ლიტერატურაპოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ცხოვრებასთან

1
დეე, შავბნელმა
სევდა-ნაღველმა
საბედისწეროდ
გაშალოს ფრთები,
დეე, მარადის
ფიქრის და ტანჯვის
წყლულმა წარტაცოს
გულს იმედები.
დეე, ღრუბელი
შავი და ბნელი
ეფინებოდეს
ჩემს სულის შვებას,
ჩემს გულის ფიქრებს
ვერვინ იტვირთებს
და არც არვის ვთხოვ
მე შებრალებას!

2
გულისა სწორი,
ფიქრთა მთაგორი,
მშვენიერება
ჩადრს დაიხურავს,
მაგრამ იქ, ზღვაში,
დაუღალავში
გედი ზღვის ტალღებს
აპობს, მისცურავს.
ვინ იცის, გედო,
ზღვა უიმედო
სად გადაგრიყავს
ან სად ჩაგძირავს?
ზღვის სახე ვრცელი
დაუნდობელი
მაშინაც ფხიზლობს,
როცა კი სძინავს!

3
სულ ერთი არის,
კუბოს კარამდის
უნდა იბრძოდეს
ადამიანი,
რაგინდ მარად დღეს
არ იბრალებდეს
ცხოვრება მწარე
და ნაღვლიანი.
რაგინდ მცირედი
რწმენა-იმედი
ყველასგან დევნილს
არ შერჩენოდეს,
დაუღალავად,
მუდამ და მარად
უნდა იბრძოდეს,
უნდა იბრძოდეს!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button