დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – „პატარა“ საიდუმლო

პუაროს ქალიშვილი მაშინვე მოეწონა. წავის ქურქში გამოწყობილი, ერთი შეხედვით, ძალიან უდარდელად მოაქნევდა პატარა, კოხტა ჩემოდანს. ოქროსფერი, ხვეული თმა ჰქონდა და კოხტა ყურებთან კეკლუცად ეფინებოდა. სანამ მატარებლამდე მიაღწია, არაერთმა მამაკაცმა დაასაჩუქრა აღფრთოვანებული მზერით. ორი საათის შემდეგ ისინი ერთმანეთს ვაგონ- რესტორანში შეხვდნენ. ერთ მაგიდასთან დასხდნენ და ორივემ ყავა ნაღებით და შვედური ფუნთუშები მოითხოვა. პუარომ შენიშნა, რომ მისის ელსი მალულად ათვალიერებდა მას. კაცმა გამამხნევებლად გაუღიმა და ჰკითხა.

– ძვირფასო მადამ, თქვენ ჩემთვის რაღაცის თქმა გინდათ…

– ო, დიახ… თქვენ ერკიულ პუარო ხართ. ცნობილი პუარო. დეტექტივი. მე თქვენი ფოტო გაზეთებში მინახავს.

– დიახ. ნამდვილად მე ვარ, მაგრამ თქვენ ჩემი სამსახური არ უნდა გჭირდებოდეთ. თვალები ისე გიბრწყინავთ, პირად ცხოვრებაში პრობლემები არ უნდა გქონდეთ.

– ო, დიახ, მე ძალიან კარგი მეუღლე მყავს და ძალიანაც მიყვარს. ის ახლა თეირანშია, საქმეებზე და მასთან მივდივარ. ორი კვირაა, რაც წასულია და უკვე ძალიან მომენატრა. მე ჩემს მეუღლეში დარწმუნებული ვარ. ის ისეთი კეთილია და ყურადღებიანი, მაგრამ…

პუარო მაშინვე გამოცოცხლდა.

– აბა, მომიყევით, რაშია საქმე? თქვენ და თქვენი მეუღლე ამერიკელები ხართ, არა?

– დიახ. თუმცა უკვე დიდი ხანია, ინგლისში ვცხოვრობთ. სიტუაცია ასეთია, ცოტა სასაცილოც კი… ედვარდი რომ გაემგზავრა, რამდენიმე დღის შემდეგ მის კაბინეტს ვალაგებდი. საშრობი ქაღალდი ავიღე და ვნახე, რომ მასზე წარწერის კვალი შერჩენილიყო. ხუმრობით, მხოლოდ ხუმრობით, მერწმუნეთ, მესიე პუარო, ქაღალდი სარკესთან მივიტანე და ასეთი რაღაც ამოვიკითხე: „ცოლი“, მერე „სიმპლონის ექსპრესი“, ბოლოს კი ფრაზა: „საუკეთესო ვარიანტია, ვენეციაში მატარებლის შესვლამდე“, – ელსიმ ხელები გაასავსავა, – მესიე პუარო, რას უნდა ნიშნავდეს ეს. თავად ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი.

პუარო ჩაფიქრდა.

– ჰო, საინტერესოა, ძალიან საინტერესო… ეს ნამდვილად თქვენი ქმრის ხელწერაა?

– დიახ. მე ვცნობ ედვარდის კალიგრაფიას.

– ესე იგი, ვენეციაში მატარებლის შესვლამდე რაღაცას უნდა ველოდოთ… მაგრამ, თქვენ ნუ შეგეშინდებათ, მადამ. მე თქვენ გვერდით ვიქნები. ერთი წუთითაც არ მოგცილდებით. ერთადერთი, რაც ახლა მოგვეთხოვება, სიმშვიდე და ლოდინია.

ოთხის ხუთი წუთი იყო. ექსპრესი მხოლოდ 11 წუთით ჩამორჩებოდა განაწესს. ელსი ჯეფრისის კუპეში ისხდნენ. თუ რამე მართლა იყო მოსალოდნელი, ეს წუთი-წუთზე უნდა მომხდარიყო. უეცრად კორიდორში ქალის ყვირილი გაისმა.

– ვიწვით! გვიშველეთ, ჩქარა აქეთ!

