ლიტერატურა

ლალი ავალიანი – ”ალექსანდრე აბაშელი”

დროის გადასახედიდან, ღირებულებათა გადაფასების ფონზე, ალექსანდრე აბაშელს, როგორც პოეტსა და მოღვაწეს, ღირსეული ადგილი უჭირავს XX საუკუნის ქართული მწერლობის ისტორიაში. ოცდახუთი წლის ასაკში გამოჩნდა იგი ქართულ პოეზიაში, ნაწრთობი, გამოცდილი ხელწერით, ახალი სალექსო კულტურით. იგი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელებიც ემიჯნებოდა საბჭოთა ხელისუფლებას და აშკარად გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას. მათთვის განსაკუთრებით მიუღებელი იყო ამ ხელისუფლების ეროვნულ-ინტერნაციონალური პოლიტიკა. ერთ-ერთი ასეთი ლიტერატურული დაჯგუფება ‘‘აკადემიური მწერლობის კავშირის’‘ სახელით ჩამოყალიბდა 20-იანი წლების დასაწყისშივე, მის ძირითად შემადგენლობაში იყო ალექსანდრე აბაშელი (ამ დაჯგუფებაში შედიოდნენ: კონსტანტინე გამსახურდია, პავლე ინგოროყვა, ალექსანდრე აბაშელი, იოსებ გრიშაშვილი, კოტე მაყაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, ვარლამ რუხაძე, სოლომონ თავაძე, არისტო ჭუმბაძე). აკადემიურმა ასოციაციამ 1921 წელს გამოსცა ჟურნალი ‘‘ხომალდი’‘ ალექსანდრე აბაშელის რედაქტორობით. ‘‘ხომალდის’‘ პირველი ნომერი იხსნებოდა მისი ლექსით ‘‘შორეული ნაპირი’‘. აქ აშკარად, შეუნიღბავად არის გამოხატული პოეტის სატკივარი, საქართველოს თებერვალი აღიარებულია ტრაგიზმად:

და ერის ტანჯვის გამომხატველი
იზრდება გულში ორი მწვერვალი. . .
ერთი ნაღველის ორი სახელი:
კრწანისის ომი და თებერვალი.

საბჭოური წესი ქართულ სინამდვილეში პოეტის მიერ აღიქმებოდა, როგორც ‘‘სიკვდილი დაღი’‘: ‘‘ყველა ფოთოლზე დასმულია სიკვდილის დაღი’‘, (ა. აბაშელი, ‘‘ტანჯვის ბარძიი’‘, ‘‘ხომალდი’‘, №3, 1922 წ.).

* * *
ალექსანდრე აბაშელი (ისაკ ჩოჩია) დაიბადა 1884 წლის 28 (15) აგვისტოს აბაშის რაიონის სოფელ საჩოჩიოში. მამამისი, ბესარიონ ჩოჩია, ღარიბი გლეხი იყო. ექვსი წლისა იყო პოეტი, როცა მამა გარდაეცვალა. შვიდი წლისა იგი აბაშის ორკლასიან, როგორც მაშინ უწოდებდნენ, ‘‘ნორმალურ’‘ სასწავლებელში მიაბარეს. ხუთი წლის ასაკში ქართული წერა-კითხვა მას უკვე ცოდნია. დედა ქართულის კარგი მცოდნე ყოფილა და შვილისათვის სკოლამდე უსწავლებია წერა-კითხვა.

სასწავლებელი ა. აბაშელმა თორმეტი წლისამ დაასრულა. უსახსრობის გამო ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება და სოფელში დარჩა. დედა ხშირად ავადმყოფობდა. თექვსმეტი წლისა პოეტი დედითაც დაობლდა. უფროსი და ადრე გაუთხოვდა. დარჩნენ მარტო და-ძმა. მისი მძიმე ბავშვობა კარგად ჩანს 1925 წელს დაწერილ ლექსში ‘‘მეოცნების დღიური’‘:

ვიყავი ბავშვი უნათესავო,
ვცხოვრობდი სოფლად, მქონდა გრძნობა მშვიდი, გლეხური.
მიყვარდა მუქი, მღვრიე აბაშა მე სათევზაოდ
და საბანაოდ – სუფთა ტეხური.
არ მყავდა მამა მოსარიდი და არც აღმზრდელი.
მარტოპერანგა, ფეხშიშველი და უდარდელი
დავრბოდი მინდვრად, სადაც ჩემებრ ნორჩ მწყემსებითა,
როგორც საკუთარ ყვავილებით ჰხარობდა ველი.

17 წლის პოეტი პირველად გავიდა თავის სოფლიდან და ჩავიდა ფოთში. მეოცნებე ჭაბუკზე წარუშლელი შთაბეჭდილება იქონია ზღვის დანახვამ, მოხიბლული იქვე დარჩა, გადაწყვიტა, გემის კაპიტანი გამხდარიყო. დიდი გაჭირვებით მოაგროვა ათი მანეთი. როგორც პოეტის პირველი ბიოგრაფი ი. გომართელი აღნიშნავს, სწავლის სურვილით შეპყრობილი ყმაწვილი იდგა ნავსადგურზე და ყოველ გამვლელ გემის უფროსს ემუდარებოდა, წაეყვანა თან და კაპიტნად მოემზადებინა. ბოლოს აღმოჩნდა ერთი პატიოსანი კაცი, გვარად პლეშჩენკო, რომელმაც იკისრა მისი წაყვანა ქ. ხერსონში საზღვაო სკოლაში შესაყვანად. ისაკმა მოაგროვა ათი მანეთი და გაჰყვა იმ კაცს. მაგრამ, მისდა საუბედუროდ, ის კაცი გზაში, ნოვორასიისკის ნავსადგურს რომ გასცდნენ, უეცრად გარდაიცვალა. ათი მანეთიც მას ჰქონდა მიბარებული. დარჩა ახალგაზრდა ყმაწვილი გემში უფულოდ და უპატრონოდ. გემის უფროსის თანაშემწეებმა რომ გაიგეს მისი მდგომარეობა, მისცეს ათი მანეთი, მიიყვანეს ოდესაში და ხუთი დღის შემდეგ უკან დააბრუნეს ბათუმში. ასე გაუცრუვდა იმედი. დაბრუნდა სოფელში და ძირითადად კითხვას მიჰყო ხელი. კითხულობდა როგორც ქართულ, ასევე რუსულ წიგნებს. სოფლის მუშაობას მაინცდამაინც ვერ ეგუებოდა. საამისოდ არც ფიზიკური ძალა შესწევდა და არც იყო ისე მოწყობილი, როგორც ამას ნორმალური სამეურნეო პირობები მოითხოვდა. იგი შეუდგა სხვა სამუშაოს ძებნას. აბაშის ფოსტის განყოფილებაში მეფოსტის კანდიდატის ადგილი მისცეს. რამდენიმე თვის შემდეგ ბორჯომის ფოსტის კანტორაში გადაიყვანეს. აქ კარგად მოეწყო. შეიძინა დიდძალი წიგნი ქართულ და რუსულ ენებზე.

1902 წლიდან პოეტი ეცნობა არალეგალურ ლიტერატურას, რომელსაც ბათუმიდან ჩამოსული მუშები აწვდიან.

1904 წლიდან ალ. აბაშელი ბათუმში მუშაობს როტშილდის ქარხანაში.

1905 წლიდან იწყება მისი რევოლუციური მოღვაწეობა. როგორც პოეტი ავტობიოგრაფიაში წერს, იგი მუშაობდა პროპაგანდისტად აბაშის, ბანძისა და მარტვილის რაიონებში. 1906 წლის დამდეგს იგი დააპატიმრეს და ჯერ ოლონეცისა და შემდეგ ვოლოგდის გუბერნიაში გადაასახლეს. 1908 წელს ასტრახანის გუბერნიაში გადმოიყვანეს. ამავე წელს, ქუთაისში სამხედრო წესების მოხსნის გამო, გაათავისუფლეს.

საინტერესო მოგონებას გვაწვდის ამ ფაქტებთან დაკავშირებით პოეტის თანამედროვე: ‘‘იმერეთში და სამეგრელოში რევოლუციური მოძრაობისათვის ხელმძღვანელობის გასაწევად ქუთაისში მოეწყო იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტი. მთავარი ხელმძღვანელი მოძრაობისა სამეგრელოში იყო დათიკო ქავთარაძე. მასთან ერთად სამეგრელოში მუშაობდნენ: ვიქტორ თევზაია, ბარნაბე ძველაია, კოწია ქავთარაძე, ბესარიონ ნოდია, ვლადიმერ დემურია, ლუკა დავითაია, ვანო ესვანჯია,
იასონ ჩიხლაძე, ძმები ისმაილ და ანდრო ფაღავები, ძმები ილიკო და ფარნა გეგელიები, მალაქია დიხამინჯია, იოსებ ციბაძე, საშა ჩოჩია (აბაშელი), გიორგი მაღნარაძე. . . . და სხვები’‘. (თ. ჟღენტი, 1905 წელი სამეგრელოში. 1929, გვლ. 11)

ალექსანდრე აბაშელსაც, როგორც იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტთან არსებულ პროპაგანდისტთა ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ხშირად უხდებოდა არალეგალური ცხოვრება. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა გავეცნოთ კონსტანტინე გამსახურდიას მოგონებას: ‘‘ეს იყო პირველი რევოლუციის ხანა… მთელი საღამო გამალებული თვალს ვადევნებდი ჩვენს ოჯახში დასამალავად მოსულ შავგვრემან ჭაბუკს, რომელიც მოკრძალებულად ესაუბრებოდა ბუხრის წინ მამაჩემს. ხანაც თავის მშვენიერ თეთრ კბილებს მიანათებდა ხოლმე ჩემს უფროს ძმას, მის თანამებრძოლსა და მეგობარს, ალექსანდრეს. ბევრს ლაპარაკობდა თავისი ამხანაგების ვაჟკაცობისა სიჩაუქის გამო, ხოლო საკუთარ მიღწევებისათვის გამოკითხვის დროსაც დუმდა. . . ამ პირმშვენიერი უცნობის მაგალითმა პირველად დამარწმუნა ჩემს სიცოცხლეში, რომ ხშირად ვაჟკაცური სული ბუდობს ხოლმე ფაქიზ სულშიაც’‘. (კ. გამსახურდია, რჩეული თხზულებანი, ტ. VI, 1963, გვ. 470-471.)

ეს სტუმარი კაცი, რომელმაც ასეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მომავალ მწერალზე, გახლდათ ალექსანდრე აბაშელი.

ალექსანდრე აბაშელის ამ პერიოდის რევოლუციურ მუშაობაზე საყურადღებო ცნობები გამოქვეყნა ალ. კოკაიამ, რომელსაც მიუკვლევია პოეტის თანამედროვეებისათვის და მათგან ჩაუწერია მოგონებები. ისინი აღნიშნავენ, რომ 1905 წლის მაისს სოფელ წყემში, ქუჩაში გამართულ ხალხმრავალ მიტინგზე სიტყვით გამოვისა საშა ჩოჩია, რომელმაც ხალხს მოუწოდა თვითმპყრობელობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ალექსანდრე აბაშელი მოგვიანებით ასე იგონებს ცხრაას ხუთი წლის დღეებს:

წყლის პირს მიტინგი. სიტყვებში იწვის
მეფის ერობა უარყოფილი.
(ხალხს რაც სჭირია – თვით უკვეთ იცის,
ქვეყანა გქვია თუ საპყრობილე?)
მიტინგზე სახე მარქსის, ბებელის,
წითელ დროშებით გადმოფენილი.
შემდეგ. . . უდროო მატარებელი,
ტეხურის ხიდზე გადაფრენილი.
საშიშ ფურცლებით ავსილი უბე,
თვალები ცეცხლით შემოხაზული,
მარსელიოზით მგრგვინავი კუპე
სამი ჟანდარმით გადარაზული.

