დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – ნაკლებად საინტერესო

საბერძნეთი მისის უილარდ პეტერეს ნაკლებად აინტერესებდა, ხოლო დელფოსის შესახებ, სიმართლე გითხრათ, საერთოდ არაფერი გაეგონა. ის თავს გადასარევად გრძნობდა ლონდონში, პარიზში, რივიერაზე. საბერძნეთის სიძველეებისადმი ინტერესი კი ვერაფრით გაუღვივდა. თუმცა, ამას არ აღიარებდა, თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარი შვილის უილარდის მხატვრული გემოვნება არ შეურაცხეყო. სწორედ მის გამო იტანდა ყველა ტანჯვას. 18 წლის უილარდი მისის პეტერესის ერთადერთი შვილი იყო. სწორედ მას გაუჩნდა ვნება ანტიკური ხელოვნებისადმი. სწორედ მან – გალეულმა, სახეგაცრეცილმა და სათვალეებიანმა უილარდმა შემოატარა მისის პეტერეს მთელი საბერძნეთი და ახლა დელფოსში იყვნენ.

იმ დილით უილარდი დილიდანვე ბიზანტიური მოზაიკის სანახავად გაეშურა. მისის პეტერემ სასტუმროში დარჩენა ამჯობინა. სასადილოში მხოლოდ ოთხი ადამიანი იყო. დედა და ქალიშვილი, ერთი მსუქანი, შუახნის მამაკაცი, სახელად ტომპსონი და კიდევ შუახნის მელოტი ჯენტლმენი, რომელიც ახალი ჩამოსული იყო. სწორედ ის დარჩა სასადილოში ყველაზე დიდხანს და მისის პეტერესმაც მასთან გააბა საუბარი. იგი საკმაოდ განათლებული და კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა. თუმცა მისის პეტერემ მაინც ვერ მოახერხა იმის გარკვევა, ეს ადამიანი რას საქმიანობდა.

შუადღისთვის ქალმა ჩრდილიანი კუთხე მონახა და წიგნის კითხვას შეუდგა. ოთხ საათზე წიგნი გვერდზე გადადო და სასტუმროში შევიდა. უილარდი უკვე დიდი ხნის დაბრუნებული უნდა ყოფილიყო. მისის პეტერემ შვილი ვერ იპოვა, მაგრამ ნახა წერილი, რომელიც მას, პორტიეს თქმით, ვიღაც უცნაურმა ტიპმა დაუტოვა.

კონვერტი გულისამრევად ბინძური იყო. ზიზღით გახსნა და როდესაც პირველი სიტყვები წაიკითხა, გათეთრდა. წერილი ინგლისურად იყო დაწერილი, მისთვის უცნობი კალიგრაფიით:

„ქალო! (ასე იწყებოდა). როდესაც ამას მიიღებ, იცოდე: შენი შვილი იმყოფება ჩვენს ტყვეობაში. ამ კეთილშობილი ახალგაზრდის თავიდან თმის ერთი ღერიც არ ჩამოვარდება, თუ შენ ზუსტად შეასრულებ ჩემს მოთხოვნებს. ანუ, გამოისყიდი მას ათი ათასი ინგლისური ფუნტი

სტერლინგით. საკმარისია უთხრა თუნდაც ერთი სიტყვა ან სასტუმროს მეპატრონეს, ან პოლიციას და შენი შვილი მოკვდება. ინსტრუქციებს, როგორ გადმომცე ფული, მიიღებ ხვალ. არ შეასრულებ მათ და კეთილშობილი ახალგაზრდის ყურები მოჭრილი იქნება და შენთან ფოსტით გამოგზავნილი, ხოლო თუ მერეც არ შეასრულებ, იგი მოკლული იქნება. დემეტრიუს გაშმაგებული.“

აზრი არ აქვს მცდელობას, აღწერო მდგომარეობა, რომელშიც საცოდავი დედა ამ წერილმა ჩააგდო. უილარდი, მისი ნაზი და მეოცნებე უილარდი! მისი პატარა ყურები! ეჩვენებოდა, რომ ჭკუიდან შეიშლებოდა. ვერაფრით ხვდებოდა, რა უნდა ექნა. ათი ათასი ფუნტი არც კი ჰქონდა, ხელზე მხოლოდ რამდენიმე ასეული ფუნტი თუ მოეპოვებოდა.