პუარო და ელსი ერთი ნახტომით კორიდორში გაჩნდნენ. ვიღაც ქალი ისტერიკულად კიოდა, აქეთ-იქით აწყდებოდა და ხელს იშვერდა ერთ-ერთი კუპისკენ, საიდანაც კვამლი ბოლქვებად გამოდიოდა. პუარო და ელსი იქითკენ გაიქცნენ. სხვა ვაგონებიდანაც გამოვიდნენ მგზავრები. გამოჩნდა გამცილებელიც. ბოლისგან უკვე ყველა ახველებდა.

– ქალბატონებო და ბატონებო, ძალიან გთხოვთ, დამშვიდდით, არავითარი ხანძარი არ არის! – ყვიროდა გამცილებელი, – დაბრუნდით თქვენს კუპეებში! მალე ყველაფერს მოვაწესრიგებთ… კუპეში არავინ ყოფილა. ვიღაცამ ცუდად იხუმრა.

პუარო ერთბაშად შემობრუნდა და მისის ჯეფრისის კუპეში შევიდა. სწორედ იმ დროს მატარებელმა გადაიარა ხიდზე, რომელიც ვენეციას მატერიკთან აერთებდა. პუარომ კუპეს ფანჯარაში გადაყუდებული ის ქალი დაინახა, რომელმაც მთელი ეს აურზაური ატეხა.

– მადამ, თქვენ კუპე შეგეშალათ.

– ვიცი, მაგრამ განა ეს გასაკვირია იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა?!

– საშიში არაფერია. უკვე ყველაფერი მორჩა. პრინციპში, ხანძარი არც ყოფილა.

– მართლა? – უყურადღებოდ იკითხა ქალმა, – კარგია. მაშინ ჩემს კუპეში დავბრუნდები.

პუარო კარში ჩადგა და გასასვლელი ჩახერგა.

– მესიე, ეს რას ნიშნავს? – წარბი შეიკრა ქალმა.

– ჯერ ვერსად წახვალთ. მოცდა მოგიწევთ, – ხმა გაიმკაცრა პუარომ.

– მესიე, როგორ ბედავთ?!

– მადამ, რადგან მე ვამბობ, დარჩებით, – პუაროს ხმა მტკიცედ და ცივად ჟღერდა. ქალი გაშეშდა და მოძალადეს ჯიუტად მიაშტერდა.

მალე კუპეში ელსიც შემოვიდა.

– კვამლის გამშვები ხელყუმბარა შეუგდია ვიღაცას ვაგონში, – თქვა მან, – რა იდიოტური ხუმრობაა. მესიე პუარო, რა ხდება აქ?

– მისის ჯეფრის, რას ინახავთ ამ პატარა ნესესერში.

ელსიმ შეჰყვირა.

– ჩემს ძვირფასეულობას, – მან ნესესერი გახსნა და კიდევ უფრო ხმამაღლა წამოიყვირა, – ისინი გაქრა… ღმერთო, გამქურდეს…

– ახლავე წადით, მატარებლის პოლიციას და გამცილებელს დაუძახეთ. თქვენ კი მადამ, უმჯობესია თქვათ, სად წაიღეთ ძვირფასეულობა.

– მე? თქვენ მგონი, გაგიჟდით! როგორ მაბრალებთ ქურდობას?! იცით, ვინ ვარ?

– ეგ ნაკლებად მაინტერესებს. ფაქტია, რომ ძვირფასეულობა განგაშის ატეხვამდე აქ იყო. თუ არ იტყვით, სად დამალეთ, თქვენი გაჩხრეკა მოგვიწევს.

ჩხრეკამ შედეგი არ გამოიღო… პოლიცია იძულებული გახდა, ქალბატონისთვის ბოდიში მოეხადა. პუარო თავს იმტვრევდა. ელსი იმედგაცრუებული ჩანდა.

– დარწმუნებული ხართ, რომ ძვირფასეულობა სწორედ მან მოიპარა?

– დიახ. მაგრამ ვერაფრით მივმხვდარვარ, სად უნდა წაეღო. თანამზრახველიც რომ ჰყოლოდა, ვერ გადასცემდა, სწორედ იმ მომენტში ხიდი გადავიარეთ. ფანჯრიდან ხომ არ გადაყრიდა. იქნებ, მანამდე გაქრა ძვირფასეულობა ნესესერიდან?

ელსიმ თავი გააქნია.

