ლიტერატურამოთხრობასაბავშვო

გოდერძი ჩოხელი ბებოს სალომე

ობოლია ბებოს გოგო. დედ_ მამა აღარ ახსოვს. აღარ ახსოვს იმიტომ, რომ ჯერ ისევ აკვანში იწვა, როცა ისინი ამ ქვეყნიდან წავიდნენ და ბებოს ანაბარა დატოვეს.

ისე, სალომე ჰქვია. ბებოს გოგოს ბებო ეძახის, ათას ჭირ-ვარამში და სადარდელში ხანმოყრილი სიდო ბებო, ყველა ოცნება რომ ჩასჭკნობია სამზეოზე ერთის გარდა.

ის ერთი, ბებოს გოგოა, კალმით ნახატი ბებოს გოგო: შავთვალწარბა, წაბლისფერთმიანი, ტანში ლამაზად აწყობილი ცხრა-ათი წლის მეოცნებე სალომე, რომელსაც არ გამოუვლია დედის სითბო, არ ჩასძინებია მის კალთაში, არც მამის მუხლებზე მჯდარა და არც მისგან ტკბილი ხმით ნათქვამი “აჩუ-აჩუ ცხენო” მოუსმენია. თავისი პატარაობა თითქმის სულ ბებოს ზურგზე გაატარა. როცა ბებო კერის პირას იჯდა და მატყლს ჩეჩავდა, ანდა ფარტენას ართავდა, დედ-მამის სითბოს დანატრებული სალომე ზურგზე მოეკიდებოდა, პატარა მკლავებს ყელზე შემოხვევდა, ისე, რომ ზოგჯერ ბებო უჯავრდებოდა კიდეც, არ დამახრჩოო. თან თვითონვე სიამოვნებდა ეს, საქმეს თავს ანებებდა და იძახდა: აჩიკუდა, ბებოს გუდა, აჩიკუდა, ბებოს გუდა _ თან წინდაუკან გადაქან-გადმოქანდებოდა.

_  კიდევ, ბებო, კიდევ!  _  აღტაცებით გაიძახოდა პატარა სალომე.

როცა საქმეზე მიდიოდა სიდო ბებო, მაშინაც ზურგზე ეკიდა “თავის გუდა”. ძილითაც ერთად იძინებდნენ. ბებომ ხომ იმდენი ზღაპარი იცოდა, პირდაპირ

ზღაპრის გუდას ჰგავდა და მოსაღამოვებოდა თუ არა, ხთად ელოდა სალომე, როდის

ჩააწვენდა ლოგინში ბებო. გოგო მანამდე აჭყეტდა თვალებს, მანამ ბებოს “გული არ მოუკვდებოდა იმის ცოდვით” და თვითონაც გვერდით არ მიუწვებოდა.

_ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი… _ ტკბილი ხმით დაიწყებდა ბებო.

გაიტრუნებოდა პატარა გოგო. ყურს უგდებდა უფლისწულისა და ობოლი გოგოს სიყვარულის ამბავს. ჯერ არ იცოდა რა იყო სიყვარული, მაგრამ ყოველთვის თავის თავს წარმოიდგენდა ხოლმე იმ ობოლი გოგოს ადგილზე.

_ სალომე რატომ დამარქვით ბებო? _ დანანებით კითხულობდა ზღაპრის ბოლოს.

_  სალომე შენი დიდი ბებოს სახელია და იმიტომ…

_  ოოოჰ!

_  აბა, მაშ, შენ რა გინდოდა რომ დაგვერქვა.

_  რა და ეთერი.

_ უი, ბებოს გოგო, მაგას რას ამბობ, მერე ხომ მურმანი წაგიყვანდა, _ შეიცხადებდა სიდო ბებო.

_ არა, არაფერიც, მე აბესალომს არ ვუღალატებდი! _ მკაცრი სახით ამბობდა სალომე.

_  მუნს რომ შაგყრიდა?

_  მაინც არ გავყვებოდი.

_  აბესალომი რო დაუთმობდა შენ თავს?

_  გავიქცეოდი.

_  რო ეპოვე?

_ თავს მოვიკლავდი და მურმანს მაინც არ გავყვებოდი! _ ისე აღგზნებული იძახდა სალომე, სიდო ბებოს, კარგახანს უწევდა იმის დამშვიდება.

