ზღაპარისაბავშვო

დათვი

დათვი, მელა და მგელი დაძმობილდნენ და წავიდნენ საჭმლის საშოვნელად. ნახირს ერთი მსუქანი ფური ჩამორჩენოდა, ძმობილებმა უპატრონო ფური დაიმარტოხელეს, ერთ უღრან-უდაბურ ადგილზე შეიმწყვდიეს და გაფატრეს. დასხდნენ და დაიწყეს ბჭობა, როგორ გავიყოთო. მელამ თქვა:

– ვინც ჩვენში ყველაზე ხნიერი იყოს, ეს ძროხა სულ იმას დარჩესო. – და პირველმა თვითონ დაიწყო: – მე იმ ხნისა ვარ, როცა ცა და დედამიწა გაჩნდა და ქვეყანაზე ჩემს მეტი სულიერი არ არსებობდაო.

– მართლაც ძალიან ხნიერი ყოფილხარო, – მოუწონა დათვმა და მგელს ჰკითხა: – აბა, შენ როდინდელიღა ხარო?

მგელმა თქვა:

– ცა და ქვეყანა რომ გაჩნდა, პირველი შვილი სწორედ მაშინ მომიკვდაო.

ჯერი დათვზე მიდგა, ბიძამ ცერად შეხედა ორივეს და თქვა:

– მე ჯერ ორი წლისაც არა ვარ, მაგრამ თუ კარგი ბიჭები ხართ, მიდით და ამ ძროხას პირი დააკარეთო.

სწორედ ამაზეა ნათქვამი, – ძალა აღმართსა ხნავსო. მიდგა დათვის ძროხას და მგელსა და მელას ერთი ჩიჩქიც არ უწილადა.

ჭირი – იქა, ლხინი – აქა,

ქატო – იქა, ფქვილი – აქა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button