დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – უიღბლო ექსპერიმენტი

პარკერ პაინს უცნაური კლიენტი ჰყავდა იმ დილით – ვინმე მისტერ რეჯინალდ ვეიდი. ეს იყო მაღალი, ფართომხრებიანი მამაკაცი, ოდნავ გარუჯული სახითა და დაბნეული, მორცხვი ღიმილით. პარკერ პაინს ისე უყურებდა, როგორც უენო პირუტყვი, რომელიც დახმარებას ითხოვს.

– თქვენი განცხადება წავიკითხე, – თქვა ბოლოს, – ვიფიქრე, რატომ არ უნდა მივიდე, იქნებ, დამეხმაროს-მეთქი.

– რა თქმა უნდა, – დაეთანხმა პაინი, – იმიტომაც ვარ აქ, რომ ადამიანებს დავეხმარო. მე ადამიანური პრობლემების ექსპერტი ვარ.

მისტერ ვეიდს სახე გაუნათდა:

– ჩემი პრობლემა რთულია, მისტერ პარკერ, ძალიან რთული.

– მოყევით, – საქმიანად მოიფშვნიტა ხელები პაინმა.

– მოსაყოლი თითქმის არაფერია: ჩემმა ცოლმა გადაწყვიტა, მიმატოვოს და სხვასთან წავიდეს. განქორწინებას ითხოვს.

– თქვენ კი გინდათ, ყველაფრის გარეშე დატოვოთ, ერთი ხელი ტანსაცმლის ამარა…

მისტერ ვეიდმა პროტესტის ნიშნად ენერგიულად აიქნია ხელები.

– არა, არა, როგორ გეკადრებათ, ეს როგორ იფიქრეთ! მე მისთვის სიცოცხლეც არ მენანება, არ მინდა, რომ მიმატოვოს. არ შემიძლია, მოვკვდები მის გარეშე.

– ოო, ეს უკვე სხვა რამეა. სიყვარული კარგია.

– ჰო, სიყვარული კარგია, მაგრამ, ჩემს შემთხვევაში ეს სირთულეებთან არის დაკავშირებული. მე ძალიან უინტერესო ადამიანი ვარ. ჩემი ცოლი იმიტომ ანიჭებს უპირატესობას იმას, რომ იგი საინტერესო და მრავალმხრივ ნიჭიერი პიროვნებაა. ერთად დადიან თეატრებში, გამოფენებზე, ოპერაში, ჩვენებებზეც კი. მე კი ასეთი რაღაცეები არ მაინტერესებს, გოლფის თამაში მიყვარს, ფეხბურთი, ჩოგბურთში კარგად ნათამაშები პარტია ჩემთვის დიდი სიამოვნების მომგვრელია. როგორ უნდა მოეწონოს ქალს ისეთი გაუთლელი ხეპრე, როგორიც მე ვარ? მით უმეტეს, ჩემი ცოლისთანა დახვეწილ, ინტელექტუალურ არსებას!..

პაინმა მაშინვე გააპროტესტა მისი სიტყვები:

– არავითარ შემთხვევაში, არავითარ შემთხვევაში! თვითშეფასების ასეთი დონით ვერაფერს მივაღწევთ. როგორ უნდა შეგიყვაროთ თქვენმა ცოლმა, როცა საკუთარი თავი თავად არ მოგწონთ? უპირველესად ამას უნდა მივხედოთ.

– თქვენ ფიქრობთ, რომ რამე შანსი მაქვს? – მოწყენით ჩაილაპარაკა მისტერ ვეიდმა.

– შანსი ყოველთვის არის, მთავარია, როგორ გამოიყენებ მას.

მისტერ ვეიდმა დაიგმინა.

– მოკლედ, ასე, ჩემი დახმარება 200 ფუტი ეღირება. თქვენ კატასტროფული შეცდომა დაუშვით, როცა ცოლს მისი უპირატესობა აგრძნობინეთ. რამდენი წელია, რაც ცოლ-ქმარი ხართ?

– ცხრა წელი.

– და, თავიდანვე ასე იმცირებდით თავს? ღმერთო ჩემო! თქვენ უბიძგეთ საცოდავ ქალს ღალატისკენ, საკუთარი თავი კი უსარგებლო, უფერულ ნივთად აქციეთ, რომელიც აბსოლუტურად არავის სჭირდება! კიდევ დიდხანს მოუთმენია თქვენს ცოლს.

– ანუ, ახლა რას უნდა ველოდე?

