ისტორია

მარიამ ლორთქიფანიძე – “დიდი მეცნიერი და მკვლევარი: აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია”

არიან პიროვნებანი, რომელთა დამსახურება ერისა და ქვეყნის წინაშე მათი გარდაცვალების შემდეგ კი არ ფერმკრთალდება, პირიქით რაც მეტი დრო გადის, მათი ღვაწლი უფრო აშკარად ვლინდება. ასეთი პიროვნება გახლავთ სიმონ ჯანაშია.

სამშობლოს წინაშე დამსახურებულ შვილთა არდავიწყება და მათი ღვაწლის სათანადოდ დაფასება კულტურული ერის ერთ-ერთი უპირველესი წმიდათაწმიდა მოვალეობაა. მეცნიერის უკვდავება – სამეცნიერო შრომებშია, პედაგოგისა – ლექციებსა და აღზრდილებში, მოქალაქისა – საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. “სიძნელეთა გზით – ვარსკვლავებისაკენ”, ეს ბრძანა ნიკო ბერძენიშვილმა სიმონ ჯანაშიას გარდაცვალების პირველი წლისთავისადმი მიძღვნილ სხდომაზე, ეს სიტყვები მიუწერია სოხუმის რეალური სასწავლებლის მასწავლებელს დამამთავრებელი კლასის მოსწავლის სიმონ ჯანაშიას ნამუშევრებისთვის. მოწაფემ მთლიანად გაამართლა მასწავლებლის წინასწარმეტყველება.

1918 წელს ის ახლადგახსნილ თბილისის ქართულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, სადაც ერთდროულად სწავლობდა საისტორიო და საენათმეცნიერო განყოფილებებზე და 1922 წელს, პირველი გამოშვების კურსდამთავრებული, ივანე ჯავახიშვილის წარდგინებით საპროფესოროდ მოსამზადებლად დატოვეს. 1926 წელს მიიწვიეს უნივერსიტეტში აფხაზური ენის ლექტორად, ამავე დროს დაევალა ისტორიის დარგის სტუდენტებისთვის წყაროთმცოდნეობის კურსის წაკითხვა, ამ დროდან მოყოლებული, თითქმის სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა საქართველოს ისტორიის ზოგად კურსს, კავკასიის მთიელ ხალხთა ისტორიას, ატარებდა სპეციალურ კურსებს საქართველოს ძველი და შუასაუკუნეების ისტორიის სხვადასხვა საკითხებზე. ის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთაგან პირველი პროფესორი.

1920 წელს უნივერსიტეტის საბჭომ ის აირჩია დოცენტად, 1935 წელს – საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ და პროფესორად, 1936-37 წლებში ის საქართველოს ისტორიის კაბინეტის გამგე იყო უნივერსიტეტში, ხოლო 1936-41 წლებში – საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის დირექტორი. სიმონ ჯანაშია იმ რჩეულ ქართველ მეცნიერთა ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო, რომელთაც 1941 წელს დააფუძნეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, რომლის ვიცე-პრეზიდენტი იყო სიცოცხლის ბოლომდე, 1941-43 წლებში ამ აკადემიის ორი, ისტორიის და ენათმეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, 1943 წელს გადადგა ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორობიდან, ხოლო გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტს.

სიმონ ჯანაშია უმთავრესად იკვლევდა ძველი და ადრინდელი შუასაუკუნეების საქართველოს ისტორიის პრობლემებს. მან შეიმუშავა საქართველოს ისტორიის ახლებური პერიოდიზაცია, გამოყო პირველყოფილი თემური წყობილების პერიოდი, გამოთქვა თვალსაზრისი ძვ. წ. პირველი ათასწლეულის შუახანებიდან ქართული სახელმწიფოების, ძვ. წ. || ს-დან კოლხეთის და ძვ. წ. ს-დან ქართლის (იბერიის) სამეფოთა არსებობის შესახებ. კრიტიკა გამოიწვია მისმა მოსაზრებამ კოლხეთის სამეფოს წარმოშობის საკითხთან დაკავშირებით საკავშირო და ქართულ პრესაშიც. მას საქართველოს ისტორიის გაიდეალებას და სხვა ბრალდებებსაც უყენებდნენ, მაგრამ, როგორც ცნობილია, ახალმა არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა, ზოგი ახალი წერილობითი წყაროს შემოტანამ სამეცნიერო მიმოქცევაში მთლიანად დაადასტურა ს. ჯანაშიას მოსაზრება ძვ. წ. | საუკუნეში კოლხეთის სამეფოს არსებობის შესახებ.

