იჯერეს, ნელ-ნელა მიჩუმდნენ, მისავათდნენ, მიწყნარდნენ, მიწაზე ჩამოფენილი კალთები აიკეცეს და მთებს იქით გადაიკარგნენ.

გამოჩნდა ლურჯად მოელვარე კამკამა ცა.

ჩვილიც ჩაწყნარდა.

ჩაიძინა.

ჩამოვარდა სიჩუმე.

სახბორის შემოსასვლელთან ისევ აიტუზა მწყემსის ბიჭი. ხელში წყლით სავსე დოქი ეჭირა.

_ აი, შენ კი გაგახაროს მაღალმა ღმერთმა, _ უთხრა ქალმა და დოქი გამოართვა. _ დაიძინა?

_  ხო, დაიძინა.

_  რა არ მოსწონდა?

_  რა ვიცი, აბა!  _  გაუღიმა ქალმა ბიჭს.

_  რა ჰქვია?

_  ჯერ სახელი არა აქვს.

_  რატომ ყველასა აქვს სახელი და…

_  ამას ჯერ არა აქვს.

_  რატომ არა აქვს?

_  იმიტომ, რო ეხლაღა მოვიდა ამ ქვეყანაზე.

_  მერე, საიდანაც მოვიდა, იქედან სახელი არ გამოატანეს?

_  არ ვიცი, ეტყობა დაკარგა და იმიტომ ტირის,  _  იხუმრა ქალმა.

_  თუ გინდა მე მივცემ სახელს.

_  შენს სახელს?

_  არა, სხვა სახელს, კარგი სახელი ვიცი.

_  თუ კარგი სახელი იცი, მაგას რა სჯობია, აბა მითხარი.

_  ზოსიმე,  _  თქვა ბიჭმა.

_ ხოო, მართლა ძალიან კარგი სახელი გცოდნია, ღმეთიმც გაგზრდის და სიბერემდე მოგყრის, _ დალოცა ქალმა, _ შენ თვითონ რა გქვია?

_ მე მახარე მქვია, _ ამაყად თქვა ბიჭმა, _ წავალ, ხბორებს მოვძებნი, ნუ გეშინიათ, მალე მოვალ.

მახარე ჩამოსეტყვილ ფერდობს აუყვა ზემოთ.

მშვიდად, ძალიან შვიდად დაღამდა ის დღე და შებინდებულზე მახარეს დედაც გამოჩნდა, ქვემოდან ქოხისკენ აჩქარებით ამომავალი. მახარემაც მორეკა ხბორები. ძროხებიც მოვიდნენ საბალახოდან რძით გავსებული ცურებით. ქოხის იქით მწყემსებმაც შემოაქუჩეს საბიანოზე ცხვრის ფარა.

შემობინდდა.

მერე, ოდნავ წელში გაზნექილი, ნალევი მთვარე ნათელი ღიმილით შემოჯდა გორის ფხაზე.

*

ორმოცი დღე, თავის სოფელში, დედ-მამის სახლის განაპირა პატარა ოთახში ცხოვრობდა ზოსიმეს დედა.

მერე ქმრის სოფელში დაბრუნდა.

სათემო გორაზე სამხთო გადაიხადა ზოსიმეს მამამ.

დიდი, თეთრი ხარი დაკლეს და ხატში გარიეს გვარში შემომატებული პატარა ბიჭი. სამჯერ გამოაგორა ხევისბერმა ხატის გორაზე. მერე საამდღეოდ გამომცხვარი გადმოყარა და დაიძახა:

_  ჩოხის წმინდა გიორგი სწყალობდეს ზოსიმეს!

_ სწყალობდეს! სწყალობდეს! _ დაიძახა ქვემოთ მდგარმა ხალხმა და ხევისბერის მიერ გადმოყრილ აშალს (პატარა მრგვალი კვერებია) მიესივნენ ასაკრებად. ჟივილ-ხივილით ერთმანეთს ასწრებდნენ აშალის აკრეფას. მერე კი, იმავე გორაზე, სადაც

ზოსიმე გამოაგორეს, სამანთან ერთი აშალი-კვერი ჩადგეს სამიზნედ, თვითონ ქვემოთ გამწკრივდნენ და დაიწყეს მიზანში სროლა. სამიზნეს ასეთივე აშალ-კვერებს ესროდნენ და თან ხმამაღლა გაჰკიოდნენ:

_  სწყალობდეს ზოსიმეს!

_  სწყალობდეს ზოსიმეს!

