ლიტერატურამოთხრობა

ოსკარ უაილდი – კენტერვილური მოჩვენება

(მისტიკური, მაგრამ ნამდვილი ამბავი).

თავი პირველი

როცა ამერიკის ელჩმა ბატონმა ხაირამ ბ. ოუტისმა კენტერვილის სასახლის ყიდვა გადაწყვიტა, ყველანი არწმუნებდნენ, დიდ სისულელეს სჩადიო; სასახლეში აკი მოჩვენება ცხოვრობსო.

თვით ლორდი კენტერვილი მეტისმეტად წესიერი კაცი იყო. ამიტომ ამ ფაქტის გამო გააფრთხილა მყიდველი: «ჩვენ ამ სასახლეში ცხოვრებას, სიმართლე გითხრათ, თავს ვარიდებთო; მეტადრე მას მერეო, რაც ჩემმა ბიძაშვილმა, ქვრივმა ჰერცოგინიამ, აქ ნერვული შოკისგან ავი ზნე აიკიდაო. სადილისთვის ემზადებოდაო საცოდავი, როცა მხრებზე ჩონჩხმა დააწყოო ხელები. არ დაგიმალავო, ბატონო ოუტის, რომ მოჩვენება ჩემი ოჯახის სხვა წევრებსაც გამოეცხადაო. მას ჩვენმა მღვდელმაც მოჰკრაო თვალი, ღირსმა მამამ ოგასტუს დემპირმაო, სამეფო კოლეჯის საბჭოს წევრმაო კემბრიჯში. ჰერცოგინიას რაც ეს იაღლიში შეემთხვაო, ჩვენი სასახლიდან გუდა-ნაბადი აიკრესო მსახურებმა; ხოლო ქალბატონმა კენტერვილმა ძილი დაკარგაო. ყოველღამ ესმისო გაურკვეველი ხმები დერეფნიდან და ბიბლიოთეკიდან».

– რა გაეწყობა, მილორდ, – მიუგო ელჩმა, – ვყიდულობ სახლს თავის ავეჯიან-მოჩვენებიანად. მე ჩამოვედი მოწინავე ქვეყნიდან, სადაც ყველაფერია, რაც კი ფულზე იყიდება. ერთიც გაითვალისწინეთ: მარჯვე ახალგაზრდობა გვყავს; შეუძლიათ ყირამალა გადაატრიალონ ძველი ქვეყანა, მაშ, სულ ჩვენმა ჭაბუკებმა არ გაზიდეს თქვენგან საუკეთესო აქტრისები და ოპერის პრიმადონები? მოჩვენებას ვინ შეგარჩენდათ? იმწამსვე აღმოჩნდებოდა ჩვენს რომელიმე მუზეუმში და დიდძალ ფულსაც დაქაფავდნენ.

– ვშიშობ, რომ მოჩვენება მაინც არსებობს, – გაიღიმა ლორდმა კენტერვილმა, – რა ვუყოთ, თუ არ დახარბდა თქვენი ფხიანი იმპრესარიოების წინადადებას. აგერ სამი საუკუნე ხდება, რაც მას იცნობენ აქაურები. უფრო ზუსტნი თუ ვიქნებით – ათას ხუთას ოთხმოცდაოთხი წლიდან. ჩვენი ოჯახის რომელიმე წევრის სიკვდილის წინ იცის ხოლმე გამოჩენა.

– ძვირფასო ლორდ, ოჯახის ექიმმაც იცის ხოლმე ასეთ დროს გამოჩენა. გარწმუნებთ, სერ, არავითარი მოჩვენებანი არ არსებობენ და ბუნების კანონებიც, ვგონებ, ერთია ყველასათვის; თვით ინგლისის წარჩინებული ფენისთვისაც კი.

– თქვენ, ამერიკელები, ჯერაც ისე ახლოს ხართ ბუნებასთან! – წამოიძახა ლორდმა კენტერვილმა; ეტყობა, მთლად ვერ გაისიგრძეგანა ბატონ ოუტისის ბოლო შენიშვნა, – რა გაეწყობა, თუ თქვენ ხელს გაძლევთ მოჩვენებიანი სახლი, ყველაფერი რიგზეა, ოღონდ დაიხსომეთ: მე თქვენ გაგაფრთხილეთ!

რამდენიმე კვირაში ხელი მოაწერეს ნასყიდობას და ლონდონის სეზონის დასრულების მერე ელჩი ოჯახითურთ გადმობარგდა კენტერვილის სასახლეში.

