ლიტერატურა

დიმიტრი უზნაძე – მეცხრამეტე საუკუნის ფილოსოფიური აზროვნების ზოგადი დახასიათება

რაციონალიზმი და მისი მკვებავი ნიადაგი: დეკარტი, კანტი, ჰეგელი. ირაციონალიზმი: შელინგი, შოპენჰაუერი. „მატერიალიზმის ისტორია“ ლანგესი. კანტის განახლება და პოზიტივისტური აზროვნების აღორძინება. ისტორიზმი, გნოსეოლოგიზმი, ფსიქოლოგიზმი, შემეცნება თუ მოქმედება? ემპირიოკრატიციზმი. პრაგმატიზმი, ღირებულებათა ფილოსოფია.

ანრი ბერგსონის პირველი დიდი თხზულება 1888 წელს გამოქვეყნდა. ახალგაზრდობამ იგი აღტაცებით მიიღო: „თორმეტიოდე წლის წინათ ჩვენ ხელახლა ვკითხულობდით და რამდენადმე ზეპირადაც კი ვსწავლობდით წიგნს. „უშუალო მონაცემნი ცნობიერებისა!“-ო, ამბობს ჰილევი 1901 წელს; და სწორედ ეს წიგნი იყო, რომ ანრი ბერგსონმა თავისი უმაგალითო მჭევრმეტყველებისა და არაჩვეულებრივი ორიგინალობის ნიმუშად საფრანგეთის მოაზროვნე საზოგადოებას გადასცა. მაგრამ შეუძლებელია მარტო მჭევრმეტყველებითა და აზროვნების ორიგინალობით აიხსნას ის არაჩვეულებრივი, პირდაპირ მომაჯადოებელი ზეგავლენა, რომელსაც ბერგსონის ნაწარმოებნი ახდენენ საზოგადოებაზე. განა არტურ შოპენჰაუერის „Welt als Wille und Vorstellung“ ჰეგელის მძიმესა და უძრავ სტილთან შედარებით ნამდვილი გრაციისა და მსუბუქი გამჭვირვალობის ნიმუში არ იყო? განა ცოტა ორიგინალობა ჩანდა ნების მეტაფიზიკოსის პესიმისტური სულისკვეთების არგუმენტაციაში? მაგრამ რამდენ ხანს უნდა გაევლო, სანამ მოაზროვნე გერმანია შოპენჰაუერის გამაბრუებელ ზეგავლენას დაემორჩილებოდა!

მართლაც, თავი და თავი ასეთ შემთხვევაში არა თვით ავტორი და მისი სუბიექტური თვისებებია! უმთავრესი თვით საზოგადოებაა, რომელსაც იგი თავისი გავლენის ობიექტად ირჩევს. გამონახეთ ის ძარღვი, რომელიც საზოგადოების ცხოვრების ინტერესს ამოძრავებს და აღელვებს, რომელიც საზოგადოების აზრისა და გრძნობის არაცნობიერ ველშია ჩასახული, გააშიშვლეთ იგი, აიყვანეთ ცნობიერების განათებულ შუაგულზე, და თქვენი გავლენა საზოგადოებაზე უზრუნველყოფილი იქნება. აქვე უნდა ვეძიოთ ბერგსონის გავლენის წყაროც.

