National Geographicენიგმაისტორიამეცნიერებარელიგია

ბიბლიის გამოცანები: ისრაელის მეფეები

ერთხელ ახალგაზრდა ბიჭმა გოლიათი მოკლა და ამით თავისი ხალხი იხსნა. ბიბლია გვამცნობს, რომ მან იერუსალიმის აღება განაგრძო და მოხეტიალე ებრაელებს თავშესაფარი მისცა. მისმა ვაჟმა, სოლომონ ბრძენმა, მათ ტაძარი აუგო, ჩაასვენა მასში აღთქმის კიდობანი და სკივრები ძვირფასეულობით აავსო. დავითმა და სოლომონმა ებრაელები ერად აქციეს. ვინ იყვნენ ისინი – ისტორიული ფიგურები თუ უბრალოდ ლეგენდები? შემორჩა თუ არა რაიმე მტკიცებულება 3000 წლის შემდეგ? ისრაელიდან ეგვიპტემდე და სირიიდან იორდანიამდე ბევრი ეძებდა ისრაელის მეფეთა არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.

ეს ისტორია ბევრმა ჩვენგანმა კარგად იცის: 3000 წლის წინ გათის მტვრიან ხეობაში ებრაელთა გამოუცდელი არმია ძლევამოსილ ფილისტიმელებს შეეჩეხა. საუკუნეების მანძილზე ებრაელების ბედისწერა სხვა არაფერი იყო, თუ არა ხეტიალი და გლოვა, მონობა და უკაცრიელ ტერიტორიებში თავის შეფარება. მაგრამ ამას მალე მოეღებოდა ბოლო. ბრძოლაში გამოცდილი ფილისტიმელები მზად იყვნენ, ყველაფერი აეოხრებინათ. მათი ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი (3 მ) სიმაღლის ჩემპიონი, სახელად გოლიათი, გამოვიდა და გამოიწვია მეომარი ორთაბრძოლისთვის, რისი შედეგიც ომის ბედს გადაწყვეტდა. ნაბიჯის გადადგმა ვერავინ გაბედა, შემდეგ კი ერთმა ყმაწვილმა შურდული აიღო, გამბედაობა მოიკრიბა და გოლიათი სიცოცხლეს გამოასალმა. როდესაც ფილისტიმელი მეომარი მიწაზე დაეცა, დავითი მასთან მივიდა და მისივე მახვილით თავი მოაჭრა.

ეგვიპტიდან გამოსვლის ამბის დასრულების შემდეგ ებრაელები 200 წლის განმავლობაში ხეტიალობდნენ და თავის გადასარჩენად იბრძოდნენ. სწორედ დავითმა მოახერხა იერუსალიმის აღება და ებრაელებისთვის თავშესაფრის მიცემა. ბიბლიის მიხედვით, მისი შვილიც არანაკლებ გამორჩეული პიროვნება იყო: მან თავისი სიბრძნე გამოაჩინა, როცა ორი ქალი ერთი ბავშვის დედობას იჩემებდა. სოლომონმა ბავშვის გაჭრა ბრძანა, რის საპასუხოდაც ერთ-ერთმა ქალმა თანხმობა განაცხადა ბავშვის დათმობაზე, ოღონდ კი ცოცხალი დარჩენილიყო. სოლომონმა ჩათვალა, რომ ნამდვილი დედა ის იყო.

სოლომონმა გააძლიერა მამამისის სამეფო, ააგო ლეგენდარული ტაძარი და აქცია ის ებრაული რელიგიის მთავარ ღირსშესანიშნაობად. დავითისა და სოლომონის გარეშე ისრაელი არ იარსებებდა. მათ არამარტო ებრაელები სცემენ პატივს – იესო ქრისტეს გენეალოგია დედის მხრიდან დავითს უკავშირდება, ხოლო მუსლიმები დავითსა და სოლომონს წმინდა წინასწარმეტყველებად თვლიან. დავითისა და სოლომონის ლეგენდები სამი მონოთეისტური რელიგიის საერთო მონაკვეთია. შესაბამისად, არსებობდა თუ არა რეალურად ეს ორი პიროვნება, არც ისე უმნიშვნელო საკითხია მილიონობით ადამიანისთვის. ამ საკითხის გასარკვევად პირველ რიგში უნდა დავადგინოთ, კონკრეტულად რა პერიოდში მოღვაწეობდნენ ისინი. ამ საკითხში სწავლულები თანხმდებიან, რომ ეს პერიოდია ძვ.წ. X საუკუნე.

