უცნაური

ადამიანები უჩვეულო და შოკისმომგვრელი ანომალიებით (NSFW)

● რუდი სანტოსი – ადამიანი-რვაფეხა
69 წლის ფილიპინელ რუდი სანტოსს ტანჯავს უკიდურესად იშვიათი მდგომარეობა, რომელსაც Craniopagus parasiticus ანუ „პარაზიტი ტყუპი” ეწოდება. ამ დეფორმაციის მქონეთაგან ის ყველაზე ხნიერია. რუდის მენჯებიდან და მუცლიდან გამოზრდილია მკლავებისა და ფეხების დამატებითი წყვილი, რომელიც ოდესღაც მის ტყუპისცალს ეკუთვნოდა, მაგრამ მუცლად ყოფნის პერიოდში მისმა სხეულმა შეიწოვა. რუდის სხეულზეა ასევე დამატებითი წყვილი კერტები და განუვითარებელი თავი ყურითა და თმებით. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში რუდი სხვადასხვა წარმოდგენებში იღებდა მონაწილეობას და ზოგჯერ დღეში 20 000 პესომდე შოულობდა. სწორედ სცენაზე მოიპოვა მეტსახელი – ადამიანი-რვაფეხა. მას ხშირად ამსგავსებდნენ ღმერთს და მის მოსანადირებლად ქალები რიგში დგებოდნენ. 80-იანების მიწურულიდან რუდი გაუჩინარდა და გარკვეული პერიოდი სიღარიბეში ცხოვრობდა. 2008 წელს ექიმებმა ანალიზები ჩაუტარეს და ოპერაციის გაკეთება შესთავაზეს, მაგრამ რუდიმ უარი განაცხადა, რადგან გამონაზარდებს შეეჩვია.


● მანარ მაგედი – ორთავიანი გოგონა
მანარ მაგედი კაიროში დაიბადა 2004 წელს და რუდის მსგავსად პარაზიტი ტყუპის მდგომარეობით იტანჯებოდა. ის და მისი ტყუპისცალი და ერთმანეთს თავის მიდამოში შეეზარდნენ, თუმცა მის დას არ ჰქონდა კიდურები და მხოლოდ თვალის დახამხამება, ღიმილი და ტირილი შეეძლო. ათი თვის ასაკში მანარი ძლიერ ავად გახდა და კაიროს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა დაასკვნეს, რომ თუკი სასწრაფოდ არ მოხერხდებოდა ტყუპების გაცალკევება, ორივე დაიღუპებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ოპერაცია დასრულდა, მანარის და გარდაიცვალა, რადგან სისხლის მიწოდების წყარო მისთვის მისი დის სხეული იყო და მის გარეშე არსებობა არ შეეძლო. ერთი წლის შემდეგ, ოპერაციის შემდგომ გამოწვეული გართულებების გამო, მანარს ტვინის მიდამოში ინფექციები განუვითარდა და გარდაიცვალა.


● მინ ანი – ბიჭი-თევზი
მინ ანი ვიეტნამელი ბიჭია, რომელიც დაიბადა კანის უჩვეულო დაავადებით – მისი კანი იბზარება და იქერცლება. მიიჩნევა, რომ ამ მდგომარეობის გამომწვევია „Agent Orange” – დიოქსინის შემცველი დეფოლიანტი, რომელსაც აშშ-ის არმია ვიეტნამის ომში იყენებდა ტყეების ფოთლოვანი სამოსის გასანადგურებლად. ამ დაავადების გამო კანის ტემპერატურა ნორმაზე მაღლა ადის და რეგულარული აბაზანების გარეშე ძალიან არაკომფორტულ სიტუაციაში აყენებს მინს. მინი ობოლთა თავშესაფარში გაიზარდა და აქვე მიიღო მეტსახელი „თევზი”. თავშესაფრის სხვა მობინადრეების მიმართ ის აგრესიით გამოირჩეოდა, ამიტომ ხშირად საწოლზე აბამდნენ ხოლმე. შემდგომში მან ბრიტანელი პენსიონერი ქალი ბრენდა სმიტი გაიცნო, რომელიც ხშირად აკითხავდა და წლების შემდეგ საკმაოდ დაახლოვდნენ. ბრენდა მინს ბევრ რამეში დაეხმარა, გაუჩინა მეგობარი და მასთან ერთად ყოველ კვირას საცურაო აუზზე დაჰყავდა, რაც ამჟამად მინის ჰობს წარმოადგენს.


