ზღაპარისაბავშვო

მაიმუნების სასახლე – იტალიური ზღაპარი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხელმწიფე, ორი ვაჟი ჰყავდა, ტყუპები: ჯოვა-ნი და ანტონიო. არავის ახსოვდა, რომელი გაჩნდა უწინ. ზოგი ასე ამბობდა, ზოგი ისე და ხელმწიფე საგონებელში ჩავარდა, რომელს გადავცე ჩემი გვირ-გვინი, ჯოვანის თუ ანტონიოსო.
ერთხელ ხელმწიფემ შვილები იხმო და უთხრა:
— მინდა სამართლიანად გადავწყვიტო თქვენი საქმე. წადით, ქვეყანა მოია-რეთ, ამოირჩიეთ საცოლეები. რომლის საცოლეც უკეთეს საჩუქარს მომიტანს, გვირგვინს იმას დავულოცავო.
მოახტნენ ძმები ცხენებს და ერთმა ერთ მხარეს გაქუსლა, მეორემ — მეორე მხარეს.
იარა ჯოვანიმ, იარა და ორი დღის შემდეგ ერთ დიდ ქალაქში შევიდა. გაიც-ნო იქ მარკიზის ქალი, მოეწონათ ერთმანეთი. ვაჟმა უთხრა რისთვისაც გაგზავ-ნა მამამ სამოგზაუროდ, ქალმა ხელმწიფისთვის დალუქული ზარდახშა გაამ-ზადა. დაიწერეს ჯვარი და ჯოვანიმ ცოლი სამშობლოში წაიყვანა. ხელმწიფემ რძლის საჩუქარი არ გახსნა. ჯერ ანტონიო დაბრუნდესო.
ანტონიო კი მიაჭენებდა თავის ბედაურს. არც სოფელი გამოჩნდა სადმე, არც ქალაქი. ბოლოს ისეთ უსიერ ტყეში შევიდა, რომ ხმლით მიიკვლევდა გზას. ია-რა, იარა, იმ უღრან, გაუვალ ტყეში და უცებ მინდორზე გავიდა. გავიდა და და-ინახა, რომ მინდორზე ბროლის ფანჯრებიანი მარმარილოს სასახლე იდგა. ან-
ტონიო მივიდა სასახლესთან, დააკაკუნა და იცით, ვინ გაუღო კარი? _ ლივრეა-ში გამოწყობილმა მაიმუნმა.
მაიმუნმა ანტონიოს მდაბლად დაუკრა თავი, ანიშნა შემობრძანდითო. ორი მაიმუნი შეეგება, უზანგი დაუჭირეს, დაქვეითება უშველეს. მერე ცხენს სადა-ვეში ჩაავლეს ხელი და საჯინიბოში შეიყვანეს.
ანტონიო სასახლეში შევიდა. მარმარილოს კიბე ხალიჩებით იყო მოფენილი, მოაჯირზე მაიმუნები ისხდნენ და მდუმარედ ესალმებოდნენ ანტონიოს. შევი-და ანტონიო ერთ დარბაზში. იქ ბანქოს სათამაშო მაგიდა იდგა. მაიმუნმა მაგი-დასთან მიიწვია სტუმარი. სხვა მაიმუნებიც გვერდზე მოუსხდნენ და გაჩაღდა ბანქოს თამაში.
კარგა ხანი ითამაშეს ბანქო, მერე მაიმუნებმა ანიშნეს ანტონიოს, ხომ არ გში-ათო. შეიყვანეს სასადილო ოთახში. გაშლილ სუფრას მორთულ-მოპრანჭული მაიმუნები უსხდნენ. წინსაფრიანი მაიმუნები კი ემსახურებოდნენ. ნავახშმევს ანთებული ჩირაღდნებით მიაცილეს ანტონიო საწოლ ოთახამდე და მარტო დატოვეს.
ანტონიო გაოცებული იყო ნახულით, ცოტა ეშინოდა კიდეც, მაგრამ მიდო თუ არა ბალიშზე თავი დაქანცულმა, მაშინვე ღრმა ძილით დაეძინა.
შუაღამისას ანტონიო ვიღაცის ხმამ გააღვიძა:
— ანტონიო!
— რომელი ხარ? — იკითხა ანტონიომ და წამოჯდა.
— მითხარი, რას დაეძებო?
— რას დავეძებ და ისეთ ქალს, რომელიც ჩემი ძმის საცოლეზე უკეთეს საჩუ-ქარს მიართმევს მამაჩემს. მაშინ მეფის გვირგვინი მე დამრჩებაო, — მიუგო ან-ტონიომ.