არქეოლოგები საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იკვლევდნენ იერუსალიმის სხვადასხვა ტერიტორიებს, რათა ძვ.წ. X საუკუნის დროინდელი მასალები აღმოეჩინათ იმის დასამტკიცებლად, რომ დავითი და სოლომონი ნამდვილად არსებობდნენ. მცდელობა არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მითოლოგიური პერსონაჟები იყვნენ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არქეოლოგებს ხელი მოეცარათ, ისაა, რომ ეს უძველესი ქალაქი ტერიტორიებთან დაკავშირებული ხანგრძლივი და სასტიკი დაპირისპირებების ეპიცენტრია. წარსულის კვლევის ნებისმიერ მცდელობას წინ ეღობება კონკრეტული მომენტის პოლიტიკური სიტუაცია. თუმცა ეს არ გახლავთ ერთადერთი პრობლემა – იერუსალიმი ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანია, რომელსაც ათასობით წლების განმავლობაში გამუდმებით იპყრობდნენ. ის მრავალჯერ დაინგრა და შემდეგ ხელახლა აიგო. რამდენად შესაძლებელია, ასეთ პირობებში რაიმე მტკიცებულებას წავაწყდეთ?


არსებობს ერთი ადგილი, რომელიც შედარებით ხელუხლებელია და მიწისქვეშ მდებარეობს. ძველი აღთქმის მეფეთა წიგნის მიხედვით, დავითმა უძველესი გვირაბები გამოიყენა იერუსალიმისთვის ალყის შემოსარტყმელად. იერუსალიმს მაშინ მისი მტრები, იებუსეველები მართავდნენ. „თქვა იმ დღეს დავითმა: იებუსეველებთან შებრძოლებულმა მახვილით მოსრას კოჭლი და ბრმა, დავითის მოძულე.” თუკი დავითმა მართლაც აიღო იერუსალიმი, ამისთვის დიდი დაბრკოლებების გადალახვა მოუწევდა, მიწისქვეშა გზების გამოყენებით კი მოულოდნელობის ეფექტს შექმნიდა. თუმცა ერთადერთი გვირაბი, რომელიც არქეოლოგებს ჰქონდათ აღმოჩენილი, გაცილებით გვიანდელი პერიოდისაა – ძვ.წ. 800 წლის ეზეკიას (ხიზკიას) არხი. ეზეკია დავითის შთამომავალი იყო და ეს არხი ქალაქის წყლით მოსამარაგებლად გაიყვანა.

ათწლეულების განმავლობაში არქეოლოგებმა მხოლოდ ეს გვირაბი იცოდნენ, თუმცა მკვლევარმა რონი რაიხმა მისგან არც ისე შორს კიდევ ერთი აღმოაჩინა. ამ აღმოჩენამ არქეოლოგებისა და ბიბლიის მკვლევარების ყურადღება მაშინვე მიიპყრო. აქ ნაპოვნი კერამიკის ნატეხები დაეხმარა რაიხს, განესაზღვრა მისი ასაკი ძვ.წ. 1800 წლით. ასე რომ გვირაბი დავითამდეც არსებობდა. რამდენად შესაძლებელია, რომ ეს იყო სწორედ ის არხი, რომლის მეშვეობითაც დავითმა აიღო იერუსლაიმი და შემდეგ ის თავისი სამეფოს დედაქალაქად აქცია? ჯერჯერობით ეს უცნობია. ამ საკითხში ბიბლიის ცნობები არ იძლევა სრულ სურათს, რათა დაზუსტებით ითქვას რაიმე.