ზოსიმეს კი ხევისბერის მიერ, ხარის სისხლით, შუბლზე ჯვარი ჰქონდა გამოსახული.

სამრეკლოზე ზარებს რეკავდა ხატის დასტური.

ერთად შეკრული უამრავი სანთელი ეჭირა ხელში ხევისბერს და ღმერთს ადიდებდა. ზოსიმეს კარგ ბედ-იღბალს ევედრებოდა დამბადებელს. მისი თხოვნა მთელი გვარის თხოვნა იყო ღვთის წინაშე. ეს ერთად შეკრული სანთლებიც ამის დასტური იყო; ყველამ თავისი სანთელი მიართვა ხევისბერს ზოსიმეს დასამწყ-ალობლებნად. სანთლების ერთად შეკვრაც, გვარის ერთად ყოფნას, ერთად წვას ნიშნავდა.

დღეიდან ერთი სანთელიც მიემატა მათ _ ზოსიმეს სანთელი.

დღეის მერე, ყოველთვის აენთება ერთადშეკრებილ სანთლებს შორის, ზოსიმეს სანთელი.

დღეიდან ის გვარის წევრია.

დღეიდან…

დღეს კი, სანთლების ალს თვალს ვერ აშორებს პატარა ბიჭი.

*

დედა ამჩნევდა, რომ ღამღამობით თითქოს რაღაცა მკრთალი ნათელი დაადგებოდა ხოლმე ზოსიმეს აკვანს.

არ ამბობდა.

მალავდა.

ოჯახში ამას სხვები ვერ ამჩნევდნენ, მხოლოდ დედა ამჩნევდა და ფიქრობდა, ალბათ მეჩვენებაო.

მერე ფეხზე გაიარა ზოსიმემ.

ალაპარაკდა.

აჟღურტულდა.

მის არსებაში მთელი ძალით იფეთქა ლაღმა სიცოცხლემ. მთელ სოფელს თავი შეაყვარა. მათი სახლის ბანი დღენიადაგ ხალხით სავსე იყო. ეფერებოდნენ და ეალერსებოდნენ ზოსიმეს. სხვა პატარებიც იყვნენ ამ სოფელში, მაგრამ რატომღაც ყველას მის სანახავად მოუწევდა გული, თითქოს ზოსიმეს, სხვათაგან გამორჩეული, სიყვარულის ღვთაებრივი ნიშანი ჰქონდა.

და, ეს ნიშანიც დედამ შეამჩნია: ერთ დღეს, როცა იმან ტაბლაზე სანთელი აანთო, პატარა ზოსიმე მივიდა, სანთელთან გაჩერდა, მერე ტაბლიდან მოხსნა, ხელით მაღლა აწია და თვითონაც აფრინდა.

დედა გაოგნდა. მუხლები მოეკვეთა. აღარ იცოდა, რა ექნა.

ზოსიმე კი, საითაც სანთელს გაიწვდიდა, იმ მხარეს მიფრინავდა, ხან ზემოთ აფრინდებოდა ჭერისკენ, ხან ქვემოთ დაწევდა სანთელს და ქვემოთ მოდიოდა. საცხოვრებელი დარბაზი ფართო იყო და შინ ლაღად დაფრინავდა პატარა.

დაფრინავდა, მანამ სანთელი არ ჩაიწვა და არ ჩაქრა, როცა ზოსიმემ სანთლიანი ხელი ჭერის თავიხეს მიადო. ჩაქრა თუ არა სანთელი, ფრთებშეჭრილივით მოწყვეტილი ჩამოვარდა დაბლა ზოსიმე.

ეს ამბავიც დამალა ქალმა.

მხოლოდ ქმარს გაუმხილა.

ამის მერე ანთებულ სანთელს ახლოს აღარ აკარებდნენ ზოსიმეს. ის კი, მოჰკრავდა თუ არა თვალს, თვალებგაბრწყინებული მიიწევდა მისკენ.

*

თანდათან მრავლდებოდა და ძლიერდებოდა გვარი. მრავალჯერ გამოაგორა ხევისბერმა პატარა ბიჭები ხატის გორაზე.

ახლაც იქა დგას.

ბერდიას ამწყალობნებს.

ბერდიას არჩევენ ხატში; ის კი ტირის, თითქოს უარზეა, არ სიამოვნებს ხატის გორაზე გამოგორება.

ქალებს ხატის ახლოს არ უშვებენ, მარტო კაცები და ბალღები არიან აქ.

