ლიტერატურამოთხრობა

გოდერძი ჩოხელი ენძელა

გაზაფხულის მზის სხივმა თოვლიან “მზორეს” საკინძე ჩაუხსნა და შიგ ჩაუძვრა. გაღვიძებულმა მიწამ სიცოცხლე იგრძნო, ამოისუნთქა და ნეკნებს შორის აქა_ იქ კისკისით ჩაატარა ყინვისაგან მიძინებული თოვლის ნაკადულები, მზის სხივებზე რომ გამოიღვიძეს და ჩაიკისკისეს.

მიწამ თანდათან გადაიღეღა ჩამოხეული თოვლის საკინძე, გალხვა, ორთქლი ამოუშვა და მზის სხივებზე ახალი მოლი მოიქარგა. მერე ისე მძლავრად დაუწყო გულმა ბაგა_ ბუგი, რომ მის მკერდში მიძინებულ ენძელას ხმაურზე გამოეღვიძა. ნამძინარევს ჯერ გაუკვირდა, რა სიბნელეაო, თვალები მოიფშვნიტა და, სინათლე რომ ვერ იგრძნო, სწრაფად ამოყო ახალმოქარგულ მოლზე თავი. მზის დანახვაზე ჯერ დაიმორცხვა, მერე ხარბად რომ ჩაკოცნეს მზის სხივებმა, თანდათან გული მოეცა. ჯერ გაიღიმა, მერე კი ისე ყვითლად გადიღადღადა, რომ ვეღარ დაფარა მზისადმი სიყვარული, თანდათან ტანი აიყარა, მხრები შეარხია და მეზობელ ბალახებს გადაუჩურჩულა: _ მომილოცია, მეზობლები, გაზაფხულის მოსვლა!

_ ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ _ გადმოუჩურჩულეს ბალახებმა და გაინაბნენ, ისე გაეკრნენ მიწას, რომ ენძელამ გაკვირვებულმა მიმოიხედა.

_ რა ყელი მოგიღერებია, თავს ნუ იწონებ, თორემ დიდხანს არ შეგარჩენენ მაგ სილამაზეს, ხომ ხედავ, ჩვენი მტრები ჩვენსკენ მოდიან. ეგენი თუ დაეჩვივნენ, მორჩა, მერე ვეღარ დავესწრებით შემოდგომაზე ფერისცვალებას _ ეჩურჩულებოდა მწვანე ბალახი ენძელას.

ენძელას გაუკვირდა, რა მტერი, რომელი მტერიო და იმ მხარეს მიაყურა, ბალახმა რომ ანიშნა. ცხვრები მიდიოდნენ მათკენ და აჭრელებულ თოვლში ბალახს წიწკნიდნენ.

ერთი კი გაიკვირვა ენძელამ, რა უნდათ ამ ცხვრებს, რას ერჩიან ამ საწყალ ბალახსო, მაგრამ გაკვირვება აღარ დასცალდა, პატარა ბატკანმა ისე დააბიჯა ყვითელ ფოთლებზე უღონო ჩლიქი, რომ საბრალო ენძელას ასე ეგონა, ერთიანად დამემტვრაო ყველა სახსარი. კივილი უნდოდა, მაგრამ ისე შეეშინდა, რომ საცოდავად გაისუსა, ხედავდა, როგორ გლეჯდნენ ცხვრები კბილებით მის მეზობლებს, ესმოდა მათი კვნესა; დაინახა, როგორი გამეტებით მოწყვიტეს თეთრმა კბილებმა ის მწვანე ბალახი, წეღან ენძელას რომ უთხრა _ ყელს ნუ იღერებ, თორემ დიდხანს არ შეგარჩენენ მაგ სილამაზესო. მერე მასაც გადაავლო პატარა კრავმა თეთრი კბილები და დაენანა საბრალო ენძელას, მზე რომ ვეღარ დაინახა, იფიქრა, სამუდამოდ ვცილდებიო მის სითბოს, მაგრამ ბატკანი მხოლოდ გაეთამაშა, არც კი მოსვლია მისი შეჭმა აზრად და ენძელამ ისევ გაუცინა მზეს. ცხვრებმა კი გადაიარეს და დაჭრილ ბალახებს ჩლიქებით გამხვრიშებული თოვლი მიაფშვნეს.