სასადილოში ჩავიდა. რაც მოუტანეს, მექანიკურად შეჭამა. როდესაც ხილი მიართვეს, თეფშზე აკურატულად დაკეცილი წერილი დაუდეს. მისის პეტერე შეხტა, თუმცა, როდესაც გაშალა, ამოისუნთქა. კალიგრაფია რადიკალურად განსხვავებული იყო: „დელფოსში მისანი აღარაა, მაგრამ აქ დროებით არის მისტერ პარკერ პაინი, ვისგანაც რჩევის მიღება შეიძლება“. წერილის ქვემოთ გაზეთის ამონაჭერი და მისი დილანდელი მელოტი ნაცნობის პასპორტის ფოტო იყო მიკრული. მისის პეტერემ ორჯერ გადაიკითხა ამონაჭერი: „ბედნიერი ხართ? თუ არა, მიმართეთ მისტერ პარკერ პაინს…“ მისის პეტერემ სასწრაფოდ აიღო ხელსახოცი და დაწერა: „გთხოვთ, დამეხმარეთ! ათი წუთის შემდეგ, სასტუმროს გვერდით დაგელოდებით.“

ათ წუთში ის და პარკერ პაინი ერთმანეთს სასტუმროს გვერდით, ნანგრევებთან შეხვდნენ.

– თავად ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი! – წამოიძახა მისის პეტერემ, – მაგრამ ჩემი უბედურების შესახებ როგორ გაიგეთ?

– თქვენს სახეზე ამოვიკითხე, ძვირფასო ლედი, – რბილად უთხრა მისტერ პარკერ პაინმა.

მისის პეტერემ სიტყვები ტყვიამფრქვევივით მიაყარა. მისტერ პაინმა ჯერ წერილი ნახა, შემდეგ კი მის დამშვიდებას შეეცადა.

– ფიქრობთ, რომ მის დაბრუნებას შევძლებ? – ჰკითხა ქალმა მუდარის ტონით.

– უდავოდ, – დაამშვიდა იგი მისტერ პარკერ პაინმა, – საკითხავი მხოლოდ ისაა: შევძლებთ, თუ არა ამას უფასოდ.

– ფულს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. დამეხმარებით?

– ეს ჩემი სამუშაოა, – მოკლედ უპასუხა მისტერ პაინმა.

წასასვლელად რომ შემობრუნდნენ, კინაღამ ზედ შეასკდნენ ვიღაც ჩაფსკვნილ ტიპს, რომელიც წყვდიადში მაშინვე გაუჩინარდა. მისის პეტერეს მოეჩვენა, რომ ეს მისტერ ტომპსონი იყო.

დილით, როდესაც ქალი იცვამდა, შენიშნა, ფანჯარასთან, იატაკზე რაღაც ეგდო. მან შიშით აიღო მისთვის უკვე ნაცნობი ბინძური კონვერტი. იგივე საძულველი კალიგრაფია: „დილა მშვიდობისა, ქალო გადაწყვიტე? შენი შვილი ცოცხალი და ჯანმრთელია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. შენთვის მოთხოვნილი თანხის შეგროვება ალბათ რთულია, მაგრამ ჩვენ შეგვატყობინეს, რომ შენ თან ბრილიანტის კოლიე გაქვს. ძალიან ლამაზი ქვებია. შენ, ან ვისაც შენ ენდობი, მოვიდეს არენაზე და ეს კოლიე მოიტანოს. იქ დიდ კლდესთან არის ხე, მაგრამ ყურები კლდეებსაც აქვს, ამიტომ იგი მარტო უნდა მოვიდეს. მაშინ ის მიიღებს შენს შვილს. ეს ხვალვე უნდა გააკეთო, მზის ამოსვლისთანავე. თუ პოლიციას გარიგების შემდეგ მაინც მიმართავ, ჩვენ შენს შვილს მაშინ მოვკლავთ, როდესაც თქვენ სადგურზე წახვალთ. კეთილი სურვილებით, დემეტრიუსი.“

