მოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე ობლის კვერი

ზოლიან პიჟამაში ჩაცმული მამაკაცი აგურებს ურიკაზე დებს და ეზოს ერთი კუთხიდან მოპირდაპირე კუთხეში გადააქვს. იქ გადმოცლის და მწყობრად ალაგებს კედლის გასწვრივ. დაწყობილ აგურებს სხვა ზოლიანპიჟამიანი მამაკაცი მეორე ურიკაზე ალაგებს და პირველ კუთხეში მიარბენინებს. ორივე ოფლშია გაღვრილი, მთელი დღე დაარბენინებენ ურიკებს.

ამას, ფსიქიატრიული საავადმყოფოს ენაზე “დიდი მშენებლობა” ჰქვია და ზედმეტად აქტიური პაციენტებისთვისაა ზედგამოჭრილიო, – მიხსნის ჩემი გამცილებელი სანიტარი. *** “ფოსტის გზაზე” ჯავახელმა სომხებმა “გაზ-51” რომ ჩამოაყენეს და მოსახლეობას ყველი შესთავაზეს, სოფლის მოედანზე რიგი დადგა.

როგორი ყველია? – იკითხა ერთმა,

ცხიმიანია? – ყველის ნამცეცი თითებით გასრისა მეორემ,

ბევრი გაქვს, ყველას გვეყოფა? – დაინტერესდა მესამე.

ღოლი, რა ღოლიი, ორფუთანი გარაჯივით ღოლიი! – ყველის უნახავს გაგხდის, ისეთი, ორი ფუთი, კარაქივით ყველიაო! – დაამშვიდა რიგში მდგომები ყველის გამყიდველმა.
კაცს პატარა გოგო ახლდა. ყველის ნაჭრებს ართმევდა და სახელდახელოდ მოწყობილ დახლზე მდგარ გირებიან სასწორზე წონიდა. დაგლეჯილტანსაცმლიან, გაწრიპულ გოგოს, დიდ, შავ თვალებში სევდა ჩასდგომოდა. დიდი ხნის დაუვარცხნელ, მოწითალო თმაში საჩვენებელ თითს მალ-მალე იყოფდა და თავს ისე იქექდა, ჩანდა, ტილების ნაკლებობას არ უჩიოდა.

ვისია ეს გოგო? – იკითხა ერთმა, სხვებისგან გამორჩეულად რომ ეცვა და ეტყობოდა, გავლენიანი კაცი უნდა ყოფილიყო, რადგან სოფლელები მოწიწებით ექცეოდნენ და “მიხაილოვიჩით” მიმართავდნენ.

ჩემი ცოლის დისშვილია, ობოლია! – ჩიქორთული ქართულ-სომხურ-რუსულით უპასუხა ყველის გამყიდველმა.

დამითმობ? ერთ თონე პურს მოგცემ! – ისე შესთავაზა “მიხაილოვიჩმა”, თითქოს რაიმე ნივთზე ევაჭრებოდა. ორ თონეზე ანუ 80 პურზე მორიგდნენ. ყველის გამყიდველმა ცარიელ ყველის გუდაში ორი თონე პური ჩაალაგა, შეხტა სატვირთოს ძარაზე და ჯავახეთისკენ ისე გასწია, ცოლის დისშვილისკენ არც გამოუხედავს. “მიხაილოვიჩმა” კი, ატირებულ გოგოს ხელი ჩასჭიდა და სახლში წაიყვანა.
… დატრიალდა ბედის ბორბალი, დაიწყო ობლის კვერმა ცხობა…
***
ეზოს შუაგულში შუახნის ქალი ცარიელ ტაშტში ჩამჯდარა და ნეტავ განახათ, რა გულიანად “ბანაობს”.

დოქსოპულო, დოქსოპულო, დოქსოპულო, – ბოლთას სცემს ერთი.

