დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – სასიკვდილო სამკუთხედი

ერკიულ პუარო არ ელოდა, რომ სეზონის ამ დროს ნახევარკუნძულზე ამდენი ხალხი მოიყრიდა თავს. სასტუმროც პატარა და მყუდრო შეარჩია. დასვენება უნდოდა, მაგრამ, პირველივე დღეს მიხვდა, რომ სიმშვიდე არ ეწერა. კურორტზე შეკრებილი საზოგადოება ამის ნათელი დადასტურება იყო.

ორი მეგობარი – 30 წლამდე ასაკის, კეკლუცი, გასათხოვარი ქალბატონები პამელა და სარა ბლეიკი გიჟდებოდნენ გარუჯვაზე. მათ დაუფარავად ეპრანჭებოდა გენერალი გოლდი – სულ უკან დასდევდა და მათთან ერთად იხრუკებოდა მზეზე. კიდევ, იყო ორი წყვილი: ბომონდური ქალბატონი ვალენტინა დუკრე – სილამაზით განთქმული მდიდარი ავაზა, თავის მეოთხე ქმართან – მისტერ ჩენტრისთან ერთად. ეს პირქუში, გაუცინარი მამაკაცი თითქმის არ იღებდა ხმას. მეორე წყვილი – მისტერ და მისის კამერონები – იმით გამოირჩეოდა, რომ ცოლი განსაკუთრებით აქტიურობდა, ქმარი კი წარმოუდგენლად სიმპათიური იყო. ამბავი ერთ თბილ საღამოს დაიწყო, როცა ყველა ზღვის ნაპირზე იყო შეკრებილი. ერკიულ პუარო პამელას, სარასა და გენერლის ახლოს იჯდა; ჩენტრი და მისი ულამაზესი მეუღლე – ოდნავ მოშორებით, უფრო ზუსტად, „შანელის“ საცურაო კოსტიუმში გამოკვალთული სხეული ცოლს საჯარო სამზერად ჰქონდა გამოფენილი, ხოლო ქმარი მტაცებელი ნადირივით ეჯდა გვერდით და თითქოს ამ თავის ნადავლს სდარაჯობდა.

პუარომ შენიშნა, როგორი აღფრთოვანებით უყურებდა ვალენტინას მისტერ კამერონი და გაეღიმა. მისის კამერონი იმ ქალების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც გარეგნობით არ ბრწყინავენ, მაგრამ, ღმერთმა ჭკუა მისცა ამის საკომპენსაციოდ. თან, მისის კამერონი არაჩვეულებრივად ცურავდა. ქმარს რამდენჯერმე დაუქნია ხელი და დაუძახა, მოდი, შესანიშნავი წყალიაო, მაგრამ კაცმა ყურადღება არ მიაქცია. სამაგიეროდ, ყურადღებიდან არ გამორჩენია ვალენტინას არც ერთი მოძრაობა. ქალი მიხვდა, რომ კაცს ჭკუიდან შლიდა და რამდენჯერმე ისეთი მზერით დაასაჩუქრა, მამრობითი სქესის ნებისმიერ არსებას მოჰგვრიდა ჟრუანტელს.

პუარომ გაიგონა, როგორ ხითხითებდნენ პამელა და სარა. მერე პამელამ თავი ასწია და პუაროს მიმართა:

– მესიე პუარო, ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენ აქ საქმე გამოგიჩნდებათ? თქვენს პროფესიას ვგულისხმობ… სამკუთხედი იკვრება.

პუარომ მხრები აიჩეჩა:

– ჩვეულებრივი ამბავია: ლამაზი, სულელი ქალი და უპასუხისმგებლო მაჩო – განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.

– აბა, რას ამბობთ?! ვერ ამჩნევთ, როგორ აბრიალებს თვალებს მისტერ ჩენტრი? ისე, მაგ ველურს როგორ გაჰყვა ცოლად, რა მოეწონა? მგონი, მისის ვალენტინას ფულიც ბევრი აქვს – წინა ქმრებმა დაუტოვეს.

– ქალებისას რას გაიგებ? მით უმეტეს, ვალენტინასნაირი ქალებისას. აი, მისის კამერონი კი საკმაოდ ჭკვიანია, მე ვიტყოდი, საბედისწეროდ ჭკვიანიც კი.

