დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – ოთხი ეჭვმიტანილი

დანაშაული არასოდეს რჩება დაუსჯელი. ადრე თუ გვიან, დამნაშავეს კანონი თუ ვერ მისწვდება, თავად განგება გამოუჩნდება მსაჯულად, მაგრამ, მთავარი იმ ადამიანების შველაა, რომლებსაც ჭეშმარიტი დამნაშავის ძიებაში ეჭვმიტანილის სტატუსი აქვთ ხოლმე და მათ რეპუტაციას, ხშირად სრულიად უსაფუძვლოდ, ჩრდილი ადგება… აი, სწორედ ამის დამტკიცებას ცდილობდა გადამდგარი კომისარი სკოტლანდ-იარდიდან, სერ ჰენრი კლოტერინგი. ცოლ-ქმარ ბანტრების, მშვენიერი მის ჯეინ ჰელერისა და დოქტორი ლილისთვის. მათ საუბარს პატივცემული მის მარპლიც ესწრებოდა. მეგობრები ბანტრების შესანიშნავ ფანჩატურში ისხდნენ და ჩაის მიირთმევდნენ.

– დაუსჯელობა სერიოზული სოციალური პრობლემაა, – თქვა მის ჯეინმა, – საშინელებაა.

– მე კი გიმეორებთ, რომ დანაშაული დაუსჯელი არასდროს რჩება, დამნაშავე კი ის ადამიანი აღმოჩნდება ხოლმე, რომელსაც ყველაზე ნაკლებად აქვს საამისო მონაცემები. პრობლემა არის ის, რომ ადამიანი რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდეს ეჭვის ქვეშ.

– რომელიმე კონკრეტულ შემთხვევას გულისხმობთ? – ჰკითხა მის მარპლმა.

– დიახ და მე თქვენი დახმარება მჭირდება. ვიცოდით, რომ დანაშაული მოხდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან ჰგავდა უბედურ შემთხვევას – ადამიანი კიბეზე დაგორდა და კისერი მოიტეხა. ამის მოწყობა ოთხ ადამიანს შეეძლო, მაგრამ დანაშაული ვერც ერთს ვერ დავუმტკიცეთ.

– უფრო დაწვრილებით მოგვიყევით ეგ ამბავი, ძვირფასო, – მის მარპლმა საქსოვი გადადო და მოსასმენად მოემზადა.

– გერმანიაში არსებობდა საიდუმლო ორგანიზაცია „შვარც ჰანდი“. მათი „ვიწრო სპეციალობა“ შანტაჟი, ტერორი და მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები იყო. ის ომის დამთავრებისთანავე შექმნეს იატაკქვეშ გადასულმა ნაცისტებმა და მალე ამ ორგანიზაციის საცეცები მთელ ევროპას მოედო. მისი მსხვერპლი ბევრი ცნობილი ადამიანი გახდა. ინგლისში ამ ორგანიზაციის სახელი ცოტას თუ გაუგია, მაგრამ გერმანიაში მას დღესაც შიშით ახსენებენ. როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ამ ძლევამოსილმა ორგანიზაციამ თავისი არსებობა ერთი ადამიანის წყალობით დაასრულა. დოქტორი როზენი სპეცსამსახურების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ფიგურაა. მან მოახერხა, შეეღწია ორგანიზაციის მმართველ ბირთვში და, შეიძლება ითქვას, შიგნიდან „გახეთქა“. ბერლინის პოლიციამ გვთხოვა, როზენის უსაფრთხოება ჩვენ უზრუნველგვეყო. მე პირადად დავხვდი მას, საკმაოდ მშვიდად ეჭირა თავი და, როგორც მივხვდი, შეგუებულიც იყო თავის ხვედრს.

– მე ვიცი, რომ, ადრე თუ გვიან, ისინი ჩემამდე აუცილებლად მოვლენ და ამისთვის მზად ვარ. უბრალოდ, ცოტა დრო მჭირდება, რომ მთელი ჩემი ცხოვრების ნაშრომი დავასრულო. ორგანიზაცია „შვარც ჰანდი“ აღარ არსებობს, მაგრამ მისი რამდენიმე წევრი ჯერაც თავისუფალია. მათ არ გაუჭირდებათ ჩემი პოვნა და ლიკვიდაცია, – ეს ყველაფერი ისეთი ღირსებით წარმოთქვა, რომ ამ ადამიანით აღვფრთოვანდი. სოფელ კინგზ ნატონში პატარა კოტეჯი შევურჩიეთ. ცოტა გადააკეთა, უფრო მოსახერხებელი და კომფორტული რომ ყოფილიყო და იქ დასახლდა. როზენთან ერთად სახლში დაბინავდნენ: მისი ძმისშვილი, მის გრეტა და