გადასახლებაში ყოფნის პერიოდს ალ. აბაშელის ცხოვრებაში უქმად არ ჩაუვლია. შორეულ მხარეში, სამშობლოს მოშორებულ პოეტს ბევრი უმუშავია ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ საკითხებზე, ასტრონომიულ პრობლემებზე. მას შემდგომ ამ წლებთან დაკავშირებით განზრახული ჰქონია რომანის დაწერად, რაც ბოლომდე ვერ განუხორციელებია.

1908 წელს საპატიმროდან გათავისუფლებული პოეტი თბილისში ჩამოვიდა. მთლი წელიწადი უადგილოდ იყო. 1909 წელს. გ. ამირეჯიბმა გაზეთ ‘‘ზაკავკაზიეს’‘
დამტარებლად მიიღო. 1910 წელს ‘‘ნოვაია რეჩის’‘ რედაქტორმა პ. გოთუამ მისი რუსული ლექსების ბეჭდვა დაიწყო.

თავშესაფარი და პატარა სამსახური პოვა, მართალია რუსული გაზეთის რედაქციაში, მაგრამ ქართველ ინტელიგენტთა შორის მან იგრძნო თავისი თანამემამულეების, ქართველების გულთბილი დამოკიდებულება, მზრუნველობაც კი. გაზ. ‘‘ზაკავკაზიეს’‘ რედაქტორს პარმენ გოთუამ კორექტორობა შესთავაზა და რუსული ლექსებიც დაუბეჭდა თავისი სიძის, ნოე ჩხიკვაძის, მეშვეობით. გაეცნო სხვა პოეტებსაც, დაიწყო მათი ლექსების კითხვა ქართულად, ეს საკმარისი იყო, რომ მის ფსიქიკაში, მის არსებაში შებრუნება მომხდარიყო.

ი. ვართაგავა იგონებს იოსებ იმედაშვილის ნათქვამს: ‘‘ი. იმედაშვილმა მომაწოდა ცნობა აბაშელის პირველი ქართული ლექსის ‘‘შავი აჩრდილის’‘ დაბეჭდვის შესახებ: ‘‘ერთ-დღეს, – მიამბო იოსებმა, რედაქციაში (‘‘თეატრი და ცხოვრება’‘) შემოვიდა ნოე ჩხიკვაძე, მასთან იყო ერთი ლამაზი ახალგაზრდა. ნოემ გადმომცა ლექსი და მითხრა: ‘‘აი, ამ ყმაწვილის რუსული ლექსის თარგმანი’‘ და მთხოვა ჟურნალში დამებეჭდა. ‘‘ეს ყმაწვილი, ავტორი, ქართველია-მეთქი?’‘ – ვკითხე, ‘‘ქართველიაო’‘ – მიპასუხა. ‘‘კარგი, ამ ლექსს დავბეჭდავ, მაგრამ ამ ყმაწვილს ვთხოვ, რუსულად წერას თავი დაანებოს და ჩემი ჟურნალისათვის ერთი კარგი ლექსი ქართულად დამიწეროს. მართლაც, არ გასულა სამი დღე და ალ. აბაშელმა მოიტანა ქართული ლექსი ‘‘შავი აჩრდილი’‘ და მეც დაპირებისამებრ დავბეჭდე’‘. (ი. ვართაგავა, ‘‘წერილები და მოგონებები’‘, ალ. აბაშელი, 1975 ,.გვ, 48).

ი. ვართაგავა ამ ლექსს კარგ შეფასებას აძლევს, ფორმა ლაზათით, რითმი – უზადო, ენა-ნამდვილი ქართული, ლიტერატურული ეპითეტები, ტროპები – ხატოვანი. მართლაც, ეს ლექსი საკმაოდ მაღალი პოეტური გემოვნებით და დახვეწილი ქართულითაა დაწერილი:

პიტალო თხემზე ანაფრენი მსუბუქ ნიავით,
მსუბუქ ნიავით ცოდვილ მიწას დაშორებული,
ვიდექ ბედისა მომდურავი კაცთა სიავით,
კაცთა სიავით გულნატკენი, დაღონებული.
ვარსკვლავთა გუნდი ცას ეკვროდა სხივებმიმქრალი,
სხივებმიმქრალი სდარაჯობდა სიცოცხლის საზღვარს,
და ცის უფსკრულში მიმოჰქროდა ფიქრთ ნაპერწკალი,
ფიქრთ ნაპერწკალი, მოწყვეტილი დროთა ნიაღვარს. . .
სოფელს ეძინა, არ ისმოდა ქვითინი მწარე,
ქვითინი მწარე, მიწის მკერდით ამონაკვნესი,
ნისლს დაებურა მშობლიური ობოლი მხარე,
ობოლი მხარე სისხლში ნაბან, ცრემლში ნალესი!. . .

ლექსი დაწერილია 1910 წელს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ ყოფილა ალ. აბაშელის პირველი ლექსი ქართულ ენაზე, თხზულებათა კრებულში შესულია 1909 წლით დათარიღებული ორი ლექსი: ‘‘ცეცხლი’‘ და ‘‘ზამთარი და ზაფხული’‘, ეს უკანასკნელი უსათაუროდ დაბეჭდილია 1909 წელს გაზეთ ‘‘დროების’‘ 22 მარტის ნომერში, პარნასელის ფსევდონიმით. ლექსში ალეგორიულად არის მინიშნებული სამშობლოს ბედზე, ნაჩვენებია სიბნელესა და სინათლეს შორის ბრძოლა, მონობით
დამონებული, სასომიხდილი ქვეყნის, ოდესღაც აყვავებულის, აწ საცოდავად გაძარცვული სახე. თოვლით შესუდრულ, უიმედობით მოცულ ქვეყანას ნელა, შეუმჩნევლად უახლოვდება მზის ნათელი, რომელმაც ‘‘ბნელ-უკუნეთი გააქრო, თოვლ-ყინვას ცრემლი ადინა და კლდის ნაპრალზე ჩუხჩუხით ჩანჩქერად გადმოადინა. იას სიცოცხლე ჩაჰბერა, ვარდს გაუნათა სულ-გული, სასიყვარულო ჰანგებით ააჭიკჭიკა ბულბული, ტყე-ველი ააზურმუხტა, ააბიბინა მთა-ბარი, გაზაფხულს ტახტი დაუდგა, დაასამარა ზამთარი’‘.

1910 წლიდან ალექსანდრე აბაშელის ლექსები სისტემატურად იბეჭდება იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში (გას. ‘‘თემი’‘, გაზ. ‘‘მნათობი’‘, ჟურნ. ‘‘სალამური’‘ და სხვ. ).

პოეტის პირველ შემოქმედებით ნაბიჯებთან დაკავშირებით საყურადღებოა გაზეთ ‘‘თემის’‘ სარედაქციო წერილი ‘‘ნიმუში უტყუარი ნიჭისა’‘, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ, როგორც რუსეთში, ისე საქართველოში უკანასკნელ ხანს ძალიან გამრავლდა მელექსეობა. თანამედროვე მკითხველის გემოვნება კი გაიზარდა და ამის გამო ახლანდელ პოეტს დიდი განათლება და მომზადება სჭირდება, რათა მან რაიმე კვალი დააჩნიოს ლიტერატურის განვითარებას. ჯერ ერთი, პოეტის ლექსსა თუ პოემაში გამოსახული უნდა იყოს ნამდვილი პოეტური აზრი, ლამაზად ჩამოყალიბებული გარეგანი ფორმით, კარგი ქართულით დაწერილი, რომლის სიმდიდრეც უკვე ცნობილია შოთას და აკაკის შემდეგ. ამავე დროს, რასაკვირველია, ლექსი გაჟღენთილი უნდა იყოს მოქალაქეობრივი, მამულიშვილური გრძნობით, რომ მკითხველის გული აღაფრთოვანოს, გაუღვიძოს მას კეთილშობილური გრძნობები და აზრები. ამ მოთხოვნილების მიხედვით თუ შევხედავთ დღევანდელ ლიტერატურას, საქმე არცთუ ისე სახარბიელოდ ჩანს. მაგრამ მოხდება ხოლმე, რომ აუარებელ არაფრად მოსახმარ მასალაში იმალება ზოგჯერ ობოლი მარგალიტი. ამგვარ მოვლენად უნდა ჩაითვალოს ლექსი ს. აბაშელის ‘‘ჩაჰქრა დილა’‘, დასტამბული ჟურნალ ‘‘სალამურის’‘ უკანასკნელ ნომერში. ჩვენ არ შეგვეძლო არ მოგვეყვანა ეს ნაწარმოები ჩვენი გაზეთის ფურცლებზე, როგორც შესანიშნავი ნიმუში უტყუარი პოეტური ნიჭისა’‘. (გაზ. ‘‘თემი’‘., 1911, №9) შემდეგ წერილში საუბარია პოეტის შემოქმედებით გზაზე და გამოთქმულია გულწრფელი სურვილები და რჩევა, რომ აბაშელმა წეროს მხოლოდ ქართულად, რათა ემსახუროს მშობლიური ლიტერატურის აღორძინების საქმეს, რადგან ყველამ იცის ის ჭეშმარიტება, რომ ”აყვავებული სამშობლო ლიტერატურა გაწმენდილი ჰაერია ხალხისათვის, სადაც მას შეუძლია თავისუფლად ამოისუნთქოს. თემის რედაქციის ეს შენიშვნა სამართალი იყო, რადგან პოეტი 1909-1910 წლებში უფრო მეტად რუსულ ენაზე აქვეყნებდა ლექსებს.

შემდეგ წერილში ლექსის ”ჩაჰქრა დილა” ღირსებაზეა და ნათქვამია: ”ს. აბაშელის შემოქმედებამ ისე წაგვახალისა, რომ ჩვენი გაზეთის რედაქციამ გადაწყვიტა დანიშნოს ფულის პრემია საუკეთესო ქართული ლექსისათვის, რომელიც დაწერილი იქნება 1911 წლის განმავლობაში. ამისათვის ცალკე ჟიური იქნება დაარსებული. პრემიის რაოდენობა და პირობები და ჟიურის წევრების სახელები ამ მოკლე ხანში იქნება გამოცხადებული”. (გაზ. ”თემი”., 1911, №9)

ამ კონკურსმა სიხარული და გამარჯვება მოუტანა პოეტს შემოქმედებითი ცხოვრების დასაწყისში. გაზეთ ”თემის” მოწყობილი ეს სალიტერატურო კონკურსი გამოცხადდა 1911 წლის აპრილის ნომერში. ამავე ნომერში ქვეყნდება კონკურსის პირობები და ჟიურის შემადგენლობა, რომელიც ფრიად სოლიდური იყო: აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, კიტა აბაშიძე, იაკობ ნიკოლაძე, ვლადიმერ ბაქრაძე, გრიგოლ რცხილაძე (ქართული სიტყვაკაზმული ლიტერატურის საზოგადოების თავმჯდომარე), ალექსანდრე ყანჩელი (სალიტერატურო წრის ”იკაროსის” თავმჯდომარე), ნიკოლოზ ქართველიშვილი (ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე) და აგრეთვე სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენლები.

1911 წლის 28 ივნისს შედგა ჟიურის სხდომა, რომელმაც განიხილა საკონკურსოდ წარმოდგენილი ლექსები, ჟიურიმ თავიდან გადაწყვიტა ლექსის დაჯილდოების დროს ეხელმძღვანელა მხოლოდ აბსოლუტურის საზომით, რაც იმას ნიშნავდა, რომ პრემია მიენიჭებოდა არა წარდგენილ ლექსთა შორის საუკეთესოს, არამედ იმას, რომელიც საზოგადოდ იქნება მიჩნეული კარგ ლექსად. ასეთ პირობებში ჟიურიმ მეორე პრემია მიანიჭა ”სატურნის” ფსევდონიმით წარდგენილ ლექსს ”მზე”. სხვა ლექსები არ იქნა მიჩნეული პრემიის ღირსად.

