ლიტერატურამოთხრობა

ქეთი ორჯონიკიძე – “თუთიყუში”

(ციკლიდან “ემიგრანტული მოთხრობები”)

მართალია, მერი და ჯეი-ჯეი გასამგზავრებლად მზად იყვნენ, მაგრამ მერიმ ჩვეულებას არ უღალატა და ფოსტას გადახედა.
– ნაგავია, ნაგავი… – ბურტყუნებდა და უამრავ სარეკლამო ბუკლეტსა თუ ბარათს იატაკზე ყრიდა.
– ეს რაღა ჯანდაბაა?! – წამოიძახა და გაოცებით დააჩერდა უცნაურ ბარათს, რომლზეც თუთიყუშის ფერადი ფოტო დაეწებებინათ, მეორე მხარეს კი დიდი ასოებით ეწერა – “ძვირფასო მეზობლებო, დიდად დამავალებთ, თუ ყურადღებით წაიკითხავთ ამ წერილს.”
– რა სისულელეა!? – ჩაილაპარაკა მერიმ, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია და წერილი წაიკითხა. “ამ დილას შემთხვევით გაგვიფრინდა ჩვენი მოლაპარაკე კოკო. გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ჩვენს ოჯახში დატრიალებული ტრაგედია და დგვეხმაროთ თუთიყუშის მოძებნაში. ცნობისათვის: ის შორს ვერ წავიდოდა, შეიძლება სადმე ხის ტოტზეა შემომჯდარი. ჩვენ კოკოს ველოდებით, მის მპოვნელს კი 3 ათასი დოლარის ჩეკი ელოდება. წინასწარ გიხდით მადლობას, თქვენი მეზობლები, მწვანე მოსახვევი, სახლი 7.”
– ეს ხომ ზუსტად ჩვენი მოპირდაპირე სახლია! – შესძახა მერიმ და წერილში იმ ადგილს თვალი ვერ მოსწყვიტა, სადაც 3 ათასი დოლარი იყო ნახსენები.
– ჯეი-ჯეი, მოდი რა გაჩვენო! – გასძახა ქმარს.
– გავდივართ ძვირფასო, გავდივართ!… – ბურტყუნებდა ჯეი-ჯეი და გძელ კორიდორში მოაბიჯებდა. თუმცა მაინც დაემორჩილა ცოლის ბრძანებას, რომელმაც ხელში ბარათი მიაჩეჩა.
– ეს რაღა ჯანდაბაა?! – იკითხა კაცმა, თვალი გადაავლო წერილს და ერთ ადილს ჩააშტერდა.
– სამი ათასია, სამი, რით ვეღარ გაარჩიე?! – ნერვიულად წამოიძახა მერიმ და ქმარს წერილი ხელიდან გამოსტაცა.
– ეს ფული ხომ დღევანდელ ხარჯებს დაგვიფარავდა… – ჩაფიქრდა ჯეი-ჯეი.
– რა თქმა უნდა, დაგვიფარავდა. აი, სწორედ ამაზე იტყვის ხოლმე მამაჩემი, მუქთა ფულიო. წარმოგიდგენია? ვინ იცის, იქნებ ჩვენს ეზოშია გადმოფრენილი და სანამ ატლანტიკ სიტიდან ჩამოვალთ იპოვიან კიდეც და ფულსაც აიღებენ.
–აბა, რა გეგონა მხოლოდ მამაშენს უყვარს მუქთა ფული? – ჩაეცინა ჯეი–ჯეის.
–არა, ხომ შეიძლება ჩვენი ხის ტოტზე ზის და მხოლოდ ხელის ერთი აწევა უნდა?
– ხელი თუ ასწიე, ეგ ხომ მუქთა ფული აღარ იქნება?! – გული შეუღონდა ჯეი-ჯეის, ცოლმა თუთიყუშის მოძებნა არ დამავალოსო.
ამ დროს ოთახში მტვერსასრუტით ხელში დამლაგებელი გოგო შემოფრატუნდა. მაშინვე შეატყობდით გონებით სხვაგან რომ დაფრინავდა.
– ამაზეც ხომ დასარეკი მაქვს, სულ არ დამავიწყდა? – წამოიძახა მერიმ, ტელეფონს დასწვდა, ცალი ხელი კი გოგოს წაავლო და გვერდით დაიყენა.
– გამარჯობა, ძვირფასო, კიდევ უნდა შეგაწუხოთ. შენი დამლაგებლის დახმარება მჭირდება როგორც ყოველთვის… – და მერიმ მოუთმენლად თვალები გადაატრიალა.