მეცხრამეტე საუკუნის ფილოსოფიური აზროვნება ანტინომიათა ქსელში იყო გახვეული: მიმდინარეობანი იბადებოდნენ და მომწიფების უმალვე ქრებოდნენ, რათა თვისი აგილი ახალი, უფრო საიმედო მიმდინარეობებისთის დაეთმოთ. ახალი ფილოსოფიის ისტორია კონტინენტზე დეკარტის ნაჩვენები გზით მიმდინარეობდა. რაციონალიზმი იყო ის ნაკადი, რომელიც მის მთავარ ამამოძრავებელ დედა-ძარღვს სიცოცხლის ძალას აძლევდა. მაგრამ რაციონალიზმი, რომელსაც მთელი სინამდვილის ფარულ საიდუმლოებათა მათემატიკური სიცხადით გათვალისწინების შეურყეველი რწმენა ჰქონდა, მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს არა მარტო საკუთარი უნაყოფობისა და შინაგანი წინააღმდეგობის გამო შეირყა, არა მარტო ემპირიული ფილოსოფიის წარმომადგენელთა შეტევის გამო შესუსტდა; იგი განსაკუთრებით კანტის „კრიტიკის“ შეურყეველი არგუმენტებით იქნა ძლეული. მაგრამ რაციონალიზმი ადამიანის გონების ბუნებრივი რწმენაა, და მისი საბოლოოდ მოსპობა ვერც კანტის გენიამ შეძლო. ვერ შეძლო არა მარტო ამიტომ, არამედ იმიტომაც, რომ რაციონალიზმის ფესვებს ადამიანის მეცნიერების ყველა დარგის ნიადაგი კვებავს, და სანამ მეცნიერება დგას, იდგომება ის პირობებიც, რომლებიც ჩვენი შემეცნების ამ ბუნებრივი ჰაბიტუსის გამოცოცხლებას მარადის ხელს უწყობს, თვით კანტიც არ იყო სავსებით თავისუფალი განსაზღვრულ სფეროში რაციონალიზმის უფლებათა შეწყნარების საჭიროების შეგნებისაგან. მისი სისტემა „სინთეზური მსოფლმხედველობის“ ცდა იყო, რომელსაც ემპირიზმისა და რაციონალიზმის დავაში შემრიგებელი პოზიცია უნდა დაეჭირა. ამიტომაც, არ გასულა დიდი ხანი, რომ რაციონალიზმმა ფილოსოფიაში კვლავ ამაყად წამოყო თავი: ფიხტე და ახალგაზრა შელინგი კვლავ რაციონალიზმის მოციქულობას სწევდნენ, ხოლო ჰეგელის სისტემაში ამ მიმდინარეობამ ხომ თავისი განვითარების უკიდურესსა და უმწვერვალეს დონეს მიაღწია: ჰეგელის ფილოსოფიაში ადამიანის გონებას მთელი სინამდვილის საიდუმლოებათა კარი გაეღო; ყველგან და ყველაფერი აბსოლუტური გონების საქმედ იქნა გამოცხადებული. და ჰეგელს თავისი თვალსაზრისით სრული უფლება ჰქონდა ეთქვა: „ყოველივე ნამდვილი გონიერია და ყოველივე გონიერი ნამდვილია“.

ჰეგელის გავლენა განუსაზღვრელი იყო „შემდეგი დროის თაობისათვის, რომელიც ჰეგელის მოძღვრებას მარტო მისი მკვდარი წიგნებიდან და ლექციებიდან იცნობდა, სრულიად გაუგებარია, თუ როგორ შეძლო ასეთი ხელოვნური ტერმინოლოგიით დამძიმებულ მოთხრობას ისეთი მომაჯადოებელი გავლენის მოხდენა, რომ თანამედროვეთ უმეტეს ნაწილად თვითონ დაიწყეს ამ ენით ლაპარაკი და ამ აზრებით მსჯელობაო“, – ამბობს Windelband-ი.

მაგრამ ადამიანის გონება, თავისი შემეცნების მუშაობის დროს, ხშირად წაწყდომია ხოლმე ისეთ პუნქტს, რომლის წინაშეც იგი გაკვირვებული და დარცხვენილი დამდგარა: მას არ ძალუძს არსებითად ნათელი გახადოს იგი თავისთვის: ირაციონალური სინამდვილის წრეში უდავო ფაქტია, რომლის არსებობაც ინტელექტუალიზმის გარდუვალ საზღვას შეადგენს. მაგრამ სანამ ადამიანის სულიერი განწყობილება გონების ყოვლისშემძლეობის რწმენით არის გატაცებული, ინტელექტუალისტური ფილოსოფია მაინც გაბედულად უდგება ირაციონალურს და რაგინდ ხელოვნურადაც არ უნდა მოქმედებდეს იგი ასეთ შემთხვევებში, გონების ძლიერებით გატაცებულ ადამიანს ეჭვი არ ეპარება, რომ ირაციონალური მხოლოდ ამა თუ იმ მკვლევრის შემეცნებითი ძალის სისუსტის მაჩვენებელია, რომ აბსოლუტური გონებისათვის შეუცნობელი არაფერი არსებობს. ასეთმა რწმენამ განსაკუთრებით ფართოდ XVIII საუკუნეში გაშალა ფრთა; იგი საფუძვლად დაედო ე.წ. განათლების ხანას და XVIII-XIX საუკუნეთა ევროპის რევოლუციურ მოძრაობებს სასიცოცხლო ძალა შთაბერა.

