დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – საყვარელი მკვლელი

მისის ბანტრიმ თავისი ამბის მოყოლა მხოლოდ მის მარპლის დაჟინებული თხოვნით დაიწყო. საქმე კლოდერჰემ-კორტში მომხდარ ტრაგედიას ეხებოდა. მისის და მისტერ ბანტრები ამის უშუალო თვითმხილველები იყვნენ. ისინიც მოიწამლნენ იმ ბალახით, რომელიც სალათაში აღმოჩნდა შერეული.

– მე და არტური სერ ემბროზ ბერსისთან ვიყავით სტუმრად. ერთ საღამოს ვახშმად შემწვარი იხვი მოგვართვეს, სალათის ფოთლებში გახვეული და მალე ყველანი ცუდად გავხდით. ის საწყალი გოგო, სერ ემბროზის შვილობილი კი – გარდაიცვალა.

– ასე… ახლა ვნახოთ, რა იყო ეს, – უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა, – თქვა მისის მარპლმა. –

ექიმო, თქვენც მომეხმარებით? დავიწყოთ იმით, რა გაიგეთ მზარეული ქალის შესახებ.

– არაფერი საინტერესო. ერთი სოფლელი ქალია. სულელი, მაგრამ თავისი საქმის პროფესიონალი. ტიროდა და იფიცებდა, არ ვიცი სალათაში სხვა ბალახიც თუ იყოო.

– სასიკვდილო ბალახი, – ჩაილაპარაკა მის მარპლმა, – გამაცანით ამ ტრაგედიის მოქმედი გმირები.

– დიახ, რა თქმა უნდა, ოღონდ, გაითვალისწინეთ, მე ცუდი მთხრობელი ვარ. მთავარ სათქმელს ბოლოში ვამბობ ან საერთოდ არ ვამბობ. მაშ ასე: სერ ემბროზი; სილვია კინი (გოგონა რომელიც გარდაიცვალა), მისი მეგობარი მოდ უცი, საკმაოდ უტიფარი და თამამი ქალიშვილი, ერთ-ერთი იმათთგანი, კაცებს რომ ძალიან მოსწონთ; მისტერ კარლო, სერ ემბროზის სწავლული მეგობარი; ჯერი ლიმერი – სერ ემბროზის მეზობელი და სილვიას საქმრო; ასევე, მისის კარპენტერი – ორმოც წელს მიტანებული, სიბერეშეპარული ლამაზმანი, სილვიას კომპანიონი. დავიწყოთ სერ ემბროზით: მე ის ძალიან მომწონდა, ისეთი სიმპათიური მოხუცი იყო. თუმცა, რატომ მოხუცი, მაშინ ის მხოლოდ 62 წლის გახლდათ, მაგრამ, გული აწუხებდა და სახლში ლიფტიც კი დააყენა, რომ კიბეზე სიარულით არ დაღლილიყო. ისეთი დახვეწილი მანერები ჰქონდა, რომ… თუმცა, ვიღაც-ვიღაცეები აბეზარ მოხუცადაც მიიჩნევდნენ. სილვია კინი კი ნამდვილი მზეთუნახავი იყო, სიფრიფანა, ჰაეროვანი არსება. ბუნებრივად ქერა, მწვანე თვალებით. მაგრამ ღმერთმა მას ჭკუა არ მისცა. იქნებ, არც სჭირდებოდა.

– საყვარელო, ის არც ისე სულელი იყო, – გააპროტესტა მისის ბანტრის ნათქვამი მისმა ქმარმა.

– ჰო, არტურ, შენ მასზე სხვა აზრის იყავი. მაგრამ, რატომღაც, მისი საქმრო არ მოგწონდა. შენიშნა მისის ბანტრიმ.

– იმიტომ, რომ ვერასდროს ვიტანდი ზედმეტად მონდომებულ მამაკაცებს, ზუსტად დასახული მიზნებით – თქვა არტურმა.

– თემას ნუ გადავუხვევთ, – გააპროტესტა მის მარპლმა.

– ჩემი მეუღლისგან განსხვავებით, ჯერი ყველას მოსწონდა. მართლაც მომხიბვლელი ახალგაზრდა იყო, მაგრამ თავიდან სერ ამბროზი მათი ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი იყო.

– რატომ? – მაშინვე იკითხა მის მარპლმა.

– სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, არ დავინტერესებულვარ ამით. იმიტომ რომ, როცა ჩვენ ვესტუმრეთ, ეს პრობლემა აღარ არსებობდა.

– მის კარპენტერსა და სერ ემბროზს როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ. მაგალითად, ხომ არ ნახავდა რამე სარგებელს ეს ქალი ემბროზის სიკვდილით? მე მახსოვს ერთი შემთხვევა, როცა ერთმა გრაფმა მალულად იქორწინა ძალიან ახალგაზრდა ეკონომ ქალზე და, როცა მოკვდა, თავისი მემკვიდრეები პირში ჩალაგამოვლებულები დატოვა.

– არა, არა. კარპენტერს არაფერი მიუღია. თანაც, გარდაიცვალა სილვია და არა სერ ემბროზი. გინდათ, თქვათ, რომ ვიღაცას მისი მოკვლა უნდოდა და გოგონა შემთხვევით მოკვდა? – წამწამები დააფახულა მისის ბანტრიმ.

– საყვარელო, შემთხვევით არაფერი ხდება, ჩემი ხანგრძლივი პრაქტიკიდან გამომდინარე გეუბნებით ამას. არ შეიძლება, საჭმელმა რამდენიმე ადამიანი მოწამლოს და მხოლოდ ერთი გარდაიცვალოს. ექიმო, დამიდასტურებთ?

– დიახ, ეს მეც უცნაურად მომეჩვენა. როგორც მივხვდი, მოწამვლა დიჰიტალისმა გამოიწვია, რომელსაც ეს მცენარე შეიცავდა. დიჰიტალისი არ არის შხამი, მაგრამ გულის რიტმის ცვლილებას იწვევს და ამიტომ ზოგჯერ სამკურნალო მიზნითაც იხმარება.

– მოკლედ, ასე: მე ეჭვი არ მეპარება, რომ შემთხვევითობას ადგილი არ ჰქონია. მოკვდა ის, ვისი მოკვლაც უნდოდათ. მაგრამ, ვინ არის მკვლელი? – მის მარპლმა შეკრებილ საზოგადოებას მოავლო მზერა.

– გამორიცხვის მეთოდი ხომ არ გამოგვეყენებინა? – შესთავაზა მისტერ ბანტრიმ.

– ეგეც შეიძლება, მაგრამ, ჯერ მისის ბანტრისთან მაქვს რამდენიმე შეკითხვა. მაგალითად, მის მოდი… თქვენ ის იმიტომ არ მოგწონდათ, რომ მამაკაცები მისით იხიბლებოდნენ, თუ, იყო კიდევ რაიმე კონკრეტული მიზეზი?

მისის ბანტრი შეყოყმანდა:

– დიახ, იყო მიზეზი. მე დავინახე, სრულიად შემთხვევით, არტურ, ასე ნუ მიყურებ… როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს მის მოდი და ჯერი. შეიძლება, ეს მეგობრული კოცნა იყო, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სილვიას სიკვდილის შემდეგ, ჯერი მოდ უცზე დაქორწინდა, მაშინ…

– ჰო, მაშინ, საქმის ვითარება იცვლება. ახალგაზრდა ქალს ჰქონდა რამე ქონება?

– არა, არავითარი. ის მხოლოდ სერ ემბროზის სიკვდილის შემდეგ მიიღებდა მისი მემკვიდრეობის სოლიდურ ნაწილს.

– მაშინ, არაფერი მესმის, – ხელები გაშალა ექიმმა ლოიდმა, – გამორიცხვის მეთოდმა კრახი განიცადა.

– რატომ? გააჩნია, თქვენ ვინ გამორიცხეთ. მისის ბანტრი, ვინ მოიტანა მწვანილი სამზარეულოში?

– თავად სილვიამ, სერ ემბრიოზიმ მას მიანდო ეს საქმე.

– იმ დღესაც სილვიამ მოაგროვა მწვანილი? – დაინტერესდა მის მარპლი.

– ამის შესახებ არაფერი ვიცი, რადგან მე იმ დროს ვერანდაზე ვიჯექი მის კარპენტერთან ერთად.

– აჰა, ესე იგი, მის კარპენტერიც გამოირიცხა, – შუბლი მოისრისა ექიმმა ლოიდმა.