მიუხედავად იმისა, გამოიყენა თუ არა ეს გვირაბი დავითმა, ეს ფაქტი თითქმის არაფერს გვიამბობს თავად მასზე. როგორც აღმოჩნდა, საუკეთესო მტკიცებულება, რაც გაგვაჩნია, არც მის ქალაქთანაა კავშირში და არც ხალხთან, არამედ მის ცბიერ მტრებთან. როგორც ბიბლია ამბობს, დავითი საუცხოო სამხედრო მეთაური იყო. მას შემდეგ, რაც დააარსა სამეფო და იერუსალიმი დედაქალაქად აქცია, მის ძლიერ მეზობლებთან – მოაბელებთან, ედომელებთან, ამონელებთან და არამელებთან – შერკინებისას ერთ გამარჯვებას მეორე მოჰყვებოდა ხოლმე. გაფართოებული სამეფო მდინარე იორდანეს ორივე მხარეს ვრცელდებოდა და ხმელთაშუა ზღვამდე გადიოდა. მის ძეს სოლომონს მემკვიდრეობით შეხვდა ძლიერი იმპერია, რომელშიც უკვე უსაფრთხო იყო ტაძრის აგება და მასში წმინდა რელიკვიების შენახვა, მათ შორის აღთქმის კიდობნისაც.


ყველაზე ხელშესახები მინიშნება, რომელიც მეფე დავითზე გაგვაჩნია, ეკუთვნის მის მტერ მეფეს, რომელიც დავითის შთამომავლებზე გამარჯვებას არამეულ ენაზე აღწერს ქვის ნატეხზე – ტელ დანის სტელაზე. წარწერის მიხედვით, მან 70 ქალაქი დაიპყრო და სტელაც ამ ამბის უკვდავსაყოფად გამოიყენა. ერთ-ერთმა მონაკვეთმა უმალ მიიპყრო არქეოლოგთა ყურდღება: ბეთ დევიდ, რაც „დავითის სახლს” ნიშნავს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა დავითის სახელი არაბიბლიურ წყაროში აღმოაჩინეს. ცხადი გახდა, რომ დავითი უბრალო ტომის ბელადი არ ყოფილა, არამედ მამამთავარი იმ ერისა, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ არსებობას დღემდე განაგრძობს. 1993-94 წლებში აღმოჩენილი ტელ დანის სტელით ნათელი გახდა, რომ მეფე დავითი ისტორიული პიროვნება იყო და სავარაუდოდ ნამდვილად გაუძღვა თავის ხალხს გამარჯვებისკენ, როგორც ბიბლია ამბობს. შემდეგ კი თავისი სამეფო გააფართოვა, თანაც იმდენად, რომ მისმა შთამომავლებმა მტრების ყურადღება მიიპყრეს.

დავითის შესახებ უფრო მეტი ცნობის მიღება შესაძლებელია მისი სხვა მტრებისგან შემორჩენილი ცნობებით. მათ შორის არიან ფილისტიმელებიც. არქეოლოგიურ მონაცემებსა და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით არქეოლოგების ნაწილი თვლის, რომ ცენტრალურ ისრაელში მდებარე ტელის სახელით ცნობილი გორაკი, იგივე ტელ ეს-საფი და ტელ ზაფიტი, ქალაქ გათის ნარჩენია. გათი ერთ-ერთ უდიდეს ფილისტინურ ქალაქს წარმოადგენდა და ბიბლია მას გამორჩეულად ახსენებს. გათის აღმოჩენა სერიოზული წინსვლაა იმ არქეოლოგებისთვის, რომლებიც დავითის პერიოდის ბიბლიური ამბების მტკიცებულებას ეძებენ.

