ლიტერატურამოთხრობა

ვასილ ბარნოვი – სოვდაგარი

1

  • ამბობენ, ქართველს ვაჭრობაში შნო არა აქვსო. ეს მართალი არ არის: მთელ დასავლეთ საქართველოს ეხერხება ვაჭრობა. თანხა არა აქვთ, თორემ ნახავდით, რა უნარს გამოიჩენდნენ აღებ-მიცემაში. აქათაც, ქართლ-კახეთშიც, ბევრმა შესძლო ვაჭრობის მოწყობა და თავი ისახელა.
  • ვინ ისახელა თავი? ათასში ერთი თუ ღონღილაობს. არამც თუ კერძოდ ვერ უძღვება ჩვენი კაცი ვაჭრობას, ამხანაგობებმაც ვერ შესძლეს სოვდის როგზე წაყვანა: ან დაიკეტნენ, ან დღე აქვთ დათვლილი.
  • ძალიან უიმედოდ უყურებ საქმეს! შენ სიტყვებში თუ ცოტა სიმართლეა, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ სხვანაირ ცხოვრებას ვატარებდით: ხმალ ქვეშ ვიყავით, წყნარი ცხოვრებისთვის არ გვეცალა და გამოცდილება გვაკლია. ნიჭით კი არ ჩამოუვარდებით არავის. მართლა და, რითი მჯობია თუნდ მე ვიღაც პაპარ-კონია, ან თავდიდა, ან ქოსა აბრია? რა იციან ჩმეზე მეტი, რითი არიან ჩემზე ჭკვიანნი? სრულებითაც არაფრით! გავა დრო, შევეჩვევით ამ ჩვენთვის ახალ საქმეს, გამოვიცდებით და კეთილად წაგვემართება ხელი.
    -ღმერთმა ქმნას! მე კი არა მჯერა, რომ ქართველმა ოდესმე გამოიჩინოს სოვდაგარობის ნიჭი.
  • ტყუილადა ხარ გულგატეხილი, ყმაწვილო! გეუბნები, ხელი მომიმართე,საქმე მომიწყე და დარწმუნებული იყავი, რომ ცხოვრების ბორბალი წაღმა დატრიალდება ჩვენთვის, ბედი გვეწვევა.

2
ასე ლაპარაკობდნენ დიმიტრი ბაქარიანი და მისი ძმა ბაქარ-ბეგი, სოფელ გადამწვარის აზნაურები. ბაქარიანთ საკმაო მამული ჰქონდათ, სახნავ-სათესი, ტყე და ზვარი. სახლი მაგარი ედგათ ქვისა. საბძელ-სახვავე თუ ბეღელ-სასიმინდე ჯერ ჯანსაღად გამოიყურებოდა, წელში არ იყო წახრილი, არც ჩამოფლეთილ-ჩამოწელილი. მაგრამ სახლ-კარის კეთილსანახაობა აწ გარეგნობაღა იყო, გული კი ფუყი ჰქონდა ამ ოჯახის კეთილდღეობას, დაყანდებული. იგი ოჯახი გარედან მტერს უყენებდა თვალს, შიგნიდან პატრონს.
ეს ყველაფერი ამ ცოტა ხანში მოხდა, როდეას მამულმა ჩვეულებრივი ნაყოფი ვეღარ მიუძღვნა პატრონს. მიწა ეხლაც წინანდებურად აბერტყავდა თავს უხვ კალთას მომვლელს, მაგრამ მის სიუხვიდან გადმონადენ კეთილს ეხლა სხვა გზა ეპოვნა, ბაქარაშვილების კარებს ასცდენოდა.
წინათ ბაქარიანთ ოჯახი დოვლათიანი იყო. პატრონს უღიმოდა. უვალო არ იყო. რაღა ქართველ კეთილშობილის ოჯახი იქნებოდა, უვალო რომ ყოფილიყო! ვალი ჰქონდა, მაგრამ შემოსავალი სახლსაც ჰყოფნიდა, სარგებელსაც პირნათლად უძღვებოდა, თავნ-ვალსაც შეაგლეჯდა ხოლმე ხორცებს. ეხლა მიწის მუშას ზურგი შეექცივნა მემამულისათვის და შემოსავალი უეცრად დაშრეტილიყო.
დიმიტრი შეაფიქრიანა ამ გარემოებამ და უმატა შრომას, აღარ დაზოგა თავი, ყველაფერი იკისრა, მაგრამ ფონს ვეღარ გავიდა, მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალია, შრომაში ხომ საბრალოა და საპყარი. რას გასწვდებოდა ცალი კაცი აუარებელ საქმეს შინ თუ გარეთ, როცა მშრომელმა ხალხმა მთლად ზურგი შეაქცია მას და მისთანებს!

  • კაცო, ბაქარ, ძნელი დღე დაგვიდგა და შენც დამეხმარე რამეში. შენ რომ მხარში ამომიდგებოდე, ჩვენს ბედს ვერ შეარყევდა ეს მოულოდნელი ქარიშხალი. თუ არა, დავიღუპებით: მამულს ვალში გაგვიყიდიან და კერას ჩაგვიქრობენ.
  • ნუ ხარ სულმოკლე, ძმაო დიმიტრი! ეს ამბავი დროებითია, წუთიერი, გაივლის რამდენიმე ხანი და ჩავარდება ქარიშხალი, ჩადგება წყალი ნაგუბარში. ისევ ისე დავიწყებთ ცხოვრებას, როგორც გვიცხოვრნია აქამდის, როგორც უცხოვრნია ჩვენს მამა-პაპას, როგორც შეჰშვენის ჩვენს კეთილშობილებას.

