დეტექტივილიტერატურამოთხრობა

აგათა კრისტი – ტუჩებზე სისხლი ეცხო

რამდენიმე დღე ქალაქში არ ვიყავი და, როდესაც დავბრუნდი, პუარო მგზავრობის სამზადისში დამხვდა.

– სადაზღვევო კომპანია „ჩრდილოეთის კავშირმა“, – განმიმარტა მან, – მთხოვა მისტერ ტრავერსის სიკვდილის ვითარება გამომერკვია. დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე, მან საკუთარი სიცოცხლე 50 ათას ფუნტად დააზღვია. რა თქმა უნდა, ხელშეკრულება თვითმკვლელობასთან დაკავშირებით ჩვეულებრივ პუნქტს შეიცავს, ასეთ დროს, ერთი წლის განმავლობაში დაზღვევას არ ანაზღაურებენ. მისტერ ტრავერსი სადაზღვევოს ექიმმა გამოიკვლია და მიუხედავად იმისა, რომ იგი არც ისე ახალგაზრდა იყო, დაასკვნა, ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდაო. ოთხშაბათს, ანუ გუშინწინ მისტერ ტრავერსი საკუთარ მამულში, მასდონ მეინორში მკვდარი იპოვეს. სიკვდილის მიზეზად შინაგანი სისხლდენა დასახელდა. ამაში უცნაური არაფერი იქნებოდა, სადაზღვევო კომპანიას, რომ არ გაერკვია – მისტერ ტრავერსი გაკოტრების პირას იყო. ეს, რა თქმა უნდა, საქმის ვითარებას ცვლის. მას ლამაზი და ახალგაზრდა ცოლი ჰყავს. ვარაუდობენ, რომ ქმარმა უკანასკნელი თანხით სიცოცხლე მის სასარგებლოდ დააზღვია და შემდეგ თავი მოიკლა. მოკლედ, მასდონ მეინორში მივდივართ.

ადგილზე ჩასულები პირდაპირ იმ ექიმისკენ გავემართეთ, რომელმაც გვამი დაათვალიერა. პუაროს კითხვაზე, ექიმმა განაცხადა, რომ მისტერ ტრავერსს ადრე მისთვის არასოდეს მიუმართავს, რადგან იგი ერთ-ერთი სექტის „ქრისტიანული მეცნიერების“ წარმომადგენელი იყო. ეს სექტა თავის მიმდევრებს ექიმთან მისვლას უკრძალავს. ექიმი სიკვდილის მიზეზში დარწმუნებული იყო:

– ტუჩებზე სისხლი ეცხო. ეს მიუთითებს, რომ შინაგანი სისხლდენა ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, ამის მიზეზი კუჭის წყლული იყო. იგი მამულში, პატარა ტყის პირას იპოვეს. როგორც ჩანს, ყვავების დასაფრთხობად წავიდა. მის გვერდით იარაღი ეგდო.

– იქნებ, ესროლეს? – ჰკითხა პუარომ.

– როგორ გეკადრებათ, სერ! – თქვა ექიმმა წყენით, – მისტერ ტრავერსს სხეულზე არანაირი ჭრილობა არ ჰქონდა.

ექიმს დავემშვიდობეთ და მასდონ მეინორისკენ გავემართეთ. ქვრივი სახლში დაგვხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხზე ძლივს იდგა და თვალები ცრემლებისგან დაწითლებოდა, მაინც საოცრად ლამაზი იყო. პუარომ ბოდიშის მოხდით, ტრაგედიის დღის გახსენება სთხოვა.

– ჩაისთვის ვემზადებოდი, რომ ჩემთან მსახურმა მოირბინა. იგი ერთ-ერთ მებაღეს უპოვია… – ქალს ეტყობოდა, რომ საუბარი ძალიან უჭირდა, – ბოლოს ლანჩზე ვნახე. მერე სოფელში საფოსტო მარკების საყიდლად წავედი. მეგონა, ბაღში იყო.

– ყვავების დასაფრთხობად გავიდა?

– ჩემს ქმარს იარაღი ყოველთვის თან ქონდა. იმ დღეს ერთი-ორი გასროლა გავიგონე.

– იცოდით, თუ არა თქვენი ქმრის ფინანსური მდგომარეობის შესახებ?