მაგრამ ადამიანის გონების მოთხოვნილებათა საზომი მრავალმხრივი სოციალ-პოლიტიკური სინამდვილის შინაარსისათვის შეუფერებელი აღმოჩნდა; რევოლუციამ ვერ გაამართლა აღძრული იმედები, და ადამიანის ინტელექტის ძალებისადმი რწმენას ფრთები შეეკვეცა, თუ წინათ სინამდვილის ის მხარეები, რომელთა ახსნაც ასე ძლიერ უჭირდა ჩვენი გონების ძალებს, მაინც და მაინც დიდ ყურადღებას არ იწვევდნენ, ახლა მგომარეობა არსებითად შეიცვალა: ირაციონალური ყურადღების ცენტრად გადაიქცა და მისი არსებობა უნიჭო ჭეშმარიტებათა რიგში იქნა მოთავსებული; ინტელექტუალიზმს გასავალი დაეკარგა, და ფილოსოფიურ აზროვნებაში მისი საწინააღმდეგო მიმართულებისათვის გზა გაიხსნა. თავისი დროის ასეთ სულიერ განწყობილებას პირველად შელინგმა მისცა სათანადო გამოხატულება. ინტელექტის არსებობისა და გავლენის სფერო შემოიზღუდა და სინამდვილის ფარგლებში ირაციონალური პრინციპის ძიება შეიქნა საჭირო. შელინგმა ასეთ პრინციპად ირაციონალური ნება, „ბნელი მისწრაფება“ დასახა! მაგრამ როგორ იყო შესაძლებელი ამ ირაციონალური პრინციპის შემეცნება, რომელიც შელინგს სინამდვილის უშინაგანეს გულად მიაჩნდა? ინტელექტუალიზმი აქ, რა თქმა უნდა, გონებას წამოაყენებდა როგორც ერთადერთ ძალას, რომელიც მარტოდმარტოა მოწოდებული სინამდვილის შესამეცნებლად. მაგრამ შელინგისათვის პრობლემის ასეთი გადაჭრა მიუღებელი იყო; და ისიც ამ ბნელი მისწრაფების, ამ ირაციონალური ნების წარმოშობას ძირითადად უცაბედ შემთხვევად (Urzufall) თვლიდა. ადამიანის გონება ლოგიკურ აუცილებლობას მოითხოვს, და რაკი აქ აუცილებლობა იმთავითვე უარყოფილია, ცხადია, გონებას აქ სხვა საქმე აღარა აქვს; ცხადია, მან თავისი უზლურება უნდა აღიაროს და ადგილი სხვა ძალას დაუთმოს და, შელინგის აზრით, ბნელი, პირვანდელი ნების ახსნა-გაგება ჩვენი გონების ძალებს სრულიად არ შეეფერება; მას არ ძალუძს თავისი არგუმენტებით გასაგები გახადოს ჩვეთვის ძირითადი „ბნელი მისწრაფების“ წარმოშობა, არ ძალუძს იმიტომ, რომ იგი უცაბედი შემთხვევაა, რომლის მხოლოდ დადასტურება შეიძლება და ისიც შინაგანი განცდის მეშვეობით.

ამგვარად, ჰეგელის ინტელექტუალიზმს და რაციონალიზმს შელინგის ვოლუნტარიზმი და ირაციონალიზმი დაუპირისპირდა; მაგრამ შელინგი მისტიციზმის მძლავრ გავლენას განიცდიდა და მისი ირაციონალიზმიც ჯერჯერობით მიუღებელი აღმოჩნდა იმდროინდელი აზროვნებისათვის. სამაგიეროდ, გზა ნაჩვენები იყო, ინტელექტუალიზმის სიმაგრე შერყეული, და შოპენჰაუერის ვოლუნტარიზმის გავლენისათვის ნათელი პერსპექტივები იშლებოდა. შოპენჰაუერმა სავსებით შეძლო შელინგის მისტიკურ-რელიგიური მოტივების დაჩრდილვა და თავისი ირაციონალური ნებისყოფის მეტაფიზიკა შესაწყნარებელ ფორმაში ჩამოაყალიბა. კანტის ფილოსოფიაში ირაციონალური მომენტი „ნივთი თავისთავად“ (Ding an sich) საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტი იყო. შოპენჰაუერმა მისი ირაციონალობა აღიარა, მაგრამ განაცხადა, რომ Ding an sich უშუალო ჭვრეტის საშუალებით შეგვიძლია განვიცადოთ, და რომ ამ გზით იგი ჩვენს წიანშე ნებელობის სახით იშლება, ნება, ამგვარად, მთელი სინამდვილის აზრია, მაგრამ ეს არ არის ის ნება, რომელთანაც ჩვენ თვითაკვირვების პროცესში გვაქვს საქმე, და რომელიც წარმოდგენათა ზეგავლენით მოქმედებს. არა, შოპენჰაუერის ნება თავისუფალია ყოველგვარი კავშირისაგან, რომელიც მას გონების მოქმედების ამა თუ იმ სახესთან უნდა აერთებდეს: შოპენჰაუერის ნება არაგონიერი ნებაა, რომელსაც არაფერი სურს გარდა სიცოხცლისა, არაფერი, გარდა სურვილისა. მაშასადამე, იგი არსებითად მარადის დაუკმაყოფილებელი ნებელობაა. ამგვარად, შეუჩერებელი წინსვლა, მისწრაფება, რომელსაც მიზანი არა აქვს, და რომელიც, ამ მიზეზის გამო, ვერასდროის შეჩერდება, აი ნამდვილი აზრი, ნამდვილი რაობა მსოფლიოსი, სინამდვილეს, მაშასადამე, არა გონება, არამედ დაუკმაყოფილებელი ნება, არა შემეცნება, არამედ შეუჩერებელი მოქმედება გამოხატავს.

