მოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე ნაბო(რომანი)

წინასიტყვაობა
მწერალი ვერ გახდები… შემოქმედად უნდა დაიბადო… ადამიანი ღმერთს შექმნის ნიჭით ემსგავსება… ეთვისება… ენათესავება… მეტიც, ღმერთი ხდება…
დავითი თავის ფსალმუნში ამბობს-,,მე ვარ ღმერთი”… დიახ, ადამიანური ბუნების დანიშნულებაა, იყოს პირველსახესავით სრულქმნილი… ეს კი გოლგოთაზე გადის… გოლგოთას ჯვარცმა მოყვება, უღმერთო წამება… ჯვარცმას კი, გარდაუვალი აღდგომა…
მწერლის ჯვარი კალამია… ჯერ შიგნით იწერება, იქმნება, იბადება, უნაპიროდ მოედინება… ზათქითა და გრგვინვით… მთიდან მოწყვეტილ ზვავს ჰგავს… არ ეპუები, იწვევ… იზიდავ… მოდის, დაუნდობლად მოდის… ხელგაშლილი ეგებები, მკერდს უშვერ… ამ ზვავის პირისპირ დგები და სიკვდილზე ზეიმობ… სიცოცხლეზეც… სულიდან სისხლი მოწვეთავს… სისხლი, რომელსაც რეზუსი არ გააჩნია… არც ფერი აქვს… ყველა ფერს ერთად მოიცავს… მასში ყველაფერია… ყველაზე მეტად სინამდვილე… მაშინ ხარ ზუსტი, როცა სინამდვილეს ემსახურები…
,,ნაბო”… ეს ამბავია, საინტერესო, გამაოგნებელი, დაუჯერებლობამდე მართალი ამბავი… ეს ხდება, ეს ჩვენი მოცემულობაა… ეს ჩვენშია… ჩვენ მასში…
კითხულობ და მოსვენება გეკარგება… ლოგიკაში ვერ ათავსებ… სამი ერთმანეთისგან განსხვავებული პიროვნების აღსარება შენც გჭირდება, შენთვისაც მნიშვნელოვანია… სულ მცირე იმისთვის, რომ საკუთარი თავი შეიცნო, მერე გამოსწორებაზე იფიქრო, მერე ყველაფერი თავიდან დაიწყო…
,,ნაბო”-ში განივთებული ჭიდილია ,,მეს”, ,,იგისა” და ,,ზე-მეს” შორის…
კანონიერი ქურდი, მოსამართლე და სასულიერო პირი მორიგეობით მიდიან ფსიქიატრთან, რომელსაც პაციენტებთან ფროიდისგან განსხვავებული მიდგომები გააჩნია…
ფსიქიატრი უსმენს სამივე მათგანს, მაგრამ ეს სამი ადამიანი მის პიროვნებაში ერთიანდება… მის სათქმელს, მის ბნელ ხვეულებში ჩახლართულ განცდებს სხვებისგან ისმენს… საინტერესოა, იმ სამს უფრო სჭირდება დახმარება, თუ ერთს, რომელშიც სამივე რაღაც დოზით არის მოქცეული…
არდაშელ თაქთირიძე თანამედროვე ავტორია, ყველაზე კლასიკური გაგებით…
კითხვის პროცესში ფროიდის გარდა დოსტოევსკი გამახსენდა, უმბერტო ეკოც…
მსოფლიო ლიტერატურაში არ არის უცხო, რელიგიური თემატიკის გამოყენება… ამ მხრივ გამოირჩევიან კათოლიკე და პროტესტანტი ავტორები…
განსაკუთრებით გამოვყოფდი დენი დიდროს ,,მონაზონი”, უმბერტო ეკოს ,,ვარდის სახელი”, ალექსანდრე პარადისის ,,ბალთაზარ კოსა”, ლეო ტაქსილის ,,წმინდა ბუნაგი”, ემილ ზოლას ,,აბე მურეს შეცოდება”…
მახსენდება ქართველი ავტორიც- გოდერძი ჩოხელის ,,მღვდლის ცოდვა”…
ამ კუთხით ,,ნაბო” სიახლეა… დაუნდობლად გაყენებს სიმართლის წინ… შეულამაზებლად გიყვება სათქმელს… დანარჩენი შენზეა დამოკიდებული, რას მიიღებ, რას მწერლის ფანტაზიას დააბრალებ…
ვკითხულობდი და ვფიქრობდი, უფრო სწორად ვხედავდი, ფანატიკოსი ფრთა როგორ ისვრის ქვებს ავტორისკენ, მაგრამ ავტორი არ შემეცოდა, რადგან ,,ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის, ეს განწირული სულისკვეთება”…
როცა გადაწყვეტ, რომ სინამდვილეს ემსახურო, მზადაც უნდა იყო ქვებისთვის, ტალახისთვის, ათასი სიბინძურისთვის…
აუცილებლად იტყვიან, რომ ავტორი ეკლესიის მტერია… არა… ავტორი აღმსარებელია, მაზიარებელია… ერის და ეკლესიის გულშემატკივარია…
მტერი ის არის, ვინც ქრისტეს სახელს ამოფარებული უამრავ სიბინძურეს დაატარებს ანაფორით…
დასაწყისში ვთქვი, რომ შემოქმედება ჯვარცმაა…
ჯვარცმა კი ამ ნაწარმოების ავტორს არ აცდება… რასაც ვულოცავ, რადგან ჯვარცმის გარეშე შეუძლებელია აღდგომა და ამაღლება!..
მამა პეტრე(კვარაცხელია)
თავი I
ჩემს კაბინეტში ვცემ ბოლთას, ასათიანის ქუჩაზე, მეორე სართულის ჩაბნელებულ ოთახში. აწრიალებული ვარ, ადგილზე ვერ ვისვენებ. ფანჯრიდან გავიხედე, გარეთ ნოემბრის ამინდია, სცრის. ყველაფერი წყვდიადში ჩაძირულა. მოპირდაპირე ბინების ფანჯრებიდანაც არ გამოდის შუქი. მხოლოდ ქუჩის თავში მბჟუტავი ეული ლამპიონის ქვეშ ლაბადებში გახვეული სამი კაცი კამათობს ცხარედ. ისინი ხომ არ არიან? მაგრამ ისინი რომ არასდროს ხვდებიან ერთმანეთს, თითქოს მოლაპარაკებულები არიანო?! ნეტავ რა დროა? ჯერ 8 არ იქნება, თორემ ჩემი თანაშემწე ლამარა შემოფრატუნდებოდა თეთრი ხალათით. მაგათ 8 საათის მერე იციან მოსვლა. ხან მამა გიორგი მოდის ხოლმე, ციხებერდას მონასტრის არქიმანდრიტი, გაბურძგნილი წვერით და ფართხუნა ანაფორით. ხან ბატონი გოგი მობრძანდება – განუსაზღვრელი ვადით არჩეული მოსამართლე – შავი მანტიით და თავზე თეთრი პარიკით. უფრო ხშირად კი, გიუშა შემომირბენს – უბნელი ქურდი. ნეტავ დღეს რომელი მოვა?
ვნერვიულობ, იგვიანებს. დღეს ერთ-ერთი თუ არ მოვიდა, მერე არცერთი არ მოვა. ამასწინათ ქნეს მასე, მთელი ოთხი თვით დაიკარგნენ, მაგრამ მერე ისევ გამოჩნდნენ.
მამა გიორგი, ბატონი გოგი და გიუშა, ჩემი პაციენტები არიან. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. მე მათ ვეხმარები მწვავე ფსიქიური აშლილობის დაძლევაში. ისინი კი, ჩემი სამეცნიერო ნაშრომის დასრულებაში მეხმარებიან. იცით, რატომ შევარჩიე ეს სამი, იმ უამრავ პაციენტთა შორის, რომელთაც ჩემს ხელში გაუვლიათ? იმიტომ რომ გიუშა “იგი”-ს განსახიერებაა, მასში უხვადაა ის პირველადი ენერგია, რომელსაც ვერც “მე” აოკებს, და მითუმეტეს, ვერც “ზე-მე”. ბატონ გოგის “მე”-დ მივიჩნევ, რადგან სწორედ საზოგადოებრივი კანონებია ის, რამაც “იგი”-ს უარყოფითი ენერგია უნდა აართვას. ხოლო მამა გიორგი ზედგამოჭრილი “ზე-მე”-ა, მაღალი ზნეობით და მორალით.
მე მკურნალობის ჩემი მეთოდი მაქვს. მართალია, ძირითად საკითხებში ჩემს დიდ მასწავლებელს – ზიგმუნდ ფროიდს ვემხრობი, მაგრამ ჩემი თეორია, ვფიქრობ, რომ უფრო სრულყოფილია. მე მას “კარადის დალაგებას” ვუწოდებ. წარმოიდგინე, რომ შენი ტვინი ტანსაცმლის კარადაა, სადაც ტანსაცმელი და თეთრეულია შეყრილი. ყოველი კარის გამოღებისას ყველაფერი თავზე გეყრება. შენ ცდილობ, რომ გადმოყრილი თეთრეული და ტანსაცმელი უკან შეაბრუნო, შეჩურთავ და კარს მიკეტავ, მაგრამ კარადა მაინც არეული რჩება და მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. რატომ მოდიან ცუდი აზრები და კარადას გირევენ? სცადე, რამდენიმე წამით გააჩერო ხელი, ან ფეხი, თუნდაც თავი. შეგიძლია, რადგან ის შენ გეკუთვნის და მისი მართვა ადვილია, მაგრამ, აბა, აზრი გააჩერე თუნდაც ერთი წამით. არ შეგიძლია, რადგან ის შენ არ გეკუთვნის, ის საიდანღაც მოდის, “კარადას” აგირევს, მასში დაბუდდება და შეიძლება ფსიქიური აშლილობა – შიზოფრენია გამოიწვიოს.
არეული კარადა რომ დაალაგო, ამისათვის შიგთავსი – ტანსაცმელი და თეთრეული უნდა გადმოყარო, გარეცხო, დააუთოვო და ლამაზად განალაგო თაროებზე. მე ამაში ვეხმარები ჩემს პაციენტებს.
აქამდე მათთან მხოლოდ მოთელვით სამუშაოს ვატარებდი. ვსაუბრობდით ზოგად თემებზე: ლიტერატურაზე, კინოზე, სპორტზე. დღეიდან უნდა გამოვცადო, რამდენად დავიმსახურე მათი ნდობა. უნდა ვალაპარაკო წარსულზე, ყველაფერი უნდა მომიყვნენ თავიანთი ცხოვრებიდან. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, დაახლოებით ისეთი, რასაც ეკლესია ანიჭებს აღსარებას. ახლავე აგიხსნით, რა მაქვს მხედველობაში: – ბავშვი დაბადებისას “იგი”-ს მდგომარეობაშია. “იგი” არის მთლიანად არაცნობიერი, ბნელი. მისთვის ლოგიკური აზროვნება უცხოა და არსებობს მხოლოდ აწმყო. აქვს სურვილები, რომელთა დაკმაყოფილებასაც მიელტვის. მისი მოქმედების პრინციპი არის სიამოვნების პრინციპი, რომელსაც თუ რეალობაში ვერ მიაღწევს, ახორციელებს ჰალუცინაციებს და რეფლექსურ განტვირთვას. რისი დაკმაყოფილებაც ვერ ხერხდება, გარკვეული სახით ილექება და ვითარდება კომპლექსები. “იგი”-ს მოქმედების პრინციპი რეალურობის პრინციპია. მისი მოთხოვნილება რომ დაკმაყოფილდეს, რეალობაში უნდა გავიდეს. ჰალუცინაციებით არ ხერხდება მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. რეალობაში გასვლიდან იწყება “მე”-ს ჩამოყალიბება.
“მე” არის “იგი”-ს განვითარების გარკვეული საფეხური. მან გარკვეულწილად უნდა დააკმაყოფილოს “იგი”-ს მოთხოვნილებები, თან ისე, რომ რეალობა უნდა გაითვალისწინოს. რეალობა უქმნის ბარიერებს. მექანიზმი, რითაც “მე” თავისი მოქმედების პრინციპს ახორციელებს, არის ფსიქიკური პროცესები. მათი საშუალებით ხდება სინამდვილესთან ურთიერთობის დამყარება.
ფროიდისათვის პირველადი ფსიქიკური არის “იგი”, მეორადი – “მე”. “მე”-მ უნდა მოატყუოს “იგი”, რომ დასტყუოს ენერგია. “იგი”-ს არ შეუძლია ერთმანეთისაგან გაარჩიოს აღქმის ხატი ჰალუცინაციის ხატისაგან. “იგი”-ს აღქმის ხატი მოქმედებაში მოყავს, რომელის აღქმაც ბოლომდე ობიექტური არ არის. “მე”-ს პარალელურად ყალიბდება “ზე-მე”. “ზე-მე” არის ის, რასაც ჩვენ მორალს ვუწოდებთ და ის მორალური პრინციპებით მოქმედებს. მისი მექანიზმი “მე”-ზე სინდისისა და სიამაყის გრძნობებით მანიპულირებს. მორალის ჩამოყალიბება მშობლებთან იდენტიფიკაციის გზით ხდება. “მე” ორი ბატონის მსახურია: “იგი”-ს და “ზე-მე”-სი. მას მესამე ბატონიც ჰყავს – რეალობა.
ჩემი მეთოდი სწორედ “იგი”-მდე ჩასვლა, მისი ენერგიის განსაზღვრა და დამორჩილებაა. მაგრამ როგორ ჩავიდეთ “იგი”-მდე, როგორ აღმოვფხვრათ ის კომპლექსები, რომლებიც ადრეულ ასაკში “იგი”-სა და “ზე-მე”-ს ურთიერთდაპირისპირების შედეგად ჩამოყალიბდა? სწორედ ამისთვისაა ცოდვების ამოლაგება, ქრისტიანობაში აღსარებას რომ უწოდებენ, ხოლო ფსიქოლოგიაში “კარადის დალაგებას”. ფროიდი ამისთვის კოკაინს იყენებდა. მისი ზემოქმედების ქვეშ ალაპარაკებდა შიზოფრენიით დაავადებულებს, მაგრამ შემდეგ, აზრების დაუთოვებას და უკან, კარადაში შელაგებას ლექციებით და შეგონებით ცდილობდა. თუმცა, ეს მეთოდი არ ამართლებდა და უმეტესწილად ავადმყოფები სუიციდით ასრულებდნენ სიცოცხლეს.
ჩემი მეთოდის საშუალებით ადამიანი კეთილშობილდება, მიმნდობი ხდება. ასეთი ადამიანი სრულყოფილია, ამაღლებულია, შემოქმედია. როგორ ვაღწევ ამას? პირველ რიგში უნდა გავანთავისუფლო პაციენტი დანაშაულის გრძნობისგან. უნდა ვალაპარაკო სიმართლე ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე, ოღონდ, არა ნარკოტიკული თრობის ფონზე, რაც “იგი”-ს პირველად, ავხორც სურვილებს კიდევ უფრო ამძაფრებს და ენერგიას მატებს, არამედ ხელოვნურად გამოწვეული ჰალუცინაციური ბოდვით, რისთვისაც ვიყენებ ჩემ გამოგონებულ ფსიქოტროპიულ საშუალებას – Amanita muscaria(ჯღავანა სოკო)-ს ნაყენს.
“ჯღავანა სოკოს” ნაყენს ავადმყოფის ტვინი გადაჰყავს “იგი”-ს ფაზაში, რადგან მოხსნილია ყველა შეზღუდვა, შემაკავებელი ფაქტორი, რომელიც მოდის “მე”-დან და ზე-მე”-დან. ავადმყოფს ეხსნება ფანტაზია, ხდის თავსახურს მოგონებების ყუთს და ამოთქვამს ყველაზე ღრმას და ბნელს, რაც კი ოდესმე ჩაგუბებულა მის გონებაში.
***
– მობრძანდი გიუშ, ჩემო მეგობარო, დაბრძანდი. ისე იგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლში.
– სახლი სადა მაქვს ექიმო? ჩემი სახლი ციხეა!
– აბა, დავიწყოთ სეანსი, მოყევი შენ შესახებ.
– რა უნდა მოვყვე?! მოვიპარავ, დამიჭერენ, გამოვალ, ისევ მოვიპარავ, ისევ დამიჭერენ!
– მაშინ, ის მოყევი, პირველად რომ დაგიჭირეს.
– მოიცა, გავიხსენო! ჰოდა, ბატონო პრაფესორო, პირველი “სროკი” რომ ავიკიდე, ბავშვი ვიყავი, მერვე კლასელი. მაშინ უკვე ვჯიბგირობდი, ქურდულს ვაწვებოდი. საბჭოს ქუჩაზე ბაღი რომ იყო, ხომ გახსოვს? საღამოს მე და “ოთარა” გადავედით, ბაღში ჩამოვსხედით, ოთარაშვილი იყო და “ოთარას” ვეძახდი. ისე, კურდღელი იყო, თავიდან სკოლაში იჩაგრებოდა, მაგრამ მერე მამამისს გაუგია და მე მთხოვა დახმარება. შევპირდი,
– ჩემი ძმა იქნება-მეთქი. ერთი-ორს რომ წამოვარტყი, მერე აღარ დაუჩაგრავთ. სულ კუდში დამდევდა, არ მშორდებოდა. ჰოდა, სად გავჩერდი? ჰო, ბაღში ვართ სკამზე ჩამომსხდრები და ჩვენი სკოლელი არ მოდის?!, სახელი არ მახსოვს, ბიჭები “ნაბოს” ეძახდნენ, ზარიძე იყო გვარად და “ნაბოზარიძე” “ლამაზად” ჟღერდა. გვერდით პატარა ბიჭი მოსდევს, “სემიჩკის” ჭამით მოდიან. ის პატარა ბიჭი ვიცანი – ვერხანის ქუჩაზე ცხოვრობდა, ჩინჩალაძე იყო გვარად, მგონი ზურა ერქვა. მამამისი სამშენებლო ტრესტის მმართველი იყო, კარგად ცხოვრობდნენ. ვხედავ, იმ ზურას ,“თაზა” ველვეტის “ვრანგლერი” აცვია, შინდისფერი, ერთი-ორი ზომით დიდი, ზუსტად საჩემო. შარვლის ტოტები აკეცილი აქვს. მაშინ დიდ ზომას ყიდულობდნენ, მალე რომ არ დაპატარავებოდათ და დიდხანს ეტარებინათ. “ოთარას” ვუთხარი
– “ნაბოს” დაუძახე, “სემიჩკა” მაჭამოს-მეთქი! მივიდა “ოთარა” და “ნაბოს” ეუბნება
– გიუშა გეძახისო!
– შენ გიუშას “შნირი” ხარო? – უპასუხა “ნაბომ” და გზა განაგრძო. “ოთარამ” ჩემთან მოირბინა
– არ მოდის და რა ვქნაო? დავუძახე
– “ნაბო”, მოიცა-მეთქი!
– რა გინდაო?, გაჩერდა. მივედი
– გამარჯობა “ნაბო”! – გადავკოცნე
– “სემიჩკა” თუ გაქვს, მაჭამე-მეთქი! – ჯიბიდან ამოიღო და მუჭში ჩამიყარა. ვხედავ, დაძაბულია. დავუწყე “დუშკა” საუბარი სკოლაზე, უბანზე, “ოთარა” გავაშაყირე, ცოტა მოეშვა. სკამზე ჩამოვსხედით. “ოთარა” და ზურა ფეხზე დგანან. ზურას შარვალს გადავწვდი
– რა მაგარი შარვალია, რა ფირმაა?
– “ვრანგლერი”!
– შეყვარებულთან უნდა ავიდე და არ მათხოვებ?
– კიო, – იმ სულელმა,
– ოღონდ დღესვე დამიბრუნე, უშარვლოდ რომ მივიდე, სახლში მცემენო! “ნაბომ” გადმომილაპარაკა
– მეხუთე კლასელი ბავშვია, ეგ არ გააკეთოო!
– მეხუთე კლასში რომ ვიყავი, უკვე ორი “სროკი” მქონდა მოხდილი-მეთქი! ვერაფერი თქვა. ის პატარა ბიჭი “პადიეზდში” შევიყვანე, ცხვარივით გამომყვა. გაიხადა შარვალი და ჩემი ჩაიცვა. რომ მივდიოდი მომაძახა
– დღესვე ხომ დამიბრუნებო?
– კი, აბა რას ვიზამ, მანდ დამელოდე, არსად წახვიდე-მეთქი! მერე ბიჭებმა მითხრეს: “ნაბო” ეუბნებოდა,
– წამოდი, აღარ მოვაო! ის საცოდავი არ მიჰყვებოდა
– მოვა, ხომ შემპირდაო?!
იცოდნენ, რომ ოჯახში თქმა “ჩაშვებას” ნიშნავდა. “ნაბოს” და იმ ბიჭს მაგარი მოუფიქრებიათ – ჩემი შარვალი სადღაც გადაუგდიათ, ზურას ფეხები განავალში ჩაუყვია და სახლში უშარვლოდ მისულა
– “უბორნიაში” ჩავვარდი, შარვალი აღარ გამოდგებოდა, გავიხადე და იქ დავტოვეო. – მისულან მშობლები იმ “უბორნიაში”, ურიეს ჯოხი, მაგრამ რას იპოვიდნენ?!
დავდივარ თბილისში “ჩაზმანული”, მასეთი ჯინსები არავის აქვს, ყველა მე შემომნატრის. 14 ნომერ ტროლეიბუსში ავედი საჯიბგიროდ. ხალხი ცოტა იყო, ერთი კაცი წამოდგა ჩასასვლელად. იმ კაცს ამოვუდექი, ჯიბეში წავუღე ხელი, მაგრამ ვიღაც ქალმა დაიკივლა და მეცა. ჩაბღუჯული ვყავარ, ხელს არ მიშვებს, – მილიცია, მილიციაო! – გაჰყვირის. ჯერ მეგონა, ჯიბეზე “დამწვეს”, მაგრამ მერე გავიგე, ტროლეიბუსში ზურას დეიდას უცვნია დისშვილის შარვალი და ამიტომ დაუწყია წიოკი. მოკლედ მილიციის განყოფილებაში მიმიყვანეს, “სუხოი ატკაზზე” გავედი,
– ჩემი შარვალია, მამაჩემმა მიყიდა-მეთქი! ზურა “დააკაჩავეს”, ბავშვი იყო, შეეშინდა და ყველაფერი თქვა, მაგრამ პირზე რომ დამაყენეს, თვალით ვანიშნე
– დედას გიტირებ-მეთქი! და “ატკაზზე” გავიდა. თუმცა, “ოთარა” რომ მოიყვანეს მილიციაში, კალამი ვერ გააგდებინეს ხელიდან, ყველაფერი დაწვრილებით დაწერა. არ დამიჭირეს, მაგრამ შარვალი ჩამომართვეს და მამაჩემს ხელწერილი დააწერინეს. სახლში რომ მივედით, დამიწყო ჭკუის დარიგება, დედაც შემაგინა და ვერ მოვუთმინე, გავარტყი. ახლა ალბათ არ გავარტყამდი, ვეტყოდი: – მამა ხარ, შენი ვალია!, მაგრამ მაშინ ბავშვი ვიყავი და დედის გინება ვერ ვაპატიე. არ ელოდა, დაიბნა. გამოვტრიალდი და სახლიდან გამოვიქეცი. ცოტა ხანს ძმაკაცთან ვიცხოვრე, თოიძის ქუჩაზე, თან “ოთარას” ვუთვალთვალებდი.
