მოთხრობა

ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი – “ოსკარი”

(ციკლიდან “ემიგრანტული მოთხრობები”)

დაამთავრა თუ არა მუშაობა, ოსკარი მეტროთი დაეშვა მეორე სამსახურისაკენ, რომელიც ქალაქის ქვემო უბანში ჰქონდა. დღევანდელი დღით კმაყოფილი იყო, რადგან დილით გვარიანად იწვიმა. კარისკაცს კი მეტი რა უნდა? მოისხა საწვიმარი და სამსახურში მოჩქარე მობინადრეებისათვის ტაქსების გაჩერებით კარგი “ტიპებიც“ გააკეთა. წვიმიან დღეს სახლში მისვლაც განსაკუთრებით უხაროდა, რადგან მხოლოდ მაშინ ელოდებოდა ცოლ-შვილი სამსახურიდან მის დაბრუნებას. ოსკარი მიუჯდებოდა ცოლის გაცხელებულ ლობიოს, კარგად გამოძღებოდა, შემდეგ კარისკაცის ფორმის ჯიბეებიდან მაგიდაზე დაჭმუჭნულ ერთ დოლარიანებს ამოყრიდა და ოჯახის წევრებს დაუნაწილებდა. ეს ფული, ასე ვთქვათ დამატებითი, გასართობი ფული იყო. რაც შეეხება კვირის ბოლოს აღებულ ხელფასს, ოსკარი დემონსტრაციულად გადასცემდა ხოლმე ცოლს, რომელსაც ჩეკები სასწრაფოდ “სიტი-ბანკში“ შეჰქონდა, საიდანაც ძალზე მომჭირნედ ნაწილდებოდა გადასახადებისა თუ აუცილებელი დანიშნულებისათვის.
წვიმიანი დღე თუ არა, ოსკარი ცოლ-შვილს მხოლოდ კვირაობით ნახულობდა, როდესაც ორივე სამსახურიდან ისვენებდა. სამუშაო დღეებში გამთენიისას დგებოდა. ღამით კი ჩაბნელებულ სახლში შეიპარებოდა, სამზარეულოში ფრთხილად დააბიჯებდა, ოჯახის წევრები რომ არ გაეღვიძებინა და უხმაუროდ შეძვრებოდა ხოლმე ლოგინში.
რვა წელი იყო ასეთი ერთფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობდა ნიუ იორკში. 72 – ქუჩიდან “ვილიჯში“ № 2 მატარებელს დაჰყვებოდა, ბროდვეისა და “ტაიმ სქვერის“ ქვეშ, გვირაბში მოძრაობდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ცხოვრება ჩქეფდა ზევით. თუმცა ერთხელ მოუწია ავტობუსით მგზავრობა. გაოცებულმა თვალი ვერ მოსწყვიტა შოუს ბილეთების გრძელ რიგში ჩამდგარ, ბედნიერი და მოცლილი ადამიანების სახეებს. ოსკარისათვის თვით ეს მოედანი – “ტაიმ სქვერი“ იყო დიდი, გრანდიოზული შოუ. შენობაზე ელავდა მსოფლიოში ცნობილი კომპანიების რეკლამები, უზარმაზარი ფერადი ტელევიზორების ეკრანებიდან ამერიკელთა საყვარელი წამყვანები საუბრობდნენ. იქაურობა მუსიკოსებით, ტურისტებით თუ ათასნაირი სანახაობით იყო გადაჭედილი. ამის გამო ტრანსპორტის მოძრაობა ძალზე ჭირდა. ოსკარს ავტობუსი ისეთი ნელი და მისი ცხოვრების რიტმიდან ამოვარდნილი ეჩვენა, რომ აღარასოდეს გაჰკარებია. დაილოცოს მეტრო, ავტობუსის იმედზე რომ ვიყო, ალბათ ერთ ადგილზეც ვერ ვიმუშავებდიო…
მაგრამ მაინც კმაყოფილი იყო თავისი ბედით. მადღლბა ღმერთს, ფიზიკურად დამღლელი სამუშაო არ მაქვს ზოგიერთი ჩემი თანამემამულეებივითო, ეტყოდა ხოლმე ცოლს, რომელიც ძალზე ამაყობდა ქმრის ასეთი დაწინაურებული მდგომარეობით. ერთადერთი, რაც ოსკარს კლავდა, იყო მოწყენილობა… ხშირად ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს არც არსებობდა, ხანდახან თავის სხეულს ამოწმებდა, ხორცშესხმული იყო თუ არა. მანჰეტენის ძვირად ღირებული სახლის მობინადრეებს თვალებში შესციცინებდა და თავაზიანად ესალმებოდა – დილა მშვიდობისა, სასიამოვნო დღე გქონდეთ! საღამო მშვიდობისა, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ! თუმცა რად გინდა? ლაპარაკში ვერავის იწვევდა. თუ სასწაული მოხდებოდა და რომელიმე მოიკითხავდა, სანამ გახარებული კარისკაცი უპასუხებდა, ან ლიპტში მიეფარებოდნენ თვალს ან ქუჩაში გარბოდნენ, პასუხს არავინ უცდიდა და არც აინტერესებდათ; ხოლო თუ რომელიმე მისდა გასაკვირად ნაბიჯს შეანელებდა, ოსკარი სულმოუთქმელად, სხაპასხუპით მიაყრიდა სათქმელს.
