ენიგმატექნოლოგიაუცნაური

ჩაუძირავი ლაინერის მარცხი – რამ გამოიწვია “ტიტანიკის” კატასტროფა?

ერთ ავბედითი ღამეს – 1912 წლის 14 აპრილს – ოლიმპიკის კლასის ინგლისურ ლაინერს “ტიტანიკს” ავარია მოუვიდა და რამდენიმე საათში ატლანტის ოკეანის ფსკერზე დაიდო ბინა. XX საუკუნის დასაწყისისთვის უდიდესმა სამგზავრო გემმა სრული კრახი განიცადა, შეიწირა 1517 სიცოცხლე და, როგორც მოვლენა, შევიდა მშვიდობიანი პერიოდის დროს მომხდარ ყველაზე საშინელი კატასტროფების სიაში. დროთა განმავლობაში ის იქცა მითქმა-მოთქმის საგნად, წარმოიშვა უამრავი თეორია, რომელიც ამ მოვლენის ახსნას ცდილობდა.

***

მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო თბომავალი ააგო ცნობილმა ბრიტანულმა კომპანიამ “White Star Line”-მა 1911 წელს. მისი მონაცემები ასეთი იყო:

● სიგრძე – 269.1 მ
● ყველაზე განიერი მონაკვეთი – 28 მ
● სიმაღლე – 53.3 მ
● ეკიპაჟი – 885 სული.
● ტვირთმზიდაობა – 46 328 ტონა
● სიჩქარე – 39 კმ/სთ, მაქსიმუმ 43 კმ/სთ.

● სიმძლავრე – 5 ჩვეულებრივი და 24 ორმაგი შოტლანდიური საზღვაო ბოილერი. 2 ცალი 4 ცილინდრიანი სამმაგი გაფართოების ორთქლის ძრავა, თითოეული 15 000 ცხენის ძალით. ერთი დაბალი წნევის ტურბინა 16 000 ცხენის ძალით. მთლიანობაში – 46 000 ცხენის ძალა, მაქსიმუმ – 59 000.

● მამოძრავებელი ძალა – ბრინჯაოს 2 სამმაგი ფრთიანი პროპელერი. ბრინჯაოს 1 ოთხმაგი ფრთიანი ცენტრალური პროპელერი.

● ტევადობა – მგზავრები და ეკიპაჟი, ჯამში 3547 სული. პირველი კლასი – 416. მეორე კლასი – 162. მესამე კლასი – 262. დამატებით 40 სადგომი ადგილი.

ზომების შედარება “ტიტანიკთან”

“ტიტანიკის” ყოველი დეტალი ხაზს უსვამდა სიმდიდრესა და ფუფუნებას. აღჭურვილი იყო სატელეფონო სისტემით, ბიბლიოთეკებითა და მსხვილი საპარიკმახეროებით. I კლასის მგზავრებს სექციაში ჰქონდათ საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, თურქული აბანო, ელექტროენერგიაზე მომუშავე ორთქლის აბანო და ვერანდა კაფეები. ოთახები მორთული იყო ძვირფასი ხის პანელებით, იდგა საუცხოო ავეჯი და მრავალი დეკორაცია. გემს ასევე ჰქონდა იმ პერიოდის მოწინავე ტექნოლოგიები – სამი ელექტრული ლიფტი პირველი კლასისთვის და ერთი – მეორე კლასისთვის. ასევე ელექტროენერგიის მსხვილი სისტემა, რომელიც გამომუშავდებოდა ორთქლის გენერატორებით. ეს უზრუნველყოფდა განათებას მთელ გემზე. ამის გარდა მარკონის ორი რადიო, რომელიც იყენებდა მორზეს ანბანს ინფორმაციის გადასაცემად.

“ტიტანიკის” სპორტული დარბაზი

“ტიტანიკი” ძალიან ჩამოჰგავდა მის წინამორბედს, “ოლიმპიკს”, რომელიც ასევე კომპანია “White Star Line”-მა ააგო და გაუშვა 1910 წელს. მიუხედავად იმისა, რომ “ტიტანიკს” უფრო მეტი მოცულობა მისცეს და შესაბამისად, მეტი ტვირთმზიდაობა ჰქონდა, კორპუსი იგივე იყო. გამოასწორეს “ოლიმპიკის” მინუსები, მაგალითად, ჭრიალი კიჩოს შეერთების ადგილებში. კაპიტნის ჯიხური ტიტანიკში უფრო ვიწრო და გრძელი გააკეთეს. ამ ყველაფერმა “ტიტანიკი” ტვირთმზიდაობის მოცულობის მხრივ გახადა 1004 ტონით უფრო დიდი, ვიდრე “ოლიმპიკი” იყო. შესაბამისად, ის ასევე იქცა მსოფლიოში ყველაზე დიდ გემად პირველი მგზავრობის დროს – 1912 წლის აპრილში.

“ოლიმპიკი” & “ტიტანიკი”

სამგზავრო ხომალდმა გეზი აიღო საუთჰემპტონიდან 1912 წლის 10 აპრილს, დანიშნულების ადგილი კი ნიუ-იორკი გახლდათ. კაპიტანი და გუნდის ხელმძღვანელი იყო ედვარდ ჯონ სმიტი. გემმა გადაკვეთა ლა-მანშის სრუტე და შეჩერდა ჩერბურგში, საფრანგეთში, რათა დამატებითი მგზავრები აეყვანა. შემდეგ დღეს ისევ შეჩერდა ირლანდიის ქალაქ ქვინსტოუნში. ქვინსტოუნის პორტი შეუსაბამო გამოდგა “ტიტანიკის” ზომებისთვის, ამიტომ გემმა ცოტა მოშორებით ჩაუშვა ღუზა. ამის შემდეგ გაეშურა ნიუ-იორკისკენ, ბორტზე 2240 ადამიანი იმყოფებოდა.