“ოთარა” შეშინებული იყო, გარეთ არ გამოდიოდა, მემალებოდა. რამდენ ხანს დაიმალებოდა?! ერთ საღამოს დავინახე, საბჭოს მოედანზე პურის მაღაზიიდან გამოვიდა. გოცირიძის ქუჩის კუთხეში ჩავუსაფრდი, რომ მომიახლოვდა დავაძრე ჩემი “ყამა” და ნაწლავები გადმოვაყრევინე. გადაარჩინეს, მაგრამ იმ დღის მერე კუჭში აღარ გასულა, რადგან სწორი ნაწლავი გარეთ გამოუტანეს და ქამარზე დაკიდებულ “გრელკაში” ჩააყოფინეს. მე დამიჭირეს.
რადგან არასრულწლოვანი ვიყავი, სასამართლომ სამი წელი მომისაჯა ბავშვთა შრომა-გასწორებით კოლონიაში მოხდით. ავჭალის კოლონიაში მიკრეს თავი.
“მალალეტკებში” ამბავია, ამასთან “ვზროსლების” ციხე სამოთხეა. აქ ყველა “შავს” აწვება და მიდის ერთმანეთის მოფუჭება.
საკანში რომ შევედი, ვხედავ კარგი ადგილები ყველა დაკავებულია, მარტო შესასვლელთან არის ერთი ადგილი თავისუფალი. ყველა მე მიყურებს, აინტერესებთ რას ვიზამ. საკნის ბოლოში ერთი ადგილი მომეწონა, ბიჭია ზედ წამოსკუპებული. ეგრევე მივხვდი, არიფი იყო და “ნაგლობით” გაჰქონდა თავი. მივედი და იმ ბიჭს ვეუბნები
– შენ, ძმაო, “კაი ბიჭებს” პატივს სცემ?
– კი, მერე რა გინდა?!
– რა მინდა და ჩამოდი, ადგილი დამითმე!
– უკანალზე მაკოცეო!
– ჩაიხადე, წაიკუზე და მერე ვნახოთ-მეთქი! – თან შარვლის უბის ღილების შეხსნა დავიწყე. მიხვდა, რასაც ვუპირებდი და “ზადნი” მისცა
– მერე იყოსო!
– რატომ არ იხდი? რომ თქვი, შეასრულე-მეთქი! – მივაწექი. მეტი გზა არ ჰქონდა, შარვალი არ ჩაუხდია, მაგრამ წაიკუზა და უკანალი მომიშვირა. მეც ეგ მინდოდა, ისეთი პანჩური ამოვარტყი, რომ თავი საწოლის კიდეს ჩამოსცხო და დარეტიანებული ძირს გაიშხლართა. წყნარად ავედი იმ საწოლზე და ჩამოვჯექი. იმ ბიჭს “აბაროტის” თავი აღარ ჰქონდა. ჩუმად წამოკრიფა თავისი ავლადიდება და შესასვლელთან გადაბარგდა.
ხუთ წუთში მთელი საკანი ჩემთან შეგროვდა. როგორც ქურდს, ისე მელაპარაკებოდნენ. მეორე დღეს ჩვენი უბნელი ქურდის – “მაუზერას” “ქსივა” შემოვიდა. ჩემზე წერდა “მომავალიაო”.
ჩვენთან, “მალალეტკებში”, ბიჭები პომიდორს არ ვჭამდით და “პრიმას” არ ვეწეოდით, რადგან მიგვაჩნდა, რომ რასაც წითელი ფერი ჰქონდა კომუნისტური იყო, მაგრამ რუსთავის ზონიდან ქურდებმა რომ შემოთვალეს
– პომიდორი და “პრიმა” თქვენ თუ არ გინდათ, აქეთ გამოგზავნეთო!, ნება ვიბოძეთ, “პრიმაც” გავაბოლეთ და პომიდორსაც ავადინეთ ბდღვირი.
საკანში ორი ბიჭი იჯდა, თითქმის ერთდროულად შემოსულები – გელა პარასატოვი და გოჩა ბაბახანოვი. ერთი მანქანის მაგნიტოფონის ქურდობაზე იჯდა, მეორე ყაჩაღობაზე. გელა პარასატოვი წყნარი ბიჭი იყო, სულ თავისთვის იჯდა, ხმას ვერ ამოაღებინებდი. ამიტომ არავის უყვარდა, ყველა ერიდებოდა. ერთხელ, გოჩა ბაბახანოვი მოვიდა და მეუბნება:
– მოდი გელა ვათამაშოთ, მამამისს ბევრი ფული აქვსო. მე, გოჩამ და “მატროსამ” ფული ჩამოვედით, სამასი მანეთი შეგროვდა. სიგარეტ “კოსმოსის” კოლოფს ცელოფანი სუფთად მოვხსენი, ღერები გადმოვყარე, ფული წვრილად დავახვიე, კოლოფში ჩავდე და თავისივე ცელოფანი შემოვახვიე. კაციშვილი ვერ მიხვდებოდა, რომ კოლოფი გახსნილი იყო. მივედი და გელას ვეუბნები:
– მოდი “ჯოკერი” ვითამაშოთ-მეთქი!
– არ მინდა თამაშიო!
– სამნი ვართ, მეოთხე კაცი გვაკლია, გაგვისწორე!
– მე ფულზე არ ვითამაშებო!
– არა, რა ფულზე, ერთ “პაჩკა” სიგარეტზე ვთამაშობთ. აი, ასეთზე! – “ტუმბოჩკიდან” ის კოლოფი ავიღე და უჯრაში ჩავდე.
– კარგი, ვითამაშოთო.
“პარებში” ვთამაშობთ. მე და გოჩა “პარაში” ვართ, გელას “პარა” “მატროსაა”, ხომ გაგიგია, “ვსესაიუზნი” ქურდი რომ არის, მაშინ ჩემთან ერთად იჯდა, ისიც ჩვენიანია. მოკლედ, სამი ერთზე ვთამაშობთ. ათი ხელი ვითამაშეთ, რა თქმა უნდა წააგეს. მე ვთქვი:
– “მატროსა” გოჩასთან იყოს “ატვეჩაი”, გელა ჩემთან-მეთქი!. გოჩამ “მატროსას” უთხრა:
– ამასწინათ რომ მომიგე, იმას “გირასხოდებო”! მე გელას მოვთხოვე:
– წაგებულს როდის მოიტან-მეთქი?
– ხვალვე მოგცემ ხუთ “პაჩკა” სიგარეტსო.
– აბა, ნახე, კოლოფში რა დევს?! – ვუთხარი გაღიმებულმა. თითქოს რაღაცას მიხვდა, “ტუმბოჩკას” ეცა, უჯრიდან “კოსმოსი” ამოიღო, გახსნა და გალურჯდა, კრინტი ვერ დაძრა.
– მანდ სამასი მანეთია, ხუთი ცალი ეგეთი კოლოფი გაქვს მოსატანი, ხვალ არ მინდა, დღეის სწორს ჩამაბარე-მეთქი!
დაიწყო გელამ მშობლების და ნაცნობ-მეგობრების შეწუხება, მაგრამ ფული ვერ იშოვა. მდიდარი რომ მეგონა, მერე გავიგე, მამამისი “საპოჟნიკი” ყოფილა, ოჯახში საჭმლის ფულიც კი არ ჰქონიათ.
მოკლედ, ვერ იშოვა გელამ ფული, დათქმულის წინა დღით მოვიდა და მთხოვა:
– ერთი კვირა კიდევ მაცალეო!
– არა, ხვალ მოიტან მეთქი! თვალი გამისწორა, კარგიო, მითხრა, თავი ჩაღუნა და გამშორდა. გამაჟრჟოლა, თვალებიდან თითქოს სიკვდილი მიყურებდა. ამ ამბის მერეც ხშირად დამინახავს სიკვდილი მსხვერპლის თვალებში და ყოველთვის ამხდენია. დილით ხმაურმა გამაღვიძა. ყველა გელა პარასატოვის საწოლთან იყო შეგროვილი. საწოლის ქვეშ სისხლის გუბე იდგა. გაფითრებულ სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, თითქოს ნიშნის მოგებით ამბობდა:
– ჩემს “ფუფლოს” ვერ მოესწრებითო!
ბატონო პრაფესორო, მე წავედი, უკვე გვიანია, ხვალ ან ზეგ ისევ მოვალ.
***
– ბატონ გოგის ვახლავარ! ხომ კარგად ბრძანდებით?
– კარგად ყოფნის რა მოგახსენოთ ექიმო, ტელევიზორს არ უყურებთ, მოსამართლეებს როგორ შემოგვიტიეს?
– ყველაფერი კარგად იქნება, აბა, დავიწყოთ სეანსი, მომიყევით თქვენი ბავშვობის ამბები!
– ბავშვობიდან გამომძიებლობა მიტაცებდა. დიდი “ლუპა” მქონდა, ნიკოლოზის დროინდელი, პაპაჩემის ნაქონი. იმით ვაკვირდებოდი ყველა წვრილმანს. მერვე კლასში “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი” რომ წავიკითხე, მას მერე სულ დავკარგე მოსვენება – ჩემ თავს გამომძიებლად მივიჩნევდი. ჩიბუხიც კი ვიყიდე. დიდი მწეველივით, სულ პირში მქონდა გაჩრილი და ჩემს ოთახში ბოლთას ვცემდი.
მერვე კლასში ვიყავი, პირველი “გამოძიება” რომ ჩავატარე. მეზობლის ბიჭი იყო – “ნაბოს” ეძახდნენ, სახელი არ მახსოვს, ზარიძე იყო გვარად. ჩვენს ეზოში ცხოვრობდა მესამე სართულზე. ისე, სახელს და გვარს ამართლებდა, დიდი ნაბოზარი ვინმე ბრძანდებოდა. მამამისი – ვალერიან ზარიძე – ძველი ჩეკისტი იყო, კგბ-ს გენერალი, ინაურის ძმაკაცი, მის მოადგილედ მუშაობდა. იმას უნდოდა, რომ შვილს იურიდიულზე ჩაებარებინა. საღამოობით დაისვამდა და კანონებს აზეპირებინებდა. დედამისი მორწმუნე ქალი იყო, ეკლესიაში დადიოდა. ბავშვობაში “ნაბოც” დაჰყავდა წმ. ნიკოლოზის ეკლესია რომ არის, ყოფილი ოქტომბრის რაიონის რაიკომის შენობასთან. ერთი ხანობა სტიქაროსანიც იყო და მოძღვარს ეხმარებოდა მღვდელმსახურებისას, ლოცვებიც დაიზეპირა, მაგრამ მალე მობეზრდა და ქუჩაში გაიჭრა. ისე, სკოლაში საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. დღესაც მიკვირს, როგორ ათავსებდა ერთმანეთთან სწავლას და ქუჩას?!
ჩვენს ქუჩაზე, ორი ნომრის იქით, ებრაელები ცხოვრობდნენ, მიხელაშვილები. ქალი ცნობილი გადამყიდველი იყო, სარა. “ნაბოს” მამას ბევრი ფული ჰქონდა, ერთადერთი შვილისთვის არ ენანებოდა და ამიტომ “ნაბოს” მუდამ ბოლო მოდაზე ეცვა. სარას უმცროსი ბიჭი, ბესო, აგებინებდა, დედამისს თუ რამე ახალი შემოუვიდოდა, “ნაბო” მამამისს დაეღრიჯებოდა, ფულს გამოართმევდა და მიდიი, უბნელ ბიჭებს თვალებს გვაჭყეტინებდა. მშურდა “ნაბოსი”, მეც მინდოდა კარგი ჩაცმა, მაგრამ ის უფრო მინდოდა, რომ მას სცმოდა ჩემზე ცუდად. მიხელაშვილები რომ არ ყოფილიყვნენ, “ნაბო” ვერ იყიდდა ტანსაცმელს, ამიტომ შევიძულე “ნაბოც” და ისინიც.
ჰოდა, ერთ დღეს “ნაბო” გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნდა. შესძრა მამამისმა ქვეყანა, მეც დამკითხეს. აღდგომის წინა კვირა იყო, ებრაელების დღესასწაული, პასექს რომ ეძახიან. მაშინ ვიგრძენი, რომ დადგა ჩემი დრო. მივედი მამამისთან და ვუთხარი:
– გუშინ შენი ბიჭი ვნახე, მიხელაშვილებთან შევიდა, მაგრამ იქიდან გამოსული აღარ მინახავს-მეთქი. გადაირია “ნაბოს” მამა,
– ნამდვილად ჩემი ბიჭი მოკლეს და იმისი სისხლი გაურიეს მაცაშიო! – ღრიალებდა. იარაღით მიეჭრა მიხელაშვილებს, პისტოლეტის ტარი ურტყა კეფაში ოჯახის უფროსს. ძლივს გამოსტაცეს ხელიდან. მილიცია მოვიდა, სახლი გაჩხრიკეს, ვერაფერი იპოვეს, მარტო სამზარეულოს მაგიდაზე ნახეს სისხლის წვეთი. სარა იფიცებოდა:
– ჩემი სისხლია, ხახვს რომ ვჭრიდი, ხელი მაშინ გავიჭერიო, მაგრამ ვინ დაუჯერა?! ბესოს მამა მილიციამ წაიყვანა. ეტყობა აწამეს, რადგან აღიარა:
– ყელი გამოვჭერი დაგენაცვლე, სისხლი მაცაში გავურიე, გვამი დავანაწილე, ტომარაში გამოვკარი, ღამით გავიტანე და “ვორონცოვის” ხიდიდან მტკვარში გადავაგდეო. ღამით, საკანში, არ ვიცი, თვითონ მოახერხა თუ სხვები “დაეხმარნენ”, დილით ბესოს მამა გათბობის მილზე ნახეს თავისივე “მაიკაზე” ჩამოკონწიალებული. სარას ინფარქტმა დაარტყა და სიცოცხლის ბოლომდე ლოგინიდან არ ამდგარა.
მესამე დღეს, საღსალამათი “ნაბო” ბიძამისმა ჩამოიყვანა კაზრეთიდან. ის შობელძაღლი, მამამისს დაუტუქსავს, სწყენია და ბიძამისთან გაქცეულა ისე, რომ სახლში არაფერი უთქვამს. მიხელაშვილების ოჯახზე კი ვიძიე შური, მაგრამ “ნაბომ” სხვა “ბარიგა” იშოვა და იმისგან ყიდულობდა ტანსაცმელს.
შემდეგ, კიდევ რამდენჯერმე მომიხდა შეხვედრა “ნაბოსთან”. თუმცა, ამას შემდეგ მოსვლაზე მოგიყვებით.
***
– დამლოცე მამაო!
– ღმერთისგან დალოცვილი იყავი, ექიმო!
– როგორ ხარ მამაო, ხომ კარგად?
– ვერ ვარ კარგად, ხედავ, ბიტკოინის ფასი როგორ დაეცა?!
– ბიტკოინი შენთან რა კავშირშია?
– შარშანწინ, ერთი ბიტკოინის ფასი 17.000 დოლარი რომ იყო, მაშინ ჩამოვატანინე “ვიდეოკარტები” ჩინეთიდან, “ბლოკ პიტანიები” თბილისში მიშოვეს, ავაწყე ორი “მაინერი” და ჩემთან დავდგი კელიაში. მაშინ კაი ფულს ჭრიდა, “ზეკებს” გამოვიმუშავებდი. ერთი “ზეკი” 420 დოლარი ღირდა. კაი, ძლიერი “ვიდეოკარტები” მქონდა, დღეში ნახევარ “ზეკს” გამოიმუშავებდნენ. ახლა რაღაა, 38 დოლარია, მაგრამ იმუშაოს, ჩემი რა მიდის, მაინც უფასოდ აქვს ეკლესიას ელექტროენერგია.
– მოდი, მამაო, დავიწყოთ სეანსი. აბა, მომიყევი, როგორ მიხვედი ეკლესიაში?
– დედაჩემი მორწმუნე ქალი იყო. იმ გაქანებული კომუნისტების დროს, ბინაში სალოცავი კუთხე გვქონდა მოწყობილი. უამრავი ხატი ესვენა იმ კუთხეში. დედაჩემი პატარაობიდან მასწავლიდა ლოცვებს, ეკლესიაში დავყავდი. მართალია, ამაზე მამაჩემი ბრაზობდა, რადგან კომპარტიის წევრი იყო, მაგრამ დედაჩემი თავისას მაინც არ იშლიდა.
17 წლის ვიყავი, სასულიერო სემინარიაში რომ ჩავირიცხე. წმინდა ნიკოლოზის ეკესია ხომ იცი, სანაპიროზე. დედაჩემი მაგ ეკლესიის მოძღვრის, მამა ზენონის მრევლში იყო და უკვე მოლაპარაკებოდა ჩემი მიღების თაობაზე. თავიდან თან სემინარიაში ვსწავლობდი, თან სტიქაროსანი ვიყავი. ეკლესიაში შაბათ-კვირას და ლექციების მერე დავდიოდი. საღამოს სახლში მივდიოდი, მაგრამ ყოველი საღამო ჩემი და მამაჩემის ჩხუბით მთავრდებოდა. ამიტომ ავიღე გუდა-ნაბადი და ეკლესიაში გადავედი საცხოვრებლად. ეკლესიის ეზოს ერთსართულიანი სახლები ესაზღვრებოდა, სადაც მამა ზენონმა ბინა მიქირავა და იქ ვცხოვრობდი. მრევლმა იცოდა, რომ მოძღვარი უმადობას არ უჩიოდა და ხან რას მოიტანდნენ და ხან რას. ზოგს თავისი გამომცხვარი ტორტიც კი მოჰქონდა. მოკლედ, საჭმელ-სასმელი თავზე საყრელი იყო, ჭამე რაც გინდა და რამდენიც გინდა.
მამა ზენონს ვეხვეწებოდი ბერად აღკვეცაზე კურთხევას, მაგრამ უარზე იყო
– ჯერ მზად არ ხარ, სემინარია დაამთავრეო! ისე, პატიოსანი კაცი იყო, მკაცრად ეკლესიურდ ცხოვრობდა. რაც მასთან ვიყავი, ერთხელაც არ დაურღვევია ეკლესიის წესები. მაგრამ ხომ გაგიგია, წმინდა ბერი წმინდად წარწყდაო, მაგასაც ეგრე მოუვიდა.
დედაჩემი მეხვეწებოდა უმაღლესში სწავლის გაგრძელებას, მაგრამ უარი ვთქვი. რა გეგმაც მე მქონდა, იმას სემინარიის ატესტატიც ჰყოფნიდა. მამა ზენონმა, სემინარიის დამთავრების შემდეგ, მორჩილად გამამწესა.
ეკლესიაში ერთი ბიჭი მოვიდა სტიქაროსნად – “ნაბოს” ეძახდნენ, მამა ზენონს ეხმარებოდა ლიტურგიის დროს. დავმეგობრდით, “მოსაწევს” რომ იშოვიდა, ჩემთან რჩებოდა ხოლმე კელიაში. ერთად ვეწეოდით. იმ შობელძაღლს მუდამ “ბომბა პლანი” ჰქონდა. ერთხელ, ზამთარი იყო, თოვდა. მაგარი “დაბოლილები” ვიყავით. სახლში შეშის ღუმელი კი იდგა, მაგრამ ეტყობა საკვამლე მილი გაიჭედა, ძილის წინ რომ ავანთე, მთელი ბინა გაიკვამლა. გასანიავებლად ფანჯრები გავაღე, კვამლი გაიფანტა, მაგრამ ბინა გაიყინა. ამიტომ მე და “ნაბო” ერთ ლოგინში ჩავწექით. მანამდე არავისთან ვწოლილვარ და აღვეგზნე, შეიძლება “პლანის” ბრალიც იყო, ფეხები უკნიდან შემოვაჭდე. ეტყობა, ისიც აღგზნებული იყო, რომ დამყვა, წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამის შემდეგ ხშირად რჩებოდა “ნაბო” ჩემთან. თავიდან მის მიმართ თითქოს რაღაც გრძნობა გამიჩნდა, მაგრამ მერე შემძულდა, მარტო მაშინ ვტოვებდი, თუ “მოსაწევი” ჰქონდა. ალბათ მასაც მოვბეზრდი, რომ მალე ეკლესიიდან გაიქცა.
მორჩილობის სამი წლის თავზე მამა ზენონის ძალისხმევით ბერად მაკურთხეს და იეროდიაკონის ხარისხი მომანიჭეს. აქედან დაიწყო ჩემი ბერული ცხოვრება თავისი ავ-კარგით. დრო გადიოდა, მამა ზენონი დაბერდა, გაძაღლდა, ბევრს ავადმყოფობდა, ძლივს ატარებდა წირვას, მაგრამ მეც არ მიშვებდა, წირვა რომ ჩამეტარებინა, არცა კვდებოდა?! ჩემზე ეჭვიანობა დაიწყო,, “ჩემი ადგილი უნდაო”, ყოველ კვირას აღსარებას მაბარებინებდა, ისეთ კითხვებს მისვამდა, რომ ვხვდებოდი, ჩემი გამოტეხვა უნდოდა. მაგის ჩიტი ვიყავი, სიმართლე მეთქვა?! დროის ფუჭად კარგვა ჩემს გეგმაში არ შედიოდა, კიდევ ბევრი რამ უნდა მომესწრო ცხოვრებაში.
ერთხელ ნათლობაში დაგვიძახეს. მამა ზენონი ავად იყო და ამიტომ მე წავყევი. ნათლობამდე ფასზე მოვურიგდი, 100 ლარზე შევთანხმდით. ეს რომ მამა ზენონმა გაიგო, გადაირია,
– ახლავე მიდი და უკან დაუბრუნეო! – ძლივს დავაწყნარე,
– ამაღამ გვიანია, ხვალ დავუბრუნებ-მეთქი. ღამით, მის საძინებელში შევძვერი და მძინარეს ცხვირ-პირზე ბალიში დავაფარე. ცოტა ხანს იფართხალა და დამშვიდდა. დილით სასწრაფო გამოვიძახე. მოძღვარს გულის მწვავე უკმარისობის შედეგად სიკვდილი დაუდგინეს. აი, ხედავ, თვითონ გაიჩალიჩა. მე მღვდელმონაზვნად მაკურთხეს, მაგრამ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში არ დამტოვეს და აბასთუმნის ახლადაშენებულ ეკლესიაში გადამიყვანეს.
***
არის, გაჭრა! ნახეთ, როგორ ალაპარაკდნენ წარსულზე? როგორ დეტალურად ახსოვთ ყველაფერი, მაგრამ ერთი რამ მაფიქრებს: სამივე ჩუღურეთელია, ჩემი უბნელი. დავიჯერო, არ იცნობენ ერთმანეთს? ერთმანეთს რომ არ ხვდებიან?! იქნებ, სამივე ერთი კაცია და მე მაპამპულავებენ?! მაგრამ რანაირად, ისინი ხომ ჩემი არჩეულები არიან? ერთ უბანში ცხოვრობდნენ, სახელი ერთი აქვთ, ასაკითაც, თითქოს თანატოლები არიან. თვალის ფერი და კეხიანი ცხვირიც ერთნაირი აქვთ, მაგრამ პროფესიაq აქვთ ისეთი განსხვავებული, რომ ერთი კაცი ასე ვერ ითამაშებს სამის როლს. ეს “ნაბო” ვინღაა, სამივე რომ იხსენებს? გვარად ზარიძეა, ჩემი მოგვარე, მაგრამ მე გია ზარიძე ვარ და მასეთს არავის ვიცნობ. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, ჩემი პაციენტები არიან და მორჩა, უნდა ვუმკურნალო!
ნაწარმოები ხუთი თავისგან შედგება. ეს იყო პირველი თავი. გაგრძელების ლინკი პოსტის ბოლოშია.
II თავზე გადასვლა:

თავი II
– ვა, გიუშ, მოხვედი? აბა, გავაგრძელოთ, ციხეზე ყვებოდი!
– სრულწლოვანი რომ გავხდი, “ვზროსლებში” გადამიყვანეს და ბოლო ერთი წელი რუსთავის კოლონიაში გავატარე. იქ ქურდი მამუკა ამირეჯიბი იჯდა, წესრიგი იყო და ყველამ თავისი ადგილი იცოდა. მანამდე ქურდი არ ჰყოლიათ, არეულობა ყოფილა და ზონა “გაწითლებულა”, მაგრამ მამუკა რომ შევიდა ყველაფერი დაალაგა.
ციხიდან რომ გამოვედი უკვე ჩამოყალიბებული “პრესტუპნიკი” ვიყავი, არჩეული მქონდა ჩემი გზა. უბნელი ბიჭებისგან “სასტავი” შევკარი. ძირითადად ბინებს ვტეხავდით. ფული თუ შემოგვაკლდებოდა, “ცეხავიკებს” ჩამოვუვლიდით და ფულს ვაწერავდით. ცხვრებივით იხდიდნენ. ერთმა თავისი “ჟიგულიც” კი “მაჩუქა”. ცოტა ხანში “სტავკა” გავზარდე, თითქმის გავაორმაგე, მაინც გადაიხადეს.
ერთ დღეს, დეკემბრის დასაწყისი იყო. ბიჭებმა “ძელეცებს” ჩამოვუარეთ, ფული ავკრიფეთ, ჩემი მანქანით წავედით და ბორჯომში ძმაკაცს – მახოს ჩავაკითხეთ, “კოზა” ჰქონდა “კლიჩკა”, რუსთავში ერთად ვიჯექით, ახალი გამოსული იყო. “გორლაზე” იყო, მთელი ბორჯომი ხელში ეჭირა. გაიხარა “კოზამ”, ჯიგარი ბიჭია, ტაშისკარში დაგვპატიჟა “ტრიაპში”. ავედით ჩემი მანქანით. ისე, მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, არაფრის მეშინოდა, ყველაფერი ფეხებზე მეკიდა. “ბარდაჩოკში” “ნაგანი” მეგდო და “ბაგაჟნიკში” “აბრეზკა” “კარაბინი”. რესტორანი დაკეტილი დაგვხვდა. “კოზამ” დირექტორთან კაცი გაგზავნა და რესტორანი გააღებინა, მაგრამ საჭმელი დაძველებოდათ. გაბრაზებულებმა ვიტრინის შუშა ჩავუმტვრიეთ და წამოვედით. სოფელ რველში რომ შევედით, ხიდის თავთან “კოზამ” მანქანა გამაჩერებინა
– აქ კარგი სასადილოა, თბილისიდანაც ჩამოდიან ხაშის საჭმელადო. ტრასიდან აღმართში ორღობეს ავუყევით. ორღობის პირას ღელე ჩამოდიოდა და ძველი წყლის წისქვილი იდგა. წისქვილს გავცდი და მანქანა სასადილოსთან მივაყენე. “ბარდაჩოკიდან” “ნაგანი” ამოვიღე და, ყოველი შემთხვევისთვის, უკან, ქამარში გავირჭე. ზამთრის სუსხი იდგა, ციოდა, ქარიც უბერავდა. სწრაფად შევედით სასადილოში, მესიამოვნა სითბო. სასადილო ცარიელი იყო. მხოლოდ ორნი მისხდომოდნენ კუთხეში მაგიდას. ჭაღარას დიდი და ხორკლიანი წითელი ცხვირი მთელ სახეს უფარავდა. მეორე ახალგაზრდა იყო, ასე, 20-21 წლის. დავაკვირდი და ჩემი უბნელი “ნაბო” არ ვიცანი?! საჩვენებელი თითით მოვუხმე, – “მოდი-მეთქი!”. ზანტად წამოიწია და ჩემკენ წამოვიდა. ოთხი წელი არ მენახა, გადავეხვიე. არ ელოდა ჩემგან ასეთ შეხვედრას, გაუხარდა.
– ეგ წითელცხვირა ვინ არის? – ჭაღარა კაცზე ვანიშნე.
– აზერბაიჯანელია, დიდი ფულის პატრონია, ავალიშვილების ორსართულიანი “ბაითი” უნდა შევასაღო.
– მერე, “ბაითი” შენია, რომ შეასაღო?
– არა, რა ჩემი, “ტუფტა” საბუთებით უნდა შევტენო. თუ გინდა, ძმაო, დამეხმარე, წილში გაგიყვანო.
– წილი არ მინდა, თუ დაგჭირდი, ისე დაგეხმარები-მეთქი. “ნაბო” ისევ თავის მსხვერპლს ჩამოუჯდა, ჩვენ შეკვეთა მივეცით და საჭმელს დაველოდეთ. “კოზამ” რველელი ბიჭი გაგზავნა ღვინის მოსატანად. დაღლილი ვიყავი და ჩამთვლიმა. უცბად ყვირილმა გამაღვიძა. სასადილოს გამგე ნასვამი მოსულა და “ბუფეტჩიკ” ბიჭს აგინებდა
– შენი დედა, რამდენჯერ უნდა გითხრა, ამ აფერისტს არ მოემსახუროო! “ნაბო” აბუზული იდგა. აზერბაიჯანელი ჩამჯდარა თავის “ვოლგაში” და წასულა. შემეცოდა “ნაბო”, გამგესთან მივედი და ვკითხე
– ამ კაცთან რა პრეტენზია გაქვს-მეთქი?
– შენ ვინ გკითხავს, შე ლაწირაკოო?! მოკლედ, ის გამგე იცემა. წასვლისას მოგვაძახა
– მანდ იყავით, არსად წახვიდეთო! მაგის მეზობლად ორმოცი ყოფილა, მისულა და მჩაგრავენო, ორმოციდან წამოყვანილი ნასვამი ხალხი დაგვაყენა თავზე, ოცი სული იქნებოდნენ, სასადილოს დარბაზში შემოცვივდნენ. ქამრიდან “ნაგანი” დავაძრე და “ნაბოს” გადავუგდე. მე გარეთ გავვარდი, ამოვიღე “ბაგაჟნიკიდან” “კარაბინი” და გავისროლე. იმ დალოცვილს ზარბაზნის ხმა ჰქონდა. “ნაბომ” სასადილოში გაისროლა. მოკლედ, ავტეხეთ სროლა. ჰაერში ვისროდით შესაშინებლად. შეშინებული ხალხი სასადილოდან გამოცვივდა და ზევით გაიქცნენ. ამ დროს ტრასიდან “სირენის” ხმა გაისმა, მილიციის მანქანებს ტრასა ჰქონდათ გადაკეტილი. “ნაბომ” “ნაგანი” წისქვილის ეზოში მოისროლა და სადღაც გაძვრა, თვალი ვერ შევასწარი. მე “კარაბინით” ხელში ტრასისკენ დავეშვი, მილიციის კორდონი გავარღვიე და ხიდზე ვაპირებდი გადასვლას, უკან ორი მილიციელი მომდევდა. ხიდის თავში ვიღაც კაცი იდგა, ის გადამიდგა და ჩემი გაჩერება სცადა, მაგრამ ისეთი ჩავცხე “კარაბინის” კონდახი ფერდში, რომ ხელი გამიშვა. ხიდის შუამდე რომ გავედი, მოვტრიალდი. ვხედავ, მილიციელები მეწევიან. ვინც გამაჩერა, ის კაცი ტკივილისგან მოკეცილია.
– მე აღარაფერი მეშველება, მაგრამ შენც გაგიყოლებ-მეთქი! ის კაცი ამოვიღე მიზანში და “კუროკს” გამოვკარი, მაგრამ “ასეჩკა” მისცა. ვინც მომდევდნენ ის მილიციელები შეტრიალდნენ და გაიქცნენ. ამით ვისარგებლე, გადავედი ხიდზე და თოფი ვიღაც ვარდგინეთელ ბიჭს მივაწოდე
– სადმე გადამალე-მეთქი! თვითონ ჩავედი მტკვრის პირზე და წყალ-წყალ დავუყევი ახალდაბის მიმართულებით.
მილიციას ის რველელი ბიჭი დაუკავებია ბოცით ხელში, “კოზამ” რომ გაგზავნა ღვინის მოსატანად. ჩაუტენიათ მანქანაში და ბორჯომის მილიციის განყოფილებაში აუყვანიათ. “კოზა” მისულა მილიციაში იმ ბიჭის გამოსაშვებად, მილიციის უფროსთან შესულა. იმას უთქვამს
– თუ სასადილოს გამგე ნოდარა არ ჩივის, გამოვუშვებო. წამოსულა “კოზა” ნოდარას მოსაძებნად, მასთან სახლშიც მისულა, მაგრამ ვერ უპოვია. ცოტა ხანში წივილ-კივილი გაუგია. ძმას უპოვია ნოდარა ღელეში ჩავარდნილი, იღლიიდან გულში ჰქონია გასული “ნაგანის” ტყვია. მე ნოდარას სიკვდილის ამბავი არ ვიცი, ყინულს ვამტვრევ და ისე მივრბივარ წყალში ახალდაბისკენ. უცებ მატარებლის ხმა მომესმა. ავირბინე ლიანდაგებთან, მოსახვევში დაველოდე, სადაც მატარებალი სვლას ანელებს, შევახტი და ჩავედი ხაშურის სადგურში. იქ ცოტა ხანს სადგურის უკან დავიმალე. მალე ბათუმი-თბილისის მატარებელი ჩამოდგა. ავედი, ჯიბეში ცოტა ფული მედო, 10 მანეთი “პრავადნიკს” ვაჩუქე და თავის კუპეში შემიშვა. ტანსაცმელი გავიხადე, ვაგონის “ფეჩზე” გავაშრე და ამასობაში თბილისში ჩამოვედი. გავაცნობიერე, რომ “დამწვარი” ვიყავი. ბიჭებს რომ არაფერი ეთქვათ, მანქანით გაიგებდნენ ჩემს ვინაობას, ამიტომ სახლში ვერ მივიდოდი, ძმაკაცთან მივედი. იქიდან დავურეკე “კოზას”.
– სასადილოს გამგე მკვდარია, – “ნაგანის” ტყვია აქვს გულში გასული. წისქვილთან იპოვეს ღელეში ჩამხობილიო!
– “ნაბო”, შენი დედა ვატირე, ეს რა მიყავი-მეთქი! იმ საღამოს, ტელევიზიით, ჩემზე “ვსესაიუზნი როზისკი” გამოაცხადეს, შეიარაღებულია და ძალზე საშიშია, თუ ნახავთ, ადგილზე ლიკვიდაცია გაუკეთეთო, აფრთხილებდნენ მილიციას. კაცი მე არ მომიკლავს, რა უნდა მიყონ-მეთქი, ავდექი და მეორე დღეს ჩემი ფეხით მივედი მილიციაში.
ჩემი სასამართლო პროცესი ბორჯომში ტარდებოდა, რამდენჯერმე გადაიდო. ჩამსვამდნენ “ვარონკაში” და დამარბენინებდნენ თბილისი-ბორჯომის გზაზე. თავიდან სახაზინო ადვოკატი დამინიშნეს, მაგრამ შემდეგ მამაჩემმა იშოვა კარგი ადვოკატი და ის მიცავდა სასამართლოზე. მოსამართლე ბორჯომელი კაცი იყო, ვინმე კაპანაძე. მაგის ცოლს, დოდოს, კარგად ვიცნობდი, ჩემზე გაცილებით უფროსი იყო. ზაფხულობით, ბორჯომში რომ ვისვენებდით, მამაჩემი სოფელ ვარდგინეთში მაგათგან ქირაობდა ბინას. მამაჩემი მისულა დოდოსთან და დახმარება უთხოვია. დოდომ კარგი ადვოკატი მიასწავლა, თან შეპირდა
– ნუ გეშინია, მკვლელობის იარაღი საქმეში არ დევს, დიდი-დიდი 4 წელი მისცენ მილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვისო.
სასამართლოზე პროკურორმა ოთხი მუხლი მომიყენა – მკვლელობა; მკვლელობის მცდელობა; მილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა; გამოძალვა; და დახვრეტა მოითხოვა. დარწმუნებული ვიყავი, რომ “კარაბინს” ვერ იპოვნიდნენ. იმ ვარდგინეთელ ბიჭს, პეტრე ერქვა, საიმედოდ უნდა ჰქონოდა გადამალული. გამოძალვის მუხლს რატომ, რა მიზეზით მიყენებდნენ, ვერ ვხვდებოდი, და დიდი იმედი მქონდა, რომ გავმართლდებოდი, რადგან “ცეხავიკები” არ იჩივლებდნენ, “დაკრიშვაში” თავისი ნებით იხდიდნენ ფულს. აი, “ნაგანის” გამოჩენისა კი ძალიან მეშინოდა, რადგან დავინახე, რომ “ნაბომ” წისქვილის ეზოში მოისროლა. ისე, არც დაკითხვაზე და არც სასამართლოზე “ნაბო” არავის უხსენებია, მე “მაწვებოდნენ” მკვლელობაზე. ეტყობა, მამამისმა ჩააწყო, არ გაუჭირდებოდა, ძველი ჩეკისტი იყო, ინაურის მოადგილე. “ნაბოზე” მეც არაფერი მითქვამს, აბა, ხომ არ “ჩავუშვებდი”?
მკვლელობის მუხლი მომიხსნეს, რადგან მკვლელობის იარაღი ვერ იპოვეს. მერე გავიგე, წისქვილის ეზოში “ნაბოს” გადაგდებული “ნაგანი” მეწისქვილის ბიჭს უპოვია და წისქვილის უკან დაუმარხავს. შვებით ამოვისუნთქე, ველოდებოდი, გირაოთი გამანთავისუფლებდნენ, ადვოკატიც სიამოვნებით ხელებს იფშვნეტდა, მაგრამ უცბად საქმეში ჩემი “კარაბინი” არ გამოჩნდა?! იმ ვარდგინეთელ პეტრეს ბიძამისთან წამოსცდენია, ბიძამისმა მამამისს უთხრა, მამა და ბიძა პეტრეს შედგნენ
– შე ვირიშვილო, იმ გიუშამ რომ დაგადოს ხელი, “კარაბინი” პეტრეს გადავეცი, მერე რას შვრები, მკვლელობაში თანამონაწილეობა რომ “შეგეტენებაო”?! მოკლედ იმ პეტრეს თავისი ფეხით აატანინეს “კარაბინი” მილიციაში და ჩვენებაც დააწერინეს,
– ხიდზე გადმოირბინა და იარაღი მე მომაჩეჩაო.
მოკლედ, მილიციელის მკვლელობის მცდელობის მუხლს მიყენებენ. იმ ორმა მილიციელმა ხიდზე რომ მომდევდნენ, განაცხადეს
– თოფი მოგვიშვირა, ჩახმახს გამოჰკრა, მაგრამ არ გავარდაო. ჩემმა ადვოკატმა ჰკითხა იმ მილიციელებს
– მილიციელის ფორმაში იყავით? გაქცეულმა თუ იცოდა, რომ მილიციელები მისდევდითო?
– აბა რა ვიცით, იცოდა თუ არა, ჩვენ “გრაჟდანკები” გვეცვაო! სანამ “კარაბინს” მილიციაში აიტანდა, პეტრეს მოუფიქრებია – თოფიდან გაუსროლელი ტყვია ამოუღია და იარაღის ლულა გაუწმენდია. ადვოკატმა განაცხადა
– თოფში ტყვია თუ არ იდო, რა მკვლელობის მცდელობაზე გაქვთ ლაპარაკიო?! მოკლედ, მილიციელის მკვლელობის მცდელობის მუხლი გადაკვალიფიცირდა შემდეგნაირად – “ცეცხლსასროლი იარაღით დაშინების მცდელობა”, რაც მაქსიმუმ, 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
აი, ყაჩაღობა კი, რომ მეგონა ვერ დამიმტკიცებდნენ, ბოლომდე “შემტენეს”. მოწმედ სტიოპა მოიყვანეს, მეზობლის ქვისლი. იმან დამადო ხელი
– სამსახურში მომადგა, იარაღის ტარი თავში მირტყა და ხუთი ათასი მანეთი გამომძალაო! არადა, საქმე ასე იყო: რამდენიმე თვით ადრე სტიოპა იყო უბანში მოსული, მეზობლის, მერუჟანას ქვისლი. ფულიანი იყო, “პურკომბინატში” მუშაობდა მომმარაგებლად. მანამდე ვიცნობდი – მაგის დირექტორთან ფულზე რომ ავდიოდი ხოლმე, იქ მხვდებოდა კაბინეტში. სახლში რომ მივედი, ვხედავ, ის და ჩემი მეზობლები – მურმანა და “წარბა” ეზოში “სეკას” თამაშობენ. მეც შევუერთდი. “წარბამ” კარტი ჩააწყო, სტიოპას სამი “კაროლი” მოუვიდა, მე სამი “ტუზი”. ბოლომდე გამომყვა ის წუწკი მამაძაღლი, 5000 მანეთი წააგო. დიდი ფული იყო, ახალ “ჟიგულს” ყიდულობდი.
– ერთ კვირაში მოვიტანო! – შემპირდა. გავიდა თვე და არ გამოჩენილა. სამსახურში მივაკითხე, დამემალა, ვერ ვიპოვნე. სადღაც, კიდევ თვე გავიდა. ჩემი მანქანა დავამტვრიე და პროფილაქტიკაში მყავდა დატოვებული. მეზობელს, “კლუბნიკას” ვთხოვე ნავთლუღში, “პურკომბინატში” მიყვანა. სტიოპა ეზოში იდგა ბირჟაზე, ბიჭებთან საუბრობდა. დავუძახე, მოვიდა
– ვა, გიუშ, რა გაგჭირვებიაო? მოფარებულში გავიყვანე, პირი გავაღებინე, “ნაგანის” ლულა პირში ჩავუდე და
– კბილები მოუჭირე-მეთქი! – ვუბრძანე. კბილები რომ მოუჭირა, გამოვკარი და ზედა ორი კბილი “მუშკას” გამოვატანინე. დაიწყო ჩიფჩიფი
– არ მომკლა, ფული მერუჟანას გამოვატანე, რა, არ მოგიტანა? ახლავე წავიდეთ, აქ დამელოდე, ზემოთ ავალ, დირექტორს გავენთავისუფლები და ჩამოვალო. “დამაგოიმა”, დავუჯერე. რა თქმა უნდა, არ ჩამოვიდა. დირექტორთან დავაპირე ასვლა. კიბეზე რომ ავდიოდი, გოგო შემხვდა, ქვემოთ ჩამოდიოდა.
– შენ არ მიცნობ, მე შენი დის კლასელი ვარ, დროზე წადი აქედან, მილიცია გამოიძახაო. მაინც ავედი და დირექტორთან შევედი
– სტიოპას ვეძებ, თუ დამიმალავთ, დედა გეტირებათ-მეთქი!
– სტიოპამ ჩემი კაბინეტიდან მილიცია გამოიძახა და თვითონ სახანძრო კიბით ჩავიდაო. რა უნდა მექნა, წამოვედი. ახლა, მაგ ახვარმა ჩვენება მისცა,
– იარაღის ძალით 5000 მანეთი გამომძალაო! მე ჩემსას ვაწვებოდი:
– საერთოდ არ ვყოფილვარ “პურკომბინატში”-მეთქი. ბრალდების მხარემ მოწმედ “კლუბნიკა” გამოიძახა.
– “პურკომბინატში” ჩემი მანქანით მივიყვანე, სტიოპა მოფარებულში გაიყვანა, რაზე ილაპარაკეს, არ ვიცი. “ნაგანის” რა მოგახსენოთ, ლითონის პრიალა ნივთი კი ეჭირა ხელშიო. მოკლედ, გამოძალვა დამიმტკიცეს. პროკურორმა 13 წელი მოითხოვა, მოსამართლემ 11 წელი მომისაჯა. სასამართლოს დარბაზშივე შევპირდი სტიოპას
– გამოვალ და დედას გიტირებ-მეთქი!
***