– კარგად, გმადლობთ, ჩემი ოჯახიც კარგად არის. უმცროსი ბიჭი 16 წლისაა, უფროსი 19- ის და კოლეჯში სწავლობს, კომპიუტერების სპეციალისტი უნდა გამოვიდეს! – ამას რომ ამბობდა თვალები სიამაყით გაუბრწყინდებოდა და გულში გაივლებდა, – მოვა დრო, როდესაც ჩემი ბიჭი პროფესიონალი გამოვა, ასეთივე მდიდრულ სახლში იცხოვრებს და მასაც კარისკაცი ეყოლებაო!
თუმცა ყველას ვერ დაემდურებოდა. რამდენიმე მოხუცი უსაქმურობის გამო სიამოვნებით ჩამოუდგებოდა ხოლმე კარისკაცს, მაგრამ მათ სკლეროზი სჭირდათ და თუთიყუშებივით გამუდმებით ერთსა და იმავეს იმეორებდნენ. “ვილიჯში“ მცხოვრები ბონიც შინაურულად მოიკითხავდა – როგორ ხართ ოსკარ? როგორ მიდის თქვენი ბიჭის განათლების საქმე? – თან წითლად შეღებილ ტუჩებს ნაზად ამოძრავებდა და თვალებს სასაცილოდ აფახულებდა. ამ დროს კარისკაცს გული აუჩქარდებოდა და გაიფიქრებდა
– ღმერთო ჩემო, რა კარგი ადამიანია, ისე მელაპარაკება თითქოს თავისი ნათესავი ვიყო. ღმერთმა არ მოაკლოს ისეთი ბედნიერება, როგორიც მას საკუთარი თავისთვის სურს!.. – ასე თავისებურად დალოცავდა ხოლმე გულში.
მაგრამ ამ ბოლო დროს ბონი ძალიან შეიცვალა. ოსკარმა ეს მაშინვე შენიშნა, მეტი რა საქმე ჰქონდა?.. დანაღვლიანდა, თვალებში ბრწყინვალება ჩაუქრა, დაბნეული და არათვითდამაჯერებელი ნაბიჯებით დაიწყო სიარული, ორჯერ ნამტირალევიც დაბრუნდა სახლში, წამწამებიდან ლურჯი საღებავი ლოყებზე ჩამორეცხოდა. მეორე დღესაც იგივე განმეორდა. დიდი დაკვირვება არ იყო საჭირო, შეგემჩნიათ, თუ როგორ უკანკალებდა დაძარღვული ხელები გასაღების მოძებნის დროს, რომელზედაც ხასხასა წითელი ლაქი გადაესვა.
კარისკაცს გული დაეთუთქა. – რაღა მაინცდამაინც ეს კარგი ადამიანი უნდა იტანჯებოდეს და არა, ვთქვათ აი, ის პიჯაკში გამოწყობილი შუახნის კაცი, რომელიც აგერ უკვე რვა წელიწადია, ერთხელაც არ მომსალმებია. აბა, მაგისთანებს კი არაფერი შეაწუხებს?!..
ამის შემდეგ უფრო გაამახვილა ყურადღება. ერთი-ორჯერ ბონის ვიღაც ჯენტლემენი ეწვია. ისინი კამათით შემოვიდნენ ჰოლში, მართალია ოსკარმა ასეთი ჩქარი და რთული ინგლისურის ვერაფერი გაიგო, მაგრამ მიხვდა, ბონი საყვედურობდა მეგობარს, რომელიც თავის გამართლებას არც ცდილობდა. ისინი ლიფტში შევიდნენ, თუმცა სტუმარი დიდხანს არ დარჩენილა ზევით, თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ უკან გამოიარა, ნაყვავილევ სახეზე ცივი და მშვიდი იერი გადაჰკვროდა. ოსკარს იმ წუთში საშინლად შესძულდა ეს კაცი, წარმოიდგინა, რა გულდათუთქული დატოვა მან მისი მეგობარი.
იმავე დღეს, დაახლოებით ღამის ათ საათზე, საგანგებოდ გამოპრანჭული ბონი სადღაც წავიდა. ალბათ გასართობად და გულის გადასაყოლებლად. მაღალ ქუსლებზე შემდგარსა და მოკლე კაბაში გამოწყობილს, ფეხები უფრო დაძარღვული უჩანდა, თითებზე ბრილიანტის ბეჭდები უელავდა, ყელზე შემოტმასნილი ფირუზის მძივი მის ლურჯ თვალებს უსაზღვრო სიღრმეს და იდუმარლებას მატებდა. სახეზე უხვი მაკიაჟი გაეკეთებინა. ოსკარს მეორე დღემდე დაემშვიდობა იმ მიზეზით, რომ გვიან აპირებდა დაბრუნებას. კარისკაცმა მოჩვენებითი მხიარულების მიღმა ბონის თვალებში შეყვარებული ქალის სევდა დაინახა.

