დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – ქურდობა ძარცვით

მარკუს ჰარდმენმა ირგვლივ მყოფთ მზერა მოგვავლო და თხრობა დაიწყო.

– გუშინ ჩემთან სტუმრები მოვიდნენ, რომლებიც ფინჯან ჩაიზე დავპატიჟე, სულ ხუთი-ექვსი კაცი იქნებოდა. ჩაის დალევამდე, სტუმრებს შუა საუკუნეების სამკაულთა ჩემი კოლექცია ვაჩვენე. მათ აი, იმ კედლის სეიფში ვინახავ. სეიფი შიგნით ისეა მოწყობილი, როგორც კარადა. წითელხავერდგადაკრული თაროები აქვს. მერე სტუდიაში მუსიკის მოსასმენად გავედით. მხოლოდ იმის შემდეგ, რაც სტუმრები წავიდნენ, აღმოვაჩინე, რომ სეიფი ცარიელი იყო. ჩანს, სეიფი კარგად არ დავკეტე და ვიღაცამ ამით ისარგებლა… ლალები, მესიე პუარო, ზურმუხტები… მე მათ მთელი ცხოვრება ვაგროვებდი. ხომ დამეხმარებით, მაგრამ გთხოვთ, არ გაახმაუროთ. ყველა სტუმარი ჩემი ახლო მეგობარია და სკანდალი არ მინდა.

– თქვენ რომ სტუდიაში გახვედით, ოთახი ვინ დატოვა ბოლოს? – ჰკითხა პუარომ.

– მისტერ ჯონსონმა. ის სამხრეთ აფრიკელი მილიონერია. კაბინეტში ცოტა ხნით დაყოვნდა, მაგრამ მასზე ეჭვს ვერ მივიტან.

– თქვენი სტუმრებიდან, დღის განმავლობაში, ვინმე იმ ოთახში აღარ შესულა?

– სამი მათგანი. თავადის მეუღლე ვერა როსაკოვა, მისტერ ბერნარდ პარკერი და ლედი რანკორნი. თავადის მეუღლე როსაკოვა მომხიბვლელი რუსი თავადია, ემიგრანტი. ჩვენს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. ჩემი სხვა კოლექციის მიმართ გამოამჟღავნა ინტერესი და მის სანახავად შებრუნდა. თავიდანვე საეჭვოდ მომეჩვენა მისი ეს საქციელი. პარკერი კი ჩემი დავალებით შევიდა. მინიატურების კოლექციის ყუთის გამოტანა ვთხოვე. მინდოდა, ის ლედი რანკორნისთვის მეჩვენებინა. რაც შეეხება ლედი რანკორნს, იგი მოხუცი ქალია, ძლიერი ხასიათით. ოთახში ჩანთის გამო დაბრუნდა, რომელიც შემთხვევით დარჩა.

– მაშ ასე, ჩვენ ოთხი ეჭვმიტანილი გვყავს. რუსი თავადის მეუღლე, ინგლისელი გრანდ-დამა, სამხრეთ აფრიკელი მილიონერი და ბერნარდ პარკერი. მართლა, მისტერ პარკერი ვინღაა?

– ის… ე… ის ახალგაზრდა კაცია. ერთი ჩემი ნაცნობი, – მისტერ ჰარდმენს ეტყობოდა, რომ ამ კაცზე ლაპარაკი არ სურდა, მაგრამ პუარომ ისე შეხედა, მიხვდა, ჯობდა, ყველაფერი ეთქვა.

ზოგჯერ საგვარეულო ძვირფასეულობების გაყიდვის აუცილებლობა ჩნდება. ის ასეთ დროს, საჭირო ადამიანებს პოულობს ჩემთვის. კიდევ ერთი დეტალი, ლედი რანკორნის შესახებ. მისი აწ გარდაცვლილი ბიცოლა კლეპტომანიით იყო ავად.

– აჰა, ძალიან საინტერესოა. შეიძლება, სეიფი ვნახოთ?

თანხმობა რომ მიიღო, პუარომ სეიფის კარი გამოაღო. ის ცარიელი იყო.

– ახლაც კი, კარი სათანადოდ არ იკეტება, – ჩაილაპარაკა პუარომ და კარის დაკეტვა სცადა, –

ნეტავ რატომ? ეს რა არის? საგდულში მამაკაცის ხელთათმანია ჩაყოლილი.

– ეს ჩემი ხელთათმანი არაა, – განაცხადა ჰარდმენმა.

– ეს კიდევ რაღაა? – პუარო დაიხარა და სეიფის ქვედა თაროდან პატარა ნივთი აიღო. შავი პორტსიგარი აღმოჩნდა.

– ჩემსას ძალიან ჰგავს, – თქვა ჰარდმენმა. მაგრამ ინიციალები სხვაა, – „ბ“ და „პ“. ღმერთო ჩემო, ბერნარდ პარკერი!