3
ბაქარ-ბეგი ამას გულწრფელად ამბობდა. იმას უშრომლად გაეტარებინა თავისი დღენი უჯაფოდ ეცხოვრნა გემრიელად და ვეღარც კი წარმოედგინა ისეთი დრო, როცა შეიძლებოდა კეთილი ცხოვრება მოჰშლოდა. იმთავითვე მადლიანად გადაეშალა ბაქარბეგს ცხოვრება და შეაჩვია უზრუნველობას.
ბაქარი უმცროსი შვილი იყო ბაქარიანთ ოჯახში და ხელისხელ საგოგმანები, რადგან იმის მამას, პაატა ბაქარიანს პირველ ვაჟის შემდეგ ზედიზედ ქალები გაუჩნდა და ამან დააღონა მეუღლეები. ბავშვი ისე სათუოდ აღზარდეს, თითქო ვინმე ბატონიშვილი ყოფილიყოს. ნებივრობა ხვედრი შეიქმნა ამ ბავშვისა, ცივ ნიავს არ ადენდნენ.
ცტა გვიან გაიმეტეს სასწავლებელში მისაცემად. სკოლის მძიმე უღელი ვერ აიტანა და სამი წლის შემდეგ ბაქარი სამუდამოდ დაბრუნდა სახლში. განა უნიჭო იყო, მაგრამ სწავლას შრომა უნდოდა, იმან კი არ იშრომა, დავრუნებულ ბაქარს სახლში ჯერ ყველა აემზირა, სოფელშიაც რამდენჯერმე დასცინეს, მაგრამ მისმა მშვიდმა თვალებმა, მოსიყვარულე ხასიათმა, მისმა გულკეთილობამ და სუფთა ქცევამ ყველა შეარიგა მასთან, ყველა დაუმეგობრდა. სცხოვრობდა ბაქარი სახლში ნებივრად, წყნარად; ალაღებდა ხორცს, აღორძინებდა. ისეთი ვაკაცი გადიფურჩქნა, მტერსაც ეამებოდა მისი შეხედვა.
შუა ტანისა იყო ბაქარ-ბეგი, მოხდენილად ნაგები, თეთრ-წითელი, ფუჩფუჩი. გვერდზე გადავარცხნილი რბილი თმა ყურებამდის სწვდებოდა. სუფთად შენახული ბურცა ხელი არქიელის თათს უგავდა საკოცნელს. მშვენიერი ულვაში გაეზარდა, გრძელი, ბოლო ულვაშებს უმატებდა და ისეთი ყავღიანი ულვაშები საგანგებო ბიღებადა დგებოდა. ბაქარ-ბეგი ლაპარაკში წყნარად გადისვამდა ულვაშზე ხელს და იტყოდა:

  • მაშ ეს ულვაში მომპარსე, თუ…
    და იცით, რა უბედურება იქნებოდა ბაქარ-ბეგისათვის, მართლა რომ მოეპარსნათ მისთვის ულავშები? რაღას ეგვანებოდა. ბაქარ-ბეგი უულვაშებოდ?! რქებ მომტვრეულ ჭოტას დაემსგავსებოდა დაუშნოებულს. ყურთმაჯიანი კაბა, ვერცხლის ქამარ-ხანჯალი, ფირუზის ბეჭედი, კალმუხის ქუდი ჩატეხილი, დაკრიალებული ჩექმები. ძალიან თვალს ადევნებდა ბაქარი სისუფთავეს. საუბარი ჭკვიანური იცოდა, მოხერხებული, დინჯი, თავაზიანი. ხმა ლბილი ჰქონდა, ნაღებივით ნოყიერი. ზალიან თავდაჭერილი კაცი დადგა, ფხიზელი, სუფთა ქცევისა.
    სწორედ სასიამოვნო ვაჟკაცი იქნებოდა ბაქარ-ბეგი, რომ მთლად უქნარა არა ყოფილიყო. საქმეს არ ეწყობოდა, საქმე სძულდა; საქმის დანახვაზე სული ეხუთებოდა, გულს ეყრებოდა. დიდი უბედურება იყო მისთვის შრომა, ჭეშმარიტად წყევა ღვთისა, და რახან თავისი დღენი უქმობაში დაელივნა, ვერც ეხერხებოდა მუშაობა: საქმე ხელიდან უვარდებოდა, წვალობდა, იტანჯებოდა. რა საბრალო სანახავი იყო ბაქარ-ბეგი საქმით ხელში! გული მოუკვდებოდა გულჩვილს მის დანახვაზე.

4
ბაქარ-ბეგს ნირი შეუშალა ახალმა ხანამ, აუფურტკნა დაწმენდილ-დაბზინებული ბეწვი, მაგრამ ის ჯერ აბრუს არ იტეხდა და იმ იმედითა სცხოვრობდა, რომ უწინდელი მზა სუფრა დაუბდრუნდებოდა. სცდილობდა ეს იმედი თავის ძმის გულშიაც ჩაენერგა, რომ უიმედობას არ მისცემპოდა ის და უღონოდ არ ჩამოეყარნა მშრომელი მკლავები. მაგრამ როგორღაც ვერა სრულდებოდა ბაქარის იმედი: ცხოვრება წინანდელ კვალში ვეღარ დგებოდა, თუმცა აქათ-იქიდან სცდილობდნენ ნაჩვევ არხისკენ დაერუვებინათ იგი. ბაქარიანთ ოჯახიც თანდათან ძაბუნდებოდა, ირყეოდა, ჭრიალი გაჰქონდა და დიმიტრის მშრომელი მარჯვენაც ვეღარ, იმაგრებდა საზირკველიდან შერყეულ სახლს.
შეტორტმანებული და ბალანაშლილი ბაქარ-ბეგი კი ჯერ ისევ ალმაცრივ უმზერდა ყოველგვარ საქმეს, ჯერ ისევ განზე იწევდა ყოველგვარ შრომისაგან. ეხლა ის უფრო ხალხში იყო, სანამ შინ. დროებით ენახსნილი ხალხი აჭიკჭიკდა უცხო ჰანგებზე და ბაქარ-ბეგიც აქ ხავათ ქარგაში ჰგრძნობდა თავის თავს. ლაპარაკის მუსუსი, საუბრის ეშხის მცოდნე ენას იქავლებდა კრებებზე დუქნების წინ, სოფლის სამმართველოში თუ საყდრის გალავანში. ხალხს მოსწონდა მისი დარბაისლური საუბარი, გასართობად მიაჩნდა მისი დარბაისლური საუბარი, გასართობად მიაჩნდა მისი სიტყვა და ერთხელაც არ შეუხედნია მისთვის მრუდედ, არ აღელვებულა მის წინააღმდეგ, არ განუზრახავს მასზე ძვირი, თუმცა სხვა იყო იგი, სხვა წოდებისა; ბაქარ-ბეგი უვნებელი იყო სოფლისათვის, მისგან წყენა არავის ახსოვდა; ეს ბუნებით კეთილი და ზრდილი კაცი ვერ იქნებოდა ავის მქმნელი. იგი კეთილის მოსურნე იყო ყველასათვის და რომ მის ხელთ ყოფილიყო, იხსნიდა სოფელს ყოველგვარ გასაჭირისაგან, ხოლო უპირველესად გაანთავსუფლებდა ყოველგვარ მუშაობისაგან, რადგან შრომა მიაჩნდა თავისთვის და ყველასათვის უმთავრეს უბედურებად.