ჯამააა! – ღრიალებს მეორე. სანიტარი თავზე ხელებს იფარებს და ისე აგრძელებს სვლას. ეტყობა, უკნიდან მოულოდნელად თავში წამოტყაპუნების ეშინია. მეც იგივეს ვიმეორებ.

წამბაძველი, წამბაძველი, წამბაძველი – ალბათ, მე ვყავარ მხედველობაში, ბოლთისცემას აგრძელებს “დოქსოპულო”.

მომაწევინე! – “ჯამა” მომახლოვებია და დაჟინებით მიყურებს. სიგარეტის კოლოფს ვუწვდი. ორ ღერს იღებს, ერთს საფეთქელთან, ყურზე იმაგრებს, მეორეს პირში ირჭობს.

ცეცხლი! – მიბრძანებს “ჯამა” და სიბრაზისგან სახე გვერდზე აქვს მოქცეული.

თვალებში არ შეხედო! – ჩამჩურჩულებს სანიტარი. თვალებს ვხრი, ჯიბიდან სანთებელას ვიღებ და ვუწვდი.

ჯამააა! – დაიყვირა, შეტრიალდა, წავიდა და ჩემი სანთებელაც გაიყოლა. მაგას ვჩივი? შვებით ამოვისუნთქე.
***
გოგოს შოღაკატი ერქვა და 12 წლის იყო. დაბანეს, დავარცხნეს, სახელი კატოდ გადაუკეთეს, სამზარეულოში დაუგეს საწოლი და ხელსაქმეც გამოუნახეს.
დიდი სახლი ჰქონდა “მიხაილოვიჩს”, ორსართულიანი, მეორე სართულზე დიდი აივნით. დედ-მამასთან, ცოლთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა. ორი უფროსი ბიჭი, რომლებიც პირველი ცოლისგან ჰყავდა, 15 და 16 წლისები იყვნენ, თბილისში დედასთან ცხოვრობდნენ და მხოლოდ არდადეგებზე ჩამოდიოდნენ მამასთან სოფელში. უმცროსი ბიჭუნა – 2 წლის სიმონიკა, მოსავლელად კატოს ჩააბარეს.
დილით ადრე დგებოდა კატო. სანამ ბავშვი გაიღვიძებდა, სახლს მიალაგებდა, პატარას საჭმელს გაუკეთებდა. მერე, მთელი დღე ათამაშებდა, ასეირნებდა. საღამოს, დაძინებულ ბავშვს დედამისის საწოლში გადააწვენდა, ჭურჭელს დარეცხავდა და გვიან ღამით იძინებდა. ბედს შეეგუა, მალე ქართულად ალაპარაკდა, კითხვაც ისწავლა. მართალია, ოჯახის წევრად მიღებული არ იყო, მაგრამ არავინ ერჩოდა, მხოლოდ “მიხაილოვიჩის” ეშინოდა, თვითონაც არ იცოდა, რატომ.
ამასობაში, ორმა წელმა განვლო. გაიზარდა კატო, დამშვენდა, ქალური ფორმები მიიღო. შუადღით მოკიდებდა ბიჭუნას ხელს, გადიოდნენ ბაღის ბოლოში, ჩამოსხდებოდნენ კაკლის ჩრდილში, ბავშვს ზღაპრებს უკითხავდა, თან ოცნებობდა, როგორ მოვიდოდა მზეჭაბუკი, როგორ გამოსთხოვდა მის ხელს “მიხაილოვიჩს”, როგორ წაიყვანდა თავის ციხე-კოშკში, ეყოლებოდათ ბევრი შვილი, შვილიშვილი და იცხოვრებდნენ დიდხანს და ბედნიერად.
სიმონიკა ჭკვიანი ბიჭი გამოდგა, 5 წლისამ კითხვა ისწავლა და ზღაპრებს თვითონ უკითხავდა კატოს. არითმეტიკაშიც, ოცის ფარგლებში უკვე იცოდა მიმატება და გამოკლება.
კატო და სიმონიკა სულს ლევდნენ ერთმანეთზე, უერთმანეთოდ ცხოვრება ვერ წარმოედგინათ.
***
კორპუსის კედლები ნახატებითაა მოფენილი. რას არ ნახავთ აქ – ბავშვის ნახატებით დაწყებული, პროფესიონალი მხატვრის მიერ შესრულებული ნახატებით დამთავრებული. ერთ ნახატზე ნაძვია გამოსახული, ქვეშ მიწერილი აქვს – “ეს მე ვარ, რადგან ნაძვი ხიდზე ვერ გადის”. მეორე ნახატზე საავადმყოფოს პალატაა, კაცი წევს საწოლში. ფეხებიდან გამოსული ფესვები საწოლის რიკულებშია ჩახლართული. შემძრა ამ ნახატმა.