● ჯოზეფ მერიკი – ადამიანი-სპილო
ამ სიის ყველაზე ცნობილი პერსონა ალბათ ჯოზეფ მერიკია. 1836 წელს დაბადებული ინგლისელი ჯოზეფი ლონდონში ცნობილი პიროვნება გახდა და მალე მსოფლიო პოპულარობაც მოიპოვა. ის პროტეუსის სინდრომით დაიბადა, რის გამოც სქელი და ხორკლიანი კანი ჰქონდა, ძვლები კი სქელი და დეფორმირებული იყო, ასევე განუვითარდა გაფართოებული ტუჩები და დიდი ძვლოვანი გამონაზარდი შუბლზე. 11 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა, მამამ კი სხვა ქალი შეირთო და მალე მიატოვა. 13 წლის ასაკში ჯოზეფი სახლიდან წავიდა და ლესტერში გადავიდა სამუშაოდ, სადაც გაიცნო შოუმენი სემ ტორი და მალე მისი წარმოდგენების მთავარ ნომრად იქცა. სასცენო სახელიც აქ შეარქვეს – „ადამიანი-სპილო”. დიდი ზომის თავის გამო ჯოზეფს დამჯდარს უწევდა ძილი, მწოლიარე მდგომარეობაში თავის ქალის სიმძიმის გამო ეს შეუძლებელი იყო. 1890 წლის 11 აპრილის ღამეს ჯოზეფმა სხვა ადამიანებივით დაძინება გადაწყვიტა და წამოწვა, რის გამოც კისერი იღრძო და ასფიქსია დაემართა, დილით კი გარდაცვლილი იპოვეს.


● დიდიე მონტალვო – ბიჭუნა-კუ
კოლუმბიელ დიდიე მონტალვოს სჭირდა თანდაყოლილი მელანოციტური ნევუსი, რაც მთელ სხეულზე მრავალი მეჭეჭის გაჩენასა და სწრაფ ზრდას იწვევს. ამ დაავადების შედეგად დიდიეს ზურგის მიდამოში გამონაზარდი გაუჩნდა, რომელიც ამოიბურცა და კუს ნიჟარის მსგავსი ფორმა მიიღო, რის გამოც მალე თანატოლებმა შესაბამისი მეტსახელი შეარქვეს. ადგილობრივები თვლიდნენ, რომ დიდიეს ჩასახვაში ეშმაკმა მიიღო მონაწილეობა, რის გამოც ბავშვები გაურბოდნენ, მალე კი სკოლაში სიარულიც აუკრძალეს. როდესაც ბრიტანელმა ქირურგმა ნილ ბალსტროუდმა დიდიეს მდგომარეობაზე შეიტყო, ბოგოტაში ჩავიდა, რათა განეკურნებინა. დიდიე 6 წლის იყო, როდესაც ოპერაცია ჩატარდა. შედეგი წარმატებული იყო – გამონაზარდი მოშორდა და ბავშვმა ჩვეულებრივი ცხოვრება განაგრძო, დადის სკოლაში, ჰყავს მეგობრები და სხვა ადამიანებივით ცხოვრობს.


