Mythbusterენიგმაუცნაურიუცხოპლანეტელები

ადამიანური ქმნილებები, რომლებსაც უცხოპლანეტელებს მიაწერენ



● უძველესი ნახატები გამოქვაბულებში
როცა აღმოაჩინეს ხელოვნების უძველესი ნიმუშები, რომლებიც უცნაური ფორმის არსებებსა და ფიგურებს გამოსახავდნენ, ბევრისთვის ეს აღმოჩნდა ბიძგი, დაეჯერებინა „უძველესი ასტრონავტების თეორია”. მის მიხედვით, პრეისტორიულ ადამიანებს უცხოპლანეტელები სტუმრობდნენ, ურთიერთობა ჰქონდათ მათთან და უზიარებდნენ ცოდნას. თეორიის მომხრეები მიუთითებენ ხოლმე უჩვეულო ფიგურებზე, რომლებიც გამოსახულია მაგალითად კამონიკას ხეობაში (იტალია) და ავსტრალიის კლდეებზე. რეალურად, კამონიკას არეალში 20 000-მდე ნახატია და მათგან მხოლოდ ორია გამორჩეული ფორმის, ვანჯინას ნახატების (ავსტრალია) კვლევა კი აჩვენებს, რომ დროთა განმავლობაში ნახატებზე ახალი ნიმუშები იხატებოდა და ამას სისტემატური ხასიათი ჰქონდა, რაც ბუნდოვანს ტოვებს საკითხს, რას გამოსახავდნენ რეალურად პირველყოფილი ადამიანები.


● ეგვიპტური ორნამენტები
UFO-თი გატაცებული ადამიანების მტკიცებით, ეგვიპტის ქალაქ აბიდოსში მდებარე ოსირისის ტაძარი შეიცავს უძველესი მოწინავე ტექნოლოგიის მტკიცებულებებს. ზოგიერთი იეროგლიფი თითქოს თვითმფრინავის ან ლამბაქის ფორმის საფრენი მოწყობილობის გამოსახულებაა. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ამ უცნაური ფორმის მიზეზი ძირითადად ეროზიაა და არ წარმოადგენს იეროგლიფების თავდაპირველ ვარიანტს. მიუხედავად ამისა, მათ, ვინც მასში არამიწიერ წარმოშობას ეძებენ, არ აკვირვებთ ის ფაქტი, რომ მსგავსი გამოსახულებები არ გვხვდება სხვა ადგილებში არსებულ ათასობით ტექსტებში, ხოლო ეგვიპტურ ლიტერატურაში მფრინავი აპარატები ნახსენები არაა.


● ნასკას ხაზები
ნასკას ხაზები — ეს არის ასობით უზარმაზარი და უძველესი გეოგლიფის ჯგუფი პერუს სამხრეთით, ნასკას ფერდობზე. გამოსახულებებში ამოიცნობთ გეომეტრიულ ფიგურებს, ჩვეულებრივ ხაზებს, თევზებს, ცხოველებს, ფრინველებს, ადამიანებს და ა.შ. ზოგიერთი მათგანი სიგანეში 180 მეტრს აჭარბებს და მთლიანი აღქმა მხოლოდ ზემოდან, ჰაერში ყოფნისას შეიძლება. ამის გამო ნასკას რეგიონის შესახებ მრავალი სპეკულაცია გავრცელდა, განსაკუთრებით აქტიურობენ „უძველესი ასტრონავტების თეორიის” მომხრეები, რომელთა აზრითაც უძველეს პერუელებს შეეძლოთ ფრენა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით ან ამ ნიშნებს უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელთათვის აეროდრომის ფუნქცია ჰქონდა. მეცნიერთა მოსაზრებით, ნასკას ხაზების დანიშნულება სპირიტუალური იყო. გეოგლიფთა წამყვანი მკვლევარი მარია რაიხე (რომელიც 50 წელი იკვლევდა ნასკას საკითხს) მიიჩნევდა, რომ ფიგურებს ჯერ მცირე ფორმებით ამზადებდნენ, ხოლო შემდგომ საჭირო მსხვილ ზომებში ქმნიდნენ. ამის დასამტკიცებლად მას ამავე რაიონში აღმოჩენილი მცირე ზომის ესკიზები მოჰყავდა. გარდა ამისა, ისტორიკოსების დახმარებით მსგავსი ფიგურების შექმნა მოხერხდა ისე, რომ გამოიყენეს პრიმიტიული ხელსაწყოები და არც ვერტმფრენიდან დაკვირვება გახდა საჭირო.


