ლიტერატურა

გიორგი ბუნდოვანი: თბილისი პოეზიის მკვლელი ქალაქია

ცხოვრება დასაფლავების შემდეგ. . . ერთი წლის წინ გიორგი კახიძემ (ბუნდოვანი), თავისი პოეზიის დასაფლავების ცერემონიალი მოაწყო. იყო ჭირისუფალი, „განსვენებულის“ ტახტი, დასაფლავებაზე, მოსული ადამიანებისთვის განკუთვნილი სკამები, ღვინო, შესანდობრის სათქმელად. ცერემონიალმა, მშვიდად ჩაიარა. ახლობლები მოვიდნენ „მიცვალებულთან“ გამოსამშვიდობებლად, ღვინოც შესვეს და ჭირისუფალსაც მიუსამძიმრეს. . .

გავიდა ერთი წელი. კავკასიურ სახლში, სადაც ერთი წლის წინ დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართა, გიორგი ბუნდოვანის ლიტერატურული საღამო მოეწყო. მან ამას წლისთავი უწოდა. ბუნდოვანის პოეზიის წლისთავი შედარებით „ვიწრო წრეში“ მოეწყო, მაგრამ ახლობლები, მეგობრები, ჟურნალისტები და ადამიანები, რომლებსაც ბუნდოვანის უკვე „დასაფლავებული” პოეზია უყვართ, მაინც მოვიდნენ.

პოეტი მხოლოდ თავისი შემოქმედებით არ ფასდება. იგი თავისი პირადი ცხოვრებითაც საინტერესოა. ჩვენც დაგვაინტერესებდა გიორგი კახიძის ცხოვრება, მისი პოეზიის „დაკრძალვის” შემდეგ. გვთხოვა მისთვის „შენობით“ მიგვემართა, არ უყვარს ზედმეტი ოფიციალურობა, ჰგონია, რომ თქვენობით მიმართვა აბერებს, მაგრამ ინტერვიუს მაინც „თქვენობით“ გთავაზობთ.

– როგორ ცხოვრობს გიორგი ბუნდოვანი მისი პოეზიის დაკრძალვის შემდეგ?

– მე ისევ ცოცხალი ვარ. მართალია, ჩემი შემოქმედება „დავკრძალე“, მაგრამ გავიდა ერთი წელი. როგორც იტყვიან, მოხდა „ჭერის ახდა“. ამ დროს ჭირისუფლები იხდიან შავებს, წყვეტენ გლოვას და ცდილობენ განაგრძონ ჩვეულებრივი ცხოვრება. მთელი ერთი წელი ვინახავდი ღრმა პოეტურ მარხვას გუშინ კი მივიღე სპონტანური გადაწყვეტილება. შეიძლება დავწერო ლექსი, დღეს არა, მაგრამ ხვალ, ზეგ. . .

– ამ ხნის მანძილზე დაწერეთ რამე?

– ერთხელ ვცადე. ეს იყო ტესტი, მინდოდა ჩემი თავის შემოწმება. ვერ ვიტყვი, რომ წერის მოთხოვნილება მაქვს. იმდენად ბევრია სოციალური პრობლემა ჩემ გარშემო და ჩემს ცხოვრებაში, რომ არ შემიძლია ვწერო და იმაზე არ ვიფიქრო, როგორ შევხედო ჩემს პატარა შვილს თვალებში, სახლში მისულს კანფეტს რომ მთხოვს და მე კი ხელცარიელი მივდივარ.

– რატომ შეწყვიტეთ წერა?

– თბილისი პოეზიის მკვლელი ქალაქია. ამ ქალაქში ცხოვრება ძნელია, ყოფაც აუტანელი გახდა. ეს ჩემს პირად ცხოვრებაზეც აისახა. ბევრ პოეტს მაშინ ეწერება, როცა უჭირს, მე კი წერის სურვილს სწორედ სოციალური პრობლემები მიკლავს.

– არ შეიძლება არ ვისაუბროთ ტერენტი გრანელზე. როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა მასთან?

