დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – იაფი „მახე“

ერთხელ ჩემს ძველ მეგობართან ჯერალდ პარკერთან ვიყავი სტუმრად. ჩვენ გარდა კიდევ ექვსი ადამიანი იყო. საუბარი ბინების ქირაობის პრობლემას შეეხო. ბოლო სიტყვა ულამაზეს მისის რობინსონს ერგო, რომელიც ქმართან ერთად იყო მოსული. ისინი ახალდაქორწინებულები იყვნენ.

– თქვენ ჯერ არ გაგიგიათ, როგორ გაგვიმართლა? – იკითხა მან.

– ბოლოს და ბოლოს ვიქირავეთ ბინა. თან, იცით სად? – მონტეგიუში. ოღონდ, საქმე ისაა, რომ იაფად ვიქირავეთ. უფრო იაფი არ არსებობს – ოთხმოცი ფუნტი წელიწადში.

– რა? ეს წარმოუდგენელია!

– იყვირა პარკერმა.

– რაღაც უცნაურობა ხდება.

– ბინების გაქირავების ფირმას მივაკითხეთ, მაგრამ რაც შემოგვთავაზეს, ყველაფერი ძალიან ძვირი იყო.

– არანაკლები ოთხასი ფუნტისა წელიწადში. წამოსვლას ვაპირებდით, რომ კლერკს წამოსცდა, არის ერთი ბინა ოთხმოცად, თუმცა ის უკვე დიდი ხანია ჩვენს სიაშია. უამრავი ადამიანი გავაგზავნეთ და სავარაუდოდ, გაქირავებულიც იქნებაო. ჩვენც ვხვდებოდით, რომ შანსი არ გვქონდა, მაგრამ ნახვა მაინც გადავწყვიტეთ, ყოველი შემთხვევისთვის. ეს ბინა – ნომერი ოთხი მესამე სართულზე იყო და როდესაც ლიფტს ველოდებოდით, კიბეზე ეშლი ფერგიუსონი ჩამორბოდა. იგი ჩემი მეგობარია და ისიც ბინას ეძებდა. „დაგასწარი საყვარელო, – მითხრა მან, – და მაინც წარუმატებლად. უკვე გაქირავებულია”. მივხვდით, რომ დავაგვიანეთ, მაგრამ ფასი ხომ ძალიან დაბალი იყო, ჩვენ კი შეგვეძლო მეტი შეგვეთავაზებინა. ამიტომ, მაინც ავედით და თქვენ წარმოიდგინეთ, ბინა გაქირავებული არ იყო. საქმე მომენტალურად მოგვარდა. ზეგ უკვე გადავდივართ.

– აბა, მისის ფერგიუსონს რა მოეჩვენა? – იკითხა პარკერმა.

– რას გკარნახობთ თქვენი დედუქცია, ჰასტინგს?

– „ეს ხომ ელემენტარულია, ძვირფასო უოტსონ”, – წარმოვთქვი ღიმილით.

– მას ბინა შეეშალა.

მთელი ეს ისტორია საინტერესოდ მომეჩვენა და მეორე დღეს, კურიოზის სახით პუაროს ვუამბე. იგი ძალიან დაინტერესდა და დაწვრილებით გამომკითხა ლონდონში ბინების ქირაობის პირობები. შემდეგ სადღაც გავარდა. ცოტა ხანში გაბრწყინებული სახით დაბრუნდა და გამომიცხადა, ამ საქმის გამოძიებას ვიწყებთო.

– წარმოიდგინეთ, ასეთი ბინის რეალური ფასი სამას ორმოცდაათი ფუნტია. მიუხედავად ამისა, ამ მშვენიერ ბინას ოთხმოც ფუნტად აქირავებენ, რატომ? და კიდევ, მეგობარმა რატომ უთხრა, რომ ბინა უკვე გაქირავებულიაო. ბინა შეეშალა? შეიძლება, მაგრამ ფაქტია, მანამდეც ბევრი მსურველი მივიდა, მაგრამ საოცარი სიიაფის მიუხედავად, ბინა არ გაქირავდა. ამიწერეთ მისის რობინსონი.