– გამარჯობა, მე და ჯეი-ჯეი ატლანტიკ სიტიში მივდივართ. მართალია, ჯერ არ ვიცით როდის დავბრუნდაბით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხვალ საღამომდე არ ჩამოვალთ. გადაუთარგმნე, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იმავეს გააკეთებს, რასაც სხვა დღეებში აკეთებდა. ე.ი. მოწმენდს იატაკს, მტვერსასრუტით ჩამოუვლის ყველაფერს, ყველა სააბაზანოს დახეხავს, ერთი სიტყვით, როგორც ჩვეულებრივ ალაგებს ხოლმე… მხოლოდ ლოგინები არ ექნება გასასწორებელი.
– თეთრეულს გამოცვლის! – ჩაილაპარაკა ჯეი-ჯეიმ.
– ჰო, ჰო, თეთრეულს გამოცვლის, კარს არავის გაუღებს, ტელეფონს ხელს არ ახლებს და რასაც დავავალებ, ყველაფერს ზედმიწევნით შეასრულებს. მგონი, არაფერი გამომრჩა. რომ გადაუთარგმნი, კიდევ ერთხელ ჩაეკითხე და დარწმუნდი, რომ ყველაფერი გაიგო.
მერიმ ყურმილი მოსამსახურე გოგოს გადასცა, თან დაჟინებით მიაჩერდა…
– ოქეი? – ჩაეკითხა მერი.
– ოქეი! – დაუდასტურა გოგომ.
– უქმად რომ არ მოცდეს, იქნებ თუთიყუშის მოძებნაც დაგევალებინა… – ჩაილაპარაკა სხვათაშორის ჯეი-ჯეიმ. მერიმ ქმარს გადახედა და გამომშვიდობების ნაცვლად სასწრაფოდ ყურმილში ჩასძახა.
– მოიცა, მოიცა, გეგთაყვა! უფრო სწორედ უთხარი, თავი დაანებოს ხეხვა-წმენდას და ეზოში თუთიყუში მოძებნოს, რომელიც ჩვენს მეგობარ მეზობლებს ამ დილას გაუფრინდათ.
– თუთიყუშს რომ დაიჭერს, შემდეგ გაწმინდოს კიდეც! – ჩაილაპარაკა ჯეი-ჯეიმ.
– დიახ, დიახ, როცა იპოვის თუთიყუშს, გაწმინდოს კიდეც! – შესძახა ქმრის სიბრძნით გახარებლმა მერიმ და ყურმილი ისევ გოგოს მიაწოდა. თან სახე ახლოს მიუტანა, ეგონა უფრო კარგად ამოიკითხადვა მის აზრებს და ამოიკითხა კიდეც – უზომო გაოცება!
– თუთიყუში… – გაიმეორა მოსამსახურე გოგომ. ეტყობოდა რუსი ქალი, რომელიც მერის მეგობართან დამლაგებელად მუშაობდა, ცდილობდა ეს სიტყვა მისთვის ინგლისურად ესწავლებინა.
– ჰო, ჰო, თუთიყუში! – შეჰყვირა მერიმ და ფოტო თვალწინ აუფრიალა. შემდეგ ქალს დიდი მადლობა გადაუხადა დახმარებისათვის, სასწრაფოდ დაემშვიდობა და ჯეი-ჯეის ისე მიუბრუნდა, თითქოს დიდ საქმეს მოაბა თავი.
– იცი რა, თუ დაიჭერს, აქ შეაგდოს, ამ ოთახში, – უთხრა ჯეი-ჯეიმ.
– ეგ ხომ ჩემი ფეხსაცმელების ოთახია, გინდა, რომ ფეხსაცმელებზე დამისკინტოს? – აღშფოთდა მერი.
– მაშინ უთხარი, შენს სააბაზანოში შეაგდოს.
– რატომ მაინცდამაინც ჩემს სააბაზანოში, შენსაში შეაგდოს! – თვალები დაუბრიალა ქალმა ქმარს.
– მაშინ სტუმრებისაში შეაგდოს, რა გენაღვლება, მაინც მაგან არ უნდა გაწმინდოს?
მერიმ ხელებით აუხსნა მოსამსახურე გოგოს, სად უნდა მოეძებნა თუთიყუში და როგორ უნდა შეეგდო სტუმრების სააბაზანოში. შემდეგ გარაჟში ჩასული კიდევ ერთხელ შებრუნდა სახლში – ინგლისურის ინჩი ბინჩი არ ესმის, მაგრამ ჯობს მაინც გადავმალო, – ჩაიბურტყუნა თავისთვის და წერილი ღრმად ჩამალა კომპიუტერის მაგიდის ქვეში მდგარ რკინის საქაღალდეში.

