საინტერესოსაკითხავი

სესილი ბუთხუზი – შერჩევითი სამართალი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო კურსის “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში” სტუდენტი

თავისუფლება, თანასწორობა, წესრიგი არის სამი ძირითადი ცნება, რომელზეც ყველა ნორმალური საზოგადოებაა დაფუძნებული. 17 მაისი ის დღე აღმოჩნდა, როცა ერთბაშად სამივე დაირღვა. მე არ მომცეს თავისუფალება, გამომეხატა პროტესტი, არ აღმიქვეს თანასწორუფლებიან მოქალაქედ და რაც ყველაზე ცუდია, არ დამიცვა სახელმწიფომ. სწორედ ამ მოვლენას ეხება ეს ესსე, რადგან ამ დღეს დავინახე და საკუთარ თავზე გამოვცადე ის პრობლემები, რომელზედაც ფროიდი, მილი, პლატონი, კანტი, პავლე მოციქული, ჯონ ლოკი, ჰობსი და სხვა მოაზროვნეები ლაპარაკობდნენ.

საკუთარ თავზე გამოვცადე, თუ რას გულისხმობდა ჯ. ს. მილი უმრავლესობის მიერ უმცირესობაზე ძალადობაში და ზეწოლაზე, როდესაც ცდილობენ ინდივიდი მოსპონ, რომელიც მათგან რამით განსხვავდება. ამ დღემ კინაღამ ფროიდისტად მაქცია, რადგან დავინახე, რომ ადამიანებს თურმე მართლა ორი ძირითადი ინსტიქტი მართავს: აგრესია, რომელმაც იმ დღეს ალბათ უმაღლეს ზღვარს მიაღწია და სექსი (ან მისი ნაკლებობა). გავაცნობიერე, თუ რას გულისხმობდა ჰობსი ბუნებით მდგომარეობაში, როცა არ იცი ვინაა შენი მტერი და ვინ შეიძლება მოსაკლავად გაგიმეტოს. ამ მომენტში ძალიან მომინდა ხელისუფლებას გაეხსენებინა ის, რასაც ლოკი ხელშეკრულებას ეძახდა. მას უნდა დაეცვა თავისი მოქალაქეები საფრთხისგან და აღედგინა წესრიგი. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სრულიად დაუცველი აღმოვჩნდი მათ წინაშე, ვინც ნებისმიერი ადამიანის მოსაკლავად და საცემრად იყო მზად და მივხვდი, თუ რა ცუდია, როდესაც შერჩევითი სამართალის მსხვერპლი ხდები. ქვეყანაში არსებობს პრივილეგირებული ფენა, რომელიც თავს კანონზე მაღლა აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლებაზე და კანონის მიმართ ყველას თანასწორობაზე ჩვენს კონსტიტუციაში და კანონებში წერია, რეალობაში საპირისპიროს ეჩეხები, რაც ძალიან გავს ჯ. ორუელის ‘’ცხოველების ფერმა’’-ს სიუჟეტს, როცა აღმოჩნდება, რომ ზოგი უფრო “თანასწორია’’ და პრივილეგირებული.

როცა სასულიერო პირი სკამით, ან გინებით დასდევს ხალხს ქუჩაში, რთულია ამ ადამიანს იმ რელიგიის წარმომადგენელი უწოდო, რომელიც შემწყნარებლობას და თანასწორობას ქადაგებს. მე ვერსად დავინახე ის რელიგიური პრინციპები, რომლებზეც პავლე მოციქული ლაპარაკობს, რადგან ქრისტიანული სიყვარული იქ არსად ჩანდა.

ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა განათლებაა, რადგან შეუძლებელია ცივილიზებულმა და მოაზროვნე ადამიანებმა ქუჩებში ჯგუფებად ინადირონ 18 წლის ბავშვებზე, შეგნებული და განათლებული პოლიციელი არ დაგცინის, არ გემუქრება და შეურაცხყოფას არ გაყენებს, იმის მაგივრად, რომ დაგიცვას. უარესია ის, რომ უფლებადამცველი ჰქვია ადამიანს, ვინც ხალხს სიძულვილისკენ და ძალადობისკენ მოუწოდებს და ამას ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ მოყვება. კანტის, ვოლტერის, დიდროს აზრების სისწორეში რწმუნდები, რადგან ხედავ, თუ რა ადვილია გაუნათლებელი ადამიანების მართვა და ბრბოდ ქცევა. მაშინ უფრო ნათლად დავინახე და გავაცნობიერე პლატონის გამოქვაბულის სიმბოლოს სიძლიერეს და ვინატრე, კამტის სიტყვები რომ მოვიშველიო, “ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია”.

ვიცი, რომ ეს არ არის სტანდარტული რეფერატი, მაგრამ ეს 18 მაისს დავწერე, როცა დაუცველობისგან, ბრაზისგან და იმედგაცრუებისგან არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. აქ ავღწერე მოვლენა, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემთვის და ამაში დიდ წვლილი სწორედ საგანმა „შესავალი თანამედროვე აზროვნებაში“ და ამ კურსზე გავლილმა ავტორებმაც ითამაშა. მიუხედავად ყველაფრისა, მე ამ წყვდიადში დავინახე გამოქვაბულის გასავლელი და აღმოვაჩინე, რომ მირჩევნია მზის შუქზე მარტო ვიყო, ვიდრე წყვდიადში, სხვებთან ერთად, კედელზე მორიალე ლანდებს ვუცქირო მთელი ცხოვრება.

ლექტორი: თენგიზ ვერულავა, მედიცინის აკადემიური დოქტორი
ასისტენტი: ნიკა ივანაშვილი, დოქტორანტი
2013 წლის გაზაფხულის სემესტრი

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button