გადარჩენილმა ბალახებმა თავები წამოსწიეს და მოწყვეტილ და_ ძმებს საბრალოდ გადახედეს. ენძელა იდგა და “ფერისცვალებაზე” ფიქრობდა. უკვირდა ცხვრების საქციელი. მერე თავის დედას, მიწას ჩაეკითხა, _ რატო მოგვეპყრნენო ასე შეუბრალებლად!

_ ბუნებამ ეგენი სხვის საჭმელად დაბადა, მე კი იმავე ბუნებისაგან ნაბრძანები მაქვს, თქვენ მაგათ საჭმელად დაგბადოთ და დაგზარდოთ, _ ეუბნებოდა მშობელი მიწა ენძელას და უკვირდა ყვავილს _ ნეტავ, რა ვალი მართებსო დედაჩვენს ბუნების. აბა სად ჰქონდა ენძელას იმდენი აზროვნების უნარი, რომ გაეგო, როგორ კვებავდა თავისივე მომავალს თავისი სხეულით. ყველაფერს დაწვრილებით ხომ არ მოუყვებოდა მშობელი მიწა, ესეო და ესეო _ მე შენ გზრდი, შენ ცხვრები გჭამენ, ცხვრებს ადამიანები ჭამენ, ადამიანებს მე ვჭამ და ყოველ გაზაფხულზე იმითი ვზრდი შენს შთამომავალ ენძელასო. ასე რომ ეთქვა, მაინც ვერაფერს გაიგებდა ენძელა. უთხრეს, ბუნებამ ასე დააწესაო და ენძელა თავისით მიხვდა, ალბათ, მზის სიყვარულიც ბუნებამ დამიწესაო. ამ აღმოჩენით გახარებულმა, ბალახებს ბრძენი კაცის სიდარბაისლით გადაულაპარაკა _ მორჩით კვნესას, ბუნებას არაფერი აწყე-ნინოთო.

მთებიდან წამოქროლილმა ნიავმა მზეს ღრუბლის ნაგლეჯები ჩამოაფარა და ენძელას ეგონა, ბუნებას მე და ბალახებმა ვაწყენინეთო. უცებ ისევ გაინაბნენ მისი მეზობლები და ენძელას ყური აღარ უთხოვებია მათი რატრატისთვის _ დაწექი, დაწექიო.

ხედავდა, როგორ იწმენდდა ვიღაც კაცი ბალახებზე ტალახიან ფეხებს, ხედავდა და იმის შიშით, ბუნებას კიდევ არაფერი ვაწყენინოო, მაინც ყელს იღერებდა.

კაცმა ტალახიანი ფეხები დაიწმინდა და წავიდა.

დაჰყურებდა ენძელა თავის ტალახიან კაბას და თავისთვის, გულში ბრაზობდა ბუნებაზე _ ყველაფერი ჰო, მაგრამ ეს რა ცუდი რაღაც დაუწესებია, მოვა კაცი, ტალახიან ფეხებს ჩვენზე დაიწმენდს და ვითომც არაფერი, ისე წავაო. მერე ისე

შერცხვა თავისი ტალახიანი კაბის, რომ სირცხვილით მზეს თვალი ვეღარ გაუსწორა, თავი ჩაღუნა და დედამიწას ცნობისმოყვარე თვალებით რაღაცა უთქმელს ჩაეკითხა.

მერე ბუნებას შეეცოდა საწყალი ენძელა, ქარი ააქროლა, მზეს ღრუბლები ჩამოაფარა, მოიღუშა და იმდენი იტირა, სანამ ტალახიანი კაბა არ გაურეცხა.

პირდაბანილი ენძელა იდგა და ფიქრობდა: _ რა უცნაური წესები ჰქონია ბუნებასო!

მზე ჩასვლას აპირებდა. დედამიწა გახსნილ საკინძეს იბნევდა. ენძელა კი იდგა და ელოდა ბუნების უცნაურობებს იმ მოლოდინით, რა მოლოდინიც დაჰყვებათ ხოლმე ბუნებისგანვე შექმნილთ.

ელოდა ენძელა და თან თავისთვის ფიქრობდა:

_ რა უცნაური იქნებოდა, რომ ყვავილებად მოვსულიყავით ყველა: ცხვრებიც, ადამიანებიც, მაშინ ხომ აღარავინ მოგვგლეჯდა, ტალახიან ფეხებს არც არავინ გაიწმენდდა ჩვენზე. ვიქნებოდით გაშლილ მდელოზე მოსულნი, ნიავის ქროლაზე ვიბიბინებდით და ვიჩურჩულებდით.

მერე ჩამოწოლილი ღამის შეეშინდა და თვალები დახუჭა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button