ქვინსტოუნში გემიდან ჩამოვიდა 23 წლის ცეცხლფარეში, ჯონ კოფი. ამასთან, ეს ისე გააკეთა, რომ არავის დაენახა, შემდეგ კი გაიქცა. როგორც მოგვიანებით თქვა, ეს წინათგრძნობის გამო ქნა – გულმა ცუდი უგრძნო მგზავრობის ბედთან დაკავშირებით.

***

1912 წლის 14 აპრილს, კვირა ღამით, ტემპერატურა თითქმის ყინვამდე დაეცა და ოკეანე დამშვიდდა. გემს 6 შეტყობინება მიუვიდა ნიუფაუნდლენდის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარე აისბერგებთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ, თუმცა კაპიტანმა რატომღაც ექვსივე შეტყობინება დააიგნორა. შემდეგ, ახალი მთვარის დროს, მეშვიდე შეტყობინება მოვიდა. ამჯერად ედვარდმა ყურადღება მიაქცია და სტანდარტული მარშრუტიდან 16 კმ-ით გადაუხვია სამხრეთისკენ. კვირა დღეს, შუადღის 13:45 სთ-ზე ტვირთმზიდმა გემმა “SS Amerika”-მ შეტყობინება გამოგზავნა, რომ “ტიტანიკის” მარშრუტის სამხრეთით მასიური აისბერგები შეინიშნებოდა. თუმცა ეს შეტყობინება კაპიტნამდე ვერ მივიდა. საღამოს, 21:30 სთ-ზე, კიდევ ერთი გზავნილი მიიღეს ტელეგრაფისტებმა ანალოგიური საშიშროების შესახებ, თუმცა კაპიტანი ისევ არ იყო საქმის კურსში. აქედან გამომდინარე, კაპიტანი ედვარდ სმიტი ვერ ხედავდა ვერანაირ მიზეზს, რომ უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიეღო და სვლა შეენელებინა. “ტიტანიკს” ორ სათვალთვალო პუნქტზე მომუშავე სამი გუნდი ჰყავდა, რომლებიც ყოველ ორ საათში გარემოს აკვირდებოდნენ. კაპიტანიც მათ იმედზე იყო, რომ აისბერგის გამოჩენის შემთხვევაში დროულად მიაწოდებდნენ ინფორმაციას. თუმცა მათდა საუბედუროდ, მრავალი ფაქტორი ისე დაემთხვა ერთმანეთს, რომ საფრთხე გვიან აღმოაჩინეს: არ იყო მთვარე, არ უბერავდა ქარი, არ ჰქონდათ ბინოკლები, ხოლო საბედისწერო აისბერგი ახალი ამოტრიალებული იყო და მისი ზედაპირი, ე.წ. “ბნელი მხარე”, სველი გახლდათ – ამიტომ სიბნელეში შორიდან მისი დანახვა იმ პირობებში შეუძლებელი იყო. საუბედუროდ, სათვალთვალო პუნქტები ფაქტობრივად უფუნქციო აღმოჩნდა. როგორც ეკიპაჟის წევრი, ჩარლზ ლაითოლერი სასამართლოზე ამბობდა, “ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო..”

23:40-ზე სათვალთვალო პუნქტში ფრედერიკ ფლიტმა და რეგინალდ ლიმ გემის მარჯვნივ მსხვილი აისბერგი შენიშნეს. ფლიტმა გემის საგანგაშო ზარი სამჯერ აახმაურა და გადამცემს მიაშურა. მას ოფიცერმა ჯეიმს მუდმა უპასუხა.

– არის ვინმე მანდ?
– დიახ, ხედავთ რამეს?
– აისბერგი, დიდი, მარჯვნივ!
– გმადლობთ.

განსხვავებული ცნობები არსებობს იმის შესახებ, თუ რა მოიმოქმედა აისბერგთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად მეზღვაურმა ოფიცერმა უილიამ მერდოკმა. მან მიმართულების შეცვლა და საჭის მობრუნება ბრძანა, რისი მეშვეობითაც გემი მარცხნივ წავიდოდა და პორტს შეაფარებდა თავს. ჯოზეფ ბოქსჰოლი ამბობდა, რომ ამის შემდეგ კაპიტანმა უკან მობრუნება სცადა, თუმცა მას დაუპირისპირდა მეცეცხლური ფრედერიკ სკოტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ სმიტის ბრძანება შეჩერებას ეხებოდა.

აისბერგი, რომელიც სავარაუდოდ “ტიტანიკის” მარცხის მიზეზი აღმოჩნდა

37 წამი იყო გასული მას შემდეგ, რაც ფლიტმა აისბერგი შენიშნა და “ტიტანიკის” საბედისწერო შეჯახებაც მოხდა. გემის მარჯვენა მხარე ყინულის გიგანტმა გაჭრა, კორპუსი რამდენიმე ადგილას გახეთქა და დაიწყო პირველი 5 განყოფილების წყლით გავსება. მეექვსეში მოახერხეს შემოსული წყლის ტუმბოების მეშვეობით ამოქაჩვა. ამის შემდეგ ჰერმეტული კარები ავტომატურად დაიხურა.