მიუხედავად იმისა, რომ გათის განადგურება დავითს არ მიეწერება, მის შემდეგ ბიბლია უბრალოდ წყვეტს ამ ქალაქის ხსენებას. ამის მიზეზზე არქეოლოგებმა დიდი ხნის განმავლობაში არაფერი იცოდნენ, თუმცა შემდეგ დაადგინეს, რომ გოლიათის სამშობლო გათი განადგურდა ძვ.წ. IX საუკუნეში. შესაბამისად, ბიბლია აღარ ახსენებდა მას, რადგან ქალაქი აღარ არსებობდა. ეს მოხდა იმ პერიოდში, როცა დავითი მიწებს იპყრობდა. არის თუ არა ეს იმის მტკიცებულება, რომ დავითი მართლაც არსებობდა? არქეოლოგების ნაწილი ამ მტკიცებულებას არადამაკმაყოფილებლად თვლის, რადგან ბიბლიის ავტორებმა იცოდნენ იმ პერიოდის ისტორია, რომელზეც წერდნენ, შესაბამისდ, მეტი დამაჯერებლობისთვის შეეძლოთ დაემატებინათ დამარწმუნებელი დეტალები.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია დავითის კიდევ ერთი მტრისგან. ბიბლია გვამცნობს, რომ ისრაელის სამეფო ფართოვდებოდა დავითისა და მისი არმიის კონტროლის ქვეშ და მისი ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გამარჯვება ედომის ძლევამოსილი სამეფოს დამარცხება იყო. „დააყენა ედომში ხელისუფალნი და შეიქნა მთელი ედომი დავითის მორჩილი. ყველგან, სადაც არ უნდა წასულიყო, უფალი შეეწეოდა დავითს.” დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ედომელები უბრალოდ მოხეტიალე ტომი იყო და ბიბლიაში მათი ფიგურა გაზვიადდა, რათა დავითის გამარჯვებას მეტი სიმამაცის ელფერი შესძენოდა. თუმცა ზოგიერთი თვლის, რომ სიტუაცია შეიცვალა, როცა იორდანიელმა არქეოლოგმა, დოქტორ მოჰამად ნაჯარმა თავის კოლეგებთან ერთად დაიწყო უძველესი სპილენძის მწარმოებელი ხალხების კვლევა იორდანიის უდაბნოების ტერიტორიაზე, სადაც ადრე ედომი იყო. აქ ნაჯარმა დიდი როდენობით შლაკები აღმოაჩინა.

უძველესი დროიდან დღემდე სპილენძის გასუფთავების ერთადერთი გზა სპილენძის მადნის ღუმელში გახურებაა. გახურების შემდეგ რჩება შავი ფერის მინერალები, სწორედ ისეთი, როგორსაც ნაჯარი წააწყდა. ეს ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ნატეხები არქეოლოგებს ხშირად დიდ დახმარებას უწევს. შლაკების რაოდენობის მიხედვით ნაჯარმა და მისმა თანამოაზრეებმა დაასკვნეს, რომ სპილენძის წარმოება აქ მცხოვრები ორგანიზებული საზოგადოების შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო. ზემოდან დაკვირვებამ აჩვენა, რომ აქ ადრე მასიური შენობა იყო, ნაჯარის აზრით კი – რკინის ხანის ერთ-ერთი უდიდესი ციხესიმაგრე იორდანიის, ისრაელისა და სინაის ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს, რომ ედომური საზოგადოება სავარაუდოდ სულაც არ ეწეოდა მომთაბარე ცხოვრებას, როგორც მანამდე ეგონათ, არამედ ეს იყო მოწინავე და ცენტრალიზებული გაერთიანება, რომელსაც შეიძლებოდა მიეპყრო მეფე დავითისნაირი ადამიანის ყურადღება. რადიონახშირბადული დათარიღება აჩვენებს, რომ მათი განვითარების ზენიტი შესაძლოა, სწორედ ამ პერიოდში ყოფილიყო. თუმცა ამ შემთხვევაში ედომის ტერიტორიაზე უნდა იყოს ისეთი რამ, რაც მეფე დავითის აქ ყოფნას დადასტურებდა. დოქტორი ნაჯარი თავის კოლეგებთან ერთად ძიებას განაგრძობს.