● ანტიკიტერას მექანიზმი
ეს მექანიზმი საათის მსგავსი გამომთვლელი ინსტრუმენტია და ქრისტეს შობამდე 85 წელს შეიქმნა, აღმოჩენა კი 1900 წელს მოხდა საბერძნეთის კუნძულ ანტიკიტერაზე. მას გემებზე ნავიგატორად იყენებდნენ, რადგან ნებისმიერ დროს ზუსტად ადგენდა მზის, მთვარისა და 5 ცნობილი პლანეტის ადგილმდებარეობას. მოწყობილობა წარმოადგენდა რთულ სისტემას და აშკარად სჯობდა მე-14 საუკუნის პერიოდამდელ საათებსა და ასტრონომიულ ხელსაწყოებს. ამან UFO-ს მოყვარულებში გააღვივა აზრი, რომ მის შექმნაში უცხოპლანეტელები იყვნენ გარეულნი, რადგან იმ პერიოდში ასეთ რთულ ტექნოლოგიას ადამიანები ვერ შექმნიდნენ. თუმცა თუკი ეს მართლაც ასე იყო, არამიწიერი არსებები სავარაუდოდ დანარჩენი პლანეტების შესახებაც მოუთხრობდნენ ბერძნებს. თანაც ძველ ბერძნებს მსგავსი მექანიზმები აღწერილი აქვთ ლიტერატურაში ისე, რომ არ ახსენებენ სხვა პლანეტიდან მოსულ სტუმრებს.


● საკარას ჩიტი
აღმოაჩინეს 1898 წელს სამარხების გათხრისას ეგვიპტის რეგიონ საკარაში. სიაში მოყვანილი სხვა პუნქტების მსგავსად, მასაც უკავშირებენ უცხოპლანეტელებსა და წარსულში არსებულ საფრენ ტექნოლოგიებს. „უძველესი ასტრონავტების თეორიის” მიმდევრებს სჯერათ, რომ ეს ნივთი მფრინავი აპარატის მოდელი იყო, რადგან მისი ვერტიკალური სტაბილიზატორი (კუდი) მოგვაგონებს თვითმფრინავის დაბოლოებას, როცა ფრინველებს, როგორც წესი, ჰორიზონტალური კუდი აქვთ. გარდა ამისა, მას არ აქვს ფეხები, ხოლო ფრთების კუთხეს აეროდინამიკურ მანევრირებას უკავშირებენ. თუმცა მკვლევართა მიერ ჩატარებულმა ტესტებმა, რომელიც მოდელის მიხედვით საფრენი მოწყობილობის შექმნას ისახავდა მიზნად, აჩვენა, რომ მას არ გააჩნია ფრენისთვის საჭირო აეროდინამიკური თვისებები. თანამედროვე მეცნიერული თეორიები გვამცნობენ, რომ ის ან რელიგიური არტეფაქტი იყო, ან უბრალოდ ბავშვების სათამაშო.


● დოგუს ფიგურები
დოგუს ფიგურები წარმოადგენენ ჰუმანოიდური ფორმის ნაკეთობებს, რომლებიც პრეისტორიულ იაპონიაში დამზადდა. მათი არაბუნებრივი გარეგნობა ბევრისთვის კოსმონავტის სპეციალური აღჭურვილობის მსგავსი ტანისამოსის ანალოგიაა, რომელიც შედგება სპეციალური სათვალისგან, აბჯრისა და მილებისგან. უცხოპლანეტელებთან კავშირის თეორიის მომხრეები ხშირად აიგნორებენ იმ ფაქტს, რომ დიდი თვალები ფიგურების მხოლოდ ნაწილში გვხვდება და არ აქვს საყოველთაო ხასიათი, არქეოლოგები კი აღნიშნავენ მათ მსგავსებას ინუიტების თვალსაფართან, რისი მეშვეობითაც დაბრმავებისგან იცავენ თავს. ფიგურები უმეტესად დაზიანებულია, მათ ხშირად აკლიათ კიდურები. ნაკეთობების გაფართოებული თეძოები, დუნდულები და გამოკვეთილი მკერდი მიგვანიშნებს, რომ მათი დანიშნულება სავარაუდოდ ნაყოფიერების რიტუალში მონაწილეობა იყო.