დიდი ხნის მანძილზე საიდუმლოდ რჩებოდა ”სატურნის” ფსევდონიმის ვინაობა. 1912 წლის 9 იანვრის გაზეთ ”თემში” გამოაცხადეს გამარჯვებული პოეტის დაჯილდოების დღე (16 იანვარი). საგანგებოდ მოწყობილი ლიტერატურულ-მუსიკალური საღამოს საპატიო თავმჯდომარე იყო აკაკი წერეთელი. ”საღამოს ბოლოს მოხდა პოეტის დაჯილდოება. საზოგადოება დიდი მოუთმენლობით მოელოდა საღამოს ამ ნაწილს. გრ. დიასამიძემ, გაზეთ ”თემის” რედაქტორ-გამომცემელმა, განმარტა ”თემის” მიერ გამართული კონკურსის პირობები და აღნიშნა, რომ ამგვარი დღესასწაული პირველია. წაიკითხა აგრეთვე დაჯილდოებული ლექსი ”მზე” და გადასცა ბატონ აკაკის კონვერტი, რომელშიც ავტორის ვინაობა იყო დაცული. აკაკიმ კონვერტი გახსნა და გამოაცხადა, რომ ავტორის სახელი ს. აბაშელია. დიდი ტაშისკვრა ატყდა. ავტორი ამ დროს დარბაზში არ იყო და გრ. დიასამიძემ მოიწვია ის სცენაზე პრემიის მისაღბად. (გაზ. ”თემი”., 1912, №56)

ამ მოვლენასთან დაკავშირებით გაზეთ ”თემმა” გამოაქვეყნა ეს ლექსი და პოეტის მოკლე ბიოგრაფია. პრემია პოეტისათვის თავად აკაკის გადაუცია, რასაც, როგორც უდიდეს ბედნიერებას, იგონებს შემდგომ ალექსანდრე აბაშელი: ”როცა საღამოს ოფიციალური ნაწილი დასრულდა, ჟიურის სხდომა გახსნა აკაკიმ, რომელსაც გადასცეს დევიზიანი კონვერტი გასახსნელად. მე ვიცოდი, რომ დევიზი ჩემი იყო, მაგრამ ამ წუთს შიშმა შემიპყრო: ვაითუ, კიდევ სხვა ვინმეს ჰქონდეს ასეთი დევიზი-მეთქი. მე მომზადებული მოვედი თეატრში პრემიისა და ოვაციის მისაღებად და მოკლე სიტყვაც მქონდა მომარაგებული. სიტყვას, ვიდრე სარამოს საკონცერტო-სალიტერატურო ნაწილი მიმდინარეობდა, ჩუმად გულში ვიზეპირებდი. . .

აკაკიმ გახსნა კონვერტი, მოიმარჯვა სათვალე და წაიკითხა ჩემი სახელი. ატყდა ტაშისცემა. მე სცენაზე გამიწვიეს, გავვარდი ფოიეში და ძლივს შევიკავე თავი, რომ არ გავქცეულიყავი თეატრიდან. ისე ამიტანა აკაკისთან პირისპირ წარდგენის მოულოდნელმა შიშმა. არ მახსოვს, როგორ გავჩნდი სცენაზე. ვხედავდი აკაკის თეთრად მოელვარე სახეს, ღიმილით რომ მომჩერებოდა.

აკაკი წამოდგა, გადმომცა ფულიანი კონვერტი (პრემია), ჩამომართვა ხელი და მომილოცა. არასოდეს დამავიწყდება ის წრეგარღვეული ბედნიერების გრძნობა, რაც იმ წუთში განვიცადე. ყველაფერი ამ ქვეყნად შედარებითია და განცდათა სიმძაფრეც განისაზღვრება მოლოდინის იმ დაძაბულობით, რომლითც ითვისებ ამა თუ იმ ფაქტს. იმ წუთში მე იმდენად სავსე ვიყავი დაუძლეველი მღელვარებით, რომ მეშინოდა გული არ წამსვლოდა. ორი თუ სამი წლის წინათ ამავე თეატრში ქანდარიდან დავცქეროდი აკაკის ნათელსა და მიუწვდომელ სახეს და შურით შევყურებდი მის გარშემო მოფუსფუსე ხალხს. ამ წუთში კი მე ვიდექ აკაკის წინ თავდახრილი, ბედნიერებისაგან ატოკებული და ვგრძნობდი, რომ ამიერიდან მეც შევდიოდი, თუნდაც უმნიშვნელო და უკანასკნელ წევრად ქართული პოეზიის ბრწყინვალე სამთავროში, სადაც მეფობდა და ბრძანდებოდა იმ დროს აკაკი. უმწვერვალეს მღელვარების ბურანში მყოფმა თითქოს ვიგრძენი, როგორ მოსწყდა კაკის ნათელ შარავანდედს ერთი პატარა სხივი და დამეცა თავზე”. (ალ. აბაშელი, ”აკაკის შარავანდედი”, ”მნათობი” , 1935, №2, გვ. 90-91).

აკაკის მიმართ ეს ამაღლებული განცდა სამუდამოდ გაჰყვა პოეტს. ცნობილია აკაკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შექმნილი და მის მშობლიურ სოფელში პირველად წაკითხული ლექსი აბაშელისა.

”ჩვენ ბევრნი ვართ, შენს კალთაში შენის ჩანგით გამოზრდილნი,
ვით ყვავილნი მრავალფერნი, ჩვენს მამულში ტურფად შლილნი.
ჩვენ შენს ხსოვნას ნათელ-მზიურს მოკრძალებით გარს ვეხვევით,
და შენს ლოცვას მარადიულს ვიმეორებთ სიმთა რხევით.
ჩვენ სიმები შენი ჩანგის დავირიგეთ თითო-თითოდ.
გვსურს, მოძღვარო, შენი ღმერთი ჩვენცა ვაქოთ, ჩვენც ვადიდოთ.
ჩვენც ავკინძავთ ჩვენს სიმღერებს, ყვავილებით დაგამშვენებთ
და გვირგვინად შეკრულ ჰანგებს შენს საფლავზე დავასვენებთ”.

წლების მერე, ასაკში შესული პოეტი, კვლავ იმავე გრძნობით მიმართავს აკაკის:

ასე მგონია, შენ დამძახე,
მე შენზე ფიქრი არ მომწყინდება. . .
დავხუჭავ თვალებს – და შენი სახე
გულში მზესავით ამობრწყინდება.

როგორც ალ. აბაშელი იგონებს, აკაკის მწერედაც გაუკრიტიკებია ახალგაზრდა პოეტი ”აკვიატებული სიტყვების” გამო და ცალკეულ გამოთქმებზე, რაზედაც აბაშელი აღნიშნავს, რუსულის გავლენით მქონდა ამგვარად მისი დაცვა შეუძლებელი იყო და ვერაფერი ვთქვიო.

1913 წლის დასაწყისში გაზეთ ”თემის” რედაქციამ წლიურ ხელისმომწერთა წასახალისებლად დააწესა ორი პრემია: 1. ს. აბაშელის ლექსთა კრებული ”მზის სიცილი”, ავტორის სურათით, ბიოგრაფიითა და ივ. გომართელის კრიტიკული წერილით; 2. კ. მაყაშვილის ლექსთა კრებული.

1923 წელს გამოიცა ალ. აბაშელის ლექსების მეორე კრებული ”ანთებული ხეივანი”.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ პოეტი პირველი წლებიდანვე საგამომცემლო საქმეს ემსახურებოდა. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართვლ კლასიკოსთა გამოცემის საქმეში.

ალ. აბაშელი პ. ინგოროყვასთან ერთად, იყო რედაქტორი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის ათტომეულისა.

ს. გორგაძისა და ალ. აბაშელის რედაქტორობით 1925-1928 წლებში გამოიცა ა. წერეთლის ”რჩეული ნაწერების” ოთხტომეული. მოგვიანებით (1940-1941) იგი აკაკი წერეთლის თხზულებათა შვიდტომეულის პირველი და მეორე ტომის რედაქტორია პავლე ინგოროყვასთან ერთად.

ალ. აბაშელს დიდი ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე ალ. ყაზბეგის თხზულებათა აკადემიური გამოცემის საქმეში. დიდია მისი წვლილი აგრეთვე ვაჟა-ფშაველას ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლა-გამოცემის საქმეში. ვაჟას შვიდტომეულის უკანასკნელი მეშვიდე ტომი გამოიცა ალ. აბაშელის სიკვდილის შემდეგ, 1956 წელს. აღნიშნულ ტომს სარედაქციო შენიშვნები დაურთო პავლე ინგოროყვამ, რომელმაც აღნიშნა: ”განსვენებულმა პოეტმა ალ. აბაშელმა უდიდესი ღვაწლი დასდო ვაჟა-ფშაველას ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლას, შეგროვებას და სისტემაში მოყვანას, მათს გამოქვეყნებას”. (ვაჟა-ფშაველა, თხზულებანი, ტ. VII, 1956, გვ. 432).

ალ. აბაშელს სისტემატური მიმოწერა ჰქონდა რუს მწერლებთან, გამომცემლობების, ჟურნალ-გაზეთების რედაქციებთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. აკეთებდა ქართველ პოეტთა პწკარედებს. ამ საქმეში მისი უაღრესი კეთილსინდისიერების მიმანიშნებელია ის მადლიერების გრძნობა, რაც არაერთ ქართველ მწერალს გამოუხატავს ალ. აბაშელის მიმართ. გ. ლეონიძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმში ინახება ი. გრიშაშვილის ლექსები, რომლებიც ”ზარია ვოსტოკას” რედაქციისთვის გადაუცია პოეტს. ამ ლექსებს აქვს ი. გრიშაშვილის წარწერა: ”თუ აბაშელი იმუშავებს ამ თარგმანზე, გთხოვთ ჩემი ლექსების თარგმანები მას მიანდოთ”. ამავე ფონდში დაცულია გალაკტიონის აბაშელთან გაგზავნილი ქართული ლექსი, რომელსაც აქვს ასეთი მინაწერი: ”ძვირფასო საშა, გიგზავნი ლექსს. გააკეთე, როგორც საჭიროდ დაინახო, როგორც აჯობებს. მე შენ ყოველთვის გენდობი: ვიცი, რომ იშვიათად საქმეში ჩახედული კაცი ხარ”.

ალ. აბაშელი მსახურობდა ადგილებზე: ჟურნალ ”წიგნის” პასუხისმგებელი მდივნად, ჟურნალ ”ჩვენი თაობის” რედაქციაში, განსაკუთრებით ხანგრძლივად იმუშავა გამომცემლობა ”ზარია ვოსტოკაში”, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კი მუშაობდა მწერალთა კავშირის პოეზიის სექციის ლიტერატურულ კონსულტანტად. როგორც მისი თანამედროვენი აღნიშნავენ, იყო უპრეტენზიო, მართლაც ”საქმეში ჩახედული” ადამიანი.

1944 წელს დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით იგი დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით. ამავე წელს მას იუბილე გადაუხადეს.

ალ. აბაშელი დამფასებელი იყო როგორც თავისი თანამედროვე, ასევე ახალგაზრდა მწერლების შემოქმედებისა. იგი დიდი სიხარულით ხვდებოდა ნიჭიერი მწერლების გამოჩენას. აი, რას წერს ს. ჩიქოვანი: ”მაგონდება როდესაც ა. კალანდაძე მწერალთა სასახლეში პირველად ლექსებს კითხულობდა, ალ. აბაშელი მსმენელთა შორის იმყოფებოდა. სიხარულით ცას ეწეოდა, ადგილზე ვერ ისვენებდა და აღტაცებას საჯაროდ გამოხატავდა”.(ს. ჩიქოვანი, რჩეული წერილები, 1963, გვ. 462).

