დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე

პუაროსთვის ეს საქმე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. მასთან დასალაპარაკებლად ინგლისის ცნობილი პოლიტიკოსები – ლორდი ესტერი და სამხედრო კაბინეტის წევრი ბერნარდ დოჯი მოვიდნენ. სწორედ მათგან გაიგო მაძებარმა, რომ ინგლისის პრემიერ-მინისტრი გაურკვეველ ვითარებაში გაქრა. პრემიერ-მინისტრი მეორე დღეს სიტყვით უნდა გამოსულიყო მოკავშირეთა შეკრებაზე და მთავრობის წევრები შიშობდნენ, რომ მისი მოტაცება ინგლისის მტრებმა მოაწყვეს.

– როგორც ვიცი, ეს გერმანიასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ეხება, – თქვა პუარომ.

– დიახ. ახლა ხომ ხვდებით, რატომაც ვღელავთ ასე? ჩვენს განკარგულებაში მხოლოდ ოცდაოთხი საათი და თხუთმეტი წუთია. პრემიერ-მინისტრს ორი ქვეყნის – საფრანგეთისა და ინგლისის პოლიცია ეძებს და, ჯერჯერობით, უშედეგოდ. ლორდის იდეა იყო თქვენთან მოსვლა და, აი, აქ ვართ, – თქვა დოჯმა.

– ყველაფერი მომიყევით. თუ გაზეთებს ვერწმუნებით, დღეს დილით პრემიერზე თავდასხმაც მოხდა.

– დიახ, მის მანქანას ესროლეს, მაგრამ, გადავრჩით – ტყვიამ პრემიერს მხოლოდ ლოყა გაუკაწრა. ის სოფლის საავადმყოფოში მივიდა და ჭრილობა შეახვევინა, მერე კი მან ლა-მანში გადაკვეთა. ბულონში მანქანა დახვდა ერთი ადიუტანტით. ამის მერე მისი კვალი გაქრა, მოსიე პუარო!

მანქანაც და ადიუტანტიც მოგზავნილები იყვნენ, ალბათ, გერმანული მხარის მიერ. ჯაშუშებს ინფორმაცია ჰქონდათ და პრემიერი გაიტაცეს და, იქნებ, უკვე მოკლეს კიდეც. ამაზე ფიქრიც არ მინდა!

– დამშვიდდით, თქვენო ბრწყინვალებავ. დეტალები გამაცანით. მინისტრმა ჯიბიდან კონვერტი ამოიღო:

– ეს ერთადერთი ახალი ამბავია საფრანგეთიდან. ერთ-ერთ ფერმაში აღმოაჩინეს მეორე მანქანა და პრემიერის მდივანი დენიელსი, რომელიც ქლოროფორმით დააძინეს, შემდეგ კი გაკოჭეს და პირში ჩვარი ჩასჩარეს. მას მხოლოდ ის ახსოვს, რომ სახეზე ნაჭერს ადებდნენ. ის კი უძალიანდებოდა. პოლიციას მიაჩნია, რომ მისი ჩვენება სარწმუნოა.

– თუ მეტი აღარაფერია ნაპოვნი, ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრის გვამს, მაშინ, იმედი არის, – პირქუშად წარმოთქვა პუარომ – ისედაც, მეეჭვება, რომ ვინმეს მისი მოკვლა უნდოდეს. აქ სხვა ჩანაფიქრია, მაგრამ, ჯერ არაფერი მაქვს საგულისხმო. რას წარმოადგენს ეს კაპიტანი დენიელსი? მისი დოსიე მაინტერესებს.

– ვიცოდი, რომ ამას შემეკითხებოდით. წარჩინებული ოჯახიდან არ არის. პრემიერ-მინისტრმა ის ენების განსაკუთრებული ცოდნის გამო გამოარჩია. შვიდი ენა იცის. ინგლისში ორი დეიდა ჰყავს. მისის ევერარდი ჰემპსტედში ცხოვრობს, მის დენიელსი კი – ასკოტთან ახლოს.

– ასკოტი? ეს ხომ უინძორების სასახლესთან არის ახლოს?

– ჩვენ ეს გარემოებაც გავითვალისწინეთ, მაგრამ, არაფერი მოგვცა, – თქვა მინისტრმა.

– ჩვენი ყველა უწყება თქვენს განკარგულებაშია. როცა იტყვით, საფრანგეთში მაშინ გაემგზავრებით.

– ჯერჯერობით ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. მაღალჩინოსანმა სტუმრებმა ერთმანეთს გადახედეს.

– ვინ იყო პრემიერ-მინისტრის მძღოლი, რა იცით მის შესახებ? – პუარო დაკითხვას განაგრძობდა.