  • სწორედ შეუჩვენებია ადამიანი შემოქმედს უნდა ჭამოს პური ოფლითა თვისითა ამნ უხვ ქვეყნიერებაში, მარტო ადამიანი რად უნდა ჩასცქეროდეს შავს მიწას და ალტობდეს მას თვის ოფლით თუ ცრემლით! – ფიქრობდა გაკვირვებული ბაქარ-ბეგი და ვერ გაეგო, რად უწოდებდნენ შემომქმედს სამართლიანს და მოწყალეს, როდესაც ადამიანისათვის ესეთი ტვირთი აეკიდნა, მძიმე, უფერი, დამამცირებელი.
    ახ! არ მოსწონდა შრომა ბაქარ-ბეგს; არ მოსწონდა ახალთაობის პირში მიწოდება შრომისადმი, – მხოლოდ ეს არ მოსწონდა. ეშინოდა, მისთვისაც არ დაედგათ ფაფუკ ქედზე ეს შეუსაბამო უღელი შრომისა; თავს იქნევდა, უკან-უკან იწევდა, რაკი დაინახავდა ამ უღელს სამისოდ ამართულს და იკვებებოდა იმ იმედით, რომ დაუბრუნდებოდა მას უწინდელი ტკბილი დრო განცხრომისა.
    მაგრამ ცხოვრება ყურადღებას არ აქცევდა ბაქარ-ბეგის გულისთქმას, იგი დიდის სისწრაფით მიექანებოდა საითღაც და უფრო და უფრო უჭერდა უქნარებს მარყუშად გამონასკულ საბელს.

5
აი ამ დროს დაადგა უნებლიეთ ჩაფიქრებული ბაქარი იმ აზრს, რომ რაკი მეტი გზა არ არის და შრომა აღარ ამცდება, სჯობს ვაჭრობას მივყო ხელიო: რაც უნდა იყოს, ოფლის საღვრელი ხელობა არ არის; ისიც შესაძლოა, სოვდაგრობით ადამიანი გამდიდრდეს და უზრუნველყოფილი შეიქმნესო. ეს თავისი ახალი ფიქრი ამცნო თავის ძმას დიმიტრის და რამდენჯერმე გაუმეორა, მაგრამ დიმიტრი ეჭვით უყურებდა ბაქარის საქმიანობას და ვერა ჰბედავდა აესრულებინა ძმის წადილი.
ცხოვრება კი თანდათან ძნელდებოდა და ბაქარიანთ საქმე სახრინავზე მიდგა. საგონებელში ჩავარდა დიმიტრი. მისმა გამოცდილმა თვალმა შეატყო, რომ მამულის მოვლას და საქმის წაღმა დატრიალებას ვეღარ შესძლებდა; რომ მამული ვეღარ იტვირთებდა ოჯახს და თითონაც ჩაიჩეხებოდა სვავ-ყორანთა გასახაროდ. დაასკვნა, როგორმე სხვანაირად ეშველნა წამხდარ საქმისათვის.
სწორედ ამ დროს მიჰმართა დიმიტრის დიდმა ბატონმა, რომელიც თითონ საზღვარგარეთ სცხოვრობდა მამულის შემოსავლით, ხოლო მის ქონებას განაგებდა დაქირავებული მოურავი. წინანდელი მეთვალყურე დაეთხოვნა და ახალს ეძებდა.

  • … გთხოვ კეთილსაიმედო ვინმე მიშოვო მამულის გამგებლად. თითონ შენ რომ თავს იდებდე ამ საქმეს, ბედნიერად ჩათვლიდი ჩემს თავს. შენი მამულის მოვლას შენი ძმაც შესძლებს და, მოდი, პატივი მეცი, ჩემს მამულში ჩადექი. თვეში ათ თუმანს მოგცემ. ვიცი შენი პატიოსნება, შენი უნარი და ვგრძნობ, რომ მეტი ეღირება შენი შრომა, მაგრამ ჯერ მეტს ვერ აიტანს მამული, შემდეგში კი შენ გასამჯელოს წაემატება შენისავე საქმიანობის შემწეობით, – სწერდა ბრწყინვალე თავადი.
    დიმიტრისათვის ეს წინადადება მისწრება იყო. დაასკვნა დასთანხმებოდა.
  • მამულის მოსავლელად მოჯამაგირეს დავიჭერ და მეც ხანდისხან დავხედავ. ბაქარიც შესძლებს ცოტაოდენ ყურის გდებას. თითონ ბაქარს ავუსრულებ სურვილს: მოვუწყობ დუქანს და დეე, შეუდგეს საქმეს. იქნება ღმერთმა ქმნას და ვაჭრობაში ნიჭი შეაჩნდეს, – ფიქრობდა.

6
სოფელი გადამწვარა თითქმის ნახევარი სომხებისაგან შესდგება. იმათ ცალკე ეკლესიაცა აქვთ იქ. ვაჭრობა მათ ხელში იყო. შუა სოფელში შვიდი თუმანი ჩაემწკრივებინათ. სოფელს შუა ადგილი ეჭირა იმ არემარეში და გარშამო სოფლები იქა ვაჭრობდნენ. დუქნების მწკრივი ბაქარიანთ ბაღჩასთან თავდებოდა. ყველაფერი მოიპოვებოდა დუქნებში: სანოვაგე თუ სასმელები, საციქველი, ფეხთსაცმელი, წვრილმალი; ქალაქის თუ სოფლის საქონელი. ჰყიდდნენ ნაღდზე, სცვლიდნენ სოფლის საქონელზე, რომ ერთიორად გაესაღებინათ სოფლელებზევე. გარდა ამისა თვითეული ამ დუქანთაგანი წარმოადგენდა გამსესხებელ სალაროს, რადგან ყველა მედუქნე თანაც მევახშე იყო. თუმცა ეს ხელობა მაინცდამაინც ვერ ასუქებდა გადამწვარელ მედუქნეებს, რადგან უმთავრეს გამსესხებელ ბანკს წარმოადგენდა სესია ღვარძლიანის სახლი, რომელსაც დიდი თანხა ჩაეგდო ხელში და მის ძალით სისხლსა სწოვდა იქავრობას.
დიმიტრი რომ დაჰყვა ბაქარს, გაეხსნა მისთვის დუქანი, იმანაც აცდინა, რომ დუქნის დაქირავება არა სჭირდებოდათ. რა ადვილი იყო მათთვის დუქნის გაკეთება და სარგებლობა, ეს ცხადად დაუხატა დიმიტრის ბაქარმა.

