განხილვასაკითხავი

ამბებიდან ტექსტებამდე

ჩემი, როგორც მკითხველის ცხოვრება დაახლოებით ოც წელს ითვლის და ვინ მოთვლის რამდენი სისულელე წამიკითხავს ამასობაში. მე მახსოვს, რომელი იყო პირველი წიგნი, რომელსაც ხელი მოვკიდე ოთხი წლის ასაკში, ეს იყო “ათას ერთი ღამე” არავითარ ეროტიკას იქ ჩემთვის ადგილი არ ჰქონია რა თქმა უნდა, აზრიც ძნელად გამომქონდა ან შეიძლება ითქვას, ვერც გამომქონდა, მაგრამ მახსოვს, ძალიან მომწონდა, რომ ყოველი ღამის ბოლოს ამბავი ისეთ ადგილას წყდებოდა, რომ იძულებული იყავი გაგეგრძელებინა კითხვა. ამას სერიალის მოყვარულები გამიგებენ, ეს იგივეა, რაც ეგრეთწოდებული cliffhanger-ი

არ მახსოვს ათას ერთიდან რომელ ღამემდე მივედი, მაგრამ შემდეგი “ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი” იყო და მაშინ მახსოვს ნამდვილად საოცარი თავგადასავლების მონაწილე გავხდი ჩაფსკვნილ მურაბის ქურდ კარლსონთან და ბიჭუნასთან ერთად რომელსაც სვანტე კი ერქვა, მაგრამ ასე არასოდეს ეძახდნენ და ბრიუსელის კომბოსტო დასანახად სძულდა. მახსოვს გულწრფელად განვიცადე, როცა გავიგე, რომ შვედეთში კარლსონის მინიატურული ფიგურის შეძენა შეუძლებელია, რადგან შვედები ფიქრობენ, რომ კარლსონი უარყოფითი პერსონაჟია, ის ხომ შვედ ბავშვებს მურაბის ქურდობას ასწავლის. მიუხედავად ჩემი დიდი სიყვარულის და პატივისცემისა შვედეთის, როგორც ქვეყნის მიმართ, ეს ჩემთვის დღემდე მოუშუშებელი ტრამვაა.

“პოტერიადა” ექვსი წლის ასაკიდან დაიწყო და ახლაც მაქვს პირველი ნაწილის პირველი გამოცემა, რომელშიც ერთ-ერთ აბზაცთან წერტილი მაქვს დასმული და ეს წერტილი და ჩემეული პოტერიადა ტოლები არიან. მახსოვს წიგნს რომ ვამთავრებდი ის ღამე არ მეძინა ხოლმე ემოციებისაგან და სულ ვფიქრობდი რომ ჰერმიონ გრეინჯერი მე ვარ. ჰოგვორტსის ყველა კუთხე-კუნჭულის სუნი მცემდა ხოლმე, იმდენად ვიჭრებოდი როლებში და რომ არ შემრცხვეს, პირველი ნაწილი რვაჯერ მაქვს წაკითხული. პოტერიადას ყველაზე დიდი ადგილი უკავია ჩემს თაროზეც და გულშიც, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ცალკე პოსტში.

#photolibrary

იმ რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, ჩვეულებრივი დეპრესია მქონდა და გიჟივით ვიქექებოდი ძველ კონსპექტებში და როცა პირველად მითხრეს პროფესიონალი ხარო კინაღამ გული გამისკდა ავყია სიხარულის გრძნობით. სამაგისტრო გამოცდიდან გამოსულს ლამის გული წამივიდა სტრესისგან მაგრამ ვიცოდი, რომ ეს იყო ის რაც მთელი ცხოვრება მინდა ვაკეთო. ახლა სხვა ეტაპია, უფრო რთული, უფრო საწვალებელი და ზუსტად ვიცი ბევრი მღელვარებით სავსე, მაგრამ ნამდვილად ღირს იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი ტექნიკურად ბევრად ძლიერი პროფესიონალი არსებობს ამ საქმეში, მაგრამ მე როცა ტექსტს ვამუშავებ ეს ნამდვილად არანორმალური სიამოვნებაა… განცდა იმისა, რომ რაღაც ძალიან დიდს აკეთებ,რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს. ზოგჯერ ერთი ტექსტი რამდენიმე კვირა ამეკვიატება ხოლმე და როცა ამაზე წერას ვიწყებ, ეს რაღაცით ხელახლა დაბადებას ჰგავს. თუნდაც იმიტომ ვარ დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში, რომ მხოლოდ აკვიატებებით კეთდება დიდი საქმეები.

კითხვის პროფესიად გადაქცევას ერთი რამ ართულებს, ასეთ დროს,ამბავი მხოლოდ ამბავი კი არ არის, არამედ ჩემს ენაზე რომ ვთქვათ საკომუნიკაციო კოდი, თქვენს ენაზე კი ტექსტი იძენს ფუნქციას. ასეთ დროს, ის არის მნიშვნელოვანი, როგორ ყვება ავტორი ამბავს და არა ის, რას ყვება. ახლა რომ დავიწყო ხუთი სიუჟეტის თეორიისა და სხვათა განხილვა ალბათ ეს პოსტი არ მეყოფა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ლიტერატურა ჩემთვის ლიტერატურა ამოუწურავ სამყაროდ გადაიქცა, რომელსაც უამრავი წახნაგი აქვს როგორც ალმასს, რომელიც დამუშავებას საჭიროებს, მისი დამუშავება, დანაწევრება და ფორმის ცვლილება მხოლოდ ისევ ლიტერატურით შეიძლება და საბოლოო პროდუქტად ბრილიანტს ვიღებთ და რაც უფრო კარგად არის დამუშავებული ეს ალმასი, მით უფრო ხარისხიანია ბრილიანტი.

Source
https://literbloging.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button