XIX საუკუნის შუა წლებში ჰეგელის ინტელექტუალიზმი იძულებული შეიქნა შოპენჰაუერის ირაციონალიზმისა და ვოლუნტარიზმისათვის დაეთმო ადგილი, მართალია თვით შოპენჰაუერის სისტემის წარმოშობა 1819 წელს ეკუთვნის, მაგრამ მისი გავლენის გავრცელება და შოპენჰაუერის დიდ ფილოსოფოსად აღიარება მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის შუა წლების საქმეა.

ამ დროისათვის რწმენა ადამიანის ინტელექტის ძალებისადმი დაკარგული იყო, მეტაფიზიკური ჭეშმარიტების შემეცნების კარები მის წინაშე დახშულად იყო მიჩნეული, და ამიტომ ჩვენი შემეცნებითი მოქმედების სარბიელად თუ შეიძლებოდა კიდევ რამე ჩათვლილიყო, ეს მხოლოდ ყოველდღიური ემპირიული სინამდვილე უნდა ყოფილიყო.
საზოგადოებრივი ცნობიერების ასეთი მიმართულება ნოყიერი ნიადაგი შეიქნა იმ ფილოსოფიური მსოფლმხედველობის მკვდრეთით აღდგენისა და ფართო გავლენისათვის, რომელიც მატერიალიზმის სახელიდ დიდი ხნიდან იყო ცნობილი.

გერმანიაში 1854 წელს ნათელი შეიქნა, რომ მატერიალისტური მსოფლმხედველობას ფართო ფესვები გაედგა, განსაკუთრებით ბუნებისმეტყველთა ცნობიერებაში. ჰეგელისა და სხვა ნატურფილოსოფოსთ შეხედულებანი იმ უკანასკნელთ სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ, და ადამიანის შემეცნებითი ძალების მუშაობა ახლა მხოლოდ დაკვირვების ნიადაგზე მიაჩნდათ შესაძლოდ; მაგრამ ფრიდრიხ ლანგეს „მატერიალიზმის ისტორიამ“ დაამტკიცა, რომ მატერიალიზმი სწორედ იმ ავადმყოფობით იყო დაავადებული, რომელსაც იგი იდეალისტურ ნატურფილოსოფიას უსაყვედურებდა: მატერიალიზმი თვითონაც მეტაფიზიკური თეორია აღმოჩნდა და, როგორც ასეთი, იგი იმდროინდელი აზროვნებისათვის შეუწყნარებლად იქნა მიჩნეული.

ამგვარად, მატერიალიზმით გატაცების ხანამ მალე განვლო, და იმავე ლანგემ, რომელმაც პირველად ნათელყო მატერიალიზმის მეტაფიზიკური ხასიათი, მოაზროვნე საზოგადოებას თვითონ მოუპოვა ახალი გამოსავალი. ედუარდ ცელერთან და ოტო ლიბმანთან ერთად, ლანგემ კანტის მოძღვრების განალება მოითხოვა. მაგრამ კანტის კრიტიკული ფილოსოფიის მკვდრეთით აღდგენის საჭიროება იმდენად მატერიალიზმის პრეტენზიებსა და მისი ბუნების შეუსაბამობას არ გამოუწვევია, რამდენადაც იმ ახალ აზროვნებისა და ცხოვრების მიმართულებას, რომელმაც ოგიუსტ კონტის ზეგავლენით ერთ ხანს მთელი ევროპის ცნობიერება თავის კლანჭებში დაატყვევა. საქმე ისა არის, რომ ინტელექტუალიზმის კრედიტის დახურვა სრულიადაც არ ნიშნავდა შემეცნებითი მოღვაწეობის სრულ შეჩერებას: არა, ადამიანის გონების ძალებისადმი რწმენა მხოლოდ მეტაფიზიკური სინამდვილის შემეცნების სფეროში დაიმსხვრა; სამაგიეროდ, ემპირიული სინამდვილე, ისე როგორც ეს წინა საუკუნეებშიც არაერთხელ ყოფილა აღიარებული, ჩვენი გონების შემეცნების ერთადერთ წყაროდ იქნა მიჩნეული. აქ, ამ ნიადაგზე ჩვენი ინტელექტისაგან უდიდეს საქმეთა გაკეთებას მოელოდნენ; მაშასადამე, ჩვენი შემეცნების სფერო ემპირიული სინამდვილის ფარგლებს არ უნდა გასცილებოდა. მისი საგანი არა „ნივთი თავისთავად“ უნდა ყოფილიყო, არამედ გრძნობადი, ფაქტიური სინამდვილე; ფაქტი – აი ის ერთადერთი ნიადაგი, რომლის დამუშავებაც ადამიანის გონებას მდიდარ მოსავალს უქადდა:

