ლიტერატურაპოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ცაზე მიდის ერთადერთი ..

ცაზე მიდის ერთადერთი
მოღუშული ღრუბელი.
იქ არ არის ეხლა ღმერთი,
ის ორთქლია გუბელი.

აი, ვრცელი მინდორ-ველი
იქ აღარ სდგას მრავალი,
ფეოდალი ძველისძველი,
მეფეთ შთამომავალი.

მორბის მთების ნაკადული
და მის კიდეს აწვება
სწორი, ნაბდით ჩახატული
საექსპორტო ნაძვები.

და გაისმის შორით-შორი
იდუმალი ქუხილი,
მოსდებია ველს ტრაქტორი,
არის შრომის დუღილი.

ცელქი ბავში მღერის „ლილეს“,
არ სჯის უთამაშობა,
რა კარგია სიყმაწვილე,
რა კარგია ბავშობა.

ატლანტიით ნიავი ჰქრის,
ის დაება ჯაგებით,
ცას მიეცა ფერი ჯიგრის,
ნაზი მოფარდაგებით.

მე ვუყურებ შემკრთალ შუქებს,
მიდის, მზე ესვენება,
წლოვანებას მიმსუბუქებს
მთა და ბარის შვენება.

ჩქარა მოვრჩე, თორემ რას ჰგავს,
კმარა ველი ტრიალო,
დავუბრუნდე მინდა დაზგას,
ჩარხი დავატრიალო.

გამოვჭედო, მინდა ბედი,
მიწას მივსცე მიწადი –
ოცნებები, დასავლეთი,
ეს მთა, ეს წელიწადი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button