ბიოგრაფია

იოანე ბატონიშვილი – Prince Ioane of Georgia

იოანე ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ.   16 მაისი.   1768,   თბილისი  გ.   15 თებერვალი.   1830,   პეტერბურგი),   ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, განმანათლებელ-ენციკლოპედისტი, მწერალი, მეცნიერი, ლექსიკოგრაფი, გამორჩეული მებრძოლი და სარდალი, შვილი ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის   გიორგი XII -ისა. იოანემ კრწანისის ბრძოლისას, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების საფასურად,თანამებრძოლებთან ერთად, თავისი პაპა,ერეკლე მეორე გამგელებული მტრის ალყიდან გმირული შებრძოლებით გამოიყვანა და დატყვევებას გადაარჩინა.

მამას, მეფე გიორგი მეთორმეტეს, იოანემ 1799 წარუდგინა მოხსენება ქართლ-კახეთში, მისი აზრით, აუცილებლად გასატარებელი   რეფორმების შესახებ.იოანე ბატონიშვილის პროექტის მიხედვით, სხვა საკითხების მოგვარებასთან ერთად,   თბილისში,   გორსა და   თელავში უნდა გახსნილიყო სასწავლებლები. გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ იოანე ბატონიშვილი   რუსეთში გადასახლდა. პოლიტიკურ ასპარეზს მოკლებულმა, დიდი გულმოდგინებით განაგრძო სამწიგნობრო-საგანმანათლებლო მოღვაწეობა, რომ ამით მაინც მოეტანა სარგებლობა თავისი ქვეყნისათვის. მისი მთავარი ნაწარმოების ენციკლოპედიური ხასიათის თხზულება კალმასობა (1813-1828), რომელშიც გამოვლინდა იოანე ბატონიშვილის მრავალმხრივი განათლება, ცხოვრებისეული გამოცდილება და მხატვრული ნიჭი. თხზულება საკმაო სისრულით ასახავს საქართველოში მეცნიერული ცოდნის დონეს XVIII-XIX სუკუნეების მიჯნაზე. აქ წარმოდგენილია ცნობები საბუნებისმეტყველო და ჰუმანირატულ მეცნიერებათა თითქმის ყველა დარგიდან. ზოგ შემთხვევაში მასალა თარგმნილია რუსული და უცხოური წყაროებიდან, უმეტესად კი ავტორი თავის დაკვირვებებს გვთავაზობს. განსაკუთრებით ფასეულია ცნობები საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხებზე, მათ შორის აღსანიშნავია მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის, რომელიც წარმოადგენს X-XVIII საუკუნეების ქართველ მწერალთა თავისებურ ლექსიკონს. კალმასობა ანუ, როგორც თვით ავტორი უწოდებს, ხუმარსწლა, ორიგინალური ჟანრის ნაწარმოებია. მეცნიერული მსჯელობანი მკითხველისათვის მოსაწყენი და ძნელად ასათვისებელი რომ არ ყოფილიყო, ავტორმა თხრობის თავშესაქცევი მანერა აირჩია. არქაული-მწიგნობრული ენით გამართულ მეცნიერულ ნაწილს მსუბუქი და ხატოვანი, ზომიერად მოხმობილი დიალექტიზმებით გაცხოველებული, დიალოგებით უხვად გაჯერებული თხრობითი ნაწილი ენაცვლება. სიუჟეტურ ღერძს ჰქმნის ორი მთავარი პერსონაჟი – იონა ხელაშვილი და მისი მხლებელი გლეხი ზურაბა ღამბარაშვილი. მათი ფათერაკებით აღსავსე მოგზაურობის ფონზე გაშლილია მეცნიერული მსჯელობანი; წარმოჩენილია საქართველოს იმდროინდელი ვითარება, დაუზოგავად არის მხილებული საზოგადოების მაღალი ფენების ზნეობრივი დაკნინება, სახელმწიფო მოხელეების ანგარება და უმეცრება, სამღვდელოების ფარისევლობა. ღრმა პატრიოტული და ჰუმანისტური ტენდეციით გამსჭვალულ თხზულებაში ქვეყნის დამღუპველ გარემოებად მიჩნეულია საყოველთაო უმეცრება, რაც ნიადაგს უქმნის ყოველგვარი ჯურის ბოროტებას.   კალმასობა არსებითად რეალისტური შემოქმედებითი მეთოდით გამართული ნაწარმოებია, რომელიც ძველი ქართული მწერლობის უკანასკნელ და ახალი ქართული ლიტერატურის პირველ თვალსაჩინო ძეგლად შეიძლება მივიჩნიოთ. ხელნაწერები აღმოაჩინა   დიმიტრი ბაქრაძემ   1861 წელს, ტექსტი შემოკლებით გამოიცა 1862 წელს.

იოანე ბატონიშვილს ეკუთვნის აგრეთვე საბუნებისმეტყველო მეცნიერების ენციკლოპედია (1814), ყრმათა სასწავლებლად განკუთვნილისხვათა და სხვათა სწავლათა შეკრებილებანი (1829); რუსულ-ქართული ლექსიკონი;   სულხან-საბა ორბელიანის სიტყვის კონიდან გამოკრებილი მცირე ქართული განმართებითი ლექსიკონი; ნარევი ტიპის (განმარტებითი, ენციკლოპედიური, თარგმნითი)ქართული ლეკსიკონი, რომლის მხოლოდ ნაწილია ჩვენამდე მოღწეული; ლექსად დაწერილი მიბაძვა იოანე სინელის კიბისა (1807), ორიგინალური თხზულებანი პატარა ედემით განძევა, აღსარება”, სამკურნალო წიგნი და სხვა. თარგმნა აბატი კონდილიაკის ლოღიკა  (1806).  ბიბლიოგრაფია

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button