ამ შემეცნებას იმდროინდელი ირაციონალიზმის მეორე მხარეც თავისებურ მიმართულებას აძლევდა. საქმ ისა არის, რომ, როგორც ვიცით, გონების საწინააღმდეგოდ სინამდვილის პრინციპად ნება იქნა აღიარებული, და როგორც ამგვარად გონებას ნებისათვის უნდა დაეთმო ადგილი, სწორედ ასე – შემეცნებას მოქმედებისათვის უნდა გაეხსნა გზა, თეორიას პრაქტიკისათვის უნდა გადაეცა პრიორიტეტი, ასე მოხდა, რომ ცხოვრებაში ეს სულიერი განწყობილება რეალური პოლიტიკის ლოზუნგის წამოყენებით, პრაქტიკულის, მოქმედებითი ენერგიის ხაზგასმით და მისი მაღალი შეფასებით დაგვირგვინდა. მაგრამ ეს შინაგანი წინააღმდეგობა, წინააღმდეგობა ემპირიული სინამდვილის შემეცნებისა და თეორიის უარყოფის საჭიროებისა პირველი შეხედვით თითქოს იმთავითვე შეუძლებელ მდგომარეობას ქმნიდა; პრაქტიკულად ეს წინააღმდეგობა ადვილად გადაწყდა: პრაქტიკა თვით შემეცნების სფეროში იქნა გადატანილი, და ამ სახით გაჩაღდა სამეცნიერო მუშაობა, რომელიც მთელ თავის მნიშვლეობას სინამდვილის შემეცნებაში და შემდეგ მის პრაქტიკულ ცხოვრებაში გამოყენების შესაძლებლობაში ჭვრეტდა, წინანდებური განყენებული ლოგიკური მსჯელობის ნიადაგზე აბსტრაქტული თეორიების კონსტრუქცია უნაყოფო დროის ფლანგვად ეჩვენებოდა; ამის მაგიერ, ფაქტის დაკვირვება, მისი მასიური დაგროვება და პრაქტიკული შედეგების გამოძებნა, ერთი სიტყვით, წვრილმანი ხასიათის სამეცნიერო მუშაობა – აი რასა თვლიდნენ ერთადერთ ღირსეულ საქმედ ადამიანის შემეცნებითი ძალებისათვის. ასეთ მდგომარეობაში და ასეთი სულიერი განწყობილებისათვის ფილოსოფიას თავისი დამოუკიდებლობის ნიადაგი სრულიად უნდა გამოსცლოდა ფეხქვეშ. ამიტომაც მოხდა, რომ იგი ან სავსებით უნაყოფო საქმედ, ანდა სპენსერისებურად დადებით მეცნიერებათა მონაპოვრის უბრალო შემაერთებელ კონცეფციად იქნა აღიარებული.

რაკი ამგვარად თავისუფალი ფილოსოფიური შემოქმედების ღირებულება აღარავის სწამდა, ფილოსოფოსთა ერთადერთ საქმეს არა ძველებური, წმინდა ფილოსოფიური კვლევა-ძიება შეადგენდა, არამედ, დადებითი მეცნიერების ნიმუშის მიხედვით, ფილოსოფიური აზროვნების ფაქტის დაკვირვება და შესწავლა. ეს ფაქტი კი ძველ დიდ ფილოსოფოსთა სისტემების სახით იყო მოცემული, და პოზიტივიზმის ხანის ფილოსოფიური მუშაობა თითქმის სავსებით ძველ სისტემათა შესწავლით და მათი ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით შემოიფარგლა. ფილოსოფიური ლიტერატურია ფილოსოფიის ისტორიის ნაშრომებით აივსო; ფილოსოფიურ ფაკულტეტთა კათედრებიდან ხმა მარტო ძველ ფილოსოფოსთა მსოფლმხედველობის შესახებ ისმოდა. ერთი სიტყვით, ფილოსოფია ფილოსოფიის ისტორიად გადაიქცა. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ იმდროინდელ ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში, საუკეთესო ფილოსოფიურად განწყობილი მოაზრენი მთელ თავის ენერგიას სხვის გამოკვლევათა და მსოფლმხედველობათა შესწავლით ზღუდავდნენ და თავის ფილოსოფიურ წყურვილს სხვების სისტემათა გათვალისწინებითა და ისტორიული შეფასებით იკლავდნენ: ედ. ცელერის, იოჰან ერდმანისა და კუნო ფიშერის მრავალტომიან ისტორიულ-ფილოსოფიურ ნაშრომთა მსგავსი ნაწარმოებნი მხოლოდ ასეთ ხანას შეეძლო წარმოეშვა.
ამგვარად, ინტელექტუალიზმმა ირაციონალიზმი წარმოშვა, ირაციონალიზმმა და ვოლუნტარიზმმა – პოზიტივიზმი და პოზიტივზმმა – ისტორიზმი.