– ო`მერფი სკოტლენდ-იარდის კაცია, – თქვა მინისტრმა.

– ანუ, დენიელსი პრემიერ-მინისტრის გვერდით იჯდებოდა, მერფი – საჭესთან. გაურკვეველი მიზეზით, მანქანამ ისე გადაუხვია, რომ უკაცრიელ გზაზე აღმოჩნდა, – განმარტა დოჯმა, – სწორედ იქ ესროლეს პრემიერ-მინისტრს, როცა მან ფანჯრიდან თავი გამოყო. შესაძლებელი იყო მეორე გასროლაც, მაგრამ, მძღოლმა ივაჟკაცა და მთელი სიჩქარით გაუსხლტა ბრბოს. პრემიერ- მინისტრმა ეს ამბავი მშვიდად „გაატარა”, მსუბუქი ჭრილობა გზაზევე, ერთ-ერთი სოფლის საავადმყოფოში შეიხვია და წინასწარ შედგენილ გრაფიკს მიჰყვა. როგორც გითხარით, მისი კვალი საფრანგეთში, ბულონში გაქრა.

– მძღოლი სად არის? წესით, მას მანქანა გარაჟში უნდა მიეყვანა, მაგრამ, ეს არ გააკეთა – მანქანა მოგვიანებით საეჭვო რეპუტაციის მქონე რესტორნის წინ იპოვეს. იქ ხშირად იკრიბებიან ხოლმე გერმანელი ჯაშუშები.

– ანუ, დაკარგულია ორი ადამიანი. მძღოლი ლონდონიდან და პრემიერ-მინისტრი –

საფრანგეთში… – პუარო შეიჭმუხნა. ეტყობოდა, როგორ ძაბავდა გონებას. მერე მინისტრს შეხედა:

– თქვენ, ალბათ, გიკვირთ, ჩვეულებრივი მაძებარივით რომ არ ვიქცევი – შემთხვევის ადგილას რომ არ გავრბივარ, გამადიდებელი შუშით ნაფეხურებს არ ვაკვირდები და სამხილებს არ ვეძებ. მინდა მოგახსენოთ, ბატონებო, რომ სამხილები ყოველთვის აი, აქ მაქვს, – პუარომ შუბლზე მიიკაკუნა თითი, – და ჯერ არასდროს შევმცდარვარ. მოტაცება – ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენს მტრებს ყველაზე მეტად აწყობთ. გაუგებრობა შობს პანიკას. პრემიერ-მინისტრის სიკვდილი საშინელი კატასტროფა იქნებოდა, მაგრამ, ამ შოკიდან ქვეყანაც და მთავრობაც გაცილებით სწრაფად გამოვიდოდა; გატაცების შემთხვევაში კი, პრემიერ-მინისტრი ოთხი-ხუთი დღით რომ გადამალონ სადმე წყნარ ადგილას, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გერმანელებმა მოკავშირეებს საკუთარი პირობები უკარნახონ.

– მაშინ, რაღა საჭირო იყო, მკვლელობის მცდელობა? – ხელები გაშალა ლორდმა ესტერმა.

– სწორედ ეგ არის მთავარი შეკითხვა და, როცა ამ კითხვის პასუხს ვიპოვი, იმასაც გეტყვით, სად არის პრემიერ-მინისტრი.

– იქნებ, ეს ორი შემთხვევა არაფერ კავშირშია ერთმანეთთან?

– ასეთი დამთხვევები არ არსებობს. ახლა უნდა გადავწყვიტოთ, რომელია მოღალატე. ამ საქმეში მოღალატის გარეშე ვერაფერს გახდებოდნენ. მაგრამ, რომელია – დენიელსი თუ ო`მერფი? ფაქტია, რომ მესამე ვერ იარსებებდა. მაშინ, რატომ გადაუხვია მანქანამ მარშრუტიდან? ან ო`მერფიმ თავად მიიღო გადაწყვეტილება, ან დენიელსმა უბრძანა. ახლა კარგად უნდა დავფიქრდე და გავაანალიზო, რა კომპრომატები გვაქვს თითოეულის წინააღმდეგ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ო`მერფი სკოტლენდ-იარდის თანამშრომელია. სამაგიეროდ, დენიელსის წარმოშობაა გაურკვეველი, თანაც, ამდენი ენის ცოდნა, ტიპური ინგლისელისთვის ძალიან უცნაურია. ასეა თუ ისე, დრო არ უნდა დავკარგოთ.

– საფრანგეთში გამგზავრებას არ ფიქრობთ? – გაკვირვება ვეღარ დამალა მინისტრმა.

