დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – სტუმარი გამოძახებით

ჯონ ჰარისონი სახლიდან გამოვიდა, ტერასაზე გაჩერდა და ბაღისკენ გაიხედა. ყველაზე ნაკლებად ის სტუმრის გამოჩენას ელოდა.

– წარმოუდგენელია! – წამოიძახა ჰარისონმა, – მუსიე პუარო!

– გახსოვთ მითხარით: ჩვენს მხარეში თუ მოხვდებით, აუცილებლად შემომიარეთო. აი, მეც შემოგიარეთ.

– ძალიან მიხარია, – გულითადად წარმოთქვა ჰარისონმა, – დაბრძანდით. რა მოგართვათ?

– თუ სიროფი არ გაქვთ, სოდიანი მომიტანეთ, ოღონდ ვისკის გარეშე.

– ჩვენს მხარეში რამ ჩამოგიყვანათ? – ჰკითხა ჰარისონმა, როდესაც მაგიდაზე ჭიქა დადგა, –

ისვენებთ?

– არა. მკვლელობას ვიძიებ.

– აქ არანაირი მკვლელობის შესახებ არ გამიგია.

– ვერც გაიგებდით. ჯერ არავინ მოუკლავთ.

– როგორ?!

– ასე. მე ვიძიებ დანაშაულს, რომელიც ჯერ არ მომხდარა.

– ამას სერიოზულად ამბობთ მუსიე პუარო?

– კი, შეიძლება მკვლელობა მოხდეს, თუ ჩვენ მისი აღკვეთა ვერ მოვახერხეთ. თქვენი დახმარება დამჭირდება.

– ჩემთან ამიტომ მოხვედით?

– მე თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ მომწონხართ, – წარმოთქვა პუარომ და უცებ საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა, – ვხედავ, თქვენს ბაღში ბზიკებს ბუდე გაუკეთებიათ. უნდა გაანადგუროთ.

ამ მოულოდნელმა გადასვლამ ჰარისონი გააკვირვა:

– სწორედ დღეს ვაპირებდი ამის გაკეთებას. უფრო სწორად, მე კი არა ახალგაზრდა ლენგტონი. გახსოვთ, კლოდ ლენგტონი? იგი იმ სადილზე იყო, სადაც ჩვენ ერთმანეთი გავიცანით. დღეს საღამოს შემოივლის და ბენზინის დახმარებით ამ საქმეს მოაგვარებს.

– სხვა საშუალებებიც არსებობს. მაგალითად, წყალში გახსნილი ციანიდი.

ჰარისონი აშკარად გაკვირვებული იყო.

– ეს ხომ ძლიერი შხამია. მისი სახლში გაჩერება სახიფათოა.

– მართალი ხართ, – დაეთანხმა პუარო, – ეს სასიკვდილო შხამია. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ლენგტონი ბენზინს გამოიყენებს?

– რა თქმა უნდა. რატომ მეკითხებით?

– არის ერთი გარემოება. დღისით ბარჩესტერში ერთ აფთიაქში შევედი და იქ ისეთი წამალი ვიყიდე, რომლის გამოც შხამების გაყიდვის სარეგისტრაციო წიგნში ხელის მოწერა მომიხდა. ყურადღება ციანიდის ყიდვის ბოლო ჩანაწერს მივაქციე და იქ კლოდ ლენგტონის ხელმოწერა აღმოვაჩინე.

ჰარისონი სტუმარს გაკვირვებულ მზერას არ აცილებდა.

– უცნაურია, – ჩაილაპარაკა მან, – ამ დღეებში ლენგტონი მარწმუნებდა, რომ მას აზრად არ მოუვიდოდა ბზიკების ასეთი საშიში მეთოდით განადგურება.

– თქვენ ლენგტონი მოგწონთ? – მოულოდნელად ჰკითხა პუარომ, – მინდა ვიცოდე, მასაც თუ მოსწონხართ.

– რაზე მიმანიშნებთ, მუსიე პუარო?

– გულახდილი ვიქნები. თქვენ დანიშნული ხართ და დაქორწინებას აპირებთ. მე ვიცნობ მოლი დინს. ადრე იგი კლოდ ლენგტონზე იყო დანიშნული. შემდეგ თქვენს გამო საქმრო მიატოვა. არა მგონია, ლენგტონს ყველაფერი დაევიწყებინა და ეპატიებინა.

– ცდებით, მუსიე პუარო, ლენგტონი ისე მოიქცა, როგორც ნამდვილი მამაკაცი, როგორც ნამდვილი ჯენტლმენი. მან ყველაფერი გააკეთა, რომ მეგობრული ურთიერთობები შენარჩუნებულიყო.