„შეჰყარეს ფილისტიმელებმა საომრად ლაშქარი; გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან მორკინალი კაცი, სახელად გოლიათი, გათელი. ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი იყო მისი სიმაღლე.” ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი დაახლოებით 3 მეტრს უტოლდება. დავითმა გოლიათის გამოწვევა მიიღო და მას მხოლოდ შურდულით მოუღო ბოლო. სუსტი ბიჭის მიერ გოლიათის დამარცხების ამბავი დიდი ხნის განმავლობაში იპყრობდა ადამიანთა ყურადღებას. მორწმუნეებისთვის ეს არის სიმტკიცის, გამბედაობისა და რწმენის ისტორია, სკეპტიკოსებისთვის კი – უბრალოდ იგავი. დავითთან დაკავშირებულ ამბებს შორის მას ყველაზე მეტად ჰქონდა მითის ელფერი, ამიტომ გოლიათის აღმოჩენას არავინ ელოდა. თუმცა გამომწვარი თიხის პატარა ნატეხის შემოწმებამ ისეთი რაღაც აჩვენა, რამაც ყველა განაცვიფრა. ნატეხი ტელ ეს-საფში აღმოაჩინეს 2005 წელს და მასზე ადრეულ ფილისტინურ ენაზე „ავლატეს” ეწერა. საქმე იმაშია, რომ სემიტებმა შეცვალეს ამ სიტყვის წარმოთქმა და ავლ-ის მაგივრად ამბობდნენ გოლ-ს, რადგან ებრაული ყურისთვის «ავლატეს» ჟღერდა, როგორც «გოლატეს», რომელიც მოგვიანებით გარდაიქმნა გოლიათად. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თიხის ნატეხი უშუალოდ ბიბლიურ გოლიათს ეკუთვნოდა? სავარაუდოდ არა, რადგან მისი ასაკი განისაზღვრა შემდგომი პერიოდით. თუმცა არქეოლოგები დარწმუნდნენ, რომ გათში დავითის პერიოდშიც და შემდგომაც იყვნენ ფილისტიმელები და მათგან მინიმუმ ერთი საკუთარ თავს გოლიათს (ავლატესს) უწოდებდა.

მაგრამ მკვლევართა ნაწილისთვის გოლიათის პერსონაჟთან დაკავშირებით ბიბლიაში ბევრი უხეში შეცდომაა. მაგალითისთვის ავიღოთ მისი აბჯარი, რომელიც დაწვრილებითაა აღწერილი: „თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა, ჯაჭვის ჯავშანი ემოსა; ჯავშნის წონა ხუთი ათასი შეკელი იყო. ფეხებზე სპილენძის საბარკულები ეკეთა, მხარზე სპილენძის ჰოროლი ჰქონდა გადებული. მისი შუბის ტარი საქსოვი ლილვის ოდენა იყო; შუბის რკინის წვერი ექვსას შეკელს იწონიდა.” როგორც ჩანს, ეს აღწერილობა ანაქრონიზმებს შეიცავს – მათი ნაწილი იმ დროს არ არსებობდა.


მეზობელ ეგვიპტელებს ხშირად უწევდათ ფილისტიმელებთან ურთიერთობა და მათი აღწერილობა სხვა სურათს გვაძლევს. კედლებზე ამოკვეთილ გამოსახულებებზე, სადაც ერთმანეთს ეგვიპტელი და ფილისტიმელი მეომრები ერკინებიან, ჩანს, რომ ფილისტიმელებს მსუბუქი მუზარადები ეხურათ, ასევე ჰქონდათ აბჯარი, რომელიც სავარაუდოდ არა მეტალის, არამედ ტყავის იყო. ატარებდნენ წრიული ფორმის ფარებს და გრძელ, წაწვეტებულ ხმლებს. გოლიათის აღწერილობა შეესაბამება არა ძვ.წ. X საუკუნის ფილისტიმელს, არამედ ძვ.წ. VII-V საუკუნეების ბერძენ მეომარს. რატომ უსწრებს გოლიათის აღკაზმულობა მის პერიოდს 300 წლით? შეიძლება იმიტომ, რომ დავითისა და გოლიათის აღმწერი ავტორები სწორედ 300 წლის შემდეგ ცხოვრობდნენ.

თუკი დავითმა ებრაელები იერუსალიმში მიიყვანა, მისმა ვაჟმა სოლომონმა ეს ქალაქი საყოველთაოდ სახელგანთქმული გახადა. სოლომონი ცნობილია, როგორც ბრძენი მმართველი, წმინდა ტაძრის ამგები და 700 ცოლისა და 300 ხარჭის პატრონი. სოლომონი ასოცირდება მშვიდობასთან, სიბრძნესთან, სიმდიდრესთან და სიდიადესთან. ბიბლია გვიამობს, რომ მან ააგო ტაძარი და გაავსო ძვირფასეულობით, წმიდათაწმიდას შიდა მხარე და სამსხვერპლო კი მოაოქროვა. სასახლე ოქროს ნივთებით აავსო, ხოლო სამეფო ტახტი სპილოს ძვლისგან დაამზადებინა. სოლომონი სიმდიდრითა და სიბრძნით აღემატებოდა დედამიწაზე მცხოვრებ ყველა სხვა მეფეს. მაგრამ რაც შეეხება არქეოლოგიურ მონაცემებს, აქ წინააღმდეგობას ვხვდებით ბიბლიურ მონაცემებთან, რადგან არც ეს ძვირფასი ნივთებია აღმოჩენილი და არც ტაძარი, მისი ნანგრევებიც კი. წმინდა არქეოლოგიური ფაქტებით ვერც იმას ვიტყვით დაზუსტებით, რომ მეფე სოლომონი ნამდვილად არსებობდა.