“ტიტანიკი” დარჩებოდა წყლის ზედაპირზე, თუკი მხოლოდ 4 განყოფილება გაივსებოდა წყლით, მაგრამ ხუთს ვეღარ გაუძლო, მეექვსე კი ისევ გავსებას იწყებდა. შეჯახებიდან 10 წუთის განმავლობაში 5 განყოფილება დაიტბორა 4.3 მეტრის სიღრმეზე. დურგალ ჯ. ჰატჩინსონის და გემთმშენებელ ტომას ენდრიუსის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ გემი ჩასაძირად იყო განწირული. ენდრიუსმა ივარაუდა, რომ ეს მოხდებოდა 1-1.5 სთ-ში, ხოლო ტუმბოების მუშაობა მხოლოდ რამდენიმე წუთით გაუხანგრძლივებდა “ტიტანიკს” სიცოცხლეს. მათ 1 საათში მხოლოდ 20 000 ტონა წყლის ამოტუმბვა შეეძლოთ, ამ რაოდენობის წყალი კი ყოველ 5 წუთში შემოდიოდა. შუაღამის დადგომამდე მესამე კლასის ოთახების დატბორვა დაიწყო.

***

00:05 სთ-ზე კაპიტანმა სმიტმა სამაშველო ნავების გამოყენება ბრძანა. 00:25-ზე დაიწყო ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია. 00:50-ზე ოფიცერმა ჯოზეფ ბოქსჰოლმა თეთრი რაკეტა გაუშვა, რაც უბედურების ნიშანი იყო. 00:45-ზე პირველი სამაშველო ნავი ჩაეშვა ოკეანეში, მასზე 28 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 26 – პირველი კლასის მგზავრები. თუმცა ამ ნავის ტევადობა რეალურად 65 ადამიანი იყო. “ტიტანიკი” იტევდა 32 ნავს, მაგრამ მგზავრობისას მხოლოდ 20 წაიღეს. მათი მთლიანი ტევადობა შეადგენდა 1178 ადამიანს, რაც მგზავრთა და ეკიპაჟის წევრთა (2223 სული) 53% იყო.

I და II კლასის მგზავრები ადვილად გადასხდნენ ნავებში, III კლასისთვის კი ეს რთული აღმოჩნდა – დატბორილი დერეფნები და ჩაკეტილი კარები დიდი დაბრკოლება იყო. I და II კლასის ბავშვები და ქალები უმეტესწილად გადარჩნენ, III კლასში კი იგივე კატეგორიაში მსხვერპლი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე გადარჩენილი.

00:55 სთ-ზე მეორე ნავი ჩაუშვეს, 65 ადგილიდან მხოლოდ 23 შეივსო. 01:10-ზე მესამე ნავი, იგივე მოცულობისა და მხოლოდ 28 სულით. მხოლოდ ამის შემდეგ შეივსო შემდეგი ნავი 01:20-ზე – მასში 56 ადამიანი იყო. ამის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა. 01:25-ზე 70 მგზავრით დატვირთული ნავი ჩაუშვეს, თუმცა მალევე ჩაძირვა დაიწყო. 10 წუთში კიდევ ორი ნავი ჩაუშვეს იგივე რაოდენობის მგზავრებით, შემდეგ კიდევ ერთი. გემზე 6 ნავიღა დარჩა, ჯამში 293 ადამიანის ტევადობით. ბორტზე მყოფ ადამიანთა რაოდენობა კი დაახლოებით 1800 იყო. ამათგან ორი ნავი (C და D) შედარებით სუსტი იყო და ბოლოს ჩაუშვეს – 02:00 და 02:05 მომენტებში. მათ წინ კი ცალკე ნავი გამოყვეს იმათთვის, ვინც გაყინულ ოკეანეში იყო.

01:40 სთ – გემის ცხვირი გადაიხარა, გადატყდა და წყალქვეშ აღმოჩნდა. ამის გამო წინა ნაწილმა, რომელიც მანამდე მშრალი იყო, წყლით ავსება დაიწყო. ქვანახშირის ბუნკერის ცეცხლის გამო ჰერმეტული ტიხრები შესუსტდა ძრავის ოთახებში.

01:45 სთ – წინა ერდო და გემბანი უკვე წყალქვეშ იყო. გემბანის სასეირნო ტერიტორიას წყლიდან 3 მეტრი აშორებდა. ამ დროს გემზე ცხოველებმა დაიწყეს სირბილი, მათ შორის იყო ამერიკელი ბიზნესმენის, ჯონ იაკობ ასტორის ტერიერი, სახელად კიტი. “ტიტანიკში” ხუხულებიც იყო, რომლებიც ეკიპაჟის წევრებმა გახსნეს, რადგან ჩაკეტვას აზრი აღარ ჰქონდა.

ოპერატორები ჯეკ ფილიპსი და ჰაროლდ ბრაიდი სიგნალებს გზავნიდნენ: “CQD-MGY, ვიძირებით, დაუყოვნებლივ გვესაჭიროება დახმარება.” მოგვიანებით ამას მოჰყვა გავრცელებული გზავნილი “SOS”. სიგნალებს სამი გემი გამოეხმაურა – “Mount Temple”, “Frankfurt” და “Olympic” – მაგრამ არცერთი არ იყო იმდენად ახლოს, რომ დახმარება გაეწიათ. ყველაზე ახლოს იყო “Carpathia”, მაგრამ მას 100 კმ-ზე მეტი აშორებდა და 4 საათი მაინც სჭირდებოდა, რაც საკმაოდ დიდი დრო იყო მომაკვდავი ტიტანიკისთვის.

ბოლოს გემზე აურზაური შეწყდა და სიწყნარემ დაისადგურა. მგზავრები მიხვდნენ, რომ დაღუპვა გარდაუვალი იყო და თავიანთ აღსასრულს დაელოდნენ. 8 წევრიანი ორკესტრი თავდავიწყებით უკრავდა ჩაძირვამდე.