– ვერ ვხედავ ამის საჭიროებას. საფრანგეთის პოლიციამ იცის თავისი საქმე და, თუ პრემიერ- მინისტრს ინგლისის ტერიტორია დაატოვებინეს, რაშიც ეჭვი მეპარება, ისინი მიხედავენ. მე იმ სოფლის საავადმყოფოებს დავათვალიერებ, რომლებიც ლონდონთან არის ახლოს.

მინისტრმა მხრები აიჩეჩა, მაგრამ პუაროსთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. სპეცმანქანა გამოიძახეს და ისიც უზრუნველყვეს, მისი გადაადგილება არავის და არაფერს შეეზღუდა. პუარო ერთი საავადმყოფოდან მეორეში გადადიოდა და სულ უფრო უუმჯობესდებოდა გუნება: ბოლოს ღიღინიც კი დაიწყო. მერე ასკოტში გამგზავრება მოითხოვა. დენიელსის დეიდის სახლის პარმაღზე ერთ დეტექტივთან ერთად აღმოჩნდა და ზარი დარეკა. მერე მოვლენები ელვის

სისწრაფით განვითარდა: სკოტლენდ-იარდის ბიჭები სახლში შეცვივდნენ და იქიდან ერთი ქალი და ორი მამაკაცი გამოიყვანეს. გაოგნებული მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების წინ თავად პრემიერ-მინისტრი და მისი მძღოლი – ო`მერფი აღიმართნენ. კმაყოფილი პუარო ხელებს იფშვნეტდა:

– ბატონებო, გაიცანით კაპიტან დენიელსის „დეიდა”, საკმაოდ ცნობილი ქალბატონი ჯაშუშურ წრეებში. ახლა პრემიერ-მინისტრის საფრანგეთში სასწრაფოდ გამგზავრებაზე ვიზრუნოთ და მერე მოგიყვებით ამ საქმის დეტალებს.

– ღვთის გულისთვის, ერთი სული მაქვს, როდის გავიგებ, როგორ შეიტყვეთ ყველაფერი! –

წამოიძახა ლორმა ესტერმა.

– პრემიერ-მინისტრის მოკვლის მცდელობა – სწორ კვალზე სწორედ ამან დამაყენა, ნამდვილი პრემიერ-მინისტრი კი მანამდე გაიტაცეს, როცა ის ბუკინგემის სასახლეში მივიდა, ასკოტის სიახლოვეს. დენიელსმა მას ქლოროფორმიანი ქსოვილი ააფარა სახეზე და მძღოლს, რომელიც ვერ ხედავდა, რა ხდებოდა უკანა სალონში, გზიდან გადახვევა უბრძანა. იქ მათ ცრუ პრემიერ- მინისტრი, ანუ ნამდვილი პრემიერ-მინისტრის აღნაგობის მამაკაცი და ცრუ-მძღოლი ელოდნენ. ო`მერფისაც ქლოროფორმით „გაუმასპინძლდნენ” და დენიელსის „დეიდის” სახლში მიიყვანეს. ყალბ პრემიერ-მინისტრზე კი თავდასხმა მოაწყვეს „დაჭრეს” კიდეც მსუბუქად და იქვე, სოფლის საავადმყოფოში გაამწესეს – მიაქციეთ ამ დეტალს ყურადღება – სოფლის ექიმი პრემიერ- მინისტრის ნამდვილობაში ვერაფრით დაეჭვდებოდა, მით უფრო, თუ მას სახის ნახევარზე დოლბანდი ექნებოდა აფარებული. აი, რატომ არ მოინდომა პრემიერ-მინისტრმა მასზე თავდასხმის გახმაურება და არჩია, დადგენილ მარშრუტს დაბრუნებოდა. მანქანამ გზა განაგრძო. ყალბმა პრემიერ-მინისტრმა და მისმა ადიუტანტმა ლა-მანში გადალახეს. იქ კი, საფრანგეთის მიწაზე ყალბმა პრემიერ-მინისტრმა თავისი „მოღვაწეობა“ დაასრულა: მოიშორა გრიმი, ნაკაწრზე, ალბათ, პლასტი დაიკრა და ხალხს შეერია. დენიელსმა კი ცოტა მეტი იშრომა, რათა საფრანგეთის პოლიციას ის გაკოჭილი, პირში ჩვრითა და ქლოროფორმის სუნით გაჟღენთილი ეპოვა. აი, რატომ არ დაბრუნდა პრემიერ-მინისტრის მანქანა გარაჟში. თქვენ მას სადმე, ასკოტსა და ბუკინგემს შორის გზაზე იპოვით.

– მესიე პუარო, თქვენ გენიოსი ხართ! – ვეღარ მოითმინა ლორდმა და მაძებარს გადაეხვია.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button