არქეოლოგებისგან განსხვავებით ისრაელში მცხოვრები მორწმუნეები მიიჩნევენ, რომ სოლომონმა ააგო პირველი ტაძარი, რომელიც შემდეგ დაინგრა, ხელახლა აიგო და ისევ დაინგრა. ისინი მოუთმენლად ელიან ტაძრის მესამედ აგებას სწორედ იმ ადგილას, სადაც ამჟამად ისლამური მეჩეთი დგას. ტაძარი სოლომონის ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობაა და ძველი აღთქმის მეფეთა წიგნი მის დეტალებსაც გვაწვდის: ჰარმონიული ქვის წყობა, რომელიც კედარის ფიცრებითა და კოჭებით დაიფარა, მოჩუქურთმებული სვეტები, ზეთისხილის ხის კარედები, რომლებზეც ქერუბიმები ამოიკვეთა და წმიდათაწმიდა, რომელიც შიგნიდან მთლიანად ოქროთი დაიფარა. მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ ასეთი ტაძრის აგება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ამას დასჭირდებოდა უდიდესი შრომა და სიმდიდრის განიავება. ძვ.წ. X საუკუნისთვის ეს ზედმეტად საუცხოო ტაძარი გამოვიდოდა.


1980 წელს არქეოლოგები გაოცებულნი დარჩნენ, როცა აღმოაჩინეს სოლომონის პერიოდის ტაძარი აინ დარაში (სირია). მას ბევრი რამ აკავშირებდა სოლომონის ბიბლიურ ტაძართან. ამჟამად ნანგრევები ერთ დროს ქვისგან ნაშენებ მასიურ ნაგებობას წარმოადგენდა. ფასადისა და ინტერიერის მხარეს კედლები მორთულია ასობით გამოსახულებით, რომლებიც შეიცავენ ლომებს, ქერუბიმებს, მითიურ არსებებსა და გეომეტრიულ მოხაზულობებს, ისე როგორც ბიბლია ამბობს. „აღმართა სვეტები ტაძრის დარბაზში; აღმართა მარჯვენა სვეტი და უწოდა სახელად იაქინი; აღმართა მარცხენა სვეტი და უწოდა სახელად ბოყაზი.” სოლომონის ტაძრის მსგავსად აინ დარაც მოიცავდა შიდა ეზოს, სადაც ქვის ფილები იყო დაგებული. იმ სვეტებისგან, რომლებსაც ერთ დროს პორტიკის სახურავი ეყრდნობოდა, ამჟამად მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი. აინ დარას ტაძარი ჰგავდა სოლომონისას დიზაინითაც და ორნამენტებითაც.

კვლევამ აჩვენა, რომ ორ ტაძარს მინიმუმ 33 რამ ჰქონდათ საერთო. აინ დარას ტაძრის ამგებად სოლომონი ვერ ჩითვლება, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეფობის პერიოდში მან ისესხა გარკვეული კულტურული ტრადიციები. თუმცა ზოგიერთის აზრით, ბიბლიის მწერლებმა იცოდნენ ამ ნაგებობის შესახებ და სოლომონის ტაძრის აღწერილობაში მისი დეტალები გაურიეს. ტაძრის აღმოჩენამდე რაიმეს დაზუსტებით თქმა ძნელია, მაგრამ დღემდე ერთი არტეფაქტიც კი არაა ნაპოვნი, რომელიც ტაძარს ეკუთვნოდა. თუმცა არსებობს ახსნა იმისა, სად შეიძლებოდა სოლომონის სიმდიდრე აღმოჩენილიყო.

