გამორჩეული ადამიანებიისტორიაუცნაური

ოვიცების ოჯახი და ნაცისტთა ექსპერიმენტები

მათგან, ვინც გარკვეული ფიზიკური მახასიათებლებით სხვებისგან გამოირჩეოდა და ამის გამო ფათერაკებისა და უსიამოვნებების გადალახვა უწევდა, ცოტაოდენს თუ ხვდა წილად ისეთი მძიმე ხვედრი, როგორიც ელიზაბეტ ოვიცსა და მის და-ძმას. ისინი სამედიცინო წამებისა და ექსპერიმენტების მსხვერპლი იყვნენ „სიკვდილის ანგელოზის” იოზეფ მენგელეს ხელში.

ს, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ევროპა სახიფათო ადგილი იყო ნაცისტების თარეშის გამო, ოვიცების ოჯახი ისევ აგრძელებდა საქმიანობას, ოღონდ ამჯერად თავიანთ ებრაულ წარმომავლობას მალავდნენ. იმავე წლის მაისში ელიზაბეტი გათხოვდა ერთ-ერთი თეატრის ახალგაზრდა მმართველზე, იოშკო მოსკოვიცზე. თუმცა ქორწინებიდან 10 დღის შემდეგ იოშკო იძულებით გაამწესეს მძიმე სამუშაოზე, რის გამოც წყვილს დაშორება მოუწია. ოვიცები კიდევ ორი წელი მოგზაურობდნენ და წარმოდგენებს მართავდნენ, თუმცა 1944 წლის მარტში გერმანელმა ჯარისკაცებმა დაიპყრეს უნგრეთი, სადაც ისინი იმყოფებოდნენ. 17 მაისს ოვიცები დააპატიმრეს და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში უკრეს თავი.

ელიზაბეტი იხსენებს იმ მომენტს, როცა პირველად ნახა იოზეფ მენგელე. ნაცისტი ექიმი შემაღლებულ ადგილზე იდგა და ახალ ტყვეებს ანაწილებდა ორ კატეგორიად: ვინც მაშინვე უნდა დახოცილიყო და ვინც საკონცენტრაციო ბანაკის ექსპერიმენტების ობიექტი გახდებოდა. ოვიცების ოჯახის დანახვისას მენგელეს თვალები გაუბრწყინდა: მას ნაწამები ჰყავდა, ექსპერიმენტები ჩაეტარებინა და ნაწილებად დაეჭრა ათობით ტყუპი და-ძმა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათი შინაგანი ორგანოების მსგავსებები და განსხვავებები დაედგინა, ხოლო ოვიცების ოჯახი ამ საკითხში კულმინაცია იქნებოდა. ლილიპუტების პოვნა გაცილებით რთული იყო, ვიდრე ტყუპი დედმამიშვილებისა. ელიზაბეტის მიხედვით, მენგელემ განაცხადა: „ახლა შემდეგი 20 წლისთვის სამუშაო მასალა მექნება. მეცნიერებას საინტერესო საკითხი მიეცემა განსახილველად.”

მენგელემ „გულმოწყალება” გამოიჩინა და ოვიცებს შედარებით ჰიგიენური გარემო და საარსებო პირობები შეუქმნა. ისინი ცხოვრობდნენ სუფთა გარემოში, ჰქონდათ სხვებზე უკეთესი კვება და საკუთარი საწოლი. მათ თავიანთი ტანისამოსიც კი დაუტოვეს და ექსპერიმენტის ტერიტორიაზე მათი მიყვანა სხვა, უფრო მაღალ პატიმრებს ევალებოდათ.

როგორც ბანაკის ყველა ტყვე, ოვიცებიც მრავალგვარი ექსპერიმენტის საცდელი თაგვების როლში აღმოჩნდნენ. მენგელეს თანაშემწეები მათ ძვლის ტვინს აცლიდნენ, აძრობდნენ კბილებსა და თმებს, რათა გენეტიკური დარღვევის მიზეზი აღმოეჩინათ. ყურებში ცივ და ცხელ წყალს ასხამდნენ, აბრმავებდნენ ქიმიური ხსნარებით. 18 თვის შინშონ ოვიცი ყველაზე ცუდ დღეში აღმოჩნდა, რადგან მას უფრო მაღალი მშობლები ჰყავდა და ამასთან, დროზე ადრე დაიბადა. მენგელემ შინშონს ყურებთან და თითებთან ვენები გადაუჭრა და სისხლი გამოწურა.