● მენდი სელარსი
ლანკაშირელ მენდი სელარსს ჯოზეფ მერიკის მსგავსად პროტეუსის სინდრომი დაუდგინეს. ეს დაავადება ძალიან იშვიათია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 120-მდე ადამიანს სჭირს. მენდის შემთხვევაში ფეხები არაბუნებრივად გამსხვილდა და სხეულის წონის 133 კგ-იდან 95 კგ ფეხებზე მოდიოდა, გარშემოწერილობა კი 1 მეტრი იყო. არაბუნებრივად გაფართოებული ტერფის გამო მენდის სპეციალური ფეხსაცმლის შეძენა უწევს, რაც 4000 დოლარი უჯდება. ასევე ჰყავს მოდიფიცირებული მანქანა, რომლის სამართავად ფეხების გამოყენება არაა საჭირო. 2010 წელს ვენების თრომბოზისა და მეთილინის მიმართ მედეგი სტაფილოკოკისგან გამოწვეული ინფექციის გამო ექიმებმა მენდის მარცხენა ფეხი მუხლს ქვემოთ მოკვეთეს. ოპერაციის შემდგომ ფეხის დარჩენილმა ნაწილმა ზრდა დაიწყო და უფრო გამსხვილდა, რის გამოც ახალი ტიპის პროთეზი დაუმზადეს.


● პეტერო ბაიაკატონდა
პეტერო ბაიაკატონდა უგანდელი ბიჭია, რომელსაც კრუზონის სინდრომი სჭირს. ეს დაავადება საშუალოდ ყოველ 25 000-ე ბავშვს აქვს, მაგრამ პეტეროს შემთხვევა გამორჩეულია. კრუზონის სინდრომი იწვევს თავის ქალის არასწორ განვითარებას, რაც თავის მხრივ წნევის გამო თვალის კაკლების ბუდიდან გადმოკარკვლასა და ყურის მდგომარეობის შეცვლას იწვევს, ამის შედეგი კი მხედველობისა და სმენის პრობლემებია. განვითარებულ ქვეყნებში კრუზონის სინდრომით გამოწვეულ დეფორმირებებს, როგორც წესი, დაბადებიდან მალევე მკურნალობენ, მაგრამ პეტეროს მსგავსი ფუფუნების ბედნიერება არ ჰქონდა, რადგან საავადმყოფოდან ასეულობით კმ-ის მოშორებით ცხოვრობს. მეზობლები პეტეროს გარეგნობის გამო ჯერ დასცინოდნენ, შემდეგ კი გაურბოდნენ, რის გამოც ის ძირითად დროს თავის ოთახში ატარებდა და სახლიდან იშვიათად გადიოდა. ერთხელ პეტერო მის სოფელში გავლით მყოფმა ერთმა ექიმმა შენიშნა და დახმარება გადაწყვიტა. მოუგროვა თანხა და ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში წაიყვანა, სადაც პეტერო 6 თვე დარჩა, შემდეგ კი თავის ქალის ფორმის შეცვლის ოპერაცია ჩაიტარა. ამან მხედველობის ნერვებსა და ტვინზე წნევა გაზარდა. მეორე ოპერაციით თვალების გარშემო ძვლოვანი სტრუქტურის რეკონსტრუქცია მოახდინეს, მაგრამ სიტუაცია გართულდა და პეტერომ სისხლის მოცულობის თითქმის 80% დაკარგა, რის გამოც მდგომარეობა კრიტიკური გახდა. საბედნიეროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს და ამჟამად ის ბედნიერად ცხოვრობს თავის სოფელში.


● ჯოზე მესტრე
ჯოზე მესტრეს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონიდან სახეზე განუვითარდა უზარმაზარი გამონაზარდი, რომელიც 14 წლის ასაკში დაეწყო ტუჩებიდან. წლების განმავლობაში ეს სიმსივნე პროგრესირებდა და ზომაში 40 სმ-ს, წონაში კი 5 კგ-ს მიაღწია. ამის გამო თითქმის ვეღარ ხედავდა და ძალიან უჭირდა სუნთქვა, ჭამა და ძილი. ასეთ მდგომარეობაში მან 40 წელი გაატარა, რადგან წლების განმავლობაში ის არ ფლობდა შესაბამის ინფორმაციას მკურნალობის შესაძლებლობის შესახებ და არ ჰქონდა საკმარისი ფინანსები, ასევე დედამისი იეჰოვას მოწმე იყო, იეჰოვას მოწმეებში კი აკრძალულია სისხლის გადასხმა და დედას სურდა, შვილიც მის მსგავსად მოქცეულიყო. 2008 წელს ჯოზეს დედა გარდაიცვალა და მის ერთადერთ მომვლელად და დარჩა. 2010 წელს ექიმებმა ჯოზე არჩევნის წინაშე დააყენეს: ან სიკვდილი, ან იეჰოვას მოწმეების რწმენაზე უარის თქმა და ოპერაციის ჩატარება. ჯოზემ მეორე ვარიანტი აირჩია და ექიმებმა 4 ურთულესი ოპერაცია ჩაატარეს, რომელთაგან პირველი სიმსივნის მოშორება იყო, დანარჩენი 3 კი – სახის რეკონსტრუქცია. წარმატებული ოპერაციების შემდეგ ჯოზე რამდენიმე კვირის განმავლობაში მკურნალობას გადიოდა, საბოლოოდ კი ლისაბონში დაბრუნდა.