_ თოლი გქონდეს ბალღზე, ანთებულ სანთელთან არსაით მიგივიდეს, _ გააფრთხილა ზოსიმეს მამა.

_  სწყალობდეს ბერდიას!  _  იძახის ხევისბერი და აშალს გადმოყრის.

_  სწყალობდეს!

_ სწყალობდეს! _ უდასტურებს ხალხი და გადმოყრილ აშალს ასაკრეფად მიესევიან.

თვალსა და ხელს შუა დაეკარგება მამას ზოსიმე.

მაშინღა მოჰკრა თვალი, როცა ბიჭმა სამანის ქვაზე მიკრული უშველებელი სანთლების კონა მოხსნა და მაღლა ასწია.

_  დაიჭი, ხევისბერო!  _  განწირული ხმით იყვირა ზოსიმეს მამამ და იქით გაიქცა.

ხევისბერი  ბიჭისაკენ  შემობრუნდა  და  ნაბიჯიც  ვეღარ  წადგა  გაოგნებულმა:

ზოსიმე უკვე ცისკენ მიფრინავდა.

ჩამოვარდა სიჩუმე და ამ სიჩუმეში ქალის მოთქმა გაისმა:

_  ზოსიმეე, შვილოო, დაბლა დაწიე სანთელი შვილოო!

მაგრამ ზოსიმე არ აპირებდა მიწაზე დაშვებას. თითქოს არც გაუგონია დედის ხმა. ანთებული სანთლების კონა თავის ზემოთ ეჭირა და მოკრიალებული ლურჯი ცის სიღრმეში მიიწევდა მაღლა და მაღლა. ხალხი გაოცებული შეჰყურებდა და ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა.

_ მიშველეთ, ხალხოო, ყველამ შესძახეთ, რომ დაბლა დასწიოს სანთლები, თორემ თუ ჩაუქვრა, ჩამოვარდება, _ ევედრებოდა ხალხს ზოსიმეს მამა.

მხოლოდ რამდენიმე კაცმა გაბედა ხმის ამოღება. იმათაც ხმაჩაწყვეტილებმა შესძახეს ზოსიმეს:

_  დაბლა დასწიე სანთლები, ზოსიმეე!

ზოსიმეს კი უკვე აღარ ესმოდა მათი ხმა. წერტილივითღა ჩანდა ცის სიღრმეში, მერე კი თანდათან ეს წერტილიც გაქრა და რამოდენიმე ხანს მხოლოდ სანთლების ალი მილიცლიცებდა ლურჯი ცისაკენ.

_ ჩამოვარდება, ხალხოო, ჩამოვარდება! _ გულამოსკვნით ქვითინებდა ზოსიმეს დედა და ხელებს მუხლებზე ირტყამდა.

სანთლის ალიც გაქრა.

ხალხი შეშფოთდა.

მოუთმენლად ელოდნენ ზოსიმეს ჩამოვარდნას, მაგრამ ამაოდ, ზოსიმე აღარ ჩამოვარდა, ცას შეერია.

დიდხანს კიდევ ხმისამოუღებლად შეჰყურებდნენ ცას, მანამ, სანამ ხევისბერმა არ დაარღვია სიჩუმე.

_ რაღას უყურებთ, ხთიშვილი თავის საუფლოში გაფრინდა, მოკრიფეთ სანთლები და ვილოცოთ მიწაზე დარჩენილთ!

ხატის დასტურებმა სანთლები მოკრიფეს.

ხევისბერმა აანთო და დაილოცა:

_  ღმერთო, შენა ხარ სადიდებელი!

ღმერთო, შენა ხარ სახსენებელი!

ღმერთო, დიდება შენთვისა,

ღმერთო, მადლობა შენთვისა,

რო ღირსად გვცანი, ღირსად ჩაგვთვალე,

ხთიშვილი ცოდვილთ მოგვივლინე…

სიჩუმეში მტრედის ღუღუნივით ისმოდა ხევისბერის ლოცვა და ახლა ყველა მას მისჩერებოდა.

მხოლოდ ზოსიმეს დედა არ აშორებდა ზეცას თვალს და იმის გულს ჯერაც კიდევ ელდა უვლიდა.

იმის გვერდით იდგა მახარე, მწყემსის ბიჭი, ახალდაბადებულ ზოსიმეს მოსახარში ცხვრის ბეჭი რომ მოუტანა, ის მახარე. ისიც ცას შეჰყურებდა და თან რაღაც სწყინდა, თან რაღაც უხაროდა გულში.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button