● მინდვრის წრეები
1966 წელს ავსტრალიის ქალაქ ტულის სიახლოვეს მაცხოვრებელი გლეხი ირწმუნებოდა, რომ ლამბაქის ფორმის ხომალდი იხილა, რომელიც მინდორზე დაეშვა. გადმოცემის მიხედვით, მან ახლომახლო ლერწმები მოცელა და მრგვალი ფიგურები შექმნა, შემდეგ კი აფრინდა. წლების შემდეგ ამ ამბით შთაგონებულმა ორმა ინგლისელმა იონბაზმა სამუშაო ხელსაწყოების მეშვეობით მსგავსი მოხაზულობების გაკეთება გადაწყვიტა ახლომდებარე მინდვრებში. შემდეგ ამას სხვებმაც მიჰყვეს ხელი და გასულ საუკუნეში 10 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა 26 ქვეყანაში, თუმცა მათი 90% სამხრეთ ინგლისზე მოდის. იმის მიუხედავად, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანთა მოსაზრებით, ეს უცხოპლანეტელთა მოწინავე ტექნოლოგიის შემოქმედებაა და არამიწიერ გზავნილს წარმოადგენს, რეალურად ისინი ადამიანთა ქმნილებებია და უმეტესად ტურისტების მიზიდვის მიზანი ჰქონდა, ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების ნაწილი კი მხატვრების შემოქმედებაა.


● ნორვეგიული სპირალი
2009 წლის დეკემბერში ჩრდილოეთ ნორვეგიის ცაზე უზარმაზარი სპირალი გამოჩნდა, რაც ბევრმა უცხოპლანეტელთა ვიზიტად აღიქვა. უჩვეულო ვიზუალური ფენომენი 2-3 წუთი გრძელდებოდა და წარმოადგენდა ჰორიზონტზე მოკაშკაშე ლურჯ ნათებას, რომელიც თანდათან იმატებდა სიმაღლეში, შემდეგ მიიღო თეთრი შეფერადება და საბოლოოდ გაქრა. რუსეთის მთავრობის მხრიდან გაკეთებული ოფიციალური ახსნა არც ისეთი ფანტასტიკური იყო: აღმოჩნდა, რომ ეს ყოფილა რუსული სამხედრო რაკეტის წარუმატებელი ტესტი, სპირალური ეფექტი კი ან ძრავის დაშლამ გამოიწვია, ან საწვავი მასალის წვამ, სანამ არ ამოიწურა და რაკეტა ზღვაში არ ჩავარდა.


● სტოუნჰენჯი
პრეისტორიული მეგალითური მონუმენტი ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში აიგო ქრისტეს შობამდე 2400 წელს. მისი დანიშნულება და შენების პრინციპი დიდი ხნის განმავლობაში იყო და დღემდე არის დავის საგანი. ზოგადად მიიჩნევა, რომ ადამიანების მიერ აიგო, რადგან დღევანდელ ეპოქაშიც მომხდარა მსგავსი სიმძიმის ბლოკების გადაადგილება და ზიდვა პრიმიტიული იარაღებით. თუმცა „უძველესი ასტრონავტების თეორიის” მომხრეთა განცხადებით, სტოუნჰენჯის განლაგება იმაზე მიანიშნებს, რომ ძველ დროს დაბნელებების წინასწარმეტყველება შეეძლოთ. ეს კი თავის მხრივ იმაზე მეტყველებს, რომ მათ ჰქონდათ ცოდნა მთვარის კვანძებზე – ორ წერტილზე, რომლებშიც ჩვენი პლანეტისა და მისი თანამგზავრის ორბიტების კვეთა ხდება. ამ ცოდნას კი სხვისი დახმარების გარეშე ვერ მიიღებდნენ, ან მრავალ თაობას უნდა შეესწავლა ციურ სხეულთა მოძრაობა, შეენახა ინფორმაცია და დროთა განმავლობაში დაეხვეწათ. თანამედროვე მეცნიერება მეორე ვერსიას ემხრობა, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ამ ადგილს ზედმეტად დიდი ასტრონომიული დატვირთვა მისცეს და რეალურად მის შემქმნელებს ეს განზრახვა სულაც არ ჰქონიათ.