ალ. აბაშელი თავისი გარეგნული სიფაქიზით და შინაგანი სითბოთი, მდიდარი ინტელექტით და ადამიანური გულისხმიერებით ყველას ხიბლავდა. ასე იგონებენ მას. ”იგი იყო ქართული მწერლობის სინდისი, მისი ზნეობრივი სიმაღლის მაჩვენებელი. იგი იყო უმწიკვლო და სპეტაკი პიროვნება… როდესაც იგი მწერალთა კავშირში შემოდიოდა, გეგონებოდათ, სულის სანთელი თან შემოჰქონდა და კეთილი ღიმილი შუქივით წინ მიუძღოდა”.

რთულ საზოგადოებრივ ვითარებაში დაიწყო ალექსანდრე აბაშელის შემოქმედებითი მოღვაწეობა. ამ წლებში იგი დაუკავშირდა ”დემოკრატიული პოეზიის” სკოლას, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენლები – ნ. ჩხიკვაძე, გ. ქუჩიშვილი, ვ. რუხაძე, ს. თავაძე და სხვები ერთგულად აგრძელებდნენ ი. ევდოშვილის იდეურ-შემოქმედებით ტრადიციებს. ”ქართველი დემოკრატიული პოეტების შემოქმედებაში”, – წერს კრიტიკოსი ბ. ჟღენტი, – რეაქციული წყობილებისადმი პროტესტის და მძულვარების მოტივებთან ერთად, მძლავრად გამოიხატა უიმედობისა და გულგატეხილობის ის განწყობილებანი, რომელთაც მოიცვეს ინტელიგენციის გარკვეული ფენები რეაქციის წლებში. ასეთი განწყობილებანი ნიადაგს ამზადებდნენ მწერლობაში ანტირეალისტური მიმართულების გავრცელებისათვის, მწერლობის გამოთიშვისათვის რეალური სინამდვილის თემატიკისა და პრობლემებისაგან. შეიძლება ითქვას, რომ ”დემოკრატიულ პოეტთა” შორის ასეთი ტენდენცია მოდერნისტული ხელოვნების პოზიციებთან დაახლოებისა, ყველაზე ღრმად და თანმიმდევრულად სწორედ ალექსანდრე აბაშელის შემოქმედებაში გამოვლინდა. ამ მხრივ პოეტი დაუახლოვდა ამ პერიოდის პოეზიის გამოჩენილ წარმომადგენლებს: გალაკტიონ ტაბიძეს, იოსებ გრიშაშვილს, სანდრო შანშიაშვილს, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს რეაქციის წლების ქართულ ლიტერატურაში მოდერნისტულ-დეკადენტური პრინციპების დანერგვაში და ამასთანავე ქართული პოეტური კულტურის განახლებაში… ”ალექსანდრე აბაშელი – ერთ-ერთი პიონერი ქართული ”მოდერნისტული პოეზიისა”, – ასე მოიხსენიებს მას თეიმურაზ მაღლაფერიძე, (პერსონალიები, 2006, გვ. 66).

ალექსანდრე აბაშელის შემოქმედებითი ცხოვრების გარდაქმნა, საბჭოთა ლიტერატურის იდეურ-შემოქმედებითს პოზიციებზე მისი გადმოსვლა ერთბაშად და უმტკივნეულოდ როდი მომხდარა. ქართული საბჭოთა ლიტერატურის განვითარების პირველ პერიოდში ალ. აბაშელი წლების მანძილზე იყო ერთ-ერთი მეთაური ე.წ. ”აკადემიური მწერლობის კავშირისა”, რომელიც აერთიანებდა მაშინ კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს სალიტერატურო პოლიტიკის ძირითადი პრინციპებისადმი ყველაზე უარყოფითად განწყობილ მწერლებს”. (ბ. ჟღენტი, ალ. აბაშელის თხზულებათა კრებული, I ტ., 1958, ”ალექსანდრე აბაშელი”, გვ. 6,8.)

ამ ლიტერატურულ დაჯგუფებას ძველი მწერლობის კავშირსაც უწოდებენ, მას შემდეგ, რაც საქართველოს მწერალთა კავშირს გამოეყო ახალი მწერლობის კავშირი (1921 წ. ოქტომბერი), დაჯგუფება ჩამოყალიბდა 1922-23 წ.წ. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: კ. გამსახურდია, პ. ინგოროყვა, ალექსანდრე აბაშელი, ი. გრიშაშვილი, კ. მაყაშვილი, ვ. კოტეტიშივლი, ვ. რუხაძე, ს. თავაძე, ა. ჭუმბაძე. გარდა ამ მწერლებისა დამფუძნებელი კრების (1925) მიერ დამტკიცებულ წევრთა სიაში შედიოდნენ: ვ. გუნია, შ. დადიანი, ხ. ვარდოშვილი, ნ. ლორთქიფანიძე, დ. მეგრელი, ი. მოსაშვილი, შ. მღვიმელი, ნ. ნიკოლაძე, ი. ტატიშვილი, ლ. ქიაჩელი, ა. ჯაჯანაშვილი, ე. გამგებელი, ვ. ბარნოვი, დ. კლდიაშვილი და სხვ.

დაჯგუფების შემადგენლობა არ იყო ერთგვაროვანი. ვასილ ბარნოვი და დავით კლდიაშვილი თავიდანვე აღიარებდნენ საბჭოთა ხელისუფლებასთან ქართველი ინტელიგენციის აქტიური შემოქმედებით თანამშრომლობის აუცილებლობას.

აკადემიური მწერლობის კავშირის წევრთა მხატვრულ შემოქმედებაში განსაკუთრებით დიდი ადგილი ეჭირა ეროვნულ მოტივს. ისინი დაინტერესბული იყვნენ და ბევრს ფიქრობდნენ იმაზე, თუ როგორი იქნებოდა მათი სამშობლოს, ქართული კუტურისა და მწერლობის მომავალი, საქათველოში მომხდარი ძირეული გარდატეხის – საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ. ისინი უნდობლად იყვნენ განწყობილნი ახალი საზოგადოებრივი წყობის მიმართ. მათი დამოკიდებულება არსებული სინამდვილისადმი ნათლად გამოიკვეთა ჟურნალ ”ახალი კავკასიონის” საპროგრამო წერლში ”რედაქციისაგან”, სადაც გამოთქმული იყო შიში ეროვნული საკითხის გამო: ”ქართველი შემოქმედებითი ინტელიგენციის წრეში ერთგვარ გაორებას განიცდიდნენ ახლად შექმნილ პირობებში: თუ, ერთი მხრივ, ის სოციალური იდეები, რომლის მატარებლად გამოდიოდა ახალი ხელისუფლბა, არ იყო უცხო ქართული მწერლობისათვის, მეორე მხრივ, უნებლიედ იბადებოდა შიში, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ აღიარებული ეროვნულ-კულტურული დამოკიდებულების პრინციპები, მისდა უნებურად, ვერ მიიღებდნენ სრულ განხორციელებას: რომ ეროვნული პოლიტიკის ხაზი თანდათან გაიხრებოდა საქართველოს საზიანოდ; რომ რუსული ენა სტიქიურად დასჩაქრავდა ქართულს; რომ რუსული წიგნი თანდათან დაჩრდილავდა ქართულ წიგნს. ჩვენ აქ ვგულისხმობთ არა თვით ხელისუფლების ნებას, არამედ სტიქიურ პროცესს, რომელსაც უნებლიედ ხელს შეუწყობდა ობიექტური პირობები”. (ჟურნალი ”ახალი კავკასიონი”, 1925, №1-2, გვ.4).

კონსტანტინე გამსახურდია ჟურნალ ”ილიონში” მოითხოვდა ახალ პირობებში მთელი ეროვნული ენერგია კულტურულ ფრონტზე საბძოლველად მივმართოთო: ”ჩვენ ვიცით მაგალითები, რომ, როცა ერი პოლიტიკურ ფრონტზე მარცხდება, იგი კულტურულ ფრონტზე მიაბჯენს ყველა თავის სასიცოცხლო ძალებს. დღეს ჩვენში გააფთრებული მუშაობა უნდა იყოს. საქართველოში კულტურული საალყო წესები უნდა იყოს გამოცხადებული და კულტურული დიქტატურაც. ჩვენთვის დღეს პირდაპირ არსებობის საკითხია ქართული კულტურის ფრონტის გაძლიერება”. ეს იწვევდა მწვავე კრიტიკას პროლეტარულ მწერლებისაგან და უნდობლობას ხელისუფლებისაგან.

ალექსანდრე აბაშელი აკადემიური მწერლობის პრეზიდიუმში შედიოდა პავლე ინგოროყვასთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან, იოსებ გრიშაშვილთან და არისტო ჭუმბაძესთან ერთად. ამ დაჯგუფების მწერლები გარეთიანებული იყვნენ ჟურნალების: ”ხომალდი” (1921-1922), რედაქტორი ალ. აბაშელი, ”ლომისის” (1923, სარედაქციო კოლეგია), ”ილიონი” (1922-1923, რედ. კ. გამსახურდია), ”ახალი კავკასიონი” (1925, რედ. პ. ინგოროყვა), ”ლომისის” (1922-1923, რედ. ლ. ქიაჩელი), ”საქართველოს სამრეკლოს” (1923, რედ. კ. გამსახურდია) და სხვ.

ალექსანდრე აბაშელზე დაწერილ უკანასკნელ მონოგრაფიულ ნაშრომშიც და საერთოდ ყველგან, სადაც საუბარია პოეტის შესახებ, ნათქვამია, რომ შეცდომა იყო პოეტის ყოყმანი და უნდობლობა ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ამ შიშისა და უნდობლობის რეალური საფუძველი რომ არსებობდა, ცხადია, ისიც გასაგებია, თუ რატომ ეძლეოდათ მათ ასეთი შეფასება. დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ჭეშმარიტად მართალნი იყვნენ, მათთვის ალღოს არ უღალატნია და, ალბათ, ცოტა მეტი სხვებზე გამბედავნიც იყვნენ. ის, თუ ვინ უფრო ადრე დაადგა სოციალისტური რეალიზმის გზას და ვინ უფრო გვიან, ალბათ, ბევრს არც ჰმატებს და არც აკლებს მათ ღირსებას, მაგრამ ალ. აბაშელის პრინციპული ხანგრძლივი ”სიჯიუტე” ჩვენთვის ცნობილი ფაქტია.

* * *
ალექსანდრე აბაშელის პირველი პოეტური კრებულია ”მზის სიცილი”. მას საფუძვლად უდევს ის იდეურ-მხატვრული კონცეფცია, რომელიც ალეგორიულად გამოიხატა პოეტის პირველ ქართულ ლექსში ”ზამთარი და ზაფხული”.

”მზის სიცილის” ლირიკული გმირი თავისი სოციალური გარემოცვისადმი შეურიგებელი გულისწყრომით არის შეპყრობილი. ის აღფრთოვანება, რაც ქვეყნის განახლების იმედს აღუძრავს. მასში, ის, რისთვისაც თავადაც უბრძოლია, ”წამიერი” ყოფილა. ”ქვესკნელთ სამყაროდან” ამოვარდნილ მძვინვარეს შავი ღრუბლებით დაუბურავს ახლად ამოსული მნათობი. პოეტი იგონებს იმ ბედნიერ წუთებს, როცა ”უკუნეთთან შენაბრძოლი” შვების დილას შესცინოდა ციური მნათობი:

მახსოვს დილა მოციმციმე,
შვების დილა ანათრთოლი,
ციურ მნათობს შესცინოდა
უკუნეთთან შენაბრძოლი.
მზის სხივებში ბანაობდა
ვარდ-ზამზახი და ბელილა…
მახსოვს დილა, შვების დილა…

მაგრამ ”წუთიერად ანათრთოლი” გამოდგა შვების დილა, ჩაქრა და დაინისლა უეცარი სიხარული, რეალური საფუძველი გამოეცალა:

და დაჩრდილა შვების დილა,
წუთიერად ანათრთოლი,
ცისკიდურზე გამოსახა
შავი ღრუბლის შავი ზოლი. . .
შავბნელ ნისლში მოამწყვდია
ვარდ-ზამბახი და ბელილა,
ჩაჰქრა დილა, შვების დილა.

