დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – მტკიცებულების გარეშე

მისტერ ჰენერინგის წინ ვიჯექი, პირველი კლასის ვაგონში და მატარებელი, დერბშირისკენ მიგვაქანებდა. მისტერ ჰენერინგს ცოლმა ტელეგრაფით აცნობა, რომ ბიძამისი გუშინ მონადირის სახლში მოკლეს. პუაროს რამდენიმე დღე გრიპი ტანჯავდა და ლოგინიდან ვერ დგებოდა. ამიტომ, მისი თხოვნით, საქმეზე წასვლა მარტოს მომიწია. საქმის ყველა დეტალი მისთვის ტელეგრაფით უნდა მეცნობებინა.

– ახლა ჩვენ დერბშირის ცენტრში მონადირის სახლში მივალთ, სადაც ტრაგედია მოხდა. ჩვენი საცხოვრებელი სახლი ნიუმარკეტის ახლოსაა, ხოლო სეზონის განმავლობაში ლონდონში ბინას ვქირაობთ ხოლმე. ამ სახლს ყურადღებას ჩვენი ეკონომი აქცევს. ბიძაჩემი ჰერინგტონ პეისი

(დედაჩემი მის პეისი იყო) ბოლო სამი წელი ჩვენთან ცხოვრობდა, მანამდე კი ამერიკაში იყო. მას არც მამაჩემთან და არც უფროს ძმასთან არასდროს ჰქონია კარგი ურთიერთობა. ჩემთან კი, პირიქით. რა თქმა უნდა, მე ღარიბი კაცი ვარ, ბევრი არც ჩემს ცოლს აბადია. იგი გათხოვებამდე მსახიობი იყო, ბიძა კი მდიდარი გახლდათ და ყველა ხარჯს ის ფარავდა. ორი დღის წინ, მე და ჩემი ცოლი დაგვარწმუნა, რომ რამდენიმე დღით დერბშირში წავსულიყავით. ცოლმა ეს მისის მიდლტონს, ჩვენს ეკონომს, ტელეგრაფით შეატყობინა და ჩვენ იმავე დღეს გავემგზავრეთ. გუშინ საღამოს მე ლონდონში დაბრუნება მომიხდა. დღეს დილით კი, ცოლისგან დეპეშას ვიღებ:

„სასწრაფოდ ჩამოდი. ბიძია გუშინ საღამოს მოკლეს. თუ შეძლებ კარგი დეტექტივი იპოვე. ზოია.“

სამი საათი იქნებოდა, როდესაც პატარა სადგურ ელმერს დეილზე ჩამოვედით. მანქანით კიდევ ხუთი მილი გავიარეთ და რუხი ქვისგან ნაგებ პატარა სახლთან აღმოვჩნდით. სახლში უკვე დაგვხვდა ჩვენი ნაცნობი ინსპექტორი ჯეპი. ჯეპმა მეგობრულად გამიღიმა. ჩემს თანამგზავრს კი, სახლში შესვლა და ცოლის ნახვაც არ აცალა, მაშინვე გვერდზე გაიხმო. კარზე მე დავრეკე. რამდენიმე წუთში კარი შავებში ჩაცმულმა ქალმა გამიღო. ვუთხარი, ვინც ვიყავი, სახლში შევედით და ცუდად განათებულ ჰოლში აღმოვჩნდით. ქალს მომხდარის შესახებ მოყოლა ვთხოვე.

– ეს გუშინ საღამოს მოხდა, – დაიწყო მან, – ის კაცი სადილის შემდეგ მოვიდა. თქვა, რომ მისტერ პეისის ნახვა სურდა. მას ისეთივე აქცენტი ჰქონდა, როგორიც მისტერ პეისს და ვიფიქრე, მისი ამერიკელი მეგობარი არის-მეთქი. ამიტომ, იარაღების ოთახამდე მივაცილე. თავისი სახელი არ უთქვამს, მაგრამ მაშინ რატომღაც ამას ყურადღება არ მივაქციე. სტუმრის შესახებ მისტერ პეისს ვაცნობე. იგი მასთან შევიდა. მე კი სამზარეულოში გავედი. რამდენიმე წუთში გავიგონე, რომ ისინი ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, თითქოს ჩხუბობდნენ. მაშინვე ჰოლში გამოვედი. მისის ჰენერინგიც დაბლა ჩამოვიდა. უცებ სროლის ხმა გაისმა. ორივენი საიარაღოს კარს ვეცით, მაგრამ ჩაკეტილი აღმოჩნდა. გარეთ გამოვვარდით და სახლს შემოვუარეთ. ფანჯარა ღია დაგვხვდა. ოთახში სისხლის გუბეში მისტერ პეისი იწვა. სტუმარი ალბათ, ფანჯრიდან გაიქცა. ვიდრე ჩვენ გარეთ გამოვედით და სახლს შემოვუარეთ, მან მიმალვაც მოსწრო.

