დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – მომიყევი მკვლელობის შესახებ

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ საღამოს ჩემი აწ გარდაცვლილი მეგობარი და ადვოკატი მისტერ პარკერი, ვიღაც ჯენტლმენთან ერთად მესტუმრა. იგი, მისტერ როდსად გამეცნო. დაახლოებით, 40 წლის იქნებოდა და ცოტა უცნაურად იქცეოდა. როდესაც მოსამსახურემ ჩაი მოგვიტანა, მისტერ პარკერმა ამიხსნა, თუ რამ მოიყვანა ისინი ჩემთან.

– მის მარპლ, – დაიწყო მან, – თქვენთან რჩევისთვის მოვედით. საქმე ბრანჩესტერში მომხდარ მკვლელობას ეხება. გაიგებდით, ერთ-ერთ სასტუმროში ქალი მოკლეს. ეს ქალი მისტერ როდსის ცოლი იყო. ამ ერთ უბედურებას ისიც დაემატა, რომ იგი მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილიცაა.

მისტერ როდსს დახმარებისთვის მისტერ პარკერისთვის მიუმართავს, პარკერს კი საქმეში ჩემი ჩართვა გადაუწყვეტია. ვამჩნევდი, რომ მისტერ როდსი ჩემდამი ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი. თუმცა მოყოლას მაინც განაგრძობდა.

მისტერ და მისის როდსები ბრანჩესტერში ოტელ „კორონაში“ გაჩერდნენ. მისის როდსი, რომელიც ცოტა ნერვიული გახლდათ, დასაძინებლად ადრე დაწვა. ცოლ-ქმარს ორი, ერთმანეთთან დაკავშირებული ოთახი ეკავა. მისტერ როდსმა ცოტა წამუშავება გადაწყვიტა. იგი წიგნს წერდა პირველყოფილი ადამიანების იარაღებზე. სანამ დაწვებოდა, ცოლის ოთახში შეიჭყიტა, რამე ხომ არ სჭირდებაო და დაინახა, რომ მისი ცოლი ლოგინზე გულში დანაგარჭობილი იწვა. მისის როდსის ოთახში კიდევ ერთი კარი იყო – დერეფანში გასასვლელი. ეს კარი გასაღებით და შიგნიდან ურდულითაც კი იყო დაკეტილი. მისტერ როდსის სიტყვებით, მის ოთახში არავის გაუვლია, მოსამსახურე გოგოს გარდა, რომელსაც სათბუნები მიქონდა. სასიკვდილო ჭრილობა იმ დანით იყო მიყენებული, რომელიც მისის როდსს ტუალეტის მაგიდაზე ედო და წიგნის გვერდებს ჭრიდა, ხოლმე. მასზე თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. მისტერ როდსის და მოსამსახურე ქალის გარდა, გარდაცვლილის საძინებელში არავინ შესულა. მოსამსახურე ქალი, იმ სასტუმროში უკვე ათი წელია, მუშაობდა და არანაირი მიზეზი არ ჰქონია სტუმარს თავს დასხმოდა. თანაც ისეთი სულელი იყო, ვერავინ დაიჯერებდა, მკვლელობის ჩადენა თუ შეეძლო.

მისტერ პარკერის მონაყოლიდან გავიგე, რომ სასტუმროში, მეორე სართულზე ასასვლელ კიბის ბაქანზე, ერთი მოსასვენებელი ოთახი იყო, სადაც ჩამოჯდომა და ჭიქა ყავის დალევა შეიძლებოდა. დერეფნის მარჯვენა მხარეს, ბოლო კარი მისტერ როდსის ოთახის იყო, შემდეგ დერეფანი უხვევდა და პირველი კარი უკვე მისის როდსის ოთახში შედიოდა. როგორც აღმოჩნდა, ორივე კარს მკვლელობის დროს ვიღაც უთვალთვალებდა. მისტერ როდსის ოთახის კარი მოსასვენებელ ოთახში მსხდომი ოთხი ადამიანის თვალთახედვის არეში იყო. ესენი იყვნენ, ორი კომივიაჟორი და ერთი მოხუცებული წყვილი. მათი თქმით, პირველ კარში მხოლოდ მისტერ როდსი და მოსამსახურე ქალი შევიდნენ. მეორე კარის ახლოს კი ელექტრიკოსი მუშაობდა, რომლის თქმითაც, ამ კარში მოსამსახურე ქალის გარდა, არავინ არც შესულა და არც გამოსულა.

დაკითხვაზე მისტერ როდსმა ერთი არადამაჯერებელი ისტორია მოყვა, თითქოს ვიღაც ქალი მის ცოლს მუქარის წერილებს უგზავნიდა. მისტერ პარკერმა სთხოვა ჩემთვისაც იგივე მოეყოლა.

– სიმართლე გითხრათ, – დაიწყო მან, – ამის თავადაც არ მჯეროდა. ვფიქრობდი, ემი ყველაფერს იგონებს-მეთქი.