ისრაელი თავისი პერიოდის უძლიერეს იმპერიებს შორის იყო მოქცეული – ჩრდილოეთით ასირია, სამხრეთით კი ეგვიპტე. ეგვიპტელი ფარაონების ნაწილი, რომლებმაც ჩრდილოეთში, ისრაელში ილაშქრეს, თავიანთ გამარჯვებას ქვაზე აღწერდნენ. შეშონქ I-მა მეზობელი ქვეყანა ძვ.წ. 925 წელს დაიპყრო, სოლომონის სიკვდილიდან რამდენიმე წლის შემდეგ. მის შესახებ ბიბლიაც გვიამბობს. კარნაკის ტაძრის კედელზე მრავალი საომარი მოვლენის აღწერაა ამოკვეთილი, მათ შორის ამ ამბის შეშონქ I-ისეული ვერსია. ბიბლიის მიხედვით, ეგვიპტელი ფარაონი შიშაკი ისრაელში შეიჭრა და „წაიღო უფლის სახლისა და სამეფო სახლის განძეულობა, ყველაფერი წაიღო; წაიღო ოქროს ფარებიც, სოლომონმა რომ გააკეთა”. ისტორიკოსები და არქეოლოგები თანხმდებიან, რომ შიშაკი შეშონქის ებრაული ვერსიაა. უცნაურობა იმაშია, რომ შეშონქის მიერ დაპყრობილი ქალაქების სიაში იერუსალიმი არ ფიგურირებს. თუმცა ეგვიპტური გამოსახულების დიდი ნაწილი დაზიანებულია და ვერ ხერხდება იმის გარკვევა, თუ რა ეწერა თავიდან.

მკვლევართა ნაწილის აზრით, შეშონქ I-ს იერუსალიმი ნახსენები ჰქონდა და ეს მონაკვეთი დაზიანებულ ნაწილშია, სხვების აზრით კი იერუსალიმი საერთოდ არ იყო ნახსენები, შეიძლება იმიტომ, რომ ფარაონს მისი დაპყრობა არც უცდია. აღსანიშნავია, რომ შეშონქ I ახსენებს სხვა ებრაულ ქალაქებს, რომლებიც, ბიბლიის მიხედვით, სოლომონს ეკუთვნოდა. 3 მათგანი არქეოლოგების სამიზნე გახდა: ჰაცორი, მეგიდო და გეზერი, რომელთაგან მეგიდო არქეოლოგების სამოთხეს წარმოადგენს. აქ არსებული ბორცვი შეიცავს ნაქალაქარების რამდენიმე ფენას, რომელთგან ზოგი 6000 წლისაა. აქ აღმოჩენილი გალავანი სოლომონს მიაკუთვნეს, რადგან ბიბლიაში წერია, რომ „ეს არის სოლომონ მეფისგან დაწესებული ბეგარა უფლის სახლისა და თავისი სახლის, მილოს, იერუსალიმის კედლის, ჰაცორის, მეგიდოს და გეზერის ასაშენებლად”. მსგავსი გალავანი აღმოაჩინეს ჰაცორსა და გეზერშიც. თუმცა მათი დათარიღება არ ესადაგება ბიბლიური სოლომონის პერიოდს.

მეგიდოში არსებობს კიდევ ერთი ადგილი, სადაც ექსპერტები დიდი მეფის კვალს ეძებენ. მეგიდო ერთ-ერთი ყველაზე კონფლიქტური ადგილია. აქ 34 ომია მომხდარი და გამოცხადების წიგნი გვამცნობს, რომ არმაგედონის ბოლო ბრძოლაც აქ მოხდება. არმაგედონის სიტყვასიტყვით თარგმანი ნიშნავს „მეგიდოს ბორცვს”. ბიბლიის მიხედვით, მეფე სოლომონმა მეგიდო სამეფო ოლქად აქცია. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მანამდე მეგიდო ბევრჯერ დაიპყრეს, არქეოლოგები წააწყდნენ ცივილიზაციის მრავალ პერიოდსა და დონეს, რაც სოლომონის კვალის პოვნას აძნელებს. თუმცა მათ იმედი მიეცათ ბიბლიის ერთი მუხლიდან გამომდინარე, რომელიც სოლომონის ცხენებით გატაცებაზე გვამცნობს: „თავი მოუყარა სოლომონმა ეტლებსა და ცხენოსნებს; ჰყავდა 1400 ეტლი და 12 000 ცხენოსანი; განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და იერუსალიმში, თავისთან.”