სოფელში ყველა “ბებოს გოგოს” ეძახდა სალომეს. ისიც ისე იყო ამ სახელს მიჩვეული, თავისი ნამდვილი სახელი აღარც კი ახსოვდა. როცა სკოლაში დაუძახეს და სწავლა დაიწყო, ხშირად მასწავლებლის გამოძახებაზე, სალომე გამოვიდეს დაფასთანო, ისევ მშვიდად იჯდა. მერე მასწავლებელმაც გადაივიწყა მისი სახელი და ისიც “ბებოს გოგოს” აყოლებდა გაკვეთილს, “ბებოს გოგოს” აგზავნიდა ზარის დასარეკად.

კარგი იყო სწავლა, მისთვის უცხო სამყაროს ეზიარებოდა წიგნით “ბებოს გოგო”, მაგრამ სიდო ბებოს ზღაპრები მაინც სულ სხვა იყო. ჯერ კიდევ გული სწყდებოდა იმაზე, რომ სალომე ერქვა და არა ეთერი.

პირველად რომ მიიყვანეს სკოლაში, ერთ მის თანაკლასელ ბიჭს მურმანი ერქვა. ისე იყო სალომე ზღაპრის შთაბეჭდილებით შეპყრობილი, რომ არა თუ ხმას არ სცემდა იმ ბიჭს, მისი დანახვაც კი არ უნდოდა.

მურმანი თმააბურძგნული პატარა, სასაცილო ბიჭი იყო და რა თქმა უნდა, ვერ მიმხვდარიყო, თუ რატომ ექცეოდა მას ასე მკაცრად კოხტა სალომე.

ბიჭებს ხომ ისეთი ზნე სჭირთ ამ ასაკში, ვინც უფრო მკაცრად ექცევა და შორს იჭერს მათგან თავს, მაინცადამაინც იმის სიყვარული ჩაეჭრებათ ხოლმე პატარა გულში. თმებაბურძგნულ და ერთთავად მელნით მოთხუპნულ მურმანსაც ასევე დაემართა. სიყვარულის ცეცხლი მოედო და არცთუ ისე იშვიათად პასუხობდა სრულიად დაბნეული მასწავლებელის შეკითხვას:

_  ორს რომ ორი მივუმატოთ, რამდენი იქნება მურმან?

_  ორს რო ორი მივუმატოთ, იქნებააა…

_  ჰო, რამდენი იქნება?

_  სამი კი არა, ოოო…

_  ორი.

_  აბა, კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე.

_ ეს ხომ არის ორი თითი, ესეც არის ორი თითი, ერთად რამდენი იქნება? _ ხუთი.

_ აბა ვინ მეტყვის ბავშვებო, რამდენი იქნება? აბა “ბებოს გოგო”, შენ უთხარი მურმანს სწორი პასუხი.

“ბებოს გოგო” ფეხზე დგება და ხმას არ იღებს.

_  არც შენ იცი?!

_  ვიცი.

_  მერე, უთხარი.

_ არაფერსაც არ ვეტყვი! _ ბრაზობს ბებოს გოგო და ფანჯარაში იყურება. მასწავლებელი, რაღა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ ხვდება, სხვა მოწაფეს წამოაყენებს

ფეხზე და ახლა იმას აძლევს იგივე კითხვას.

სალომე სახეალეწილი იყურება ფანჯარაში.

მურმანს სიყვარულის ცეცხლი უკიდია.

მასწავლებელი კმაყოფილია იმით, რომ სწორ პასუხს ეღირსა:

_  ორს მივუმატოთ ორი, ოთხია.

_ მაგრამ, ორჯერ ორი? _ ისევ კითხულობს მასწავლებელი და ისევ დაბნეულობა, ისევ “ბებოს გოგოს” გამკაცრება და ისევ ცეცხლი, სიყვარულის მწველი ცეცხლი, თმააბურძგნულ და მელნით მოთხუპნულ მურმანს რომ უკიდია.

ორჯერ ორი კი ბოლოს და ბოლოს ცხადი ხდება, რომ ოთხია, როგორც ის არის სალომესათვის ცხადი, რომ აბესალომივით, სადღაც არსებობს მისი საბედო, რომელიც ადრე თუ გვიან გამოჩნდება, რა თქმა უნდა, უფრო გვიან იქნება ეს, როცა სალომე გაიზრდება და სკოლას დაამთავრებს, მაშინ მოვა უცხო ჭაბუკი, სალომეს სილამაზით გაოცდება, მის წინ დიდხანს თავდახრილი იდგება და გაუბედავად წაიჩურჩულებს:

_  მე შენ მიყვარხარ!