ისტორიზმს ფილოსფიაში სრულიად ბუნებრივი, მაგრამ პოზიტივიზმისათვის მოულოდნელი და არახელსაყრელი შედეგი მოჰყვა. შედეგი, რომელიც იმავე დროს თვით პოზიტივიზმისათვისაც ბუნებრივი იყო. საქმე ის არის, რომ ფილოსოფიის ისტორიულმა შესწავლამ სრულიად ვერ დააკმაყოფილა ფილოსოფიური წყურვილი; პირიქით, მან უფრო გააღიზიანა იგი: ხოლო პოზიტივიზმის სამეცნიერო, მეწვრილმანური კვლევა-ძიების განვითარებამ ფაქიური სინამდვილის ნათელსაყოფად ხელახლა ფილოსოფიური სულისკვეთების გაღვიძება გამოიწვია, მეცნიერება ხანგრძლივად ვერ გასწყვეტს კავშირს იმ ძარღვთან, რომელმაც იგი წარმოშვა. თუ მას სასიცოცხლო ძალის შერჩენა სწადია, ასეთი ძარღვი კი ფილოსოფიაა, რომელმაც იგი დაბადა და რომელიც, რაც უნდა იყოს, მაინც მთავარი წყაროა ადამიანის შემეცნებითი მისწრაფებისა. დაუმატეთ ამას იმ დროის მატერიალისტური განწყობილება ბუნებისმეტყველებისა და მისი უნებური მეტაფიზიკა, და თქვენ ადვილად მიხდებით, რომ ოტო ლიბმანის ლოზუნგი კანტისაკენ დაბრუნების შესახებ სავსებით დროის შესაფერისად იქნა მიჩნეული. მაგრამ ამით იმის თქმა როდი შეიძლება, თითქოს პოზიტივისტური მიმართულება მოიქანცა და კვლავ სპეკულატური ფილოსოფიის დრო დადგა. დამახასიათებელია, რომ ფილოსოფოსთა შორის სწორედ კანტი აირჩიეს.

რატომ კანტი და არა ჰეგელი? ცხადი საკითხია, რომლის ახსნაც თავისთავად გვეჩრება ხელში, მეცნიერების ღირებულების უაღრესობის რწმენა სისხლსა და ხორცში ჰქონდა გამდგარი პოზიტივზმს: გონების უძლურება მეტაფიზიკური სინამდვილის შემეცნებაში მისი შეურყეველი დებულება იყო; მაგრამ ამავე დროს კანტი მძლავრი ფილოსოფიური ორიგინალობა იყო, რომელიც მეცნიერების ფილოსოფიურ საფუძვლებს ეძიებდა. რაღა საკვირველია, რომ იმ ხანაში სწორედ კანტი აირჩიეს იმ წყაროდ, საიდანაც ყველას შეეძლო თავისი ფილოსოფიური წყურვილის დაკმაყოფილება. ბუნებისმეტყველო ჰელმჰოლცი სხვებთან ერთად კანტის განსაკუთრებულ ღირსებას იმაში ჭვრეტდა, რომ მან მეცნიერებას ემპირიული სინამდვილის შემეცნებაზე მიუთითა და მეტაფიზიკის შეუძლებლობა დაამტკიცა. იმ დროის სრულიად არავინ აქცევდა ყურადღებას იმ გარემოებას, რომ კანტისათვის მთავარი და უმნიშვნელოვანესი რაციონალური თეორიის დასაბუთება იყო, რომ მისი ბრძოლა მეტაფიზიკასთან მხოლოდ სამეცნიერო მეტაფიზიკის უარყოფასა და მის ნანგრევებზე რწმენის მეტაფიზიკური შენობის აგებას ემსახურებოდა. იმდროინდელმა აზროვნებამ სრულიად დაივიწყა, რომ კანტის თეორიულსა და პრაქტიკულ ფილოსოფიას შორის უწყვეტი კავშირი იყო გაბმული, რომ ამ კავშირის უარყოფა არსებითად თვით კანტის უარყოფა იყო; მან კანტის სისტემაში მხოლოდ შემეცნების თეორია აღმოაჩინა და უყურადღებოდ დატოვა ის გარემოება, რომ თვით კანტი თავის „კრიტიკას“ პროპედევტიკად თვლიდა, რომელსაც ფართო ფილოსოფიური მსოფლმხედველობის სისტემა უნდა მოემზადებინა. მაგრამ იმ ხანას ასეთი მსოფლმხედველობა შეუძლებელ და ზედმეტ საქმედ მიაჩნდა. ვინაიდან მისი რეალური მუშაობისათვის ასეთი რამ სრულიად არ იყო საჭირო; და ასე მოხდა, რომ კანტის ნაწარმოებთა შორის მხოლოდ „წმინდა გონების კრიტიკას“ მიექცა განსაკუთრებული გულისყური, ხოლო… „პრაქტიკული გონებისა“ და „მსჯელობის უნარის კრიტიკას“ არავინ ყურადღების ღირსად არ თვლიდა.