02:05 სთ – ტიტანიკის ბრინჯაოს პროპელერები წყალს ზემოთ მოექცა სამაშველო ნავთან ახლოს. კაპიტანმა სმიტმა რადისტები – ფილიპსი და ბრაიდი – გაათავისუფლა პოსტიდან სიტყვებით – “თქვენ უკვე შეასრულეთ თქვენი მოვალეობა” და თავი მოიკლა. უილას ჰარტლეის ორკესტრმა უკანასკნელი მელოდია დაუკრა. მამა თომას ბაილსი ლოცულობდა, დადიოდა მგზავრებში და აღსარებას ისმენდა, ათობით ადამიანს შენდობა მისცა.

02:18 სთ – გემის კიჩო ამოიზარდა 15-დან 35 გრადუსზე. ელექტრული სისტემა მოიშალა, განათება აციმციმდა და რამდენიმე წამში სამუდამოდ ჩაქრა. “ტიტანიკის” მეორე საკვამური გადატყდა და წყალში ჩავარდა, თან გაიყოლა რამდენიმე ათეული ადამიანი. ზედნაშენი მესამე საკვამურის ქვემოთ ნაწილებად დაიშალა, გემი შუაზე გადატეხა და ასობით ადამიანი გასრისა. გემის წინა ნაწილი მთლიანად წყალში აღმოჩნდა. მას მიჰყვა მესამე და მეოთხე საკვამურები.

02:20 სთ – დაუმარცხებელი “ტიტანიკი” ჩაიძირა. ხომალდი, რომლის ჩაძირვას, მფლობელთა აზრით, თვით ღმერთიც ვერ შეძლებდა, ოკეანის ფსკერზე აღმოჩნდა.

ნავში მყოფი ერთ-ერთი მგზავრის გადმოცემით, მათ მცირე ხანს თავგამოდებით იბრძოლეს, შემდეგ კი უმეტესობა გაიყინა. ყინულებიან წყალში მყოფი ადამიანებიდან სიკვდილს მხოლოდ სამაშველო ჟილეტებში მყოფი 6 ადამიანი გადაურჩა. მათ შორის იყო ერთი ახალგაზრდა, რომელმაც მოგვიანებით მსოფლიოს განსაცვიფრებელი ადამიანის შესახებ უამბო:

– წყალში აღმოჩენილები საცოდავად ფართხალებდნენ და შველას ითხოვდნენ. მოძღვარი ჯონ ჰარპერი ცდილობდა, ადამიანები გაემხნევებინა და უფალთან მისვლაში დახმარებოდა. ის ერთ ადგილას არ ჩერდებოდა. შემდეგ მეც მომიახლოვდა და მკითხა, მწამდა თუ არა ღმერთის. ჩემი პასუხი უარყოფითი იყო. მან საკუთარი სამაშველო ჟილეტი მოიხსნა, ჩამაცვა და მითხრა, იწამე და გადარჩებიო. ამის შემდეგ სხვა ადამიანებისკენ გადაინაცვლა.

როდესაც გარდაუვალი სიკვდილის შესახებ შეიტყვეს, მაგნატი ბენ გაიგენჰელი და მისი მსახური ვიქტორ გილიო თავიანთ კაიუტაში დაბრუნდნენ. განაცხადეს, ჩვენ ისე უნდა შევხვდეთ სიკვდილს, როგორც ეს ნამდვილ ჯენტლმენებს შეეფერებათო.

ოკეანემ გვამებთან ერთად უამრავი სიმდიდრეც შთანთქა. ბორტზე მყოფი უმდიდრესი ადამიანები ცხადია, ძვირფასეულობას ატარებდნენ თან. ერთ-ერთი მილიონერის ბარგი 16 სკივრს მოიცავდა. მულტიმილიონერ ჯონ ასტორის გვამი, რომელიც 18 წლის მეუღლესთან ერთად მგზავრობდა, დიდი ბრილიანტით ამოიცნეს. მას ჯიბეში $4000 ჰქონდა , რას დღევანდელი კურსით $120 000-ს შეესაბამება. მისი ახალგაზრდა მეუღლე სამაშველო ნავში აღმოჩნდა და გადარჩა, კაიუტაში კი უამრავი ძვირფასი ნივთი დარჩა.

“ტიტანიკის” სამაშველო ნავი უახლოვდება გემ “კარპატიას”

გადარჩენილი მგზავრები გემ “კარპატიაზე”

“ჩაუძირავ” ხომალდზე მყოფი 2223 ადამიანიდან, დასახმარებლად მისულმა გემმა – “კარპატიამ” ნიუ-იორკში მხოლოდ 703 გადარჩენილი ჩაიყვანა.

საბოლოო შედეგი ასეთი იყო:

კატეგორიაბორტზე მყოფიგადარჩენილიგადარჩენილთა წილიდაკარგულიდაკარგულთა წილი
I კლასი32919960.5 %13039.5 %
II კლასი28611943.8 %15356.2 %
III კლასი70817424.5 %53675.5 %
ეკიპაჟი90521423.6 %68576.4 %
სულ222370331.9 %150468.1 %

***

გემიდან წამოსული სინათლის დანახვა შესაძლებელი იყო 15-25 კმ-ის მოშორებით. გამომდინარე იქიდან, რომ რადიოთი გადაცემული შეტყობინება უშედეგო იყო და ყოველ 15 წუთში გასროლილ რაკეტებსაც არ მოჰყოლია შედეგი, ოფიცერმა ჯოზეფ ბოქსჰოლმა და ზემდეგმა ჯორჯ ტომას როუვმა სასიგნალო ლამპით სცადეს სიგნალის გაგზავნა, თუმცა პასუხი აქაც ვერ მიიღეს.