– მე არც მქონდა მასზე ეჭვი, – გაიღიმა მის მარპლმა, – მისის ბანტრი, თქვენ ხომ იცით, ვინ არის მკვლელი. არც მოყვებოდით ამბავს, მართლა უბედური შემთხვევა რომ ყოფილიყო.

– დიახ, მე ეს ვიცი, მაგრამ, ჯერ თქვენი ვერსია არ მომისმენია.

– სულ ვფიქრობ, რომ მკვლელმა სპეციალურად შეურია მომწამვლელი ბალახი სალათაში, მკვლელობა რომ შეენიღბა. სილვიამ საწამლავის დამატებითი, გაცილებით დიდი დოზა მიიღო და სწორედ ეს გახდა მისი სიკვდილის მიზეზი.

– კი მაგრამ, რანაირად? მის მარპლ, ამით რისი თქმა გინდათ? – გაკვირვებულმა არტურ ბანტრიმ ცოლს გადახედა.

– ახლავე მოგახსენებთ: ორი ქალი და ერთი მამაკაცი – ძალიან ბანალური სამკუთხედია. მე მას ასე შევცვლიდი: ერთი ქალი და ორი მამაკაცი.

– მის მარპლ, კიდევ უფრო დაგვაბნიეთ.

– ექიმო, თქვენც დაიბენით? – მიუბრუნდა დოქტორ ლოიდს მის მარპლი. ექიმმა გაუბედავად ჩაახველა:

– ერთი შეხედვით, მკვლელი უცნაურად მოქმედებდა, ან, მას ბრმად სჯეროდა შემთხვევითობის, მაგრამ, მის მარპლს ვეთანხმები, მან ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა.

– დიახ, საქმე დეჰიტალისშია და, კიდევ, სერ ემბროზის იმ დაავადებაში, რომელიც მას აწუხებდა და, დარწმუნებული ვარ, სახლში ამ წამლის დიდი მარაგი ჰქონდა. მან დეჰიტალისის დიდი დოზა სილვიას სასმელში, ან წვნიანში შეურია, ამას არ აქვს მნიშვნელობა, დანარჩენებმა კი წამლის მცირე დოზა ბალახიდან მიიღეს.

– თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ სერ ემბროზმა თავად მოწამლა სილვია? კი მაგრამ, რატომ? –

შესძახა მისტერ ბანტრიმ.

– იმიტომ, რომ უყვარდა ის და ჯერისთვის არ ემეტებოდა. ძალიან ძნელია, როცა ამ ასაკის მარტოხელა მამაკაცს ვინმე შეუყვარდება. ასეთ დროს ის ყველაფერზეა წამსვლელი. ჯერის შესაძლებელია, არც კი სცოდნოდა სერ ემბროზის გრძნობების შესახებ. რომც სცოდნოდა, არც

იეჭვიანებდა, ასეთი ახალგაზრდა კაცები ზედმეტად თავდაჯერებულები არიან საკუთარ შესაძლებლობებში. თანაც, მას რეზერვში მეორე ქალიშვილიც ჰყავდა.

– მის მარპლ, მე აღფრთოვანებული ვარ. როგორ ზუსტად მიხვდით ყველაფერს! დიახ, მკვლელი სერ ემბროზია. ის სილვიას დაღუპვიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა და სიკვდილის წინ წერილი მომწერა, – მისის ბანტრიმ ქმარს შეხედა: – მაპატიე, ძვირფასო, შენთვის არ მითქვამს.

ხომ იცი, მე და მოხუცი ყოველთვის ვუგებდით ერთმანეთს. მისი წერილი დანაშაულის აღიარება იყო. ეტყობა, ამ ამბავმა მისი აღსასრული დააჩქარა.

– სამოც წელს გადაცილებული რომეო… – ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა მის მარპლმა, – მან ყველაფერი წინასწარ ჩაიფიქრა. ჯერ წინააღმდეგი იყო ახალგაზრდების ქორწინების, მაგრამ ამით ვერაფერს მიაღწია და მაშინ მკვლელობაზეც კი წავიდა. მან თვითონ დაკრიფა მწვანილი და სილვიას სამზარეულოში გაატანა… იცით, ის მაინც იმსახურებს ჩემს სიბრალულს. სიყვარული ზოგჯერ საშინელებებს სჩადის…

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button