ეს ქალების კორპუსია, მომყევით, – მესმის სანიტრის ხმა. ნახატების თვალიერებას თავს ვანებებ და მივყვები. პალატაში შევდივართ. ერთი ავადმყოფი საწოლზე წევს და თვალები ჭერისთვის მიუშტერებია, ეტყობა, დამამშვიდებელი აბები ახალი მიღებული აქვს.

ხალხი არა ხართ, მაჭამეთ, მშია! – ჩივის ახალგაზრდა გოგო.

ვიხოდილა ნა ბერეგ კატიუშა – მღერის ზამბარებინ საწოლზე მოხტუნავე ქერათმიანი ქალი.
***
იმ ზაფხულს, ბიჭები არდადეგებზე რომ ჩამოვიდნენ მამასთან, კატომ ძველებურად, მეგობრული ურთიერთობა დაიჭირა მათთან. ბიჭებმა კი, სარდაფში შეიტყუეს და მასზე ძალა იხმარეს. თან მოკვლით დაემუქრნენ, თუ სიტყვას დაძრავდა. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ “მიხაილოვიჩმა” ეჭვი არ აიღო, ჩაუსაფრდა და თავზე არ წაადგა. ატყდა აყალმაყალი, ერთმანეთზე გადაბრალება, მაგრამ კატოს სიტყვა რას გავიდოდა შვილების ბრალდების წინააღმდეგ? შედეგად, “მიხაილოვიჩმა” ავხორცი და ოჯახის შემარცხვენელი კატო სახლიდან გამოაგდო, აბა, თავის შვილებს ხომ არ გაყრიდა?!
კატო თბილისში ჩამოვიდა, საქსოვ ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა და იქვე, ფაბრიკასთან ახლოს იქირავა ბინა. ოჯახიდან სამარცხვინოდ გამოგდებაზე უფრო, სიმონიკასთან განშორება ანაღვლებდა. მუდამ მისი სახე ელანდებოდა, მისი ხმა ჩაესმოდა. დრო გადიოდა, მაგრამ მონატრება კი არ მინელდა, უფრო მძაფრდებოდა.
ერთ კვირა დღეს, სოფლელი მეზობელი შეხვდა გზაში. ატამი ჰქონია ჩამოტანილი ბაზარში გასაყიდად. იმ გოგომ მოუყვა სოფლის ამბები: – “მიხაილოვიჩის” უფროს ბიჭს ცოლი მოეყვანა და ცალკე ცხოვრობდა. სიმონიკა ჩამოეყვანა თბილისში, სკოლაში შეეყვანა და თავისთან აცხოვრებდა. ეს რომ გაიგო, შესვენებაზე იმავე დღეს გაიქცა სანახავად. ბედად, სკოლა ფაბრიკასთან ახლოს იყო. ბევრი ძებნა არ დასჭირვებია. ეზოში განმარტოებულად მდგარმა სიმონიკამ კატო რომ დაინახა, გახარებული გაექანა, შეახტა და კისრზე ჩამოეკიდა.