როდესაც დაიწყო შემთხვევის გამოძიება, წამოტივტივდა ცნობები უცნობ გემზე. კაპიტანმა მურმა (S.S. “Mount Temple”) და კაპიტანმა არტურ როსტრონმა (S.S. “Carpathia”) ერთმანეთისგან დამოუკიდებლად სასამართლოს აცნობეს, რომ სიბნელეში ხომალდისგან წამოსული სინათლე შენიშნეს. ასევე ორივემ განაცხადა, რომ გათენებისას, 15 აპრილს, შენიშნეს გემი, რომელსაც 2 ანძა და 1 საკვამური ჰქონდა.

გემი “კალიფორნიელი” (SS “Californian”) ტიტანიკის შორიახლოს იყო, მაგრამ შეჩერდა ყინულის გამო და რადიოგადამცემიც გამორთო, რადგან ოპერატორი დასაძინებლად წავიდა (აღსანიშნავია, რომ “კალიფორნიელს” 4 ანძა ჰქონდა). ტიტანიკის გადამცემი კი დღისით დაზიანდა და ასისტენტებმა – ჰაროლდ სიდნეი ბრაიდმა და ჯეკ ფილიპსმა – მთელი დღე მოანდომეს მის შეკეთებას. როგორც იქნა, შეაკეთეს 23:00 სთ-ზე და ფილიპსმა დაძინება გადაწყვიტა, რომ “კალიფორნიელის” ოპერატორისგან, კირილ ევანსისგან, მესიჯი მიიღო მოსალოდნელ საფრთხეზე, რაზეც ასე უპასუხა: “მოკეტე! გაჩუმდი! არ მცალია! რეისის კონცხთან კავშირზე ვმუშაობ!” ამის გამო ევანსმა აისბერგის კოორდინატების გადაცემაც კი ვერ მოახერხა.

“კალიფორნიელის” ოფიცერმა ჩარლზ ვიქტორ გრუვსმა 23:00 სთ-ზე გემი შენიშნა და იფიქრა, რომ სამგზავრო იყო, მაგრამ კაპიტანმა სტენლი ლორდმა ეს აზრი უარყო. საქმე იმაშია, რომ გემი არ იყო კარგად განათებული. მოგვიანებით შენიშნეს, რომ ობიექტი გაჩერდა. შუაღამის შემდეგ ოფიცერმა ჰერბერტ სტოუნმა და შეგირდმა ჯეიმს გიბსონმა რაკეტები შენიშნეს, რაც უმალ აცნობეს კაპიტანს. თუმცა სამხედრო-საზღვაო რეგულირებაში ერთიანი წესები არ არსებობდა, ამიტომ ლორდი დაიბნა და არ იცოდა, თეთრი ფერის რაკეტა “ტიტანიკის” შემთხვევაში რას ნიშნავდა. მან ეკიპაჟს თვალყურის დევნება უბრძანა და დასაძინებლად წავიდა. მნიშვნელოვანი ზომები “კალიფორნიელს” არ მიუღია. 4 საათზე ხელახლა დაიწყეს გარემოზე დაკვირვება და “ტიტანიკის” დაღუპვის ამბავიც გაიგეს.

გემი “კალიფორნიელი” და მისი კაპიტანი სტენლი ლორდი

სასამართლო, რომელიც “ტიტანიკის” დაღუპვის გარემოებებს იძიებდა, მიკერძოებულად წარიმართა. ეკიპაჟის წევრთა ჩვენებები არ გაითვალისწინეს, ისიც არაფრად ჩააგდეს, რომ დეტალები ბუნდოვანი იყო. კაპიტნის თქმით, მის მიერ დანახული გემი არ უნდა ყოფილიყო “ტიტანიკი”, მაგრამ რადგან დრო დაემთხვა, ეს განცხადება არ გაითვალისწინეს. კომისიის წევრებმა იფიქრეს, რომ “ტიტანიკის” გაჩერების გამო ელექტროობაც გამოირთო და ამით აიხსნებოდა შუქების ჩაქრობა. რეალურად კი ელექტროობა გემზე დიდხანს იყო და შუქი მაშინვე არ ჩამქრალა – ძრავის გაჩერება არ მოქმედებს აკუმულატორების მუშაობაზე. კომისიამ დაასკვნა, რომ “ტიტანიკთან” ყველაზე ახლოს თბომავალი “კალიფორნიელი” იმყოფებოდა და იყო ერთადერთი ხომალდი, რომელსაც შეეძლო “ტიტანიკის” დახმარება. კაპიტანი სტენლი ლორდი დამნაშავედ ცნეს გამოჩენილი გულგრილობის გამო 1504 ადამიანის დაღუპვაში. ლანძღვის კორიანტელი დაატყდა თავს კაპიტანს. პოზიციიდან ჩამოაქვეითეს, სამსახური აუკრძალეს და დარჩენილი ცხოვრება სირცხვილში გაატარებინეს. გარდაიცვალა 1962 წლის 24 იანვარს, იმ ავბედითი დღიდან 50 წლის შემდგომ.

