ესესაკითხავი

შოთა ნიშნიანიძე – პოეტის მოწოდება – მცირე რეპლიკა ვერლიბრის შესახებ

–კითხვაზე, თუ რა არის პოეზია, დღემდე არავის მოუცია ყველასათვის მეტნაკლებად მისაღები პასუხი. პოეზიის აღთქმა-გაგება და სიყვარული უმეტესწილად სუბიექტურია, ამიტომ მისი განმარტებაც ყოველთვის სუბიექტური და არასრული იქნება. ამ შემთხვევაში პოეზია რელიგიას ჰგავს, ისიც რწმენის თავისუფლებაზეა დაფუძნებული. პოეზიაში ყველა თავის ღმერთებს, კერპებს, ხატებსა და წმინდანებს ირჩევს, როგორც იტყვიან, ყველა თავის რჯულზე სწირავს. ეს არ არის გემოვნებათა აღრევა, ამიტომაც მსჯელობენ და კამათობენ მასზე. მაშასადამე, პოეზია მხატვრული მრწამსისა და გემოვნებისადმი თაყვანისცემაა: მე ეს მწამს, მე ეს მიყვარს. ალბათ ამიტომაც არის ჭეშმარიტ პოეზიაში, როგორც ლოცვა ვედრების, გალობა-ღაღადის, ისე კურთხევა-შეჩვენებისა და ზებუნებრივ ძალებთან მისტერიული ზიარების ელემენტებია.

ხოლო თუ უბრალოდ და პირდაპირ ვიტყვით, ყველაფერი ის, რაც გულს შეგვთრთოლებს და ესთეტიკურ ტკბობას მოგვანიჭებს, უკვე პოეზიაა ფართო გაგებით. პოეზია გულის კულტია, ადამიანის ლამაზი და ამაღლებული სულიერი მდგომარეობის გამოხატვაა, ოღონდ მძაფრებული გამოხატვა. პოეზია სიმახინჯეშიც (არაესთეტიკურშიც) სილამაზეს აღმოაჩენს (აბრეშუმის ჭიიდან ფერებხასხასა პეპელა იჩეკება). პოეზია ყოველწამიერი პროზაული ერთფეროვნების ჯაჭვიდან ამოვარდნაა, სულის ფრთაშესხმული მდგომარეობაა. ტკივილისა და მწუხარების ამსახველი სტრიქონიც კი შემოქმედებითი სიხარულით იქმნება. ძველი სწავლულები პოეტური შემოქმედების პროცესს “ღვთაებრივ სიშმაგედ”, “ღვთაებრივ ბნედად” ნათლავდნენ, რომლის დროსაც თითქოს წინასწარმეტყველების ზეგარდმო ნიჭიც მჟღავნდებოდა.

პოეზიას სხვაზე ბევრად უფრო მგრძნობიარე ადამიანები ქმნიან. სწორედ ისეთები, რომლებიც სულიერ ღველფს ატარებენ.

პოეზია “მოაზროვნე ლერწამის დრტვინვაცაა”, პოეზია ოცნების ფენომენია და მას მეოცნებეები ქმნიან. ოცნების შეჩერება კი შეუძლებელია. ამიტომაც უსწრებს პოეზია თავის დროს, უკვე არსებულსა და დაკანონებულს, მოითხოვს მის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, კიდევ უფრო გალამაზებას.

მე მიყვარს სულიერი მხნეობის მომნიჭებელი პოეზია, რომელიც წარმართული ჟინით ეწაფება სიცოცხლის სიყვარულს, რომელსაც სილამაზე და სიხარული შემოაქვს ყოველდღიორი ყოფითობის პროზაულობაში. პოეზია ჯანსაღი უნდა იყოს და ზნეობრივად უნდა ასპეტაკებდეს ადამიანებს, იგი კარგ მამულიშვილებად უნდა ზრდიდეს ახალ თაობებს, უნდა აღვივებდეს მათში ჰუმანურობის, სამართლიანობის მაღალ იდიალებს.

ვერლიბრზე ვიტყვი ორიოდე სიტყვას. რატომღაც ზოგიერთმა ლიტერატორმა მე ვერლიბრის პირველ მტრად გამომაცხადა. ეს უბრალო გაუგებრობაა.

ასე რომ იყოს, მე თვითონ აღარ დავწერ თავისუფალ ლექსს.. მე ვებრძვი თავისუფალ ლექსად შემოჩეჩებულ პროზას და პწკარედს, თავისუფალი ლექსი შეიძლება იყოს ვერსფიკაციურად თავისუფალი პირობითობებისაგან, რითმა იქნება ეს, რიტმი თუ მეტრი, მაგრამ არა აზრისაგან და გრძნობისაგან ასეთი ვერლიბრის ნიმუშები ან ტევადი ფორმის გაყალბებაა და დაკნინება. სინამდვილეში თავისუფალი ლექსი რთული პოეტური ინფორმაციის გადმოცემის დიდ საშუალებას იძლევა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მას კლასიკურ ლექსთან შედარებით ერთი უპირატესობა გააჩნია: ვერლიბრის სივრცე მოშიშვლებულია და იქ უნიჭობა ვერ დაიმალება, როგორც ეს ხდება ხოლმე კლასიკურ ლექში, სადაც ვირტუოზულ რითმებს, მელოდიკას, ტექნიკურ ილეთებსა და რიტმულ ექსპრესიას ზოგჯერ მოხერხებულადაა ამოფარებული უნიჭობა. ჩემთვის გულსატკენი ის გახლავთ, რომ ვერლიბრს ხშირად ისეთ ავტორები მიმართავენ, რომლებსაც, უბრალოდ, არც ოსტატობა და არც სულიერი ენერგია არ ყოფნით სტრიქონების გასარითმავად, ისე, რომ ლექს უნებრიობა არ დაუკარგო. ასეთ ავტორებს ჩვეულებრივ განსაკუთრებული არაფერი აქვთ სათქმელი, მათი თავისუფალი ლექსი ჩვეულებრივი პროზაა, ოღონდ გრაფიკულად ლექსივით ჩამოწერილია, თანაც ყოველგვარი კანონზომიერების გარეშე. ვერლიბრის ტევადობის გასავსებად დიდი აზროვნება, დიდი ნებათაღელვა და სულიერი ენერგიაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უხერხემლო პწკარედად ანდა პროზად აღიქმება.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button