ქალბატონ ოუტისს, რომელიც თავის დროზე ნიუ-იორკში განთქმული იყო სილამაზით, ახლა საშუალო ასაკის მანდილოსანი ეთქმოდა. მიმზიდველობა არც ახლა აკლდა: ლამაზი თვალები ჰქონდა და დიდებული პროფილი. ამერიკელი ქალები, სამშობლოს დატოვების მერე, სახეზე ქრონიკული ავადმყოფის იერს მოირგებენ ხოლმე; აქაოდა, ეს ევროპული დახვეწილობის ნიშანიაო. ქალბატონ ოუტისს ეს შეცდომა არ მოსვლია. ის შესანიშნავი ჯანმრთელობითა და ძალთა არნახული სიჭარბით გამოირჩეოდა. ძნელი იყო მისი გარჩევა ნამდვილი ინგლისელისგან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენ და ამერიკელებს ბევრი გვაქვს საერთო; პრაქტიკულად – ყველაფერი, გარდა, რაღა თქმა უნდა, ენისა.

უფროსი ვაჟისთვის სახელის შერჩევისას მშობლებს პატრიოტიზმის ბუშტი გაუსკდათ და ბიჭს ვაშინგტონი დაარქვეს. სასიამოვნო გარეგნობის ქერათმიანი ყმაწვილი სულ წუხდა ხოლმე ამის გამო. ამერიკულ დიპლომატიაში ღირსეული ადგილის დასაკავებლად ემზადებოდა. სწორედ ამიტომ ზედიზედ სამი სეზონი ენერგიულად იცეკვა ნიუპორტის სამორინეში კოტილიონი, თან – წამყვან წყვილში. თვით ლონდონშიც კი გაუვარდა შესანიშნავი მოცეკვავის სახელი.

მისი დაიკო ვირჯინია ოუტისი მეთექვსმეტეში იყო გადამდგარი. ტანადი, ირემივით ნარნარი; დიდრონი, ნათელი და ცისფერი თვალები ჰქონდა; შესანიშნავი ცხენოსანი! ერთხელ მოხუცებული ლორდი ბილტონი შეუგულიანებია და გასწრებაზე გააჭენეს ცხენები ჰაიდპარკის გარშემო ორ წრედ. გოგონამ ცხენის ერთ-ნახევარი ტანით გადაასწრო მეტოქეს და პირველი მიიჭრა აქილევსის ქანდაკებასთან. ამით ისე აღაფრთოვანა ჩეშირის ახალგაზრდა ჰერცოგი, რომ უკანასკნელმა მაშინვე ხელი სთხოვა. ჭირისუფალმა ძლივს დააშოშმინა ცრემლმორეული ვაჟკაცი და უკანვე, იტონში გაისტუმრა.

ვირჯინიას ორი ტყუპი ძმა მოსდევდა, რომლებსაც «ვარსკვლავზოლებიანებს» ეძახდნენ, რადგან სულ ამერიკის დროშას აფრიალებდნენ. ოჯახის ყველაზე მგზნებარე რესპუბლიკელები ესენი იყვნენ, თუ, რა თქმა უნდა, თვით ელჩს არ ჩავთვლით.

კენტერვილის სასახლიდან უახლოეს რკინიგზის სადგურამდე შვიდიოდე მილი იყო, მაგრამ ბატონმა ოუტისმა წინასწარ აფრინა დეპეშა ეკიპაჟისათვის. ოჯახი საუკეთესო გუნებაზე დაიძრა სასახლისაკენ. ივლისის მშვენიერი საღამო იდგა. ჰაერი გაჟღენთილი იყო ფიჭვნარის თბილი სურნელით. ჟამ-ჟამად სმენას სწვდებოდა თავისივე ხმისგან თრობამორეული გვრიტის ნაზი ღუღუნი. გვიმრის მოშრიალე ბარდებში გაიელვებდა ხოლმე ხოხბის ჭრელჭრული მკერდი. მაღალი წიფლებიდან იჭყიტებოდნენ ციყვები, რომლებიც ქვემოდან მთლად პაწაწკინტელები ჩანდნენ; ხოლო პატარა ბუჩქებში განაბული კურდღლები შეშინებულნი გარბოდნენ ხავსიან კოლბოხებზე, პაწია თეთრი კუდების ქნევით.

მაგრამ როგორც კი სასახლისკენ მიმავალ ხეივანში გავიდნენ, უცებ ცა ღრუბლებით მოიქუფრა და ჰაერში უცნაურმა სიჩუმემ დაისადგურა. თავზე აურაცხელმა ჭილყვავმა გადაუფრინათ. ის-ის იყო, სასახლეს მიაღწიეს, რომ წვიმაც დაიწყო.