– ჰმ, და რანაირი ჭკვიანია, ქმარს ცხვირწინ ახევენ – ტუჩი აიბზუა პამელამ. გენერალმა „ტკბილად“ მოსაუბრე წყვილს გახედა და მოწონებით ჩაეცინა:

– მაგარი ქალია, ვერაფერს იტყვი… არაჩვეულებრივი. თუმცა, მესიე პუაროს ვეთანხმები – ცოტათი სულელი ნამდვილად არის. მიუხედავად იმისა, რომ მე მომწონს ქარაფშუტა, ადვილად დასათანხმებელი ქალები.

პუარომ პასუხად მხოლოდ გაიღიმა და საავდრო ღრუბელივით მოქუფრულ მისტერ ჩენტრის გახედა – კაცი გაუნძრევლად იჯდა და ერთი შეხედვით იფიქრებდი, რომ ტალღებში მონავარდე მისის კამერონს შეჰყურებდა. მომდევნო დღეებში სიტუაცია უფრო დამძიმდა. მისტერ კამერონი უკვე აშკარად ეკურკურებოდა ვალენტინას და ისიც ალერსიანად უღიმოდა. მისის კამერონი არ იმჩნევდა, სამაგიეროდ, მისტერ ჩენტრი ხდებოდა სულ უფრო პირქუში.

– მარადიული სამკუთხედი იკვრება, – ამბობდა პამელა, – მე ვფიქრობ, ჩენტრისგან რადიკალურ საქციელსაც უნდა მოველოდეთ. ის ისე ბოროტად უმზერდა მისტერ კამერონს, რომ, სარამ დაასკვნა, გამორიცხული არ არის, მოკლას კიდეცო.

პუარომ მხრები აიჩეჩა.

– არაფერს მოიმოქმედებთ? – ჰკითხა გენერალმა, – ნუთუ დაუშვებთ, რომ ტრაგედია ჩვენს თვალწინ გათამაშდეს?

პუარომ ისევ აიჩეჩა მხრები:

– რას იზამთ. ადამიანები ყოველთვის თვითონ არიან პასუხისმგებლები საკუთარ არჩევანზე.

მისის კამერონს თავი გმირულად ეჭირა: გაღიმებული დადიოდა და არ იმჩნევდა ქმრის გატაცებას ვალენტინა დუკრეთი. თუმცა, მოგვიანებით ნერვებმა მასაც უმტყუნა: ერთ დილით, აივანზე მზეს მიფიცხებულ პუაროს გული გადაუშალა. ქალს თვალები მშრალი ჰქონდა, მაგრამ, გაწითლებული და დასიებული. პუაროს მიესალმა და გვერდით მიუჯდა.

– ეს მისის ჩენტრი… არ ფიქრობთ, რომ კარგი ადამიანი არ არის? ის… ის ბოროტია… თუმცა, მეცოდება, – მისის კამერონს ხელები უკანკალებდა, – ვაღიარებ, ძალიან ლამაზია, მაგრამ, რატომ აკეთებს ამას?! მეტი აღარ შემიძლია… კაცები ხომ პატარა ბავშვებივით არიან…

– თანაგიგრძნობთ, მადამ… მხოლოდ ერთი რამე შემიძლია, გირჩიოთ: გაემგზავრეთ აქედან, გაემგზავრეთ, სანამ უბედურება არ მომხდარა.

ქალმა უცნაურად შეხედა. მერე გენერალი გამოვიდა აივანზე და მისის კამერონი საერთოდ წავიდა. გენერალმა გახედა მიმავალს და პუაროს გვერდით მიუჯდა:

– საინტერესო ქალია. მის ქმარს ჭკუა არა აქვს თავში. ჩამოეკიდა იმ შუშისთვალებიან თოჯინას და, აღარც კი იცის, რას აკეთებს. გავიგონე, ხვალ საღამოს ჯვაროსნების გალავნის დასათვალიერებლად რომ მიიპატიჟა. როგორ არ ფიქრობს იმაზე, რომ, შეიძლება, ეჭვიანი ქმრის მსხვერპლი გახდეს? ზოგჯერ ისე უყურებს… არაფერს გააკეთებთ?

– რაც შემეძლო, უკვე გავაკეთე, – ჩაიბურტყუნა პუარომ, – მისის კამერონს ვუთხარი, აქედან უნდა გაემგზავროთ-მეთქი.

– მკვლელობა? ხომ არ ფიქრობთ, რომ… – გენერალმა თვალები მოჭუტა, – მკვლელობაზე იფიქრეთ?