კრებულში შესულია 63 ლექსი. მთელი წიგნი ძირითადად ერთი პათოსითაა შექმნილი – იმედი და სასოწარკვეთა, ნათელი და ბნელი, ზეციური სინათლე და მიწიერი ტკივილი, მკვეთრად კონტრასტული ფერები და განცდები. წიგნის პირველი შემფასებელი გახლავთ ივანე გომართელი, რომელმაც კრებულს წარუმძღვარა წინასიტყვა ”მზის მგოსანი”. კრიტიკოსი მაღალ შეფასებას აძლევს პოეტის ლექსებს, ხედავს მასში ბუნებასთან კავშირით ამაღლებულ სულს ადამიანისას. მისი აზრით, აბაშელი წარმართია; რომელიც თავის გრძნობას მზისადმი ლოცვაში კი არ გამოხატავს, არამედ ნაზ, ტკბილ აღფრთოვანებულ ჰიმნში.

ივ. გომართელი ალ. აბაშელს ”ბუნების ნამდვილ მგოსანს” უწოდებს. ”ბუნებასთან კავშირი ამშვენებს ადამიანს, – წერს იგი, – ზეკაცად ჰხდის მას, რადგანაც თვით ბუნება უმშვენიერესია. . . მან მთელი სამყარო, მთელი კოსმოსი გაახვია თავის მომხიბლავ პოეზიაში, შეიყვარა ის მთელი თავისი არსებით, მოსწყდა დედამიწას, გადაიქცა ბუნების მიჯნურად, ცის სივრცეში დანავარდობს და მზის სხივებისგან საოცნებო სამოსელს უქსოვს თავის შეუდარებელ სატრფოს… მას ცის საიდუმლოს ხილვა უნდა, მას ცის საიდუმლოს ამოკითხვა სწყურია. განა დედამიწაზე კი ცოტაა საიდუმლო, რომ ცაში არ დაეწყო ძებნა? დედამიწასაც ბევრი აქვს საიდუმლო, მაგრამ აბაშელს ეს საიდუმლო არ აინტერესებს. რატომ, რისთვის? იმიტომ, რომ აბაშელი მარადისობას, უკვდავებას ეძებს და ეტრფის; ის არის პოეტი სამარადისოსი, უკვდავისა. დედამიწაზე კი ყოველივე დროებითია და წარმავალი, ყოველივე მოკვდავია. . . და რადგანაც ყველაზე უფრო უკვდავი, ყველაზე უფრო სამარადისო, ყველაზე დიდებული და მშვენიერი ბუნებაში მზე არის, აბაშელის განსაკუთრებით სატრფიალოსაც მზე წარმოადგენს. (ივ. გომართელი, ”მზის მგოსანი”, ალ. აბაშელის ”მზის სიცილის” წინასიტყვაობა, 1913, გვ. 11.)

ბოლოს კრიტიკოსი აღნიშნავს: ”პოეტს აღარ შეუძლია სიმღერა, რადგანაც ირგვლივ სჩქეფს სისხლნარევი ცრემლთა ნაკადი. მას სურს, შვების ცრემლად დაეფრქვიოს მიძინებულ მაშვრალთ კერას. მაგრამ იქაც, სადაც აბაშელი სოციალურ კითხვებს გაკვრით ეხება, ის მუდამ თავისებურია. სოციალური კითხვების გადაწყვეტა პოეტს იმდენად აინტერესებს, რამდენადაც ეს ხელს შეუწყობს ცისა და დედამიწის შერიგებას, რათა ”მიწის შვილი ცისკენ ვლიდეს საიდუმლოს ასახსნელად”. (ივ. გომართელი, ”მზის მგოსანი”, ალ. აბაშელის ”მზის სიცილის” წინასიტყვაობა, 1913, გვ. 11.)

ამ კრებულის შემდგომი შემფასებლები: შ. რატიანი, ბ. ჟღენტი, ს. ჭილაია, დ. ბენაშვილი, ი. ვართაგავა და სხვები კი მსში მხოლოდ სოციალურ საფუძველს ხედავენ. ვფიქრობთ, ერთიც და მეორენიც უკიდურეს დასკვნამდე მიდიან. უფრო მტკიცე არგუმენტი ივ. გომართელის მტკიცებას გააჩნია, თუმცა, აქაც მეტისმეტად გვეჩვენება ”ბუნების მგოსნად” აღიარება პოეტისა. ბუნებასთან მიმართებაში ალ. აბაშელი თავის სულიერ მღელვარებას სოციალურ პრობლემების გამო გამოხატავს არა გაკვრით, არამედ საკმაოდ ღრმად და ნიშანდობლივად. რაც შეეხება იმას, რომ ეს ლექსები მხოლოდ და მხოლოდ სოციალურ საფუძველს შეიცავენ, უმართებულოდ მიგვაჩნია. თვით მიძღვნილ ლექსებშიც, რომელსაც არაერი აქვს საერთო სოციალურ თემებთან, სატრფიალო ლირიკაშიც, რომელსაც ალეგორიასთან არავითარი კავშირი არა აქვს, ისევ და ისევ მზის კულტი დომინირებს.

საგულისხმოა პოეტის მიერ კრებულისთვის წამძღვარებული წინასიტყვა:

”მე ვხედავ, როგორ ჰქრებოდნენ ცაზე ვარსკვლავნი.
ვხედავდი, როგორ იშლებოდა ღამის ფრთების შეჰსუდრულ ცის
თაღზე შავი აჩრდილი სიკვდილისა.
შიშით მოცული დედამიწა პირს არიდებდა წყვდიადის სახეს
და ნისლის მკრთალ ტალღებში ეხვეოდა.
ჯამის სიჩუმე იპყრობდა სოფლის უიმედო ქვითინს და
ფრთადანამულ ნიავს უსასოო ჩურჩულს ყურს უგდებდა
ბნელში მთვლემარე არე მიწისა.
მაგრამ აჰა, ცისკიდურზე ღამის სამოსს ცეცხლი წაეკიდა.
მთის მწვერვალს მოესმა შორეული სიცილი ამომავალი მზისა
და ვარდისფრად ააელვარა საუკუნოებით ნაკურთხი თოვლის გვიერგვინი.
მეც გავიგონე ზეამფრენი რეკა მთის გადაღმა მონავარდე სხივებისა. . .
ვმღერი.
მინდა სხვებსაც გავაგონო სხივგაშლილ განთიადის ოქროს სიმთა წკრიალი.
ვიცი, სუსტია ჩემი ხმა, ვით სისინი ხევში მომწყვდეულ ნიავისა,
და ფერმკრთალია სიტყვა ჩემი, ვით ფოთოლი მწუხრის ჟამს გაშლილი ზამბახისა.

მაგრამ ის, ვისაც განუცდია საშინელება უძილო ღამის შეუცნობელი დუმილისა და, წყვდიადით დაჩრდილულს, უნახავს მოულოდნელი ციალი ფრთააშვებული განთიადისა, იგრძნობს ჩემი ქნარის სიმებში დატყვევებულ უჩინარ ხმათა ჰარმონიას და მიხვდება მასში დაფარულ სულის ღაღადს”.

ცხადია, პოეტს აინტერესებს, პირველ ყოვლისა, მზის, როგორც მარადიულის და უკვდავის, საიდუმლოს შეცნობა, ამასთან ტანჯული ყოფიერების კავშირი მასთან, ადამიანის მწუხარე სულის ლტოლვა ნათლისაკენ, რომელსაც გზადაგზა ბარიერად აღემართება ხან ქვესკნელიდან ამოვარდნილი ქარიშხალი, ხანაც ღრუბელთა ჯარი. პოეტისათვის მზე თავისი მარადიული ნათელით არის ძალის მომნიჭებელი ბოროტებასთან იმ უთანასწორო ბრძოლაში, რაც არაიშვიათია ადამიანის მოდგმისათვის. მისი ლირიკული გმირი, მართალ წარმართივით შეჰხარის მზეს, რომ არ ჩაიძიროს იმ სევდასა და წუხილში, რაც ცხოვრებას განუმზადებია მისთვის. პოეტი არ კარგავს რეალობის გრძნობას, რწმენა მისი ფანატიკურ ოპტიმიზმამდე არ მიდის, ობიექტურად აღიქვამს სოციალურ ფონს და საკმაოდ ზომიერია და ჩვეულებრივიც კი მისი სევდა. ზოგჯერ აღტაცებითაც ნათქვამ სიტყვებში იგრძნობა სიკვდილ-სიცოცხლის გააზრება, წარმავალისა და მარადიულის შეპირისპირებაში ადამიანის უმწეობაც ჩანს და ბედთან გაბრძოლების ცდაც.

ვერ ვიტყვით, რომ ეს ლექსები ჩვენი პოეზიის შედევრებია, თუნდაც ერთი რომელიმე მათგანი, მაგრამ მთლიანობაში უთუოდ იგრძნობა პოეტური სულის სიფაქიძე, გულწრფელობა, საკმაოდ დახვეწილი გემოვნება, პასუხისმგებლობა შემოქმედისა ქართული სიტყვის წინაშე, თუ შეიძლება ასე ითქვას.

მთელი კრებული ერთიანი მონოლოგიის სახითაა შექმნილი. ამქვეყნიური მოთქმა-ქვითინი გლოვის ჰიმნად აჟღერებულა მიწასა და ზეცას შორის. მაგრამ ზოგჯერ ის სიმიც წყდება, მათ შორის რომ უხილავად გაბმულა და ”მწარე ბედში ცრემლისმფრქვეველს” ხანდახან სიხარულს რომ მოჰგვრის. არაფერია მარადიული, – ასკვნის პოეტი, მხოლოდ სულია უკვდვი და ერთადერთი ნუგეში მოკვდავისა ესღაა:

გამგამ ზეცამ მიწის კვნესას სიმფონიით გამოსძახა.
სული ცოცხლობს, უკვდავია, მხოლოდ ფერფლი დაიმარხა,
ვით მოკვდება, ვინც სამოთხის აღმაფრენი სახე ნახა,
ვინც სულისა კვეთებაში უკვდავება გამოსახა?!
(”გაწყდა სიმი”).

წარმავლობის ფიქრი მძაფრად არის აღბეჭდილი სხვა ლექსებშიც. მხოლოდ ჟამთა ქროლვაა უსასრულო. ლექსში ”ცეცხლი” პოეტი სიმბოლოებით და მეტაფორებით წარმოსახავს თავის განცდებს, სიკვდილ-სიცოცხლის არსში გასარკვევად დასმულ მტკივნეულ კითხვებს და ამავე კითხვების პასუხებს:

ჟამი მიჰქრის, ჟამი კვდება, ცეცხლით ქმნილი ცეცხლში ქრება,
ცეცხლად ღვივის ვარსკვლავთ კრება, მარიხი და ოტარიდი,
ცეცხლი არის მხოლოდ ერთი – რღვევის ძალა, რისხვის ღმერთი,
სამივ დროთა შემაერთი, არსებობის გზა და ხიდი.

”მზის სიცილის” თითქმის ყველა ლექსში პოეტური გამოსახულების უშუალო საგანი ბუნებაა, რომელიც ყოველთვის სიმბოლურ-ალეგორიული მნიშვნელობისაა.
ლირიკული გმირის დამოკიდებულება საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი, სოციალური თვალსაზრისით ბუნებასთან მიმართებაშია გადაწყვეტილი. პოეტის პალიტრა ისეთივე მუქი და პირქუშია, როგორც თავად მისი განწყობილება. ლექსების მუსიკალური ჟღერადობა გამსჭვალულია ღრმა დრამატიზმით. რიტმი ხან შენელებულა, ხან – პირიქით, იმისდა მიხედვით, თუ ბუნების რომელ მოვლენას, რა ხასიათს და სახეს გამოხატავს იგი:

შორით გაისმა ზარის ხმა,
ცას ჰიმნი მოსწყდა ღვთიური,
სხივი აკრთოლდა, ათრთოლდა,
აჟღერდა ჩანგი ციური.
სხივთა კისკისმა რისხვის ხმა
ჩაახშო დემონიური,
ჩრდილი გაქვავდა, აყვავდა
გულისთქმა ტიტანიური”.
(”მზის წიაღში”)

ამავე ლექსის მომდევნო სტრიქონები კი სათქმელის შესაფერისი პათეტიკით და რიტმით არის დაწერილი:

მზევ, სხივ-მნათო, შენსკენ მივეჩქარები!
შენს გულ-მკერდზე მსურს ავაწყო სიმები;
მეც ტოროლას ფრენით დავედარები,
რომ ტკბილ ხმებში ჩავაწვიმო სიმები.

