დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – როცა ღმერთები იცინიან

– კარგად გამიგეთ, – უთხრა ექიმმა მეინელმა ჩარლზ რიჯვეის, რომელიც მასთან თავის ნათესავს, მისის ჰარტერს მოჰყვა, – დეიდათქვენმა შეიძლება, ძალიან დიდხანს იცოცხლოს, მაგრამ შოკი, ან ემოციური აღელვება მაშინვე მოკლავს! ამიტომ, ძალიან მშვიდ გარემოში უნდა იყოს. არავითარი დატვირთვა, არავითარი გადაღლა. რა თქმა უნდა, არავითარი უარყოფითი ემოცია. სასურველია, დაეხმაროთ, რომ სევდიანი ფიქრებიდან ყურადღება უფრო სასიამოვნო რამეზე გადაიტანოს.

იმავე საღამოს ჩარლზმა მოხუც ნათესავს სახლში რადიოს დაყენება შესთავაზა. მისის ჰარტერი ამ წამოწყებას ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა. ფიქრობდა, რომ რადიოტალღები ჯანმრთელობისთვის საშიში იყო. ჩარლზი შეეცადა აეხსნა, რომ ამ ტალღებში საშიში არაფერია. მთელი ლექცია წაუკითხა ელექტრონულ მილებზე, გამაძლიერებლებზე, მაღალ და დაბალ სიხშირეებზე, ტრანზისტორებსა და კონდენსატორებზე. ბოლოს მისის ჰარტერი დანებდა.

სხვანაირად არც შეეძლო. თავისი ახალგაზრდა ნათესავი ძალიან უყვარდა. რამდენიმე წლის განმავლობაში მასთან სხვა ნათესავი – მირიამ ჰარტერი ცხოვრობდა. აპირებდა კიდეც, ეს გოგო თავის მემკვიდრედ გამოეცხადებინა, მაგრამ მირიამმა იმედები გაუცრუა. ძალიან მოუთმენელი აღმოჩნდა. თან, აშკარად ეტყობოდა, რომ მისის ჰარტერის საზოგადოება არ სიამოვნებდა. როგორც მისის ჰარტერს უყვარდა თქმა – „მუდამ სადღაც დაწანწალებდა”. ბოლოს ვიღაც ბიჭს გადაეყარა, რომელიც მისის ჰარტერს სასტიკად არ მოეწონა. მირიამი დედას დაუბრუნეს, მოკლე წერილის თანხლებით, როგორც უვარგისი საქონელი. იგი თავის რჩეულს გაჰყვა ცოლად და მისის ჰარტერი, როგორც წესი, ყოველ შობას ცხვირსახოცებს, ან ხელსახოცებს უგზავნიდა. მას შემდეგ, რაც მდედრობითი სქესის ნათესავებმა იმედები გაუცრუეს, მისის ჰარტერი ვაჟებზე გადაერთო. ჩარლზი მას თავიდანვე მოეწონა. იგი ყოველთვის ყურადღებიანი იყო და მისი ახალგაზრდობის მოგონებებსაც ისეთი ინტერესით ისმენდა, ხოლმე… ჩარლზი ყოველთვის კარგ გუნებაზე იყო და დღეში ხუთჯერ იმეორებდა, როგორი საოცარი მოხუცი ჰყავდა გვერდით. მალე მისის ჰარტერმა ადვოკატს მისწერა, რომ ახალი ანდერძი მოემზადებინა. ადვოკატმაც არ დააყოვნა და მისის ჰარტერმა სულ მალე ახალ ანდერძს მოაწერა ხელი, ჩარლზის სასარგებლოდ.

მისის ჰარტერი თავიდან იყო რადიოს წინააღმდეგი, თორემ ცოტა ხანში მისით ისე დაინტერესდა, აღარც სცილდებოდა – ხან ერთ ტალღას იჭერდა, ხან მეორეს. როდესაც ჩარლზი სახლში არ იყო, რადიო მოხუცს უზარმაზარ სიამოვნებას ანიჭებდა. ჩაჯდებოდა მაღალზურგიან სავარძელში, მყუდროდ მოეწყობოდა და საღამოს პროგრამებს უსმენდა.