ამგვარად, მხოლოდ გნოსეოლოგიური საკითხები იყო, რამაც იმდროინდელი ფილოსოფიური აზროვნება გამოაცოცხლა. და კანტი იმ დროისათვის, ვიმეორებთ, მხოლოდ შემეცნების თეორეტიკოსად იქნა გამოცდახებული, მაგრამ ასეთ პირობებში თვით „გონების კრიტიკაც“ გაუგებარი უნდა დარჩენილიყო. იმდროინდელი მისი ინტერპრეტაცია ნათლად მოწმობს, რომ „საქმისა და ფაქტის“ ხალხი კანტის ნაწერებში მხოლოდ იმას ხედავდა, რისი დანახვაც მას ეწადა. და ასე მოხდა, რომ კანტის apriori-მ ანთროპოლოგიური და ემპირისტული სახე მიიღო; შემეცნების აუცილებელი ფორმები: დრო, სივრცე და კატეგორიები ადამიანის ბუნების სპეციფიკურ თავისებურებად იქნენ გამოცხადებული.

აქედან XIX საუკუნის ოთხმოციანისა და ოთხმოცდაათიანი წლების ფილოსოფიას, რაკი იგი ამ ნიადაგზე დადგა, შესაფერი დასკვნა უნდა გაეკეთებინა: მას საკითხი უნდა დაესვა და თავისებური გადაწყვეტაც მოენახა, თუ როგორ წარმოიშობა ადამიანის ცნობიერებაში მისი შემეცნების ფორმები. აპრიორული ფსიქოლოგიურ პრიორულად იქნა მიჩნეული, და შემეცნების პრობლემამ ფსიქოლოგიური ხასიათი მიიღო. ამგვარად, მოაზროვნე საზოგადოების ცნობიერებაში ახალი, ფსიქოლოგიური კვლევა-ძიების წყურვილი წარმოიშვა, რომელიც, სხვათა შორის, ფილოსოფიის ისტორიის ისედაც გაცხოველებული შესწავლის მისწრაფებას განსაკუთრებით ხელს უწყობდა, ვინაიდან საინტერესო იყო თითოეული სისტემის ფსიქოლოგიური მოტივების გამონახვა.

ამგვარად, XIX საუკუნის ბოლოს ფილოსოფია ფილოსოფიის ისტორიად და ფსიქოლოგიად გადაიქცა; ხოლო თვით ფსიქოლოგიაც, დროის შესაფერისად, წმინდა ემპირიულ მეცნიერებად გამოცხადდა, რომელსაც ფილოსოფიასთან საერთო არაფერი უნდა ჰქონოდა. ამას, რა თქმა უნდა, თავისებური გავლენა უნდა მოეხდინა ფსიქოლოგიური კვლევა-ძიების მეთოდებზეც, და ვინდელბანდის სიტყვით, „ერთხანს გერმანიაში ფილოსოფიის კათედრის დაკავების უნარი უდავოდ ითვლებოდა, თუ რომ კანდიდატს შესწავლილი ჰქონდა მეთოდურად ელექტრონის აპარატზე ჩხაკუნი და თუ მას გრძელის, კარგად დაწყობილი ცდების ტაბელებით რიცხობრივად დამტკიცება შეეძლო, რომ ზოგი ადამიანი უფრო ადრე განიცდის ამა თუ იმ შთაბეჭდილებას და ზოგი უფრო გვიან“.

