ლიტერატურაპოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ძველი წისქვილი

უცნაურ ბინდში გუთნეული მიყვება ჭალას,
 ქარი არ არხევს ოქროსფერი მინდვრების ჩალას.
 ამოდის მთვარე, სადღაც ქოხში იელვებს კვარი,
 იქ, სადაც არაგვს უერთდება მდინარე მტკვარი,
 სადაც ცვარი სვამს ზამბახების სავსე ფიალას -
 შეგვიანებულ გზით გაივლის ხევსური მწყემსი,
 და მისი სული ვარსკვლავების სულზე უვრცესი
 ოცნებობს მთვარის სითეთრეში ვით ქანდაკება,
 მას თან მიყვება უბრალოთა მშვიდი განგება,
 ლურჯ ზღაპარივით ხავსი ფარავს დაწეწილ წისქვილს,
 წყალი იმტვრევა გადაკეცილ ბროლის რკალებად
 და სინათლეში სილამაზით სავსე ალები
 კოჭამდე თმებით შადრევანზე აირევიან,
 არის კივილი, მღელვარება, ცეკვა, სიცილი
 ასი ათასი და მრავალი ათასი ალის.
 ამაოდ შიშით შეიშლება გვიანი სული.
 აღფრთოვანება - გაგიჟების ხმა არ შეწყდება -
 სანამდე რაშით არ წამოვა წმინდა გიორგი!
 ხმობა ნელდება, ცა ფითრდება და მზე ამოდის,
 წელში მოხრილი ზვირთივით დგას ძველი წისქვილი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button