რადიოს დაყენებიდან, დაახლოებით სამი თვე იქნებოდა გასული, როდესაც პირველი უცნაური მოვლენა მოხდა. მისის ჰარტერი სახლში მარტო იყო. ჩარლზი მეგობრებთან ბრიჯს თამაშობდა. საღამოს პროგრამაში ძველი შოტლანდიური ბალადების კონცერტს გადმოსცემდნენ, როდესაც მოულოდნელად, რაღაც ხმაური გაისმა, სიმღერა შეწყდა და რადიომიმღები აშიშინდა. შემდეგ ყველაფერი დადუმდა. ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. თუმცა, ცოტა ხანში შიშინი ისევ გაისმა. მისის ჰარტერს მოეჩვენა, რომ ხმა სადღაც შორიდან მოდიოდა… შემდეგ კი ნათლად გაიგონა მამაკაცის ხმა, რომელსაც მსუბუქი ირლანდიური აქცენტი ჰქონდა:

– მერი.., გესმის ჩემი? პატრიკი ვარ… მალე მოგაკითხავ. მზად ხომ იქნები, მერი? და ოთახი ისევ შოტლანდიური ბალადის ხმამ გაავსო. მისის ჰარტერი გაქვავდა.. ეს მისი ქმრის, პატრიკის ხმა

იყო! არა, ეს ან სიზმარია, ან ჰალუცინაცია. ალბათ, ჩათვლიმა. რა უცნაურია, რომ სიზმარში ქმარი მას რადიოთი ელაპარაკებოდა. იქნებ ეს წინათგრძნობა იყო? მას ხომ გული აწუხებს და აღარც ახალგაზრდაა?

ქალს ამ ამბის შესახებ არავისთვის უთქვამს, მაგრამ მალე ყველაფერი განმეორდა. მისის ჰარტერი ისევ მარტო იყო ოთახში. საორკესტრო მუსიკას გადმოსცემდნენ. რადიო, როგორც წინა შემთხვევის დროს, ახლაც მოულოდნელად დადუმდა. ისევ სიჩუმე, ისევ დიდი მანძილის შეგრძნება და ისევ პატრიკის ხმა, ოღონდ არა ისეთი, როგორიც ცხოვრებაში ჰქონდა, არამედ, შორეული და არამიწიერი.

– მერი, პატრიკი გელაპარაკება. მალე მოგაკითხავ… მისის ჰარტერმა საათს დახედა. არა, ამჯერად არ სძინავს. დარწმუნებულიცაა, რომ ეს არც ჰალუცინაციაა. გაიხსენა, რას უყვებოდა მას ჩარლზი სიხშირეებსა და ტალღებზე. შესაძლებელი იყო, თუ არა, პატრიკი მასთან კონტაქტზე იმ ქვეყნიდან მართლაც გამოსულიყო? ჩარლზი რაღაცას ყვებოდა „დაკარგული ტალღების” შესახებ, სკალაში არსებულ რაღაც ხვრელებზე. შეიძლება, ეს „დაკარგული ტალღებია” პარაფსიქოლოგიური მოვლენების მიზეზი? ალბათ, ასეცაა. მას პატრიკი ელაპარაკა. მან მეცნიერების უახლესი მიღწევით ისარგებლა, რათა ცოლი გარდაუვალისთვის შეემზადებინა.

მისის ჰარტერმა მოახლე, ელიზაბეთი გამოიძახა და სთხოვა მისი დაკრძალვისთვის ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც ეტყოდა. ელიზაბეთი ატირდა. ეს ქალი საოცრად ერთგული იყო. ლამის მთელი ცხოვრება მასთან გაატარა.

– რამდენი ვუანდერძე ელიზაბეთს? – გაიფიქრა მისის ჰარტერმა, როდესაც ასლუკუნებული მოახლე გავიდა, – ასი ფუნტი, თუ მხოლოდ ორმოცდაათი? არა, ასი უნდა მეანდერძებინა.