— მაშ, მე შემირთე. ჩემისთანა საჩუქარს მამაშენს ვერავინ მიართმევს და გვირგვინი შენ დაგრჩებაო, — ისევ შემოესმა ანტონიოს უჩინარის ხმა.
— კარგი, შეგირთავო, — წაიჩურჩულა ანტონიომ.
— ოჰ, რა კარგია, ხვალვე წერილი მისწერე მამაშენსო.
მეორე დილით დაჯდა ანტონიო და მამას მისწერა, კარგადა ვარ, მალე ცო-ლიანი დაგიბრუნდებიო. წერილი მაიმუნს მისცა. ავარდა მაიმუნი ხეზე, იმ ხი-დან მეორეზე გადახტა, იქიდან მესამეზე და ასე ხტომა-ხტომით ხელად მიურ-ბენინა ანტონიოს მამას შვილის წერილი. ხელმწიფეს ასეთი შიკრიკი ჯერ არ ენახა, ძალიან გაუკვირდა, მაგრამ მაინც გაუხარდა, კარგი ამბავი რომ მიუტანა და მაიმუნი უკან აღარ გაუშვა.
მეორე ღამეს ანტონიო ისევ გამოაღვიძა იმავე ხმამ:
— ანტონიო! ხომ არ გადაიფიქრეო?
— არაო, — მიუგო ანტონიომ.
— მაშ, კარგი. ხვალ მამაშენს ერთი წერილი კიდევ გაუგზავნეო.
მეორე დილით დაჯდა ანტონიო და მამას მისწერა. კარგადა ვარ, ჩემი დარ-დი ნუ გექნებაო. მეორე წერილიც მაიმუნს გაატანა. ხელმწიფემ ის მაიმუნიც თავისთან დატოვა.
ასე ყოველ ღამე აღვიძებდა ანტონიოს ვიღაცის ხმა, ეკითხებოდა ხომ არ გა-დაიფიქრეო, ხვალ მამაშენს წერილი მისწერეო. დაჯდებოდა დილით ანტონიო, დაწერდა წერილს და მაიმუნის ხელით უგზავნიდა მამას.
თითქმის მთელი თვე გაგრძელდა ეს ამბავი. სატახტო ქალაქში ისე გამრავ-ლდნენ მაიმუნები, საითაც გაიხედავდი, ყველგან მაიმუნი გეცემოდა თვალში. ზოგი ხეზე იჯდა, ზოგი _ სასახლის სახურავზე. ზოგი ძეგლზე იყო წამოსკუპე-ბული. ზის ხარაზი, აკაკუნებს ჩაქუჩს, ზურგზე კი მაიმუნი მოხტომია და იჭყა-ნება. ექიმი ოპერაციას აკეთებს, მიეპარება მაიმუნი, ან დანას მოსტაცებს, ან ჭრილობის გასაკერ ძაფს. მანდილოსნებს ქოლგები გაუშლიათ და მასლაათით მიჰყვებიან ქუჩას, ქოლგებზე კი მაიმუნები წამოსკუპულან. ხელმწიფე საგონე-ბელში ჩავარდა, აღარ იცოდა, რა ექნა მაიმუნებისთვის.
ერთი თვე რომ გავიდა, უჩინარმა ანტონიოს უთხრა:
— ხვალ მამაშენთან წავიდეთ და ჯვარი დავიწეროთო.
დილით ანტონიო სასახლიდან გავიდა, ჭიშკართან საუცხოო კარეტა იდგა, კოფოზე მაიმუნი იჯდა, საფეხურზე ორი მაიმუნი იდგა, შიგ კარეტაში კი დი-ბა-ატლასში გახვეული, თვალმარგალიტით შემკული მაიმუნი ხავერდის ბა-ლიშზე მიწოლილიყო.
მიუჯდა ანტონიო გვერდით მაიმუნს და კარეტა დაიძრა.
სატახტო ქალაქს რომ მიაღწიეს, უცნაურ კარეტას ზღვა ხალხი აედევნა. უფ-ლისწულის გვერდით მაიმუნი რომ დაინახეს, გული გაუსკდათ. სასწაული თუ გინდათ ეს არის, ჩვენი უფლისწული მაიმუნს ირთავს ცოლადო. ხელმწიფე სა-სახლის კიბეზე იდგა და ელოდა. ხალხი თვალს არ აშორებდა, აბა, რას იზამს, ანტონიოს საცოლეს რომ დაინახავსო. მაგრამ რის ხელმწიფე იქნებოდა, თუ თავს ვერ დაიჭერდა. არაფერი შეიმჩნია, თითქოს მაიმუნის შერთვა ჩვეულებ-რივი ამბავი იყო და მშვიდად თქვა:
— ანტონიოს რჩეული ეს არის და შეირთავს კიდევაც. ხელმწიფის სიტყვა კა-ნონიაო.