სოლომონს დასჭირდებოდა უზარმაზარი თავლა, რათა ამდენი ცხენი გამოეკვება. შესაძლოა, ამ თავლის ნარჩენებიც არსებობდეს. და მართლაც, არქეოლოგები კვლევისას წააწყდნენ თავლებს, საკმაოდ ბევრს. 1920-იან წლებში ჩიკაგოს უნივერსიტეტის ჯგუფმა ერთ-ერთი უდიდესი გათხრები ჩაატარა ისრაელის ტერიტორიაზე და აღმოჩენილი ნაგებობები, რომლებიც თავლებად ამოიცნეს, ბიბლიის მონაკვეთებს დაუკავშირეს. გამომდინარე იქიდან, რომ ცხენები ბრძოლებში გამოიყენებოდა, საჭირო იქნებოდა მათი სისტემატური ვარჯიში. თანამედროვე ექვივალენტების მსგავსად მეგიდოს თავლებიც სავარჯიშო ნაგებობების პირისპირ იდგნენ. არქეოლოგების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მეგიდოში ნამდვილად თავლები აღმოაჩინეს, მაგრამ ეკუთვნოდა თუ არა ისინი სოლომონს? შეიძლება კი, ასევე შეიძლება მანამდე და მას შემდეგ მცხოვრები უამრავი მმართველიდან ნებისმიერის ყოფილიყო. ასე რომ წმინდა მიწის ტერიტორიაზე, მის გარშემო და მტრების ჩანაწერებში დიდი სოლომონის მხოლოდ სუსტ ჩრდილს ვხვდებით და არა მყარ მტკიცებულებებს.


იერუსალიმში არსებული ერთ-ერთი ნანგრევები სოლომონის მშენებლობის მტკიცებულების მაძიებელი არქეოლოგებისა და ბიბლიის მკვლევარების ყურადღებას იპყრობს. ძვ.წ. X საუკუნეში აქ სავარაუდოდ მასიური ნაგებობა იდგა, რაც არქეოლოგებს მიანიშნებს, რომ შესაძლოა ეს ციხესიმაგრის ან სულაც ტაძრის ნანგრევები იყოს. მისი ასაკი ჯერჯერობით საკამათოა, თუმცა თუკი დადასტურდება, რომ დავითისა და სოლომონის პერიოდის იყო, მათთან დაკავშირებაც შეიძლება, რადგან დღესდღეობით ის არის სოლომონის ტაძრის მდებარეობის ერთადერთი რეალური კანდიდატი. თუმცა ასაკის გარდა ისიც უცნობია, თუ რა ნაგებობა იყო, არც ტელ დანის სტელას ანალოგი გვაქვს, რაც სოლომონის ავტორობას დაადასტურებდა. მათ გარეშე გვრჩება მხოლოდ ქვების გროვა, რომელიც პასუხგაუცემელ კითხვებს ბადებს.

დავითი – გოლიათის მძლეველი, იერუსალიმის დამპყრობელი და იესო ქრისტეს გენეალოგიური წინაპარი. სოლომონი – პირველი ტაძრის ამგები და ბრძნულად მოსაუბრე მეფე. ისლამში ეს ორი პერსონაჟი მეფის გარდა წინასწარმეტყველადაც მიიჩნევა. ისინი ჯერჯერობით მხოლოდ წმინდა წიგნების ფურცლებზე არსებობენ. ვიპოვით თუ რა ოდესმე მყარ მტკიცებულებას, რომელიც მათ არსებობას დაადასტურებს? დავითი და სოლომონი შესაძლოა, იმდენად შორს იყვნენ ისტორიული ჰორიზონტიდან, რომ ვერასდროს გავიგოთ, ვინ იყვნენ ისინი რეალურად – დიდი მეფეები, ტომის უხუცესები თუ გმირები, რომელთა შესახებ გადმოცემები საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა? მტკიცებულებების არარსებობა ვერაფერს ცვლის, განსაკუთრებით მორწმუნეებისთვის, აღმოჩენა კი მრავალ ადამიანს შეუცვლის წარმოდგენას.

მომზადებულია National Geographic-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button