”მზის წიაღში” მძაფრად წარმოსახავს ლირიკული გმირის სულიერ წყობას. მიწის მკერდიდან უიმედოდ მოწყვეტილი, შხამით აღვსილი სევდის თასით დაეძებს იგი მზის სინათლეს, ”ცით წარმოგზავნილ იმედს” და, მიუხედავად უმძიმესი სულიერი მდგომარეობისა, არ კარგავს რწმენას, რომ: ”მზე ამოვა, მოვლენილი სიცოცხლის მცველად” და ”რომ სხივთ ისარს მკერდს მივუშვერ, ხელებგაშლილი, მზისკენ ავაფრენ სულს განწმენდილს ოქროს ფრინველათ – იმ წამსვე გვერდით გამიჩნდება შავი აჩრდილი და ჩამჩურჩულებს: ”შენთან ვარ მეც განუყრელად!” . .

პოეტი არა მარტო ხატავს ბუნების მრავალსახოვან სურათებს, არამედ გვიჩვენებს იმის ადამიანურ მოქმედებას, გაპიროვნების მხატვრული საშუალებით იგი ამას ოსტატურად ახერხებს:

მალე ვერცხლის თმას ძირს გადმოშლის დილის ცისკარი,
მოპარულ სხივებს მთვარე მორცხვად გააბევს ველად,
ცეცხლის მახვილით გაიღება ლაჟვარდ ცის კარი
და მზეც ამოვა, მოვლენილი სიცოცხლის მცველად.

ლექსის გარეგნულ ფორმაზე ზრუნვა ნიშანდობლივია ამ კრებულისათვის. პოეტი ხშირად მიმართავს ალიტერაციას, რაც უმეტეს შემთხვევაში ხელოვნურობის შთაბეჭდილებას ტოვებს:

ნისლის ნაკვეთი ნარნარ ნიას
ჩამქრალ ჩრდილად ჩაჰკვდომოდა,
ბუჩქნარ-ბაღში ბროლ-ბილილას
მწვანე მოლი მოჰფენოდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ფრთოსან ფიქრთა ფეიქარი
ქნარზე ქროლვით ქენჯნას ქსოვდ,
ზურმუხტ ზრახვით ზვირთთა ზარი
წავი შიშის შრიალს შობდა.
(”განთიადის მოლოდინში”).

პოეტი უხვად და მოხდენილად იყენებს ეპითეტებს, განსაკუთრებით მზის სიდიადის წარმოსახვისას: მზე – ”მნათობთა მეფე”, ”ცხოველმყოფელი”, ”სიცოცხლის წყარო”, ”საკურთხევლის ცეცხლი დიადი”, ”სხივოსანი ზღვა” და ა.შ.

მზის მშვენიერება პოეტისათვის უფრო იმით არის მიმზიდველი, რომ იგი თავის სხივებში ადამიანის სულის სათუთ სიმებს იწნავს, ქვეყანას დილას უნათებს, ღამის წყვდიადს ნათელი მოსავს:

შენსკენ ისწრაფვის, შენით ცოცხლობს ქვეყნად ყოველი,
მხეცი, ფრთოსანი, ნაზი ია პირმოღიმარი,
უსულო მტვერი, მობიბინე ზურმუხტ ტყე-ველი,
ზღვის ცელქი ტალღა, დილის ცვარი, ცრემლად ნაბანი.

მაგრამ უფრო ხშირად ”მზის სიცილში” ზეციურისკენ სწრაფვის, ქვეყნიური ცხოვრებისაგან გაქცევის, მისგან დაშორების იდეა მეორდება:

განვლო ჟამმა, ცა გამოჩნდა,
დრომ შემახო თავის ფრთები,
სულ მოსწყვიტა მონის ჯაჭვი,
გამაგონა სულ სხვა ხმები.
ფრთა შემასხა ნიავქარის,
მაღლა ცისკენ გამიტაცა,
დამავიწყა მისი კვნესა,
დამავიწყა თვით მიწაცა.

პოეტი ადიდებს და უმღერის მზის სიდიადეს. იგი ქვეყნიურ საწყისზე მაღლა დგას, დროის და სივრცის მიღმა, სიკვდილ-სიცოცხლეზე ამაღლებული, მარადიული და უკვდავი. მას არც თავისი დასაწყისი ახსოვს და არც დასასრულის ეშინია. ამიტომაც ილტვის მისკენ მარად მიწიერი ცხოვრებით გაწბილებული სული:

მზეს არ ახსოვს შობის წამი, მზეს სიკვდილი არა სჯერა,
მან სიცოცხლე უკვდავების სიმთა ჟღერით ააძგერა!
დროს წაართვა ძლევის კვერთხი და დათრგუნა მით სიკვდილი!
ნეტავ იმას, ვისაც ესმის აღმაფრენი მზის სიცილი.
(”მზის სიცილი”).

ეს სტრიქონები პოეტმა თავის ლექსთა პირველ კრებულს წარუმძღვარა და ამით თავისი პოეტური მსოფლმხედველობა გამოხატა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალექსანდრე აბაშელი ”მზის სიცილში” არ არის რეალობას მოწყვეტილი, არც მხოლოდ ბუნების მშვენიერებით გატაცებული, მისთვის ინტერესმოკლებული როდი სამყაროს ბედი:

ნეტავ ვიცოდე, რად ელვარებს მზე ცის წიაღზე,
როცა სამყაროს გარს არტყია უკუნი ბნელი,
თუ კი ვერ დაჰხევს ღრუბლის რიდეს, ფენილს ლურჯ თაღზე?!
ნეტავ ვიცოდე რად ელვარებს მზე ცის წიაღზე,
სხივთა მფრქვეველი?!
(”ამონაკვნესი”).

პოეტს გარკვეულწილად მომავლის დაკარგული რწმენის აღდგენაც უნდა, რომ ”დაკოდილ სულის აჩრდილად” მოევლინოს ”მგლოვიარე წუთისოფელს”, იმედის ვარსკვლავი აუნთოს ლოდინით განაწამებ მებრძოლთ:

ვნახავ სრულყოფას რწმენისას, გონებით მიუწვდომელსა,
ვიხილავ ბრძოლის ახალ ზღვას, სტიქიონს დაუცხრომელსა,
ჩანგზე ავაწყობ სიმღერას, ღვთიური ცეცხლით წრთობილსა,
შიგ ჩავაშუქებ ხსნის იმედს, ოცნების მხარეს შობილსა.

ლექსებში ”თავისუფლება”, ”საგაზაფხულო”, ”აღდგომა”, ”მუზას”, ”ხმა მომავლიდან”, ”იმედი” და სხვა ვხვდებით ისეთ განწყობას, რომელშიაც გამოხატულია პოეტის ”ზეციური წიაღიდან” ”ცოდვილ დედამიწაზე” დაბრუნება:

მზის სხივებს ვიჭერ ეთერის ზღვაზე,
გვირგვინს ვწნავ, გვირგვინს უკვდავებისას
და ქერუბინთა გალობის ხმაზე
ჰიმნს ვუთხზავ მყობადს გამარჯვებისას!

კიდევ უფრო მკვეთრად არის გამოხატული პოეტის ამქვეყნიური ყოფით დაინტერესება ლექსში ”მუზას”. მწუხრის ნისლით დაჩრდილულა მზისკენ მიმავალი გზა. ცის ვეშაპს დაუტყვევებია, ვინც მას უყვარდა – ცის მნათობი. მისი სურვილია, სხვაგვარად ააჟღეროს ქნარი, რომ თავისი პოეტური სიტყვით შეცვალოს უნუგეშო გლოვის ზარი, რომ ქარიშხალის მახარობლად მოევლინოს თავის ქვეყანას, ახადოს შავი ფარდა ”ბრძოლის მწარე გამოცანას”. ამიტომაც მიმართავს მუზას:

ძალა მომეც, რომ ტკიბილ ჰანგად
ჩავექსოვო ჩემს სიმღერას,
შვების ცრემლად დავეფრქვიო
მიძინებულ მაშვრალთ კერას;
რომ ჩემს ხმაში გაისმოდეს
წარსულ დროთა ბედის წყევა,
აწმყოს კვნესა და მომავლის
საოცნებო სიმთა რხევა.

ლექსში ”აღდგომა” პოეტი უშუალოდ გამოხატავს თავის სათქმელს, პოეტურ მისიას: სხვა ხმაზე უნდა ამქუხარდეს დღეს მისი დაფი და ნაღარა. ქება-დიდება მათ უნდა უძღვნას, ვინც ”ჩაგრულთ სახსნელად უმანკო სისხლი დაღვარა. რაგინდ პირქუშიც არ უნდა იყოს რეალობა, რაგინდ შავად მოსილი ცის თაღი, ”რწმენის ყვავილმა” უნდა იხაროს მაინც, გულში უნდა ”მოზღვავდეს წარსულის უმწიკვლო მსხვერპლთა გოდება”, ”აწმყომ გაშალოს შავი ფრთა – ემბლემა ბნელ-წყვდიადისა”, უნდა ირწმუნოს, რომ ”ღამის წიაღში მზადდება კვარცხლბეკი განთიადისა”. სწამს, რომ ღამეს შუქურ ვარსკვლავთა ციალი ჩაისრავს, ცის ეთერს მზე ააკაშკაშებს, ”ვიხილავთ ჩვენსავ გოლგოთას, ჩვენივე სისხლით მორწყულსა”, მაგრამ ეს იქნება თავისუფლების გზა. ამ შთაგონებით მიმართავს იგი ადამიანებს:

მაშ ავამქუხროთ, ჩაგრულნო,
დღეს ჩვენი დაფი, ნაღარა!
ვაქოთ, ვადიდოთ, ვინც ჩვენთვის
უმანკო სისხლი დაღვარა!
დღეს მაინც ვიგრძნოთ სიამე
დაკოდილ სულის შვებისა!
ეს ჩვენი დღეა: სიმბოლო
ნათელ-მზის გამარჯვებისა.

პოეტი გრძნობს, რომ დღეს ”უძლურია გლოვის ჰანგი”, რომ ქვეყანას, აწმყოს ”ცეცხლის მგოსანი” ესაჭიროება, ბედის წინაშე ქედუხრელი, ბრძოლისკენ მომწოდებელი:

უძლურია გლოვის ჰანგი,
– ცეცხლის მგოსანს დაუძახეთ,
რომ ქვეყანას მოევლინოს
ბრძოლის სიტყვის მოკარნახედ,
ის მოუხმობს წყევის გრიგალს
კლდის სალტეთა დასამსხვრევად,
ცეცხლს აღაგზნებს, დედამიწის
მფეთქავ ალში გასახვევად.

ცდილობს კიდევაც, ხვედრს არ დაემორჩილოს, წინ წასწიოს ზღვაურს ჩვეული თავისი ნავი, იაროს მომავლის გზით:

ჰაუ, ტიალო ჩემო ხვედრო,
ბედო წყეულო!
ნეტავ შენს ბრჭყალებს, სისხლით ნაღებს
თუ გავეცლები?!
ნავო წინ გასწი, ჩემო ნავო,
ზღვაურს ჩვეულო!
თეთრი ფრინველი წინ მიგიძღვის,
გზას ნუ ასცდები!. . .