– ეტყობა დაბნეული ახალგაზრდაა, – წარმოთქვა პუარომ, – მით უმეტეს, თუ ხელთათმანიც მისია. ეს უკვე ორმაგი სამხილი იქნებოდა.

– მესიე პუარო, ახლა მაქვს იმედი, რომ ჩემს ძვირფასეულობას მალე დამიბრუნებთ.

მისტერ ბერნარდ პარკერი სახლში იყო.

– დილა მშვიდობისა, მესიე, – მიესალმა პუარო, გუშინ მისტერ ჰარდმენი გაქურდეს. ნება მომეცით, გკითხოთ: ეს თქვენი ხელთათმანია?

– სად იპოვეთ? – ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ წარმოთქვა პარკერმა, ჩემი არ არის.

– არც ეს პორტსიგარი?

– რა თქმა უნდა, არა. მე ყოველთვის თან მაქვს ჩემი და ის ვერცხლისფერია.

– მშვენიერია მესიე, მე საქმეს პოლიციას გადავცემ.

– არა. მომისმინეთ, თქვენს ადგილზე მე ამას არ გავაკეთებდი! – წამოიძახა მისტერ პარკერმა, –

შეუბრალებელი ხალხია ეს პოლიციელები. ცოტა მოიცადეთ. მე მოხუც ჰარდმენს ვინახულებ…

პუარო მაინც შემოტრიალდა და გარეთ გამოვიდა.

რამდენიმე საათის შემდეგ, პუაროს სასტუმრო ოთახის კარი ფართოდ გაიღო და ოთახში ქარივით შემოვარდა ქალი. თავადის მეუღლე ვერა როსაკოვა ძალიან იმპულსური ადამიანი აღმოჩნდა.

– თქვენ ხართ მესიე პუარო? ეს რა ჩაიდინეთ, ბრალი იმ საცოდავ ბიჭს დასდეთ! რა სკანდალია. მე მას ვიცნობ. ის პატარა კრავია. მან ჩემთვის იმდენი გააკეთა!

– მითხარით, მადამ, ეს მისი პორტსიგარია? – პუარომ ჯიბიდან პორტსიგარი ამოიღო.

– კი მისია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. თქვენ ის ოთახში ნახეთ, სადაც ჩვენ ყველანი ვიყავით? თქვენ, პოლიციელები წითელარმიელებზე უარესები ხართ!

ქალმა ისევე უცერემონიოდ დაგვტოვა, როგორც შემოგვივარდა. პუარომ კი მისი წასვლის შემდეგ ჰარდმენის სახლში ნაპოვნი ხელთათმანის მეორე ცალი მაჩვენა. მან ის პარკერის სახლიდან მოიპარა.

– ახლა პროფილაქტის გამო პარკლეინზე სტუმრად მივალ, – განაცხადა მან.

ჯონსონი სახლში არ დაგვხვდა, მაგრამ მის პირად მდივანს შევხვდით. გაირკვა, რომ ჯონსონი სამხრეთ აფრიკიდან სულ ახლახან ჩამოვიდა. გავარკვიეთ ისიც, რომ იგი ძვირფასი ქვებით კი არა, უფრო ოქროს მოპოვებით იყო დაინტერესებული. იმავე საღამოს, ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინე, რომ პუარო რუსულ ანბანს სწავლობდა.

– თქვენ რა, აპირებთ კნიგინიასთან რუსულ ენაზე ილაპარაკოთ? – გავიკვირვე მე, – ყველა რუსი დიდგვაროვანი ფრანგულად ბრწყინვალედ ლაპარაკობს.

– ჰასტინგს, ეს რა ხასიათი გაქვთ. ადამიანს ყველაფრის ხალისს მოუკლავთ, ვწყვეტ რუსულის სწავლას. – თქვა პაურომ და წიგნი თეატრალური ჟესტით მოისროლა. თუმცა, ვგრძნობდი, რომ იგი რაღაცას ბოლომდე არ ამბობდა.

– იქნებ ეჭვი გეპარებათ, რომ ის ნამდვილად რუსია და გამოცდის მოწყობას უპირებთ? –

ვუთხარი ცოტა ირონიულად.

– ო, არა, ის რუსია, – პუარომ გაიცინა და მეტი არაფერი თქვა.

მეორე დილით ჩვენ მისტერ ჰარდმენთან წავედით. იგი გაცილებით მშვიდი იყო, ვიდრე გუშინ. პუარომ ფურცელი გაუწოდა.

– აი, ადამიანი, ვინც თქვენი ძვირფასეულობა მოიპარა. უნდა გადავცე თუ არა ეს საქმე პოლიციას? ან იქნებ, გსურთ ნაქურდალი ისე დაიბრუნოთ, რომ საქმეში სამართალდამცველები არ ჩარიოთ?