ელიზაბეტი წერდა: „ყველაზე საშინელი მაინც გინეკოლოგიური ექსპერიმენტები იყო. ისინი მაგიდაზე გვაბამდნენ და სისტემატურად გვაწამებდნენ. საშვილოსნოში სხვადასხვა საგნებს გვტენიდნენ, სისხლს გვადენდნენ, ხორცს გვისერავდნენ და ნიმუშებს იღებდნენ. შეუძლებელია, სიტყვებით გამოიხატოს ის გაუსაძლისი ტკივილი, რომლის გადატანაც გვიწევდა და ექსპერიმენტის დასრულებიდან რამდენიმე დღე კიდევ გრძელდებოდა.”

გინეკოლოგიური ექსპერიმენტები იმდენად სასტიკი იყო, რომ დამხმარე ექიმებსაც კი სიბრალული მოერიათ და საბოლოოდ უარი თქვეს მის გაგრძელებაზე, რადგან ნათლად ხედავდნენ, რომ ამ პროცედურებს ოვიცები დიდხანს ვეღარ გაუძლებდნენ. მენგელემ მოქმედება შეარბილა, რადგან თავისი „ლაბორატორიის ვირთხების” სიცოცხლის გარისკვა არ სურდა. მაგრამ სანაცვლოდ არანაკლებ სადისტური ექსპერიმენტები დაიწყო.

„ისინი ხერხემლიდან სითხეს გვიღებდნენ. თმების მოცილება ისევ განაგრძეს და როცა სიკვდილისთვის მზად ვიყავით, დაიწყო ახალი მტკივნეული ცდები თავზე, ცხვირზე, პირზე და ხელების მიდამოში. ყველა ნაბიჯს დაწვრილებით აღწერდნენ ილუსტრაციებით. აღსანიშნავია, რომ ჩვენ იმ მცირეოდენს შორის ვიყავით, ვისი წამებაც «მეცნიერულად» აღწერეს მომავალი თაობებისთვის.”

შემდგომ პერიოდში ოვიცებმა საკუთარი თვალით იხილეს, როგორ დახოცეს ნაცისტებმა ბანაკში მოყვანილი ორი ჯუჯა, შემდეგ კი მოხარშეს, რათა მათი ძვლები მუზეუმში გამოფენილიყო. თანაც ამ ყველაფერს ფირზეც იღებდნენ. თავად ოვიცებს კი მენგელე აშიშვლებდა და უფროსი ნაცისტების წინაშე წარადგენდა ხოლმე გენეტიკაზე ჩატარებული ლექციებისას. გარდა ამისა, ჰიტლერის საამებლად იღებდა ფილმს, სადაც შეშინებული ოვიცები გერმანულად მღეროდნენ. თუმცა ამ და ექსპერიმენტების ჩანაწერებს ომის შემდგომ ვერსად წააწყდნენ, შესაძლოა მენგელემ თან გაიყოლა გაქცევისას.

მთლიანობაში ოვიცების ოჯახი 7 თვის განმავლობაში იყო მენგელეს წამების ობიექტი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი გადარჩნენ და მოესწრნენ ოსვენციმის ბანაკიდან ტყვეების გათავისუფლებას 1945 წლის 27 იანვარს. მანამდე ორი დღით ადრე მენგელე ელიზაბეტთან მივიდა და შუშის თვალები მიაზომა, როგორც ჩანს, მისთვის მხედველობის ორგანოების ამოღება ჰქონდა განზრახული.

წითელმა არმიამ ნაცისტთა ტყვეები საბჭოთა კავშირში გადაიყვანა, სადაც გარკვეული პერიოდი ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი საბოლოოდ გათავისუფლდნენ. მათ 7 თვე ფეხით იარეს, სანამ მშობლიურ სოფელს მიაღწევდნენ, მოგვიანებით კი ბელგიაში გადასახლდნენ. 1949 წლის მაისში ისრაელს შეაფარეს თავი და ჰაიფაში დასახლდნენ, განაგრძეს წარმოდგენების გამართვა და საკმაო წარმატებასაც მიაღწიეს. 1955 წელს ეს საქმიანობა მიატოვეს და კინოთეატრი შეიძინეს.

ომის შემდგომ იოზეფ მენგელე ინკოგნიტოდ ცხოვრობდა გერმანიაში, შემდეგ კი სამხრეთ ამერიკაში გაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ მასზე ნადირობა იყო გამოცხადებული, როგორც ომის კრიმინალზე, მენგელე წარმატებით ახერხებდა დამალვას. ის არასდროს დაუჭერიათ და არც ჩადენილი დანაშაულებისთვის უგია პასუხი. გარდაიცვალა 1979 წლის 7 თებერვალს, 67 წლის ასაკში, ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში ცურვისას მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button