კიბესთან ელოდათ სალუქი დედაბერი შავი აბრეშუმის კაბაში, თეთრი ჩაჩითა და წინსაფრით. ეს გახლდათ ქალბატონი ამნი, შინამოსამსახურე, რომელიც ქალბატონმა ოუტისმა ქალბატონ კენტერვილის დაჟინებული თხოვნის მერე დაიტოვა. ის თავდახრით მიესალმა თითოეულს და საზეიმოდ, ძველებურ ყაიდაზე წარმოთქვა: «კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კენტერვილის სასახლეში!».

ახალი მობინადრეები მოხუცებულ ქალს სახლში შეჰყვნენ, გაიარეს ტიუდორების სტილით ნაგები ჰოლი და ბიბლიოთეკაში აღმოჩნდნენ. ეს იყო გრძელი და დაბალჭერიანი ოთახი, შავი მუხით მოჭედილი, დიდი ვიტრაჟით კარის პირდაპირ. აქ უკვე ყველაფერი მზად იყო საღამოს ჩაისთვის. მათაც საჩქაროდ გაიხადეს ლაბადები და მოსაცმელები, მიუსხდნენ მაგიდას და სანამ ქალბატონი ამნი ჩაის ჩამოარიგებდა, იქაურობის თვალიერება იწყეს.

ანაზდად ქალბატონმა ოუტისმა ბუხრის გვერდით, იატაკზე ჟამთასვლისაგან დამუქებული წითელი ლაქა შენიშნა. რაღაი თავად ვერ მიხვდა, რა უნდოდა აქ ლაქას, ქალბატონ ამნის მიუბრუნდა:

– აქ, ალბათ, რაღაც დაექცათ, არა?

– დიახ, ქალბატონო, – მიუგო მოხუცმა შინამოსამსახურემ, ცოტა არ იყოს, გაბზარული ხმით, – ამ ადგილას… სისხლი დაიღვარა.

– რა საშინელებაა! – წამოიძახა ქალბატონმა ოუტისმა, – მე არაფრად მეპიტნავება ჩემს მისაღებში სისხლის ლაქა. ახლავე უნდა მოვაშოროთ!

დედაბერს გაეღიმა და ისევ იდუმალი ჩურჩულით უპასუხა:

– თქვენ ხედავთ ქალბატონ ელეონორა დე კენტერვილის სისხლს, ქალბატონისა, რომელიც აი ამ ადგილას ათას ხუთას სამოცდათხუთმეტ წელს მოკლა მისმა მეუღლემ, ბატონმა საიმონ დე კენტერვილმა. ბატონმა საიმონმა კიდევ ცხრა წელიწადი იცოცხლა. შემდეგ კი უცებ გაქრა ფრიად იდუმალ ვითარებაში. მის სხეულს ვეღარსად მიაგნეს. აი, ცოდვილი სული კი დღემდე დაბორიალებს სასახლეში. ტურისტები და სხვა სტუმრები ყოველთვის აღტაცებით ათვალიერებენ ამ ლაქას და მისი მორეცხვა არასგზით არ შეიძლება.

– სისულელეა! – დაბეჯითებით წარმოთქვა ვაშინგტონ ოუტისმა, – პინკერტონის ფირმის სანიმუშო საწმენდი სითხე ეგრევე გააქრობს. ეს თქვა და სანამ შეშინებული შინამოსამსახურე დაუშლიდა, წამის უმალ ჩაიმუხლა, პომადის მსგავსი, ოღონდ შავი ფერის სალესი ძელაკი მოიმარჯვა და ლაქის ამოყვანას შეუდგა. წუთიც და ლაქისგან კვალიც აღარ დარჩა.

– პინკერტონი არასოდეს გიღალატებს! – დასჭექა გაბრწყინებულმა ყმაწვილმა აღტაცებული ოჯახის წინაშე.

მაგრამ ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე საშინლად იელვა და ნახევრად ჩაბნელებული ოთახი განათდა. ისეთმა მეხმა გაიტკაცუნა, რომ ყველანი ზეზე წამოცვივდნენ, ქალბატონმა ამნიმ კი გრძნობა დაკარგა.

– რა საძაგელი კლიმატია აქ, – აუმღვრეველი სიფათით ჩაილაპარაკა ამერიკის ელჩმა და ნაფაზი დაარტყა, – ეს ბებერი ინგლისი ისე ჭარბადაა დასახლებული, რომ წესიერი ამინდიც კი ყველას არ ჰყოფნის. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ემიგრაცია ერთადერთი ხსნაა ბრიტანეთისათვის.

– ძვირფასო ხაირემ, – თქვა ქალბატონმა ოუტისმა, – თუ ამან ასე გააგრძელა წარამარა გრძნობის დაკარგვა, ჩვენ კაი დახლი დაგვიდგება.