– არა, მე ამ საქმის არაფერი გამეგება. თავის დაზღვევა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ დარწმუნებული იყო, დიდხანს ვერ იცოცხლებდა. მას ადრეც დაემართა სისხლდენა…………………………………………………………………………………………………….. ჩვენ

ერთად მხოლოდ ერთი წელი ვიყავით!

როდესაც გამოვდიოდით პუარომ ხელი უიმედოდ ჩაიქნია.

– ლონდონში უნდა დავბრუნდეთ. მგონი, ჩიხში შევედით. ტრავერსი მოწამლული არაა, რადგან არ არსებობს ისეთი შხამი, რომლის მიღების შემდეგ ტუჩებზე სისხლი ჩნდებოდეს. ყველა ეჭვი უნდა დავივიწყო       ეს ვინღაა?

ჭიშკრის მხრიდან ჩვენსკენ ახალგაზრდა კაცი მოემართებოდა. გვერდით ისე ჩაგვიარა, ჩვენთვის ყურადღება არც მოუქცევია. მებაღემ მას თვალი გააყოლა. პუარომ მებაღესთან მისი ვინაობის გარკვევა გადაწყვიტა.

– მისი სახელი არ მახსოვს, სერ, – უპასუხა მებაღემ, – სამშაბათი ღამე ჩვენთან გაათია.

მე და პუარო ახალგაზრდას ჩუმად გავყევით.

– თქვენ… – მის დანახვაზე მისის ტრავერსი აშკარად შეშფოთდა, – მე უკვე ზღვაში მეგონეთ.

ამ დროს ჩვენც შეგვამჩნიეს და ქალი იძულებული გახდა, ახალგაზრდა ჩვენთვის გაეცნო. მას კაპიტანი ბლეიკი ერქვა. პუარომ გაარკვია, რომ იგი სასტუმრო „ღუზაში“ ცხოვრობდა. წამოვედით და პუარო პირდაპირ იმ სასტუმროსკენ გაემართა.

კაპიტანი ბლეიკი ნახევარ საათში მოვიდა. პუარომ მას ჩვენი ჩამოსვლის მიზეზი აუხსნა.

– თქვენ აქ, მის სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე იყავით. ამიტომ, თქვენი ჩვენება მნიშვნელოვანი იქნება, – უთხრა პუარომ. – იქნებ გაიხსენოთ რაზე საუბრობდით სამშაბათ საღამოს.

– კარგად არც მახსოვს. ჩვეულებრივი საუბარი იყო. ტრავერსმა ოჯახზე მკითხა. მერე მისის ტრავერსმა საუბარი აღმოსავლეთ აფრიკაზე დაიწყო. ომის შემდეგ იქ ვცხოვრობ. მე მათ რამდენიმე ამბავი მოვუყევი. მგონი სულ ეს იყო.

– რა ამბები?

– ერთი თვითმკვლელობას ეხებოდა. მე მათ მოვუყევი, ერთმა ჩემმა ნაცნობმა მცირეკალიბრიანი თოფით თავი როგორ მოიკლა. მან ლულა პირში ჩაიდო და გაისროლა. ტყვია ტვინში ჩარჩა. ექიმები ძალიან დაიბნენ. გვამზე არანაირი ჭრილობა არ იყო. მხოლოდ ცოტა სისხლი ტუჩებზე… ეს რატომ გაინტერესებთ?

– თქვენ არ იცით, რომ მისტერ ტრავერსის გვერდით მცირეკალიბრიანი იარაღი იპოვეს?

– ფიქრობთ, რომ ჩემმა ნაამბობმა მას თვითმკვლელობის იდეა შთააგონა?

– თავს ნუ დაიდანაშაულებთ. ეს მაინც მოხდებოდა. ახლა კი ლონდონში უნდა დავრეკო.

პუარო გავიდა და დიდხანს აღარ გამოჩნდა. მხოლოდ შვიდ საათზე დაბრუნდა და პირდაპირ ზღურბლიდან დაიძახა: ქვრივს სასწრაფოდ რაღაც უნდა ვაცნობოო.

