მოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე ოთო

ეს ჩემი ბიჭია, ოთო, თუმცა, რაღა ბიჭი, უკვე კაცია. იცით რა ვაჟკაცია, ენაცვალოს მამა! *** მე და ოთო ბავშვობის მეგობრები ვიყავით, სკოლაში ერთად ვსწავლობდით, ერთ კლასში და ინსტიტუტშიც ერთად მოვეწყეთ. ლექციებზე კი დავდიოდით, მაგრამ მაშინ აფხაზეთის ომი მძვინვარებდა, ვის ეცალა სწავლისთვის?! ლექტორებიან-სტუდენტებიანად ტელევიზორში ნანახ ცინცხალ ამბებს, ომიდან ჩამოსულ თვითმხილველთა მონაყოლით ვავსებდით და საქართველოს მომავალზე ვმსჯელობდით. ბოლო კურსზე რომ ვიყავით, აფხაზეთში წასვლა გადავწყვიტეთ. ჩემი ოჯახი გაგებით შეხვდა, მომიწონეს კიდეც გადაწყვეტილება, მაგრამ ოთოს მამამ, რომ იტყვიან, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა:

ერთადერთი შვილი ომში როგორ გაგიშვაო?! – ოთახში გამოკეტა და ფეხსაცმელები დაუმალა.
“იმელთან” ავტობუსი იყო ჩომომდგარი. ახალგაზრდები მოხალისეებად ეწერებოდნენ და ავტობუსში ადიოდნენ.
დილით გავუარე ოთოს. ქუჩიდან შევძახე. თავისი ოთახის ფანჯრიდან გადმოიხედა

მიდი, მე მალე მოვალო! – გამომისტუმრა. მართლაც, ცოტა ხანში მოვიდა. ძველი, ორი ზომით დიდი “ბათინკები” ეცვა. საწვიმარი მილით ჩამომძვრალა, სარდაფში ვიღაცის გადაგდებული “ბათინკები” უპოვია, ჩაუცვამს და “იმელისკენ” გამოქცეულა.
ავტობუსში ავედით. ცოტა ხანში, აეროპორტისკენ დავიძარით. ავტობუსი გაჭედილი იყო. რამდენიმე სამხედროფორმიან და ავტომატიან მამაკაცს შეამჩნევდით, დანარჩენები, სამოქალაქო ტანსაცმლიანი უიარაღო ახალგაზრდები ვიყავით. ფანჯრები კი ჩამოწეული იყო, მაგრამ ზეთის და დენთის სუნი, ოფლის სუნს ერეოდა და გულისამრევ, მძაღე სუნად ვრცელდებოდა.

მამაჩემი არ მაპატიებს, მაგრამ საქართველოს ახლა ვჭირდები, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდიო! – მითხრა ოთომ, ისე, რომ ჩემკენ არც გამოუხედავს, ჩაფიქრებული იყურებოდა ფანჯრიდან.
აეროპორტში რომ მივედით, სამი თვითმფრინავი იდგა აფრენის ნებართვის მოლოდინში. სოხუმის აეროპორტის დისპეტჩერი არ იძლეოდა რეისების შესრულების ნებას, რადგან ზღვიდან მტრის მიერ თვითმფრინავების ჩამოგდების შესაძლებლობას არ გამორიცხავდნენ.
ამასობაში, სოხუმიდან რეისი შესრულდა. დაჭრილები და დაღუპულები ჩამოიყვანეს.

ამან თუ გამოაღწია, მე შევალო! – თქვა ხომალდის კაპიტანმა და ტრაპზე ასვლა გვიბრძანა.
თვითმფრინავში ერთმანეთის გვერდით დავსხედით. ოთო გამხიარულდა, სიკვდილზე არ ვფიქრობდით, ვიცინოდით, ანეკდოტებს ვყვებოდით. სოხუმამდე ისე ვიფრინეთ, ვერ გავიგეთ. თვითმფრინავმა ზღვაზე წრე დაარტყა და დაშვება დაიწყო. ვხედავდით ზღვაზე მცურავი გემებიდან მანათობელ გაელვებებს. უკვე ვსხდებოდით, ხომალდის კორპუსი რომ შეზანზარდა. თვითმფრინავი თითქოს მოწყდაო, დაბლა დაიწყო ვარდნა. უკვე დასაჯდომ ზოლთან ახლოს ვიყავით, კორპუსი მიწას რომ დაენარცხა და გვერდზე გადაგორდა. მერე არაფერი მახსოვს. გონს რომ მოვედი, შავი, მახრჩობელა ბოლი იყო ჩამოწოლილი, ირგვლივ არაფერი ჩანდა, ოთო სადღაც მიმათრევდა. გაჩერდა, ზევით ავიხედე, ცის ნაგლეჯი დავინახე. ვიხრჩობოდი, ბოლი მგუდავდა. ოთომ ხელი მომკიდა, ასვლაში დამეხმარა. ხელები კორპუსს რომ მოვკიდე, გავარვარებული იყო, მაგრამ ძალა მოვიკრიბე, იდაყვებს დავეყრდენი და ამოვიწიე. სუფთა ჰაერი ხრიალით ჩავიდა ფილტვებში. მუხლებზე დავდექი, ოთოს ხელი ჩავუწოდე, რომ ამოსვლაში დავხმარებოდი, მაგრამ იმან ვიღაც ბიჭი ამომაწოდა. ქვევით სალონში შავი ბოლი იდგა, არაფერი ჩანდა. ამოვიყვანე ის ბიჭი. ახლა ვიღაც გონდაკარგული გოგო ამომაწოდა. ამოვიყვანე ის გოგოც. მუხლები მეწვოდა, ვეღარ ვუძლებდი. ჩავაწოდე ოთოს ხელი, მაგრამ ხელი არ მომკიდა. დავუძახე, ხმა არ გამცა. ჩასვლა დავაპირე, ამ დროს კორპუსიდან ცეცხლის სვეტი ამოვარდა და მიწაზე გადმომისროლა…
2010-ში გადმოასვენეს ოთოს ცხედარი თბილისში. ამოცნობაზე მამამისი არ წამოვიდა, არც გასვენებაში ყოფლა. სამხედრო პატივით დაკრძალეს ოთო დიღმის ძმათა სასფლაოზე.
***

აი, ეს ჩემი ოთოა, უკვე 45 წლისაა, მაგრამ ბიჭივით გამოიყურება. იცით რა ვაჟკაცია, ენაცვალოს მამა! – თავისი სადარბაზოს წინ ჩამომჯდარი, ჭაღარა, სიმპათიური მოხუცი, 20-22 წლის მოღიმარი ბიჭის გაცრეცილ ფოტოს უჩვენებს გამვლელ-გამომვლელს.
არდაშელ თაქთირიძელ

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button