ამაზე ფიქრმა მოხუცი გააწვალა და მეორე დღეს თავის ადვოკატს წერილი მისწერა. სთხოვა, ანდერძი გამომიგზავნე, უნდა გადავხედოო. ეს იმ დღეს მოხდა, როდესაც სადილზე ჩარლზმა ისეთი ამბავი მოყვა, რომელმაც მოხუცი შოკში ჩააგდო. ჩარლზს თავადაც არ სჯეროდა, რომ რაც ნახა, სინამდვილეში მოხდა, მაგრამ მოხუცის დაჟინებული თხოვნით, მაინც მოყვა. ჩარლზის მონათხრობიდან გაირკვა, რომ სახლის ერთ-ერთ ფანჯარაში მან ვიღაც კაცის გამოსახულება დაინახა. თავიდან ვერ მიხვდა, ვინ იყო, მაგრამ შემდეგ, სასტუმრო ოთახში, ბუხრის თავზე ახალგაზრდა კაცის პორტრეტი დაინახა და მიხვდა, რომ ფანჯრიდან სწორედ ის ჩანდა. მისის ჰარტერმა ფერი დაკარგა, პორტრეტზე სწორედ მისი ქმარი, პატრიკი იყო გამოსახული,

რომელიც ოცდახუთი წლის წინ გარდაიცვალა. თუმცა, მისის ჰარტერი გაჩუმდა და არაფერი უთქვამს.

იმავე საღამოს ჩარლზი ისევ სტუმრად წავიდა. მისის ჰარტერმა სასწრაფოდ რადიო ჩართო… თუ მესამედაც გაიგონებდა, იმ იდუმალ ხმას, მაშინ ყველაფერი მართალი ყოფილა და ნამდვილად იმ ქვეყნიდან ელაპარაკება… მას აღარ გაკვირვებია, როდესაც ნაცნობი ხმაური შემოესმა, რასაც გრძელი პაუზა მოჰყვა და სუსტი შორეული ხმაც ისევ ალაპარაკდა ირლანდიური აქცენტით: – მერი… ახლა შენ უკვე მზად ხარ. პარასკევს მოგაკითხავ… პარასკევს ათის ნახევარზე… ნუ გეშინია, ტკივილს ვერ იგრძნობ… მზად იყავი… რამდენიმე წუთი მისის ჰარტერი გაუნძრევლად იჯდა. სახე გაფითრებოდა, ტუჩები უკანკალებდა.

ხუთშაბათ საღამოს ყველაფერი წყნარად და მშვიდობიანად იყო. მისის ჰარტერი როგორც ყოველთვის, ბუხართან, თავის მაღალსაზურგიან სავარძელში მოკალათდა. იგი მზად იყო, რადგან ანდერძის ჩასწორების დრო არ ჰქონდა, დილით თავად წავიდა ბანკში, ორმოცდაათი ფუნტი ანგარიშიდან მოხსნა და ელიზაბეთს გადასცა. მერე კიდევ ერთხელ აიღო ხელში ანდერძი და გადაათვალიერა. ყველაფერი გარკვევით ეწერა: ორმოცდაათი ფუნტი ელიზაბეთ მარშალს, ხუთას-ხუთასი ფუნტი დას და ბიძაშვილს, ყველაფერი დანარჩენი კი – მის ფავორიტს, ჩარლზ რიჯვეის. ქალმა საათს დახედა. უკვე ათის ნახევარი იყო. გული გამალებით უცემდა. რადიო ჩართული იყო, მაგრამ მისი ყურადღება შემოსასვლელი კარის ჭრიალმა მიიპყრო. მისის ჰარტერმა მწვავედ შეიგრძნო შიში. პანიკამ მოიცვა. კარს უკან ნაბიჯების ხმა გაისმა. მისის ჰარტერი ნელა წამოდგა, ღია კარს თვალს არ აშორებდა. უნდოდა, ეყვირა, მაგრამ ვერ შეძლო. ბუხრის მიმქრალ შუქზე კარში ნაცნობი ფიგურა გამოჩნდა. წაბლისფერი ბლანჟეთი და ბაკენბარდებით. პატრიკმა მოაკითხა!.. მისი გული უკანასკნელად შეიკუმშა და გაჩერდა. მოხუცი ქალი ბუხართან დავარდა…