მისტერ ჰარდმანი თვალებდაჭყეტილი დაჰყურებდა ფურცელს. ბოლოს მას მეტყველების უნარი დაუბრუნდა.

– წარმოუდგენელია… მე არანაირი სკანდალი არ მინდა. მესიე პუარო, მე მთლიანად ვენდობი თქვენს დელიკატურობას.

შემდეგ ჩვენ ტაქსი გავაჩერეთ და რამდენიმე წუთში უკვე თავადის მეუღლე როსაკოვას ნომერში ვიყავით.

– მესიე პუარო! – წამოიძახა მან, – გაამართლეთ ის ბავშვი?

– თქვენს მეგობარ, მისტერ პარკერს დაჭერა არ ემუქრება.

– რა ყოჩაღი ხართ!

– მოითმინეთ, მე მისტერ ჰარდმენს დავპირდი, რომ ძვირფასეულობას რაც შეიძლება მალე დავუბრუნებდი. ამიტომ, კარგს იზამთ, თუ გამატანთ. დაბლა ტაქსი მელოდება, იმ შემთხვევისთვის, თუ სკოტლენდ-იარდში წასვლა დამჭირდება.

კნიგინიამ სიგარეტს მოუკიდა, რამდენიმე წამი გაუნძრევლად იჯდა. შემდეგ მოულოდნელად, ახარხარდა და ადგა. კომოდთან მივიდა, გამოაღო. იქიდან შავი ჩანთა გამოიღო და პუაროს გაუწოდა. მისი ხმა მხიარული და წყნარი იყო:

– შეგიძლიათ, არ ჩაიხედოთ, ყველაფერი მანდაა.

პუარო ადგა.

– მშვიდობით ქალბატონო! ო… მაპატიეთ კინაღამ დამავიწყდა! თქვენი პორტსიგარი, – მან მოწიწებით გადასცა ქალს სეიფში ნაპოვნი პატარა შავი პორტსიგარი. ქალმა გამოართვა და ჩაიჩურჩულა: გასაგებია!

– პირველად როდის დაეჭვდით თავადის მეუღლეში? – ვკითხე პუაროს უკვე გარეთ.

– მონ ამი, თავიდანვე. იმან დამაეჭვა, რომ სეიფში ხელთათმანიც ეგდო და პორტსიგარიც. როგორ გითხრა? ეს ორმაგი სამხილი იყო. ბერნარდ პარკერს შეიძლებოდა ან ერთი დავარდნოდა, ან მეორე. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ორივე ერთად დაეკარგა. ეს ძალიან დაბნეული ადამიანისთვისაც კი, ნამეტანი იქნებოდა – იმ შემთხვევაშიც კი – თუ ეს ნივთები ვიღაცამ იქ სპეციალურად დააგდო, რათა ეჭვი პარკერზე მიგვეტანა. ორი სამხილი, მაინც ზედმეტი იქნებოდა. ამიტომ, მე იძულებული გავხდი გამომეტანა დასკვნა, რომ ამ ნივთებიდან ერთ-ერთი პარკერს არ ეკუთვნოდა. თავიდან ვიფიქრე, რომ პორტსიგარი იყო მისი, ხელთათმანი კი – არა. თუმცა, შემდეგ მის მისაღებში მეორე ხელთათმანი ვიპოვე და მივხვდი, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. მაშ ვის ეკუთვნოდა პორტსიგარი? ცხადი იყო, რომ ის ლედი რანკორნის ვერ

იქნებოდა; ინიციალები მისი არ იყო. მისტერ ჯონსონის წარსული ეჭვს არ იწვევდა. დარჩა თავადის მეუღლე. ყველამ ხომ იცოდა, რომ მან რუსეთიდან ძვირფასეულობა ჩამოიტანა. საკმარისი იქნებოდა ძვირფასი ქვები ბუდიდან ამოეღო და მათ ვეღარავინ ამოიცნობდა. მისთვის ძნელი არ იყო ჰოლიდან მისტერ პარკერის ერთი ხელთათმანი აეღო და სეიფში დაეგდო. მაგრამ, პორტსიგართან დაკავშირებით მოუვიდა იაღლიში. როგორც ჩანს, როდესაც სეიფში ხელთათმანს აგდებდა, მაშინ დარჩა.

– ჰო, მაგრამ, თუ პორტსიგარი მისია, მაშინ რატომ არის მასზე ასოები ბ. პ.? მისი ინიციალები ხომ ვ. რ-ა?

– ზუსტადაც. მაგრამ რუსულ ანბანში ბ არის 3, ხოლო პ – რ სწორედ ამიტომ ჩავუჯექი რუსულ ანბანს, – თქვა პუარომ, შემდეგ კი გაიღიმა: ბრწყინვალე ქალია. დარწმუნებული ვარ, სადღაც ერთმანეთს კიდევ გადავეყრებით, საინტერესოა, სად?!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button