გამორჩეული ადამიანები

იპ მანი – ჩინური საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი

იპ მანი ჩინური საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი იყო. ითვლება, რომ ის არის პირველი ოსტატი, რომელმაც ვინგ ჩუნის სწავლება ფართო საზოგადოებაში გაიტანა. მას ჰყავდა ბევრი მოწაფე, რომლებიც შემდგომ ასევე ღირსეული ოსტატები გახდნენ. მათგან ყველაზე ცნობილი იყო ბრიუს ლი.

იპ მანი დაიბადა 1893 წლის 6 ნოემბერს ჩინეთში, გუანგდონგის პროვინციის ქალაქ ფოშანში. ვინგ ჩუნის შესწავლა 13 წლის ასაკში დაიწყო ოსტატ ჩან ვა-შუნთან. ამ დროს ჩანი 70 წლის იყო, ამიტომ იპ მანი მისი ბოლო შეგირდი აღმოჩნდა. ასაკის გამო ტექნიკური ილეთების შესწავლისთვის ოსტატი უფროს მოწაფეებს იყენებდა ხოლმე. დაახლოებით სამი წლის შემდეგ ოსტატი ჩანი გარდაიცვალა. მისი ბოლო სურვილი იყო, იპ მანისთვის საბრძოლო ხელოვნების შესწავლა მის მიმდევრებს ეთავათ.

15 წლის ასაკში იპი ნათესავის დახმარებით ჰონგ კონგში გადავიდა საცხოვრებლად. იქ სწავლა განაგრძო წმინდა სტეფანის სკოლაში, რომელიც ძირითადად შეძლებულ მოსახლეობაზე იყო გათვლილი. ერთხელ იპმა დაინახა, როგორ ურტყამდა პოლიციელი ქალს და დასახმარებლად გაეშურა. პოლიციელმა მისი მოგერიება სცადა, მაგრამ იპმა საბრძოლო ილეთების გამოყენებით მიწაზე დასცა და გაიქცა.

ეს ამბავი გახმაურდა და იპით ერთი უცნობი დაინტერესდა. მან შესთავაზა, გაეგრძელებინა ვარჯიში ვინგ ჩუნის სტილ ჩი საოში. თუმცა უთხრა, რომ მისი ტექნიკა დასახვეწი იყო. იპ მანი საპირისპიროს დამტკიცებას შეეცადა, მაგრამ ერთ-ერთ მოწაფესთან ორთაბრძოლაში რამდენიმე დარტყმაში დამარცხდა. ეს მოწაფე იყო ლუნგ ბიკი, რომელიც შემდეგ იპის მასწავლებელი გახდა ამ უკანასკნელის თხოვნით.

24 წლის ასაკში იპ მანი ფოშანში დაბრუნდა და პოლიციელი გახდა. პარალელურად ვინგ ჩუნს ასწავლიდა ნაცნობებს, მეგობრებსა და ნათესავებს. 1949 წელს, როცა ჩინეთში კომუნიზმმა იზეიმა, ოსტატი ისევ ჰონგ კონგში გადაბარგდა.

ცნობილია, რომ იპ მანს მიდრეკილება ჰქონდა ოპიუმისკენ, რისი მოპოვებაც მხოლოდ შავ ბაზარზე შეეძლო. ამას და ასევე ნათესავების დახმარებას სათანადო ფინანსები სჭირდებოდა, ამიტომაც მან საბრძოლო ხელოვნების შემსწავლელი სკოლა გახსნა. თუმცა ეს საქმე წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მოსწავლეები მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში რჩებოდნენ. მან რამდენჯერმე შეუცვალა სკოლას ადგილი. საბოლოოდ, მისმა რამდენიმე მოწაფემ ოსტატის დონეს მიაღწია. ორთაბრძოლებში რამდენიმე ძლიერი ოსტატი დაამარცხეს და იპს რეპუტაცია აუმაღლეს.

ბრიუს ლი იპ მანთან ვარჯიშისას

1954 წელს მისი მოწაფე გახდა 13 წლის ლი ჯუნ-ფანი, იგივე ბრიუს ლი. ის ერთი წლის მანძილზე ითვისებდა ვინგ ჩუნის ტექნიკას. იპ მანი ყოველთვის მოუწოდებდა თავის მიმდევრებს, თავი შეეკავებინათ ქუჩაში ჩხუბისგან. სასწავლო პროცესებში შედიოდა ვარჯიში ხის კაცზე და თავისუფალი სპარინგები. 1967 წელს იპმა მოსწავლეებთან ერთად დააარსა “ჰონგ კონგის ვინგ ჩუნის ასოციაცია”.

იპი გარდაიცვალა 1972 წლის 2 დეკემბერს ყელის კიბოსგან. მისი გარდაცვალების მომენტში ვინგ ჩუნის მიმდევართა რიცხვი საკმაოდ იყო გაზრდილი. მათ შორის იყო მისი ორი შვილი – იპ ჩინგი და იპ ჩანი.

2008 წელს გამოვიდა ფილმი “იპ მანი”, სადაც ოსტატის როლს ცნობილი ჩინელი მსახიობი დონი იენი თამაშობს.

წყარო:  ჩრდილოეთის ციალი

Source
ჩრდილოეთის ციალი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button