– მაღალი ქალია.… სახის სწორი ნაკვთები აქვს და მშვენიერი, ოქროსფერი თმა. ასევე ცისფერი თვალები და ბრწყინვალე აღნაგობა. პუარომ მონტეგიუში წასვლა შემომთავაზა, იქნებ, რამე გავარკვიოთო. ამ მშვენიერ შენობას მთელი კვარტალი ეკავა. პუარომ კარისკაცს მიმართა:

– ვერ გვეტყვით, აქ ცხოვრობენ მისტერ და მისის რობინსონები?

– კი, მესამე სართულზე. უკვე ექვსი თვეა, რაც გადმოვიდნენ, – გვიპასუხა მან.

მე ყბა ჩამომივარდა. იქნებ გეშლებათ-მეთქი. არა, ზუსტად მახსოვს, წმიდა მიხაილის დღეს გადმოვიდნენ. ქალი ძალიან ლამაზია. ოქროსფერი თმა აქვსო.

მეხუთე სართულზე ცარიელი ბინა აღმოჩნდა, კვირაში ხუთ გინეად. პუარომ ერთი თვით იქირავა. ჩვენს დროებით საცხოვრებელში მეორე დღესვე გადავედით. ის ზუსტად რობინსონების ბინის თავზე იყო. სამშაბათს პუარო მთელი დღე წასული იყო. საღამოს დაბრუნდა და კმაყოფილი სახით ასეთი რაღაც მიამბო:

– დაახლოებით, ნახევარი წლის წინ, ვიღაცამ ამერიკის ერთ-ერთი სამთავრობო დაწესებულებიდან ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები მოიპარა. ეს იყო, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზების თავდაცვითი ნაგებობების ნახაზები, რომლებიც სხვა რომელიმე სახელმწიფოს აუცილებად დააინტერესებდა. მაგალითად, იაპონიას. ეჭვი ახალგაზრდა იტალიელზე – ლუიჯი ვალდარნოზე მიიტანეს, რომელიც იმ დაწესებულებაში წვრილი მოხელე იყო და იმავე დღეს დაიკარგა, რა დღესაც დოკუმენტები. ორი დღის შემდეგ, ეს ტიპი ნიუ-იორკის ისტ-საიდში მოკლეს. დოკუმენტები თან არ აღმოაჩნდა. ამ ამბებამდე ცოტა ხნით ადრე კი, ლუიჯი ვალდარნო ახალგაზრდა მომღერალთან, ვინმე მის ელზა ჰარდტთან ერთად ნახეს. სცენაზე იგი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, მანამდე ძმასთან ერთად ვაშინგტონში ცხოვრობდა. რაც შეეხება მის ჰარდტის წარსულს, იგი ბურუსითაა მოცული. ლუიჯი ვალდარნოს სიკვდილის შემდეგ, ქალი გაქრა და ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, ივარაუდო, რომ სინამდვილეში იგი ერთ-ერთი ქვეყნის დაზვერვაზე მუშაობს. ამერიკის სპეცსამსახურებმა კონტროლზე აიყვანეს ვაშინგტონში მცხოვრები ყველა საეჭვო იაპონელი. ნათელი იყო, რომ ეს ქალი ერთ-ერთ მათგანთან კონტაქტზე გასვლას ეცდებოდა. ჰოდა, ერთ-ერთი ვაშინგტონელი იაპონელი ორი კვირის წინ ინგლისში გამოემგზავრა, რაც ირიბად ამტკიცებს, რომ ელზა ჰარდტი აქ არის. ელზა ჰარდტის აღწერილობაა: – სიმაღლე ხუთი ფუტი და ექვსი დუიმი, ცისფერი თვალები, სწორი ცხვირი, ოქროსფერი თმები, ბრწყინვალე აღნაგობა.

– მისის რობინსონი! – წამოვიძახე მე.