  • კაცო! ეს ბაღჩა გზის პირას არის, ბაღჩის ღობე თავდება სახლთან, დიდ ოთახის კედელთან. ავხსნათ ეს კედელი, იმის მაგივრად გავმართოთ დარაბები და დუქანი გამოვა მშვენიერი. ბაღჩა შუაზე გადიღობება და ამგვარად დუქანს ექნება საგრილობელი ადგილიც და ცხენის თუ ურმის სადგომიც. ის ხარჯი, რაც დუქნის გაკეთებაზე მოგვივა, არ არის დაკარგული: ჯერ ის, რომ დუქნის ქირას არ გავიღებთ; დუქანი რომ ზედ სახლზე იქნება მიდგმული, იმასაც დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენთვის, რადგან მე შემეძლება მუდმივი თვალყური მეჭიროს დუქანზედაც და სახლზედაც. ვსთქვათ, საქმე ვერ წარგვემართა. არა, დარწმუნებული ვარ, რომ საქმეს მშვენივრად მოვაგვარებ, მაგრამ მაინც საბრძოლველად გასულის მხრივ თავხედობა იქნება, აიჟინოს, გინდა თუ არა, მე ვძლევო. ჰო, ვთქვათ, ღმერთმა არ ინება დახარჯული, რადგან შეგვრჩება ხელში მშვენივრად მოწყობილი საკუთარი დუქანი, რომელიც ყოველთვის შეგვეძლება კარგ ფასში გაავქირავოთ.
  • კაცო ბაქარ, კარგად ჰლაპარაკობ და ჰაზრიანად; ჭკვაში მიჯდება შენი სიტყვა. იმ დიდ ოთახის მოჭრით ჩვენ სახლს არ დააკლდება რა, სამი ოთახი კიდევ დაგვრჩება და სხვა შენოები; დუქანი კი და მერე ეზო-ბაღჩიანი კარგ ფასში გამოვა, – მიუგო ბაქარის საუბრით მოხიბლულმა დიმიტრიმ და მიჰყო ხელი საქმეს.
    დიმიტრი ხომ მაინც ყოველთვის მოსწონდა ბაქარის სიტყვა.
    ჰაი დურგალი, კალატოზი, ჰაი მუშები, მასალის ზიდვა და ორ კვირაზე დუქანი გამოიჭიმა შენი მოწონებული. პეტრე დურგალი რომ დარაბებსა და ყაფაზებს აკეთებდა., ფიშტაღს რომ სდგამდა და დუქნის მოწყობაზე მუშაობდა, თან თავს იქნევდა, გაკვირვებული იძახოდა:
  • აი დიდება შენდა, ღმერთო! იმ დღესაც მოვესწარ, რომ კეთილშობილებმა ვაჭრობას მიჰყვეს ხელი…
    ბაქარ-ბეგი თავს დასტრიალებდა მუშებს და დინჯად განუმარტავდა:
  • ვაჭრობა, ჩემო კარგო, სუფთა ხელობაა და სრულებითაც არ არის საძრახისი. კეთილშობილნიც უკვე გამოვფიხიზლდით და შევიგენით, რომ შრომა არის წინდი ხალხის ლეთილდღეობისა და წარმატებისა. ხომ გესმით, ეხლა როგორ ყველა აქებს და ადიდებს შრომას.
    მუშებს კი ესმოდათ, რა საქებ-სადიდებელიც იყო შრომა, ქედზედ ჰქონდათ იგი გამოცდილი და კანზედ ნაგრძნობი, მაგრამ როგორღას ეჭვით შეჰყურებდნენ ბაქარ-ბეგის შრომისადმი ახლად გაღვიძებულ ტრფიალს და უნდოდ აქანებდნენ თავს.

7
დასრულდა დუქნის მზადება, გაივსო იგი ათასნაირ სავაჭროთი. სოფლის საქონელი ხომ თითონცა ჰქონდათ და იქვეც იყიდეს, ქალაქის საქონელიც დიმიტრიმ თავის ხელით უვაჭრა ყოველივე. დაიქირავეს ბიჭი, დადგეს სასწორი, დაჰკიდეს დერეფანში ლიფლიფა, დადგეს ბაღში მაგიდა. ყველაფერი მარდად მოაწყეს, რადგან დიმიტრის ეშურებოდა თავის ახალ შრმოსაკენ, დაყოვნება აღარ შეიძლებოდა.

  • ძმაო დიმიტრი! ხომ ამოდენი სიკეთე მიყავი, საწადელი ამისრულე და მოდი, ერთი სიტყვაც მომისმინე, საქმე სასიამოვნოდ დამიმთავრე.
  • კიდევ რაღა უნდა გავაკეთოთ, კაცო?!
  • ისა, რომ ავასრულოთ მამ-პაპის წესი და ჩვეულება: ხვალ კვირაა, პარაკლისი ვახდევინოთ, ვაკურთხებინოთ ახალი დაწყებულება ჩვენი, იაზმა ვასხურებინოთ. მღვდელ-დიაკვანი ხომ იქნება და ერთი-ორი ქეთხუდა კაციც დავისწროთ, მცირე რამ საუზმე მივართვათ, დავალოცვინოთ.
  • კარგი და პატიოსანი, მაგრამ ხარჯი რომ ხარჯს ემატება და იზრდება, – სთქვა დიმიტრიმ დაფიქრებულმა.
  • მართალია, მაგრამ საქმისათვის ემჯობინებინა ესე მოვიქცეთ: პატივისცემა ხალხს გულს დაუხვევს ჩვენკენ, ხათრს გაუძლიერებს, სიყვარულს დაუნერგავს, შემოგვაჩვევს და ეს ხომ მუშტრის შეჩვევა იქნება, რადგან სწორედ ეგ ხალხი უნდა გახდეს ჩვენი მუშტარი.
  • მაგას კი მართალს ამბობ!
    მეორე დღეს პარაკლისის შემდეგ მცირე რამ საუზმე გამართეს რჩეულთათვის: ყველი, მოთალი, ტარხუნა, მწვანილეული, ღვინო-არაყი, ზურგიელი, ორიოდ შამფური მწვადი. მოიმხიარულეს, ისაუბრეს, იოცნებეს, წარმატება უსურვეს ახალ საქმეს. დიმიტრის გზა დაულოცეს; გულწრფელად დაინანეს, რომ იმისთანა პატიოსანი და კეთილი კაცი დროებით ჰშორდებოდა სოფელს.
  • კაცო, ეს ჩვენი საუზმე სადილს დაეგვანა! ბევრ სადილს მოუცავდება ამ ტკბილ სუფრასთან.
    მეგობრულმა პურის ჭამამ და ტკბილმა ჭუკჭუკმა თბილი შთაბეჭდილება მოახდინეს დიმიტრიზე და წაახალისეს.
  • სწორედ ჭკვიანი კაცია ეს ჩემი ძმა ბაქარი! რას ეგვანებოდა, ისე დაგვეწყო საქმე, არ დაგველოცვინებინა მეზობლებ-მეგობრებისათვის, ან მე ისე წავსულიყავი, არავის დავმშვიდოებიყავ?! უჟმურობა გამოვიდოდა ეს, უზრდელობა, – გაიფიქრა გულაჩუყებულმა დიმიტრიმ.
    უფრო კი ის მოეწონა დიმიტრის, რომ საუზმეზე ბაქარი ზრდილობიანად და მეგობრულად ეპყრობოდა სესია ღვარძლიანს, თითქმის გულში ჩაუძვრა იმ უჟმურ კაცს, მოხიბლა და კეთილის თვალით მიახედნა ბაქარიანთ დაწყებულებაზე, ამ ნავს ადამიანის დაძლევა და გადმობირება ბრძოლის მოგებას უდრიდა, რადგან იგი საშინელ ძალას წარმოადგენდა სოფელში.
    და როგორ წყნარად, დინჯად, ზრდილობიანის სიამაყით, თითქმის მფარველობით ეპყრობოდა ბაქარი იმ ღვთის გარეგან მოვახშეს, როგორ ადვილად დაიმონა ის ეჭვით სავსე ადამიანი და მოხიბლა სიტყვით!
    აგრილებისას სხვებმაც შეიარეს ბაქარიანთ ეზოში დუქნის დასათვალიერებლად. მეზობლების დედაკაცებმა და ქალებმაც გადაისეირნეს. მათში ერია სესიას დონცხო გოგოც. მორთულიყო ღვარძლიანთ მარეხა და ტოლ-სწორში წითლად ღადღადებდა.
    არც ეს მოსეირნე ხალხი დასტოვა ბაქარმა უყურადღებოდ: ყველას ხმა გასცა, მიუალერსა, აამა. მეტადრე რაინდულად მოექცა მარეხს და თავი მოაწონებინა ტოლ-სწორში. ბაქარი რომ მარეხს საალერსოს ეუბნებოდა ტკბილის ღიმილით, ქალი სიამოვნებით აღელდა, თეთრი ყელი გადააგდო, ჩაფუებული მკლავები გადაყარ-გადმოყარა, გაითხლიშა.