– თანახმა ხართ ჰონორარზე? მზად ხართ, ეს თანხა გადამიხადოთ?

– რა თქმა უნდა, ეგ რა საკითხავია, – მისტერ ვეიდმა ჩეკის წიგნაკი ამოიღო, – რის გაკეთებას აპირებთ?

– მე თქვენ გამოგიწერთ ფლირტს ახალგაზრდა, მომხიბვლელ ქალთან.

– გამორიცხულია! ვერავისთან ვერ დავიწყებ ურთიერთობას, სხვა ქალი ჩემთვის არ არსებობს.

– და არც არის საჭირო. ჩემს თანაშემწეს დაგახმართ.

– აირისი, ჩემი მეუღლე, შეუდარებელია. მის წინაშე ყველა ქალი იცრიცება და ხიბლს კარგავს. თუ ნახავს, რომ ვიღაცას ვეკურკურები, მხოლოდ გაუხარდება.

– ძალიან ცდებით, მეგობარო, ძალიან ცდებით, არც ასეა საქმე! არ გაუხარდება, დამერწმუნეთ. ეს ახლა, როცა არავის სჭირდებით, არის არხეინად, მაგრამ, თუ ღირსეული მეტოქე გამოუჩნდება, აზრს მაშინვე შეიცვლის. რამდენი წლის არის თქვენი მეუღლე?

– ოცდათექვსმეტის.

– ჩემი თანაშემწე კი ახლა გახდა ოცდახუთის. მომენდეთ და ყველაფერი კარგად იქნება. თქვენი ცოლი არ დაუშვებს, რომ ქმარმა მიატოვოს მასზე ახალგაზრდა და მიმზიდველი ქალის გამო.

– თქვენ ასე ფიქრობთ?

– იცით, რა არის მთავარი? თქვენ ახლა ხართ „საცოდავი, ბებერი რეჯი”, მე გადაგაქცევთ „რეჯი – საყვარლად”, ქალების გულთამპყრობელად. განსხვავებას ხედავთ? ცოლი ყველაფერს გააკეთებს, რომ „საწყის პოზიციაზე” დაგაბრუნოთ და თვითონაც დაგიბრუნდებათ.

– თქვენი გეგმა იმუშავებს?

– აუცილებლად. ეფექტს ძალიან მალე ნახავთ, სულ რაღაც ორ კვირაში.

… ერთი კვირის შემდეგ პარკერ პაინი თავისი თანაშემწის მონაყოლს ისმენდა. მადლენ დე სარა ძალიან მომხიბლავი იყო; მაღალი, ხვეული შავი თმით, მომაჯადოებელი ღიმილით და ვარდისფერი, ყვავილივით ნაზი კანით. იცვამდა ყოველთვის განსაკუთრებული გემოვნებით და ძვირფასად.

– აბა, როგორ არის საქმე?

– ფანტასტიკურად. ყველაფერი ისე გამოვიდა, უკეთესი რომ არ შეიძლება. როგორც დამარიგეთ, მისტერ ვეიდმა თავისთან დამპატიჟა, მამულში. უნდა ვაღიარო, რომ არაჩვეულებრივი სახლი აქვს, ნამდვილი სასახლე, გოლფის და ჩოგბურთის მოედნებით, ულამაზესი პარკითა და შადრევნებით. ცოლმა მეორე დღესვე დაიწყო ეჭვიანობა, თუმცა, ამას ძალიან ოსტატურად მალავდა. იქ ვიღაც დაქალიც ჰყავდა – ცხვირაწეული კოხტაპრუწა. ვერ გავიგე, რისთვის თხოვდებიან ასეთი ქალები, რომ მერე საკუთარი ქმრები ლანძღონ და აგინონ?

– მერე, მერე?..

– მე და მისტერ ვეიდმა შესანიშნავად გავუგეთ ერთმანეთს. არანაირი პრობლემა არ გვქონია. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო კაცია. მართალია, თავიდან ძალიან შებოჭილი და დაკომპლექსებული იყო, მაგრამ, ერთი პარტია ჩოგბურთის შემდეგ მთლიანად გაიხსნა. ხელიხელჩაკიდებულები ვსეირნობდით მათ მშვენიერ პარკში და ბევრს ვიცინოდით. ჯერ, ჩაის რომ ვსვამდით და მერე – სადილობისას მისის ვეიდს ბევრს ველაპარაკებოდი იმაზე, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ქმარი ჰყავს, რომ მას ძალიან გაუმართლა.