● დედე კოსვარა
ინდონეზიელ დედე კოსვარას სჭირს უიშვიათესი დაავადება – ევანდოვსკი-ლიუტსის დისპლაზია, რომელიც ხასიათდება კანზე მრავლობითი დიდი და მყარი პოლიმორფული გამონაყრით, რაც ვიზუალური ფორმით ხის ქერქს ჰგავს. ეს ცხადია, უკიდურესად შემაწუხებელი რამ იყო დედესთვის, რადგან უზარმაზარი და მძიმე ხელებით ვეღარ ახერხებდა მარტივი მოძრაობების შესრულებას. გამონაყარი მთელ სხეულზე ჰქონდა, მაგრამ მთავარი ეპიცენტრი ხელები და ტერფები იყო. 2008 წელს დედემ აშშ-ში ჩაიტარა ოპერაცია და 6 კგ ზედმეტი გამონაზარდი მოიშორა (რაც 95% იყო), რის შემდეგაც ხელებზე კანის ქსოვილები გადაუნერგეს. სამწუხაროდ სისხლის ტესტებმა აჩვენა, რომ დედეს იმუნური სისტემა დასუსტებულია და ამ ინფექციასთან ბრძოლა არ შეუძლია, რის გამოც გარკვეული პერიოდის შემდეგ გამონაყარი ისევ გაჩნდა. იმისთვის, რომ ასე თუ ისე ნორმალური ცხოვრება შეძლოს, დედემ რეგულარულად, წელიწადში ორჯერ უნდა ჩაიტაროს ოპერაციები.


● ალამიან ნემატილაევი
ჩანასახი ჩანასახში იშვიათი ანომალიაა, რომელიც 500 000-დან ერთ შემთხვევაში ხდება. მისი მიზეზი უცნობია, მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ეს ხდება ორსულობის ადრეულ ეტაპზე და ერთი ნაყოფი მეორის შიგნით აღმოჩნდება ხოლმე. ასეთი პარაზიტული ტყუპების დიდი ნაწილი პატარა და განუვითარებელია, მაგრამ ზოგიერთი დიდ ზომას აღწევს. ყაზახ ალამიან ნემატილაევს ჰყავდა პარაზიტი ტყუპი თმით, კიდურებით, კბილებით, ფრჩხილებით, გენიტალიებით, თავითა და სახის ძირითადი ნაწილით. ალამიანის ტყუპისცალი მის სხეულში 7 წელი იყო, სანამ აღმოაჩენდნენ. 2003 წელს სკოლის ექიმმა შენიშნა, რომ მუცელი უცნაურად ჰქონდა გამობერილი და შემოწმებაზე გაუშვა. ექიმებმა ჩათვალეს, რომ კისტა განუვითარდა და შემდეგ კვირას ოპერაციაც ჩაუტარეს, მაგრამ მათდა გასაოცრად, 2 კგ წონისა და 20 სმ სიგრძის ნაყოფი აღმოაჩინეს. ბიჭის მშობლებმა ჩათვალეს, რომ ეს მდგომარეობა ჩერნობილის რადიაციამ გამოიწვია, მაგრამ ექსპერტებმა უარყვეს. ალამიანი ოპერაციის შემდეგ გამოკეთდა და დღემდე არ იცის, რა იყო რეალურად მის მუცელში წლების განმავლობაში.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button