8
ბაქარს მუშტარი პირველსავე ხანში მიაწყდა. სასმელები, ჩაი-შაქარი, მარილი, მარცვლეულობა, თევზეული, ხორცი, ლილა-საპონი, კევი და ყოველივე კეთილი მოიპოვებოდა ბაქარისას, პირიანადაც იყიდებოდა. ურმები და ყოველგვარი ეტლი, მგზავრი – ცხენიანი თუ ფეხით მალე შეეჩვივნენ დუქანს, რადგანაც კარგად მოწყობილი ეზო ჰქონდა და ფართო თავლა. თითონ დუქნის პატრონს ხომ ქება აღარ უნდოდა: გულკეთილი სოვდაგარი გამოდგა, მართალი, პატიოსანი, მომთმინო. მუშტარი დღითიდღე მატულობდა. მართალია, ყველა ნაღდზე ვერა ყიდულობდა, ნისიად გაჰქონდათ, მაგრამ რა უშავდა? რომელი დუქანი და მაღაზია ვაჭრობს უნისიოდ, რომ ბაქარ-ბეგს ევაჭრნა მხოლოდ ნაღდზე?!

  • არაფერიც არა უშავს რა! ჩვენებიანთ ივანემ წაიღო ნისიად, ცოტა რამ ნაჩხატაანთ კონამ, მღვდელმა ჩაი-შაქარი, სესია ღვარძლიანმა რამდენიმე რამ. განა ფული არა აქვთ თუ გინდ სესიას, თუნდ მღვდელს, მაგრამ ალბათ ხელად არ იყო. თავის დროზე ჩამაბარებენ. არაფერი დაიკარგება, ყველაფერი მიწერია დავთარში, – იმედეულობდა ბაქარი და ულვაშქვეშ უღიმოდა დაწყებულ საქმეს.
    სწორედ ხელსაყრელი საქმე გამოდგა ბაქარისათვის ეს სოვდაგრობა: შრომა არავითარი არ სჭირდებოდა. უბრძანებდა დუქნის ბიჭს, პირი დაებანინებინა; გადივარცხნიდა თმას, ილოცამდა, გადისვამდა ხელს ულვაშზე და დინჯად გავიდოდა დუქნის გასაღებად. ბიჭი დაიჭირა ბაქარმა, ერთი პატარა – ხელზე მოსამსახურე, მეორე დიდი, დახლიდრობას ასრულებდა. თითონ ბაქარი თვალყურს ადევნებდა, სწერდა დავთარში, ემუსაიფებოდა მუშტარს. ბიჭი დილითვე ჩაიდანს დაუდგამდა და ჩაის მიართმევდა.მაინც დუქნისათვისაც საჭირო იყო ჩაი: მუშტარი თხოულობდა. ბაქარი ჩაის დუქნის წინ მიირთმევდა, საჩეხ ქვეშ. წინ რომ ცაცხვი იდგა, დილის ნიავზე მისი ფოთლები სასიამოვნოდ შრიალებდნენ და უტკბობდნენ ბაქარს სმენას. დუქანში ყოველივე ღვთის მოწყალება მოიპოვებოდა: ყველი, კარაქი, გამტკიცული. დაბრძანდებოდა ბაქარ-ბეგი და შეექცეოდა. კარაქისა თუ ყველის შეტანება უყვარდა, ორი ჭიქის მეტს არა სვამდა. გაათავებდა ჩაის. კვალად გადისახავდა ჯვარს და იტყოდა:
  • ღმერთო, ბარაქას ნუ მოაკლებ ჩემი ძმის დიმიტრის მარჯვენას!
    შუადღემდის ბაქარი გართული იყო მუშტარში და ყოველ კუთხეში გაისმოდა მისი ხმა:
  • ბიჭო, გიო, ნახევარ თუნგი მიართვი გეგენას, წითელი ღვინისა!
  • ნუ აწყენინებ ჩვენს ნენეს! კალაპოტიდან მოუჭერ საპონი; წვრილ ნაჭრებს მოვიხმარებთ.
  • თევზიო, ბიჭო! ფული რატომ აღარ გამოგატანეს? კარგი, მერე იყოს, არა უშავს რა.
    -აა! მობრძანდი, მობრძანდი: კარგა ხანი კი იდგომილე ქალაქში. ცხენი ჩამოართვი, ბიჭო!
  • დედამ დამაბარა, ერთი გირვანქა შაქარი და ერთი შაურის ჩაიო.
  • ფული, გოგო?
  • დედა შეგეხვეწათ, ნათლიჯან, ავადმყოფისათვის მინდა და ნუ დამიჭერო, ფასში კვერცხებს მოგართმევო.
  • აუწონე, ბიჭო!
    სადილს შიგნით მიირთმევდა ბაქარ-ეგი. დუქნის ერთი კუთხე გადაფიცრული იყო ერთ ფანჯრიან პაწაწინა ოთახად. ოთახში იდგა მაგიდა და სკამები. უფრო პატივსადებ სტუმრებს შეიწევდნენ იქ. სასადილოდ ეს ოთახი ამოირჩია ბაქარმა, რადგან მყუდრო იყო, არავინ შეაწუხებდა, ხოლო ეს აუცილებელი იყო მისთვის: წყნარად იცოდა პურის მირთმევა, აუჩქარებლივ; არ უნდოდა ამ დროს დაეძახნათ, აეყენებინათ, ლუკმა გაემწარებინათ მისტვის. ჩამოსთლიდა ზურგიელს, გადასჭრიდა ყველს, შემოატანინებდა კიტრს თუ მწვანილს, დააწყობინებდა მწვადებს; წვნიანი ხომ დილიდანვე იხარშებოდა. მოართმევდნენ სველ-სველ ჩარექას. ბაქარი პირჯვარს გადიწერდა, გასტეხდა პურს და შეევედრებოდა:
  • ღმერთო, ბაქარას ნუ მოაკლებ ჩემის ძმის დიმიტრის ჯიბეს!
    დაიწყებოდა სადილი ბატონკაცური. ღვინოს არასოდეს არ მოიჭარბებდა,მაგრამ უღვინოდაც ლუკმა ყელში არ ჩასდიოდა. ყურთმაჯშეყრილი, ქუდგადაწეული, სარტყელმოშვებული მიირთმევდა ნებივრად, სუფთად, აუჩქარებლად, მადიანად. გენახა, ეშხში მოხვიდოდი. ეს წუთები საუკეთესო წუთები იყო ბაქარის ცხოვრებაში.