პოეტი გრძნობს მტრისთვის თავზარის დამცემი ხმების მოახლოებას, იგი ჯერ ხალხის გულის სიღრმეშია დაგროვილი, მაგრამ ისეთი ძალით, რომ ზღვად ამოხეთქავს, ცხოვრების ახალ ძალად ამოიფრქვევა და დაიქუხებს:

ჰა, ხომ გესმის? – გუთნის კვნესა
შეუერთდა გრდემლის ზანზარს! –
ის ნორჩი ხმა გაიზრდება,
სამშობლოს მტერს დასცემს თავზარს!
ჯერ თუ ჩუმად, ვით ჩანჩქერი,
ხალხის გულში მოჩუხჩუხებს,
დრო დადგება, ზღვად იქცევა
და ზვირთ-ქაფით დაიქუხებს.

მსგავსი განწყობით დაწერილი ლექსები ალექსანდრე აბაშელის პირველ კრებულში არც ისე იშვიათია, ასე რომ არა მართებულია კრიტიკოს ბ. ჟღენტის დასკვნა: ”მზის სიცილში” ჩვენ ვერ ვპოვებთ სოციალური სინამდვილის კონკრეტულ მოვლენათა გამოხატულებას. მასში სრულიად გამორიცხულია ყოფითი მასალა, საყოფაცხოვრებო სურათები. (ბ. ჟღენტი, ”ალექსანდრე აბაშელის თხზულებათა სრული კრებული”, ტ. I, 1958, გვ. 16).

როგორც უკვე ითქვა, ”მზის სიცილის” პირველი და თანაც დადებითად შემფასებელი გახლდათ ივ. გომართელი. ხოლო მოგვიანებით, უკვე 50-იან წლებში კრიტიკულ წერილში ”მზისა და მიწის სიხარულის პოეტი”, ალ. სულავა საკმაოდ მკაცრ არაობიექტურ შეფასებას აძლევს ალ. აბაშელის ამ კრებულს. ”ვერ გამოიჩინა რევოლუციური გამბედაობა რეაქციის პერიოდში სამწერლო ასპარეზზე გამოსულმა ალ. აბაშელმა. იგი პოეზიაში გამოუცდელი არ მოსულა, მას გავლილი ჰქონდა ციხეებისა და გადასახლების სკოლა, მაგრამ ამასთან ერთად მან თან მოიტანა ის ავადმყოფური განწყობილება, რომელიც რეაქციის პერიოდში მძლავრად განიცადა წვრილბურჟუაზიულმა ინტელიგენციამ.

თუ რევოლუციის პერიოდში წვრილბურჟუაზიული ინტელიგენცია ტაშს უკრავდა მებრძოლ მუშათა კლასს, მისი დამარცხების შემდეგ, წვრილბურჟუაზიული ინტელიგენცია პოლიტიკურ-ქამელეონობის გზას დაადგა და მუშათა კლასის წინააღმდეგ სისინი დაიწყო. აბაშელი არ დასდგომია ამ გზას, მას საერთო არაფერი ჰქონია ასეთ მოვლენასთან, მაგრამ იგი თავისი პოეზიით დაცემულობის იდეოლოგიას მაინც გამოხატავდა. იგი რეაქციით შეშინებული ინტელიგენციის ღვიძლი შვილი იყო და მისი სულისკვეთების გამომხატველი, ცხოვრების რეალური სინამდვილიდან გაქცეული, ცის რომანტიკით მოხიბლული”. (ალ. სულავა, ”მზის და მიწის სიხარულის პოეტი”, წერილები, 1957, გვ. 10)

შმდეგ კრიტიკოსი აღნიშნავს, რომ ”მზის სიცილს” თავის დროზე დიდი რეზონანსი ჰქონდა. მისი აზრით, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მას ჰქონდა მოჩვენებითი გამამხნევებელი ელფერი. ის თითქოს მზისკენ მიდიოდა. მზისკენ მოუწოდებდა ხალხს, მაგრამ ამ მოწოდებას თან სდევდა ნაღველი, ცრემლი და უიმედობა.
დ. ბენაშვილის აზრით კი ალ. აბაშელმა სამწერლო ასპარეზზე გამოსვლისთანავე მიიპყრო ქართველი მკითხველის ყურადღება ლექსის ახალი ფორმით. ”მართალია, – წერს იგი, – პოეტი ბოლომდე ერთგული დარჩა ლექსის კლასიკური ფორმისა, რომელიც შექმნა ილიამ, აკაკიმ, ვაჟამ, მაგრამ ამის მიუხედავად, მან ბევრი ახალი
ელემენტით გაამდიდრა ქართული სალექსო კულტურა. ეს შეეხება არა მარტო რითმას (ასონანსებსა და დისონანსებს), არამედ რიტმსაც. გალაკტიონის შემდეგ იგი პირველთაგანი აახლებს ქართული ლექსის შინაგან სტრუქტურას, რომელიც შეესიტყვებოდა ადამიანის ეპოქისეულ სიახლეს. პოეტის რიტმული ჟღერადობა სრულიად ახალია ჩვენს სიტყვაკაზმულ ხელოვნებაში და ამავე დროს ორგანულია ჩვენი ეროვნული პოეზიისათვის”.(დ. ბენაშვილი, კრიტიკული ნარკვევები XX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში, 1957, გვ. 423).

* * *
პოეტის მომდევნო კრებული ”ანთებული ხეივანი” აშკარად გამოხატავს უნდობლობას და ეჭვს ირგვლივ გამეფებული ბრძოლის ხმაურის მიმართ, რომელიც, მისი აზრით, ”ძმათა სისხლის დასანთხევად” მძვინვარებს და სასიკეთოს არაფერს მოასწავებს. . . და, ”როცა მეხი ძირს დაეშვა ქვეყნის ბოძის შესარყევად, ხმალმა ხმალი გადაჰკოცნა ძმათა სისხლის დასანთხევად, როცა სისხლი მიაფურთხა ამ ქვეყანამ იმ ქვეყანას და ნამგალი ჩაეხვია ნორჩ სიცოცხლით სავსე ყანას! – პოეტის სული განზე გადგა, კვლავ მზისკენ – როგორც მხსნელისკენ, მიაპყრო მზერა:

იქ სისხლია მოღაღადე, აქ კი ცრემლი ღებავს სიმებს,
მე მომბეზრდა სისხლიც, ცრემლიც, მე ოირვე სულს მიმძიმებს,
დე, ნურავინ ნუ მომისმენს ნურც იქა და ნუღარც აქა.
ოღონდ ფრთებზე ჩემს სიმღერას ჩამოვბანო სისხლის ლაქა.
(”სისხლის ლაქა”)

არსებული სინამდვილით გულნატკენი პოეტი ზეცაშიც ვერ პოულობს სიმშვიდეს, საწუთროს განაჩენი ულმობელია, ”მიწას გავექეც, ცამ არ მიმიღო და შუაღამის სევდამ მიმიხმო გმირი, დილითვე დამარცხებული” – იტყვის იგი. მისთვის დახშულია მზის წიაღიც, მზეც ჩამქრალა და ფერფლად ქცეულა, სულით ობოლი და განწირულია:

სული ეული, უთვისტომო, კრული, წყეული,
ფრთადაშვებული ლანდად დაჰქრის მიუსაფარი,
მის მქუხარ გრძნობას შავად ბურავს შავ ფიქრთ ფაფარი,
გულის სიმებზე შავ გველებად შემოხვეული.

ლექსი ”სულის შემოდგომა” (1916) სათაურშივე გამოხატავს ლირიკული გმირის განწყობილებას. ბედის უმკაცრესი სამდურავი ისმის მასში. წარსულიც უნაყოფო მოსჩანს, აღარც აწმყო და აღარც მომავალი. ”ნეტავ არასდროს არ მენახა ზეცა მზიანი! არავინ მექო და არ მეთქვა არც სამდურავი” – წერს პოეტი. სულ სხვა იყო მისი ყრმობის სევდა და სამდურავი: ”ეგ იყო სევდა სხვანაირი, სევდა მზიანი, იმედგახსნილი და თვით ცრემლში ხალისიანი”, როცა იგი ამაყი სულით ბედს ებრძოდა.

ახლა მაცვია შემოდგომის ტანსაბურავი
და გულს მიღონებს სხვა ნაღველი, სხვა სამდურავი,
და ჩემი დროშაც ძირს აგდია სისხლში მცურავი.
სული შემექმნა უიმედო და ნაღვლიანი.
არ დაბრუნდება სიჭაბუკე ხალისიანი,
არ აყვავდება მეორეჯერ დილა მზიანი.

შემზარავიც კია მისთვის ქვეყნის არსთა ისეთი სხვადასხვაობა, რასაც ირგვლივ ხედავს, შემზარავია, როცა ხედავს, რომ გარსუვლიან და ამშვენებენ რაღაც კოშკს, ”მაგრამ ვერ ვამჩნევ: ტახტს თუ კუბოს, რას აშენებენ”. თავი მოულოდნელად სხვის მამულში შეჭრილი ჰგონია:

მიკვირს: რა არის? ვის ელიან? რა მზადებაა?
ვისთვის ჰქარგავენ ამ მიდამოს, ზურმუხტით ნაფერს?. . .
და მე არ ვიცი, ახლა ვხედავ სიზმრად ყველაფერს,
თუ ეს ოდესღაც ნახულ სიზმრის განცხადებაა. . .
ჭრელ მოჩვენებად მელანდება მე ეგ სოფელი
და ჩემს არსებას იპყრობს შიში შეუცნობელი.

ეს შეუცნობელი შიში დიდხანს არ სტოვებს პოეტს, ამ წლების ლექსებში ალ. აბაშელი უფრო უახლოვდება ჩვენს ლიტრატურაში გაბატონებულ სიმბოლისტურ მიმართულებას. უფსკრული, კუბო, სასაფლაო, სიკვდილის აჩრდილი იჭრებიან მის ლექსებში.

მხოლოდ სურათი უნუგეშო სასაფლაოსი,
უსიზმრო ძილით შემოსილი უტყვი ქაოსი
და ბნელი სივრცე, ოთხივ კუთხით განუზომელი. . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საუკუნენი ფოთლებივით სცვივა სამყაროს, –
და ჩემი სული დაჭკნობისგან რომ დაიფაროს,
თუ ოდნავ მაინც შავი კარი ვეღარ შევაღე?

ამ მწუხარების მიზეზია ქვეყნის მდგომარეობა, ის, რომ ”ქვეყნის წარსულმა ცეცხლი ჰპოვა დაუცხრომელი, და მომავალიც დასაწვავად კიდევ წინ არი”. . . ასეთივე განწყობის ლექსებია ”სევდა”, ”ცრემლი”, ”გამოუთქმელი”, ”დღე და ღამე” და სხვ.

1917 წლის მარტის თვით დათარიღებულ ლექსში ”სიხარულის ცრემლი” პოეტი აღტაცებას გამოხატავს მოულოდნელი სასიხარულო ფაქტის გამო, რაც დაკავშირებული უნდა იყოს რუსეთის თებერვლის რევოლუციასთან:

ენა როგორ არ დამუნჯდეს? თვალი როგორ არ გაგიჟდეს, –
მზეს დილითაც არ ელოდე – შუაღამით აგიზგიზდეს?!

პოეტი ლექსში ხმარობს გამოთქმებს: ”წითლად მორთული ფიქრები”, ”წითელფრთიანი დღეები”. . .

ამავე წელს, ამავე თვეშია დაწერილი იგივე განწყობილების გამომხატველი ლექსი ”კვლავ აენთო ჩემი დილა”. მას ახარებს, რომ: ”გულში ბოღმად დანაგუბი სულის სწრაფვა ამსხვრევს საკანს და მზის შუქი დასთამაშებს ახალ ქვეყნის მზიურ აკავანს. და იცვლება ბრძოლის ცეცხლში უკუღმართი მონის ბედი, ბნელ წარსულში
განაჭედი”. ლექსებში: ”მებრძოლს”, ცეცხლის მახვილი” ისევ და ისევ აღტაცება და რწმენაა იმისა, რომ სასიკეთოდ გადაწყდება ჩაგრულთა ბედი. სულ ორი თვის – მარტსა და აპრილშია ყველა დაწერილი. შემდგომი ლექსები კი კვლავ გაწბილებას და გულგატეხილობას გამოხატავენ.