***

60-იან წლებში ახალი სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა, რამაც უამრავი ადამიანი შოკში ჩააგდო. აღმოჩნდა, რომ იმ ღამეს “ტიტანიკსა” და “კალიფორნიელს” შორის იყო კიდევ ერთი გემი, სახელად “სამსონი” (“Samson”). საინტერესოა, რატომ არ იცოდნენ მის შესახებ მანამდე არაფერი? აღმოჩნდა, რომ “სამსონი” არალეგალურად გადაადგილდებოდა, რადგან მისი მეზღვაურები ბრაკონიერობას ეწეოდნენ – ხოცავდნენ სელაპებს ხელის მოთბობის მიზნით. იმ ღამესაც ასობით სელაპი გადაჰქონდათ და მაქსიმალურად ჩუმად მოძრაობდნენ, არ გადიოდნენ არანაირ რადიოკავშირებზე არცერთ გემთან. “ტიტანიკის” რაკეტები “სამსონზე” აღიქვეს სანაპირო დაცვის მიერ გამოგზავნილ გაფრთხილებად და ჩავარდნის შიშით სიჩქარეს მოუმატეს. “კალიფორნიელიდან” კი ისე ჩანდა, თითქოს “სამსონიდან” ისროდნენ რაკეტებს, რადგან ის ორ გემს შორის იყო. ამით აიხსნა ისიც, რატომ არ იყო გემი კარგად განათებული. ხოლო სწრაფად მოძრავი გემი სამაშველო რაკეტებს არ ისვრის, რამაც კალიფორნიელის გამოცდილი კაპიტანი დააბნია. ამიტომაც ვერ დაინახეს მათ, რომ “ტიტანიკი” იძირებოდა – ამაში ხელს “სამსონი” უშლიდათ. ეს ყველაფერი გაირკვა “სამსონის” კაპიტნის თანაშემწის, ჰენრიკ ნაესის ჩანაწერებიდან, რომელმაც სწრაფად გაჟონა პრესაში და მალე იქცა სენსაციად. სიმართლე მანამდე იმიტომ არ გაამხილეს, რომ იცოდნენ, პატიმრობა ელოდათ – ბრაკონიერობისა და “ტიტანიკის” დაუხმარებლობის გამო.

“კალიფორნიელის” კაპიტანს – სტენლი ლორდს – შერცხვენილი სახელი აღუდგინეს, მაგრამ როდის? მან ხომ სიცოცხლის ბოლო წლები საზოგადოებისგან უკუგდებულმა გაატარა და დამნაშავის სახელით გარდაიცვალა. სიმართლე მაინც გაირკვა, მაგრამ სრულიად უდანაშაულო კაპიტნისთვის – ძალიან გვიან.

***

“ტიტანიკის” კატასტროფის მიზეზად ოფიციალურად აისბერგთან შეჯახება ითვლება. თუმცა არის სხვა ფაქტორებიც, რომლებმაც დიდი თუ პატარა როლი ითამაშეს ამ მოვლენაში.

ადრე ისტორიკოსები და ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ აისბერგმა ღრმად გაჭრა კორპუსი, თუმცა შესაბამისი ანალიზი არ იყო ჩატარებული. გამომდინარე იქიდან, რომ გემი ოკეანის ფსკერზე განისვენებდა, მეცნიერებმა გამოიყენეს სონარი (ბგერის არეკვლით წყალქვეშ სხვადასხვა ობიექტის აღმოსაჩენი სისტემა) და შემთხვევის არეალი გამოიკვლიეს.

ფოლადის ფირფიტები, რომლებიც კორპუსის ასაგებად გამოიყენეს, სისქეში 2.5-3.8 სმ იყო. პატარა ნაწილების დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ შემადგენლობის გამო ფოლადის ეს ტიპი კარგავდა სიმყარეს და ხდებოდა მყიფე ცივ წყალსა და ყინულში. ფოლადი შეიცავდა დიდი რაოდენობით ფოსფორსა და გოგირდს – დღევანდელთან შედარებით 4-ჯერ მეტს. ფოსფორი ხელს უწყობდა ბზარების გაჩენას, გოგირდმა კი გააადვილა მასალების სკდომა. მაგნიუმი მცირე ოდენობით იყო, რაც ნაკლებ სიმტკიცეს აძლევდა კორპუსს.

“ტიტანიკის” ძრავა

ნახვრეტი კორპუსში

მოქლონები, რომლებიც კორპუსს კრავდნენ, ასევე მყიფე აღმოჩნდა და არ გაამართლა მოლოდინი. მილიონობით ფოლადის მოქლონიდან 48 ცალის ამოღება მოხერხდა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მოქლონები დიდი რაოდენობით შეიცავდნენ შლაკებს, რაც ზრდიდა მსხვრევადობის ხარისხს.

“ტიტანიკის” საჭე აკმაყოფილებდა სამანდატო მოთხოვნებს გემის ზომასთან დაკავშირებით, თუმცა არ ესადაგებოდა თანამედროვე სტანდარტებს. BBC History-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, “ტიტანიკის” კიჩო მისი მაღალი გრაცოზული დახლითა და გრძელი თხელი საჭით წარმოადგენდა მე-18 საუკუნის დიზაინის კოპიოს. ეს იყო ტექნიკური მიღწევების უგულებელყოფის კლასიკური მაგალითი. არც კი უფიქრიათ იმაზე, თუ როგორ უნდა შემობრუნებულიყო 269 მეტრი სიგრძის ლაინერი საფრთხის შემთხვევაში. ფაქტია, რომ მთავარი გათვლა გააკეთეს სიჩქარეზე და არა უსაფრთხოებაზე.

ოფიცერ ჯოსეფ ბოქსჰოლის თქმით, ოფიცერმა უილიამ მერდოკმა ძრავების შემობრუნება სცადა აისბერგთან შეჯახების ასაცილებლად, მაგრამ ცენტრალური ტურბინა ვერ შემოტრიალდა, რადგან გემს სრული სიჩქარე ჰქონდა აღებული, ამიტომ მან და ცენტრალურმა პროპელერმა, რომლებიც პოზიციით საჭეს უსწორდებოდნენ, მუშაობა შეწყვიტეს. ამან საბოლოოდ შეუზღუდა გემს შემობრუნების საშუალება.