– როგორ გამოიყურებოდა სტუმარი? – ჩავეკითხე მე.

– მას შავი წვერი ჰქონდა. არც მოხუცი იყო და არც ახალგაზრდა. ღია ფერის პალტო ეცვა. გარდა იმისა, რომ ამერიკული აქცენტით საუბრობდა, სხვა განსაკუთრებული ვერაფერი შევნიშნე.

ეკონომს მისის ჰენერინგის დაძახება ვთხოვე. ისიც ზევით ავიდა. მალე მისის ჰენერინგიც გამოჩნდა. ჩემს წინაშე მშვენიერი ქალი იდგა. ალისფერი სვიტერი ეცვა, რომელიც მისი ტანის უზადოობას უსვამდა ხაზს. თავი წარვუდგინე და დეტალების მოყოლა ვთხოვე.

– ეს ცხრა საათისთვის მოხდა, – მითხრა მისის ჰენერინგმა, – ჩვენ სადილობა ახალი დამთავრებული გვქონდა. ჩემი ქმარი უკვე წასული იყო, 18 საათსა და 15 წუთზე გაემგზავრა. სტუმარზე ვერაფერს გეტყვით, რადგან არც კი მინახავს. იგი მისს მიდლტონმა შეიყვანა საიარაღოში. ხმამაღალი საუბარი მეც გავიგონე. ჰოლში გავვარდი და კინაღამ მის მიდლტონს დავეჯახე. შემდეგ გასროლის ხმა გავიგეთ. საცოდავი ძია, აქ მას ხმა აუკანკალდა, – პირდაპირ თავში ჰქონდა ნასროლი.

– იარაღს რა დაემართა?

– კედელზე ჩემი ქმრის ორი, ზუსტად ერთნაირი პისტოლეტი ეკიდა. ერთ-ერთი დაიკარგა, მეორე პოლიციამ წაიღო.

საიარაღოში გავედით. ამ დროს ჰოლში მისტერ ჰენერინგი შემოვიდა და ცოლი მისკენ გაიქცა. გვამი ოთახში აღარ იყო. ოთახის დათვალიერებამ განსაკუთრებული შედეგი ვერ გამოიღო. საინტერესო იქ ვერაფერი ვიპოვე. ფანჯრის ქვეშ მიწაც შევამოწმე, მაგრამ ის ისე იყო დატკეპნილი, ამაზე დროის დაკარგვაც არ ღირდა.

ინსპექტორმა ჯეპმა მორგში წამიყვანა. ჰერინგტონ პეისს კეფა ჰქონდა გახვრეტილი.

– თავიდან ეჭვი მისტერ ჰენერინგზე მივიტანე, – მითხრა ჯეპმა, – წარსულში ჰენერინგს რამდენიმე საეჭვო ისტორია უკავშირდება. როდესაც ოქსფორდში სწავლობდა, მამამისის ჩეკზე ხელმოწერა გააყალბა. საქმე, რა თქმა უნდა, ჩაფარცხეს. ამას გარდა, იგი ყელამდე ვალებშია ჩაფლული და რაც მთავარია: ანდერძით ყველაფერი მას რჩება. ეჭვი ბუნებრივია, უპირველესად, მასზე მივიტანე. მანამდე მინდოდა მასთან გასაუბრება, ვიდრე ცოლს ნახავდა. თუმცა, მათი ჩვენებები დაემთხვა. იგი მართლაც შვიდის 15 წუთზე გაემგზავრა. ლონდონის ვაგზლიდან კი პირდაპირ კლუბში გაემართა. მას არაფრით არ შეეძლო შავი წვერის მიწებება და საკუთარი ბიძის მოკვლა. როდესაც მკვლელობა მოხდა, იგი მატარებელში იყო. ამიტომ, ვფიქრობ, მკვლელი მისტერ პეისის ამერიკელ ნაცნობებს შორის უნდა ვეძებოთ.