სალომეც  დაუჯერებს,  ეჭვიც  არ  შეეპარება  ამ  სიტყვების  გულწრფელობაში,

იმიტომ, რომ ზღაპრებში სწორედ ასე ხდება, ქალი ყოველთვის უჯერებს უცხო ვაჟს…

ეს მურმანი კი! _ ბრაზი მოსდის მელნით მოთხუპნულ თანაკლასელზე სალომეს და მისკენ გახედვაც არ უნდა.

უკან დარჩა პირველი კლასი.

მეორე.

მესამე.

წელს მეოთხე კლასი დაამთავრეს და საზაფხულო არდადაგებზე მიმოიფანტნენ სალომეს თანაკლასელები.

ნიშნის ფურცელში ხუთიანები ჰყავდა მძივებივით ჩაწიკწიკებული ბებოს გოგოს. ენაცვალოს ბებო, ჩემ ჭკვიან გოგოს, ჩემ დახატულს, _ თვალებგაბრწყინებული

დაჰყურებდა ნიშნის ფურცელს სიდო ბებო.

_ ბებოო! _ თქვა დაწოლისას სალომემ და ისე შეხედა, როგორც ეს პატარაობისას იცოდა, როცა რაიმეს თხოვნა უნდოდა.

_  რა გინდა, ბებო გენაცვალოს!

_  ზღაპარს ხომ მომიყვები, ბებო, რამდენი ხანია აღარ მოგიყოლია.

_ უი, შენ შემოგევლოს შენი ბებო, რაღა დროს შენი ზღაპარია, სადაცაა უნდა გაგათხოვო.

_  კარგი ერთიი!  _  დაიმორცხვა სალომემ.

_  რა იყო, რას იმჯღლითები, დაგიწუნებს ვინმე თუ რა?

_ კარგი რა ბებო, კარგი რა! რა დროს ჩემი გათხოვებაა, ჯერ რვა კლასიც არ დამიმთავრებია.

_ მე ორი კლასიც არ დამიმთავრებია, მაგრამ ხომ გავთხოვდი, _ იცინოდა სიდო ბებო და სალომეს გულში იკრავდა, _ მე რო შენ შვილებს არ მოვესწრო, რანაირად უნდა ვცხონდე საიქიოში. ერთი შენი შვილი დამანახვა და მერე ისე მშვიდად დავიკრეფ გულზე ხელებს, სიკვდილსაც კი თვალებს დავუყენებ ჩემი სიმშვიდით. შენ დაოჯახებული არ დაგტოვო აქ, რა პირით ვესტუმრო შენ დედ-მამას, _ სიდო ბებომ ჩამოცრემლა.

სალომე მაგრად მიეკრა გულზე.

_ შენ მართლა კი არ იფიქრო გათხოვებაზე, ბებო, ჯერ გაიზარდე, დაქალდი, დამშვენდი, სწავლასა და ცხოვრებას დაუგდე ყური, მერე შენი ბედიც თვითონ მოგაკითხავს.

_ აი, გაგებუტე! _ სიდო ბებოსკენ ზურგშექცევით დაწვა სალომე და თან საბანი წაიხურა სახეზე.

_  რატო, ბებო?

_  იმიტომ რომ ზღაპარს არ მიყვები.

_  რო აღარაფერი მახსენდება.

_  როგორ არ გახსენდება, ეთერის ზღაპარი ხომ იცი?  _  თავი წამოსწია სალომემ.

სიდო ბებომ ლამპა ჩააქრო და შვილიშვილს მიუწვა გვერდით.

ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ.

მერე ბებომ ზღაპრის მოყოლა დაიწყო:

_  ეთერი ძროხებს აძოვებდა და ამ დროს გამოჩნდა უფლისწული…

სალომეს გულს ბაგა_ ბუგი გაჰქონდა.

ოთახს ანათებდა მთვარე.

ოცნების ზღვაში იძირებოდა ღამე.

მერე გათენდა.

სალომემ ძროხები გარეკა საბალახოდ.

პატარა გუდით საგზალი ეკიდა ზურგზე. რამდენიმე ახლო მეზობლის ძროხაც თან მიჰყავდა. დღეს მისი მორიგეობის ჯერი იყო სამწყემსურში.

მშვენიერი, ნათელი დილა იყო.