  • მობრძანდით ბატონო გოგი, დაბრძანდით. დავიწყოთ სეანსი, აბა, გააგრძელეთ რა გინდათ რომ მომიყვეთ?
    • მაშინ ბათუმში ვმუშაობდი, ნარკომანიასთან ბრძოლის დეპარტამენტის ბათუმის განყოფილებაში. სარფში ვუსაფრდებოდით ნარკოდილერებს. იმ პერიოდში საქართველო ნარკოტიკის სატრანზიტო დერეფანი გახდა, ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. მითუმეტეს, იმ ხელფასად, რასაც გვიხდიდნენ, არ ღირდა თავის შეკვლა. ძირითადად ნარკოტიკის პარტიები ტრაილერებით შემოჰქონდათ. მიდი და ეძებე იმხელა ტრაილერში ერთი შეკვრა “წამალი”. ტრაილერში ნარკოტიკს თუ ვიპოვნიდით, მძღოლს 3000 ლარად დანიშნულების ადგილამდე გაცილებას ვთავაზობდით, სიამოვნებით გვთანხმდებოდნენ. მაგრამ სკანერები რომ შემოიტანეს, ხელფასი გაგვიზარდეს, ერთი-ორი თანამშრომელი ქრთამზე დაიჭირეს და “მატროსოვზე” გაუშვეს, ჩვენც გაგვიჩნდა სამუშაო.
      ნარკოდილერებმა რომ ნახეს, ტრაილერებს სკანერზე ვატარებდით, სხვა მეთოდი მოიფიქრეს – ტრაილერებით საზღვრამდე მოჰქონდათ ნარკოტიკი, იქ მცირე პარტიებად ანაწილებდნენ და სხვადასხვა საშუალებით გადმოჰქონდათ საზღვარზე.
      ერთი პერიოდი კუჭით დაიწყეს ნარკოტიკების შემოტანა. ნარკოტიკს პრეზერვატივში ათავსებდნენ, ზედ კიდევ რამდენიმე პრეზერვატივს გადააცმევდნენ, თავს მოუკრავდნენ და ყლაპავდნენ. ჩვენი აგენტები თურქეთიდან გვაწვდიდნენ ინფორმაციას, გარეგნულად აღგვიწერდნენ, ვის შემოჰქონდა ნარკოტიკი. იმ პიროვნებას დავაკავებდით და ყოველგვარი ძალადობის გარეშე ცალკე ოთახში ვსვამდით გამომძიებელთან. გამომძიებელი უსვამდა ერთსა და იმავე კითხვებს ერთი საათი, ორი საათი, სამი საათი. ეჭვმიტანილი იწყებდა ნერვიულობას, რადგან ოთხი საათის შემდეგ კუჭის წვენი რეზინს დაშლიდა და ნარკოტიკის მომაკვდინებელი დოზა სისხლში გადავიდოდა. თვითონ გვთხოვდნენ კუჭის ამორეცხვას. ვისაც ოთხი საათის გასვლის შემდეგ არაფერი მოსდიოდა, ე.ი. ინფორმაცია მცდარი იყო და ვუშვებდით. თუმცა, მერე გავიგეთ, რომ ნაწილს სწორი ნაწლავით შემოჰქონდა ნარკოტიკი. რაღაც საშუალებით, რომელიც აქ არ ითქმება, სწორ ნაწლავში ღრმად შეჰყავდათ ნარკოტიკის პაკეტი, ისე რომ კუდუსუნს ამოფარებოდა და რენტგენში არ გამოჩენილიყო. ასეთებს ვაშიშვლებდით, კუჭის ამშლელს ვასმევდით და წავკუზავდით. ცოტა ხანში გამოვარდნილი პაკეტი კედელს წნევით ეხეთქებოდა.
      ერთხელ თურქეთიდან შავი “აუდი A6” შემოვიდა. მძღოლი ახალგაზრდა ბიჭი იყო, გამხდარი, ეგრევე ეტყობოდა, რომ კარგი სულის პატრონი არ იყო, ისე აცეცებდა თვალებს. მანქანას რომ ვუმოწმებდი, წინ, “ტორპედოსთან” მიახლოვებისას, შევატყვე ანერვიულდა. მოვხსენი “ტორპედო” და იქიდან 140 ამპულა “მორფინი” ამოვიღე.
    • ფსიქიატრიულში მიმაქვს სამეცნიერო დანიშნულებითო. – მითხრა მძღოლმა. მეცნიერის გვარი ვკითხე. არ იცოდა,
    • დიდი კაციაო – მიპასუხა. ხეირის სუნი ვიგრძენი, რაღაცამ მითხრა, გავყოლოდი. თბილისამე ჩამოვყევი და ასათიანზე მივედით ფსიქიატრიულში. იქ მძღოლი პირდაპირ მთავრი ექიმის კაბინეტში შევიდა და “წამალი” მთავარ ექიმს საწერ მაგიდაზე დაუდო. იმან, ხელი რომ მოკიდა და უჯრაში ჩაუძახა, მაშინ შევედი. შეშინებული შემომაცქერდა. შევხედე და მაშინვე ვიცანი – “ნაბო” იყო ზარიძე, ჩემი უბნელი. იმანაც მიცნო.
    • ვა, “ნაბო”, აქ რას აკეთებ-მეთქი?
    • ფსიქიატრიულის მთავარი ექიმი ვარო.
    • ბიჭო, დღე და ღამე ქუჩაში იყავი, ფსიქიატრობა როდი მოასწარი?
    • სამედიცინოზე ჩავაბარე და ფსიქიატრია ავირჩიე. ახლა სადოქტოროზე ვმუშაობ, ნარკოტიკით ავადმყოფებს ვმკურნალობ, რაც კანონით აკრძალულია, ამიტომ “მორფინის” შემოტანა მჭირდებაო.
    • იცოდე, ჩემთან ვალში ხარ, რომ არ გიჭერ-მეთქი! და წამოვედი. მერე მართლა დამჭირდა “ნაბოს” დახმარება, მაგრამ ამას შემდეგ მოსვლაზე მოგიყვებით.
      ***
  • მობრძანდი მამაო, აბა, რა ხდებოდა აბასთუმნის ელესიაში რომ გადაგიყვანეს?
  • დაბა აბასთუმანი ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლეზეა გაშენებული. ამიტომ აქაური ზამთარი მკაცრი და უხვთოვლიანია, ახლა არ ვიცი, მგონი გზა გააკეთეს, მაგრამ მაშინ, მთელი ექვსი თვის მანძილზე დაბა მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. ეკლესია, რომელშიც მღვდლად გამამწესეს, ახალი აშენებული იყო და მშენებელი მუშების საცხოვრებელი ვაგონი ისევ ეკლესიის ეზოში იდგა. ამ ვაგონში დავდგი შეშის ღუმელი და დავიწყე ბერული ცხოვრება. აბასთუმანი, როგორც უკვე მოგახსენეთ, მაღალმთიანი დაბაა და ამიტომ იქ მარტო კარტოფილი მოდის. მოსახლეობა ძირითადად მეცხოველეობას მისდევს. ეკლესიას მრევლი არ ჰყავდა და ამიტომ შემონაწირი არ შემოდიოდა. მამა ზენონის შემწვარ-მოხრაკულებზე ნაჩვევს გამიჭირდა, ლუკმაპური სანატრელი გამიხდა. მეზობელი მიდიოდა მანქანით ახალციხეში. იმას გავყევი. ახალციხეში მეუფესთან მივედი და ჩემი გასაჭირი მოვუყევი.
    • ითხოვე და მოგეცემაო! – დამარიგა მეუფემ. აბასთუმანში რომ ჩავედი, ვითხოვე და რა ვითხოვე, ეკლესიის სახელითა და მეუფის კურთხევით, კვირაში ერთხელ იასაულივით ჩამოვუვლიდი მოსახლეობას და ღალას ვკრეფდი. საჭმელ-სასმელი კი ვიშოვე, მაგრამ ეს რას კმაროდა, მაგისთვის დავთანხმდი ბერის მძიმე ცხოვრებას?! მე ფული მინდოდა, დიდი ფული, ამ ტანჯვის საკომპენსაციოდ.
      შემოდგომის პირი იყო, ერთი მოხუცი ქალი რომ შემოფრატუნდა ეკლესიაში
  • ვარო ბებო ვარო, მაზიარეო, მთხოვა. მართალია, ბერებს გვეკრძალება ქალისგან აღსარების მოსმენა, მაგრამ მოხუცი იყო და აღსარება ჩავიბარე.
    • მოხუცი ვარ, სულ გამოვყრუვდიო. ქმარი შარშან დავასაფლავე, შვილი არ დამრჩა, ძმისშვილი გავზარდე, იმანაც ქალაქელი გოგო მოიყვანა ცოლად და თბილისში ცხოვრობენ, მარტო ზაფხულობით მაკითხავენო. სოფლის შემოსასვლელში ვცხოვრობ ორსართულიან სახლში, ჩემზეა გაფორმებული, რა ჯანდაბად მინდა ამხელა სახლი, ზაფხულში ჩემი ძმისშვილი რომ ჩამოვა, იმას უნდა დავუმტკიცოო.
      მეორე დღეს სახლში მივადექი ვარო ბებოს. გაიხარა მოხუცმა, ხელები დამიკოცნა, სახლში შემიპატიჟა. ვხედავ, მშვენიერი ორსართულიანი ბლოკის სახლია კოხტა ეზოთი და სახლის უკან ბაღით, ძალიან მომეწონა. მთელი ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე ვაკითხავდი სახლში, გვიანობამდე ვრჩებოდი მასთან. ჩაის ვსვამდით და ვსაუბრობდით. ერთ საღამოს საუბარში შემოგვაღამდა და გზაში ძაღლებს რომ არ დავეგლიჯე, თავისთან დამტოვა. ერთი კოხტა ოთახი დამითმო მეორე სართულზე. იმ ღამით ტკბილად მეძინა. აი, ბავშვის ძილს რომ ეძახიან, ისე. მაშინ ვთქვი
    • აქედან არსად წამსვლელი აღარ ვარ-მეთქი. დილით, სამზარეულოში ჩაის სმის დროს რომ ვფიქრობდი, დარჩენაზე საუბარი რით დამეწყო, თვითონ შემომთავაზა, არა, კი არ შემომთავაზა, მიბრძანა
      • აქედან ვერსად წახვალ, ჩემთან იცხოვრებო! დავიწყე თავპატიჟი, მაგრამ ვარო ბებომ თავისი გაიტანა და თვითონაც მომეხმარა ჩემი ბარგი-ბარხანის გადმოტანაში.
        ვარო ბებო პენსიონერი იყო და პენსიის ასაღებად კარგა დიდი მანძილის გავლა სჭირდებოდა. მე შევთავაზე
    • პენსიის ასაღებად ამხელა მანძილს რომ გადიხარ, მინდობილობა მომეცი და მე მოგიტან-მეთქი. გაიხარა მოხუცმა, ხელები დამიკოცნა. მეორე დღეს ნოტარიუსთან მივიყვანე და გენერალური მინდობილობა მოვაცემინე. ნოტარიუსმა კი აუხსნა
    • ამ მინდობილიბით შენი სახლ-კარის გასხვისებაც შეეძლებაო!, მაგრამ ვარო ბებო ისე მენდობოდა, რომ ყური არ დაუგდია, მარტო თავს უქნევდა. მეორე დღესვე ჩავედი ახალციხეში და სახლი და ნაკვეთი, დაჩქარებული წესით, ჩემზე გადმოვაფორმე. რა თქმა უნდა, ვარო ბებოსთვის არაფერი მითქვამს, ბოლომდე ეგონა, რომ მისია.
      ზამთარში ვარო ბებო ავად გახდა, მეგონა მოკვდებოდა და დავისვენებდი, მაგრამ ეტყობა ისეთი ჯანმრთელი ორგანიზმი ჰქონდა, რომ გამოძვრა. მოკლედ ვცხოვრობდი ვარო ბებოსთან თბილად. საჭმელი არ მაკლდა და სასმელი, თუმცა, მრევლი ვერ გავზარდე, რადგან ყველა მერიდებოდა, უთოფო ყაჩაღიაო, ამბობდნენ.
      ზაფხული ახლოვდებოდა, ყოველ წუთს შეიძლებოდა, რომ ვარო ბებოს ძმისშვილი გამოჩენილიყო. თუ დააპირებდნენ სახლის გადაფორმებას ნახავდნენ, რომ სახლი და კარ-მიდამო ჩემზე იყო გადმოფორმებული. იჩივლებდენ და აფერისტობას დამიმტკიცებდნენ. ამიტომ, ერთ თბილ საღამოს, გულთბილი საუბარის შემდეგ, ვარო ბებომ რომ დაიძინა, შევიპარე მის ოთახში და ბალიში დავაფარე. არც განძრეულა, ისე აღმოხდა სული.
      დილით სასწრაფოც გამოვიძახე და პოლიციაც. ანაფორით დავხვდი, რაიმეს კითხვაც ვერ გამიბედეს, სიკვდილი დააფიქსირეს და წავიდნენ. ძმისშვილს გავაგებინეთ. მეორე დღეს ჩამოვიდა ცოლთან ერთად. მიცვალებულს უკვე ბალზამირებაც გაკეთებული ჰქონდა და “სასახლეშიც” ესვენა. დამიწყო ძმისშვილმა მადლობების გადახდა.
    • ეს პატივისცემა იმასთან რა არის, რაც ვარო ბებომ პატივი მცა, შვილად მიმიღო და სახლ-კარიც დამიმტკიცა-მეთქი. გალურჯდნენ, ვერაფერი მითხრეს. იქ ინტერნეტი არ იჭერდა, ამიტომ დაქოქეს მანქანა და ახალციხეში ჩავიდნენ ამ ამბის გასარკვევად. რომ დაბრუნდნენ,
    • ამ სახლ-კარს ჩვენ ვიყიდითო! 5.000 დოლარი შემომთავაზეს. მე ვუთხარი:
    • ნამუსი არ გაქვთ, ორსართულიანი სახლი თავისი ბაღით, 5.000 დოლარად როგორ მოგცეთ-მეთქი?!, მოკლედ, 8.000 დოლარად დავუთმე იმ პირობით, რომ მათი საკუთრება იქნებოდა, მაგრამ სანამ მაგ ეკლესიაში ვიქნებოდი, მე ვიცხოვრებდი. ისე, მაგ ელესიიდან რომ გადამიყვანეს, იმ ძმისშვილს სახლის დასაცლელი თანხა – 2.000 ლარი კიდევ წავართვი.
      დაგღალე ექიმო, მე წავალ, ამ დღეებში შემოგივლი.
      ***
      ხედავ, რა მოგონებები ამოალაგეს? ნამდვილი “ბრძოლა არსებობისთვის” გაუმართავთ, მაგრამ მეთოდებს არ იკითხავ?! არავითარი “მე” – კანონის შიში, რომ დასჯიან. არადა, კანონის დამცველი სჩადის ამას. ან კიდევ, მორალი – “ზე-მე” სადღაა, თვით მორალის მქადაგებელი რომ სჩადის უმსგავსობებს?! ქურდზე არაფერს ვამბობ, ძალადობა მისი პროფესიაა. მოკლედ, ამ ეტაპზე სამივე “იგი”-ს დონეზეა, ერთი პრინციპით მოქმედებენ – მინდა და ვაკეთებ! ხედავთ, რა ძლიერია “იგი”-ს უარყოფითი ენერგია?! ეს “ნაბო” ვინღაა, ჩემსავით, ფსიქიატრიულის მთავარი ექიმი რომ ყოფილა. ძალიან მაწვალებს აზრი, რომ ესენი “შეკრულები” ხომ არ არიან და ჩემზე ჰყვებიან? მაგრამ მე რომ მსგავსი არაფერი ჩამიდენია?! აბა, ვნახოთ, შემდეგ სეანსზე როგორ განვითარდება მოვლენები.
      ნაწარმოები ხუთი თავისგან შედგება. ეს იყო მეორე თავი. გაგრძელების ლინკი პოსტის ბოლოშია.