ორი საათის შემდეგ იგი ელიზაბეთმა იქვე იპოვა. გვამი ექსპერტიზაზე წაიღეს. იმავე ღამეს, როდესაც სახლში უკვე არავინ იყო, ჩარლზმა აიღო მავთულები, რომლებიც რადიოდან მისი საძინებლისკენ მიდიოდა. შემდეგ ბუხარში დაწვა წაბლისფერი წვერი და ბაკენბარდები. შეეძლო, აღარაფრის შეშინებოდა. იმ ქვეყანასთან „კავშირის დამყარების” იდეა, მაშინ გაუჩნდა, როდესაც ექიმმა მეინელმა უთხრა, რომ კარგი მოვლის შემთხვევაში, დეიდამისი კიდევ დიდხანს იცოცხლებდა. ამას კი ვერ დაუშვებდა, რადგან იმ საქმეებს, რომლებშიც გაეხვია, პირდაპირ ციხეში მიჰყავდა. თუ ფულს სასწრაფოდ არ იშოვიდა, სირცხვილი და გაკოტრება ელოდა. ახლა კი ყველაფერი რიგზე იყო. ის უკვე მდიდარი კაცი გახდა.

მეორე დღეს ჩარლზმა ადვოკატი, მისტერ ჰოპკინსი დაიბარა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა:

– როგორც ვიცი, დეიდაჩემის ანდერძი თქვენთან ინახება.

– უფრო სწორად ინახებოდა, – უთხრა ადვოკატმა, – მისის ჰარტერმა წინა სამშაბათს მთხოვა, ანდერძი მისთვის გამომეგზავნა.

ჩარლზს გააცია, რადგან უკვე ზუსტად იცოდა, რომ ანდერძი სახლში არ იყო. მან ხომ ყველაფერი გადააქოთა და ვერსად იპოვა. იგრძნო, ცივმა ოფლმა როგორ დაასხა. ადვოკატმა ელიზაბეთის მოყვანა შესთავაზა. ელიზაბეთმა უთხრა, რომ ანდერძი ცისფერ კონვერტში იდო და ის ბოლოს, მისის ჰარტერის ხელში ნახა. მოულოდნელად ჩარლზს სისხლი გაეყინა, რადგან თვალწინ წუხანდელი სურათი დაუდგა. როდესაც იგი გარდაცვლილი მისტერ ჰარტერის როლში მყოფი მოხუცთან შევიდა. ქალს მარცხენა ხელი გულთან ჰქონდა მიჭერილი, მარჯვენა ხელიდან კი რაღაც გაუვარდა და ბუხარში, გავარვარებულ ნაკვერჩხლებზე დავარდა. ჩარლზს სახე სულ გაუთეთრდა. მან ძლივს გაიგონა სკუთარი ხმა, როდესაც იკითხა:

– თუ ანდერძს ვერ ვიპოვით, რა იქნება?

– იმოქმედებს ძველი ანდერძი. იმ ანდერძის თანახმად, მისის ჰარტერი მთელ ქონებას მირიამ ჰარტერს უტოვებს, – აუხსნა ადვოკატმა.

„მირიამი? მირიამი თავისი დებილი ქმრით და ოთხი საზიზღარი ბაჭყატით… გამოდის, მირიამის გამო იწვალა ამდენი?! მას კი ციხე არ ასცდება”… ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ექიმი რეკავდა:

გაკვეთის შედეგები მივიღე. სიკვდილის მიზეზი, როგორც ვვარაუდობდი, გულია. როგორც ჩანს, შევცდი, როდესაც ვთქვი, კარგი მოვლის პირობებში, მისის ჰარტერი კიდევ დიდხანს იცოცხლებს-მეთქი. მისი გული უფრო ცუდ მდგომარეობაში ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა. თავი არ დაიდანაშაულოთ, საუკეთესო პირობებშიც კი, მაქსიმუმ, ორი თვე გაექაჩა.

ჩარლზი მიხვდა, რომ იქ ზეცაში ვიღაც დასცინოდა მას…

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button