როგორც გაირკვა, ემი ბუნებით რომანტიკული და ფანტაზიორიც იყო. ასეთ ადამიანებს საერთოდ სჩვევიათ თავიანთი რუხი და მოსაწყენი ცხოვრების გამოგონილი ამბებით შელამაზება. საკმარისი იყო, ბანანის ქერქზე ფეხი დასცდენოდა, რომ ირწმუნებოდა, თითქოს სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. ქმარი უკვე მიჩვეული იყო, ცოლის ნაამბობი სერიოზულად არ აღექვა. ამიტომ, როცა ემიმ გაანდო, როგორ დაიფიცა ვიღაც ქალმა, რომლის ბავშვიც მანქანით გაიტანა, მასზე შურს იძიებდა, არ დაიჯერა. ეს მანამდე მოხდა, ვიდრე ისინი დაქორწინდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქალი ქმარს წერილებსაც კი უკითხავდა, რომელთა ავტორსაც ფსიქიკური გადახრები უნდა ჰქონოდა, მაინც ფიქრობდა, ქალი მათ თავად წერდა. მისის როდსი ისტერიული ადამიანი იყო და მას მძაფრი შეგრძნებები აკლდა.

მე ვიკითხე, ხომ არ ცხოვრობდნენ იმ სასტუმროში მარტოხელა ქალები. აღმოჩნდა, რომ ასეთი ორი იყო: ვინმე მისის გრენბი, ქვრივი, ვისი ქმარიც ინდოეთში მსახურობდა და იქვე გარდაიცვალა და მისის კრუტერსი, უკვე არც ისე ახალგაზრდა. მას საცხენოსნო სპორტი უყვარდა და მონადირეთა ჟარგონზე ლაპარაკობდა – სიტყვებს კბილებს შორის რომ სცრიან და ნახევარს ვერც გაიგებ. მისის გრენბის მოწითალო, არც ისე აკურატულად დავარცხნილი თმა ჰქონდა. მისის კრუტერსი კი ორმოცი წლის იქნებოდა, პენსნეს ატარებდა, მოკლედ შეკრეჭილი თმა ჰქონდა. ერთი შეხედვით, ამ საქმესთან, არც ერთს არანაირი შეხება არ უნდა ჰქონოდა. არც იმ სართულზე უნახავს ვინმეს იმ დღეს ისინი.

მისის როდსის ოთახის კარს მიღმა, იყო კიდევ პატარა დერეფანი, საიდანაც აბაზანაში და საპირფარეშოში მოხვდებოდით. სწორედ ამ დერეფანში გამავალი კარი იყო დაკეტილი გასაღებითაც და ურდულითაც.

– რადგან საქმის ვითარება ასეთია, – ვთქვი მე, – მგონი, ყველაფერი ნათელი უნდა იყოს.

მისტერ პარკერმა და მისტერ როდსმა ისე შემომხედეს, თავი უხერხულად ვიგრძენი.

– ეტყობა, – თქვა მისტერ როდსმა, – მის მარპლს მხედველობიდან რამდენიმე, ძნელად ასახსნელი ფაქტი გამორჩა.

– ისინი არც ყოფილა, – ვუპასუხე, – ჩვენს წინაშე სამი შესაძლებელი ვარიანტია. მისის როდსი ქმარმა მოკლა, მისის როდსი მოსამსახურემ მოკლა, ან ვიღაც უცხომ, რომელიც ვერავინ დაინახა.

– ეს შეუძლებელია! – წამოიძახა მისტერ როდსმა, – ჩემს ოთახში შეუმჩნევლად ვერავინ გაივლიდა. თუ ვინმე, ჩემი ცოლის ოთახში, მეორე კარიდან ელექტრიკოსის თვალწინ შეიპარა, მაშინ როგორ გამოვიდა იქიდან ისე, რომ კარი შიგნიდან ჩაკეტილი დარჩა?

– ერთ კითხვას დავსვამდი, – დავიწყე მე, – მისტერ როდსს, როგორ გამოიყურებოდა მოსამსახურე ქალი?

მიპასუხა, რომ კარგად არ შეუთვალიერებია. მე იგივე მისტერ პარკერს ვკითხე. მან თქვა, რომ საშუალო სიმაღლის იყო, ღია ფერის თმით. შემდეგ მე ორივეს ჩემი მოსამსახურის აღწერა ვთხოვე. ეს ვერც ერთმა ვერ შეძლო.

– ნუთუ, თქვენ აქამდე ვერ მიხვდით რას ვგულისხმობ? – ვთქვი მე, – თქვენ აქ საკუთარ საქმეზე კონცენტრირებული მოხვედით და გოგო, რომელმაც კარი გაგიღოთ თქვენთვის შეუმჩნეველი დარჩა. როგორ გამოიყურებოდა, არც შეგიმჩნევიათ. იგივე დაემართა მისტერ როდსსაც. მაშინ სასტუმროში მან მხოლოდ მოსამსახურე ქალი დაინახა. უფრო ზუსტად, მხოლოდ მისი უნიფორმა და წინსაფარი. აი, მისტერ პარკერი მას სულ სხვა სიტუაციაში შეხვდა, იგი მას როგორც პიროვნებას ისე უყურებდა. სწორედ ეს გათვალა ქალმა, რომელმაც მისის როდსი მოკლა.