9
სტუმრებიც ხშირადა ჰყვანდა ბაქარს. შემოესწრებოდნენ პატივსადები კაცები და რა ექმნა?! მეტადრე ხშირად იყო მასთან სესია ღვარძლიანი. ხომ უჟმური ადამიანი იყო, ეჭვიანი, მიუკარებელი, მაგრამ ბაქარ-ბეგს კი გული შეაწყო. ვის უნახავს ღვარძლიანის პურ-მარილი, ბაქარ-ბეგი კი რამდენჯერმე მიიწვია სადილად და მშვენივრადაც გაუმასპინძლდა. ამის უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ ღვარძლიანის გაქვავებულ გულშიც ჩამრჩალიყო კუთხე რამ, რომელიც ვერ ამოეხმო ანგარების სახმილს; ამ ნამ-ნაბკურებ კუთხეში ობლად გაშლილიყო სიყვარულის ყვავილი და ეს ყვავილი სუნნელოვანი იყო მისი ქალი მარეხი. მეორე მის ქალს, დაავადებულ თიკოს, აღარც კი ჰქონდა მამის გულში ადგილი თავისუფალი. აი ამ მარეხს ჩასჭროდა გულში ბაქარის სიყვარული, განდობოდა თავის მამას და ამისთვის შეჰყვარებოდა სესიასაც ეს ვაჟი.
თითონაც კი მოსწონდა ღვარძლიანს ბაქარი, როგორც გულხალვათი, კეთილი, ზრდილი, სიკეთის დამხსომებელი ადამიანი. თითონ რომ ხელმოჭერილი იყო და ძუნწი, თითონ რომ სასტიკი იყო შეძენაში და ულმობელი, გულში როდი ეტრფოდა თავის თავს, კიდეცა სძულდა ჟამითი-ჟამად თავისი თავი, მაგრამ შეცვლა თავისი ბუნებისა ვერ შეეძლო და ჯავრით უფრო სასტიკდებოდა, ულმობელი ხდებოდა და ეს მით უფრო, რომ ყველას თვალში ატყობდა სიძულვილს და ზიზღს თავისადმი. ხედავდა ღვარძლიანი, რომ თავის ნაჭირნახულევს თითონ ვერ მოიხმარდა, იგი ვერ შესძლებდა მოეკლო რამე თავის დოვლათისათვის თუნდ თავისავე სასიამოვნოდ; ხედავდა ჭკვიანი კაცი, რომ დაჰკრავდა ჟამი და ნასისხლი ქონება მისი სხვას ჩაუვარდებოდა ხელში მის საყვარელ ქალთან ერთად, გემრიელს მის ნაამაგევს,გმობით მოიხსენიებდა შემძნელს და მისივე ფულით გალაღებული დასჩაგრავდა მის ქალს, შეაგინებდა მის ხსოვნას, შეარყევდა მის საფლავს. ამას რომ წარმოიდგენდა ღვარძლიანი, ცოფი ერეოდა. რას გააწყობდა?!
ბაქარ-ბეგი კი ესეთი არ იყო, მეამიტი ბაქარი სუფთა იყო თავის ზნეობაში. ბაქარი ეხლაც ისეთის ნათელის თვალით უყურებდა სესიას, როგორც სხვა კეთილ ვისმეს. ვისიმე სახსენებელის შეურაცხოყოფას ვერ იკადრებდა, ვერ შესძლებდა. ვერც ვისიმე ავად მოპყრობას იტვირთებდა, მეტადრე თავის ცოლისას. ღვთის შვილი იყო ბაქარი, ტკბილად მცხოვრები.

