დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – „სულების მკურნალი“

ჯეკ ჰარინგტონს გოლფის თამაში ისე უყვარდა, რომ სტორტონ ჰიტში, გოლფის სათამაშო მოედნის სიახლოვეს, პატარა ოტელში ნომერიც კი იქირავა. დილის ექვს საათზე დგებოდა, რომ ერთი საათით წავარჯიშება მოესწრო, შემდეგ კი ქალაქში მატარებლით მიემგზავრებოდა.

ჯეკი ბურთს მიუახლოვდა და დარტყმისთვის მოემზადა. უცებ ხელი ჰაერში გაუშეშდა. დილის მყუდროება განწირულმა კივილმა დაარღვია: „მკლავენ… მიშველეთ! მკლავენ!” ქალის ხმა იყო. ხმა მიწყდა და კვნესა მოისმა.

ჯეკმა ჩოგანი გადააგდო და იმ მხარეს გაიქცა, საიდანაც კივილი ისმოდა. ახლო-მახლო მხოლოდ ერთადერთი კოტეჯი იდგა. რამდენიმე წამში, ჯეკი მის ჭიშკართან გაჩნდა. ღობის იქით, ბაღში გოგონა საქმიანობდა. თავიდან ჯეკმა იფიქრა, სწორედ ეს გოგონა უხმობდა მშველელს, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ცდებოდა. გოგონა ჯეკს გაკვირვებული მიაჩერდა.

– ყვირილი არ გაგიგიათ? – მკლავენ, მიშველეთო? – ჰკითხა ჯეკმა

– არანაირი ყვირილი. ეტყობა, ვიღაც გეხუმრათ. აქ ვინ უნდა მოეკლათ?

ჯეკმა გოგონას მოუბოდიშა და ღობეს მოშორდა. ცოტა ხანს ტყეშიც იბოდიალა, მაგრამ საეჭვო ვერაფერი იპოვა.

მეორე დილა წვიმიანი იყო და ჯეკი გოლფის სათამაშოდ აღარ წასულა. მესამე დღეს კი, ოტელიდან კვლავ დილაუთენია გამოვიდა. საათს დახედა. რვის ოცდახუთი წუთი იყო. წინა დღეს ყვირილი ზუსტად ამ დროს გაიგონა. უცებ ყვირილი ისევ გაისმა: „მკლავენ… მიშველეთ, მკლავენ!” ჯეკმა სასწრაფოდ გორაკს შემოურბინა. გოგონა ბაღში იდგა და ყვავილებს რწყავდა. ჯეკს გაფართოებული თვალებით მიაჩერდა. ცოტა შეშინებულიც ჩანდა და სახლისკენ ისე იყურებოდა, თითქოს დასამალავ ადგილს ეძებსო. ჯეკის შეკითხვაზე ისევ უპასუხა:

– არაფერი გამიგონია.

მისმა პასუხმა ჯეკი შოკში ჩააგდო. გოგონა ისეთი გულწრფელი იყო, არ შეეძლო, მისი არ დაეჯერებინა. თუმცა, ხომ არ მოელანდებოდა? ამ დროს მან გოგონას დაბალ ხმაზე ნათქვამი გაიგონა: „თქვენ, ალბათ კანტუზია გქონდათ.” მაშინვე მიხვდა, გოგონას მის დანახვაზე შეშფოთებული სახე რატომ ჰქონდა. ეგონა, ჯეკი ჰალუცინაციის ტყვეობაში იყო. „და თუ მართლა ჰალუცინაციები დაეწყო?” გაიფიქრა კაცმა და საოცარი დაბნეულობა დაეუფლა. არაფერი უთქვამს. ღობეს მოშორდა და სასტუმროსკენ წავიდა.

დილით კინაღამ ჩაეძინა. უკვე რვის ოცი წუთი იყო, როდესაც სასტუმროდან გამოვარდა. გოლფის მინდვრისკენ გაიქცა. გარბოდა და თან, საათს უყურებდა. ოცდახუთი წუთი… შორიდან ექოსავით მოისმა ქალის განწირული ხმა. სიტყვები ვერ გაარჩია, მაგრამ მიხვდა, რომ იგივე ხმა იყო და იმავე მხრიდან მოდიოდა, კოტეჯის მხრიდან.