– ჩემი ჭკვიანი ბიჭი! – პუტკუნა ლოყაზე აკოცა მერიმ ჯეი-ჯეის, როდესაც ბოლოსდაბოლოს მანქანაში ჩაჯდა.
– ოღონდ ერთი პირობით, ჯეი, შენ გადაუყვან თუთიყუშს მეზობლებს. ხომ იცი, ფრინველებზე ალერგია მაქვს და ბუმბულს ვერ ვეკარები. არ მესმის
როგორ იტანენ სახლში, ვვვ…– გააკანკალა მერის.
– ჰმ, მიყვანაც მე მომანდო – ჩაეცინა ჯეი-ჯეის, – ეგეც მამაშენმა გასწავლა?
წუთიც და წითელი “კაბრიოლეტი” ადგილს მოსწყდა და ხეებით დაბურულ გზაზე გაუჩინარდა. ჟალუზებიდან მოთვალთვალე ირმა აღარ დაელოდა გარაჟის ავტომატური კარის დახურვას და ტელეფონისაკენ გაექანა.
– მარტო ხარ? – ჰკითხა თავის მეგობარს, რომელიც იქვე ვესჩესტერში მუშაობდა, მისგან სულ რაღაც 20 წუთის მანქანით სავალ გზაზე.
– მარტო ვარ. ჩემები ხვალ საღამომდე არ ჩამოვლენ, ატლანტიკ სიტიში წავიდნენ. მე საქმე მოვათავე და “ნენის” ვუყურებ.
– მართლა? ჩემებიც ატლანტიკ სიტიში წავიდნენ და ხვალ საღამომდე არ ჩამოვლენ.
–აბა, რაღა გიჭირს, დღეს ალბათ მიშიკოსაც დაურეკავ.
– დამიბარეს ყველაფერი იგივე გააკეთე, ხეხე და წმინდეო, არადა აქაურობა ბზინავს.
– აკი გითხარი, საწმენდი აეროზოლები გაუშვი ჰაერში და ვერაფერს მიხვდებიან მეთქი, გიჟი ხომ არ ხარ, მომბაძე და ისწავლე მუშაობა ბოლოს და ბოლოს.
– მეშინია კმერა არ ჰქონდეთ…
– არა მგონია, კამერა ბავშვიანებს აქვთ ხოლმე…
– ჰო, მართლა, რომ მიდიოდნენ რაღაც წერილი მოუვიდათ დაკარგული თუთიყუშის შესახებ და მოძებნა მე დამავალეს, ეზოში და ხეებზე ეძებეო.
– მოგცლია ერთი, ვითომ ეძებე და ვერ ნახე, რას გაიგებენ?! ნუ იკლავ თავს შრომით, დამიჯერე, არავინ დაგიფასებს. როცა აღარ დასჭირდები, მადლობასაც არ გეტყვიან ისე გაგისვრიან გარეთ. ეჰ, თუმცა, რომ ჩამოვედი, მეც ასე არ ვიყავი? – ამოიოხრა მძიმე დღეების გახსენებაზე, – მოიცა, ის წერილი ხომ არ გადააგდე?
– რომელი წერილი?
– რომელი და, სადაც დაკარგულ თუთიყუშზეა ლაპარაკი.
– ქალს ჰქონდა, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს სად შეინახა.
– არ გადააგდებდნენ, ალბათ გადამალეს, მოძებნე და გადათარგმნე. გაიგე რა ხდება, ტყუილად არ დაგავალებდნენ თუთიყუშის მოძებნას, შეიძლება ფულს იძლევიან. ჩემებმა ძაღლი რომ დაკარგეს, მპოვნელს
5 ათასს ჰპირდებოდნენ.

. . .