ლექსში ”ტრიოლეტები” პოეტის შთაგონებას განწირულებისა და სულიერი დეპრესიის განწყობილებანი დაუფლებია. ცხოვრება მისთვის საზარელი საპყრობილეა, სასჯელიც უსაზღვროა. ყოველი არსება ამ მსოფლიო ციხის ტყვეა, საიდანაც თავის დახსნის იმედიც არ ჩანს:

მსოფლიო ციხეა საზარი,
ტყვე არის არსება ყოველი,
და სასჯელს არა აქვს საზღვარი,
მსოფლიო ციხეა საზარი.
დარაჯად სიკვდილი მზად არი.
მის ძახილს ყოველ წამს მოველი.
მსოფლიო ციხეა საზარი
და ტყვეა არსება ყოველი.

ყოველგვარი რწმენა ჩამკვდარა პოეტის გულში. ყველაფრის წარმავლობის და ამაოების შეგრძნება გამძაფრებულია:

გავივლი ჩუმად წყნარ ხეივნებს და შევჩერდები,
ირგვლივ ნირვანად გაიშლება ცის მყუდროება,
წაიშლებიან ჩემს ხსოვნაში ყველა ღმერთები
და აენთება ერთი აზრი: ”ამაოება”.
(”ელეგია”, 1920წ.)

უნდობლობით, უიმედოდ, ეჭვით და სინანულით შესცქეროდა ალ. აბაშელი იმას, რასაც ჩვენი ხალხის ცხოვრების ”დიად გარდატეხად” მიიჩნევდნენ: ”უიმედობა, მუდამ იჭვი და სინანული ჩრდილივით ახლავს ჩემი ფიქრის ყოველ ანთებას” – ამბობდა პოეტი, რადგან მისთვის სავსებით გაურკვეველი იყო, თუ რას მოიტანდა ეს ”დიადი გარდატეხა”, როგორი იქნებოდა ხვალინდელი დღე? ეღირებოდა კი ეს მონაპოვარი ამ დაღვრილი სისხლის და ნგრევის ფასად, როგორი იქნებოდა შედეგი ძველსა და ახალ სამყაროს შორის მწვავე ბრძოლისა:

რას მოგვცემს ეს დრო, სისხლითა და ძვლებით ნათესი:
იქროლებს რაში, შორს დარჩება ყორნის ჩხავილი.
და ავარდება მიუწვდომელ მზის სინათლეზე
მოულოდნელად ამოვარდნილ ქარიშხალივით, –
თუ გარს მოწოლილ ნისლის ზღუდეს ვეღარ გაარღვევს,
ვერ გადაიტანს ამ ანთებას მიწის სხეული,
და სამუდამოდ დაიმშვიდებს ცეცხლიან ძარღვებს
სადმე მზის იქით ცის უფსკრულში გადამსხვრეული?!

”ბედის საშიშარ ქარებს” უცხო გზით მიჰყავთ იგი, მაგრამ გაურკვეველია, საით… კარებიც ყოველმხრივ დაგმანულია, სისხლით დაფერილ მახვილთა ელვარებაში და ”საზღვარწაშლილ ვნების ქაოსში” იძირება სამყარო. ჩამქრალ მთვარეზე წითელ დროშბად ჰკიდია მზის ნაფლეთები, იმსხვრევა ძველი ორბიტის რგოლი, მაგრამ, ”ვინ იცის, შორეულ კიდეს ეს გაქანება ნახავს თუ არა! იქნებ მიწის სურვილს უდიდესს სატანამ ადრე გადაუარა. მაშინ ცას დაჰკრავს ძველი თაღები და მზის ამოსვლა დაიგვიანებს, და სხვა ბორკილი, სხვა არტახები შესცვლის აწყვეტილ მერიდიანებს. ვინ იტყვის მაშინ, სად დამშვიდდება რკინის გონება აზავთებული! სად დაემხობა ბრძოლის დიდება და სად ჩაქრება გზა ანთებული”. (”შორეული ნაპირი”, 1921 წ.). ასეთი დამძიმებული განწყობილებით შეხვდა პოეტი საქართველოში ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებას.

რევოლუციის გრიგალმა, როგორც პოეტს მიაჩნია, ულმობელად დაანგრია ”ბრძოლის კოშკი”, ჰორიზონტის ყვითელ ტილოზედაც სისხლი ყვავის. ცის ნანგრევებით აივსო ცისფერი კოშკი, აღარ არის არსად პოეტის ადგილი:

გუგუნებს ქარი და ოცნება თვალს ვეღარ ახელს,
გაბზარულ მიწას ხშირად უვლის ტანს ჟრუანტელი.
შარავანდედი ეკარგება პოეტის სახელს,
ვაიმე, ჰქრება პოეზიის წმინდა სანთელი!. . .

”დეკადენტური პოეზიის ბურუსიდან ჯერ კიდევ გაურკვეველი ავტორისათვის – წერს ბ. ჟღენტი – გაუგებარია ის ახალი იდეურ-შემოქმედებითი გზები, რომელიც გამარჯვებულმა რევოლუციამ გადაუშალა პოეტურ შემოქმედებას”.

ალ. აბაშელი ჯიუტად იდგა თავის პოზიციაზე, რადგან არსებული სინამდვილის სხვაგვარი გაგება მისთვის ძნელი აღმოჩნდა. 1924 წლით დათარიღებულ ლექსში ”უძილო ღამე” პოეტის წუხილის მიზეზი იგივეა.

მძიმე ფოლადის მოვარდა დევი.
სხვა სიხარული, სხვა მწუხარება!
ვერ იტევს მიწა, ბევრის დამტევი, –
და ქვეყნის გული სკდება ღვარებად.

იმდენად ძლიერია ნანახისა და განცდილის გამო ტანჯვა პოეტისა, რომ სიცოცხლესაც მიზანი ეკარგება:

წარმავალია ლხინიც და ჭირიც.
ო, ყველაფერი მიდის და ქრება.
რა მიზანი აქვს სიცოცხლის ჯირითს,
თუ არ ხელების გულზე დაკრება.

ასეთ უკიდურესობამდე მისულა პოეტი, რომლისთვისაც სევდა არასოდეს ყოფილა უცხო, მაგრამ არც სიცოცხლეზე ხელის აღების სურვილი გამოუთქვამს ასე გამეტებულად. ადრინდელ წლების ერთ-ერთ ლექსში ”სოფელში” სიცოცხლის წყურვილს ასე გამოხატავდა იგი:

მზესთან ერთად ამოვა
მთაზე ჩემი მერანი.
ეჰა, რა საამოა
ეს სიცოცხლე ვერანი.

ახლა კი ”ბევრი რამ აწევს გულს დასანანი”, ყოველი წუთი ოხვრით სავსეა, ”გული მოჰღალა ფუჭმა გოდებამ, ნაღველი უფრო წამოიზარდა” (”თეთრი გვირგვინი”, 1926წ.). ამ წლების პოეტისეულ განცდათა ერთგვარი შემაჯამებელი ლექსია ალ. აბაშელის ”წერილი ნოე ჩხიკვაძეს”. ამ პოეტურ მიმართებაში ისმის უკმაყოფილება იმის გამო, რომ თანამედროვე ცხოვრებაში პოეტის, შემოქმედის ადგილი აღარ არის.

არ გვაწევს ტვირთი სხვა იმედების,
შენ უკეთ იცი, პოეტო ძმაო, –
ჩვენთვის გარეშე შემოქმედების
რომ ყველაფერი არის ამაო.
მაგრამ დღეს სხვაა ჩვენი ჰაერი, –
დაეცა ლოცვა და პოეზია.
მოკვდა ბრწყინვალე ძველი შაირი
და ახალს ჩრდილი შემოესია.
გაგიკვირდება: ლექსს რათ არ შველის, –
რომ კვლავ ამაღლდეს რჩეულ ხარისხად, –
ციდან ქუხილი ბარათაშვილის,
მთიდან ყვირილი ვაჟას ხარისაც!
ახლა ქუხილი არ ისტამბება,
ხარი არ ჰყვირის მაღალ მთებიდან,
ლექსი დაახრჩო წვრილმა ამბებმა,
ამონაწერმა გაზეთებიდან.

ასეთი პოეტური შეფასება მისცა ალ. აბაშელმა 20-იანი წლების ქართულ პოეზიას და ამიტომაც არის, რომ 20-30-იანი წლების ქართული პოეზიის კვლევისას ხშირად გაიხსენებენ ხოლმე პოეტის ამ სტრიქონებს.

”საქართველოს თებერვლის” ტრაგიზმად მაღიარებელი ალექსანდრე აბაშელი, კონიუნქტურის ზეწოლით, ახალ საქართველოს უმღეროდა თითქოს (”ახალ საქართველოს”, 1941 წ.), ფაქტიურად კი მთელი ტექსტი ოცსტრიქონიანი ლექსისა, ბოლო ორი სტრიქონის გარდა, უანგარო გრძნობაა ”ვეფხის ტყავად დაფენილ, ერთი ხელის დადება” მამულის ნედლ მიწაზე:

მყინვარწვერის თოვლის თეთრი თაველო,
ლურჯო ნისლო, მტკვრიდან ცაზე ასულო,
ვეფხის ტყავად დაფენილო მთა-ველო,
ორბის ფრთების ჩრდილით გადახაზულო!
გაზაფხულის ოქროვანო წვიმებო,
მზის ყვავილო, ციდან ძირს გადმორგულო,
შოთას ქნარის მოგუგუნე სიმებო
და აკაკის ხმაწკრიალა ჩონგურო. . .

ალ. აბაშელი ავტორია მრავალი მიძღვნილი ლექსებისა, რომლებშიაც ჩანს მისი ადამიანური სახე, მოქალაქეობრივი ღირსება. თავისი თანამედროვენი პოეტს იგონებენ, როგორც უაღრესად სპეტაკ, ნათელ ადამიანს, თანამოკალმეებისადმი პატივისცემით განწყობილს, სხვისი ჭირის და სიხარულის გამზიარებელს. ყოველივე ეს ჩანს მის ლექსებში, რომელიც ეძღვნება: ი. გრიშაშვილს, გ. ტაბიძეს, ლ. ქიაჩელს, ი. ნიკოლაძეს, ი. ჯავახიშვილს, ი. ევდოშვილს, გ. ლეონიძეს, ნ. ნაკაშიძეს, რ. გვეტაძეს, თ. სახოკიას და სხვ. განსაკუთრებული სითბო და მოწიწება ახლავს მის ლექსებს, რომლები ეძღვნება: ვაჟა ფშაველას, აკაკის, ბარათაშვილს, სხვა ერის ღირსეულ წარმომადგენლებს.

ალ. აბაშელმა, როგორც პოეტმა და მოქალაქემ, ღირსეულად განვლო თავისი ცხოვრების გზა და ნათელი კვალი დატოვა თანამედროვე ქართული პოეზიის ისტორიაში. ურიგო არ იქნება, თუ მისი თანამედროვის სიტყვებს გავიხსენებთ მასზე: ”ალექსანდრე აბაშელში თავმოყრილი იყო ნამდვილი პოეტისა და სამაგალითო მოქალაქის საუკეთესო თვისებები: ღრმა და ნათელი ინტელექტი, უტყუარი პოეტური ნიჭიერება, იშვიათი უანგარობა და უმწიკვლო ადამიანური ხასიათი. ის იყო კაცი, რომელსაც ერთნაირი გულწრფელობით უხაროდა ქართულ პოეზიაში როგორც პირადი, ისე სხვისი მიღწევები”. (ა. თევზაძე, ლიტერატურული წერილები; 1977, გვ. 46)

წყარო
https://burusi.wordpress.com

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button