თავი III
– გიუშ, ჩემო მეგობარო, ქურდი ხარ, მაგრამ ქურდობაზე არაფერს მიყვები.
– ქურდობა ჩემი პროფესიაა, ექიმო, მაგაზე რა უნდა მოვყვე?
– ქურდებთან არ გქონია შეკამათება?
– “რაზბორკა”? კი ერთხელ მქონდა. მაშინ უკვე ქურდი ვიყავი. ერთი პატარა ბიჭი ცხოვრობდა მეზობლად, “კალაბოკას” ეძახდნენ. 15 წლის ლოყაწითელა ბიჭი იყო, დაბალი, მსუქანი. ერთი შეხედვით “დედიკოს ბიჭს” იტყოდი, მაგრამ სკოლა ებარა და უბანშიც პატივს სცემდნენ, ზედმეტს არავის აბედინებდა. მაგ ბიჭს დავადგი თვალი, საქმეში მოვინდომე გამოყენება. გავრისკე და “ნაკოლზე” გავუშვი. სუფთად გამოიტანა. მეორედ, მესამედ, მოკლედ, შეუცვლელი გახდა, საქმეზე სულ მაგას ვუშვებდი. უმართლებდა, ერთხელაც არ გამოსულა ხელცარიელი. ერთხელ ბინაში “დაწვეს” და პატრული გამოიძახეს, მაგრამ მოიფიქრა, სამზარეულოდან ვედრო აიღო, შიგ ნაქურდალი ჩაალაგა, ზედ რაღაც “ტრიაპკა” გადააფარა და სტვენა-სტვენით გადმოკვეთა ეზო, ეჭვი ვერავინ მიიტანა.
ერთხელ, სიმთვრალეში ვუთხარი:
– ჩემ თვალში ქურდი ხარ-მეთქი! დაიჯერა და უბანში იბლატავა
– ქურდი ვარ, გიუშამ წამომაყენაო! ეს რომ ქურდებმა გაიგეს,
– 15 წლის ბავშვის ქურდად წამოყენება როგორ შეიძლებაო?!, “სხადნიაკზე” დამიბარეს. ვაი, შენს გიუშას, გაჭედილი ვარ. ვიფიქრე, ვიფიქრე და მოვიფიქრე: 12000 ლარი მქონდა შავი დღისთვის გადანახული. ის ფული “კალაბოკას” მივეცი და ნაწილ-ნაწილ შევატანინე “ობშიაკში”. “სხადნიაკზე” პასუხი რომ მომთხოვეს, ვუთხარი:
– თქვენ ბავშვი ეძახეთ, ნახეთ, “ობშიაკში” რამდენი აქვს შეტანილი-მეთქი! ნახეს და პირები დააღეს – კაციც ეგა ყოფილაო!
– ციხის ამბები არ გაინტერესებთ, ქურდი როგორ გავხდი?
ორთაჭალის ციხეში რომ შემიყვანეს, პატიმრებმა უკვე იცოდნენ ჩემი სახელი. იქ სასჯელს ქურდი იხდიდა – ალოიანი, ქურთი ბიჭი იყო, ოქროს უბნელი, მანამდე ვიცნობდი. იმან ჩამაბარა “კამერა”.
მოგრძო საკნის შესასვლელ კართან, მარჯვნივ, ტუალეტია, “პრასტოი ჩეჩმა”, რა. მარცხნივ ორი პირსაბანი აყენია. შემდეგ, მაგიდა დგას ოთხი სკამით. მაგიდის ზემოთ კედელზე თაროა დამაგრებული, რომელზეც პატიმრების ჭურჭელი ალაგია. 6 საწოლი ორ რიგადაა ჩამწკრივებული. ყველა საწოლს თავისი “ტუმბოჩკა” აქვს. სულ ესაა საკნის აღწერილობა, ყველა ერთმანეთს ჰგავს.
საკანში 6 კაცი ვისხედით: მე, რეზო ალადაშვილი – ტიბაანელი ბიჭი – ყაჩაღობაზე იხდიდა სასჯელს. მდიდარი მეზობელი ჰყოლია. ერთხელაც დათვრა და ღამით შეუვარდა სანადირო თოფით. სახეზე ნიღაბი ჰქონია ჩამოცმული. სახლის პატრონმა, ოღონდ არ დაგვხოცოო, ყველაფერი გამოუტანა, რაც სახლში ჰქონდა. ამ სულელს, რომ მოეკიდა ხელი და ჩუმად გამოსულიყო, ხახვივით შერჩებოდა, მაგრამ დამუქრებია
– თუ მილიციას გამოიძახებთ, დედას გიტირებთო! და თოფი ჭერში უსვრია. პატრონაში “პიჟის” მაგივრად თავისი ძველი სასკოლო რვეულის ყდის ქაღალდი ჰქონია ჩაპრესილი, რომელზეც თავისი სახელი და გვარი ეწერა. რა თქმა უნდა, ტყვიასთან ერთად ის ქაღალდიც გამოვარდა და მილიცია რომ მიადგა, გაკვირვებია, როგორ გაიგეთო?
კიდევ, შალიკო კაკალაშვილი იჯდა ჩემთან – კასპელი ბიჭი – აფერისტობაზე იხდიდა სასჯელს. “პერესტროიკა” რომ დაიწყო, განუკითხაობა იყო და მიწა კაპიკებად იყიდებოდა, ამას ქვემო ხანდაკის სასოფლო-სამეურნეო მიწები და საძოვრები ჩაუგდია ხელში და თავის ფირმაზე გაუფორმებია. მერე, იპოვნიდა ფულიან კაცს, “დააბოლებდა” და ფირმის 45%-ს აყიდინებდა. დირექტორად თვითონ რჩებოდა. სანამ ის ფულიანი კაცი მიწის გაძვირებას და მერე გაყიდვას ელოდებოდა, შალიკო კაკალაშვილი ამ ფირმას თავისივე მეორე ფირმასთან ვალს გაუჩენდა. მეორე ფირმა პირველს უჩივლებდა, ქონებას, ე.ი. მიწას, იაფად გააყიდინებდა და ვალს იბრუნებდა. საქმე იმაში იყო, რომ ის მყიდველი ფირმაც მისი იყო. ფულიან მოწილეს ფირმის წილი კი ჰქონდა, მაგრამ ფირმა აღარ ფლობდა მიწას. შალიკო კაკალაშვილი სხვა ფულიან კაცს “დააბოლებდა” და ახლიდან ყიდდა იმ ფირმის წილს, რომელიც მიწას ფლობდა. რამდენჯერმე რომ დაუტრიალებია ეს ოპერაცია, “გაბაზრებია”, “დანომრილი” კაცი შემოუგზავნეს და “გაჭედეს”.
მეოთხე, არჩილა იყო გვენცაძე, თბილისელი კაცი, ჩემი უბნელი. 42 წლის იყო, მაგრამ მისი “სროკები” რომ შეგეკრიბა 45 წელი გამოსდიოდა. ძირითადად ჩხუბზე ან ხულიგნობაზე იჭერდნენ, მაგრამ მძიმე მუხლები არ ჰქონდა წაყენებული და ამნისტიით ანთავისუფლებდნენ. ამჯერად ქალის გაუპატიურებაზე იჯდა. თურმე საღამოს სომხური სკოლის მასწავლებელი გორკის ქუჩით სახლში მიდიოდა. ამას სადარბაზოში შეუთრევია და გახდა მოუთხოვია. იმასაც გაუხდია.
– კარგი, შავგვრემანი სომხის გოგო მოდიოდა, რა, “პადიეზდში” შევათრიე, დანა ყელზე მივაბჯინე და გაიხადეო, ვუთხარი, რა. არა, ჩათლახი არ იყო, შიშით შევაჩათლახე, რა. – იგონებდა არჩილა. მეათე კლასის მოსწავლეებს შეუსწრიათ სადარბაზოში და რას ხედავენ, მათი მასწავლებელი ჰყავს არჩილას გადაკუზული. დაუჭერიათ შენი არჩილა და მილიციის განყოფილებაში მიუყვანიათ.
– არჩილ, რად გინდოდა, საციხედ ღირდაო? – რომ ვკითხეთ,
– რას ამბობ, ასე მეგონა, თბილისის “დინამო” ერევნის “არარატს უგებდაო, რა, – გვიპასუხა არჩილამ. ქალის გაუპატიურების მუხლით ციხეში რაც ეკუთვნოდა კი იცით, მაგრამ კაი ტიპი იყო, თანაც ჩემი უბნელი და არ დავაჩაგვრინე.
კიდევ ორი კაცი იჯდა ჩემთან. ერთი ჩხუბზე და მეორე ავარიაზე, მაგრამ ეგენი უღიმღამო ტიპები იყვნენ და მაგათზე მოყოლით არ დაგღლით.
ერთ წელიწადში ზონაზე გადამიყვანეს. ყველაფერს ეჩვევა კაცი. სამი წლის მერე ზონა შენი სახლი ხდება. ცნობილი კალათბურთელი მიშა ქორქია ხომ გახსოვთ? ჩვენთან იჯდა 5 წელი ჰქონდა მისჯილი. კალათბურთს თავი რომ დაანება, კომბინატის დირექტორად დანიშნეს, ექვსი წელი იმუშავა, მაგრამ მერე დანაკლისი აღმოუჩინეს და დაიჭირეს. ვაჟკაცი იყო, თავის თავზე აიღო დანაშაული. შაბათობით მაგის ძმაკაცები მოაკითხავდნენ, ზოგი “ძელეცი” და ზოგიც კალათბურთელი, “პერედაჩები” ამოჰქონდათ: ღვინო, ბლომად “თოხლი”. მოკლედ, მთელ ზონას “გვაგულავებდა”. თვითონ, რომ დათვრებოდა, “ნადზორს” უწყებდა დედის გინებას. ხმას ვინ გასცემდა, ყველაფერი ჰქონდა მოგებული: ოლიმპიადა, ევროპა, მსოფლიო. ციხის უფროსობა ეხვეწებოდა,
– სამსახურიდან მოგვხსნიან, ოღონდ გაჩუმდი და რაც გინდა გვთხოვეო! წელიწადსა და შვიდ თვეში გაათავისუფლეს. ამერიკელებს დაუწერიათ, “საბჭოთა კავშირში ოლიმპიურ ჩემპიონებს იჭერენო”. ამათაც შერცხვათ და გამოუშვეს. მაგარი გაცილება მოვუწყვეთ. ამბობდა
– მიუნხენის ოლიმპიადის ის ბოლო სამი წამი არ დამავიწყდება და ეს გაცილებაო.
პეტრე გელბახიანი იჯდა ჩვენთან, სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი. წესიერი კაცი იყო, წყნარი, გულკეთილი, სულ წიგნებში იყო თავჩარგული. ცალკე ბარაკში ცხოვრობდა. ვინმე ავად თუ გახდებოდა, პეტრე ძიასთან გარბოდა. ციხის ექიმს არ ვენდობოდით, არაფერი იცოდა, შეიძლება ისეთი წამალი მოეცა, რომ მომკვდარიყავი.
მოკლედ, ვართ “გულაობაში”. ვჭამთ და ვსვამთ მიშა ქორქიას პერედაჩებს. დილით, პახმელიაზე ძია პეტრეს ვაკითხავთ, ისიც გვმკურნალობს. სხვა მხრივაც ყველაფერი დალაგებული მაქვს, დღე-დღეზე ქურდად უნდა წამომაყენონ. ჰო, დამავიწყდა მეთქვა, ზონაზე რომ გადამიყვანეს, მამუკა ამირეჯიბი ისევ იქ დამხვდა. კიდევ ორი ქურდი იხდიდა სასჯელს – “ჭუტალა” და “სერიკა”. იმათ მოაწყვეს “სხადნიაკი” და ქურდად წამომაყენეს. მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი, მეგონა, ამის შემდეგ რაღაც შეიცვლებოდა ჩემში, მაგრამ კანონიერ ქურდობას ვალდებულებებისა და “რამკის” მეტი არაფერი მოუტანია.
***
– მობრძანდით ბატონო გოგი, დაბრძანდით. აბა, დავიწყოთ.
– ერთ ამბავს მოგიყვებით, მაშინ თელავის რაიონის პოლიციაში ვმუშაობდი უფროს ოპერად. სიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი წავიყვანე პოლიციის განყოფილებაში. მანქანიდან დავრეკე
– მეხუთე საკანი მომიმზადეთ-მეთქი! მეხუთე საკნის მომზადება ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის მოწყობილი სპექტაკლის გათამაშება იყო. ამ მეთოდს მაშინ ვიყენებდით, როცა ეჭვმიტანილი ძნელი გამოსატეხი იყო. საკანში ქათმის სისხლს მივასხ-მოვასხამდით, ერთ-ერთი თანამშრომელი ტანზე გაიხდიდა და საკანში წვებოდა, ვითომ პატიმარი შემოგვაკვდა. მოკლედ, მივიყვანე ეჭვმიტანილი მეხუთე საკანში, შევაღე კარები და რას ვხედავ, შიშველი კაცი გდია სისხლში მოსვრილი. სხეულზე ჩალურჯებები ეტყობა.
– ხომ გითხარით, მეხუთე საკანი გამინთავისუფლეთ-მეთქი – შევუბღვირე პოლიციელს.
– ბატონო ლეიტენანტო, დაკითხვის დროს შემოგვაკვდაო! – ისე კარგად იყო გათამაშებული, რომ არ მცოდნოდა, დავიჯერებდი.
– ალაზანში გადააგდეთ და ეს დაკითხეთ-მეთქი! ეჭვმიტანილი უცებ ძირს დაეცა, გალურჯდა, ფეხები გააკანკალა და სული განუტევა. ინფარქტი ჰქონია გადატანილი და ამხელა ემოციურ დატვირთვას ვერ გაუძლო. ბიჭებს ვუთხარი
– გვამი მოიცილეთ ისე, რომ ჩვენზე ეჭვი არ აიღონ-მეთქი! – ისედაც ერთი მკვლელობა და ერთი ქურდობა გაუხსნელი გვქონდა. ბიჭებმაც ადგნენ, მანქანის საბარგულში ჩადეს, ღამით გურჯაანში ჩაიტანეს, პარკში სკამზე დააწვინეს და წამოვიდნენ. დილით მოქალაქემ მილიციაში დარეკა
– თელავის პარკში ადამიანის გვამი ვნახეო! მივედით პარკში და ის “ჩვენი” გვამი არ ასვენია სკამზე?! იმ უკუღმართებს, გურჯაანის მილიციას, აქაოდა გამოსაძიებელი საქმე ჩვენ არ “შეგვეწეროსო”, ღამით გვამი ამოუტანიათ და თელავის პარკში, სკამზე დაუსვენებიათ. რა უნდა გვექნა? გვამი უკვე დაფიქსირებული იყო. მაშინ მომივიდა კარგი აზრი. რამდენიმე დღით ადრე ერთი ბიზნესმენის სახლი გაქურდეს. როგორც გითხარით, ეს საქმეც გამოუძიებელი დაგვრჩა. იმ ბიზნესმენს კარგი სანაცნობო წრე ჰყავდა, დამნაშავეს თუ ვერ ვიპოვნიდით, სამსახურიდან მოხსნით გვემუქრებოდა. ორ ოპერს დავავალე
– იმ ოჯახიდან რამე ნივთი წამოიღეთ-მეთქი! მივიდნენ, ბიზნესმენის ცოლი დახვდათ სახლში. ერთმა ვითომ დაკითხა, მეორემ კაბინეტში “დათვალიერება ჩაატარა”, საწერი მაგიდიდან ბიზნესმენის სახელზე დამზადებული ვიმპელი მოიპარა და მომიტანა. ის ვიმპელი გავატანე, მიიტანეს და მკვდარს თავქვეშ ამოუდეს. გვამს ექსპერტიზა ჩავუტარეთ. “დადგინდა”, რომ ეჭვმიტანილმა და მისმა სიძემ გაქურდეს ბიზნესმენის სახლი. თუმცა, ნაქურდალი ვერ გაიყვეს და ჩხუბში ცოლისძმამ სიძე მოკლა, ნაქურდალი სადღაც გადამალა, მაგრამ მიმალვას რომ ცდილობდა, გულმა უმტყუნა და გარდაიცვალა. ამ საქმის ასე კარგად გახსნაში საგამოძიებო ჯგუფის უფროსად დამაწინაურეს და კაპიტნის ჩინი მომანიჭეს.
მოგვიანებით, სამჯერ ნასამართლევი რეციდივისტი გამოჩნდა, რომელმაც მკვლელობაც და ქურდობაც აღიარა, მაგრამ მაშინ უკვე მოსამართლე ვიყავი და რას დამაკლებდნენ?
***

გამარჯობა მამაო, სად დაიკარგეთ, რომ აღარ გამოჩნდით?

