იგავ-არაკი

სულხან-საბა ორბელიანი – მოყვარულნი ცოლ-ქმარნი

იყვნენ ქალაქსა კონსტანტინეპოლისასა ერთი ცოლ-ქმარნი დიდად მოყვარულნი. ქმარი ბაზარში ჯდის სყიდვად რაოდენისა რისამე და თვალაგნა ქალმან ვინმე. იგი მრავალგზის გარს უვლიდის, და ვერ აგრძნა მან კაცმან ტრფიალება აშიკისა მისისა. მერმე ქალმან მან ფიალა ერთი წყლით აღავსო და ფურცელი ჭანდრისა ზედ დაბურა და წინაშე დაუდგა. კაცი იგი გაჰკვირდა და ვერა შეიტყო რა და დასნეულდა. 

უთხრა ცოლსა: 

ერთმან ქალმან ესრეთ მიქმნა და მას უკან ავად ვარ, მე ვეღარ ვკეთილობ. 

ცოლმან უთხრა: 

– ქალი იგი შენი ტრფიალი შექმნილა და ამით დასნეულებულხარ. თავს რად მოიკლავ, წადი მას ქალსა თანა! 

ქმარმან უთხრა: 

– არ ვიცი სად არის. 

უთხა ცოლმან: სადაც სახლის წინ ჭანდარი იდგეს და ჭანდრის წინ აუზი იყოს, მუნ მონახე და პოვებო! 

წავიდა ქმარი მისი და ადგილი იგი პოვა. კარი დახშული იყო და არ გააღეს. მოვიდა, ცოლს უთხრა. 

ცოლმან უთხრა: მის კარიდამ შენი მისვლა არ ნებავს, სხვის კარით მიდიო. 

წავიდა კაცი იგი, სხვა კარით შევიდა, მას ქალს შეეყარა, ილხინეს და იმუსაიფეს. 

მოვიდნენ ბაზრის მცველნი და მათ ქალ-ყმათ კარი დაუჭირეს, მრავალი ქრთამი აძლიეს და თავი ვერ დაიხსნეს. მან კაცმან ერთს კაცს ერთი ფლური მისცა, მის ცოლთან გაგზავნა: ჩვენ ესრეთ მოგვევლინაო! 

იგინი ბაზრის მცველთ წაიყვანეს, საპატიმროსა დააბნეს. ენებათ მეორეს დღეს ყადის მბობა და დახოცა მათი. 

მან კაცისა ცოლმან ერთი წიგნი დაწერა ყადთან: შენ, სამართლიანო მსაჯულო! შენს დროში ცოლ-ქმარნი ერთმანერთის ყოფისათვის გაიყვანონ და შეიპყრან და დაატყვევონ ვის ჟამად ქმნილაო? 

და თვით ზეწარში გაეხვია, და სადაც ქმარი დაბმული და იგი ბოზი დიაცი იყო, მუნ მივიდა. მეპატიმრეს შეევედრა, ვალი მართებს მას კაცსა ჩემიო და მუნ შემიშვიო! 

რა შეუშვა, ზეწარი მას ბოზს დიაცს წამოასხა, გამოუტევა და თვით ქმარს მოუჯდა. 

რა ყადს მისი წიგნი მიუვიდა, დია იწყინა. გაგზავნა კაცნი და მის წინ პყრობილნიცა და შემპყრობელნიც მოიყვანნა. მათ შემპყრობელთ ფიცეს: ესენი ისიძევდესო და ბოზობაზე შევიპყარითო. 

მან ქალმან ესე უთხრა: მამაჩემი ესადაეს კაცია და მას ჰკითხეთ, თუ მე ამ კაცის ცოლი არ ვიყო! თუ ბოზობას მიდებთ სხვას კაცთან მიწყინეთ, თვარა ჩემს ქმართან მე ბოზობას ვერას საქმით ვერ მოვრჩებიო.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button