ჩემო სიმონიკა, ჩემო სიცოცხლე! – ჩურჩულებდა კატო. ორივე ტიროდა და ერთმანეთს ეხვეოდა. ამის შემდეგ, ხშირად გადაირბენდა ხოლმე ფაბრიკიდან სკოლაში სიმონიკას სანახავად, ოღონდ, საიდუმლოდ ინახავდნენ მათი შეხვედრების ამბავს, თორემ აუცილებლად აუკრძალავდნენ.
კატო ვიღაც, უბნელმა ოთარამ შეირთო ცოლად, ბავშვიც შეეძინათ, მაგრამ ქმარი ჯიბგირი გამოდგა და მალევე დაიჭირეს. გამოვიდა, მერე ძარცვაზე დაიჭირეს და რვა წელი “მიარტყეს”. კატოს, რასაც სამსახურში გამოიმუშავებდა, ქმართან მიჰქონდა ციხეში თავანების ჩასაბარებლად. რომ გაუჭირდა, ერთდროულად ორ საქსოვ დაზგაზე დაიწყო მუშაობა, მერე სამზე, მერე ოთხზე. ორ ცვლაში მუშაობდა, დილის შვიდ საათზე რომ გადიოდა სახლიდან, ღამის თორმეტ საათზე ბრუნდებოდა. ბავშვის გაზრდაში მეზობლები ეხმარებოდმენ. ღამეში 4-5 საათი ეძინა. გადაიღალა, ფსიქიკა შეერყა. წვრილმანზე ნერვიულობდა, ტიროდა.
სიმონიკა მაღალ კლასებში სხვა სკოლაში გადაიყვანეს. ერთი-ორჯერ შეურბინა კატოს ფაბრიკაში, მაგრამ მერე მიივიწყა.
მალე ქმარი ციროზით დაავადდა. ციხიდან გაათავისუფლეს და სიცოცხლის უკანასკნელი დღეები სახლში გაატარა. კატო ქმრის “პერედაჩებისგან” გათავისუფლდა, სამაგიეროდ, არასრულწლოვანი შვილი ჯგუფურ ყაჩაღობაზე დაიჭირეს და ბავშვთა კოლონიაში გაამწესეს. ახლა, უკვე შვილთან მიჰქონდა “პერედაჩები” და “თავანის ფულები”.
ბოლო დროს აირია, ყველას უფრთხოდა. ამბობდნენ, ვიღაც კაცი დასდევს და იმას გაურბისო.
***
პალატის კუთხეში, საწოლზე, თავზე საბანშემოხვეული ქალი ზის.

კატო, შენ სანახავად მოვიდნენ! – ეუბნება სანიტარი. კატო საბნის ჭუჭრუტანიდან ცალი თვალით იყურება.

როგორ ხარ კატო? – ალერსით ვეკითხები.

ჩემო სიმონიკა, მოხვედი? რაღა როგორ ვარ, ყველა მე მჩაგრავს!

ვინ გჩაგრავს კატო? – ამ დროს საწოლზე მოხტუნავე ქერა ქალი იატაკზე ჩამოხტა, მოირბინა, კატოს თავში უთავაზა, გაიქცა, თავის საწოლზე ახტა და ხტუნაობა გააგრძელა. ეტყობა, “კატიუშას” სიმღერამ კატოს დაჩაგვრის სურვილი გაუღვიძა.

გეყოფა კლარა, ნუ ურტყამ კატოს! – ტუქსავს სანიტარი.

ხედავ, როგორ მჩაგრავენ?!

კიდევ ვინ გჩაგრავს კატო?

ერთი კაცია, დამდევს და თავი მოიკალიო, მეუბნება.

მოჩვენებები აქვს, – მიხსნის სანიტარი.

ბავშვობიდან ვიჩაგრებოდი, უპატრონო ვიყავი და იმიტომ!

ნუ გეშინია, კატო, ობლის კვერი ცხვა, ცხვა, გვიან გამოცხვაო, ხომ გაგიგია?!

გამოცხვა, მაგრამ გული მაინც ცომი დარჩაო! – მიპასუხა კატომ.
არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button