– სრულიად შესაძლებელია, – დააზუსტა პუარომ.

– ასევე გავარკვიე, რომ მეოთხე ნომერი ბინის მცხოვრებლებს დღეს დილით ვიღაც შავგვრემანი ტიპი კითხულობდა, გარეგნულად უცხოელს ჰგავდა. ასე რომ, ვშიშობ, ჩემო მეგობარო, დღეს ტკბილ ძილზე უარის თქმა და ჩემთან ერთად იმ საიდუმლო ბინაში ღამის გატეხვა მოგიწევთ? ჰო, რევოლვერიც თან წამოიღეთ, ყოველი შემთხვევისთვის.

ზუსტად შუაღამისას, ნახშირის ამწეში გადავძვერით და მესამე სართულზე დავეშვით. პუარომ კარი გახსნა და ჩვენ ბუფეტის ოთახში აღმოვჩნდით. იქიდან სამზარეულოში გავედით და სკამებზე მოვთავსდით, ჰოლში გასასვლელი კარი კი შეღებული დავტოვეთ. დაახლოებით საათ-

ნახევარში რაღაც ფხაკუნის ხმა გაისმა. ვიღაც კარის კლიტეს აწვალებდა. მალე კლიტე გამოვარდა. მე და პუარო ჰოლში გამოვედით და კედელს ავეკარით. როდესაც შემოსულმა ფანარი აანთო, პუარომ მიჩურჩულა: დროა! ჩვენ ერთად გადავხტით. პუარომ მას თავზე შარფი მოხერხებულად გადააფარა. მე კი ხელი ამოვუტრიალე, რომელშიც დანა ეჭირა. რევოლვერი რომ დამინახა, მაშინვე დაწყნარდა. მიხვდა, რომ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა. პუარო მისკენ დაიხარა და დიდხანს ყურში რაღაცას ეჩურჩულებოდა. უცნობმა პასუხად თავი დაუქნია. ჩვენ ყველანი დაბლა ჩავედით. პუარომ რევოლვერი გამომართვა, მეტად აღარ დაგვჭირდებაო და ტაქსიში ჩავჯექით. პუარომ მძღოლს მისამართი უთხრა:

– სენტ-ჯონსვუდი. მე უკვე ვეღარაფერს ვხვდებოდი. ჩვენ ერთ პატარა სახლთან გადმოვედით. პარმაღზე ავედით და პუარომ ზარი დარეკა. ჯერ არავინ გამოვიდა. მაგრამ, რომ არ მოვეშვით, კარი ვიღაცამ ოდნავ შეაღო. გარეთ მამაკაცი გამოვიდა.

მკვეთრი დარტყმით პუარომ იგი ძირს დასცა. სამივენი ოთახში შევვარდით და კარი შიგნიდან ჩავკეტეთ. პუარომ შუქი აანთო და ჩვენს თანმხლებ უცნობს, რომელიც იტალიელი უნდა ყოფილიყო, ფარდის უკან დამალვა უბრძანა. დამალვა ძლივს მოასწრო, რომ ოთახში ქალი შემოვარდა – მაღალი, ოქროსფერი თმით.

– სად არის ჩემი ქმარი? – იყვირა მან. თან შეშინებული მზერა მოგვავლო.

– თქვენ ვინ ხართ?

– ჩვენ მართლაც ვერ წარმოგიდექით, – წინ წამოიწია პუარო.

– ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი თქვენთან შესახვედრად ნიუ-იორკიდან ჩამოვიდა.

ფარდა გადაიწია და სამალავიდან იტალიელი გამოვიდა. კანი დამიბუსუსდა, როდესაც დავინახე, რომ მას ხელში ჩემი რევოლვერი ეჭირა. რა თქმა უნდა, პუაროს ტაქსიში დაუვარდა. ქალმა გაქცევა სცადა, მაგრამ მის წინ პუარო იდგა. „მომკლავს”, – ყვიროდა ქალი.