– დაუქვითე ჯამაგირიდან, როგორც ჭურჭლის დამსხვრევისათვის ვუქვითავთ ხოლმე და ესეც მალე მოიშორებს ამ ცუდ ჩვევას, – უპასუხა ელჩმა.

და მართლაც, ორ-სამ წუთში ქალბატონი ამნი გონზე მოვიდა. სხვათა შორის, აშკარად ნაწყენი ჩანდა. ტუჩები ჯიუტად მოკუმა და ბატონ ოუტისს განუცხადა, ამ სახლში მალე უბედურება დატრიალდებაო.

– ჩემო ბატონო, – თქვა მან, – მე აქ ისეთები მინახავს, რომ ყველა ქრისტიანს თმა ყალყზე დაუდგებოდა. საშინელებებისაგან, აქ რომ დატრიალებულა, რამდენი ღამე თეთრად გამითენებია.

მაგრამ ბატონმა ოუტისმა და მისმა მეუღლემ აუხსნეს პატივცემულ მოხუცს, რომ მოჩვენებებისა არ ეშინიათ. მანაც ღმერთს შეავედრა თავისი ახალი პატრონები; ისიც მიანიშნა, რომ ურიგო არ იქნებოდა მისთვის ჯამაგირის მომატება. მერე კი გაუბედავი ნაბიჯებით თავის ოთახს მიაშურა.

თავი მეორე

მთელი ღამე ქარბუქი არ დამცხრალა, მაგრამ სხვა მხრივ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ერთი კი იყო: როცა დილით ოუტისები სასაუზმოდ დაბლა ჩავიდნენ, სისხლიანი ლაქა თავის ადგილას დახვდათ.

– სანიმუშო საწმენდი სითხის ღირსებაში არავის ეჭვი არ შეგეპაროთ! – გამოაცხადა ვაშინგტონმა, – სადაც კი გამომიცდია, არსად უღალატია. აქ მართლაც მოჩვენების ხელი ურევია.

და მან ერთხელ კიდევ პირწმინდად ამოიყვანა ლაქა, მაგრამ მეორე დილას ლაქა ჯიუტად ზიმზიმებდა თავის ადგილას. ასე განმეორდა მესამე დილასაც, თუმცა წინა საღამოს ბატონმა ოუტისმა, სანამ დასაძინებლად წავიდოდა, პირადად ჩაკეტა ბიბლიოთეკა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო.

ახლა მოჩვენების პრობლემამ მთელი ოჯახი ფეხზე დააყენა. ბატონ ოუტისს, ცოტა არ იყოს, ეჭვი შეეპარა თავის უწინდელ თავდაჯერებაში: ცოტას ხომ არ ვაჭარბებო, სულებს ასე დაბეჯითებით რომ უარვყოფო. ქალბატონმა ოუტისმა პარაფსიქოლოგიურ საზოგადოებაში გაწევრიანება ისურვა, ვაშინგტონმა კი მოზრდილი წერილი მისწერა მაიერსსა და პოდმორს დანაშაულებრივი სისხლიანი ლაქების თაობაზე. და თუ კიდევ ეეჭვებოდათ ოდნავ მაინც აჩრდილების არსებობა, ერთ ღირსსახსოვარ ღამეს ყველა ეჭვი საბოლოოდ განიფანტა.

დღე იყო ცხელი და მზიანი. საღამოთი აგრილდა და მთელი ოჯახი სასეირნოდ გამოვიდა. შინ მხოლოდ ცხრა საათისთვის დაბრუნდნენ და მაშინვე მსუბუქად ივახშმეს. აჩრდილებზე არ უსაუბრიათ. ის აგზნებული განწყობილება, სულების მატერიალიზაციას რომ უწყობს ხელს, არ შექმნილა. საუბრობდნენ, როგორც ბატონი ოუტისი მიყვებოდა შემდეგში, იმაზე, რაზეც ჩვეულებრივ საუბრობენ ხოლმე საზოგადოების უმაღლესი ფენის განათლებული ამერიკელები: იმაზე, რომ ამერიკელი მსახიობი, ქალბატონი ფანი დევენპორტი უდავოდ სჯობია ფრანგ სარა ბერნარს, რომ საუკეთესო ინგლისურ ოჯახებშიც კი არ მოგართმევენ სიმინდს, წიწიბურას კვერებსა და ღომს; ბოსტონის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მთელი კაცობრიობის სულიერი განვითარებისათვის; იმაზე, რა დიდი უპირატესობა აქვს რკინიგზაზე ბარგის გადაზიდვის გაფორმებისას საბარგო ქვითრების სულ ახლახან შემოღებულ სისტემას; იმაზე, რა ტკბილად ჟღერს ნიუიორკული გამოთქმა გატყლარჭულ ლონდონურთან შედარებით.