. . .

ცვლილებამ ბონის პირად ცხოვრებაში კარისკაცის ყოველდღიურობა თითქოს საინტერესო და ამაღელვებელი გახადა. თავისი ოჯახის ყოფითი, ერთფეროვანი პრობლემების გვერდით მას ახალი, უჩვეულო საზრუნავი გაუჩნდა – ბონიზე დაკვირვება… ამ გატაცებამ ოსკარი ისე ჩაითრია, რომ ის გაუსაძლისი საათები, რომელიც ადრე კუს ნაბიჯებით მიდიოდა, ახლა ელვის სისწრაფით მიქროდა. მას უკვე ათასი თავსატეხი და საფიქრალი ჰქონდა… რომელ საათზე და ვისთან ერთად მოვიდოდა ბონი, რას ჩაიცმევდა, როგორ ხასიათზე იქნებოდა და ა.შ…
მაგრამ, დრო გადიოდა და მოქალაქე ბონის ცხოვრებაში სასიკეთო არაფერი ხდებოდა. თითქოს გახდა, ბეჭებში მოიხარა, გართობაზე სულ აიღო ხელი და, რაც მთავარია, ვერაფრით მოაგვარა ურთიერთობა იმ კაცთან, პირიქით… ახლა უკვე გაუთავებლად ჩხუბობდნენ. ბონი რაღაცას გაცხარებით უმტკიცებდა ხელებით, ცრემლებით, შემდეგ ისეთი დაბნეული გადმოვიდოდა მანქანიდან, ოსკარის მოკითხვაც კი ავიწყდებოდა, მაგრამ კარისკაცი პატიობდა, განა არ იცოდა, რა იყო ეჭვიანობის საშინელი სენი?!