– თქვენ ეს უცნაურად არ მოგეჩვენათ? სიძულვილი შეიძლება, რაღაც დროით დამალოს ადამიანმა.

– ესე იგი, თქვენ ჩემს გადარჩენას ცდილობთ? – ჰარისონმა ხმას დაუწია.

პუარომ თავი დაუქნია. ჰარისონი სავარძლიდან წამოხტა.

– მგონი, შეიშალეთ. ეს ხომ ინგლისია! აქ ასე არ იქცევიან. უარყოფილი თაყვანისმცემლები თავიანთ კონკურენტებს დანით და საწამლავით არ იშორებენ. ლენგტონთან დაკავშირებითაც ცდებით. ეს ბიჭი ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხს.

– ჭიანჭველები მე არ მაინტერესებს, – წყნარად უპასუხა პუარომ, – ისე, დღეს ეგ ბიჭი რამდენიმე ათასი ბზიკის განადგურებას აპირებს.

ჰარისონმა ვერც კი მოიფიქრა, რა ეპასუხა. პუარო ადგა, ჰარისონთან მივიდა, ხელი მხარზე დაადო და ჩურჩულით უთხრა:

– გამოფხიზლდით, ჩემო მეგობარო, გამოფხიზლდით! შეხედეთ, იქ, ხის ფესვებთან ბზიკები ბუდეში ბზუილით ბრუნდებიან და წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ ერთ საათში მათ გაანადგურებენ. რომელ საათზე უნდა მოვიდეს, მუსიე ლენგტონი?

– ცხრა საათზე. მაგრამ, გარწმუნებთ, ცდებით. ლენგტონი არასოდეს…

პუარომ აღარ დაამთავრებინა და ფეხზე წამოდგა:

– ცხრისთვის აუცილებლად დავბრუნდები. მაინტერესებს ბზიკების ბუდეს, როგორ ანადგურებენ.

პუაროს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ყოყმანობდა, ეჭვები ღრღნიდა. თითქოს ფიქრობდა: ხომ არ აჯობებს დავრჩეო, მაგრამ ბოლოს მაინც წასვლა გადაწყვიტა.

ცხრას რამდენიმე წუთი აკლდა, როდესაც იგი ბაღის კარს ისევ მოადგა. ამ დროს კარი გაიღო და გზაზე სწრაფი ნაბიჯით კლოდ ლენგტონი გამოვიდა. პუაროს დანახვაზე შეკრთა.

– ო… საღამო მშვიდობისა!

– საღამო მშვიდობისა, მუსიე ლენგტონ, რაღაც ადრე მოსულხართ. გაანადგურეთ უკვე ბზიკების ბუდე?

– არა, ჯერ არ გამინადგურებია.

– გასაგებია. აბა, რას აკეთებდით?

– არაფერს. მე და ჰარისონმა ცოტა ვისაუბრეთ. მაპატიეთ, ძალიან მეჩქარება. ჰარისონს ტერასაზე ნახავთ. მაპატიეთ, მაგრამ უნდა წავიდე.

პუარო ბილიკს გაუყვა. ჰარისონი ვერანდაზე მაგიდასთან იჯდა. მას თავიც კი არ მოუტრიალებია, როდესაც პუარო მიუახლოვდა.

– ო, mon ami, კარგად ხართ?

კითხვას გრძელი პაუზა მოჰყვა. შემდეგ ჰარისონმა თითქოს ძალდატანებით წარმოთქვა:

– რა თქვით? კარგად, თუ ვარ? კი, კი. ცუდად რატომ უნდა ვიყო?

– არანაირი ცუდი შეგრძნებები არ გაქვს?

– რატომ უნდა მქონდეს ცუდი შეგრძნებები?

– სოდის გამო.

ჰარისონი შეირხა.

– სოდის გამო? ამით რისი თქმა გსურთ?

– ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე იძულებული ვიყავი თქვენს ჯიბეში ცოტა სოდა ჩამეყარა.

– სოდა? ჩემს ჯიბეში? რატომ?

– უნდა გითხრათ, – თითქოს ლექციას კითხულობსო, ისე დაიწყო პუარომ, – ჩემთვის არანაირ სიძნელს არ წამოადგენს სხვის ჯიბეში ჩაძვრომა. ეს ერთმა ჯიბის ქურდმა მასწავლა, რომელსაც ერთხელ დავეხმარე. ერთ ხელს მხარზე გადებთ, ისეთ სახეს ვიღებ, თითქოს რაღაცით ძალიან შეწუხებული ვარ. თქვენ ყურადღება ამაზე გადმოგაქვთ, მე კი შეუმჩნევლად ვახერხებ, რაც თქვენს ჯიბეში დევს, ჩემს ჯიბეში გადმოვიტანო და მის მაგივრად თუნდაც სოდა ჩაგიყაროთ. თუ ვინმეს სურს, ჭიქაში შხამი სწრაფად და შეუმჩნევლად ჩაყაროს, ის პიჯაკის მარჯვენა ჯიბეში უნდა ჩაიდოს. ვიცოდი, რომ იქ იქნებოდა.