ირმამ პირველად ქაღალდების სანაგვე გადმოაპირქვავა, მაგრამ წერილი ვერ იპოვა. მერე ირგვლივ ყველაფერი გადაქექა, მაგრამ ამაოდ, არადა კარგად ახსოვდა, რომ მერი მეორე სართულზე არ ასულა. ამიტომ დაკვირვებული თვალი კიდევ ერთხელ მოავლო იქაურობას და მზერა რკინის საქაღალდეზე შეაჩერა. ეს შავი ყუთი ხომ სასწაულად იკრავდა მტვერს. როგორც ყოველთვის, ამ დილითაც გადაწმინდა და მშვენივრად ახსოვდა დაკეტილი რომ იყო. ახლა კი ახდილი სახურავით დაუდევრად იყო გვერდმიქცეული, თითქოს ფეხი წაჰკრეს და ისე შეაცურეს მაგიდის ქვეშო. – ალბათ იქ დამალა! – წამოიძახა ირმამ და ყუთისაკენ გაექანა. არც შემცდარა, წერილს ხელი დაავლო, სარდაფის კიბე ჩაირბინა და გულამომჯდარი მისთვის განკუთვნილ პაწაწინა ოთახში შევარდა, სადაც უზარმაზარი ლექსიკონი ჰქონდა შენახული. მაგრამ როდესაც წერილს დახედა და ციფრი სამი ათასი დაინახა, მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე. მაინც ყველა სიტყვა სათითაოდ გადათარგმნა.
– თუთიყუშის მპოვნელს სამი ათას დოლარს ჰპირდებიან, ამათ კი უნდათ მე დავიჭირო და თვითონ ჩააბარონ, – ჩაფიქრდა ირმა, – თანაც ამ დილას გაფრენილა… – საათს გახედა, ჯერ თერთმეტი საათი იყო და ისევ ტელეფონს დასწვდა.
– წარმოგიდგენია? თუთიყუშის პოვნაში თურმე სამი ათასს იძლევიან, – უთხრა მეგობარს. – მერე გადი, მოძებნე და შენ ჩააბარე, რა გაწყენს სამი ათასი?
– კი, მაგრამ რომ გამიგონ?
– საიდან გაიგებენ? დღეს ჩააბარებ, ფულს აიღებ, ხვალ კი რომ დაბრუნდებიან, ეტყვი, რომ მუშაობა აღარ შეგიძლია, საქმრო ჩამოგდის, ან რაღაცას მოიგონებ. დამიჯერე, არც მოგისმენენ. დაადებ შენი ბოლო კვირის ხელფასს იმ სამი ათასს და ბაი, ბაი, სხვაგან დაიწყებ მუშაობას. თუ დამლაგებლის ადგილს ვერ იშოვი, ჩვენებური ანდაზა მაინც არ გახსოვს, ვირი იყოს, თორემ კურტანს ყოველთვის იშოვისო.– დამაჯერებლად უთხრა მეგობარმა.
– ამისთანა კარგ ხალხს სადღა შევხვდები?
– ჰმ, დამიჯერე ყველა ერთნაირია, ერთნაირი…

ირმამ ეზოს გახედა და ჩაფიქრდა. წარმოიდგინა, როგორ იპოვა თუთიყუში, მიუყვანა მეზობლებს და გახარებულებმა როგორ გამოურბენინეს სამი ათასი დოლარის ჩეკი. ამდენი რომ აიღოს, სამ თვეზე მეტი უნდა იმუშაოს. თანაც სად ერთიანად აღებული ფული და სად ნაწილ-ნაწილ… რომლის ერთად თავის მოყრაც ძალზე ჭირს. ხან ნათესავი ურეკავს, ხან მეგობარი, ფული გვჭირდებაო. ალბათ ჰგონიათ ამერიკაში დოლარები ხეებს ასხია. არადა, საქმროც ეხვეწება, ამერიკაში წამომოყვანეო, იმის ბილეთის ფულიც ხომ უნდა მოაგროვოს, მერე ბინაც ხომ უნდა დაიქირაოს ნიუ იორკში. რამდენი ხარჯი აწვება კისერზე?! თავისი ანგარიშით ყველაფერს ექვს თვეში უნდა მოაბას თავი, თუმცა შეიძლება ვერც ჩაეტიოს ამ დროში. სამი ათასი ერთად რომ მისცა, უცბად მოაგვარებდა პრობლემებს, მიშიკოსაც ჩამოიყვანდა და იქნებ ჯვარიც დაეწერათ აქვე, ბრუკლინის მართლმადიდებელ ეკლესიაში… თუმცა რა დროს ჯვრისწერაა, – ფიქრებიდან გამოერკვა ირმა. მიხვდა, რომ შორს შეტოპა, ჯერ ხომ თუთიყუში არც უპოვია. ისევ მეგობარს დაურეკა:
– გადავწყვიტე მოვძებნო! მაგრამ მე ხომ ალერგია მაქვს ფრინველებზე და ბუმბულს ვერ ვეკარები?
– ვინ გითხრა ხელი შეახეო? ნაჭერი გადააფარე. ყველაფერს აზვიადებ! დაღამდა, როდისღა უნდა მოძებნო. თუ გგონია მეზობლებს არ ჰყავთ შენისთანა დამლაგებლები?! ჰმ, ამ უბანში ყველას ჰყავს ჩვენნაირები.