  • სწორედ კარგი მეუღლე იქნება ბაქარი ჩემის მარეხისათვის, მშვიდი ვაჟკაცი, მოსიყვარულე ადამიანი დადგება თავის ცოლ-შვილისა. არც მე მომიხსენიებს ავად ჩემსავე ამაგზე. ჰხედავ, პურს არ გასტეხავს ისე, რომ თავისი ძმა დიმიტრი არ შეავედროს. ცოტაოდნად მაინც რომ შეითვისებდეს ზრუნვას, შეუდარებელი შეიმნებოდა. ახლა მარეხსაც რომ გაგიჟებით უყვარს! დეე, სესია ღვარძლიანიც დაემოყვროს ტახტის აზნაურს, ერთი ფეხით კეთილშობილთა წრეში გადააბიჯოს! ოღონდ კი მოხერხდეს, მტრებმა ხელი არ შემიშალონ, – ფიქრობდა სესია.
    მოუხშირა ღვარძლიანმა ბაქართან სიარულს. თვით ბაქარიც ხშირად მიჰყავდა სადილად და ძალიანაც ასიამოვნებდა. ქალს ხომ წინდაწინაც მოსწონდა ბაქარი და ეხლა მთლად შეეჩვია. მოუთმენლად ათონთქოლდა მარეხის გული, აძგერდა; ამოძრავდნენ ძლიერად მისი მომხრო გრძნობები, მთელი, მისი მადიანი ტანი აატოკა გრძნობათა ღელვამ და ერთხელ, როდეასც სადილთ უკან ბაქარი დაიმარტოვა თავიანთას ტახტზე წამოწოლილი, კარებიდან შესძახა მკაფიოდ:
  • შენამც შემოგევლება თავს შენი მარეხი!
    ბაქარმა მიიხედა კარებისაკენ, მაგრამ კაბის ბოლოსღა მოჰკრა თვალი. ისე მადიანად გაუღიმა ბაქარმა მარეხის აჩრდილს, როგორც გაუღიმებს ნაამრხულევი დიაკვანი შილაფლავს. რა ექნა, როდესაც ძალიან უყვარდა მადლიანი ლუკმა! ოცნებათა მორევში შეაცურა ფიქრთა თვისთა კატარღა. ცხადად წარმოუდგა ბაქარს მარეხი ჯერ ისევ მოკლე კაბაში, მისი სვეტებივით ჩამოსხმული ტოტები, ძეხვებივით ჩაძეკილი მკლავები, იდაყვთან რომ იჩრუტებოდნენ; აწ მადლიანად აბორცვებული გულ-მკერდი, კალოსავით გადაშლილი სახე, ბარაქიანად გაფუებული ტანი, ნდომის ქარმა ჟრუანტელად დაუარა ჯერ უცოდველ ვაჟკაცს, ისე ცხადად წარმოუდგინა მომავალი სიამე, რომ ნოყიერი სიხარულით აევსო გული და ნეტარებათა ტალღებს მიანდო თავი. რომ გამოერკვა ბურანს, ფარჩის საბანი ჰქონდა ოდნავ წამოფარებული. იგრძნო ბაქარმა მზრუნველი ხელი მარეხისა და გული მადლობით მოუპირთავდა ქალისადმი. ისეთი კეთილშობილური ზრდილობით გადაუხადა ქალს მადლობა, რომ სიხარულის ნამი აპკურა მის დადაგულ გულს. წასვლისას ბაქარმა მოხდენილად აკოცა მარეხს ხელზე და მით შეაწება თავისი თავი ეშხით დამწვარ არსებასთან გულმკვდარის მარეხისა.

10
ფრთები შეისხა ბაქარ-ბეგის დუქანში სავაჭრო და მიფრინავდა ყოველ მხარეს. დაიფუკა კოლოტები და ტიკ-ჭორა, ჩანაკლულდა ბოთლები, დაცალიერდა უჯრები, შეიბერტყა ყაფაზები, ჩაიჩულა ტომრები და ტოპრაკები. მართალია, სწორედ ამავე ხანში დავთრის ფურცლები ბლომად აჭრელდა ნაწერებით და ფაშვივით გაიბერა ბარათებით, მაგრამ დახლი კი მშრალი იყო, გამოფიტულ-გამოფხეკილი.
სოვდაგარი ყველა ამას წყნარად უყურებდა, წარბშეუხრელი, ან კი რა ჰქონდა დასაღრეჯი და რაზედ უნდა დაწუხრებულიყო, როდესაც ყოველივე შეჭმული თუ გაყიდული, ნანისიავებული თუ ნისიად გაცემული ჩაწერილი იყო და პირნათლად ნაანგარიშებული?! თანხა, მართალია, ბარდებში გაბმულიყო და მილეულ-მიმკვდარებულიყო, მაგრამ ეს ხომ დროებითი მოვლენა იყო, აუცილებელი ყოველგვარ ვაჭრობაში. მაინც საჭირო იყო დუქნის შევსება და ბაქარმა მისწერა ძმას, რომ ჩასულიყო ტფილისს, ევაჭრნა ყოველივე, რაც კი ვისმე გაგზავნილ სიაში იყო ანუსხული, და მიეშველებინა დუქნისატვის.
დიმიტრი დააფიქრა ამ წერილმა, რადგან ვერ გაეგო, რატომ თითონ ბაქარი არ ჩამოსულიყო სავაჭროდ ან სიასთან ერთად რატომ სავაჭროსათვის ფული არ გამოეგზავნა.

  • ალბათ ვერც დუქანს დაანება თავი, ვერც ნაღდი ანდო ვისმე, – გაიფიქრა დიმიტრიმ.
    ჩავიდა ტფილისში, ივაჭრა ყველაფერი წინდაწინ აღებულ ჯამაგირით და გამოუგზავნა. ურმით კარს მიაყენეს ბაქარ-ბეგს ყოველივე კეთილი.
    „აი, ძმაო, გიგზავნი სავაჭროს, მეც მივაწყნარებ აქაურობას და ჩამოვალ რამდენიმე დღით,“ – სწერდა დიმიტრი.
    ბაქარმა მძითვიან პატარძალივით მორთო დუქანი. კმაყოფილებით გადაისვა ხელი ულვაშზე და ყურთმაჯშეყრილმა წყნარის ნაბიჯით დაიწყო სიარული დუქნის წინ. დაღონდნენ გადამწვარელი ვაჭრები. ისინი ისე უცქერდნენ ბაქარ-ბეგის მიმჭლევებულ დუქანს, როგორც კაჭკაჭნი ზურგაყვლეფილ ჯაგლარს; ეგონათ ან ეხლა გადაიქცევა ჩვენ გასახარად ან ეხლაო და როცა ნახეს, რომ იგი ისევ აივსო სავაჭროთი, ყურები ჩამოყარეს. ან რა გასაკვირი იყო: ბევრ მუშტარს სტაცებდა იმათ ბაქარ-ბეგის ვაჭრობა!
    ისევ მოტბორდა ბაქარიანთ მუშტარი. უფრო წაემატა ბაქარ-ბეგის სუფრასაც. აქამდისაც ხომ არ უშავდა რა, ეხლა კიდევ უფრო აივსო: რა ხიზილალა, რა ლორი, რა წნილობა სხვადასხვაგვარი! ტანისამოსიც უფრო აიყვავა ბაქარმა: ფარჩის ახალუხი, მაუდის შალვარი, ყაფაღიანი წაღები, ენიანი კაბა. მაშ, რაღა ექმნა? დანიშნული იყო ვაჟკაცი. აყვავების ხანი დასდგომოდა და იფურჩქნებოდა თვალწარმტაცათ. ბედი უღიმოდა ბაქარ-ბეგს, კეთილში დაცურავდა და სიკეთისკენ მიეგელვებოდა. მაშ რა იყო, თუ არა იღბალი, როცა ღვარძლიანმაც კი თავისი პირით სთხოვა სიძეობა და საკუთარის ხელით მიუპყრა მათ თეთრი გოგო და დოვლათი?!