უცნაურია, მაგრამ ამან დაამშვიდა. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება ეს ხუმრობა ყოფილიყო და სწორედ ის გოგონა ეხუმრებოდა. გოლფის პარტია დაასრულა და სასტუმროში საუზმეზე დაბრუნდა. ჭამის დროს, შენიშნა რომ მეზობელ მაგიდასთან მჯდომი მამაკაცი ყურადღებით ათვალიერებდა. მამაკაცი შუახნის იქნებოდა. ჯეკმა იცოდა, რომ ის ლევინგტონი იყო. და ცნობილი ექიმი გახლდათ. იმ დღეს საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მას უთვალთვალებდნენ და ძალიან შეეშინდა. ნუთუ, ყველაფერი სახეზე ეწერა? და ექიმმა, როგორც პროფესიონალმა, მის ფსიქიკაში გადახრა შეამჩნია. „იქნებ მართლა ჭკუიდან ვიშლები?”

თუმცა, უმალვე, მოიფიქრა, როგორ გაეფანტა საკუთარი ეჭვი. თამაშის დროს მარტო არ უნდა ყოფილიყო.

ლევინგტონი ადვილად გაიცნო. სათამაშოდ წასვლაზეც დაითანხმა და მეორე დილით, უკვე ორივენი გოლფის მინდორზე იყვნენ. ექიმი კარგად თამაშობდა. ჯეკი – ცუდად. იგი სულ მოსალოდნელ ყვირილზე ფიქრობდა, თუმცა რვის ოცდახუთი წუთი ისე შესრულდა, ჩამიჩუმიც არ ისმოდა. ჯეკს გულზე მოეშვა და ყალიონი გააბოლა. როგორც კი ექიმმა ბურთს დაარტყა, ქალის კივილი გაისმა: „მკლავენ… მიშველეთ! მკლავენ!” ჯეკს ყალიონი გაუვარდა ხელიდან. ლევინგტონისკენ შებრუნდა. იგი აუღელვებლად ემზადებოდა დარტყმისთვის. ცხადია, არაფერი გაუგონია. ჯეკთან ერთად თითქოს სამყაროც დატრიალდა, ნაბიჯი გადადგა და… როდესაც გონზე მოვიდა, აღმოაჩინა, რომ ბალახზე იწვა. თავზე კი ლევინგტონი ადგა.

– რა დაგემართათ? – ჰკითხა მან.

– ჭკუიდან ვიშლები, თქვენ ხომ ექიმი ხართ, ფსიქიატრი?

– მე ჩემს თავს სულების მკურნალს ვუწოდებ. აბა, მოყევით, რა ხდება?

ჯეკმა ყველაფერი დაწვრილებით უამბო. ლევინგტონმა ყურადღებით მოუსმინა და უთხრა:

– ნუ ინერვიულებთ. წადით სამსახურში. მე კი შევეცდები, იმ კოტეჯის შესახებ ცნობები მოვაგროვო. დარწმუნებული ვარ, ძაღლის თავი იქაა დამარხული.

ექიმის სიმშვიდე ჯეკსაც გადაედო. ამ ადამიანის მიმართ გარკვეული ნდობა გაუჩნდა. ექიმმა ყველაფერი ისე ბუნებრივად მიიღო, ისეთი საქმიანი და აუღელვებელი იყო, რომ ჯეკზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