. . .

ირმა ხელში თავისი სამუშაო პერანგით ეზოში ფრთხილად, კატასავით დააბიჯებდა და ბუჩქებსა და ხეებსა გულდასმით ათვალიერებდა. მზე ძალზე აცხუნებდა, მაგრამ ბუნებაში ყოფნა მაინც ესიამოვნა. ჰაერს ხარბად ისუნთქავდა. ციყვებსა და ზაზუნებს ეფერებოდა, რომლებიც ინტერესით მისჩერებოდნენ ამ უცხო სტუმარს. კონდიციონერის და ქიმიური საწმენდი საშუალებების სუნში მყოფ, უზარმაზარ სახლში გამომწყვდეულმა სხეულმა ბუნებრივ ჟანგბადზე მოთენთილობა და სასიამოვნო თავბრუსხვევა იგრძნო. ფეხები თავის ნებაზე დაატარებდნენ, ისიც არ ეწინააღმდეგებოდა. ბუნების შეგრძნებით აღტაცებულმა იმდენი იბორიალა, მეზობლის სამფლობელოშიც კი გადავიდა. მაგრამ თუთიყუში არსად ჩანდა…
როდესაც მართლა გვარიანი დაღლა იგრძნო და სახლისაკენ გაემართა, საერთოდ აბსურდად მოეჩვენა თუთიყუშის ძებნის იდეა. – ის ხომ ჩიტია, როგორ შეიძლება ადამიანი გამოეკიდოს? ხანდახან რა გულუბრყვილოები არიან ეს ამერიკელები?! – ფიქრობდა თავისთვის, მაგრამ თვითონაც ხომ იმედის კოშკი ააგო? საქმრო ჩამოიყვანა და ჯვარიც კი დაიწერა ბრუკლინის მართლმადიდებელ ეკლესიაში! ჰმ, მწარედ ჩაეცინა.
ფიქრებით გართული სახლის მთავარ შესასვლელს მიუახლოვდა. ბრინჯაოს სახელურს დასწვდა თუ არა, ვიღაცამ ცივი ხმით ჩასძახა: – ვინ არის?! – ირმა შიშისაგან გაქვავდა. ამ უცნაურმა ხმამ კი კვლავ გააგრძელა ძახილი. ფრთხილად შემოტრიალდა და გაოცებისგან შეჰკივლა. დიდი, ფერადი თუთიყუში იქვე, ბუჩქზე იჯდა, ცნობისმოყვარედ მისჩერებოდა და გაჰყვიროდა – ვინ არის? ვინ არის?.. – სიმწვანემ, ემოციებმა თუ თუთიყუშის ჭრელა-ჭრულა ფერებმა საოცრად იმოქმედეს. ირმას მღელვარებისაგან თავბრუ დაეხვა. ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა: სახლი, ყვავილები, თუთიყუში და კარს რომ არ მიყრდნობოდა, ალბათ დაეცემოდა. თუმცა მალე ძალა მოიკრიბა და მისმა გონებამ გამალებით დაიწყო მუშაობა. მიხვდა, თუ ახლავე არ ამოქმედდებოდა სამი ათას დოლარს დაკარგავდა, რომელიც აგერ, ერთი ხელის გაწვდენაზე იჯდა და მას ელოდებოდა. პერანგი ბადესავით ფრთხილად გაშალა, ბუჩქს ფეხაკრეფით მიუახლოვდა… ერთი, ორი, სამი… და თუთიყუშს გადააფარა.
კოკოს მობეზრებოდა მთელი დღე გარეთ ხეტიალი და გაუნძრევლად გაიტრუნა. ირმა კანკალით დასწვდა და ერთბაშად იგრძნო, როგორ გამოატანა ქსოვილიდან ცოცხალი არსების სითბომ. გულის ფანცქალით შეიყვანა სახლში და სტუმრების სააბაზანოში გაუშვა. თუთიყუშმა ტყვეობიდან თავი გაითავისუფლა თუ არა, ირმას ამაყად გადახედა, შემდეგ ზურგი შეაქცია და სააბაზანოში სეირნობას მოჰყვა. მაგრამ მარმარილოს პრიალა იატაკზე ფეხი ვერ მოიმაგრა და დაეცა. თავმოყვარეობაშელახული წამოიქოჩრა, ტანი შეიბერტყა და ვითომც აქ არაფერიაო, ჰაი, ჰაის ძახილს მოჰყვა.
ირმამ ძლივს ჩააღწია თავის ოთახში და ლოგინზე წამოწვა. აღელვებულს გული გამალებით უცემდა. საათს დახედა, საღამოს 8 საათი იყო. მთელი დღე ისე გასულიყო, ვერც კი გაიგო. გაახსენდა, დილიდან ლუკმა არ ჩასვლოდა პირში, მაგრამ შიმშილს ვერ გრძნობდა. ზევით ასვლასაც აზრი არ ჰქონდა, მაცივარში ალბათ, როგორც ყოველთვის, მხოლოდ რძე და ფორთოხლის წვენი ბინადრობდა. თავს ძალა დაატანა, შხაპი მიიღო და ლოგინში ჩაწვა. სატელეფონო ბარათში რამდენიმე წუთი კიდევ ჰქონდა, მაგრამ დარეკვა გადაიფიქრა. “ხვალამდე მოვიცდი, თუ ფული ავიღე, მერე დავურეკავ და გავახარებ. ვეტყვი, რომ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს…” – და ამ ფიქრებით ჩაეძინა.