● გიზის პირამიდები
მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში არსებული მეგალითური ნაგებობების მსგავსად, გიზის პირამიდებსაც უცხოპლანეტელების ცოდნაზე დაფუძნებულ შემოქმედებად თვლიდნენ, რისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზიც მისი სიდიდეა. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ასეთი ნაგებობების შესაქმნელად ძველ ეგვიპტელებს სათანადო ტექნოლოგია არ გააჩნდათ, ხოლო ბლოკების გაჭრასა და გადაადგილებას ისე ზუსტად ახერხებდნენ, რომ გამეორება დღევანდელ ეპოქაშიც კი შეუძლებელია. ასევე ამბობენ, რომ სამი პირამიდის განლაგება ორიონის თანავარსკვლავედისას ემთხვევა, ხოლო სიმაღლე დადგენილია მზესა და დედამიწას შორის მანძილის მიხედვით. თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ გიზის პირამიდების ტექნოლოგიაში ნამდვილად იგრძნობა ინჟინერიისა და მათემატიკური ცოდნის გამორჩეული დონე, თუმცა მათზე გავრცელებული ამბების უმეტესობა რეალობას არ ესადაგება.


● რელიგიები
ცივილიზებული უცხოპლანეტელების არსებობის მომხრეების ნაწილი ასევე მიუთითებს ძველ რელიგიურ ტექსტებზე, რომლებიც, მათი აზრით, უცხოპლანეტელების ვიზიტს ასახავს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ეზეკიელის წიგნი და ინდუისტური ვედური ტექსტები, ხოლო ზოგიერთი რელიგიური მიმდინარეობის შემთხვევაში, როგორიცაა რაელიზმი და საენტოლოგია, უცხოპლანეტელების არსებობა და მათთან კავშირი მოძღვრების შემადგენელი ნაწილია. „უძველესი ასტრონავტების თეორიის” მიმდევრები არგუმენტად ხშირად იშველიებენ ე.წ. კარგოს კულტებს. ეს კულტები პრიმიტიული, იზოლირებულ კუნძულებზე მცხოვრები ადამიანების მიერ შექმნილი მარტივი რელიგიური სისტემებია, რომლებიც ცივილიზებული ქვეყნების მოსახლე ადამიანების სტუმრობის შემდეგ შეიქმნა. მაგალითად, II მსოფლიო ომის პერიოდში ამერიკელი ჯარისკაცები დაეშვნენ პატარა კუნძულ ტანაზე, რომელიც ვანუატუს ეკუთვნის, რათა დასაჯდომი მოედნები შეექმნათ იაპონიის წინაღმდეგ ბრძოლისთვის. ადგილობრივმა ტომელებმა ჯარისკაცები ღმერთებად აღიქვეს, ხოლო როცა ისინი გაფრინდნენ, ერთგვარი რიტუალები შექმნეს, როგორიცაა არმიის სტილში მარშირება, ასევე დაიწყეს დასაჯდომი ადგილების შენება იმ იმედით, რომ „ღვთიური სტუმრები” ისევ ეწვეოდნენ. უფოლოგების ნაწილი ვარაუდობს, რომ უძველესი რელიგიები სწორედ ასე ჩამოყალიბდნენ და ზებუნებრივი არსებები, როგორიცაა ღმერთები, ანგელოზები, დემონები, სულები და ა.შ., სინამდვილეში უცხოპლანეტელები იყვნენ.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button