ერთი სიტყვით, განსაკუთრებული არაფერი თქმულა. არც ბატონი საიმონ დე კენტერვილი უხსენებია ვისმე. საღამოს თერთმეტზე ყველანი დასაძინებლად გაემართნენ. ნახევარ საათში სახლში შუქი ჩაქრა.

ცოტა ხანში ბატონი ოუტისი გამოაღვიძა, ცოტა არ იყოს, უცნაურმა ბგერებმა: დერეფანში, იქვე, მის კართან, თითქოს ლითონი ჩხარუნებდა, თან – სულ უფრო და უფრო მკაფიოდ. წამოდგა, გაჰკრა ასანთს და საათს დახედა. ზუსტად პირველი იყო. წონასწორობის დაუკარგავად მაჯა გაისინჯა. მაჯისცემა, როგორც ყოველთვის, თანაბარი და მშვიდი ჰქონდა. იდუმალი ბგერები კი არ წყდებოდა, მეტიც, ბატონ ოუტისს ცხადად მოესმა ნაბიჯების ხმა. მაშინ კი ფეხები გაყო ოთახის ფაჩუჩებში, აბგიდან შეფუთული მოგრძო შუშა ამოიღო და კარი გააღო.

პირდაპირ, მის წინ, მთვარის მიმქრალ შუქზე იდგა უაღრესად საშინელი სახის ბერიკაცი, თვალები გავარვარებული ნაკვერჩხლებივით უელავდა; ჭაღარა გრძელი თმა აჩეჩილად ეყარა მხრებზე; ძველებურ ყაიდაზე გამოყვანილი წვირიანი კაბა ნაფლეთებად იყო ქცეული. ბორკილგაყრილ ხელ-ფეხზე მძიმე და ჟანგიანი ჯაჭვები ეკიდა.

– სერ, – მიმართა მას ბატონმა ოუტისმა, – იძულებული ვარ, დაბეჯითებით გთხოვოთ, რომ ამიერიდან შეზეთოთ ხოლმე თქვენი ჯაჭვები. ამ მიზნით თქვენთვის წამოვიღე ერთი შუშა მანქანის ზეთი, სახელწოდებით «დემოკრატიის ამომავალი მზე», რომელიც ცნობილია თავისი ეფექტიანობით. საფუთავზე დართულია ჩვენი გამოჩენილი მღვდლების დადებითი გამოხმაურებანი, რაც ადასტურებს ამ სითხის განსაკუთრებულ ღირსებებს. ვტოვებ შუშას აქვე, მაგიდაზე და დიდი სიამოვნებით მოგამარაგებდით ზეთის ახალ-ახალი ულუფებით საჭიროების მიხედვით.

ეს თქვა და შეერთებული შტატების ელჩმა შუშა მარმარილოს მაგიდაზე დადო. თვითონ კი კარი გაიხურა და ლოგინში შეძვრა.

კენტერვილური მოჩვენების აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. შუშა პარკეტზე დაანარცხა და დერეფნისკენ წაბორიალდა ავისმომასწავებელი ფოსფორული ნათებითა და ყრუ კვნესით, მაგრამ როგორც კი მუხის კიბეს აუყვა, კარი ელვის სისწრაფით გააღო და იქიდან ორი პატარა, თეთრად მოსილი ფიგურა გამოცუნცულდა. უშველებელმა ბალიშმა გადაიშხუილა მოჩვენების თავზე.

ასეთ ვითარებაში წამის დაკარგვაც დიდი სისულელე იქნებოდა. სულმაც სივრცის მეოთხე განზომილებაში დურთა თავი და სასწრაფოდ გაუჩინარდა. ამის მერე სახლში სიჩუმემ დაისადგურა.

აჩრდილი სასახლის მარცხენა სახურავქვეშ განთავსებულ საიდუმლო სენაკში გაიძურწა. იქ მთვარის სხივს მიეყრდნო; ცოტა სული მოითქვა და შეეცადა, გადაეხარშა შექმნილი ვითარება. არასოდეს თავისი უზადო სამასწლოვანი აჩრდილური ცხოვრების მანძილზე ასეთი გაუგონარი შეურაცხყოფა არ განუცდია.