გრიპი შემეყარა ექიმო, ახლაც მახველებს.

მოდი, დავიწყოთ სეანსი. სად გავჩერდით?

ძალიან მადარდებდა უმრევლობა. მღვდელს მრევლის რაოდენობით აფასებენ. უმრევლოდ ვერ გავიქაჩებოდი. ვიფიქრე, ვიფიქრე და მოვიფიქრე. ვიცოდი, რომ “ნაბო” ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარ ექიმად იყო გაქაჩული. არ გამიფრთხილებია, პირდაპირ კაბინეტში დავადექი. დაიბნა, აიწურა, არ ესიამოვნა ჩემი დანახვა, მაგრამ თავს მოერია, წამოხტა და გადამეხვია. გადავეხვიე, თან უკანალზე ხელი მოვუთათუნე. ვაგრძნობინე, რომ არაფერი დამვიწყებია და ვერაფერზე უარს ვერ მეტყოდა, თორემ “გავუბაზრებდი”.

“ნაბო”, უნდა მიშველო, ძლიერი დასაძინებელი საშუალება უნდა მომცე-მეთქი!” შევატყე გაუხარდა, ალბათ, ფიქრობდა დიდ ფულს მოვთხოვდი. ნარკოტიკი გამომატანა და თავის მძღოლს დაავალა ჩემი აბასთუმანში აყვანა.
აბასთუმანში რომ ავედი, გამოვაცხადე, რომ ვიცი უშვილობის შელოცვა. და რომ ეს შელოცვა სასწაულებს ახდენს. ერთი გოგო იყო ჩვენ მეზობლად გათხოვილი. გარეგნულად კარგი რამე იყო. 9 წელი იყო გასული, მაგრამ შვილი არ უჩნდებოდა. ქმარი ჰყავდა, რომ შეხედავდი, ეგრევე მიხვდებოდი ვინ იყო უშვილობის მიზეზი. პირველი ეს გოგო მოვიდა ქმართან ერთად. გოგო დავიტოვე, ქმარი კი, სახლში გავუშვი,

თვითონ დაბრუნდება და გაგახარებს-მეთქი. ამ გოგოს შარბათში ნარკოტიკი გავურიე და ძილის წინ დავალევინე. მკვდარივით დაეძინა. მეც გავიხადე, მივუწექი და სქესობრივი აქტი ჩავუტარე. დილით სახლში გავუშვი. ერთი თვის მანძილზე ყოველღამ ვუტარებდი “შელოცვას”, სანამ ციკლი არ შეუწყდა. უკვე ოთხი თვის თავზე ამ გოგოს მუცელივით იზრდებოდა ჩემი მრევლი. საქართველოს რომელი კუთხიდან არ მოდიოდნენ, ბინებს ქირაობდნენ და თვეობით თავიანთ რიგს ელოდნენ. თავიდან თუ უფასოდ “ვმკურნალობდი” უშვილობას, ბოლოს 1.000 ლარი დავაწესე. 500 ლარს წინასწარ მიხდიდნენ, მეორე 500 ლარს ერთი თვის შემდეგ, თუ ფეხმძიმედ დარჩებოდა. ფული ჩეჩქივით მქონდა, თბილისში ბინა ავიშენე, მანქანა ვიყიდე, მაგრამ გადავიღალე. თან ზოგი ისეთი მახინჯი იყო, დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა, რომ “მემკურნალა”. ერთი გურჯაანელი ცოლ-ქმარი ჩამოვიდა. შვილი არ გვიჩნდებაო, რიგში ჩადგნენ. ქალი შავი იყო, მურთხი, თან ბანჯგვლიანი. ამ ქალს რიგმა რომ მოუწია, დავალევინე შარბათი და მივუწექი. ძლივს, რის ვაი-ვაგლახით რომ “დავქოქე” ჩემი ინსტრუმენტი და ავამუშავე, მაშინ არ ჭყიტა თვალები?! ატეხა ერთი ამბავი, გაიქცა, ვერ შევაჩერე. თურმე ეს ქალი გურჯაანში ცნობილი მეღვინის შვილი ყოფილა, სამ კაცს ზედიზედ ათრობდა. ქეიფში ითამადებდა, რვა ლიტრ ღვინოს დალევდა, მოიკიდებდა ზურგზე მთვრალ ქმარს და სახლში მიჰყავდა. ეგეთს რა ნარკოტიკი დააძინებდა?! მოკლედ, გამაბეს. სინოდის კრებაზე ჩემი ამბავი გაიტანეს, მაგრამ სხვებს ისეთები აქვთ გაკეთებული, ეს იმასთან არაფერია, ამიტომ მაპატიეს. თუმცა, აბასთუმანში დარჩენა აღარ შეიძლებოდა. ჩემი გამოსწორება გორისა და ატენის მიტროპოლიტმა სტეფანემ იკისრა, თავისთან წამიყვანა, აღსარება ჩამომართვა და ქვემო ხვითის პატარა ეკლესია ჩამაბარა.

მამაო, რომ ყვები, ეკლესიებში სხვები უარესს სჩადიანო, რა, პატიოსანი მღვდლები აღარ არიან?

კი, არის რამდენიმე ღმერთს შეწირული მღვდელიც და ეპისკოპოსიც, ჩვენ მათ გამოთაყვანებულებს ვეძახით. გვებრძვიან, მაგრამ ვერაფერს გვაკლებენ, რადგან ცოტანი არიან. იცხოვრე რა, დალოცვილო, შეირგე ეს ცხოვრება და ჩვენც შეგვარგე, მეორედ კი არ მოხვალ ამ ქვეყანაზე!
მოდი, მე წავალ, უკვე გვიანია, შენც დასვენება გჭირდება. ღმერთი შეგეწიოს!
***
ესენი ვინ ყოფილან, ნამდვილი ორდა არსებები, ფროიდს რომ ჰყავს მოყვანილი თავის ნაშრომში “ტოტემი და ტაბუ”. ჯერ რომ არც ადამიანები არიან, მაგრამ აღარც მაიმუნები. ეს ორდა არსებები ჯოგებად ცხოვრობენ და ჰყავთ უფროსი მამრი. ჯოგიდან მხოლოდ მას შეუძლია ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესთან. შვილები აუჯანყდებიან მამას და კლავენ. შემდეგ ერთმანეთთან თანხმდებიან ნადავლის და სექსუალური კავშირების გადანაწილებაზე. იკრძალება ინცესტი და მამისადმი აგრესია. ესაა პირველი საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება. შვილებმა წესრიგი დაამყარეს ჯოგში, მაგრამ ძალიან ნანობენ მამის მკვლელობას. სწორედ ამ ცოდვის მოსანანიებლად სჭირდებათ მათ რელიგია.
ჩემი პაციენტების ქმედებაში ვერც საზოგადოებრივი წესრიგის ნიშნებს ვხედავ და ვერც რელიგიის. ეს რაღაც სხვაა, რაც ზიგმუნდ ფროიდს აღწერილი არ აქვს. დიახ, მგონი მივაგენი ჩემი კვლევის შედეგს, მაგრამ არ ვიჩქარებ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ნაწარმოები ხუთი თავისგან შედგება. ეს იყო მესამე თავი. გაგრძელების ლინკი პოსტის ბოლოშია.

თავი IV
– მოდი გიუშ, გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. ბოლოს ციხეზე ყვებოდი.
– ციხიდან რომ გამოვედი, ქვეყანა არეული დამხვდა. ქურდებს ქურდობა აღარ გვჭირდებოდა. საქმეების გარჩევაში გვიხდიდნენ ფულს. სამართალი არ მოქმედებდა. თუ ვინმეს გადააგდებდნენ და ფული იყო ამოსაღები, ჩემთან მოდიოდნენ. მე გადამგდებს დავიბარებდი და ფულს მოვთხოვდი. ის, თავის მხრივ ქურდს მოიყვანდა. მიდიოდა “რაზბორკა”. ამოღებული თანხის ნაწილი ჩემი იყო. ყოფილა შემთხვევა, ნახევარი შემოუთავაზებიათ, ოღონდ “მაყუთი” მთლიანად არ დაკარგვოდათ. მაშინ კაი ფული დავაგროვე. წადი რა, დალოცვილო უცხოეთში, თან საზღვრები გახსნილია, გადაიდე ფეხი ფეხზე და იცხოვრე არხეინად, მაგრამ ხომ იცი ადამიანის სიხარბე, მეტის შოვნა მოვინდომე.
მაშინ, თბილისში ლევან სარალიძე ბიზნესმენობდა, ჩემი უბნელი, დიდი ფულის პატრონი. “ვენა პალასი” რომ არის, სასტუმრო, მაგის აშენებულია, ავსტრიელებს ააშენებინა. “პადელნიკი” ჰყავდა მაგ ლევანს, ვინმე ლადო მეგრელაძე. თავს გაუვიდათ, მაფიოზობა მოინდომეს, უბნელ ბიჭებს მოუყარეს თავი, დიდ ფულს შეპირდნენ. ბიჭებსაც, მეტი რა საქმე ჰქონდათ, მაინც ბირჟას “ამაგრებდნენ”, სათითაოდ ეახლნენ. აგზავნიდნენ ბიჭებს საქმეზე ეგ ლევან სარალიძე და ლადო, ხან რომელი კონკურენტის მოშორებას ავალებდნენ და ხან რომლის. ბიჭებსაც თავს გაუვიდათ, “აბიჟნიკობა” დაიწყეს, თბილისს აწიოკებდნენ. სასტუმრო “ვენა პალასში” ჰქონდათ სამეთაურო პუნქტი, იქიდან იღებდნენ დავალებებს. “ვენის საძმო” ისეთი დაუნდობლობით გამოირჩეოდა, რომ მაგათ, სისასტიკით განთქმული “ვერის საძმოს” თავკაციც კი უფრთხოდა. საძმოს თავკაცები ლევან სარალიძის ძმისშვილები – მიშა, მამუკა და ლადო მეგრელაძის ბიჭი – ვახო იყვნენ. მათ დაქვემდებარებაში შედიოდნენ მათი უბნელი ძმაკაცები: “აისბერგა”, თორნიკე მაკარიძე, ავთო ბარამიძე, და კიდევ, ერთი ოციოდე ბიჭი.
ჩვენს უბანში, არაგვისპირელის ქუჩაზე, ქუთაისელ მამა-შვილს ნოდარა და ხვიჩა კოტრიკაძეებს ჰქონდათ ნაქირავები ბინა. ხვიჩამ უბნელი ბიჭები სახლში დაპატიჟა, მოილხინეს. მამამ გიტარა გადმოიღო, კარგად უკრავდა თურმე, გადარია სუფრა. რამდენიმე დღის მერე, შუაღამისას, ჩემი უბნელი ძმები: გია და დათო ლომიძეები მიადგნენ
– წამოდი, მეზობლის ქეიფში, უნდა დაუკრაო! კაცმა უარი უთხრა,
– დამკვრელი კი არ ვარო! იმათ დაუწყეს “დაკაჩავება”, ძალით მოუნდომეს წაყვანა. ხმაურზე შვილმა გაიღვიძა, კაი ჯანიანი ბიჭი ყოფილა. დაერია უბნელებს და სულ ცემა-ტყეპით გამოყარა. ლომიძეებმა ლევან სარალიძის ძმისშვილს – მიშას გააგებინეს ეს ამბავი. მიშამ ხვიჩა კოტრიკაძეს შეუთვალა მნახოსო. ხვიჩას მამას, ნოდარას, ოქროს უბნელი ქურდისთვის – ლაშა პაპავასთვის უთხოვნია ბიჭების შერიგებაში დახმარება. მიშამ რომ გაიგო ქურდი მოჰყავთო, მე მთხოვა საქმეში ჩარევა. შეხვედრა საბჭოს მოედანზე, გორკის ძეგლთან რომ გრძელი ბაღია, იქ მოხდა. მე და ლაშამ ერთმანეთი გადავკოცნეთ, ბიჭებსაც გადავაკოცნინეთ და “მირნათ” დავშორდით. ორი დღის მერე ლევან სარალიძემ მთხოვა შეხვედრა. სასტუმრო “ვენაში” შევხვდით.
– ბიჭები “ნეხვატკაში” არიან, რაღაცას აპირებენ. ჩემი ძმისშვილები შენთვის ჩამიბარებიაო! – სამი ათასი დოლარი მომცა.
– ერთ მაგდენს, ყველაფერი რომ ჩათავდება, მაშინ მოგცემო. თან დავდევ, გვერდიდან არ ვშორდები ბიჭებს. მარტო ავთო ბარამიძე არ მემორჩილება, ძალიან “ძერსკი” ვინმეა.
არ მახსოვს, აგვისტოს 7 იყო, თუ 8, “ვენაში” ვახო მეგრელაძის დაბადების დღეზე ვიყავით, ბიჭებიც იქ იყვნენ. აქ რა უნდა მოხდეს-მეთქი, მოვეშვი, ცოტა ღვინო დავლიე. ამ დროს ატყდა ხმაური:
– ბიჭებმა ერთმანეთი დახოცესო. ნასვამი მიშა სარალიძე, ავთო ბარამიძე და კიდევ ოთხნი შეიარაღებულები დაბადების დღიდან გაპარულან და გრძელ ბაღში შეხვედრიან ხვიჩა კოტრიკაძეს, ლაშა პაპავას და კიდევ ბიჭები ყოფილან, პაპავას ძმაკაცები, აქედან და იქიდან, სულ 20 სული. ავთოს პისტოლეტი ამოუღია და ხელში ატრიალებდა. პაპავას იარაღი წაურთმევია
– რომ გამოფხიზლდები, მერე დაგიბრუნებო! ავთოს არ დაუთმია,
– ან იარაღი დამიბრუნე, ან მესროლე, შენი დედაო…! ლაშას ფეხში უსვრია. ავთო დავარდნილა. მიშას, ეტყობა ეგონა ძმაკაცი მომიკლაო, იარაღი ამოუღია და ლაშასთვის ზურგიდან მთელი “აბოიმა” დაუცლია. პაპავას ძმაკაცები ძეგლს და ხეებს ამოფარებიან და იქიდან დაუშენიათ. მიშას 17 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მეორე დღეს გარდაიცვალა.
ლევან სარალიძე ამ დროს მოსკოვში იყო. მიშას ამბავი რომ შეიყტო, იმავე დღეს გადმოფრინდა, თან ბექა დიდებულიძე ჩამოიყვანა, ქურდი, “იაპონჩიკის” მარჯვენა ხელი, მისი სახელით ლაპარაკობდა. “სხადნიაკს” ვესწრებოდით: მე, ბექა, ლევანი, მამუკა, გიგა გონაშვილი და კიდევ ოთხნი. ლადო მეგრელაძე “სხადნიაკს” არ დასწრებია. მე პასუხი მომთხოვეს, მაგრამ თავი ვიმართლე, რადგან მიშას ძმამ, მამუკამაც ვერ შეამჩნია, მისი ძმა როდის გაიპარა. არადა უერთმანეთოდ ფეხს არ დგამდნენ. თან, დაბადების დღეზე, ლადო მეგრელაძემ თავისთან დამსვა და ღვინო დამაძალა. ეტყობა, ლევანთან უკვე ჰქონდა განხეთქილება და ბიჭების დახოცვით მისი დასუსტება უნდოდა. მიუხედავად იმისა, რომ მიშა “პრავი” არ იყო, რადგან ქურდი მოკლა, თან ზურგიდან სროლით, ლევანმა ჩხუბში მონაწილე ყველა ბიჭის დახოცვა მოითხოვა. ძლივს დავითანხმეთ, რომ მარტო ჩხუბის მიზეზი – ხვიჩა კოტრიკაძე მოკვდებოდა.
– შენ კი, შეცდომას გამოისყიდიო!, – მითხრა ლევანმა. მივხვდი არ ხუმრობდა და ქურდული კანონები სულ ფეხებზე ეკიდა, მაგრამ რას მიპირებდა, არ ვიცოდი.
მესამე დღეს, ლევანმა ხვიჩა, ვითომ შესარიგებლად, “ვენაში” დაიბარა. მისი მოყვანა ხვიჩას უბნელმა ძმაკაცებმა სინჯოიანმა და ფეროიანმა იკისრეს. მიშას პანაშვიდებიც “ვენაში” იმართებოდა, მეორე დღეს იყო გასვენება. ხვიჩა მიცვალებულთან გაკოჭილი შემოიყვანეს და იატაკზე დააგდეს.