პირადი მდივანი. ასევე, ეკონომი და მზარეული გერმანელი ქალი, რომელიც როზენთან ორმოცი წელი მსახურობდა. კიდევ იყო მებაღე კინგზ ნატონიდან, რომელიც როზენთან ყოველ მეორე დღეს მიდიოდა. უბედურება ხუთი თვის შემდეგ მოხდა, საუზმის შემდეგ – დოქტორი როზენი კიბეზე დაგორდა.

– და ეს მკვლელობა იყო? – იკითხა მის მარპლმა.

– ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დიახ და, რაც მთავარია, ამისი ჩადენა ოთხივე ეჭვმიტანილს შეეძლო, მაგრამ რომელზე გინდა თქვა, რომ სწორედ ის არის მკვლელი?! იმ მომენტში არც ერთი არ იმყოფებოდა კოტეჯში: ეკონომი ქალი საყიდლებზე იყო წასული, მის გრეტა – სასეირნოდ. მებაღემ მოსვლა დააგვიანა, მდივანი კი ფოსტაში წავიდა იმ წერილზე პასუხის გასაგზავნად, რომელიც დილით მიიღო. არც ერთის ნათქვამის გადამოწმება არ შეგვიძლია, ისინი არავის დაუნახავს.

– გამორიცხვის მეთოდმა არ გაამართლა? – დაფიქრებით ჩაილაპარაკა დოქტორმა.

– არა. და ახლავე გეტყვით, რატომაც: მის გრეტა – როზენის ძმისშვილია. შეიძლება, ის მკვლელად მივიჩნიოთ? ეკონომი ქალი ორმოცი წელი ერთგულად ემსახურებოდა. მებაღე საერთოდ არც იცნობდა როზენს და არც მისი წარსულის შესახებ შეიძლებოდა სცოდნოდა რამე. რაც შეეხება მდივანს…

– დიახ, მდივანი მეც მაინტერესებს, – თქვა მის მარპლმა.

პოლკოვნიკმა ამოიოხრა:

– სულ ტყუილად. ის მე მივუგზავნე დოქტორ როზენს. ერთი სიტყვით, ის ჩემი კაცი იყო.

– მდა, რთული სიტუაციაა, – მის მარპლი ისევ საქსოვს მიუბრუნდა, მაგრამ, აშკარად პოლკოვნიკის მონათხრობზე ფიქრობდა, – ოთხი უდანაშაულო დამნაშავე. თქვენ ამბობთ, რომ არც ერთ მათგანს არ შეეძლო, მოეკლა როზენი, მაგრამ, მე ვიტყვი, რომ ოთხივე მათგანს შეეძლო, ეს გაეკეთებინა.

– კი მაგრამ, რანაირად? – ერთხმად წამოიძახეს ბანტრებმა.

– ახლავე აგიხსნით: თქვენ არ იცით, ანუ, ჩვენ არაფერი ვიცით როზენის დისშვილის შესახებ. ვინ გამორიცხავს, რომ ამ გოგოს ბიძა სძულებოდა? ერთი შეხედვით მოკრძალებული გოგონები ხშირად არიან ბოღმიანი მკვლელები. ეკონომი ქალი – ორმოცი წლის განმავლობაში მასაც შეიძლებოდა, ბოღმა დაჰგროვებოდა, მით უფრო, თუკი შინაბერა იყო. რაც შეეხება მდივანს – ჩარლზ ტემპლტონს და მებაღეს, ბატონებო, ნუთუ მე უნდა აგიხსნათ, რა შეუძლია ფულს?

– კი მაგრამ, მაინც რომელი იყო ამ ოთხიდან? – ვეღარ მოითმინა დოქტორმა.

– მე მისის მარპლის იმედი მაქვს. ძალიან ვშფოთავ ჩემი ტემპლტონის გამო.

– ჰო, ბიჭი აშკარად დაიჩაგრა. ერთი ეს მითხარით, პოლკოვნიკო, გრეტა პირადად ნახეთ? მის როზენზე გეკითხებით.

– რა თქმა უნდა. მე რამდენჯერმე ვიყავი კოტეჯში როზენთან. თანაც, მომხდარის შემდეგ გრეტა თავადაც იყო მოსული ჩემთან.