ჩვენი საუბარი მძიმე გამოდგა. ქალს არ სჯეროდა იმის, რასაც პუარო ეუბნებოდა, ხოლო როდესაც მის სიმართლეში დარწმუნდა, ტირილი აუვარდა. გვამის გაკვეთის შემდეგ, ჩვენი ეჭვები დადასტურდა. დამშვიდობებისას მისის ტრავერსს პუარომ უთხრა:

– მადამ, თქვენ სხვებზე უკეთ უნდა იცოდეთ, რომ მკვდრები სიმშვიდეს ვერ პოულობენ!

– ამით რისი თქმა გსურთ? – შეშინებულმა ჰკითხა ქალმა?

– ნუთუ არასოდეს მიგიღიათ მონაწილეობა სპირიტულ სეანსებში? ამბობენ, რომ თქვენ კარგი მედიუმი ხართ.

– ჰო, ბევრს ასე მიაჩნია, მაგრამ თქვენ გჯერათ სპირიტიზმის?

– მადამ, მე ცხოვრებაში ბევრი უცნაურობა მინახავს. იცით, სოფელში საუბრობენ, რომ თითქოს ამ სახლში მოჩვენებები ჩნდებიან.

ქალმა თავი დააქნია. ამ დროს მსახურმა მას აცნობა, რომ სუფრა გაშლილი იყო და მასპინძელმა სადილზე დარჩენა შემოგვთავაზა. ჩვენ სიამოვნებით დავთანხმდით. სუპს მივირთმევდით, კივილი რომ შემოგვესმა, შემდეგ ფაიფურის მსხვრევის ხმა გაისმა. ოთახში შეშინებული მსახური შემოვარდა.

– იქ, დერეფანში ვიღაც კაცია! მომეჩვენა, რომ მისტერ ტრავერსი იყო, – ჩურჩულით თქვა გოგონამ.

მისის ტრავერსი გაფითრდა. მე გამახსენდა ძველი ცრურწმენა იმის შესახებ, რომ თვითმკვლელები მოსვენებას ვერ პოულობენ და სახლში ბრუნდებიან. ქალსაც იმავე აზრმა გაუელვა და პუაროს აკანკალებული ხელი ჩაჭიდა.

– გაიგონეთ? ფანჯარაზე ვიღაცამ სამჯერ დააკაკუნა! იგი სულ ასე აკაკუნებდა, როდესაც სახლთან ჩაივლიდა.

მალე შიში ყველას დაგვეუფლა. როდესაც სადილი დასრულდა, მისის ტრავერსმა პუაროს სთხოვა დაეცადა. მას მარტო დარჩენის ეშინოდა. ჩვენ პატარა სასადილო ოთახში ვიჯექით. ქარი ამოვარდა. ორჯერ კარი თავისით გაიღო. ყოველ ჯერზე ქალი პუაროს ხელს ხელზე უჭერდა. პუარო ადგა და კარი გასაღებით ჩაკეტა.

– ეს არ გააკეთოთ, – ჩაიჩურჩულა მისის ტრავერსმა, – თუ კარი ისევ გაიღება…

ქალმა წინადადების დასრულება ვერ მოასწრო, რომ გასაღებმა გაიჩხაკუნა. კარი ნელა გაიღო და უცებ ქალმა იყვირა:

– მე მას ვხედავ, – ჩემს ქმარს!.. ო, ღმერთო!

მოულოდნელად, თითქოს უბრძანესო, ყველა ნათურა ჩაქრა. სიბნელიდან სამჯერ მოისმა დარტყმის ხმა. მე მისის ტრავერსის კვნესა გავიგონე. მერე მეც დავინახე მამაკაცი, ვისი პორტრეტიც ცოტა ხნის წინ, ზედა ოთახში ვნახე. მისი მოჩვენება ჩვენ წინ იდგა. მისგან სუსტი სინათლე მოდიოდა. ტუჩებზე სისხლი ეცხო. შემდეგ ხელი წინ გამოიწვდინა და თითით ჩვენზე აჩვენა. მოულოდნელად სინათლემ, რომელიც მისგან მოდიოდა, მკვეთრად მოიმატა და თვალები დაგვიბნელა. სხივმა ჩემზე გადაიარა, შემდეგ პუაროზე და მისის ტრავერსზე გაჩერდა.