– ცნობები კოტეჯის ყველა მეპატრონეზე შევაგროვე, – უთხრა საღამოს ექიმმა, – წინა მფლობელები ვინმე ტერნერები ყოფილან. ქმარი ინგლისელი, ხოლო ცოლი, როგორც აქაურები ვარაუდობენ – რუსი. ძალიან კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ. ერთ მშვენიერ დღეს მოულოდნელად გაუჩინარდნენ და აღარავის უნახავს. ადგილობრივმა სააგენტომ მისტერ ტერნერისგან ლონდონიდან წერილი მიიღო, სადაც მეპატრონე სახლის გაყიდვას ითხოვდა. ავეჯი და სხვადასხვა ნივთები ბაზრობაზე გაიტანეს, ხოლო სახლი მისტერ მოლევერმა იყიდა. მან სახლში მხოლოდ ორი კვირა იცხოვრა… შემდეგ სახლი გააქირავა. ამჟამად მანდ ტუბერკულოზით დაავადებული ფრანგი პროფესორი და მისი ქალიშვლი ცხოვრობენ. ვფიქრობ, მეტი ინფორმაცია უნდა მოვაგროვოთ ტერნერებზე. ისინი დილით ადრე გაემგზავრნენ. არავის მათი გამგზავრება არ უნახავს. მას შემდეგ კი მხოლოდ ქმარი ნახეს, მაგრამ მე ვერავინ ვიპოვე ისეთი, ვინც მისის ტერნერს შეხვედროდეს, – ექიმმა ჩაახველა – სიკვდილის დროს ცოცხალი არსების გარემოზე ზემოქმედება ძალიან დიდია; განსაკუთრებით ძალადობრივი სიკვდილის დროს. თეორიულად თუ ვიმსჯელებთ, გარემოს შეეძლო გამოყოფილი ენერგია შთაენთქა, შემდეგ შესაბამისად განწყობილი ობიექტისთვის გადაეცა. ამ შემთხვევაში, ასეთი ობიექტის როლში თქვენ გამოხვედით, ჩემო კეთილო.

მეორე დღეს, მოულოდნელად, სასტუმროში ჯეკთან სტუმრად ის გოგონა მოვიდა, რომელიც კოტეჯის ბაღში ყვავილებს რწყავდა. ის ჯეკს მადმუაზელ მარშოდ გაეცნო და უცნაური ისტორია მოუყვა:

– მოჩვენებების არ მჯერა, მაგრამ მესიე, ბოლო ოთხი ღამეა, ერთი და იგივე სიზმარი მესიზმრება. ვხედავ ლამაზ ქალს, რომელსაც ხელში ცისფერი, ჩინური ლარნაკი უჭირავს. იგი უბედურია, მაწვდის ლარნაკს და თითქოს რაღაცას მთხოვს, მაგრამ ვერ ლაპარაკობს. გუშინწინ სიზმარი შეიცვალა. ჩვენება გაქრა და მე მოულოდნელად მისი კივილი გავიგონე. ის ქალი ზუსტად იმ სიტყვებს იძახდა, რაც თქვენ გაიგონეთ: „მკლავენ… მიშველეთ, მკლავენ!” წუხელ სიზმარი კიდევ განმეორდა. ეს რას უნდა ნიშნავდეს?

ჯეკმა გოგონას შესთავაზა, ყველაფერი ლევინგტონისთვის მოეყოლათ. ლევინგტონმა მადმუაზელ მარშოს ყურადღებით მოუსმინა და განაცხადა:

– ეს მოწმობს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ, მადმუაზელ მარშო, კიდევ რაიმე ხომ არ გაქვთ სათქმელი?

– კი, – თქვა გოგონამ, – აი, რა ვიპოვე დღეს კომოდის უჯრაში.

გოგონას ხელში მუყაოს ბინძური ნაჭერი ეჭირა. მასზე აკვარელით ქალი იყო გამოსახული. ქალის გვერდით მაგიდა დაეხატათ. მაგიდაზე კი ცისფერი ჩინური ლარნაკი იდგა.

– ნახატზე ზუსტად ის ქალია გამოსახული, რომელიც დამესიზმრა. ლარნაკიც იგივეა, – თქვა გოგონამ.

– შეიძლება საიდუმლოს გასაღები სწორედ ეს ლარნაკია, – განაცხადა ლევინგტონმა, – ეტყობა, ის ჩინურია და ალბათ, საკმაოდ ძველიც.

– კი, ლარნაკი ჩინურია, – დაემოწმა ჯეკი, – ზუსტად ასეთი ლარნაკი ბიძაჩემის კოლექციაში მაქვს ნანახი. ბიძია ჩინური ფაიფურის დიდი კოლექციონერია. მახსოვს, არც ისე დიდი ხნის წინ, ზუსტად ასეთი ლარნაკი მაჩვენა.