– ვინ მოკლა ლუიჯი ვალდარნო? – ყვიროდა იტალიელი და რევოლვერს მორიგეობით ყველას გვიმიზნებდა.

– ვფიქრობ, მის ელზა ჰარდტისთვის, ზედმეტი ახსნა-განმარტებებით შეურაცხყოფის მიყენების აუცილებლობა არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, უკვე ყველაფერს მიხვდა. ქალი სწრაფად ეცა ატლასის დიდ კატას, რომელიც ტელეფონის სადგამის ფუნქციას ასრულებდა.

– აქ არის, შიგნით.

– კარგად მოგიფიქრებიათ,

– ჩაილაპარაკა პუარომ.

– კარგად ბრძანდებოდეთ, მადამ. მე ჩვენს ნიუიორკელ მეგობარს დავაკავებ, ვიდრე თქვენ წახვალთ.

– რა იდიოტი ხართ! – დაიქუხა იტალიელმა და რევოლვერი ქალს დაუმიზნა. ვიდრე მე მას მივარდებოდა, სასხლეტს გამოკრა, თუმცა გასროლის მაგივრად მხოლოდ ჩხაკუნი გაისმა.

– ჰასტინგს, ძველ მეგობარს მაინც არ ენდობით? ნუთუ, შეგეძლოთ გეფიქრათ, რომ დატენილ რევოლვერს თითქმის უცნობ ადამიანს ვანდობდი… არა, არა, მეგობარო, – მიუბრუნდა ის იტალიელს, რომელმაც გინების კორიანტელი დააყენა.

– მადლობა უნდა მითხრათ. მე თქვენ სახრჩობელა აგაცილეთ. ფიქრობთ, რომ ჩვენი მშვენიერი ლედი მართლმსაჯულებას გაექცევა? არა, არა, სახლი პოლიციელებითაა გარშემოტყმული. ახლა კი შეგიძლიათ წახვიდეთ, ოღონდ ფრთხილად იყავით… რა საყვედურით მიყურებთ ჰასტინგს, ყველაფერი ხომ ძალიან მარტივია. თავიდანვე ხომ ნათელი იყო, რომ ბინის ქირაობის ასამდე მსურველიდან მხოლოდ რობინსონები გამოდგნენ. რატომ? რითი გამოარჩიეს ისინი? მხოლოდ გვარით! ლიზა ჰარდტი და მისი ქმარი, ან ძმა, ვინც არის, ნიუ-იორკიდან ჩამოდიან და ბინას მისტერ და მისის რობინსონის სახელზე ქირაობენ. მოულოდნელად იგებენ, რომ მაფია, რომლის წევრიც ლუიჯი ვალდარნო იყო, მათ კვალს დაადგა. რა უნდა ქნან? მათ თავში გენიალურობამდე

უბრალო გეგმა მოსდით. მდევრები მათ სახეზე არ იცნობენ, იციან მხოლოდ, რომ მონტეგიუში ბინა იქირავეს, მისტერ და მისის რობინსონების სახელზე და, რომ ელზა ჰარდტს ოქროსფერი თმა აქვს. ისინი ბინას საოცრად დაბალ ფასად აქირავებენ. ლონდონის ათასობით წყვილს შორის, არ შეიძლებოდა რობინსონებიც არ აღმოჩენილიყვნენ. ეს ხომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გვარია. ოქროსფერთმიანი მისის რობინსონი ადრე, თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებოდა. მერე რა მოხდებოდა? ალბათ, უკვე მიხვდით. ადამიანი ჩამოდის. იცის პიროვნების გვარი და მისამართი. მიაქვს მასზე იერიში. ყველაფერი დამთავრებულია, შურისძიება აღსრულებული, ხოლო მის ელზა ჰარდტი ისევ უვნებელი უძვრება მათ ხელიდან. სხვათა შორის, ჰასტინგს, აუცილებლად უნდა გამაცნოთ ნამდვილი მის რობინსონი. რას იფიქრებენ, როდესაც გაიგებენ, რა მოხდა მათ ბინაში?!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button