– პირველად იგი თხუტმეტი-თექვსმეტი წლის ასაკში წავიკითხე. შემძრა. მივხვდი, რომ მანამდე რაც წამიკითხავს, არაფერი იყო ამასთან შედარებით. გაგიკვირდებათ და სანამ ტერენტის გავიცნობდი, ისეთივე სულისკვეთებითა და მელანქოლიით ვწერდი, როგორითაც ის წერდა. მე და ტერენტის ბევრი საერთო გვაქვს. ეს არის მისტიკა. იყო პერიოდი, როცა, შემიძლია ვთქვა, რომ ტერენტი წერდა ჩემი ხელით. ასეთი 30-35 ლექსი მაქვს. ვისაც წავაკითხე, ყველას ტერენტის გამოუქვეყნებელი ლექსები ეგონა. მეც არ ვაქვეყნებ, ისევ იმ ადამიანების გამო, ვინც ამას არასწორად მიიღებს. მასზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო. ისეთ რამეზეც, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი, ვერ გაიგებს, მაგრამ გრანელის მოყვარულებმა კარგად ვიცით ეს ისტორია და მისი ზუსტად აღქმაც შეგვიძლია. მე მის დაზე, ზოზიაზე გელაპარაკებით. ტერენტის იგი უყვარდა, მაგრამ არა ისე, როგორც კაცს ქალი, იგი მას აღმერთებდა. საყვარელი ქალებიც ჰყავდა, მაგრამ ზოზიას სიყვარულთან, რიგითი ქალების სიყვარული ვერ მივა. ეს პოეტური სიყვარული იყო. მხოლოდ თავის სულიერ მეგობარებს: გალაკტიონსა და ზოზიას აღმერთებდა.

– ტერენტი გრანელი ამბობს, „გალაკტიონში არის დემონი, ჩემში კი მხოლოდ ანგელოზია“.

– ტერენტი იყო ერთადერთი მისტიკოსი პოეტი. ესეც მისი ღრმა, მისტიკური მეტაფორაა. გალაკტიონი ერთადერთია, ვისაც ტერენტი თავის ტოლ პოეტად აღიარებს. შემიძლია ერთი ისტორიაც გიამბოთ: ერთხელ ტერენტი ავად გახდა, გალაკტიონი მივიდა სანახავად. სანამ შევიდოდა, ტერენტიმ უთხრა, თუ ჩემთან მოხვედი, როგორც დიდი პოეტი პატარა პოეტთან, არ შემოხვიდეო. გალაკტიონმა კი უპასუხა: „არა, მე შენთან მოვედი, როგორც დიდი პოეტი დიდ პოეტთან“.

– ჩვენ გავეცანით თქვენს მანიფესტს „თეორიას – ხელოვანი ადამიანის და მისი ხელოვნებაში სტატუსის თაობაზე!“, სადაც თქვენ ამბობთ: „ხელოვნებამ არ უნდა მოგასვენოს, გკორტნოს, გწეწოს და გრღრნას. . .“ თქვენ კი აღარ წერთ, როგორ ძლებთ ამის გარეშე?

– მართალია, ვერაფერ ღირებულს ვერ შექმნი, თუ ის არ გაწუხებს და არ გრღრნის, მაგრამ დღეს მე არ მეწერება. თან საქართველოში თუ არ ხარ „საბას“ ან „წეროს“ წევრი, ან თუ არ გაქვს კარგი PR-ი, არ ჩნდები ხშირად ტელევიზორში და არ არის შენი „პლაკატი“ პარნასში „გამოჭიმული“, მაშინ ბევრისთვის უცნობ პოეტად დარჩები. ჩემთვის კი კონკურსი და პოეტი შეუთავსებლად მიმაჩნია. თუმცა, ეს ჩემი აზრია, მაგრამ თუ ჩემი მეგობრები იმარჯვებენ, რა თქმა უნდა მიხარია.

გიორგი ბუნდოვანის ცხოვრებაში დიდი როლი აქვს ასევე ბუდას. ბუდა, რომელიც, როგორც ბუნდოვანი ამბობს, რვა წლიანი სკოლაა მისთვის. დღესაც სახლში, ხატებთან ერთად ბუდას ორასი წლის წინ გაკეთებული ბრინჯაოს ქანდაკებები უდევს. მათთვის, კი, ვისთვისაც მან „ქრონოფაგების ორდენის“ დროს ბუნდოვანი დაირქვა, ხშირად მისი ნათქვამი და მისი სარწმუნოება ბუნდოვანი რჩება.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button