მალე სენსაციური აღმოჩენაც გაკეთდა: – ილინგის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ვაგზალთან ახლოს, რელსებთან ქაღალდში გახვეული პისტოლეტი იპოვა. საღამოსთვის უკვე დადგინდა, რომ იმ იარაღით მოკლეს საწყალი მოხუცი. მას ერთი ტყვია აკლდა. ყველაფერი, რაც ვიცოდი, დავწერე და პუაროს ტელეგრაფით გავუგზავნე. დილით პუაროსგან პასუხი მივიღე: რა თქმა უნდა, ადამიანი შავი წვერით ჰენერინგი არ არის. მარტო თქვენ ჰასტინგს და ჯეპს თუ მოგივიდოდათ თავში ასეთი აზრი. მომწერეთ ეკონომის გარეგნული აღწერილობა, როგორი კაბა ეცვა. იგივე ეხება მისის ჰენერინგსაც.

ქალების ტანსაცმლისადმი გამოჩენილი ასეთი ინტერესი ხუმრობად მივიჩნიე, მაგრამ მაინც გავუგზავნე დეტალური აღწერილობა. 11 საათზე პუაროსგან პასუხი მოვიდა: ჯეპს ურჩიეთ, ვიდრე გვიან არ არის ეკონომი დააპატიმროს.

ამ დეპეშამ კიდევ უფრო გამაოცა, მაგრამ ჯეპს მაინც ვაჩვენე. ჯეპმა თქვა, პუარო ტყუილად არაფერს იტყოდაო და გადაწყვიტა, ეკონომისთვის მეთვალყურე მიეჩინა. ყოველგვარი საბუთის გარეშე, მას ვერ დააპატიმრებდა, მაგრამ დავაგვიანეთ. მისის მიდლტონი ცამ ჩაყლაპა. მისის ჰენერინგმა მასზე შემდეგი გვიამბო:

– სამი კვირის წინ დავიქირავე. ეს ქალი მისის სელბურნის სააგენტოდან გამომიგზავნეს. რამდენიმე ქალი მოვიდა, მაგრამ მისის მიდლტონი ყველაზე მეტად მომეწონა. თან, ისეთი რეკომენდაციები ჰქონდა… მაშინვე ავიყვანე.

საქმე კიდევ უფრო ჩაიხლართა. გასაგები იყო, რომ თავად ეკონომი მკვლელობას ვერ ჩაიდენდა; იმ დროს ხომ ჰოლში, მასთან ერთად მისის ჰენერინგიც იყო. მე ახალი ამბავი მაშინვე პუაროს ვაცნობე და შევთავაზე, სელბურნის სააგენტოში ინფორმაცია გადაემოწმებინა. პასუხმა არ დააყოვნა: თქვენს მიერ ნახსენებ სააგენტოში მასზე ალბათ, არაფერი გაუგიათ.

სააგენტოდან მოსულმა პასუხმა პუაროს ეჭვები დაადასტურა. მათ სიაში მისის მიდლტონი არ ფიგურირებდა. მისის ჰენერინგისგან მოთხოვნა მიიღეს და რამდენიმე ქალი გაუგზავნეს. მან მომსახურების გადაიხადა, მაგრამ იმის შეტყობინება დაავიწყდა, სამსახურში რომელი მათგანი აიყვანა.

ლონდონში დავბრუნდი. პუარო ბუხართან, სავარძელში მოკალათებული დამხვდა. იგი მხურვალედ მომესალმა.

– მონ ამი, ჰასტინგს! როგორ მიხარია თქვენი დანახვა. როგორ ხასიათზე ხართ? გამოძიებისგან სიამოვნება მიიღეთ?

– თქვენი ამომწურავი ანგარიშები საკმარის ფაქტებს შეიცავდა. მივყვეთ თანმიმდევრობით: მისტერ ჰერინგტონ პეისს სოლიდური ქონება ჰქონდა, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ, მის დისშვილს რჩებოდა – ეს პირველი. ცნობილია, რომ მის დისშვილს მძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა – ეს მეორე. ასევე ცნობილია, რომ მისი დისშვილი მორალური პრინციპებისადმი დიდი ერთგულებით არ გამოირჩეოდა – ესეც მესამე.

– კი მაგრამ, უკვე დადასტურებულია, რომ როჯერ ჰენერინგი მკვლელობის დროს მატარებელში იჯდა.