რა არ გაახსენდა იმ წუთში: სასიკვდილოდ როგორ შეაშინა ქვრივი ჰერცოგინია, როცა იგი ერთიანად მაქმანებსა და ბრილიანტებში ჩამჯდარი იდგა სარკის წინ; როგორი კრუნჩხვები დამართა ოთხ მოახლეს მხოლოდ იმით, რომ გაუღიმა სასტუმრო ოთახის ფარდიდან.

ერთხელაც, ცოტა არ იყოს, წაიანცა: მოუკიდა სანთელს, რომელიც ბიბლიოთეკიდან გვიან ღამით გამოსულ სამრევლო მღვდელს ხელში ეკავა. საცოდავს ავი ზნე ეტაკა და დღემდე ბატონ უილიამ გალთან მკურნალობს.

სხვა ამბავიც გაახსენდა; ერთხელ მოხუც მადამ დე ტრემუიაკს უთენია, რიბირაბოზე გამოეღვიძა და რას ხედავს: ბუხართან, სავარძელში თავის გემოზე გამოჭიმულა ჩონჩხი და მის დღიურებს კითხულობს. უბედურმა დედაბერმა შიშისაგან ტვინის ანთება აიკიდა და ექვსი კვირით სარეცელს მიეჯაჭვა. როგორც კი გამოკეთდა, ეკლესიას შეურიგდა და ყველა კავშირი გაწყვიტა ცნობილ სკეპტიკოსთან მესიე დე ვოლტეროსთან.

ის საშინელი ღამეც გაახსენდა, როცა მზაკვარი ლორდი კენტერვილი საგარდერობოში მოიგუდა ყანყრატოში ჩაჩრილი აგურის ვალეტისაგან. სულთმობრძავი ბერიკაცი გამოტეხილა: ამ კარტით ვთაღლითობდი და ჩარლზ ჯეიმს ფოქსს კროკფორდში მთელი ორმოცდაათი ათასი გირვანქა მოვუგეო. მერე კი დაიფიცა: საგარდერობოში კენტერვილის მოჩვენება გამომეცხადა და მონიშნული კარტი გადამაყლაპაო.

ყველა გაახსენდა, ვინც კი მისი დიადი ფათერაკების მსხვერპლი გამხდარა: მსახურთუხუცესიდან დაწყებული, რომელმაც ტყვია დაიხალა, როცა სასადილო ოთახის სარკმელში მწვანე ხელმა მოუკაკუნა, და მშვენიერი ქალბატონი სტატფილდით დამთავრებული, რომელიც მთელი ცხოვრება შავი ხავერდის შარფით იმალავდა ხუთი თითის ანაბეჭდს ყელის ფუმფულა კანზე; ბოლოს კი თავი დაიხრჩო საკობრე წყალსაცავში, სამეფო ხეივნის ბოლოს.

ჩონჩხი, როგორც ყველა დიდ ხელოვანს შეეფერება, აღტაცებული დარჩა საკუთარი თავით. აღტაცებით გადაავლო გონების თვალი მის მიერ ნათამაშევ საუკეთესო როლებს. ჩაცინებისაგან ტუჩები მოეღრიცა, როცა გაახსენდა თავისი სულ ბოლო გამოსვლა წითური რაბენის ანუ მოგუდული ჩვილის როლში; თავისი დებიუტი ბექსლეის ჭაობის წურბელის, მჭლე გიბეონის როლში.

გაახსენდა, როგორ მოახდინა ივნისის ერთ წყნარ საღამოს ნამდვილი ფურორი, როცა ჩოგბურთის მოედანზე ერთი პარტიაც კი ითამაშა თავისი ჩონჩხის ჩხარაჩხურით. თავად განსაკუთრებული არაფერი დაუნახავს ამაში, მაგრამ ფურორი კი ნამდვილად შედგა.

აი, ყოველივე ამის მერე სასახლეში მობრძანდნენ ვიღაც ყოვლად უვიცი, საშინლად თანამედროვე ამერიკელები და ხელებში სჩრიან მანქანის ზეთს. თან რა ბრიყვული რაღაც რქმევია ამ ზეთს – დემოკრატიის ამომავალი მზე! ბალიშებსაც რომ ესვრიან?! არა, ეს, უბრალოდ, აუტანელია! ისტორიას არ ახსოვს მოჩვენებების ასე აბუჩად აგდება.

და ჩონჩხმა შურისძიება გადაწყვიტა.

უკვე ირიჟრაჟა. ის კი ჯერაც ღრმა ფიქრებში იყო გახვეული.

თავი მესამე

დილით, საუზმეზე, ოუტისები უმთავრესად მოჩვენებაზე საუბრობდნენ. შეერთებული შტატების ელჩი, ბუნებრივია, ცოტა გაწბილებული ჩანდა, მისი საჩუქარი რომ არ მიიღეს.