– მე არა, მაგრამ, ვიღაც აუცილებლად იფიქრებს ამაზე, – პირქუშად ჩაილაპარაკა პუარომ.

მეორე დღეს, საღამოსკენ, ყველას გასაოცრად, მშვიდობამ დაისადგურა. მისტერ ჩენტრიც კი აღარ ჩანდა ისეთი ბოროტი და აგრესიული. ბარში იჯდა და ლიქიორს სვამდა. პუაროც დაპატიჟა სასმელზე. ქალები მისტერ კამერონთან ერთად სასეირნოდ იყვნენ წასულები და კმაყოფილები დაბრუნდნენ. მისტერ ჩენტრიმ ყველანი სასმელზე დაპატიჟა.

– მე „ვარდისფერი ჯინი“ მინდა, ძვირფასო, – სთხოვა ცოლმა.

– ჩემი ჯინი აიღე. ჩემთვის სხვას შევუკვეთავ…

ტრაგედია წამებში მოხდა: ვალენტინა ჩენტრიმ დაიხავლა და მისტერ ჩენტრი კამერონს ეცა:

– ეს ჩემი ჯინი იყო… ნაძირალა! მითხარი, მითხარი, შიგ რა ჩამიყარე! იფიქრე, მომკლავდი და ჩემი ცოლი, ჩემი ვალენტინა შენ დაგრჩებოდა, მოგკლავ… დაგახრჩობ…

– მე… მე… არაფერი მიქნია, გეფიცებით!..

პოლიციის ექიმმა სიკვდილი დაადასტურა. მისტერ კამერონი დააპატიმრეს. პუარო მთელი დღე არ ჩანდა, მხოლოდ გვიან საღამოს გავიდა აივანზე და მაშინვე პამელას ჩაუვარდა კლანჭებში…

– საწყალი ქალი… ეტყობა, კამერონს უთხრა, რომ ქმარი არასდროს გაეყრებოდა და იმანაც ჩენტრის გზიდან ჩამოშორება გადაწყვიტა. სამკუთხედი საბედისწეროდ შეიკრა…

პუარომ თავი გააქნია:

– არა, მისტერ კამერონის ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ მეტისმეტად სულელია და ორმაგად სულელდება, როცა ლამაზ ქალს ხედავს. სინამდვილეში, სამკუთხედი მის ცოლსა და მისტერ ჩენტრის შორის შეიკრა. ეს კარგად დაგეგმილი მკვლელობა იყო. იმ ქალმა შესანიშნავად შეასრულა თავისი როლი.

– რომელმა ქალმა? – გაოცდა პამელა.

– მისის კამერონმა. სინამდვილეში ის არის მისტერ ჩენტრის საყვარელი, თანაც, დიდი ხანია. მისტერ ჩენტრიმ ვალენტინა დუკრეზე ფულის გამო იქორწინა, მერე კი საყვარელთან ერთად მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. მისტერ კამერონი კი მეორე მსხვერპლია. სინამდვილეში, სასმელში სტროფანტონი მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო ჩაეყარა – მისტერ ჩენტრის და ჩაყარა კიდეც. ცარიელი შუშა კი მისტერ კამერონს შეუმჩნევლად ჩაუდო ჯიბეში, როცა ის ვალენტინას შესციცინებდა… აი, ასე, ჩემო კარგო… საშიში ყოველთვის ჭკვიანი ქალია და არა სულელი. მე მივახვედრე მისის კამერონი, თითქმის გავაფრთხილე კიდეც, მაგრამ, მეტისმეტად თავდაჯერებული აღმოჩნდა… პოლიციას უკვე მოვუყევი ყველაფერი… მისტერ კამერონს გაათავისუფლებენ… არადა, როგორ კარგად დააწყვეს ყველაფერი?! შეყვარებული მამაკაცი თავიდან იშორებს მთავარ მეტოქეს – საყვარელი ქალის ეჭვიან ქმარს, რომელიც არ აპირებს, ცოლი სხვა კაცს დაუთმოს… საწყალი ვალენტინა დუკრე, გულწრფელად მეცოდება… რაში გამოგადგება სილამაზე, თუ ღმერთმა ცოტა ჭკუაც არ გიბოძა?!. პოლიციისთვის მე ყველაზე სანდო მოწმე ვარ – აი, რა ვერ გაითვალისწინა მისის კამერონმა…

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button