მათ ისევ ვერაფერი გაიგეს და მე იძულებული გავხდი დაწვრილებით ამეხსნა.

– აი, ყველაფერი როგორ იყო. მოსამსახურე მისტერ როდსის ოთახის გავლით მისის როდსის საძინებელში გავიდა, მისცა მას სათბურა და აბაზანის გვერდზე არსებული გასასვლელით დერეფანში გავიდა. ამ დროის მონაკვეთში მკვლელი მეორე კარით შემოვიდა იმავე პატარა დერეფანში, იქვე სადღაც დაიმალა და დაელოდა ვიდრე მოსამსახურე წავიდოდა. შემდეგ იგი მისის როდსის ოთახში შევიდა, ტუალეტის მაგიდიდან დანა აიღო (დარწმუნებული ვარ

წინასწარ ჰქონდა შეთვალიერებული სად რა იდო), საწოლთან მივიდა, უკვე მთვლემარე მისის როდსს სასიკვდილო დარტყმა მიაყენა, დანის ტარი გაწმინდა, და ის კარი საიდანაც შემოვიდა, საკეტით და ურდულით დაკეტა. ხოლო გასვლით იმ ოთახიდან გავიდა, რომელშიც მისტერ როდსი მუშაობდა.

მისტერ როდსმა იყვირა:

– მე ხომ მას დავინახავდი! ელექტრიკოსიც დაინახავდა, შემოსვლისას.

– აი, სწორედ აქ ცდებით, – ვთქვი მე, – თქვენ მას ვერ დაინახავდით, იმიტომ, რომ იგი მოსამსახურესავით იყო ჩაცმული. თქვენ კი საქმეში იყავით ჩაფლული. მხოლოდ თვალი მოჰკარით, რომ მოსამსახურე შემოვიდა და თქვენი ცოლის ოთახში გავიდა. შემდეგ უკან გამოვიდა. კაბა იგივე იყო, ქალი კი – სხვა. იგივე დაინახა იმ ოთხმა მოწმემაც: მოსამსახურე შევიდა და გამოვიდა. ელექტრიკოსსაც არაფერი შეუმჩნევია. მოსამსახურე ლამაზი, ან ახალგაზრდა რომ ყოფილიყო, შეიძლება მისთვის ყურადღება მიექციათ, მაგრამ როცა ის უფერული, ასაკში შესული ქალია, ყველა მხოლოდ იმას ხედავს, რაც ტანზე აცვია. მაგრამ, არა მის სახეს.

– და ვინ არის მკვლელი, ვინ? – წამოიძახა მისტერ როდსმა.

– მოითმინეთ, – ვუპასუხე მე, – რა თქმა უნდა, მკვლელი ან მისის გრენბია ან მისის კრუტერსი. პირადად მე, ვფიქრობ, რომ ეს მისის კრუტერსი იყო.

მის მარპლი არც ამჯერად შემცდარა. რა თქმა უნდა, მას სინამდვილეში მისის კრუტერსი არ ერქვა, მაგრამ მკვლელი მაინც ის აღმოჩნდა. მისის როდსმა ოდესღაც მის ქალიშვილს მართლაც დააჯახა მანქანა. გოგონა ინვალიდი დარჩა, მაგრამ დედის ცნობიერებამ ეს მაინც ვერ გადაიტანა… იგი მას დიდხანს უთვალთვალებდა და ბოლოს ჩანაფიქრი აასრულა. მკვლელობა საკმაოდ ოსტატურად დაგეგმა. ის კი არა, იმდენი მოახერხა, პარიკი და მოსამსახურის ტანსაცმელი მეორე დილით, სადღაც ფოსტითაც გააგზავნა. თუმცა, როდესაც მას ფაქტები წარუდგინეს, დანაშაული მაშინვე აღიარა.

რამდენიმე დღის შემდეგ, მისტერ პარკერმა შემომიარა და მისტერ როდსის წერილი გადმომცა. მე მისი სამადლობელო სიტყვებისგან უხერხულობაც ვიგრძენი, მისტერ პარკერმა კი მკითხა:

– მითხარით, როგორ მიხვდით, რომ ეს მისის კრუტერსი იყო? თქვენ ხომ არც ერთი მათგანი თვალით არ გინახავთ.

– იცით, – ვუპასუხე მე, – საქმე ისაა, რომ თქვენი სიტყვებით, იგი სიტყვებს თითქოს კბილებს შორის სცრიდა და ცალკეულ ასოებს ყლაპავდა. ასეთი პერსონაჟები მხოლოდ რომანებში გვხვდება, ცხოვრებაში კი თუ შემთხვევით სადმე გადააწყდი, 60 წელზე ნაკლების არ იქნება. ის კი, თქვენი თქმით, ორმოცზე მეტის არ იქნებოდა. ამიტომ მომეჩვენა, რომ იგი უბრალოდ, როლს თამაშობდა, თანაც ძალიან თეატრალურად. ეჰ, კაცებო, კაცებო, ჯერ კიდევ რამდენი რამ უნდა ისწავლოთ…

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button