– მე არ ვისურვებდი, რომ მოჩვენებას ვინმემ ზიანი მიაყენოს, – თქვა მან, – ერთიც უნდა დავამატო; სახლის ესოდენ ძირძველი ბინადარისათვის ბალიშების სროლა ძალიან შორს დგას თავაზიანობისაგან.

სამწუხაროდ, ამ სრულიად სამართლიან შენიშვნას ხარხარით შეხვდა ტყუპი.

– მაგრამ, მეორე მხრივ, – განაგრძობდა ელჩი, – თუ მოჩვენება გაჯიუტდა და არ ისარგებლებს ჩვენი სახელოვანი ზეთით, მოგვიწევს მისთვის ჯაჭვების ახსნა. როგორღა გინდა დაიძინო, როცა ყურისძირში ასეთი ჩხარაჩხური გესმის?

ასეა თუ ისე, კვირის ბოლომდე ისინი არავის შეუწუხებია, თუმც ბიბლიოთეკის იატაკზე სისხლიანი ლაქა ყოველ დილას ისევ და ისევ ჩნდებოდა. ეს, კაცმა რომ თქვას, უცნაური იყო, რადგან ბატონი ოუტისი ღამით მუდამ კეტავდა ბიბლიოთეკის კარს, ხოლო ფანჯრები ურდულიანი დარაბებით იგმანებოდა. ისიც გასაკვირი იყო, რომ სისხლის ლაქა ქამელეონივით მიწყივ იცვლიდა ფერს; ხან მკრთალი წითელ-ყვითელი ეთქმოდა, ხან – ალისფერი, ხან – მეწამული. ერთხელ კი, როცა ისინი დაბლა ჩავიდნენ თავისუფალი ამერიკული რეფორმაციულ-ეპისკოპური ეკლესიის გამარტივებული რიტუალის შესასრულებლად, ლაქას ზურმუხტისფერმა დაჰკრა.

ეს კალეიდოსკოპური ცვლილებები ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა, ძლიერ ართობდა. ამის თაობაზე ყოველ საღამოს ნაძლევსაც კი დებდნენ. მხოლოდ ნორჩი ვირჯინია ვერ პოულობდა ამაში ვერაფერ გასართობს. ლაქის დანახვაზე რატომღაც მოიღუშებოდა ხოლმე. ზურმუხტისფერი ლაქის დანახვაზე კი ლამის ცრემლიც მოერია.

მოჩვენება მეორედ კვირა ღამეს გამოჩნდა. ოუტისები ჯერ ჩაძინებულნიც არ იყვნენ, როცა ჰოლში ნაცნობი ჩხარაჩხური გაისმა. ისინი წამოცვივდნენ, ძირს გაექანენ და ასეთი სურათი იხილეს: ქვის იატაკზე გდია რაინდის უზარმაზარი აბჯარი, კვარცხლბეკიდან გადმოგდებული; ხოლო მაღალსაზურგიან სავარძელში მოჩვენება ზის; თან ტკივილისაგან იმანჭება და მუხლებს ისრესს.

ტყუპმა ეგრევე დააყარა მოჩვენებას გოროხები დატენილი მილაკებიდან, რომლებიც წინდახედულად თან წამოიძღვანიეს. ეს გასაოცარი სიმარჯვით ქნეს. ასეთ სიმარჯვეს მხოლოდ მაშინ შეიძლება მიაღწიო, თუ დიდხანს და ბეჯითად ვარჯიშობ სუფთა წერის მასწავლებელზე. შეერთებული შტატების ელჩმა კი რევოლვერი მიადო ზედ და კარგი ტონის კალიფორნიული წესების სრული დაცვით უბრძანა: «ხელები ზევით».

სულმა გამწარებული ბგერები ამოუშვა, ცქვიტად წამოხტა, ქარისგან გატაცებული ღრუბლის ფთილასავით გაძვრა ოუტისებს შორის, სანთელი ჩაუქრო ვაშინგტონს და ყველანი ბნელში დატოვა. კიბის ზედა ბაქანს რომ მიაღწია, ძლივს სული მოითქვა და მოაფიქრდა თავისი სახელგანთქმული ეშმაკისეული ხითხითი, რასაც ბევრჯერ გადაურჩენია ხოლმე. ამბობდნენ, ამ ბგერებისაგან ერთ ღამეში გასთეთრებია ლორდ რეიკერს პარიკი, ხოლო სამი ფრანგი აღმზრდელი მანდილოსანი სასწრაფოდ გასცლია აქაურობას ისე, რომ ერთი თვეც არ უმუშავიათ სასახლეში.