– დიდი ხანია, ბიძათქვენს ეს ლარნაკი აქვს? – ჰკითხა ლევინგტონმა.

– ცოტა ხნის წინ იყიდა, ორი თვეც არ იქნება.

– ჰოდა, ტერნერებმა კოტეჯი სწორედ ორი თვის წინ დატოვეს. ბიძათქვენს ხომ შეეძლო, ეს ლარნაკი სოფლის ბაზრობაზე ეყიდა. უცნაური დამთხვევა კია, მაგრამ ეს, ალბათ, ისაა, რასაც მე ბრმა სამართალს ვუწოდებ. ჰარინგტონ, თქვენ ეს ლარნაკი უნდა მოიტანოთ და თუ მადმუაზელი ნებას დაგვრთავს, ღამეს მის კოტეჯში გავათევთ, ლარნაკს კი თან წავიღებთ. დარწმუნებული ვარ, მიზანს მივაღწევთ. ალბათ, ლარნაკში სამალავია და იქ რაღაც არის დამალული. შეძლებთ, ლარნაკის მოტანას?

– ალბათ კი, – დაბნეულად უპასუხა ჯეკმა, – მართალია, ბიძაჩემი სახლში არაა, საფრანგეთში გაემგზავრა, მაგრამ ლარნაკის აღებას უმისოდაც მოვახერხებ.

საღამოს თერთმეტი საათი იქნებოდა, როდესაც ის და ლევინგტონი ლარნაკთან ერთად, კოტეჯში მივიდნენ. გოგონამ კარი მათ ფრთხილად გაუღო და სთხოვა, არ ეხმაურათ, რადგან მეორე სართულზე ავადმყოფ მამას ეძინა. მადმუაზელ მარშომ ყავა მოადუღა. ლევინგტონმა ოთახის ცენტრში მდგარი მაგიდა მოასუფთავა. მის შუაგულში ლარნაკი დადგა და ყველას სთხოვა მაგიდას შემოსხდომოდნენ. მერე შუქი ჩააქრო.

– სცადეთ, არაფერზე იფიქროთ… მოეშვით. შეიძლება, ერთ-ერთ ჩვენგანს სულებთან ლაპარაკის უნარი აქვს. მაშინ ის ადამიანი ტრანსში ჩავარდება.

ლევინგტონი გაჩუმდა. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. წუთი წუთს მისდევდა. ჯეკი შიშმა კი არა, პანიკამ აიტანა, მაგრამ მადმუაზელ მარშოს წინაშე ვერაფერს გაამხელდა. ცოტა ხანში ჯეკს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ახრჩობდნენ. ყევლაფერი ერთმანეთში აირია და… თითქოს ღრუბლებში გაცურდა……

როდესაც თვალი გაახილა, მოწმენდილი ცა დაინახა. ბალახზე იწვა. თავბრუ ეხვეოდა, საათს დახედა. შუადღეს გადაცილებული იყო. ჯეკი წამოდგა და კოტეჯისკენ გაემართა. სახლში არავინ დახვდა. სასტუმროში მივიდა და ლევინგტონი იკითხა. უთხრეს, რომ ექიმი გვიან ღამით მანქანით გაემგზავრა და რომ მისთვის წერილი დატოვა. ჯეკმა სასწრაფოდ წაიკითხა ბარათი:

„ჩემო ძვირფასო ახალგაზრდა მეგობარო! გვაპატიეთ, რომ მოგატყუეთ. ეს ლარნაკი მინიმუმ ათი ათასი ფუნტი ღირს. გულითადი სალამი მადმუაზელ მარშოსგან, მისი არარსებული მამისგან და ჩემგან. ჩვენ თორმეტი საათის წინ გავემგზავრეთ, დრო, ალბათ გვეყოფა, თქვენგან შორს რომ ვიყოთ… მარად თქვენი, ემბროუზ ლევინგტონი, – სულების მკურნალი”.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button