11
ჩამოვიდა დიმიტრი. ძმებს გაეხარდათ ერთმანეთის ნახვა, მოეხვივნენ ერთმანეთს. იმ ღამეს ტკბილად იჭუკჭუკეს. მოიგონეს წარსული, თვალი გადაავლეს აწმყოს, იოცნებეს მომავალზე. უყვარდათ ერთმანეთი როგორც ძმებს და როგორც აღზედილ-აღმზრდელს, რადგან დიმიტრის პატარა აღეზარდა ბაქარი და ამაგი გაეწია მისთვის. როდესაც მომავალზე ლაპრაკობდნენ, ბაქარს უმდოდა შეეტყობინებინა ძმისთვის თავისი დანიშვნის ამბავი, მაგრამ როგორღაც დაირცხვინა და გადასდო.
მეორე დღეს დიმიტრიმ დაათვალიერა სახლ-კარი, კალო-საბძელი, შემოუარა ბოსტანს, შეიარა ზვარში და დაღონდა; მოუვლელი დახვდა ყველაფერი, პატრონის ხელი აღარ ეტყობოდა, თავმინებებული იყო. – სახლი დაუუკაცურებიათ, – გაიფიქრა დიმტრიმ. და გული ეტკინა. ძლიერ უყვარდა თავისი მამული, რომლისათვისაც სიყრმიდანვე ღონე შეელივნა, მიხვდა დიმიტრი, რომ სესცდა მაშინ და ტყვილად დაამყარა იმედი ბაქარზე. გულმა უგრძნო, რომ ბაქარის ხელში სწორედ ესეთივე ხიფათი შეემთხვეოდა მათ სავაჭრო სახლს და თავში შემოიკრა.

  • თუ იმ ბიჭმა დუქნის საქმეც ესე თავმინებებულად აწარმოვა, სწორედ წაგებული და შეჭმული იქნება ყოველივე; მაშინ კი ნამდვილად ჩაგვივარდება კოვზი ნაცარში, – გაიფიქრა მწარედ.
    საფიქრებელიც იყო, რადგან ამ დუქნის მოწყობაზე თუ ავსებაზე ბაქარიანთ უკანასკნელი დახარჯეს, ვალში ჩავარდნენ და დიმიტრიმ ხომ რამდენიმე თვის ჯამაგირი ზედ წააჭყლიტა. შეეშინდა დიმიტრი სეხებოდა ამ ახალ იარას და უნდოდა მეორე დღისთვის გადაედო დუქნის დათვალიერება, მაგრამ მოვიდა ბიჭი და მოახსენა, ბაქარი გთხოვთ დუქანში მობრძანდეთო.
    დიმიტრიმ გადაავლო დუქანს თვალი და შევიდა პატარა ოთახში. ხუთ თუმნამდის ნაღდი აღმოჩნდა; მაგიდა სავსე იყო ნისიების ბარათით; დუქანში შემოსული სავაჭრო ბევრით სჭარბობდა დუქნიდან გასულს; ახლად მოსული საქონელი უკვე მისუსტებულიყო. აიმღვრა დიმიტრი.
  • ყველა-ყველა და ე სესია ღვარძლიანს რომ ამოდენა ნისია გაუტანია, ეს რაღა ცოდვის კითხვაა! ხომ ფული თავსაყრელად აქვს ი უკაცურს!
  • სესიაზე ნუღარ ვიტყვით ავს, ძმაო ჩემო: ის ეხლა ჩვენი ნათესავია და მოყვარე, – უთხრა ბაქარმა დარცხვენით.
  • ნათესავი!
  • სესიას ქალი ავირჩიე მეუღლედ და თუ შენი ნებაც იქნება, ხვალ ნიშნობა გავმართოთ: შენ მოგელოდდით და უშენოდ ნიშანი არ ვაკურთხებინეთ.
    დიმიტრი არ მოელოდდა არაფერს ამისთანას და სახტად დარჩა. ერთხანს გაშტერებული შესჩერებოდა თავის ძმას.
  • იმას ნუ მიძრახავ, ძმაო, რომ ჩემი მოქმედება გვარს შერევს, რადგან გლეხს ვემოყვრები: ეხლა სხვა დროა, ეხლა ყველა თანასწორობას ქადაგებს. ქალსაც ვუყვარვარ და ცოდვა იქნება და ცოდვა იქნებოდა უარი მეთქვა, გული მომეკლა.
    მაგრამ დიმიტრი სრულებითაც ამაზე არა ფიქრობდა, რომ ღვარძლიანთან დამოყვერბით მისი საგავრეულო სისხლი უნდა შემღვრეულიყო; ის ეხლა მწარედ დაჰყურებდა შრომისაგან დამონავებულ თავის ხელებს, ჯაფისაგან დაკოჟიჟებულ თითებს და უკვირდა ბაქარის ძლიერი ალღო ბაქარის ცხოვრებისადმი. დიმიტრის უკვირდა, რომ ბაქარი ყოველთვის ხელგაუნძრევლად ახერხებდა თბილ ცხოვრებას, რომ ბატონკაცური ყოფა თითონ ილტოდა ბაქარისაკენ. აი ეხლაც, ღვარძლიანიც და მისი ცხოვრებას ამ კაცისა გამხდარა და მანამ სესია ფეხზე იდგება, ბატონ ბაქარს არა გაუჭირდება რა. თითონ დიმიტრი კი შრომობს განუწყვეტლივ და გრძნობს, რომ სიკვდილამდის ვერ დააღწევს თავს შრომის და ნაკლულოვანების მძიმე უღელს. თითქო შური იგრძნო დიმიტრიმ ბაქარისადმი, მაგრამ მალე მოეგო თავს და იქვე მოაშთო ეს ავი გრძნობა გულისა.
  • მომწონს, ძმაო, შენი არჩევანი: შეძლებული ოაჯახი, ქალი ჯანსაღი და გამრჯელი, სიმამრი მხნე და მდიდარი. არა გაგიჭირდება რა მათ ხელში. ღმერთმა გაგაბედნიეროს! – უთხრა დიმიტრიმ და გადაეხვია ბაქარს.

1909 წ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button