– რა თქმა უნდა. აქედან ვასკვნით, რომ მისტერ ჰენერინგს არ შეეძლო, ბიძისთვის ესროლა. მაგრამ, სახლში მისის ჰენერინგი ხომ იყო.

– ეს შეუძლებელია! გასროლის დროს მასთან ერთად ეკონომიც იყო.

– რომელიც გაქრა, არა? მისი როლი, იცით, რა იყო? არც მკვლელობის ჩადენა და არც მკვლელისთვის დახმარება. მისი როლი მხოლოდ მისის ჰენერინგისთვის ალიბის შექმნით შემოიფარგლებოდა. მას ვერავინ ვერასოდეს იპოვის, რადგან ის სინამდვილეში არც არსებობს.

– რას გულისხმობთ?

– იმას ვგულისხმობ, რომ ზოია ჰენერინგი გათხოვებამდე მსახიობი გახლდათ. თქვენც და ჯეპმაც ეკონომი მხოლოდ ნახევრად განათებულ ჰოლში ნახეთ. გაიხსენეთ, არც თქვენ და არც ჯეპს მისის ჰენერინგი და მისი ეკონომი ერთად არ გინახავთ. ჭკვიანი ქალისთვის ეს მხოლოდ ბავშვური გასართობი იყო. იმის მომიზეზებით, რომ დიასახლისისთვის უნდა დაეძახა, იგი ზევით ადიოდა, შავი კაბის მაგივრად მყვირალა ფერის ჯემპრს იცვამდა, პარიკს იკეთებდა, ქუდს იხურავდა, ძველ გრიმს იშორებდა და მომხიბვლელი ზოია ჰენერინგი დაბლა ჩამოდიოდა.

– რაც შეეხება, პისტოლეტს, რომელიც ილინგში იპოვეს, მისის ჰენერინგს მისი იქ დაგდება არ შეეძლო.

– არა. ეს უკვე როჯერ ჰენერინგის ნამუშევარია. აი, ეს კი სულ ტყუილად გააკეთეს. სწორედ რელსებთან დაგდებულმა პისტოლეტმა დამაყენა სწორ კვალზე. ადამიანი, რომელიც ხელში შემთხვევით მოხვედრილ იარაღს გამოიყენებს, მას იქვე გადააგდებს, ლონდონში კი არ წაიღებს. გასაგებია, რომ მათ სურდათ, პოლიციის ყურადღება დერბშირისგან შორს გადაეტანათ. რა თქმა უნდა, ის პისტოლეტი, რომელიც ილინგში იპოვეს სულაც არ არის ის, რომლიდანაც მისტერ პეისი მოკლეს. როჯერ ჰენერინგმა ერთხელ ჰაერში გაისროლა, პისტოლეტი ლონდონში ჩამოიტანა, ვაგზლიდან პირდაპირ კლუბში წავიდა (რადგან ალიბის დამტკიცება შეძლებოდა), შემდეგ კი ელექტრომატარებლით სასწრაფოდ ილინგში გაემგზავრა. ამ მოგზაურობამ მხოლოდ ოცი წუთი წაართვა. პაკეტი დააგდო და ლონდონში დაბრუნდა. იმ მშვენიერმა ქალმა კი სადილობის შემდეგ, მისტერ პეისს უკნიდან წყანარად ესროლა. შემდეგ ისევ დატენა იარაღი, კედელზე ჩამოკიდა და მთელი ეს კომედია გაითამაშა. ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა, მაგრამ მთელი პრობლემა იცით, რაშია? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წყვილი სასამართლოს წინაშე წარდგეს? მე ჯეპს ყველაფერი მივწერე, მაგრამ ვშიშობ, მოგვიწევს მათი ბედი ღმერთს მივანდოთ.

პუაროს შიში უსაფუძვლო არ აღმოჩნდა. პოლიციამ დაპატიმრებისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოგროვება მაინც ვერ მოახერხა. მისტერ პეისის უზარმაზარი ქონება მის მკვლელებს დარჩათ, მაგრამ შურისძიებამ მაინც არ დააყოვნა. როდესაც ერთ დღეს, ავიაკატასტროფაში დაღუპულებს შორის მისტერ და მისის ჰენერინგების გვარიც ამოვიკითხე, მივხვდი, სამართალმა პური ჭამა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button