. . .

– ძალიან ვნერვიულობდი, რატომ არ დამირეკე? – ეუბნებოდა მეორე დილას მეგობარი, – წარმომიდგენია, რა დღეში იქნებოდი შე საწყალო. მაგრამ შენი ბედი ყოფილა ეგ თუთიყუში. საოცარი არ არის, რაღა მაინცდამაინც თქვენს ეზოში გადმოფრინდა? რაღას უცდი ნეტავ, მიუყვანე პატრონს, თან წერილის წაღებაც არ დაგავიწყდეს. აუცილებლად თანხაზე მიუთითე, თორემ ინგლისური რომ არ იცი, ზოგჯერ ამათ დებილი ჰგონიხარ.
ირმა მღელვარებამ მოიცვა, ჯერ იყო და სააბაზანოს კარის გაღებისა შეეშინდა, ვაითუ თუთიყუში შიმშილისაგან მოკვდა, ან ფანჯარა ღია დამრჩა და გაფრინდაო. მერე ჩაბარების დპროცესი ვერ წარმოიდგინა. ასე მუნჯივით როგორ მიადგეს იმ ხალხს, რომ გაიგებენ დამლაგებელია, ვაითუ ფული აღარ მისცენ, უფროსებთან დააბეზღონ და სამსახურიც დაკარგოს. მერე თავი გაიმხნევა – ყველაფერი კარგად იქნება და ფულსაც ავიღებო. მაგრამ ახლა ის აზრი აეკვიატა, ვაითუ, არ გამიშვან და სახლის გენერალური დალაგება მომთხოვონ, ისევე როგორც მოსთხოვეს ჩემს ამხანაგს ლონგ აილენდში, ამასობაში კი თუთიყუშის ამბავიც გახმაურდებაო. ამის გაფიქრებაზე ირმა ქიმიურ საშვალებებს მივარდა და როგორც მისმა მეგობარმა ურჩია სასწრაფოდ ყველა ოთახი სუნით გაჟღინთა, რათა ქალს რამე ჭუჭყიანი არ მოსჩვენებოდა. შემდეგ თავის ნივთებსა და ტანსაცმელს ჩანთებში მოუყარა თავი. თან ფიქრობდა, რა უნდა ეთქვა იმ რუსი ქალითვის, რომელსაც თარჯიმნად იყენებდნენ ისეთი, რომ დამაჯერებელი ყოფილიყო. სხვა სამსახურში გადავდივარო, ვერ იტყვის, საქმრო ჩამომდისო, არ დაუჯერებენ… ათასი ვარიანტი მოიგონა, მაგრამ ყველაზე რეალურად მაინც დედის ავადმყოფობა და თავის ქვეყანაში მოულოდნელი გამგზავრება მოეჩვენა. – “ეს ისეთი რამაა, წინ ვერ დაუდგებიან და კუდს ვერ გამოაბამენ, – ფიქრობდა ირმა, – ვერ მეტყვიან, დარჩი, სანამ ახალ გოგოს მოვიყვანთო… მართალია, ცუდი ტყუილია, ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს დედაჩემი, მაგრამ რა ვქნა, მეტი გზა არ მაქვს”…

. . .