რაც შეეხება ფეოდალურ ურთიერთობათა ჩასახვასა და განვითარებას, ის ამ პროცესის ჩასახვას პირველი საუკუნეებიდან ვარაუდობდა, || საუკუნეს ფეოდალიზმის ხანად მიიჩნევდა, ხოლო || საუკუნეში ძალაუფლების ახალგაზრდა ფეოდალთა კლასის ხელში გადასვლას ფეოდალურ რევოლუციიას უწოდებდა.

|X-X საუკუნეები მას ადრეშუასაუკუნეებიდან განვითარებული ფეოდალიზმის ხანაზე გარდამავალ ეტაპად მიაჩნია და თვლის, რომ X საუკუნეში ძირითადად მთავრდება ადრეული ფეოდალიზმის ეტაპი და იწყება განვითარებული ფეოდალიზმის საფეხური, რომლის აყვავებას ის X|-X|| საუკუნეებს უკავშირებს.

ნიშანდობლივია, რომ ეს პერიოდიზაცია აისახა ქართული ისტორიოგრაფიის დიდი სამეულის – ივანე ჯავახიშვილის, ნიკო ბერძენიშვილის, სიმონ ჯანაშიას თანაავტორობით და სიმონ ჯანაშიას რედაქტორობით გამოსულ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში და ზოგიერთი კორექტივით, ძირითადად გაზიარებულია თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში. აქვე დგება მონათმფლობელური ფორმაციის პრობლემა. ე.წ . მარქსისტული საბჭოთა იდეოლოგია კაცობრიობის ისტორიაში ხუთი ფორმაციის არსებობას თვლიდა აუცილებლად. მოგეხსენებათ, რომ მაშინ ამ დებულების წინააღმდეგ ჯიქურ ბრძოლის საშუალება გამორიცხული იყო და სიმონ ჯანაშიამ, რომელმაც კარგად იცოდა, რომ საქართველოში მონათმფლობელობა, როგორც განვითარებული ფორმაცია არ არსებობდა, მაგრამ ცნობილი იყო მონათა არსებობა, მიუთითა, რომ მათი შრომა გამოყენებული იყო სატაძრო მეურნეობებში, საქალაქო მეურნეობაში, დიდ მშენებლობებში, ხოლო ფეოდალიზმის საწყისებსაც ის თემური წყობილების წიაღში ხედავდა, როგორც კარგადაა ცნობილი, მისმა თვალსაზრისმა შემდგომი განვითარება ჰპოვა ქართულ ისტორიოგრაფიაში.

უძველესი ისტორიის საკითხების კვლევამ მეცნიერის წინაშე ქართველთა ეთნოგენეზის, მისი წარმოშობა-ნათესაობის პრობლემა დააყენა. ეს პრობლემა აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა და დღესაც იწვევს, მან ქართველები კავკასიურ ეთნოსად სცნო და, ამასთანავე, ქართველთა სამხრეთიდან გადმოსახლების შესახებ არსებული მიგრაციული თვალსაზრისის წინააღმდეგ, გამოითქვა მოსაზრება სამხრეთიდან ჩრდილოეთით არა ტომთა გამოსახლების, არამედ მონათესავე ხალხში სამხრეთიდან ჩრდილოეთით კულტურული და პოლიტიკური ცენტრების გადანაცვლების შესახებ და აღნიშნა, რომ ქართველები ისტორიულად თავიანთი დღევანდელი მიწა-წყლის აბორიგენები არიან. საფუძვლიანად განიხილა ქართველთა ერად ჩამოყალიბების პრობლემა, უარყო ლიტერატურაში არსებული თვალსაზრისი, რომ ქართველები ერად X|X საუკუნის 60-იან წლებში ყალიბდებიან (ი. სტალინი) და აღნიშნა, რომ ქართველთა ერად ჩამოყალიბება (ისევე როგორც, საერთოდ, ერების ჩამოყალიბება) ხანგრძლივი ისტორიული პროცესი იყო და ერის ნიშნები მათ ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ადრეულ საფეხურზე ჰქონდათ, ხოლო X|X ს-ის 60-იან წლებს ერის საბოლოო ნიშანი – ეკონომიკური ერთობა უკავშირდება. მართალია, მოხსენება “ქართველი ერის წარმოშობის შესახებ სტალინური მოძღვრების შუქზე” წაკითხულ იქნა 1944 წლის 23 დეკემბერს, მაგრამ პირველად 1977 წელს გამოქვეყნდა.