– მართლა? მაგრამ ამაზე მერე… ახლა მითხარით, იმ დღეს რა მოხდა?

– განსაკუთრებული არაფერი. თუმცა, მე მაქვს ორი წერილი, რომლებიც იმ დილით საუზმეზე წაიკითხეს. ერთი მიიღო მის გრეტამ, ხოლო მეორე – თავად დოქტორმა როზენმა.

– წაგვიკითხეთ, თუ შეიძლება.

პოლკოვნიკმა წერილები ამოიღო.

– „ძვირფასო როზენ. მე ახლა სამუელ სპატთან ვარ. ამ დღეებში მაიკლ ბოუმენი ვნახე. ის და ელიზავეტა ჯექსონი ახლახან დაბრუნდნენ განგუნედან, არცთუ ვისიამოვნეთო, მაგრამ ტრადიცია ტრადიციაა. გაგვაგებინეთ, როგორ ხართ. მოერიდეთ იმ ადამიანს, ეს ჩემი თხოვნაა და გაფრთხილება, რატომ არ მიჯერებთ? თქვენი გეორგინა“.

– საინტერესოა, ძალიან საინტერესო… როზენი როგორ მოიქცა, როცა ეს წერილი მიიღო?

– გაუკვირდა და მაგიდაზე დააგდო, ვიღაცას ეს რა აბდაუბდა მოუჩმახავსო.

– ჰო, რა თქმა უნდა, წერილი ხომ მისთვის არ იყო განკუთვნილი, – თავი გააქნია მის მარპლმა.

– რაო? აბა, ვისთვის იყო განკუთვნილი? – მამაკაცებმა ერთმანეთს გადახედეს.

– მკვლელისთვის. მაგრამ, ცოტა ხანს კიდევ დამაცადეთ და ყველაფერს გეტყვით. თქვენ თქვით, რომ გრეტა როზენმა მოგაკითხათ. რისთვის?

– სათხოვარი ჰქონდა. მითხრა, რომ ჩარლზ ტემპლტონი უყვარს. არც ის არის მის მიმართ გულგრილი. უკვე ნიშნობის შესახებ უნდა გამოგვეცხადებინა, მაგრამ, სანამ ჩარლზი ეჭვის ქვეშ არის, ამას ვერ შევძლებთ. ცოლად ბიძაჩემის მკვლელს ვერ გავყვები. დაამტკიცეთ მისი უდანაშაულობა, ეს არის ჩემი თხოვნაო.

– აჰა, – ხელი ხელს შემოჰკრა მის მარპლმა. ახლა უკვე ზუსტად შემიძლია, ვთქვა, რომ მკვლელი მის გრეტაა. ეს მან დააგორა კიბეზე ბიძამისი. თქვენ რომ ყვავილების ენა იცოდეთ, ძვირფასო პოლკოვნიკო, აღარაფერს ვამბობ ქალების ენაზე, აქამდეც მიხვდებოდით მაგ წერილის შინაარსს. ყველა სახელი, რომელიც მანდ არის ჩამოთვლილი, სამუელ სპატი, მაიკლ ბოუმენი და ელიზავეტა ჯექსონი, სხვათა შორის, ყველა ისინი დიდი ასოთია დაწერილი, როგორც სიტყვა

„ტრადიცია“, რამაც თავიდანვე დამაეჭვა. მოკლედ, თუ ამ ბარათს „ყვავილების ენაზე“ გადავთარგმნით, მივიღებთ სიტყვას „სიკვდილი“ – გრეტამ ბრძანება მიიღო და შეასრულა კიდეც. მერე თქვენთან მოვიდა და ჩარლზის წინააღმდეგ ეჭვი ჩაგისახათ გულში. შესაძლოა, ქალიშვილს ის მოეწონა კიდეც, მაგრამ, თქვენი ნდობით აღჭურვილმა სითბო და ყურადღება არ აგრძნობინა და ესეც ქალური შურისძიების ერთგვარი გამოვლინებაა. ჩემო ძვირფასო პოლკოვნიკო, ყველაფერი გაიგეთ?

პოლკოვნიკმა თავი დააქნია:

– მე თქვენს შესაძლებლობებში ეჭვი არასოდეს მეპარებოდა.

– და კიდევ: მინდა, იცოდეთ, რას ნიშნავს „გეორგინა“. ყვავილების ლექსიკონში მას ასეთი ახსნა აქვს: „ტყუილი და გამყიდველობა“.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button