  • აბა, გამოისყიდეო! – მითხრა ლევანმა და დანა გამომიწოდა. მსხვერპლი კუბოსთან მივათრიე და წამოვაყენე. თვალებში ჩავხედე. ჩამქრალი თვალებიდან სიკვდილი შემომცქეროდა. დანა გამოვართვი და ყელში გამოვუსვი. ხრიალი დაიწყო, კიდევ დიდხანს ხრიალებდა, ყოველი ამოხრიალებისას სისხლს მიცვალებულს შადრევანივით ასხამდა. ხრიალს რომ მორჩა, დავაგდე და ქვევით, ეზოში ჩავედი. იქ ლევანის დაცვის ბიჭები იდგნენ და სინჯოიანს და ფეროიანს ელოდებოდნენ, ვითომ ზღვაზე უნდა გადაემალათ, რომ ხვიჩა კოტრიკაძის მკვლელობაში მათზე არ აეღოთ ეჭვი, მაგრამ მე ხომ ვხვდებოდი, რომ ორივეს მოკლავდნენ და იქ დამარხავდნენ. ორი წლის მანძილზე სათითაოდ “აკრიფეს” ჩხუბის ყველა მონაწილე. ზოგი თბილისში და ზოგიც უცხოეთში. ავთო ბარამიძე ჩხუბში სიკვდილს გადარჩა, მაგრამ იარაღის ტარებაზე დაიჭირეს და ხუთი წელი იჯდა. რომ გამოვიდა, არაგვისპირელის ქუჩაზე, თავისი “პადიეზდის” წინ ქვის საფეხურზე იყო ჩამომჯდარი. ცოტა ზევით მანქანა გაჩერდა, იქიდან ჭაღარა კაცი გადმოვიდა. წყნარად მიუახლოვდა, ამოიღო იარაღი და ორი ტყვია დააჭედა საფეთქელში. დაჯდა მანქანაში და იმ ადგილს ისე მოსცილდა, რომ “ვერავინ დაინახა”. მე კი ვიცი, ნოდარა იყო, კოტრიკაძე, შვილის სისხლი აიღო. ცოტა ხანში, ლევან სარალიძე და ლადო მეგრელაძე დაეჯახნენ ერთმანეთს. ლადო მოსკოვში, სასტუმროს ნომერში ჩაცხრილეს. ლევანი ავსტრიის სასტუმროს ნომერში. ამბობენ, ზუსტად იმ დროს ლადოს ბიჭი – ვახო იყო ავსტრიაში ჩასულიო. ეს რამხელა ამბავი გამომივიდა ექიმო, მე წავედი, მოვიცლი და კიდევ მოვალ. ***
    • მობრძანდით ბატონო გოგი, ამ სავარძელზე დაბრძანდით, უფრო მოხერხებულია. დავიწყოთ?
    • ერთ ამბავსაც მოგიყვებით, თელავის რაიონის პოლიციაში რომ ვმუშაობდი გამომძიებლად. ეჭვმიტანილის გამოტეხვის კარგი მეთოდები გვქონდა – შიშველს შამპანურის ბოთლზე დავსვამდით და ორი კაცი ზემოდან რომ დააწვებოდა, უცბად ყვებოდნენ ყველაფერს, ვერ ვაჩერებდით. აბა, ახლაა საქმე?, დამნაშავეს მორიდებით რომ უნდა მოეპყრა, თორემ გიჩივლებს და მის მაგივრად შენ აღმოჩნდები საბრალდებო სკამზე, თან 24 საათი გაქვს, ბრალი რომ წაუყენო.
      ჰოდა, იმას ვამბობდი, თელავში ვარ განყოფილებაში და ვინმე არჩემაშვილმა განცხადება შემოიტანა
    • ქმარი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულაო! – გავედით ამ საქმის გამოსაძიებლად. დავკითხე მეზობლები და გავარკვიე, რომ ბოლოს მეზობელთან, თედო ბერიკაშვილთან ერთად უნახავთ, ზვრებისკენ მიდიოდნენ თურმე. ცოლს თედო ბერიკაშვილზე რომ ვკითხე, გაიხსენა, რომ ორი თვის წინ ღობე გადმოუწევია და ამის თაობაზე უკმაყოფილება ჰქონიათ, თუმცა, მერე თედოს ღობე უკან გადაუწევია და შერიგებულან.
      მივათრიე ეგ თედო განყოფილებაში. დამიწყო ზღაპრის მოყოლა
    • გოგია და მე შევრიგდით და ალაზნის პირას სუფრა გავშალეთ, მწვადი შევწვით და ღვინო დავლიეთ. მერე, ის თავისი გზით წავიდა, მე ჩემი გზითო. ბიჭებს დავუძახე და ვუთხარი
    • კარგად მიმიხედეთ-მეთქი! ბიჭებმაც ისე კარგად “მიხედეს”, რომ მაშინვე ალაპარაკდა, ვერ ვაჩერებდით:
    • ღობე გადავუწიე, რადგან გოგია არჩემაშვილის მამის, მიხაკოს, რევოლუციის დროს მითვისებული ნაკვეთი დავიბრუნეო. გოგია გამიბრზდა და ცოცხალი და მკვდარი მაგინაო. მაგას შევარჩენდი? ღობე უკან გადმოვწიე, ვითომ შევურიგდი, ალაზნის პირას ჩავიტანეთ პურ-მარილი და დავსხედით საქეიფოდო. შუა ქეიფში რომ ვიყავით, ავიღე შამფური და გულში გავუყარე. ცოტა ხანს იხროტინა და მოკვდაო. ზურგზე მოვიკიდე, ალაზანთან ჩავათრიე და მდინარეში გადავაგდე, თუ გინდა ადგილსაც გაჩვენებთო.
    • კი, მაგრამ გვამი მარტომ როგორ ჩაათრიე, ვინ გეხმარებოდა-მეთქი?!
  • მეზობლის კაცები – ზაქრო და ცაცა მეხმარებოდნენო. ავიყვანეთ მეზობლის კაცებიც, ორივემ აღიარა დანაშაული. საქმე სასამართლოში წავიდა. იმათ, 14 წელი თედო ბერიკაშვილს მიუსაჯეს, 6-6 წელი კი მეზობლის კაცებს მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის. მე მაიორის ჩინი მომანიჭეს და პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დამაწინაურეს. პოლიციის უფროსი გურჯაანელი კაცი იყო – ვაჟა შალვაშვილი. დიდი სანაცნობო წრე ჰყავდა – შემოდგომაზე სულ მინისტრები და პარლამენტარები იყრიდნენ თავს მის სახლში. ხელშეუხებელი იყო, ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად. ჰოდა, ვიფიქრე, ჩემს ოცნებას თუ ასრულება უწერია, ეს ამისრულებს-მეთქი. გეგმა შევიმუშავე და შესრულებას შევუდექი. ვაჟა შალვაშვილი ქალის წუწკი იყო, პატარა გოგოები მოსწონდა. ამაზე თუ გავაბამდი, თორემ სხვა მხრივ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. ერთხელ რაიონის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა შვილის ქორწილში დაგვპატიჟა. “ლოპოტაზე” იხდიდა ქორწილს. ვიგრძენი, რომ ჩემი დრო დადგა. რაიონში ერთი არასრულწლოვანი “წაკლა” იყო, 10 ლარად იძლეოდა. უფროსკლასელები მაგაზე სწავლობდნენ. ის გოგო ხეივანში დავაყენე. ქორწილში ვაჟამ დალია, ნასვამმა დაქოქა მანქანა და თელავისკენ წავიდა. მე მანქანით უკან მივყევი, ვერ შემამჩნია. ხეივანში რომ შევიდა, ის გოგო გადმოუხტა და ხელი დაუქნია. ვაჟამ გაუჩერა, ჩაისვა და მოშორებით მანქანა გვერდით შეაყენა. დარიგებისამებრ, იმ გოგომ აცალა და ყველაფერი რომ მომთავრდა, შიშველი მანქანიდან გადმოხტა და დაიწყო ყვირილი, შველას ითხოვდა. ამასობაში მანქანით მეც მივადექი. ვაჟა ფეხებში ჩამივარდა, არ დამღუპოო, მთხოვდა. მე მკაცრი სახით გვერდზე გავწიე, გოგოს ჩემი კიტელი მოვასხი, მანქანაში ჩავისვი, პირდაპირ განყოფილებაში მივიყვანე, დავკითხე და ექსპერტიზა ჩავატარებინე. ხოლო მასალები ჩემს კაბინეტში ჩავკეტე, სეიფში. ვაჟა ეტყობა რაღაცას მიხვდა, დილით, სამსახურში ჩემთან კაბინეტში შემოვიდა და კართან დადგა. დარცხვენილი იყო, თვალს ვერ მისწორებდა. ხელით ვანიშნე დაჯექი-მეთქი. ჩამოჯდა. არცერთი ხმას არ ვიღებდით, ერთმანეთს თვალით ვზომავდით. ბოლოს სიჩუმე ვაჟამ დაარღვია
    • მე თბილისში ვაპირებ გადასვლას, ჩემს ადგილზე რეკომენდაციას შენ გაგიწევო.
    • პოლიციის უფროსობა არ მინდა, მოსამართლეობა მიტაცებს-მეთქი! შევატყე, გაუხარდა, გულზე მოეშვა. მართლაც, თავისი სანაცნობო წრე შეაწუხა და უკვე ერთ კვირაში რაიონის მოსამართლე ვიყავი. მამაჩემს ვუმადლოდი, კანონები ზეპირად რომ მასწავლა. მართალია, იმის მერე ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ კანონმდებლობის ძირითადი ღერძი უცვლელი დარჩა.
      გავიდა ოთხი თვე და გოგია არჩემაშვილი არ დაგვადგა თავზე?!
  • მე და თედომ ალაზნის პირას მწვადები შევწვით, დავლიეთ, მერე ის სახლში წავიდა, მე ცხვარში, ზამთრის საძოვრებზეო. ჩივილი დაიწყო
    • ამ საქმეს ასე არ დავტოვებო! არადა, სამი კაცი გვყავს გასამართლებული, სამივე აღიარებითი ჩვენებით. რა ვქნა? უცებ “ნაბო” გამახსენდა, ზარიძე. ხომ ვიცოდი, რომ ფსიქიატრიულის მთავარი ექიმი იყო ასათიანზე, თან ჩემთან ვალში იყო. მივედი და შევჩივლე.
  • ნუ დარდობ, მოევლებაო! – მითხრა “ნაბომ”. გოგია არჩემაშვილს შიზოფრენიის მძიმე ფორმა “დაუდგინეს” და ფსიქიატრიულში გამოკეტეს. ახალი გარემოებების გამო სასამართლო ახლიდან გაიმართა. მოსამართლეობა მე მომანდეს. მართალია, თედო ბერიკაშვილს და მის მეზობლებს, ზაქროს და ცაცას, მკვლელობის მუხლი მკვლელობის მცდელობით და მკვლელობის მცდელობაში ხელის შეწყობის მუხლით შევუცვალე, თუმცა სასჯელის ოდენობა ძალაში დავტოვე. ***
    • მერე მამაო, ქართლში რომ გადაგიყვანეს და ეკლესია ჩაგაბარეს, მერე რა მოხდა?
      სოფელ ქვემო ხვითიდან ცხინვალის რაიონის საზღვრამდე 6 კილომეტრია. საშიში ზონაა და ამიტომ ახალგაზრდობა ძირითადად გორში და თბილისშია გადახვეწილი. სოფელში მოხუცებიღაა დარჩენილი. ერთი მოხუცისგან, ბითაძე იყო გვარად, ბინა ვიქირავე. ეკლესია XVII საუკუნეში აუშენებიათ ძმებ თაქთაქიშვილებს. მე რომ მივედი, სავალალო მდგომარეობაში იყო, კედლებზე ბზარები ყოველდღიურად იზრდებოდა.
      გორისა და ატენის მიტროპოლიტი ძალიან მკაცრი მეუფე იყო. ერთ-ერთი იმათგანი, თვითონ რომ არ ჭამენ და სხვასაც ხელს უშლიან. პატრიარქი ენდობოდა და სინოდზეც, მისი სიტყვა განსაკუთრებით ფასობდა. რატომღაც, თავიდანვე კარგი თვალით შემხედა და ყურადღებას არ მაკლებდა. მეც ვცდილობდი, რომ არაფერი შემშლოდა. მეზობლად, ეკლესიის მომიჯნავედ, ვინმე ელიზბარ თაქთაქიშვილის ნაკვეთი იყო მიტოვებული. თვითონ, ეგ ელიზბერი თბილისში ცხოვრობდა. გავიგე მისამართი და ჩავაკითხე თბილისში. ველაპარაკე და დავარწმუნე, რომ მისი ოჯახისთვის კარგი იქნებოდა, თუ ნაკვეთს ეკლესიას შესწირავდა. დამთანხმდა. იუსტიციის სახლში იმავე დღეს გამომყვა და ეპარქიაზე ჩუქება გააფორმა. ჩავედი ქვემო ხვითში, ღობე ავხსენი, ეკლესიის ეზო გავადიდე და დავასუფთავე. გარჯაში რომ ვიყავი, ერთი მეზობელი გადმოვიდა მოსახმარებლად, მერე მეორე, მესამე. ცოტა ხანში ოციოდე კაცი მოვგროვდით. მეორე დღეს სოფლის გამგებელს მივადექით. ბევრი იწუწუნა, მაგრამ გზის რეაბილიტაციის თანხიდან, ალბათ ის ნაწილი, რაც სახლში უნდა წაეღო, ეკლესიის რესტავრაციისთვის გამოყო. გორში მივდექ-მოვდექი, არმატურა ვიშოვნე, ცემენტი კასპიდან ჩამოვატანინე, ხის მასალა ადგილობრივებმა შეაგროვეს, გავამაგრეთ საძირკველი, დავასხით სარტყელი, გადავხურეთ, ზარი, რომელიც სკოლას ჰქონდა წაღებული, დავიბრუნეთ და ეკლესიის ეზოში ჩამოვკიდეთ. მიტროპოლიტმა რომ ნახა ჩემი ნამოღვაწარი, ძალზედ გაიხარა, ცოტა ხანში არქიმანდრიტად მაკურთხა, თავის მოსაყდრედ გამომაცხადა და ციხებერდას მონასტრის წინამძღვრად დამნიშნა.
      ახლა ნატრიუმის ციანიდი მაქვს ერთ სანდო კაცზე დავალებული. იმ ჩემს მოამაგე მიტროპოლიტს სასმელ წყალში გავურევ და მოგჭამა ჭირი, ეპისკოპოსობა გარანტირებული მაქვს. ისე, კალიუმის ციანიდი სჯობს, უფრო სწრაფმოქმედია, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს. ამასწინათ ვიშოვნე, მაგრამ მოხმარება არ ვიცოდი და ცხელ ყავაში გავურიე. დალია, მაგრამ არაფერი დამართნია, თურმე კალიუმის ციანიდი სიცხეში თვისებას კარგავს.
      ***
      ეს რა მესმის, ადამიანების ხოცვაზე რა თავისუფლად ლაპარაკობენ. არავითარი შეცოდება, არავითარი შიში. არადა, გიუშას გარდა ორივე უნდა გრძნობდეს დანაშაულს. მაგრამ ფროიდს რომ არ აქვს ეს მოვლენა აღწერილი?! ეს ის შემთხვევაა, როცა “იგი” ავლენს უარყოფით მისწრაფებებს, მაგრამ “მე” და “ზე-მე” ვერ მოქმედებენ მასზე, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს სრულიად აქვს შეგნებული, რას აშავებს. რა უშლის ხელს ზენა გრძნობებს, გავლენა მოახდინოს ქვენა გრძნობაზე? რაღაც მდგომარეობა უნდა არსებობდეს “იგი”-სა და “მე”-ს შორის, რომელიც ხელს უშლის “მე”-ს, რომ აართვას “იგი”-ს უარყოფითი ენერგია, რაც ისეთი შებურულია, რომ ფროიდსაც კი გამორჩა. იქნებ, გადამეტებული ძალაუფლება? დიახ, ესაა “იგი”-ს გარეგნული შენიღბვა, “გამდის და ვაკეთებ”, რასაც “ქვე-მე” დავარქვი და რომელიც მოთავსებულია “იგი”-სა და “მე”-შორის. ამ შემთხვევაში, ადამიანი, შენიღბული მოსამართლის მანტიით, მღვდლის ანაფორით ან ექიმის თეთრი ხალათით საშინელებებს სჩადის, რადგან იცის, რომ ხელშეუხებელია. ქურდიც კი, რომელიც აშკარად მოძალადეა, მათთან შედარებით უცოდველ კრავად გამოიყურება, რადგან შენიღბვის გარეშე მოჰყავს მოქმედებაში “იგი”-ს პირველადი მოთხოვნები. შენიღბული “იგი” უარესია, რადგან მისი მატარებელი ადამიანი ბევრისთვის მისაღები და მისაბაძია.
      დიახ, “ქვე-მე” არის “ზე-მე”-ს შემაკავებელი “იგი”-სა და “მე”-ს შორის. ესაა ჩემი ცდის შედეგი, ჩემი თეორიის გამარჯვება.
      ნაწარმოები ხუთი თავისგან შედგება. ეს იყო მეოთხე თავი. გაგრძელების ლინკი პოსტის ბოლოშია.