ვარაუდობენ, რომ “ტიტანიკს” გეზის შეცვლა რომ არ ეცადა და სრული სვლით შესჯახებოდა აისბერგს, დაზიანდებოდა მხოლოდ პირველი ორი განყოფილება და გემის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა. ცხადია, იქნებოდა ზარალი და მსხვერპლიც მგზავრებში, მაგრამ არა ასეთი მასშტაბური.

ბრიტანეთის მხრიდან ჩატარებული გამოძიების შედეგი ასეთი იყო: გემის დაღუპვის მიზეზია აისბერგთან შეჯახება, რაც მოხდა იმის გამო, რომ გემმა ზედმეტად მაღალი სიჩქარე აიღო. შეჯახების მომენტში ოკეანის გიგანტს აღებული ჰქონდა 21 კვანძი (39 კმ/სთ), როცა მაქსიმალური სიჩქარე იყო დაახლოებით 23 კვანძი (43 კმ/სთ). არადა იმ პერიოდში, როგორც წესი, საშუალო სიჩქარით მიდიოდნენ იმ არეალში, სადაც აისბერგის საშიშროება იყო. მაგრამ გემზე იფიქრეს, რომ დიდი აისბერგის დანახვა შორიდანაც იქნებოდა შესაძლებელი და უსაფრთხოების ნორმები აღარ დაიცვეს.

არსებობს ალტერნატიული ვერსიები და შეთქმულების თეორიები. მათგან ყველაზე გავრცელებულია რობინ გარდინერის ვერსია, რომელიც წამოაყენა წიგნში “ტიტანიკი: გემი, რომელიც არასდროს ჩაძირულა?” რობინი ამტკიცებს, რომ სინამდვილეში “ტიტანიკი” კიარა, მისი მსგავსი გემი, “ოლიმპიკი” გაუშვეს. 1911 წლის 20 სექტემბერს “ოლიმპიკს” შეეჯახა კრუიზერი “Hawke”, რამაც ორივე გემი დააზიანა. “White Star Line”-ს დაზღვეული არ ჰქონდა “ოლიმპიკი”, ამიტომ თავად უნდა ეზრუნათ შეკეთებაზე და ტიტანიკის გაშვების თარიღი გადაეწიათ. ეს კი კომპანიისთვის სერიოზული ფინანსური დანაკარგი იქნებოდა. გარდინერის ვერსიით, “ოლიმპიკი” “ტიტანიკად” გადააკეთეს. ხოლო “ოლიმპიკი”, რომელმაც 25 წელი (1910-1935) საიმედოდ იმსახურა და შესაშური რეპუტაცია ჰქონდა, სინამდვილეში “ტიტანიკი” იყო. შეჯახების ობიექტი კი იყო არა აისბერგი, არამედ IMM-ის ხომალდი, რომელსაც შუქები ჩამქრალი ჰქონდა. გარდინერი ამბობს, რომ აისბერგი ასეთ სერიოზულ ზიანს ვერ მიაყენებდა გემს.

არსებობს ლეგენდაც, რომ ეს ეგვიპტური მუმიის ბრალი იყო. მუმია ამონ-რას ქურუმისა იყო, რომელიც 3000 წლის წინ ცხოვრობდა. გადმოცემის მიხედვით, აღმოჩენისთანავე (1890-იანი წლები) მთავარ არქეოლოგს პრობლემები შეექმნა და მისი ცხოვრება უკან წავიდა. მუმია ბრიტანეთის მუზეუმს გადასცეს და ამის შემდეგ მნახველები და მომსახურე პერსონალი ხშირად ყვებოდნენ მისტიურ მოვლენებზე. საბოლოოდ ის ჟურნალისტ ულიამ ტომას სტედის ხელში მოხვდა, რომელმაც ყურადღება არ მიაქცია მითქმა-მოთქმას და ჩუმად აიტანა “ტიტანიკზე”. მგზავრებს კი ავბედითი ღამის წინა დღეს გააცნო ეს ეგზოტიკური სუვენირი.

***

შესაძლებელი იყო “ტიტანიკის” დაღუპვის წინასწარმეტყველება? როგორც ჩანს, კი. 1898 წელს მორგან რობერტსონმა გამოუშვა რომანი “ამაოება თუ ტიტანის მარცხი”. ის მოგვითხრობს ოკეანის ლაინერზე, რომელსაც სახელად “ტიტანი” ერქვა და აისბერგთან შეჯახების გამო ჩრდილო ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა. ამ გემს ბევრი საერთო ჰქონდა “ტიტანიკთან”, რომელმაც მისი ბედი 14 წლის შემდეგ გაიზიარა.

სტატისტიკა“ტიტანი”“ტიტანიკი”
თარიღი18981912
სახელიThe TitanThe Titanic
კატასტროფის ადგილიჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეჩრდილოეთ ატლანტის ოკეანე
მარშრუტინიუ-იორკი – ლივერპულისაუთჰემპტონი – ნიუ-იორკი
მგზავრობარიგით მესამერიგით პირველი
კატასტროფის მიზეზები● აისბერგთან შეჯახება
● გადაჭარბებული სიჩქარე
● ძალიან ცოტა სამაშველო ნავი
● აისბერგთან შეჯახება
● გადაჭარბებული სიჩქარე
● ძალიან ცოტა სამაშველო ნავი
კატასტროფის თარიღიაპრილის ღამე14 აპრილი
გემის წოდება● უდიდესი გემი
● ადამიანის უდიდესი ნამუშევარი
● უდიდესი გემი
● საუკუნის საოცრება
● ჩაუძირავი
სიგრძე243 მეტრი269 მეტრი
სამაშველო ნავების რაოდენობა2416
პროპელერების რაოდენობა33
მოძრაობის სიჩქარე45 კმ/სთ39 კმ/სთ
დაღუპულთა რაოდენობანახევარზე მეტი 2500 მგზავრიდან703 ადამიანი 2223 მგზავრიდან