გაცხოველებულ ფსიქოლოგიურ კვლევა-ძიებას თავისებური ფილოსოფიური შედეგებიც მოჰყვა თან. ძირითადი საკითხი ვოლუნტარიზმის თუ ინტელექტუალიზმის საფუძვლიანობის შესახებ თავის დასაბუთებას ამიერიდან ფსიქოლოგიურ ნიადაგზე ეძიებდა: ინტელექტი თუ ნება, რომელი იყო მათ შორის უპირველესი? ეს საკითხი ადამიანის სულიერი ცხოვრების ზედმიწევნით შესწავლას უნდა გადაეწყვიტა; და XIX საუკუნის ფსიქოლოგიაში კვლევა-ძიება ამ ორი თვალსაზრისით წარმოებდა.
ასე იყო თუ ისე, ჩვენი საუკუნის დასაწყისისათვის ფილოსოფიის ძირითად საკითხად ისევ ინტელექტისა და ნების შემეცნებისა და მოქმედების პრობლემა დარჩა, მაგრამ ახლა მას დროის შესაფერისი ელფერი მიეცა, რადგანაც კანტის ძლიერი ზეგავლენისა და მეცნიერული კვლევა-ძიების არაჩვეულებრივი სწრაფი განვითარების გამო ფილოსოფიაში ცენტრალურ პრობლემად შემეცნების პრობლემა გადაიქცა, ვოლუნტარიზმმა და ინტელექტუალიზმმა ახალი ფორმულა მიიღეს: რა არის უპირველესი, შემეცნება თუ მოქმედება? როგორია როლი შემეცნებისა მოქმედებაში და მოქმედებისა შემეცნებაში? რომელ მათგანს ეკუთვნის ჰეგემონია?

გერმანიაში ავენარიუსმა და მახმა „აზროვნების ეკონომიის“ პრინციპი წამოაყენეს; ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენი შემეცნების ამა თუ იმ დებულებას მხოლოდ იმდენად აქვს ჭეშმარიტების ღირებულება, რამდენადაც მას ჩვენი აზროვნების ეკონომიის დაცვა შეუძლია; ამგვარად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აზროვნებაში იმას კი არა აქვს, თუ რამდენად უახლოვდება ესა თუ ისა აზრი ობიექტის სინამდვილეს, არამედ იმას, თუ რამდენაც გამოსადეგი და ხელსაყრელია იგი მეცნიერული კვლევა-ძიების დროს. ამგვარად, აზროვნებამ თავისი დამოუკიდებელი ღირებულება დაკარგა; იგი მოქმედებას, პრაქტიკას დაექვემდებარა.

მაგრამ გაცილებით უფრო გაბედულად შემეცნების ჩამოქვეითება და პრაქტიკის ჰეგემონიის აღიარება ე.წ. პრაგმატიზმს ახასიათებს. თავი და თავი ადამიანის შემეცნებისათვის რწმენაა, ხოლო რამდენად მართებულია ეს რწმენა, ეს სულ ერთია. საკმარისია იგი მტკიცე იყოს და ჩვენც სავსებით კმაყოფილი ვართ. მაგრამ თვით სიმტკიცე რწმენისა მის პრაქტიკულ ღირებულებებზეა დამოკიდებული. ამგვარად, პრაგმატიზმისათვის ადამიანის შემეცნება პრაქტიკას უმორჩილდება და ჭეშმარიტება პრაქტიკულ გამოყენებას ნიშნავს. პრაგმატიზმი XX საუკუნის დასაწყისში ერთ დროს ფილოსოფიური კონტროვერზების ცენტრში იდგა.

მაგრამ ამავე დროს მეორე ძირითადი ხასიათის პრობლემაც ჩამოყალიბდა. კანტის სისტემა თავისებური ვოლუნტარიზმისაგან არ იყო სავსებით თავისუფალი; მაგრამ აქ იგი ადამიანის მოქმედების საზღვრებით იფარგლებოდა, თუ მთელი გამოცდილებითი სინამდვილე ერთადერთ ნიადაგად იყო მიჩნეული, რომლის დამუშავებაც ჩვენი სამეცნიერო შემეცნების ხელთ იყო, სამაგიეროდ ადამიანის ზნეობრივი მოქმედება თავის წიაღში ღრმა ძალას ააშკარავებდა, რომელიც ჩვენი ზნეობრივი ნორმების, შემოქმედების პრინციპში მდგომარეობდა; ფილოსოფია, ამ სახით, ზნეობრივი ნორმებისა და შეფასების მეცნიერებად უნდა გადაქცეულიყო, მას კულტურულ ღირებულებათა მეცნიერების სახე უნდა მიეღო, ასეთი მიმართულების განვითარებას განსაკუთრებით ისტორიისა და ფსიქოლოგიის წინსვლამ შეუწყო ხელი. აღმოჩნდა, რომ შემეცნება აქ სხვა გზით მიმდინარეობდა; აღმოჩნდა, რომ ფილოსოფიას განსაკუთრებული ადგილი არ ჰქონდა. რიკერტისა და ვინდელბანდის ზეგავლენით ფილოსოფიაში ახალმა იდეალიზმმა კვლავ შესავალი იპოვა.

წერილი მოგვაწოდა ლევან თურმანაულმა

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button