თავი V

  • მიდი, გააგრძელე გიუშ, ბარემ ბოლომდე მოყევი, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს რას მოყვები.
  • საქართველოში დარჩენას აზრი არ ჰქონდა, “ბეზპრედელი” იყო, სადღაც მეც გამაბამდნენ და “მიმაბრიდავდნენ”, თან “წამალზე” “შევჯექი”, ვედრით ვისხამდი. “ნაბოს” ვაკითხავდი, მუდამ ჰქონდა ჩემთვის “სუფთა”. ვიზა გავაკეთე და გერმანიაში წავედი, კიოლნში. პატარა, კოხტა გერმანული ქალაქია. “სუბოტექსი” ურეცეპტოდ იყიდება აფთიაქში. იქ ნარკოდამოკიდებულებისგან განსაკურნად, რეაბილიტაციისთვის სვამენ “ლომკის” მოსახსნელად, ჩვენსავით ვენაში კი არ უშვებენ. ხალხი ბრიყვი, მიმნდობი, “ლუბოი” დროს “აჭმევ”. ომის შემდეგ მანდ ძარცვა არ მომხდარა, ბინის კარს არ კეტავდნენ. ჰოდა, შევკარი აქედან ჩასული ქართველი ბიჭების ბანდა და გადავუარეთ კიოლნს. მერე დიუსელდორფში გადავედით და იქ ვძარცვავდით ბინებს. მერე ფრანკფურტში. ახლა, ამას რატომ გიყვები. იქ ისე გაადვილებული იყო ძარცვა, რომ ეტყობა ყურადღება მოვადუნე, ფრანკფურტში “დავიწვი”, კარის სახელურზე ხელის ანაბეჭდები დავტოვე. საზღვარზე ხომ გვიღებენ ანაბეჭდებს, ჰოდა, შეუდარებიათ და მომადგნენ. დამიჭირეს, ციხეზე გადამიყვანეს. იქ ციხეა, სასტუმროში გეგონება თავი: ოთახი, ტელევიზორი, კომპიუტერი, სამჯერადი კვება. სანამ იქ ვიჯექი, 10 კილო მოვიმატე. ერთი კი გავიფიქრე, აქ ჯობია-მეთქი, მაგრამ ციხე მაინც ციხეა, “სვაბოდა” ტკბილია და დავიწყე გამოსვლაზე “ჩალიჩი”. თან ვხვდები, რომ “ჩალიჩს” აზრი არ აქვს. ანაბეჭდების გარდა “პადიეზდის” კამერამ დამაფიქსირა. ჩემ გარეშე ბიჭებს გაუჭირდათ “მუშაობა”. ჩემ გამოშვებაზე დაიწყეს ჩალიჩი. ვიღაც ებრაელი ადვოკატი აიყვანეს, ამბობდნენ სასწაულებს ახდენსო. იმას 100.000 ევრო წინასწარ მოუთხოვია, მეორე 100.000, საქმის გამოსვლის შემდეგ. წასულა ეს ებრაელი და სამი დღით თავის აგარაკზე ჩაკეტილა, კავშირზე არ გამოდიოდა. ბიჭებს ეგონათ “გადაგვაგდოო”, მაგრამ სამი დღის მერე მისულა. იმ სამ დღეში ჩემზე ცნობები მოუგროვებია, საქართველოდან გამოუთხოვია. მე შემომითვალა
    • ტყუპისცალი ძმა რომ გყავდა და რუსეთში რომ დაიკარგა, იმაზე ილაპარაკე, რომ ცოცხალია და გაგიჭირა საქმე, ყველგან დაგყვება და საქმეს გიფუჭებსო! სიმართლე გითხრა, აღარც მახცოვდა ჩემი ძმა – ვახო, 20 წლის დაკარგული იყო. თვითონ, ამ ადვოკატს, ვიღაც ცნობილი მეცნიერისთვის ფული მიუცია და ტელევიზიით ულაპარაკებია, რომ ტყუპებს, შესაძლებელია, რომ ერთნაირი თითის ანაბეჭდი ჰქონდეთ. ბიჭებისთვის დაუვალებია, რომ ვინმე კოლექციონერის ბინაში შესულიყვნენ და რამე ნივთი ჩემი თითის ანაბეჭდებით დაეტოვებინათ. ბიჭებიც შევიდნენ ვიღაც ნახატების კოლექციონერის სახლში, რაღაც ნახატი წამოიღეს, ადგილზე კი ჩემი “ზაჟიგალკა” დააგდეს.
      სასამართლოზე გამოვიდა ადვოკატი, ილაპარაკა და რა ილაპარაკა. რომ მე ანგელოზი ვიყავი და ჩემი ძმა მიფუჭებდა საქმეს. ამის გამო საქართველოდან გერმანიაში გადმოვიხვეწე, მაგრამ აქაც მომაგნო. სასამართლოს პოლიციიდან ცნობა წარუდგინა, რომელიც იუწყებოდა, რომ ჩემი ციხეში ყოფნის პერიოდში გაიძარცვა ცნობილი კოლექციონერის ბინა, სადაც ჩემი თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს. სასამართლო პროცესი დააგვირგვინა მოწმედ მოყვანილმა პროფესორმა, რომელმაც გაიმეორა ტელევიზიით ნათქვამი, ტყუპების ანაბეჭდების შესაძლო დამთხვევის შესახებ. ბოდიში მომიხადეს და სასამართლოს დარბაზიდან გამანთავისუფლეს.
      საქართველოში რომ ჩამოვედი, მართალია “ბეზპრედელი” აღარ იყო, მაგრამ ქურდებს დასდევდნენ. ქურდული სამყაროს წევრობა დანაშაულად ითვლებოდა. 100%-იან გადამგდებს, ნაბოზარს, “დააკაჩავებდი”, გიჩივლებდა და “სროკი” ზედ გქონდა. “ნაბოს” მივაკითხე, ნარკოტიკი აღარ ჰქონდა, რაღაც სოკოს ნაყენს სვამდა და იმით იგვრიდა ჰალუცინაციებს. მოკლედ, ისევ გერმანიაში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, ხომ გაგიგია, ექიმო. კოჩეტკოვზე ბებიაჩემი ცხოვრობდა, იტალიურ ეზოში, ერთსართულიან სახლში. თავისი ფანჯრების წინ პატარა ბაღი გაიკეთა, ყვავილებს უვლიდა. ჰოდა, წასვლის წინ ბებიაჩემს მივაკითხე სანახავად. ეზოში შევედი, ვიღაც მარგლავს ბებიაჩემის ბაღს. გამიკვირდა, მივუახლოვდი და რას ვხედავ, სტიოპა. რომ დამინახა, ბაღის “სეტკას” გადაევლო და გაიქცა. დავაძრე დანა და გამოვეკიდე. იმ შობელძაღლს, ბიბიაჩემის მეზობლად არ უქირავებია ბინა?! შევარდა სახლში და პურის დანის ქნევა დაიწყო. ეზოში, ონკანთან ტაშტი ეგდო, თავზე გადავიფარე და შუშაბანდში გადავუხტი. ორჯერ მომიქნია დანა, მაგრამ იღლიის ქვეშ რომ მიიღო ჩემი ამოქნეული “ყამა”, დანა ხელიდან გააგდო და მუხლებზე ჩაჯდა. ქურდი კაცი სიტყვას რომ იტყვის, უნდა შეასრულოს. თვალებში ჩავხედე, იქიდან ისევ სიკვდილი მიყურებდა. ყელი გამოვჭერი, მივაგდე და იქიდან “პლეტი” მივეცი. საზღვარზე ამიყვანეს. მშვიდად გადავდიოდი. არ მეგონა, საქართველოში ასე მალე თუ რეაგირებდნენ დანაშაულზე.
      ბოლოს წინასწარი დაკავების საკანში ვნახე “ნაბო”. ორივეს მკვლელობის მუხლით გვასამართლებდნენ, სასამართლოს ველოდებოდით. მე შეგნებული მქონდა ჩემი დანაშაული, ის “ახვარი” “დავბრიდე”. “ნაბო” კი, ვერ ხვდებოდა რაზე დაიჭირეს, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა.
    • მართალია, მკურნალობის დროს პაციენტი შემომაკვდა, მაგრამ ასეთები ხშირად ხდება, ზიგმუნდ ფროიდსაც მოუვიდა ასეთი რამ ნევროლოგიაში რომ მუშაობდაო.
    • ზიგმუნდ ფროიდი როგორ დავიმახსოვრე? სახელი და გვარი ლამაზად ჟღერს და დამამახსოვრდა. ჰო, მერე ეგ “ნაბო” აღარ გაუსამართლებიათ, ადვოკატმა “იჩალიჩა”, შიზოფრენია დაუდგინეს და საგიჟეთში გამოკეტეს.
      ***
    • ბატონო გოგი, ვინ არის “ნაბო”, ამდენს რომ ყვები მასზე?
    • “ნაბოს” ვეძახდით, ზარიძე იყო გვარად. სახელი არ მახსოვს. მასზე რაც ვიცოდი, უკვე მოგიყევით. ისე, ბოლოს სასამართლოზე ვნახე “ნაბო”. მაშინ მე მოსამართლე ვიყავი, ის ბრალდებული. მკვლელობის მუხლი ჰქონდა წაყენებული. შიზოფრენიის მკურნალობის რაღაც, თავისი მეთოდი ჰქონია შემუშავებული, პაციენტებს ნარკოტიკული თრობის ქვეშ ალაპარაკებდა. ფსიქიატრიაში ნარკოტიკის საშუალებით მკურნალობა რომ აიკრძალა, უფრო ღრმად შეუტოპია – შხამიანი სოკოს ნაყენის მიღებით გამოწვეული ჰალუცინაციური ბოდვის საშუალებით ცდილობდა ავადმყოფების განკურნებას. ერთი ავადმყოფი ალერგიული ყოფილა. ფილტვები შეშუპებია და დამხრჩვალა. არც თვითონ უარყოფდა პაციენტების შხამით მკურნალობას, უებარ საშუალებად მიიჩნევდა და თავის მეთოდს ამართლებდა, ამბობდა, უვნებელი წამალია, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილიო. მომხდარს უბედურ შემთხვევად თვლიდა და თავს იმით იმართლებდა, რომ კარიერის დასაწყისში მის მასწავლებელს – ზიგმუნდ ფროიდსაც მოსვლია მსგავსი შემთხვევა.
      პროკურორმა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. შრომა-გასწორებით კოლონიაში მოხდით.
      ადვოკატმა ფსიქიური მდგომარეობის ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. მე დავაკმაყოფილე ადვოკატის მოთხოვნა. ექსპერტიზამ “ნაბო” შეურაცხადად სცნო. ფსიქიატრის ლიცენზია გაუუქმეს და თავისივე საავადმყოფოს პალატაში გამოკეტეს მეორე სართულზე.
      ***
    • გამარჯობა მამაო, მშვიდობა შენს გამოჩენას!
    • ღმერთმა მშვიდობა მოგცეს!
    • აი, იმ სავარძელზე დაბრძანდი, თორემ მაგ სკამს ფეხი მოტეხილი აქვს. აბა, დავიწყოთ, მამაო, “ბიტკოინების” გამომუშავება გავიგე, იოლი ფულის შოვნის კიდევ რა მეთოდებს იყენებ?
    • ყველაზე მარტივი ტრასაზე დგომაა. მანქანას გააჩერებ და გვერდით დადგები. მღვდლის დანახვაზე მანქანები აჩერებენ, დახმარებას გთავაზობენ. შენ შესჩივლებ, რომ ბენზინი გაგითავდა და საყიდელი ფულიც აღარ გაქვს. როგორც წესი, ფულს გაძლევენ და მიდიან. ზოგი 10 ლარს გიტოვებს, ზოგი 20-ს. ერთ საათში 200 ლარამდე შოულობ, მაგრამ იმ ადგილზე დიდხანს დგომა არ შეიძლება, თორემ ვინც ფული მოგცა, უკან რომ გამოიაროს და დაგინახოს, მიხვდება რომ მოატყუე. ამისთვის მაგარი რამ მოვიფიქრე: ავტობანზე ვდგები, ცალმხრივზე, ისე, რომ “პროწივზე” მომავალი ვერ მხედავდეს. ვთქვათ, გამოიარა და მომცა ფული. უკან თუ დაბრუნდება, წავა თავის გზაზე ისე, რომ ვერ დამინახავს, “კრუგებს” ხომ არ დაარტყამს ჩემ გამოსაჭერად?! ჰო, გაცინო, ამასწინათ ტრასაზე ვდგავარ თბილისის შემოსასვლელში, “კარფურის” პირდაპირ და ვიღაცამ “ოპელი” გააჩერა. ვიფიქრე, ერთი 5 ლარს დატოვებს და წავა მეთქი. ჩემზე “შებერტყილი” გამოდგა, მოვიდა და მეუბნება:
    • მამაო, შენთვის რომ იშოვი, იქნებ მიწილადო, გაჭირვებული ვარო! – არ მომშორდა. სანამ იქ იდგა, ეგონათ მეხმარებოდა და კაციშვილმა არ გააჩერა მანქანა. მერე ვუთხარი
    • ოღონდ მომშორდი, რამდენი გინდა-მეთქი?!
    • 20 ლარიო! ამოვიღე 20 ლარი და მივეცი, თამ მივაწყევლე:
    • არამად გექცეს-მეთქი!
    • ქურდის ქურდი ცხონდაო! დაჯდა მანქანაში და წავიდა. მაგის შიშით, იმ ადგილზე აღარ ვდგები.
      ერთი კიდევ გადამეკიდა:
    • გინდა თუ არა, “ბენზოკალონკამდე” უნდა მიგიყვანოო! დამიდგა აღარ მშორდება. მოკლედ, თავისი გაიტანა, “ბუქსირზე” ჩამიბა და “ბენზოკალონკაზე” მიმიყვანა. არადა, “ბაკი” სავსე მაქვს, ორი ლიტრი ჩაეტია და დანარჩენი უკან “ამოარწყია”. მუხლებზე დავეცი და ხელები მაღლა ავღმართე
    • გმადლობთ ღმერთო, რომ შეისმინე ჩემი ვედრება და “ბაკი” გამივსე-მეთქი!. ის კაცი და “ზაპრავშჩიკი” ისეთი თვალებით მიყურებდნენ, მგონი მართლა დაიჯერეს სასწაული.
      უფულობის დროს უებარი საშუალება შეკვეთილი წირვაა. მრევლიდან ერთგულ ადამიანს სთხოვ, რომ შეკვეთილ წირვას ატარებ და ხალხი შეგიგროვოს. რომ შეგროვდებიან, ჩამოუვლის და ფულს აკრეფს. ზოგი 10 ლარს დებს, ზოგი 20-ს, ზოგიც მეტს. წირვას სულ ერთი საათი სჭირდება. მინიმუმ, 200 ლარი გროვდება, ნაკლებად არ ჩავატარებ, ისე, ერთ საათში 200 ლარს რომელ სამსახურში იშოვი? ხშირად არის შემთხვევა, როცა პერსონალურ წირვას გიკვეთავენ, მივდივარ ჭირისუფალთან და ვეუბნები:
    • 12 შეკვეთილი წირვა და მიცვალებულს სამოთხე გარანტირებული აქვს-მეთქი. ზოგი 24 წირვას გიკვეთავს. ალბათ ჰგონიათ, მათი მკვდრი გაცოცხლდება. მაგრამ რომ არ ცოცხლდება, ჭკუას სწავლობენ, მაგრამ უკვე გვიანია. ერთ ოჯახში ქალმა მამა დამარხა. მოხუცი იყო, 80-ს გადაცილებული. ვხედავ, მიცვალებულის ცოლი რიგში დგას, დღეს-ხვალ გაჰყვება თავის ქმარს, მაგრამ ვიწუწკე, დღევანდელი კვერცხი ვარჩიე ხვალინდელ ქათამს და 24 შეკვეთილი წირვა ჩავუტარე, თითო 200 ლარად. ცოტა ხანში მართლაც მიჰყვა ცოლი ქმარს. გულში ვთქვი, ალბათ ჭკუას ისწავლიდნენ და წირვებს აღარ შემიკვეთავენ-მეთქი. შენც არ მომიკვდე, ისევ 24 წირვა შემიკვეთეს. იმ ოჯახს 9600 ლარი ორ თვეში ისე “ავახიე”, მადლობლები დარჩნენ. აბა, პირდაპირ რომ მეთხოვა, ხომ არ მომცემდნენ?!
      კიდევ, ფულის შოვნის კარგი საშუალება მდიდარ ოჯახში შეღწევაა. ამისთვის მრევლს ვიყენებ. მრევლში ბევრია მოსამსახურე, ძიძა, მზარეული, რომელიც მდიდარ ოჯახში მუშაობს. აღსარებაში ყველაფერს მიყვებიან იმ ოჯახის შესახებ. თან მეწუწუნებიან, ვიჩაგრებიო! მე ვეუბნები
    • იმ ოჯახის რომელიმე წევრი ჩემამდე მოიყვანე და ისე ვიზამ, რომ აღარ დაგჩაგრავენ-მეთქი. ისინიც მთელი შემართებით ცდილობენ, რომ ოჯახიდან ვინმე გადმოიბირონ და ჩემამდე მოიყვანონ. ჩემზე სასწაულებს უყვებიან, მაცხოვარს მადარებენ. უფრო ხშირად ოჯახის დიასახლისი მოჰყავთ. ჩვენ, მღვდლები ფსიქოლოგები ვართ. ჩვენამდე მოსული ადამიანი მზადაა ყოველივე შენი ირწმუნოს. შენ კი, იმედი არ უნდა გაუცრუო, ის უნდა უთხრა, რაც მას აწყობს. არავითარ შემთხვევაში პირდაპირ არ უნდა აზიარო, თორემ მის თვალში ფასს დაკარგავ. ჯერ უნდა ამარხულო, მერე რაღაც სასჯელები მოუგონო. ამ პერიოდში ის იხსენებს თავის ცოდვებს და აგროვებს, რომ აღსარების დროს ერთბაშად მოიშოროს და ამ დროს წამოსცდება ისეთი რამ, რასაც თავის თავსაც კი არ უმხელდა. ამის შემდეგ შენ ხდები არა მარტო მისი საიდუმლოს, არამედ მისი ჯიბის მფლობელიც. სთხოვე რაც გინდა, აუცილებლად შეგისრულებს. ერთს ოჯახის მთელი ფული და ოქროულობა გამოვატანინე. ბოლოს გავწუწკდი და მოვთხოვე:
    • შენს ქმარს უთხარი, 30.000 ლარი ბანკის ვალი მაქვს, ეგ ვალი დამიფაროს და ყოველთვე 1000 ლარს გადავუხდი-მეთქი. ქმრისთვის რომ უთქვამს, ის დაეჭვებულა, ფულები გადაუთვლია და ცოლისთვის ანგარიში მოუთხოვია. იმ სულელსაც მიუცია. იმ ანგარიშში სულ ჩაწიკწიკებული ჰქონია: მამაოს ამდენი მივეცი, მამაოს იმდენი მივეცი. ქმარმა დამირეკა და დედის გინებით ამიკლო. არადა, ვიყავი გინების ღირსი? ერჩივნა თავისი სულელი ცოლისთვის მიეხედა.
      ჰო, კიდევ, იოლი ფულის შოვნა ბიზნესმენობითაც შეიძლება. მე, სკოლის სახელმძღვანელოს ბიზნესი დავატრიალე. მრევლიდან შევკრიბე ფილოლოგი, დაწყებითი სკოლის მასწავლებელი და ერთიც “კომპიუტერშიკი”. ავიღეთ იაკობ გოგებაშვილის დედაენა და გავუკეთეთ რედაქტირება, მოვარგეთ დღევანდელ სკოლის მოთხოვნებს. დაკაბადონებული წიგნი სტამბაში მივიტანე და დიდი ტირაჟით დავაბეჭდინე. ფული არ გადავუხადე, სამაგიეროდ სტამბა ვუკურთხე. იწუწუნეს, მაგრამ მერე შემეშვნენ. ჩამოვიარე სკოლები და დირექტორებს მოვთხოვე, რომ ჩემი წიგნი დამატებით სახელმძღვანელოდ შეეტანათ. ღმერთის სახელით ვთხოვდი და უარი არავის უთქვამს, I და II კლასის სახელმძღვანელო, 40.000 ცალი გავყიდე, თითო 5 ლარად. ხარჯი არ მქონია, 200.000 ლარი სუფთა ჩავიდე ჯიბეში. მეორე წელს სხვა სტამბა “დავაბოლე” და ასე დავდივარ სტამბიდან სტამბაში.
      რაც ქურდები, ზოგი დაიჭირეს და ზოგიც უცხოეთში გადაიხვეწა, დაჩაგრული ადამიანები სამართალს რომ ვერ პოულობენ, საშველად ჩემთან მოდიან. მეც მივყვები საქმის გასარჩევად. როგორც წესი, მოვარიგებ და გასამრჯელოსაც ვიღებ. თუ გაჯიუტდებიან, ეგეც არ მეშლება, ისე დავწყევლი, იმისი გვარი ვერ გაიხარებს. მღვდლის წყევლის ძალიან ეშინიათ. თუ წყევლამაც არ გაჭრა, მის ოჯახს სატანის ბუდედ გამოვაცხადებ და დასარბევად მრევლს მივუსევ. ამდენი ფანატიკოსი რომ მიუცვივდება სატანის ბუდის ასაოხრებლად, მერე გაჯიუტდეს თუ ბიჭია.
      “წამალში” დევს კიდევ დიდი ფული. აქამდე “ნაბოს” მივაკითხავდი ხოლმე, “წამლის” პარტიას ვართმევდი, ნაწილს ჩემთვის გადავდებდი, ნაწილს, ეკლესიებს ჩამოვუვლიდი და ნარკომან მამაოებში ვასაღებდი. ”წამლის” ჩვეულებრივ “ბარიგებთან” შედარებით დიდი უპირატესობა მქონდა, ვერა “მშმონავდნენ”. ისე, მეც მაგრად “შევჯექი” “დარმავოი” “წამალზე. თუმცა ამ ბოლოს, “ნაბოსთან” რომ მივედი, “წამალი” აღარ ჰქონდა, რაღაც შხამიანი სოკოს ნახარშით იგვრიდა ჰალუცინაციებს.
  • ვა, როგორ დაღამებულა, უკვე 12 საათია, მე წავალ, ხვალ კვირაა, დილის წირვა მაქვს.
    ***
    აი, დასრულდა ჩემი სამეცნიერო შრომა. შევძელი ყველაფერი ეთქვათ ჩემს პაციენტებს. მცირედიც კი არ დაეტოვებინათ გულში. წესით, უნდა განთავისუფლდნენ ცოდვებისგან, სრულყოფილების განცდა შეიგრძნონ. მეც მათთან ერთად ვხარობ. თითქოს აღსარება ჩამებარებინოს, ზიარება მიმეღოს, საამებლად სულისა და ხორცისა…
    ლამარა მოფრატუნებს ჩემი კაბინეტისკენ, კარს აღებს, სინათლე თვალს მჭრის, თვალებზე ხელს ვიფარებ. არ მიყვარს სინათლე, ფარვანებით ივსება ოთახი. ლამარა მეუბნება, გეჩვენება, ამ ზამთარში პეპლებს რა უნდა, თანაც, ფანჯრებიც დაკეტილიაო! მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ შემოდიან, ჩემი თვალით ვხედავ მოფარფატე პეპლებს. ლამარა ხელისგულზე დადებულ აბს და ჭიქა წყალს მაწვდის, თან გამომცდელად მიყურებს, დავლევ თუ მოვისვრი წამალს. მორჩილად ვიღებ ხელისგულიდან აბს, პირში ვიდებ და ენისქვეშ ვათავსებ. წყალს ვაყოლებ, მაგრამ წამალს არ ვყლაპავ. ლამარა ჭიქას მართმევს, ძილი ნებისას მისურვებს და კარისკენ მიფრატუნებს. ეგეც შენ, ხომ მოგატყუე?! აბი პირიდან გამოვიღე, ძირს დავაგდე, ფეხი მივკარი და კარადის ქვეშ შევაგდე. საზიზღარი წამალია, რამდენჯერაც დავლიე, იმდენჯერ, იმ საღამოს ჩემი პაციენტები აღარ მოვიდნენ. მკურნალობა რომ დავიწყე, მაშინ, ხომ მთელი ოთხი თვით დაიკარგნენ.
    (დასასრული)

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button