National Geographicმეცნიერებაუცნაურიფლორა & ფაუნა

მეცნიერები გადაშენებული ცხოველების გაცოცხლებას აპირებენ

მეცნიერები აქტიურად მსჯელობენ 24 გადაშენებული ცხოველის აღდგენასა და დედამიწაზე დაბრუნებაზე, თუმცა ეს არ იქნება იურული პერიოდის პარკის მსგავსი მოვლენა, რადგან მკვლევართა თქმით, დინოზავრების დნმ-ი ამ პროექტისთვის ძალიან ძველია. კონკრეტული სახეობები მეცნიერებმა განიხილეს ვაშინგტონში TEDx კონფერენციაზე, რომელსაც National Geographic-ი ასპონსორებდა.

სიაში შედის მე-17-18 საუკუნეებში ამომწყდარი ფრინველი დოდო, კაროლინის გრძელკუდა თუთიყუში, რომელიც ბოლოს 1904 წელს ნახეს ფლორიდაში და კვაგა, ზებრის სახეობა, რომელიც ერთ დროს სამხრეთ აფრიკაში ბინადრობდა. ველურ ბუნებაში ბოლო კვაგა 1870 წელს მოკლეს, ხოლო ტყვეობაში მყოფი უკანასკნელი ეგზემპლარი 1883 წელს მოკვდა.

დოდოს ბუნებრივი მტაცებლები არ ჰყოლია,
მაგრამ ადამიანების მხრიდან მათზე ნადირობამ გადაშენება გამოიწვია

ზებრის გადაშენებული სახეობა კვაგა სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობდა

სახეობების შერჩევისას მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ გარკვეული კრიტერიუმებით, ასევე განიხილეს ამ მოვლენის ეთიკური მხარეები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ის იყო, თუ რამდენად სასურველია ამის განხორციელება, ჰქონდათ თუ არა ცხოველებს ეკოლოგიური კუთხით მნიშვნელობა და რამდენად პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდათ ადამიანებს მათ მიმართ.

შემდეგი საკითხი ეხებოდა პრაქტიკულ სფეროს – მოიპოვება თუ არა კარგად შემონახული ქსოვილები დნმ-ის ნიმუშებით, რათა სახეობებს გამრავლების საშუალება მიეცეთ. ასევე, რამდენად შესაძლებელი იყო მათი ხელახლა დამკვიდრება თანამედროვე სამყაროში და დაემუქრებოდათ თუ არა რაიმე სახის საფრთხე, რა იყო მათი გადაშენების მიზეზი და ა.შ.

დროთა განმავლობაში დნმ-ი დეგრადაციას განიცდის და ნიმუშების აღება რთულდება, ამიტომ მეცნიერებმა შეარჩიეს ისეთი სახეობები, რომლებიც უახლოეს წარსულში ან რამდენიმე ათასი წლის წინ გადაშენდნენ. რაც შეეხება დინოზავრებსა და მილიონობით წლების წინ მობინადრე სხვა არსებებს, ჯერჯერობით მათი გაცოცხლების საკითხი არ დგას.

National Geographic-ის შემდეგ ნომერში აღწერილი იქნება, როგორ მოხდება ცხოველების გაცოცხლება – ძველი დნმ-ის ნიმუშების აღება, სრულ გენომთან შერწყმა და ემბრიონულ უჯრედებში მოთავსება, საიდანაც მანამდე ამოღებული იქნება მათი დნმ-ი, რის შემდეგაც სუროგატ ორგანიზმში ნაყოფი დაიწყებს განვითარებას.

მოას სიმაღლე 3.5 მეტრს აღწევდა. ის გადაშენდა მაორის ტომელების მიერ მათზე ნადირობის შედეგად

სპილოს ნათესავი ბეწვიანი მამონტი 4000 წლის წინ გადაშენდა.
გაყინული ნამარხებიდან დნმ-ის ამოღება შესაძლებელია

Washington Post-ის მიხედვით, 10 წლის წინ ფრანგი და ესპანელი მეცნიერების ჯგუფმა სცადა გადაშენებული გარეული თხის გაცოცხლება, თუმცა მან მხოლოდ 10 წუთი იცოცხლა.

გადაშენებული ცხოველების აღდგენის იდეა აჩენს გარკვეულ ლოგიკურ და ეთიკურ კითხვებს, მაგალითად, როგორ მოახერხებენ მეცნიერები იმ ცხოველების დნმ-ის მოპოვებას, რომლებიც ამჟამად აღარ არსებობენ, ასევე საერთოდ უნდა განხორციელდეს თუ არა მსგავსი რამ.

იქნებიან თუ არა გაცოცხლებული ცხოველები ძველად მობინადრეების ზუსტი ასლები? სავარაუდოდ არა, რადგან მაგალითად მამონტებს სპილოები გაზრდიან და მათი ქცევის თავისებურებები თანამედროვე სპილოების მსგავსი უფრო იქნება, ვიდრე გადაშენებული მამონტებისა.

თეთრნისკარტა კოდალა ბოლოს 1940-იანებში დააფიქსირეს

ტასმანიური ვეფხვი სიაში მყოფი ერთადერთი ჩანთოსანია.
ის 1960-იან წლებამდე ბინადრობდა ავსტრალიაში, ტასმანიასა და ახალ გვინეაში

დინოზავრის დნმ-მა დეგრადირება განიცადა, რის გამოც მკვლევარები თვლიან,
რომ იურული პერიოდის პარკი რეალობად არასდროს იქცევა

პროექტის ღირებულება დამოკიდებულია სახეობებზე, თუმცა მეცნიერები თვლიან, რომ საჭირო ფინანსების მოცულობა რამდენიმე ასეული ათასი დოლარი იქნება.

წარსულში მეცნიერებმა კლონირების ტექნოლოგიის დახმარებით სცადეს ბაყაყის ერთ-ერთი სახეობის გაცოცხლება, როცა „მკვდარი” უჯრედის ბირთვი მოათავსეს სხვა სახეობის ბაყაყის კვერცხუჯრედში. შედეგი ის იყო, რომ ემბრიონმა მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა. თუმცა „ლაზარეს პროექტის” მიერ ჩატარებულმა კვლევამ მეცნიერულ წრეებში წინ წამოსწია ბეწვიანი მამონტების მსგავსი ცხოველების აღდგენის საკითხი.

5 წლის განმავლობაში სისტემატურ ექსპერიმენტებში მეცნიერები იყენებდნენ მეთოდს, რომელიც დონორის ბირთვით კლონირებული ემბრიონის შექმნაში გამოიხატებოდა. ისინი იღებდნენ დიდი ღარებიანი ბაყაყის კვერცხუჯრედს, აცლიდნენ ბირთვს და ანაცვლებდნენ იმ გადაშენებული ბაყაყის გენებით, რომელიც მას ენათესავებოდა. ნაწილი მაშინვე იწყებდა დაყოფას და ემბრიონის ადრეულ სტადიამდე აღწევდა. მართალია, ვერცერთი გადარჩა და მაქსიმუმ რამდენიმე დღე გასტანეს, მაგრამ გენეტიკურმა ტესტებმა დაადასტურა, რომ დაყოფილი უჯრედები ნამდვილად შეიცავდნენ გადაშენებული ბაყაყის მემკვიდრულ ნიშან-თვისებებს.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button