მერე სარძლოს დაკეტილი ზარდახში ჩამოართვა. შეიყვანეს მაიმუნი მის-თვის გამზადებულ ოთახში და თავისივე თხოვნით მარტო დატოვეს. მეორე დღეს უნდა დაეწერათ ჯვარი. ზარდახშები კი ჯვრისწერის დღეს უნდა გაეხსნა ხელმწიფეს.
დილით ანტონიო თავის საცოლესთან შევიდა. მაიმუნი სარკის წინ იდგა და საქორწინო კაბას იცვამდა.
— აბა, შემომხედე, მიხდება საქორწინო კაბაო? — უთხრა მაიმუნმა ანტონი-ოს და შემობრუნდა.
ანტონიოს გაოცებისაგან ხმა ჩაუწყდა. მაიმუნი ტანწერწეტა ქერათმიან მზე-თუნახავად ქცეულიყო. თვალი მოიფშვნიტა ვაჟმა, ვერა და ვერ დაიჯერა, ალ-ბათ, მეჩვენებაო. მზეთუნახავმა კი უთხრა:
— ანტონიო, მე ვარ შენი საცოლეო! — გადაეხვივნენ ერთმანეთს.
სასახლის წინ ზღვა ხალხი შეყრილიყო. მოუთმენლად ელოდნენ უფლისწუ-ლის და მაიმუნის ჯვრისწერას. ანტონიომ კი ხელიხელგაყრილი ისეთი ქალი
გამოიყვანა, მზეს ეუბნებოდა, შენ ჩადი, მე ამოვალო. ყველა პირდაღებული შეჰყურებდა ანტონიოს საცოლეს. მაიმუნები ხეებზე, სახლის სახურავებზე, ფანჯრის რაფებზე შეხუნძლულიყვნენ და როცა ნეფე-პატარძალი საყდრისკენ წავიდნენ, სულ პანტაპუნტით წამოვიდნენ ძირს. ჩამოხტებოდნენ, ერთს დაბ-ზრიალდებოდნენ და ადამიანად გადაიქცეოდნენ. ვინ მოსასხამწამოსხმულ გრძელკაბიან მანდილოსნად იქცა, ვინ _ დაშნიან რაინდად, ვინ ბერად, ვინ გლეხად, ვინ პაჟად და ყველა უკან გაჰყვა უფლისწულსა და მის საცოლეს.
ჯვრისწერის შემდეგ ხელმწიფემ რძლების საჩუქრები მოატანინა. ჯოვანის ცოლის ნაჩუქარ ზარდახშაში ცოცხალი ჩიტი იჯდა. საოცარია, როგორ გაძლო დაკეტილ ზარდახშაში იმდენი ხანი. ჩიტს ნისკარტით თხილი ეჭირა, თხილში ოქროს ფრთა იყო გაყრილი.
როცა ხელმწიფემ ანტონიოს ცოლის ზარდახშა გახსნა, იქიდანაც ცოცხალი ჩიტი ამოფრთხიალდა. ჩიტს ნისკარტით ხვლიკი ეჭირა — საკვირველია, რო-გორ ჩაეტია ხვლიკი იმ ზარდახშაში! ხვლიკს პირით თხილი ეჭირა — საიდან გაჩნდა იქ თხილი! თხილის გულში კი ასი წყრთა ნაყშებიანი სალეჩაქე იდო.
ხელმწიფეს თავის გვირგვინი ანტონიოსთვის უნდა გადაელოცა, ჯოვანი მიხვდა, რომ მამას ანტონიოს ცოლის საჩუქარი უფრო მოეწონა და ცხვირი ჩა-მოუშვა, მაგრამ ანტონიოს ცოლმა ხელმწიფეს მოახსენა:
— ანტონიოს თქვენი გვირგვინი არ უნდა. მე ქმარს მზითვად მოვუტანე ჩემი სახელმწიფო. ამ ჯვრისწერით ანტონიომ მთელი ჩემი ქვეყანა იხსნა, ჯადო გაი-ფანტა და მე და ჩემი ხალხი ბედნიერნი ვართო.
ადამიანად ქცეული მაიმუნები სიხარულის ყიჟინით შეხვდნენ თავიანთ ახალ ხელმწიფეს — ანტონიოს. ჯოვანიმ მამის გვირგვინიც მიიღო და მისი სა-ხელმწიფოც.
ყველა ბედნიერი იყო.
და ცხოვრობდნენ კარგად, ტკბილად,
ყველა იყო ბედნიერი…
მეც იქ გახლდით, მაგრამ სულ არ
მიწყალობეს არაფერი.
მონტალე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button