ძროხები საბალახოზე მიმოიფანტნენ, სალომე კი ერთ მაღალ გორზე წამოსკუპდა და გუდიდან ზღაპრების წიგნი ამოაძვრინა.

დიდხანს დაჰყურებდა წიგნს.

ოცნებით ქალაქზე ფიქრობდა, თბილის-ქალაქზე, სადაც ასეთ წიგნებს ბეჭდავდნენ, სადაც, ალბათ, ყველა ლამაზია, სახლებიც სხვანაირი აქვთ, კრამიტით და თუნუქით დახურული. მის სოფელში კი მიწის სახურავები აქვთ სახლებს. სიდო ბებომ თქვა, ქალაქში ერთი სახლიც კი არ არის მიწით დახურულიო. ბებოს თავის ყმაწვილობაში უნახავს ქალაქი, მას მერე რაღა იქნება…

ამაოდ ცდილობდა სალომე ქალაქის წარმოდგენას. მას ისევე ვერ წარმოედგინა როგორი იყო ქალაქი, როგორც ვერც ერთი ქალაქში მყოფთაგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ მთის ერთ სოფელში ასეთი მეოცნებე გოგო ცხოვრობდა. წარმოდგენით როგორ არ წარმოიდგენდნენ, მაგრამ ზუსტად სალომესნაირს ვერა, მათ ხომ არც კი ეცალათ ამისთვის. ქალაქი იმ დროს თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა. მხოლოდ იმ დღეებში, არდადაგები რომ დაიწყო, მთაწმინდის უბნელმა ბიჭებმა, სწავლის დამთავრების აღსანიშნავად, სიგარეტის კვამლით ჰაერის ბურთები გაბერეს, შიგნით თავისი მისამართები და ფოტოსურათები ჩადეს, ფუნიკულიორზე ავიდნენ და იქედან გაუშვეს ბურთები.

დაჰბერა ქარმა და ეს ბურთები იქა-აქა მიმოიტაცა ჰაერში, საქართველოს ოთხივე მხარეს.

საღამოთი დაავიწყდაც კიდეც მთაწმინდელ ბიჭებს ეს ამბავი.

ხოლო მეორე დილით, მთის წვერზე წამოსკუპებულ სალომეს, ის-ის იყო, ახალი ზღაპრის კითხვა უნდა დაეწყო, რომ უცებ თვალები გაუშტერდა: ჰაერში ბურთი მოფრინავდა.

სალომე ფეხზე წამოიჭრა.

მას მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ნანახი ჰაერის ბურთი. ის ბურთი სკოლის დირექტორის ბიჭმა, მეხუთეკლასელ ლადოს, პაპამისის ნაქონ თოფში გაუცვალა.

ლადო ერთი კვირა გლოვობდა იმ ბურთის გახეთქვას. სკოლის დირექტორის ბიჭი კი ვაჟკაცურად მოიქცა და უკან დაუბრუნა ლადოს პაპისეული ხირიმის თოფი.

ჰაერის ბურთმა ხეობა გადმოიარა და სადაც სალომე იდგა, ისიც იმ მთაზე ჩამოსკუპდა.

სალომე ფეხაკრეფით მივიდა მასთან.

ფრთხილად შეახო ხელი.

ჩაიმუხლა.

ახლა უკვე ორივე ხელი მოხვია და უცებ მისი ყურადღება შიგნით ჩადებულმა სურათმა მიიპყრო. ჰაერის ბურთიდან ბიჭი უღიმოდა. რაღაცა წერილიც იდო შიგნით.

სალომე დიდხანს ფიქრობდა, გაეხსნა თუ არა ბურთის ყელზე შემოხვეული ძაფი, მერე ცნობისწადილმა წასძლია და გახსნა ძაფი.

შიგნით ჩაგუბებული ჰაერი და კვამლი სახეზე შეეფრქვია. ჯერ სურათს უყურებდა დიდხანს, მერე წერილი ჩაიკითხა: “მე გურამი მქვია.

ვცხოვრობ თბილისში, მთაწმინდაზე. ორბელიანის ქუჩის «« ნომერში.

დღეს შვიდი კლასი დავამთავრე და მერვეში გადავედი. სამი ოთხიანი გამომყვა, დანარჩენი ხუთები. ოთხები რუსულში, გერმანულში და ალგებრაში დამიწერეს. ვოცნებობ მფრინავი გავხდე. მაინტერესებს როგორია ზემოდან საქართველო.

ძალიან გთხოვთ, ვინც ამ ბურთს ნახავთ შემატყობინეთ”.