მშიერ და განაწყენებულ კოკოს ნისკარტი ჩამოეშვა და გაფუყული იჯდა უზარმაზარი საუნის კუთხეში. ირმას დანახვაზე ნიკარტი ააცმაცუნა და უფრო გაიფხორა. ირმა საუნაში ჩავიდა, რათა ადვილად მისწვდომოდა თუთიყუშს. კოკო იქვე, ნიჟარაზე გადაფრინდა. ირმა საუნიდან ამოძვრა და ამჯერად ძალიან ფრთხილად შეუდგა მოქმედებას. კოკომ საყვედურის თვალით გადახედა და ფანჯრის რაფაზე გადაინაცვლა.
– შენს პატრონთან უნდა წაგიყვანო! თუთიყუშო, მოდი, მოდი, რა მოგივიდა?! – ეხვეწებოდა ირმა, მაგრამ კოკოს არც რაიმეს გაგონება სურდა და არც ლაპარაკი ადამიანის ენაზე. მალე იატაკზე ჩამოხტა და საქმიანად აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა. შემდეგ გამაყრუებელი ჭყივილი ატეხა, გამხიარულდა და სახეზე კმაყოფილი იერი გადაეფინა. ბოლოს გართობა მობეზრდა, ირმას წინ გაჩერდა და გამომწვევად მიაჩერდა, მაგრამ უეცრად თვალთ დაუბნელდა – ირმამ მოასწრო კოკოს დატყვევება. როგორც განძს, ორივე ხელით დასწვდა და ფრთხილად, გულის კანკალით დაუყვა სარდაფში ჩამავალ კიბეს. გარაჟის კარები გაიხსნა თუ არა, სახეში საშინელი სიცხე ეცა. გარეთ გავიდა, ფოსტის ყუთს ჩაუარა და იქით წავიდა, საითკენაც მისი ვრაუდით ნომერი შვიდი სახლი ეგულებოდა.

. . .

– არა, რატომ არ გყოფნის მოთმინება, რომ ადგე და წამოხვიდე…
– შენ, თვითონ რატომ არ მიატოვე, არ ჯობდა 600 წამოგეღო, ორის იქ დატოვებას?
– კარგი, მე ორი დავტოვე, მაგრამ შენ? შენ?! – თვალები დაქაჩა მერიმ.
– თუ სათამაშოდ მიდიხარ, უნდა დატოვო კიდეც. გინახავს, ატლანტიკ სიტიდან ვინმეს რამე წამოეღოს?… – ბუზღუნებდა თავის გასასამართლებლად ჯეი-ჯეი, თან “მწვანე მოსახვევზე” შემოუხვია. სახლს რომ უახლოვდებოდა, გულში ზეიმობდა, იმედი მიეცა, თავის ოთახში ჩაიკეტებოდა და ცოლის საყვედურებს თავს აარიდებდა. ზუსტად ამ დროს ირამამ გზა გადკვეთა. დიდი სასოებით თუთიყუში ცისფრად შეღებილი სახლისაკენ მიჰყავდა. სახლი ხეებში ისე ჩაკარგულიყო, ძნელად შეამჩნევდით.
– მოიცა, მოიცა, ეს ჩვენი მოსამსახურე არ არის? კი, მაგრამ გარეთ რა უნდა? სად მიდის? – წამოიძახა გაკვირვეუბულმა მერიმ.
– ხელში რაღაც უჭირავს და შვიდი ნომერი სახლისაკენ მიემართება… უი, შენი თუთიყუში დაუჭერია და პატრონთან მიჰყავს – უთხრა ჯეი-ჯეიმ და მრავალმნიშვნელოვნად ჩაიცინა.
– ჩემი თუთიყუში?! – მერიმ ჯეი-ჯეის ნათქვამი ჩვეულ ოხუნჯობად მიიჩნია, მაგრამ მხოლოდ წამით.
– ჩემი თუთიყუში! ჩემი თუთიყუში! გააჩერე! გააჩერე! – იყვირა და ქმარს მხარში ჩააფრინდა, თუმცა აღარ დაიცადა და სანამ ჯეი-ჯეი მუხრუჭს ფეხს დააჭერდა, მანქანიდან ისკუპა.
ამასობაში ირმა სახლს მიუახლოვდა და კარზე ღილაკს გაუბედავად შეეხო. უეცრად უკნიდან ძლიერი ბიძგი იგრძნო.
– ჩემი თუთიყუში! ჩემი თუთიყუში! როგორ ბედავ შე გომბიო! –გაჰკიოდა მერი. ირმას ხელებში ჩააფრინდა და თუთიყუშის გამოგლეჯვას შეეცადა. გაოგნებულმა ირმამ ძლივს ამოიცნო თავისი პატრონი, გაწეწილი ყვითელი თმით, სიბრაზით ანთებული მწვანე თვალებით და მთელი ძალით უფრო ჩაბღუჯა კოკო. ამ დროს კარი სანდომიანი სახის კაცმა გააღო, რომელსაც ამგვარი სცენის დანახვაზე კეთილი ღიმილი სახეზე შეეყინა.
– დამიბრუნე ჩემი თუთიყუში, დამიბრუნე! – ჯიუტი მოსამახურე გოგოს სქციელით გაცოფებული მერი კიდევ ერთხელ წაეტანა თუთიყუშს, ამ გაწამაწიაში კოკოს ქსოვილი შემოეცალა. მზეზე ნაირფრად აერლვარდა მისი ჭრელი ბუმბული, რომლის შეხებაზეც ორივე ქალმა ერთდროულად შეჰკივლა. თუთიყუშმა კი დრო იხელთა…
ორი დღის მშიერი, ნახევრად გაჭყლეტილი კოკო მძიმედ აფრინდა ჰაერში და სხლის უკან აღმრათულ დაბურულ ხეებს შეაფარა თავი, ისე რომ თვალი ვერც კი მოჰკრა საყვარელ პატრონს, რომელმაც ამ საშინელი სცენის შემყურემ სასოწარვეთილმა წამოიძახა
– ეს ხომ ჩემი თუთიყუშია, ქალბატონებო!…