ასე გაირბინა ერთმა თვემ. მოვლვენათა განვითარება არავითარ იმედს არ იძლეოდა, რომ მდგომარეობა სასიკეთოდ შემოტრიალდებოდა. ამაში ოსკარი უკვე ღრმად დარწმუნდა, და რადგან ბონი თავად არ ცდილობდა გამოსავლის პოვნას, ამ წვიმიან დღეს ოსკარმა მიიღო გადაწყვეტილება.
– არა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, უნდა ვუთხრა, უნდა ვუთხრა, იქნებ გონს მოეგოს!.. – ეს სიტყვები დილიდანვე აეკვიატა და გამუდმებით იმეორებდა, თითქოს ამით თავის თავს გამბედაობას და მხნეობას მატებდა, რათა სათქმელი პირდაპირ ეთქვა, თანაც რაც შეიძლება სწრაფად და დაუყოვებლად…
ექვსი საათი რომ შესრულდა, მოსვენება დაკარგა. თვალებს კარს ვეღარ აცილებდა და მოუთმენლად ელოდებოდა, როდის შემოვიდოდა ბონი. აი, ხალხმა სამსახურიდან დაიწყო მოსვლა, რა თქმა უნდა, ოსკარი თავის მოვალეობას არ ღალატობდა და ყველას თავაზიანად ესალმებოდა, მაგრამ ამჯერად გულს გარეთ, ანგარიშმიუცემლად… სინამდვილეში ბონის მოუთმენლად ელოდებოდა… და ისიც გამოჩნდა… ყვითელი ტაქსიდან გადმოვიდა, უზარმაზარი ქოლგა გაშალა, რომ იმ პატარა მონაკვეთში არ დასველებულიყო და ჰოლში შემოაბიჯა, სადაც ოსკარს გადააწყდა. ბონს სახეზე ფერი არ ედო, ნერვიულობისაგან ტუჩები დაეკბინა, ცრემლებს ძლივს იკავებდა. – ოსკარ, როგორ ხართ? – მაინც მოიკითხა, თან შეეცედა, სასწრაფოდ აექცია გვერდი ფეხებში გახლათრული კარისკაცისათვის, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა…
ოსკარს თანაგრძნობისაგან თვალები ცრემლებით აევსო და დიდი ხნის დაგუბუბული სათქმელი თავისდაუნებურად ამოუვიდა გულიდან.
– რატომ იტანჯავთ თავს, რა ძალა გადგათ?! ქალი ხომ მხოლოდ ტანჯვისთვის არის გაჩენილი. გახსოვთ კაცი რომ იყავით რა ბედნიერად გრძნობდით თავს? დაუბრუნდით ჩვენს რიგებს, დაუბრუნდით და დამიჯერეთ, ცხოვრება ბევრად გაგიადვილდებათ!..
ბონი ჯერ გაშეშდა, შემდეგ თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, მთელი ტანით შეინძრა, წამიერად ფიქრებით სადღაც შორს გაფრინდა და ნაღვლიანი თვალებით მიაჩერდა კარისკაცს. მისი მეგობრულად შემოხვეული ხელი ფრთხილად მოიცილა და ჩქარი ნაბიჯებით, უსიტყვოდ, ლიფტს შეაფარა თავი. იმ ღამეს ბონი სახლიდან არ გამოსულა. რაც შეეხება ოსკარს, მთელი საღამო ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს მთა გადააბრუნა, თითქოს ერთი იმდენით გაიზარდა… სახლში ისეთი გამომეტყველებით დაბრუნდა, მომლოდინე ცოლ-შვილს ეგონა, ოსკარმა დღეს ლოტოში მილიონი მოიგო. ამიტომ დაჭმუჭნულმა ერთ დოლარიანებდმა ამჯერად მათ სიხარული აღარ მოჰგვარათ.
ამაღელვებელი განწყობა კარისკაცს მეორე დღეს სამსახურში თან გაჰყვა და ალბათ დიდხანს იქნებოდა ასე, ცხრა საათზე ტელეფონის ზარს რომ არ გამოეფხიზლებინა. მენეჯერი რეკავდა. ოსკარი დიდის ამბით მიესალმა, მან კი არც აცივა, არც აცხელა მიახალა – მისტერ გუდმენის დავალებით ვრეკავ, დღეიდან განთავისულფლებული ხარ მისი ორივე შენობიდან. შაბათს ოფისში მოხვალ და ბოლო ხელფასს აიღებო.

. . .

რაღა დაგიმალოთ და ოსკარმა კარისკაცის ადგილი ვეღარ იშოვა, ყველა უარით ისტუმრებდა. მისმა რვაწლიანმა მუშაობის გამოცდილებამაც ვერ გაჭრა – რას ამბობ, ახლა ამერიკაში ეკონომიკა დაბლა მიექანება, სამუშაო ადგილების შემცირებები ხდება, კარისკაცებად კოლეჯდამთავრებულები იხვეწებიან, რვა წლის უკან სხვა იყო, მაშინ ეკონომიკური აღმავლობა იყოო, – ყველა ასე პასუხობდა. ამასობაში ორი თვეც გავიდა, ოსკარს გადასახადები მოუმრავლდა. ცოლ-შვილის დაღრეჯილი სახეების დანახვა გულს უღონებდა. ერთ მშვენიერ დღეს კი ხელი ჩაიქნია და დამწუხრებული სახით საცხობში წავიდა სამუშაოდ. თქვენ წარმოიდგინეთ დღეს ბედნიერად გრძნობს თავს. მართალია, თავის მოსაფხანი დრო არ აქვს, მაგრამ იქ მისი თანამემამულეები მრავლად არიან. მთელი დღე მექსიკურ სიმღერებს უსმენს, ესპანურად ლაპარაკობს და, რაც მთავარია, იქვე სადილობს. ამიტომ დროში იგებს და შუაღამისას სახლში რომ ბრუნდება, სამზარეულოში შესვლა აღარ უწევს, პირდაპირ ლოგინში შეგორდებახოლმე.

ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი
2001 წლის ნოემბერი,
ნიუ იორკი

გამოქვეყნდა ჟურნალ “არილში” 2004 წელს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button