პუარომ ხელი ჯიბეში ჩაიყო და იქიდან რამდენიმე მსხვილი, თეთრი კრისტალი ამოიღო. ჰარისონმა, როგორც იქნა, ხმა გასცა:

– თქვენთვის კონკრეტულად რა არის ცნობილი?

– როგორც უკვე გითხარით, კლოდ ლენგტონის სახელი აფთიაქის სარეგისტრაციო წიგნში ამოვიკითხე, მაგრამ არაფერი ვთქვი იმის შესახებ, რომ ამის შემდეგ მას შემთხვევით შევხვდი. მან მითხრა, რომ კალიუმის ციანიდი ბზიკების ბუდის გასანადგურებლად, თქვენი თხოვნით იყიდა. ეს უცნაურად მომეჩვენა, რადგან თქვენ მიერ ნახსენებ სადილზე, თქვენ ამტკიცებდით, რომ ასეთ საქმეში ციანიდის გამოყენება დაუშვებელიაო. ამას გარდა, მე კლოდ ლენგტონს და მოლი დინს თვალს ვადევნებდი, როცა იმათ ეგონათ, ვერავინ გვხედავსო. არ ვიცი, რა მოხდა მათ შორის, რამაც მოლის თქვენსკენ უბიძგა, მაგრამ მივხვდი, რომ გაუგებრობა წარსულს ჩაბარდა და შეყვარებულები ისევ ერთად იყვნენ. და კიდევ, ამ დღეებში ჰარლი-სტრიტზე ვიყავი და დავინახე, როგორ გამოხვედით სახლიდან, სადაც ერთი ჩემი ნაცნობი ექიმი ცხოვრობს. ჩემთვის ცნობილია, მასთან რა დაავადებების გამო მიდიან. თქვენმა სახის გამომეტყველებამ ყველაფერს მიმახვედრა. ასეთი სახე მხოლოდ იმ ადამიანს აქვს, ვისაც სულ ახლახან სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ვცდები?

– არ სცდებით. ორი თვე დამრჩა. განაგრძეთ.

– ყველაფერი უკვე ვიცოდი. აქ ჩამოვედი, შემთხვევით, დავინახე სარეგისტრაციო წიგნში ლენგტონის სახელი, მერე მას შემთხვევით შევხვდი და ამის შემდეგ თქვენთან წამოვედი. რამდენიმე კითხვა დაგისვით, თქვენ კი არ აღიარეთ, რომ ციანიდის ყიდვა ლენგტონს თქვენ სთხოვეთ. ლენგტონისგან ვიცოდი, რომ თქვენთან ცხრის ნახევარზე უნდა მოსულიყო. თქვენ კი მითხარით ცხრაზეო, იმ იმედით, რომ როცა დავბრუნდებოდი, ყველაფერი დასრულებული იქნებოდა…

– ჩემთან რატომ მოხვედით? – იყვირა ჰარისონმა.

– მე გითხარით, რომ მკვლელობის საქმეს ვიძიებდი.

– მკვლელობის? თქვენ გინდათ თქვათ, თვითმკვლელობის?

– არა, – პუაროს ხმა მკვეთრი გახდა, – მე მინდა ვთქვა, მკვლელობის. თქვენი სიკვდილი სწრაფი და იოლი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სიკვდილი, რომელსაც ლენგტონს უმზადებდით ნამდვილად საშინელი იქნებოდა. თქვენი გეგმა ასეთი იყო: იგი იყიდიდა შხამს და თქვენთან მოვიდოდა. ერთად დალევდით ჩაის. უცებ თქვენ მოკვდებოდით, თქვენს ჭიქაში კი შხამს იპოვნიდნენ. კლოდ ლენგტონს სიკვდილს მიუსჯიდნენ.

– რატომ ჩამოხვედით, ჩემთან რატომ მოხვედით?

– თქვენ მე მომწონხართ. თქვენ განწირული ხართ. დაკარგეთ ქალი, რომელიც გიყვარდათ. ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ არ მინდა სული მკვლელობით დაიმძიმოთ. ახლა მითხარით, გიხარიათ, თუ არა, რომ ჩამოვედი?

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button