სიმონ ჯანაშია ეროვნული ინტერესების დაცვას თვლიდა აუცილებლად. მან 1939-40 წლებში მოსკოვში გამოსული “სსრ კავშირის ისტორია” გააკრიტიკა საერთოდ და, კერძოდ, საქართველოს ისტორიისადმი მიძღვნილი განაკვეთები და იმის მიუხედავად, რომ ავტორები და რედაქტორები იმ დროს ცნობილი საბჭოთა ისტორიკოსები (გრეკოვი, ბახრუშინი, ნეჩკინა) იყვნენ, გაზეთმა “იზვესტიამ” 1940 წლის 11 ივლისს მისი რეცენზია გამოაქვეყნა.

1946 წელს ტოკარსკის სომხური არქიტექტურისადმი მიძღვნილ ნაშრომში ქართული არქიტექტურის ძეგლები სომხურად, ქართული შუასაუკუნოვანი არქიტექტურა სომხურის განშტოებად, ქართული მიწა-წყლის ნაწილი სომხეთად, ქართველი ბაგრატიონები სომეხი ბაგრატიონების ჩამომავლებად არიან გამოცხადებული. სიმონ ჯანაშიამ ამ ნაშრომის დასაბუთებული კრიტიკა გამოაქვეყნა.

სიმონ ჯანაშიამ საგანგებოდ შეისწავლა საქართველოს ურთიერთობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან (ბიზანტია, არაბთა სახალიფო), დიდი წვლილი შეიტანა ქართული ენის კვლევის, არქეოლოგიის, როგორც მეცნიერების დარგის, ისტორიული გეოგრაფიის განვითარებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია აგრეთვე მისი დიდი დამსახურება სამხრეთ-დასავლეთის (ტაო-კლარჯეთის) დასავლეთის (აფხაზეთის) ისტორიის კვლევაში და საგანგებოდ აღნიშნა (1936 წ.), რომ “საკუთრივ აფხაზებს (მათი დღევანდელი ტერიტორიის დიდ ნაწილზე) წინ უსწრებდა ქართველური მოსახლეობა, ერთი მხრით, სვანური შტოსი, მეორე მხრით – ჭანურ-მეგრულისა”.

სიმონ ჯანაშიას მოღვაწეობა დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. განსაკუთრებით მძიმე იყო ის ბრალი, რომელიც მას თავის მასწავლებელ ივანე ჯავახიშვილთან დაკავშირებით დასწამეს, მაგრამ 1930 და 1936 წლების “ტირანიის სამსჯავროს” მასალების გამოქვეყნებამ ცხადყო, რომ ის ივანე ჯავახიშვილს დიდ მეცნიერად თვლიდა, რომელმაც წინ წასწია ქართული ისტორიოგრაფიის განვითარება, რომ ის არ იყო მხოლოდ ფაქტების აღმნუსხავი ისტორიკოსი, რომ მას მნიშვნელოვანი თეორიული განზოგადოებანი აქვს, რომ მომავალი თაობები ივანე ჯავახიშვილის შრომების შემოქმედებითი ათვისების საფუძველზე უნდა აღიზარდონ. მისი “ნაციონალიზმი”, რასაც მას დიდ ბრალდებად უყენებდნენ, გარკვეულ ეტაპზე წარმოიშვა, რომლის მეთაურად მას ილია ჭავჭავაძე მიაჩნია.

სიმონ ჯანაშიას დამსახურებათა აღნუსხვა-შეფასება მოკლე საგაზეთო სტატიაში შეუძლებელია. ქართული ისტორიული მეცნიერებით წინ მიდის, ახალმა აღმოჩენებმა, საკითხების ახლებურმა კვლევამ შეიძლება კორექტივი შეიტანოს მის რომელიმე მოსაზრებაში, მაგრამ ის, რაც უკვე საერთო აღიარებულ დებულებად არის შესული ქართულ ისტორიოგრაფიაში, დამსახურებულად უმკვიდრებს მას დიდი მეცნიერისა და მკვლევარის ადგილს.

მარიამ ლორთქიფანიძე.
15.X|-2010

“საქართველოს რესპუბლიკა”
2010-11-16

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button