მისის პეტერემ სასწრაფოდ მისტერ პარკერ პაინი მონახა. პიკერმა წერილი დაკვირვებით წაიკითხა.

– პატარა გეგმა მაქვს, – უთხრა ქალს და სასადილო მოათვალიერა. შეამოწმა, მარტონი იყვნენ, თუ არა, – ათენში ნაცნობი იუველირი მყავს, რომელიც ხელოვნურ ბრილიანტებზე მუშაობს. მას დავურეკავ. იგი კოლიედან ნამდვილ ქვებს ამოიღებს და ყალბს ჩააწყობს.

– ო! – აღფრთოვანებით წამოიძახა მისის პეტერემ, – ამას ხომ მოფიქრება უნდა, ჰოდა, მაშინ ყურადღება მიაქციეთ, ვინმემ არ მომისმინოს, ტელეფონზე რომ ვილაპარაკებ, გააფრთხილა პარკერმა.

ტელეფონი სასტუმროს მმართველის კაბინეტში იყო. მმართველი ისეთი დელიკატური აღმოჩნდა, როგორც კი დარწმუნდა, სტუმარი ადრესატს დააკავშირეს, მისტერ პარკერ პაინი მარტო დატოვა. გარეთ რომ გამოვიდა, მმართველი მისის პეტერეს შეეჩეხა. დერეფანში მისტერ ტომპსონი გამოჩნდა და კართან ატუზულ კამპანიასთან საუბარი გამართა. მისის პეტერე განგებ ხმამაღლა საუბრობდა.

სადილის შემდეგ ტურისტებით გაჭედილ ავტობუსს იუველირი ჩამოჰყვა. იგი მაშინვე საქმეს შეუდგა. საღამოს თერთმეტ საათზე მისის პეტერეს ნომერში მისტერ პარკერ პაინმა შეიხედა და ბრილიანტებით სავსე ტომსიკა გაუწოდა ქალს. შემდეგ კი ნაყალბევი კოლიე აჩვენა. წარმოუდგენელი მსგავსება იყო.

– თქვენ წაიღებთ მას, ძალიან ბევრს ვითხოვ თქვენგან? – ჰკითხა ქალმა მისტერ პარკერ პაინს.

– რა თქმა უნდა, წავიღებ. არაფერზე ინერვიულოთ, საუზმეს უკვე შვილთან ერთად მიირთმევთ,

– დარწმუნებით უთხრა მისტერ პარკერ პაინმა.

მისის პეტერემ საშინელი ღამე გაატარა. როცა ჩაძინება მოახერხა, კოშმარები ესიზმრა. ბოლოს, როგორც იქნა, მზის პირველი სხივები გამოჩნდა. მისის პეტერემ ჩაიცვა და ლოდინი განაგრძო. დილის შვიდ საათზე კარზე დააკაკუნეს. მისის პეტერეს ყელი გაუშრა, თუმცა მაინც ამოღერღა:

„შემოდით“. კარი გაიღო და მისტერ ტომპსონი შემოვიდა. მან საკმაოდ მშვიდად მიმართა მისის პეტერეს.

– მაპატიეთ, ასე დილაადრიან რომ შემოგეჭერით, მაგრამ თქვენთან საქმე მაქვს.

– ესე იგი თქვენ მოიტაცეთ ჩემი ბიჭი და არა ბანდიტებმა! – იყვირა მისის პეტერემ.