იყო ეს უბრალოდ დამთხვევა? მისტიური ამბები ამით არ მთავრდება, წლების შემდეგ პარანორმალური ამბების მკვლევარებმა კიდევ რამდენიმე უცნაურმა ფაქტის შესახებ განაცხადეს. 1972 წლის 15 აპრილს ლინკორნ “თეოდორ რუზველტის” რადისტმა დაიჭირა SOS სიგნალები – შიშინში ისმოდა დახმარების თხოვნა, ეშველათ გემ “ტიტანიკისთვის”, რომელიც აისბერგთან შეჯახების გამო იძირებოდა. რადიტმა ლოიდ დეტმერმა იფიქრა, რომ ეჩვენებოდა, თუმცა მაინც გადაწყვიტა, ემოქმედა და ნაპირზე შეტყობინება გაუშვა. იქიდან ასეთი პასუხი მიიღო: “არ უპასუხოთ სიგნალს, განაგრძეთ კურსი.” ცხადია, “ტიტანიკი” ვერ გააგზავნიდა მომავალში შეტყობინებას, ამიტომ თავიდან იფიქრეს, რომ ვიღაც გაეხუმრათ. კაპიტანმა ლოიდმა მოგვიანებით გამოძიება გადაწყვიტა და არქივებში ქექვა დაიწყო, მაგრამ რაც აღმოაჩინა, იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა.

საქმე იმაში იყო, რომ ეს სიგნალები გარკვეული სიხშირით მეორდებოდა და მას სხვადასხვა გემზე იჭერდნენ. იგივე მოვლენა განმეორდა და აღრიცხული იყო 1924, 1930, 1936, 1942 წლებში. უკვე ცხადი იყო, რომ ყოველ 6 წელიწადში “ტიტანიკის” სიგნალებს იჭერდნენ.

ლოიდი არ დაკმაყოფილდა ამით და 1978 წელს სიგნალს დაუწყო ლოდინი. შემდეგ კი ყველას უმტკიცებდა, რომ მართლაც მოისმინა. უცნობია, რა მოხდა 1984 და 1990 წლებში, ამაზე ინფორმაცია არ მოიპოვება. მაგრამ 1996 წელს კანადური გაზეთი “Sun” წერდა, რომ კანადურმა გემმა “Quebec”-მა ზუსტად ეს სიგნალი მიიღო.

პარანორმალური მოვლენების მკვლევართა გარკვეული ნაწილის აზრით, ეს იყო მოჩვენება-სიგნალის იშვიათი ფორმა, რომელიც დიდ ხომალდებს მისდიოდათ. წამოაყენეს აზრი, რომ შეიძლებოდა 6 წლით უკანაც წასულიყო – 1906, 1900 და ა.შ. წლებში, თუმცა მაშინ რადიოგადამცემი ახალი ხილი იყო და დაჭერა ვერ მოხერხდებოდა.

“ტიტანიკიდან” SOS სიგნალი მიიღეს გემებმა – “ოლიმპიკმა” და “კარპატიამ” – 23:17 სთ-ზე, ხოლო შეჯახება მოხდა 23:40 სთ-ზე და “ტიტანიკი” ჩაიძირა 2:20 სთ-ზე. როგორ გაიგზავნა სიგნალი 23 წუთით ადრე შეჯახებამდე? “ტიტანიკის” ოპერატორებმა სიგნალები მაშინ გაუშვეს, როცა ნათელი გახდა, რომ დასაღუპად იყვნენ განწირულები. გამოდის, რომ მახლობლად მყოფ გემებს მოჩვენება-სიგნალი მიუღიათ.

***

“ტიტანიკის” შესახებ სხვა მისტიკური ისტორიებიც გავრცელებულა: 1990 წლის 24 სექტემბერს ნორვეგიულმა სათევზაო ხომალდმა ისლანდიიდან 340 კმ-ის მოშორებით 29 წლის გოგონა იპოვა, მისი სახელი იყო ვინი კოუტსი და ძველმოდურად ეცვა, როგორც ათწლეულების წინ იცვამდნენ. გოგონა ბევრს არ ლაპარაკობდა, თქვა მხოლოდ ის, რომ სასწაულებრივად გადარჩა გემ “ტიტანიკის” ჩაძირვის შემდეგ და ღელავდა მგზავრთა ბედზე. როცა თარიღი ჰკითხეს, მისთვის 1912 წლის 15 აპრილი იყო. 78 წელი თითქოს არც გასულა. შემოწმებამ აჩვენა, რომ გოგონა ფსიქიკურად სავსებით ჯანმრთელი იყო. დაიწყეს გამოძიება და აღმოჩნდა, რომ ამ მონაცემების მგზავრი მართლაც იმყოფებოდა გემზე.

1994 წელს თითქმის იმავე ტერიტორიაზე 10 თვის გოგონა იპოვეს, თითქმის გაყინული, მაგრამ ცოცხალი. როგორ გადარჩა გოგონა? ის წყალში ტივტივებდა და იმიტომ არ ჩაიძირა, რომ სამაშველო რგოლი ჰქონდა. მაგრამ ამაში საოცარი არაფერია, მთავარი ისაა, რომ სამაშველო რგოლი ეკუთვნოდა გემ “ტიტანიკს”..

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button