სალომემ რამდენჯერმე ჩაიკითხა წერილი.

თითქმის დაიზეპირა კიდეც.

სადღა ახსოვდა ზღაპრების წიგნი,  ახლა თვითონ იყო ზღაპარში მოქცეული.

თვალებგაფართოებული მისჩერებოდა გურამის სურათს და ოცნებობდა.

პატარა იყო და თავისი სიპატარავით ვერც კი მიხვდა, რომ ხვთიურმა ანგელოზებმა მისი გულის კარი გამოუღეს იმ დღეს სიყვარულს.

შემდგომში ეს დღე იქნება სალომეს ცხოვრებაში ულამაზესი დღე და ვინ იცის, იქნება მისი დამღუპველიც.

საღამომდე იმდენი უყურა სურათს, რომ როცა დასაძინებლად დაწვა, თვალდახუჭულსაც გურამის სახე წარმოუდგა.

იმ დღის მერე გახდა ბებოს გოგო ნაღვლიანი.

დარდიანი.

თვალები უფრო მეოცნებე გაუხდა.

ღამით ბალიშის ქვეშ ჰქონდა ამოდებული სურათი და წერილი, დღისით კი საგანგებოდ გულთან დაკერებულ შიგნითა ჯიბეში ინახავდა.

რამდენჯერმე წერილის მიწერაც დააპირა გურამისათვის, მაგრამ ვერ გაბედა, ვერ დაიმორჩილა კალამი.

ოცნებით კი, იმდენს ოცნებობდა ბებოს გოგო, ქალაქში გათხოვილს ბებოც თან მიჰყავდა.

_ ეჰეჰეეე, როგორ შეცვლილია! _ უკვირდა ბებოს ქალაქის ნახვა, მაგრამ ეს სალომეც ოცნება იყო ჯერჯერობით.

დრო გადიოდა.

ბებო ბერდებოდა.

სალომე იზრდებოდა.

მშვენდებოდა.

დიდსა და პატარას თვალი რჩებოდა მასზე.

იმის თანაკლასელი მურმანი ხომ ჭკუაზე აღარ იყო სალომეს სიყვარულით.

სალომეს კი…

ისე უყვარდა…

ისე არ დაიძინებდა, თვალდახუჭულს გურამის სახე არ წარმოედგინა.

დრო კი გადიოდა.

სალომე რომ მერვე კლასში გადავიდა, ომი დაიწყო.

თუმცა ომს რა ხელი ჰქონდა სალომეს სიყვარულთან.

რვა კლასი რომ დაამთავრა, ისე დამშვენდა, სიდო ბებო ყოველ მის შეხედვაზე პირჯვარს იწერდა და ღმერთს აბარებდა სალომეს სილამაზეს.

ბებოს გოგო სიყვარულით იწვოდა.

ერთი მისი თანაკლასელი გოგო, ქალაქში წავიდა სასწავლებლად.

_  ლამაზია?  _  ჰკითხა სალომემ.

_  ძალიან.

_  შენ სადაც სცხოვრობ, იქ მთაწმინდა ახლოს არის?

_  მე სოლოლაკში ვცხოვრობ, მთაწმინდაც იქვეა.

_  მართლა?  _  ისე გაეხარდა სალომეს, მეგობარს ყელზე შემოეხვია.

ერთხელაც, ვეღარ გაუძლო გულმა სალომეს, ბებოს ერთი კვირით დაეთხოვა და ქალაქის სანახავად გაჰყვა თანაკლასელ გოგოს.

თბილისს რომ უახლოვდებოდნენ, ისე აჩქარებით დაუწყო გულმა ცემა, ისე ახმაურდა, სალომემ ხელის გული მიიდო მკერდზე მის გასაჩერებლად.

თვითონ ქალაქი ზღაპრულ ქვეყნად მოეჩვენა.

მარტო უფლისწული არსად ჩანდა.

სალომე კი მას დაეძებდა.

აი, ის ქუჩაც იპოვა.

აგერ ის სახლიც, ¹ ««.

რამდენჯერმე აუარ-ჩაუარა.

იმ დღეს ვერ გაბედა.

ღამით ძილი არ გაეკარა.

მეორე დღეს როგორც იქნა შეაღო ეზოს ჭიშკარი. იქვე პატარა გოგო_ ბიჭები თამაშობდნენ. უცხო რომ დაინახეს, ცნობისმოყვარეობით შემოეხვივნენ.