– რა თქმა უნდა. რა ბანდიტებმა. ყველაფერი ძალიან არადამაჯერებლად გაკეთდა. რბილად რომ ვთქვა, დილეტანტობის ზეიმია, რა.

– სად არის ჩემი შვილი? – მისის პეტერე გაცეცხლებული იყო.

– საერთოდ, კარს უკანაა, – აუღელვებლად აცნობა მისტერ ტომპსონმა.

კარი გაირო და უილარდი დედის მკლავებში აღმოჩნდა. ცოტა ხანში მისის პეტერე გამოერკვა და მისტერ ტომპსონს მიუბრუნდა:

– ამის გამო პასუხს მაინც აგებთ!

– დედა, შენ რაღაც გეშლება, – ჩაერია უილარდი, – ამ ჯენტლმენმა მიხსნა!

– ნება მომეცით, – დაამატა მისტერ ტომპსონმა, – თქვენი ნივთი დაგიბრუნოთ.

მისტერ ტომპსონის ხელში ბრილიანტის კოლიემ გაიელვა და.

შეგიძლიათ ის ტომსიკა გადააგდოთ, – ღიმილით დაამატა, – იქ მხოლოდ ნაყალბევია. ნამდვილი ჯერ ისევ კოლიეშია.

– ვერაფერი გავიგე, – ამოღერღა მისის პეტერემ.

– ჩემი ყურადღება ერთმა სახელმა მიიპყრო, – უთხრა მისტერ ტომპსონმა, – მეყო გამბედაობა და თქვენ და თქვენს ნაცნობს გარეთ გამოგყევით და საუბარს ყური მივუგდე. საუბარი იმდენად საინტერესო მეჩვენა, საჭიროდ ჩავთვალე მის შესახებ სასტუმროს მმართველისთვის მომეთხრო. მან ის ტელეფონის ნომერი დაიმახსოვრა, რომელზეც თქვენმა მეგობარმა დარეკა. მანვე იზრუნა, რომ სასადილოში თქვენი საუბარი ოფიციანტის თანდასწრებით შემდგარიყო. ყველაფერი მარტივადაა: თქვენ კინაღამ რამდენიმე გაქნილი ჯიბგირის მსხვერპლი გახდით. მათ თქვენი ბრილიანტის კოლიეს შესახებ კარგად იცოდნენ. აქამდე გამოგყვნენ, თქვენი ბიჭი მოიტაცეს. მათვე იზრუნეს, რომ გამოჩენილიყო ისეთი ადამიანი, ვისაც დახმარებისთვის მიმართავდით. იცით, რომ დახმარებისთვის თქვენ ამ ოპერაციის იდეის ავტორს მიმართეთ? მერე ამ კაცმა თქვენ ყალბი ბრილიანტებით სავსე ტომსიკა გადმოგცათ და თანამზრახველებთან ერთად მიიმალა. დილით როცა შვილს ვერ იპოვიდით, პანიკაში ჩავარდებოდით. თქვენი კეთილისმყოფელის გაქრობას კი, მის მოტაცებად ჩათვლიდით. ალბათ, ვინმეს დაიქირავებდნენ, რომელიც ხვალ

თქვენს შვილს აღმოაჩენდა. მასთან ერთად ალბათ, ყველაფერს მიხვდებოდით, მაგრამ იმ დროისთვის ისინი უკვე შორს იქნებოდნენ.

– ახლა?

– მე ვიზრუნე, რომ ისინი ციხეში აღმოჩენილიყვნენ.

– დამპალი მატყუარა. როგორ გაშიფრეთ იგი?

– მარტივია, როდესაც ინკოგნიტოდ მოგზაურობ და ამ დროს გესმის, ვიღაც შენს სახელს და გვარს იყენებს…

მისის პეტერემ მას გაკვირვებით შეხედა.

– რა გქვიათ? – ჰკითხა დაეჭვებით.

– პარკერ პაინი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button