. . .

ვესჩესტერიდან მომავალი მატარებელი 112-ე ბაქანზე ჩამოდგა. დატვირთული ირმა ყველაზე ბოლოს გამოვიდა ვაგონიდან და ხალხის ნაკადს მიჰყვა. გაჭირვებით აათრია ჩემოდნები კიბეზე და “გრანდ ცენტრალის” უზარმაზარ ჰოლში ავიდა. მგზავრების ლაპარაკი ფუტკრის ზუზუნივით ჩაესმოდა ყურში. ხალხი ბედნიერი სახით, სასუსნავით ხელში მიმოდიოდა. ირმამ შეისვენა, ლურჯად შეღებილ თაღს თვალი ააყოლა და ჭერზე გამოსახულ თანავარსკვლავედს დაჟინებით მიაშტერდა. ფრთებიან ცხენს თვალი ვერ მოსწყვიტა, თითქოს უნდოდა თავისი მომავალი ამოეკითხა ამ მოციმციმე ნათურებში, რომლებიც მართლაც საოცრად ჰგავდნენ ვარსკვლავბს.
შემდეგ მზერა ცენტრში, ოთკუთხა საათზე გადაიტანა. დრო რომ გაიგო, თვალებით სასწრაფოდ ტელეფონი მოძებნა და უიმედო, შეწუხებული სახით ჩანთები მარმარილოს იატაკზე გაათრია.
– სად ხარ, სად დაიკარგე? – იყვირა მეგობარმა მისი ხმის გაგონებაზე.
– ოჰ, ნუ მკითხავ… – ჩაიბურტყუნა ირმამ და ღრმად ამოიოხრა.
– რა მოხდა?
– უფფფ…
– ფული, ფული თუ აიღე?
– ეჰ, ხომ იცი, აქ ფულს ისე არ იძლევიან.
– სად ხარ ახლა?
– “გრანდ ცენტრალზე”… იმას ვფიქრობ, ჩემოდნები როგორ მივათრიო მეტრომდე, რომ ბრუკლინში გავათიო ღამე.
– ააა… – აღმოხდა მეგობარს. მიხვდა რომ ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა. ირმას აკანკალებული ხმა მალე ტირილში გადაიზარდებოდა.
– მოგცლია ერთი, რას დარდობ?! – წამოიძახა მის დასამშვიდებლად – ერთი ეს მითხარი, რამდენი სააბაზანო ჰქონდათ მაგათ?!
– ექვსი…
– ჰმ, ჰოდა, ჩემო კარგო, ეგ სამსახური მაინც უნდა გამოგეცვალა. ხუმრობა ხომ არ არის ყოველდღე ექვსი სააბაზანოს ხეხვა?.. აი, ნახავ, ისეთ ადგილს იშოვი, სადაც მხოლოდ ოთხი სააბაზანო იქნება. დამიჯერე, ეს დიდი შეღავათია ჩვენნაირებისათვის…

დაიწერა 2001 წელს, ნიუ-იორკში.

გამოქვეყნდა ჟურნალ “არილში”(2004 წელი)
წიგნში, “15 საუკეთესო ქართული მოთხრობა” 2004 წელი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button