– არა, არა, ყველაფერი ნესესერში იყო. სადილობამდე გავხსენი და ჩემი საფირონის საყურე მარგალიტის საყურეებით შევცვალე. ღმერთო ჩემო, ბრილიანტებიანი ყელსაბამი, ჩემი ზურმუხტის სამაჯური, ედვარდმა რომ მაჩუქა დაბადების დღეზე… მესიე პუარო, თქვენ შესახებ იმდენი მსმენია, დამეხმარეთ, ძალიან გთხოვთ…

– მადამ, პირდაპირ არ ვიცი, რა გიპასუხოთ. ცოტა ხნით დაგტოვებთ, დეპეშა მაქვს გასაგზავნი და ახლავე დავბრუნდები.

ელსიმ ამოიოხრა და სტამბულამდე დარჩენილი გზა ჩუმად იყო. აშკარად ეტყობოდა, რომ პუარომ მისი იმედები ვერ გაამართლა.

სტამბულში მის ჯეფრისს ქმარი დახვდა. მაღალი, სიმპათიური ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავაზიანად, თუმცა ცოტათი შეცბუნებულმა ჩამოართვა ხელი ერკიულ პუაროს. ცოლს მკლავში ხელი გამოსდო და სწრაფად წაიყვანა მანქანისკენ. ზუსტად ერთი საათის შემდეგ, ის და პუარო სტამბულის ერთ-ერთ კაფეში ისხდნენ.

– გონივრულად მოიქეცით, რომ ჩემთან შეხვედრას დათანხმდით – თქვა პუარომ, – ყავას არ მიირთმევთ? აქ განსაკუთრებით კარგად ხარშავენ ყავას.

ედვარდმა თავი დაიქნია.

– ძვირფასეულობა მოიტანეთ?

– დიახ. ოღონდ საიდან მიხვდით, რომ ეს მე ვიყავი.

– ო, ძვირფასო მისტერ ჯეფრის, თქვენი მეუღლე არაჩვეულებრივი არსებაა, მაგრამ ძალიან ცნობისმოყვარე. თქვენ წერილი მისწერეთ ქალს, რომელსაც გზაში თქვენი მეუღლე უნდა გაეძარცვა. დაჟინებით სთხოვდით, ეს მაშინ გაეკეთებინა, როცა მატარებელი ხიდს გადაივლიდა. რატომ? იმიტომ, რომ ნაძარცვი ფანჯრიდან გადაეყარა. ისინი ხომ თქვენ გაცილებით ადრე შეცვალეთ ყალბი ასლებით, რაშია საქმე, ფული დაგჭირდათ? პრობლემები გაქვთ?

ედვარდ ჯეფრისმა ამოიოხრა და ცივი ყავა ერთი გადაკვრით დალია.

– შანტაჟი. სანამ ელსის ცოლად მოვიყვანდი, რომანი მქონდა ერთ ქალთან, მათი ოჯახის ახლობელთან. ელსის მამა ძალიან მდიდარია. ჰოდა, ის ქალი სისტემატურად მთხოვს ფულს და მეუბნება, თუკი არ გადავიხდი, ელსის ყველაფერს მოუყვება. მე კი ამდენი ფული აღარ მაქვს.

– მერე რა, ახალგაზრდობაში ვის არ გვიცელქია?!

– ამას თქვენ ამბობთ. მაგრამ, ქალების ამბავი ხომ იცით. შეიძლება, ელსიმ იფიქროს, რომ ისევ მაქვს მასთან ურთიერთობა და მიმატოვოს. მე კი ამას ვერ გადავიტან.

– ეს რომ არ მოხდეს, დღესვე ყველაფერს მოუყვებით ცოლს, რა თქმა უნდა, იმიტირებული ძარცვის გარდა. მას ისე უყვარხართ და ისეთი აღფრთოვანებულია თქვენით, გაპატიებთ. ქალებს ცუდად იცნობთ, არც ერთ ქალს არ მოეწონება მამაკაცი, რომელიც მის გარდა, სხვას არავის სჭირდება. ძვირფასეულობას კი მე დავაბრუნებ. ენდეთ, ერკიულ პუაროს…

ელსის თვალები გაუფართოვდა…

– ღმერთო, ყველაფერი აქ არის… საყურეები, ყელსაბამი, სამაჯური… ჩემო ძვირფასო ბატონო, რა ცუდი ვარ, რომ თქვენში ეჭვი შემეპარა. კი მაგრამ, როგორ… როგორ იპოვეთ… სად იყო…

პუარომ ჩაიცინა და გაწითლებულ ედვარდს შეთქმულივით შეხედა.

– ჩვენ, დეტექტივებსაც გვაქვს პატარა საიდუმლო.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button