და ატეხა მან უსაზარლესი ხითხითი. ეს ავბედითი ბგერები კიდევ დიდხანს ზრიალებდნენ სასახლის ბებერ თაღებქვეშ. გამყინავი ექო ჯერაც არ იყო მიწყნარებული, როცა გაიღო კარი და ზღურბლზე ქალბატონი ოუტისი გამოჩნდა მკრთალი ცისფერი ხალათით.

– თუ არ ვცდები, თქვენ შეუძლოდ უნდა ბრძანდებოდეთ, – თქვა მან, – აი, მე მოგიტანეთ ექიმ დობელის მიქსტურა. ვფიქრობ, კუჭის ჩივილები უნდა გქონდეთ და, უკაცრავად პასუხია, ნაწლავგაუვალობაც უნდა გაწუხებდეთ. ამ წამლისგან მაშინვე გამოკეთდებით, აი, ნახავთ.

აჩრდილმა ავი მზერა ესროლა ქალბატონს და იქვე განიზრახა დიდ შავ ძაღლად გადაქცევა. ამ ნაცადმა ტრიუკმა ადრევე მოუტანა მას დამსახურებული დიდება და კენტერვილების კერძო ექიმის აზრით, მისი მაღალაღმატებულება თომას ჰორტონის განუკურნებელი გონებასუსტობის მიზეზად იქცა, მაგრამ მოახლოებული ნაბიჯების ხმამ აჩრდილს ხელი ააღებინა ამ ცბიერი განზრახვის ასრულებაზე. იმასღა დასჯერდა, რომ მკრთალი ფოსფორული ციმციმი იწყო, ხოლო როცა ტყუპი სირბილით მივარდა, გულის გამყინავი სამარისეული კვნესა ამოუშვა და გაქრა.

თავის თავშესაფარს რომ მიაღწია, სრულიად გატეხილი ჩანდა. აჩრდილი უსაზღვრო სასოწარკვეთილებამ შეიპყრო. ტყუპის უზრდელობა და ქალბატონ ოუტისის ხეშეში მატერიალიზმი თავისთავად ხომ იყო ესოდენ შეურაცხმყოფელი, მაგრამ ყველაზე მეტად ის აღონებდა, რომ აბჯარი ვერ აისხა. ვარაუდობდა, რომ თვით ამ თანამედროვე ამერიკელებსაც კი შიშის ფეთებას მოჰგვრიდა აბჯარასხმული მოჩვენება; სხვა რომ არა, თავიანთი სახალხო პოეტის ლონგფელოს ხათრით მაინც, რომლის დახვეწილი პოეზიითაც ის საათობით ტკბებოდა, როცა კენტერვილები ქალაქად გადაბარგდებოდნენ ხოლმე.

თან ეს ხომ მისი საკუთარი აბჯარი იყო, ბოლოს და ბოლოს. თავის დროზე ძალიანაც უხდებოდა და ერთხელ კენილუორტის ტურნირზე აბჯარასხმულმა თვით ქალწული დედოფლის რამდენიმე საქებარი სიტყვაც კი დაიმსახურა.

მაგრამ მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. ახლა, ამდენი ხნის შემდეგ, აბჯრის დიდი სამკერდე და ფოლადის მუზარადი ერთობ ემძიმა, ვეღარ გაუძლო და უკაცრავად პასუხია, ქვის იატაკზე მოადინა ბრაგვანი. ორივე მუხლი დაიჩეჩქვა და მარჯვენა ხელის მტევანიც იტკინა.

ამის მერე რამდენიმე დღე უქეიფოდ იყო. ოთახიდანაც არ გამოდიოდა, თუ არ ვიანგარიშებთ ღამღამობით სისხლიან ლაქაზე ზრუნვას, მაგრამ მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თავს კარგად უაქიმა და გამოკეთდა კიდეც. გადაწყვიტა, ერთხელ კიდევ, ამჯერად უკვე მესამედ, ეცადა ამერიკელი ელჩისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ჭკუის სწავლება. დღეც დათქვა: პარასკევი, ჩვიდმეტი აგვისტო. მთელი ეს დღე, დაღამებამდე, თავისი გარდერობის თვალიერებასა და ტანისამოსის შერჩევას მოანდომა. ბოლოს არჩევანი ასეთ ვარიანტზე შეაჩერა: ეხურება მაღალი, ფართოფარფლიანი და წითელფოჩიანი ქუდი; ეცმევა სუდარა ფურფუშებიანი სახელოებით და ასეთივე საყელოთი; ქამარში ჟანგიანი ხანჯალი ექნება გარჭობილი.

თარგმანი რუსულიდან – ზურაბ ხასაია.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button