მე ქალის სახე დავინახე. ცარცივით თეთრი იყო. კიდევ ერთი რაღაც შევნიშნე…

– პუარო! – წამოვიძახე, – მისის ტრავერსის მარჯვენა ხელს შეხედეთ, ის სულ წითელია!

საკუთარ ხელს მისის ტრავერსმაც დახედა და იატაკზე დავარდა.

– სისხლი! – შიშით წამოიძახა მან, – კი, ეს სისხლია. ის მე მოვკალი! მე! იგი მაჩვენებდა როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება, მე კი სასხლეტს ხელი გამოვკარი. მისგან მიხსენით, გევედრებით!.. იგი დაბრუნდა! – ქალი ისტერიკაში ჩავარდა.

– შუქი! – მოულოდნელად ბრძანება გასცა პუარომ. ნათურები ისევ აინთო…

– აბა, ყველაფერი გაიგონეთ, ჰასტინგს? თქვენ მისტერ ევერეტ? ჰო, სხვათა შორის, ეს მისტერ ევერეტია, თეატრის მსახიობი. იგი მე გამოვიძახე. კარგი გრიმი გაუკეთებია, არა? ზედგამოჭრილი მისტერ ტრავერსია! ხოლო ფანარმა და საღებავებმა ეფექტი მხოლოდ გაამძაფრა. თქვენს ადგილზე მე ქალბატონის მარჯვენა ხელს არ მივეკარებოდი. ეს საღებავი ცუდად შორდება. როდესაც ნათურები ჩაქრა, მე მას ხელი ვტაცე. მთელი ფოკუსიც ეს იყო… ჩვენ მატარებელზე გვაგვიანდება. ინსპექტორი ჯეპი ქუჩაში გველოდება. საშინელი ამინდია, მაგრამ, იმედი მაქვს, ცოტათი მაინც გაერთო, როდესაც ფანჯარაზე აკაკუნებდა.

ლონდონისკენ რომ მივემართებოდით, პუარომ გვიამბო – ექიმს მიაჩნდა, რომ მისტერ ტრავერსი ერთ-ერთი სექტის წევრი იყო და ამიტომ არ დადიოდა ექიმთან. ცოლის გარდა, ვის შეეძლო ეს მისთვის ეთქვა? ჩვენ კი მისის ტრავერსმა დაგვარწმუნა, რომ გარდაცვლილს სიკვდილის წინათგრძნობა აწუხებდა. რამდენადაც მე ვიცი, „ქრისტიანული მეცნიერების“ მიმდევრები, სიკვდილს საკმაოდ ფილოსოფიურად უყურებენ. ან, კიდევ რატომ შეაშფოთა იგი ასე კაპიტან ბლეიკის დაბრუნებამ? ამას გარდა, ქალს, რომელმაც ქმარი დაკარგა, ძაძები უნდა ეცვას, მაგრამ საჭიროა კი, ამ დროს ფერუმარილის წასმა? თქვენ ეს ვერ შენიშნეთ, ჰასტინგს? ორი ვარიანტი არსებობდა: ან კაპიტან ბლეიკის ისტორიამ მისტერ ტრავერსს თვითმკვლელეობა შთააგონა, ან მის ცოლს – მკვლელობა. მე მეორე ვერსიაზე შევჩერდი. კიდევ იმიტომ, რომ ასეთ მდგომაროებაში სასხლეტამდე ხელის მიწვდენა ძალიან ძნელია. თუმცა, მე არანაირი მტკიცებულება არ მქონდა. ამიტომაც დღეს საღამოს ამ პატარა სპექტაკლის დადგმა დამჭირდა.

– მაინც ვერ ვხვდები ნათლად ეს როგორ მოხდა? – ვაღიარე მე.

– არაფერი განსაკუთრებული. ქმარს სასეირნოდ გაჰყვა. „ეს რა უცნაური ამბავი გვიამბო გუშინ ჩვენმა სტუმარმა? რა სისულელეა! ეს როგორ შეიძლება… შეგიძლია მაჩვენო, როგორ შეეძლო მას ამის გაკეთება?“ – კეკლუცად ეუბნება ქმარს. საცოდავიც მორჩილად იდებს პირში იარაღის ლულას. ქალი იხრება და თითს სასხლეტს ადებს. დანარჩენი კი თქვენთვის ცნობილია.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button