ის ყალბი ღიმილით მისმენდა და ნელ-ნელა წითლდებოდა აღშფოთებისგან, მესამე დღეს კი ვეღარ გაუძლო და თავისი საყვარელი ჩამოიყვანა, თან, ნებართვა ქმარს სთხოვა. მისტერ ვეიდი, როგორც გაფრთხილებული მყავდა, საკმაოდ ხალისიანად დაეთანხმა. კარლ შერინგტონი ისეთი უფერული, უინტერესო და მოსაწყენი ვინმეა… მაშინვე დაფეთდა ჩემზე, ლეკვივით დამდევდა უკან. თან, ჩემი ტანსაცმლის შემხედვარემ, მგონი, გადაწყვიტა, რომ ბევრი ფულიც მაქვს… ერთი სიტყვით, საწყალი მისის ვეიდი ძალიან ცუდ დღეში ჩავაგდე. მისთვის ყველაზე მძიმე გუშინდელი საღამო იყო, როცა მისტერ ვეიდმა უთხრა, რომ მზად არის განქორწინებისთვის და მოცდა აღარ არის საჭირო. უნდა გენახათ, როგორ გადაირია. თავი ვეღარ შეიკავა, მომვარდა და ისტერიკა მომიწყო – ქმარს მართმევო. მე ღირსება არ დამიკარგავს, ბოლომდე მშვიდი და მოღიმარი ვიყავი. კოცნამაც თავისი საქმე გააკეთა.

– ერთი სიტყვით, დავალება ბრწყინვალედ შეასრულეთ.

– რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის. მისტერ ვეიდი მალე მოვა და მადლობას გეტყვით, დარწმუნებული ვარ.

მის მადლენს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კარი ფართოდ გაიღო და ოთახში მისტერ ვეიდი შემოვარდა. მას პარკერ პაინისთვის არც კი შეუხედავს, პირდაპირ ახალგაზრდა ქალისკენ გაიქცა და შესძახა:

– საყვარელო! ვიცოდი, ვიცოდი, რომ აქ იქნებოდი! გუშინ მე არ ვთამაშობდი. არც ერთი წუთი. შენ ერთადერთი ქალი ხარ, ვინც მე მიყვარს და მჭირდება. გამომყევი ცოლად, ძვირფასო, გამაბედნიერე, არც ერთ ქალთან არ მიგრძნია თავი ისე, როგორც თქვენთან. ცოლს მალე გავეყრები და მერე ერთად ძალიან ბედნიერები ვიქნებით, ძალიან…

მადლენი განცვიფრებული მიაშტერდა მღელვარებისგან გაწითლებულ კაცს.

– მე… მე… არ მინდა, თქვენი ცოლი გავხდე. არ მინდა, ეს დავალება იყო.

– დავალება? თქვენ მე მამაკაცად მაგრძნობინეთ თავი. თქვენ მე მიყვარხართ. მხოლოდ ახლა მივხვდი, რა ყოფილა ნამდვილი სიყვარული.

პარკერ პაინი ხან კლიენტს უყურებდა, ხან – თანაშემწეს. მისტერ ვეიდი აშკარად არ ხუმრობდა. უცებ კარი ისევ გაიღო, თანაც ხმაურით, თითქოს ვიღაცამ შემოგლიჯა. ოთახში თმაგაწეწილი მისის ვეიდი შემოვარდა:

– აჰა, ასეც ვიცოდი! ეს ქუჩის ქალი, გარყვნილი და სხვისი ქმრების მიმტაცებელი. ამას გამოეკიდე, არა? ახლავე წამოდი სახლში და პირობა მომეცი, რომ მისკენ აღარასოდეს გაიხედავ!

მისტერ ვეიდი ცოლს მიუბრუნდა:

– ყველაფერი მორჩა, აირის, ჩვენ უნდა დავშორდეთ. შენ შენს საყვარელთან წახვალ. მე მის მადლენთან შევქმნი ოჯახს.

– არავითარ შემთხვევაში! – იკივლა აირის ვეიდმა. როდის იელვა მის ხელში პისტოლეტმა, პარკერ პაინს არ შეუნიშნავს. მოულოდნელად, გაისმა გასროლის ხმა და მისტერ ვეიდი იატაკზე გაიშხლართა.

– რა სამწუხარო შემთხვევაა, რა საბედისწერო გაუგებრობა! – თქვა მისტერ პაინმა, როცა პოლიციამ მის ვეიდი დააპატიმრა და გვამიც გაიტანეს. არასდროს შევმცდარვარ საკუთარ კლიენტში ასე…

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button