_  გურამი აქ ცხოვრობს?  _  ჰკითხა სალომემ.

_  ქეთო დეიდა! ქეთო დეიდა!  _  ყვირილი ატეხეს ბავშვებმა.

აივანზე ქალი გამოვიდა.

_ ქეთო დეიდა, აი ეს გოგო გურამს კითხულობს, _ ერთდროულად მიაყარეს ბავშვებმა.

ქალი ახლოს მივიდა.

_ რო ვერ გიცანი, შვილო, გურამის კლასელი ხომ არ ხარ? _ ხო. არა. _ დაიბნა სალომე, _ გურამის ნახვა მინდოდა. _ წამობრძანდი, შვილო, _ სახლში შეუძღვა ქალი.

ცნობისმოყვარე ბავშვები უკან აედევნენ.

სასტუმრო ოთახში გულის გამწყალებელი სიჩუმე მეფობდა.

სალომეს გულს ისევ ბაგა-ბუგი გაუდიოდა.

გურამის დედა გვერდით ოთახში შევიდა, სალომეს ეგონა, რომ გურამის დასაძახებლად გავიდა დედა იქ.

მოლოდინით დამფრთხალმა მოიხედა.

უცებ თვალები გაუშტერდა. კედელზე შავ ჩარჩოში ჩასმული გურამის სურათი ეკიდა.

სალომეს გული წაუვიდა და ხმაურით დაეცა იატაკზე.

გურამის დედა იმ წუთას შემოვარდა.

როცა სალომე გონზე მოვიდა, თავი გურამის დედის კალთაში ედო.

ქალი ტიროდა.

_ მამა და შვილი ერთად წავიდნენ ომში ერთი წლის წინ. ორი თვეც არ იყო გასული მათი წასვლიდან, რომ გურამის დაღუპვის დეპეშა მომივიდა, _ ტირილით შესჩიოდა სალომეს ქალი და ისეთი თვალებით დაჰყურებდა, თითქოს მისგან ელოდა შველას. იქნებ ელოდა კიდეც, რომ სასწაული მოხდებოდა და მის სახლში ღვთისაგან მოვლენილი გოგო ეტყოდა: მე გურამისგან შვილს ველოდები. დედის გულისას რას გაიგებ, დედის გულს ყოველთვის აქვს იმედი შემონახული, მაგრამ სასწაულიც იშვი-ათად ხდება და ვერც გურამის დედა გაახარა სალომემ ასეთი სასწაულით.

წამოვიდა.

გამოსცილდა ქალაქს.

დაბრუნდა სოფელში ფერწასული.

გულმოკლული.

გონგართმეული.

სოფელში კი ბებო კვდებოდა და სამუდამოდ უპირებდა წუთისოფელი სალომეს დაობლებას.

მიწას ამოეფარა სიდო ბებო.

დარჩა ბებოს გოგო სამზეოზე:

მტირალი, ობოლი და სიყვარულ _ გაძარცული.

უიღბლო.

უმწეო.

უნუგეშო.

მაგრამ ლამაზი _  როგორც იის ფოთოლზე გამომკრთალი დილის ცვარი.

და აკი იასაც აჭკნობს წუთისოფელი.

აკი დილის ცვარსაც აშრობს მზე.

ასევე ჩამოაჭკნო და გამოაშრო სალომეს ლამაზი ტანი წელთა სიმრავლემ.

ღმერთს თავი გურამის ქვრივად გამოუცხადა და თითქოს იმით იყარა ბედისწერის უსამართლობაზე ჯავრი, რომ თავისი სილამაზე დარდს შეაჭმევინა, სიმარტოვეს გამოახვრევინა და ძაძებში ჩაკლა _ თუმცა, იქნებ ბედისწერასაც ასევე ეწადა.

ძლივსღა დადის წელში მოხრილი, შემოდგომის ქარებით ხის კენწეროზე ეულად დარჩენილ მსხალსავით ჩამომჭკნარი, ერთ დროს რომ გაშლილ ვარდს ედრებოდა სილამაზით, სადაცაა წამოუბერავს საწუთროს ქარი, მაგრამ სოფლისთვისაც მაინც “ბებოს გოგოა”.

შეყვარებულ გოგო_ ბიჭებს ყოველთვის რაღაც უნათდებათ სულში მის დანახვაზე და იმედით ივსებიან, რომ მარადიული და ყოვლისშემძლეა სიყვარული.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button